მთავარი,სიახლეები • • •

ბათუმის სანაპიროზე მერიამ კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა გასცა

08.10.2026
ბათუმის სანაპიროზე მერიამ კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა გასცა

შპს „სიფერლი“ ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, #27 -ში, სანაპიროსთან ახლოს 47- სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.

კომპანიას უკვე დაწყებული აქვს ამ ადგილას მდებარე, გამოსყიდული ორსართულიანის სახლების დემონტაჟი. სამშენებლო ფართობი 1640 კვ.მეტრია.

მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, გასულ წელს დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე, 2026 წლის 15 ივლისს გასცა. დამტკიცებული გენგეგმა აქ 3 ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს, თუმცა აქ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვაა გაცემული.

მომიჯნავე ტერიტორიაზე კი კიდევ სამი ცათამბჯენის მშენებლობის განაშენიანების დეტალური გეგმა აქვს საკრებულოს დამტკიცებული და ამაზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა.

რენდერები განაშენიანების დეტალური გეგმებიდან, რომლებიც აჩვენებს, რა მასშტაბის მშენებლობას გეგმავდნენ კომპანიები

მონიშნულია ცათამბჯენის მშენებლობის ადგილი, რომლის მშენებლობის ნებართვაც გიორგი ცინცაძემ 2026 წლის ივლისში გასცა

შპს „სიფერლი“ მედეა ბოჭორიშვილმა დააფუძნა. ის „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის მეუღლეა. თავად დამფუძნებელი გია ბიწაძე და „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიის დირექტორებიც „ოცნების“ მხარდამჭერები და შემწირველები არიან.

იგივე მისამართზე შპს „სიფერლის“ მიერ მერიაში წარდგენილი განაშენიანების გეგმის კონცეფციის მიხედვით, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა, გეგმარებითი ერთეული საერთო ჯამში მიწის 13 ნაკვეთს აერთიანებს 14 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით. ფართობი სულ 7300 კვ.მეტრია. დოკუმენტი საკრებულომ 2025 წელს დაამტკიცა.

მონიშნულია მიწის ნაკვეთი, სადაც შპს „სიფერლი“ სამი 60-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს, თუმცა, სამშენებლო ნებართვის მიხედვით, პირველი ცათამბჯენი 47-სართულიანი უნდა იყოს.

მშენებლობის ადგილი

კონცეფციის მიხედვით, რომელიც მერიას წარუდგინეს, გეგმარებით ერთეულში მოქცეული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარებისთვის დაგეგმილი იყო ქალაქმშენებლობის პარამეტრების ცვლილება, მათ შორის განაშენიანების ინტენსივობის კ2-კოეფიციენტის გაზრდა დადგენილი 2,5-დან 17,0-მდე.

სამშენებლო მიწის ნაკვეთებს სამხრეთის მხრიდან ესაზღვრება თამარ მეფის გამზირი, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან – სამეზობლო მიწის ნაკვეთები, ხოლო ჩრდილოეთით – სანაპირო ზოლი და შავი ზღვა.

ამ დროისთვის შეთანხმებული პროექტის შესაბამისად ჯერ დაგეგმილია ერთი შენობის მშენებლობა, რომლის სიმაღლეც 166 მეტრი იქნება.

მშენებელ კომპანიას მერიამ კ2 კოეფიციენტის გადამეტების სანაცვლოდ ე.წ. მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით კოეფიციენტის გაზრდის შედეგად მიღებულ ნამატ ფართობში დაგეგმილი ბინების 10 პროცენტის მერიისთვის გადაცემა ან შესაბამისი ფასის გადახდა დაავალა ბიუჯეტის სასარგებლოდ, როგორც ეს კანონით არის დადგენილი.

გარდა ამისა, სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, დამატებით მაკომპენსირებელ ღონისძიებად კომპანიას განუსაზღვრეს დაგეგმილი პროექტის გასწვრივ გზის გაფართოებისათვის საჭირო ხარჯის ანაზღაურება ბიუჯეტის სასარგებლოდ ან შესაბამისი შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა და ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.

ამ თემაზე ვრცლად:

თამარის დასახლებაში 6 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ „ოცნების“ დეპუტატები და მათი პარტნიორები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: