ბათუმი,მთავარი,სიახლეები • • •

როდის და ვის გადასცემენ ბათუმში ბინებს გალიფ ოზთურქითვის ჩამორთმეულ კორპუსებში

07.10.2026
როდის და ვის გადასცემენ ბათუმში ბინებს გალიფ ოზთურქითვის ჩამორთმეულ კორპუსებში

2026 წლის იანვარში აჭარის მთავრობა უსახლკარო მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებში ბინებს გადასცემდა. ამ ბინების განაწილებისას მთავრობა ბათუმის მერიაში შესული განაცხადებით აპირებს იხელმძღვანელოს.

გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე აჭარის მთავრობაში განმარტეს, რომ ბინები „გალიფ ოზთურქის კორპუსებში“ ამ დროისთვის საცხოვრებლად გამოსაყენებლად მზად არ არის და შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი უნდა გამოცხადდეს.

2026 წლის 7 ოქტომბერს, მერიიდან მოგვწერეს, რომ კორპუსების მდგრადობას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო სწავლობს და მერია ამ ეტაპზე შესაბამის დასკვნას ელოდება. სავარაუდოდ ამის შემდეგ გამოაცხადებენ ტენდერს, რომლითაც უნდა შეისყიდონ კორპუსების საცხოვრებელ ბინებად გადაკეთების სამუშაოები.

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს უკანონოდ აშენებული 7 კორპუსი მისი გასამართლების შემდეგ ჩამოართვეს და ბათუმის მერიას გადასცეს.

ამ კორპუსების მშენებლობა ბიზნესმენმა უკანონოდ ისე დაიწყო და დაასრულა, რომ შესაბამის სტრუქტურებს, რომლებსაც უკანონო მშენებლობის კონტროლი ევალებოდათ, მისთვის ხელი არ შეუშლიათ, ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ბიზნესმენმა, რამდენიმე დაჯარიმების მიუხედავად, მშენებლობა დაასრულა.

2026 წლის ივნისში ბათუმის მერიამ საკრებულოში განკარგულების პროექტი წარადგინა, რომლითაც ტერიტორიას, სადაც „ოზთურქის ბინებია“ განთავსებული, სტატუსი შეუცვალეს. საკრებულომ ამ ადგილს საცხოვრებელი ზონის სტატუსი მიანიჭა.

როდის და ვის გადასცემს ბათუმის მერია ბინებს ოზთურქითვის ჩამორთმეულ კორპუსებში, ამას მერიაში მოქმედი კომისია გადაწყვეტს, რომელსაც მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე ხელმძღვანელობს. მერიის ინფორმაციით, ამ კომისიამ პირველი სამუშაო სხდომა 2026 წლის მაისში გამართა.

პირველი სხდომიდან 4 თვის შემდეგ მერიიდან მოგვწერეს, რომ ამ ეტაპზე თითოეული განაცხადის დეტალური შესწავლა მიმდინარეობს. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი, მერია სხვადასხვა სხვადასხვა უწყებებიდან საჭირო ინფორმაციას გამოთხოვს, რის შემდეგაც შეგროვილი მასალების შესფასების შედეგად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ამ ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ უსახლკარო მოქალაქეები 2026 წლის ზამთარსაც ნაქირავებ ბინებში გაატარებენ. უსახლკარო მოქალაქეების უმეტესობა ამბობს, რომ ქირაობენ დაბალფასიან ბინებს, რადგან მეტის საშუალება არ აქვთ, რას იმას ნიშნავს იმას, რომ რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება.

„რატომ მოვედი და უსახლკარო ვარ. ქირით ვცხოვრობ ისეთ პირობებში ვარ, ღმერთს ვეხვეწები, რომ წვიმა არ იყოს, სახლში შემოდის. სოციალურად დაუცველი ვარ. ლუკა ასათიანის ქუჩაზე ნაქირავებში ვცხოვრობ, 300 ლარს ვიხდი. რას მეუბნებიან? – მოიცადე, მოიცადეო, 15 წელია ვიცდი“ – უთხრა „ბათუმელებს“ 30 სექტემბერს საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც სხვა უსახლკაროებთან ერთად მერიაში მივიდა და მერთან შეხვედრა მოითხოვა.

საუბარია მოქალაქეებზე, რომლებიც აცხადებენ რომ უსახლკაროები არიან და რამდენიმე წელია მართავენ აქციებს ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობასთან: ისინი სოციალური სახლებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველები, მარტოხელა დედები, შშმ პირები და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები არიან, თუმცა, წლებია მათი საცხოვრებელი პირობები, შემოსავლები ან მოთხოვნის რეალურობა „ოცნების“ მთავრობას არ შეუსწავლია.

  • ბათუმში არ დაიწყო არც „იაფი სახლის“ მშენებლობა

მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ე.წ. იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს „საკითხის განხილვა და დეტალების დაზუსტება“. კონკრეტულად რას განიხილავენ და რა დეტალებს აზუსტებენ – არ ვიცით, რადგან ჯერ არ არის ცნობილი, იპოვა თუ არა მერიამ ადგილი იაფი სახლის ასაშენებლად.

„შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია“ – მოგვწერეს მერიიდან. 

2024 წლიდან დღემდე მერიას ბათუმში ე.წ. იაფი სახლის მშენებლობა არ დაუწყია. ეს პროგრამა სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს ბინის თვითღირებულების ფასად გამოსყიდვას სთავაზობს.

ბათუმის ყოფილმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, ჯერ კიდევ 2024 წელს საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ მერია იაფი სახლის ასაშენებლად ადგილს ეძებდა.

ამის შემდეგ „იაფი სახლის“ მშენებლობის ადგილად ე.წ. გოროდოკის დასახლება დაასახელეს. მერიის შესაბამისმა სამსახურმა, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, ბაზრის კვლევაც კი ჩაატარა.

დოკუმენტების მიხედვით, მერიას ვოლსკის ქუჩაზე, #13-ში, 200 ოჯახზე გათვლილი კორპუსი უნდა აეშენებინა, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.

„იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში ბინები ბოლოს მერიამ 2023 წელს გაანაწილა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა დაიწყეს, ამის პარალელურად მერიამ შეცვალა პროგრამის კრიტერიუმები, ხოლო ზოგი დეტალი დააზუსტა. 

  • აჭარის მთავრობისა და მერიის საბინაო ფონდი – დაკეტილი ბინები

აჭარის მთავრობის ბალანსზე, ასევე ბათუმის მერიის საბინაო ფონდში ასობით ბინაა, რომლებიც წლებია მერიას, ისევე როგორც მთავრობას, დაკეტილი აქვს. გარდა ამისა, სოციალური სახლების მშენებლობისა და ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით ბათუმის მერია ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხას ხარჯავს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში არცერთ სამთავრობო უწყებას არ გამოუქვეყნებია განცხადება იმის შესახებ, თუ რამდენ უსახლკარო ოჯახს გადაეცა ბინა და რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს გადაწყვეტილების მიღებისას.

ბინების გასაცემად მერიას, ისევე როგორც მთავრობას, კრიტერიუმები აქვს დაწესებული.

ბოლო წლებში ამ ფონდის შევსებაში თავისი როლი აქვს„ ავარიული სახლების პროგრამასაც“.

ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში მერია ახალი შენობებით იმ საცხოვრებელ სახლებს ანაცვლებს, რომლებიც, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საგანგაშო მდგომარეობაშია და მათი მდებარეობით მშენებელი არ ინტერესდება. პროგრამა მრავალწლიანია და მისი ბიუჯეტი 80 მილიონი ლარია.

ძირითად შემთხვევაში ბათუმში ავარიულ სახლებთან მიმართებაში მშენებლების ინტერესი მაღალია უფრო ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარე ტერიტორიების მიმართ. სამშენებლო კომპანიები 2 -5-სართულიანი სახლების ათვისების სანაცვლოდ 15-30 სართულიანი კორპუსების აშენების ნებართვებს ითხოვენ, ავარიულ სახლებში მცხოვრები ოჯახები რომ დააკმაყოფილონ და შემოსავალიც ნახონ.

მშენებლების უმეტესობას, რომლებიც ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობენ, ზონაში დადგენილი განაშენიანების კოეფიციენტი არ აკმაყოფილებთ და მაქსიმალურის მიღება სურთ. ასეთ შემთხვევაში კანონი ნამატი ფართობის 10 პროცენტის მერიისთვის გადაცემას ითვალისწინებს.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ მშენებელს დადგენილი კოეფიციენტის მიხედვით 8-სართულიანი სახლის მშენებლობა შეეძლო და კოეფიციენტის გაზრდის შემთხვევაში 10-სართულიანი სახლი ააშენა, ნამატი ფართობის 10% მან მერიას უნდა გადასცეს.

კოეფიციენტის გაზრდის შემთხვევაში ნამატი ფართობის 10% ბათუმის მერიის საკუთრებაში გადადის არამხოლოდ ავარიული სახლების, არამედ ნებისმიერ შემთხვევაში. ამას კანონი აწესებს ერთგვარი კომპენსაციის სახით.

ასევე, მაკომპენსირებელი ღონისძიება სხვაც შეიძლება იყოს – მაგალითად სკვერის მოწყობა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ინდივიდუალური სახლების აშენება და ასე შემდეგ. ეს მუნიციპალიტეტსა და მშენებელს შორის შეთანხმების საგანია.

ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, ბათუმის მერია მშენებლებს, რომლებიც კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე მასშტაბური მშენებლობის პროექტებისთვის კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობას იღებენ, ძირითადად ნამატი ფართობის 10 პროცენტის გადაცემაზე უთანხმდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: