„ერთ მშვენიერ ღამეს მოვიდნენ, უნდა გაგასახლოთო. 2 საათი მოგვცეს. გათენებამდე უკვე გზაში ვიყავით“, – იხსენებს 83 წლის პედაგოგი, თამარ გოგიტიძე 76 წლის წინანდელ ამბავს.
როცა სტალინური რეპრესიები გოგიტიძეების ოჯახს შეეხო, თამარი პირველ კლასში იყო. ოჯახში მის გარდა 7 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობდა.
აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მცხოვრები ოჯახი 2,5 წლით ყაზახეთში, მაშინდელი სლავიანკის რაიონში, სოფელ კიზილტანში გადაასახლეს. ბათუმიდან ალმაატამდე [ახლანდელი ალმათი], ცხოველების გადასაყვანი ვაგონით მგზავრობისთვის, მათ 15 დღე დასჭირდათ.
- „გავახილე თვალები და ოთახის შუაში დგას ოთხი თოფიანი კაცი“
„მამაჩემი იყო მოწინავე კოლმეურნე, ყველა დავალებას ასრულებდა. ზოგი ურჩი იყო, არ ეთანხმებოდა, მაგრამ მამა ძალიან კეთილსინდისიერად მუშაობდა. კოლმეურნეობაში გამგეობის წევრი იყო. მაშინ თამბაქო ირგვებოდა, კარტოფილი ირგვებოდა, ხილი მოდიოდა უსასრულო რაოდენობით და კოლმეურნეობა ძალიან კარგად ართმევდა თავს თავის საქმიანობას.
როგორ გაჭირვებულად ვცხოვრობდით იცი?! ოთახის შუში იყო ბუხარი, იქეთ ხის ტახტი, აქეთაც ხის ტახტი, იქეთ ლოგინი ეგო, აქეთაც ლოგინი ეგო.
ერთ მშვენიერ ღამეს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოვიდნენ. გვიან ღამე. გავახილე თვალები და ოთახის შუაში დგას ოთხი თოფიანი კაცი, სამხედრო. ახლავს ერთი ქართველი, აჭარელი, რომელიც უთარგმნიდა მამაჩემს იგენის ნათქვამს. ისინი იყვნენ რუსები. მოკიდეს მამაჩემს ხელი და ყველაფერი – ახორი, ნალია, რამდენი სიმინდი გვქონდა, რამდენი ძროხა გვყავდა, რამდენი თუთუნი გვქონდა აღწერეს. მერე შემოვიდნენ სახლში. ჩვენ ვწევართ ბავშვები. ოთხი ლოგინი იყო იმ ოთახში დაგებული.
უთხრეს, რომ უნდა გაგასახლოთ ცოლ-შვილთან ერთადო. კარგი იქნება თუ არ იყვირებთ, არ იტირებთ…. მოიკალათებთ ყველაფერს – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ა.შ. ამა და ამ სახის ტვირთის წაღება შეგიძლიათო. 2 საათი მოგვცეს.
მაგრამ, როგორ წავიღებდით, როცა ჩვენ ვცხოვრობდით გზიდან შორს?! ზამთარია. თოვლია. დეკემბრის თვე იყო. 1951 წელი. გზები არ იყო.
მხოლოდ ტანსაცმელი წავიღეთ. საჭმელს – სიმინდს და ასეთ რაღაცებს რაფერ წაიღებ?! „გრუზავიკი“ მანქანით, ე.ი. ღია მანქანით. პატარა, მსუბუქი მანქანა მაშინ არ არსებობდა.
ტანსაცმელი ჩაალაგეს და დიდი რაოდენობით თუთუნი, დასაჭრელი, დასამუშავებელი თუთუნი მეშოკებში ჩატენეს – ეს გამოგადგებაო, ასწავლეს მამაჩემს.
არ ჰქონდათ ფული. 2 მანეთი ფული ჰქონდა მამაჩემს. მეზობლებს რაც ჰქონდათ – 8 მანეთი, 10 მანეთი… ყველამ ჩამოუდო ჯიბეში. იმ თოვლიან გზაზე მეზობლებმა აგვიყვანეს და ჩაგვსვეს მანქანაში. გათენებამდე გზაში ვიყავით უკვე. ჩვენს გარდა სოფლიდან ორი ოჯახი იყო.
დედაჩემის დედაც სტუმრად გვყავდა. თურმე ის ოჯახიცაა გასახლებული. იქიდან ამოვიდა მანქანა და ის ქალი წაიყვანეს. არ შეიძლებოდა, რომ არ წაეყვანათ ის ქალიც. სხვა სტუმრებიც გვყავდა იმ ღამეს.
სხვათა შორის, ბებია მყავდა ინვალიდი. პარალიჩი [დამბლა] ჰქონდა მიღებული. მამაჩემს სურვილი ჰქონდა, რომ რადგან ბებიაჩემი ავადმყოფი იყო, ძმისთვის დაეტოვებინა. არა. არაფრით არ ქნეს. აუცილებლად უნდა გახლდეს შენი ოჯახის წევრიო და ისიც წავიყვანეთ.“
- მგზავრობა ცხოველის გადასაყვანი ვაგონებით
„ჩაგვიყვანეს ქალაქში [ბათუმში] და ჩაგვსვეს ცხოველების გადასაყვან მატარებელში. ცხოველების საჭმლის ნარჩენები იყო. ფეჩი იდგა. ქვანახშირის ფეჩი. დანთებაც არ ვიცოდით იმ ფეჩისა, ნახშირის ფეჩი ხმარებაში ვინმეს არ ჰქონდა.
იმ ვაგონში ბევრი ვიყავით – იქნებოდა 6-7 ოჯახი. ხულოდანაც იყო ოჯახი, მაჭახლიდანაც იყო… ვაგონში ჩვენი სოფლელი არ იყო არავინ.
15 დღე და ღამე ვიმგზავრეთ. მე-15 დღეს ჩავედით ალმაატაში.
იქაც მასეთი „გრუზავიკი“ მანქანა მოვიდა და გადაგვიყვანეს სოფელ კიზილტანში. კიზილტანი – იყო ასეთი სოფელი სლავიანკის რაიონში.
იმ სოფელს ჰქონდა კლუბი. 2 ღამე ვიყავით სოფლის კლუბში დაახლოებით 40 ოჯახი. დაგვაბინავეს. ყველას თავისი ბარგი-ბარხანასთან ეძინა ჩაცმული, დახურული, გაკოჭილი, დაბინძურებული, დასაბანი, მშიერი.
გზადაგზა, დიდ ქალაქებში რომ შევდიოდით, საჭმელს მოგვიტანდნენ. საჭეს მოგვიტანდნენ, მაგრამ „კალბასს“ არ გვაჭმევდა ბებიაჩემი, ღორისა არისო. ჩვენი ოჯახი მუსლიმი იყო. „გრეჩიხა“ რომ მოიტანეს, ცოცხის თესლისგანაა გაკეთებულიო და იმას ვინმემ პირი არ წააკარა, არ შეჭამეს, მაგრამ, მშიერი არ ვიყავით, რაღაცა გვქონდა – ყველი გვქონდა, კარაქი გვქონდა, პურს გვაძლევდნენ.“
- სტალინის სიკვდილი და დაბრუნება
„გაგვანაწილეს მიწის სახლებში. მიწის სახლი წარმოგიდგენიათ?! ზევიდანაც მიწაა. გამოთხრილივითაა.
ერთი ხულოდან ოჯახი – ბებია და ბაბუა იყვნენ მარტო, მამაჩემმა შეიფარა. ჩვენ მრავალსულიანი ოჯახი რომ ვიყავით, ცოტა დიდი სახლი მოგვცეს. იმათაც ბევრი კარაქი და ყველი ჰქონდათ წამოღებული. კაი ხანს იმით ვირჩენდით თავს. მერე იმათ პატრონი გამოუჩნდათ და წაიყვანეს.
ყოველ დღე შეიკრიბებოდა ეს ჩვენი ქართველი საზოგადოება და სწერდნენ წერილებს სტალინს, მაგრამ პასუხი ერთხელაც არ მოსულა. როგორც ჩანს, არ მიდიოდა მასთან [წერილები]. პასუხი არ მიუღია ვინმეს კითხვაზე, რატომ ვიყავით გადასახლებულები, მაგრამ ყურადღება არ გვეკლო: კვირაში ერთხელ კომენდანტი, ცხენზე შემჯდარი, ჩამოივლიდა და დაგვათვალიერებდა როგორ ვიყავით.
ბებია მომიკვდა ყაზახისტანში. ერთი დაც მომიკვდა ყაზახისტანში და იქ მყავს დასაფლავებული.
მერე, მოგვივიდა გათავისუფლების ბრძანება [1953 წელს]. უნდა წამოვსულიყავით და ამ დროს მოკვდა სტალინი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ყველა ტიროდია – ქალი, კაცი… კარგად მახსოვს, ალმაატიდან აქამდე [ბათუმამდე] მატარებლიდან განუწყვეტელი კივილის ხმა ისმოდა. საზოგადოებას ეგონა, რომ ქვეყანა დაიქცეოა სტალინის გარეშე.“
- გადასახლების სავარაუდო მიზეზები
თამარ გოგიტიძემ გადასახლების ზუსტი მიზეზები არ იცის. თუმცა, ვარაუდობს, რომ ეს მის ბიძებს უნდა უკავშირდებოდეს: ორივე მშობლის ძმას განათლება თურქეთში მქონდა მიღებული – ერთი მათგანი სასულიერო პირი იყო, მეორე კი სასულიერო მსაჯული, იგივე ყადი.
„მამის ძმას თურქული განათლება ჰქონდა მიღებული სტამბოლში. ყადი იყო [სასულიერო მოსამართლე]. ახალგაზრდა, საქორწილო ბიჭი იყო. 1937 წელს, უცებ მოვიდნენ, დაიჭირეს და არავინ არ იცის, რა ბედი ეწია. დედამისი სიკვდილამდე იმ შვილის გამო ტიროდა.
დედაჩემის ძმაც ხოჯა იყო [მუსლიმი სასულიერო პირი]. ცოლ-შვილიანი კაცი იყო – 5 შვილი ჰყავდა. მაშინ არეულობა იყო ქვეყანაში – ომი იყო და სოციალისტური წყობა კარგად არ იყო დამკვიდრებული. დედაჩემი ძმას მთავრობამ შპიონობა სთხოვა – მაშინ გადასვლა-გადმოსვლა იყო თურქეთში. მე მაგას ვერ შევასრულებო და დარჩა იქ [თურქეთში], აღარ გადმოვიდა. გაუშვეს, მაგრამ უკან აღარ დაბრუნდა.
გადასახლება დაშინებისთვის იყო. უნდა ეჩვენებინათ ხალხისთვის, რომ თუ არ დამემორჩილები, ასე დაგსჯი.
ასეთი რამე ღმერთმა არავის გამოაცდევინოს. არავის თავზე ღმერთმა ასეთი უბედურება არ დაატრიალოს“.






