დღეს, 14 მაისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან სუვენირებით მოვაჭრეების საპროტესტო აქცია გაიმართა.
სუვენირებით მოვაჭრეები ითხოვენ, რომ მერიამ კვლავ მისცეს მათ ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლება. მათივე თქმით, მერია მოვაჭრეებს ახალ ბულვარში სთავაზობს სავაჭრო ადგილებს, რასაც ისინი არ თანხმდებიან.
მათი თქმით, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე სუვენირებით ვაჭრობის პირობები არ არის.
„შემოგვთავაზეს 30 ობიექტში. 10 ობიექტი ისეთ ადგილზეა, სადაც ტურისტი არ დადის. ბავშვების სასეირნო პარკია იქ და რადგან პლაჟი არ არის, არც დამსვენებელია.
სავაჭრო ჯიხური უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომელიც ჯდება 30 ათას ლარამდე და თან უნდა დაგვაქციონ, რადგან იქ მყიდველი არ იქნება. შტერი უნდა იყო, რომ ამ შემოთავაზებას დათანხმდე.
ვინ აგვყარა კონკრეტულად, ივანიშვილმა თუ ხელისუფლებამ არ ვიცი, მაგრამ ის ბიზნესი წაგვართვეს, რომელიც სავიზიტო ბარათია ჩვენი ქალაქისთვის. დილიდან აქ ვდგავართ, ვფიქრობდით, რომ პატარაძე შეგვხვდებოდა, ვიცით, რომ შენობაშია, მაგრამ არ შეგვხვდა. საიდანღაც გაიპარა“- უთხრა „ბათუმელებს“ ზურაბ ლომთაძემ.
სუვენირებით ვაჭრობდა ირმა ხიმშიაშვილიც.
ის ამბობს, რომ 19 წელია სუვენირებით ვაჭრობს და კარგად იცის, ქალაქის რომელ ტერიტორიაზე იყიდება სუვენირები.
„22 ათასი ლარი უნდა გადავიხადოთ ჯიხურში, ცალკე ამბავია განთავსებაში რომ უნდა გადავიხადოთ კიდევ. თუ ხელისუფლებას სურს, რომ მისი მოქალაქე დაკმაყოფილებული იყოს, პრობლემა მოგვარდება.
გოგებაშვილის ქუჩა გამორიცხეთ – გვეუბნებიან და სხვა ქუჩაზე ვაჭრობა არ არის. ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობაა ქვეყანაში და ჩვენც უმუშევრად გვტოვებენ.
წარმოიდგინეთ, სუვენირებსაც ახალ ბულვარში უშვებენ, მოპედებსაც, წვენებით მოვაჭრეებსაც და ვერ დავთანხმდებით ამ შემოთავაზებას. დაუშვებელია. ახალ ბულვარში ორ თვესაც ვერ ვიმუშავებთ და გოგებაშვილის ქუჩაზე ზამთარ-ზაფხულ ვდგავართ.
ივანიშვილთან ჩავედით, მაგრამ… წესით, უნდა ესმოდეთ ხალხის გასაჭირი. მათთვისაც კარგია, რომ დავსაქმდეთ, რადგან ამდენი უმუშევარი ხალხი არ ეყოლებათ.
პატარაძე არ შეგვხვდა და ვინც გამოვიდა, მან შემოგვთავაზა, რომ წავიდეთ, გამოყოფილი ადგილები დავათვალიეროთო, მაგრამ ჩვენ არ დავთანხმდით, რადგან იქ გაყოლა თანხმობას ნიშნავს. ჩვენთვის კი ეს შემოთავაზება მიუღებელია“- ამბობს ირმა ხიმშიაშვილი.
კიდევ ერთი მოვაჭრე ამბობს, რომ უკვე 4 თვე უმუშევარია. ჯიხურის აღებამდე ის სანაოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა.
„ამ ჯიხურების გამო ბანკის ვალები მოვიკიდეთ და წარმოიდგინეთ, რამხელა ზარალია ოთხი თვე გაჩერება. ახლა კი ჩემი პენსია ბანკებსაც არ ჰყოფნის და დავრჩი საერთოდ შემოსავლის გარეშე.
ძალიან დიდ უსამართლობასთან გვაქვს საქმე. ხომ შეიძლება გულთან მიიტანონ ხალხის გასაჭირი. ივანიშვილთანაც ჩავედით [შეკვეთილში] და ალბათ ის შედეგი გვქონდა, რომ ბათუმის მერთან შეხვედრა მოვახერხეთ, მანამდე არ გვხვდებოდა.
ახალი ბულვარის ტერიტორიაზე არ არის სამუშაო ადგილი, ჩვენი თავიდან მოცილება უნდათ ამით. მანდ ისეთი ადგილია, ყოველ ზაფხულს არის შტორმი, ნგრევა-ლეწვა და რატომ წავალთ იქ? გოგებაშვილის ქუჩაზე კი, საბაგიროსთან, მეტ-ნაკლებად გვქონდა მუშაობა“- ამბობს სუვენირებით მოვაჭრე ნონა დავითაძე.
სუვენირებით მოვაჭრეები აქციის გამართვას ხვალ, 15 მაისს, დილიდან აანონსებენ.
ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი აქციიდან:
უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის არჩევნების გაშუქებისას, ონლაინმედია „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი და ჟურნალისტი სულხან მესხიძე აგრესიის სამიზნე გახდა – წერს ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“.
გამოცემის ცნობით, ინციდენტი არჩევნების პროცესის გაშუქების დროს ეზოში მოხდა და ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას სულხან მესხიძისთვის ტელეფონის წართმევა და დამტვრევა სცადეს.
ადგილზე მყოფი პოლიციელები ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ აგრესიასა და ტელეფონის წართმევის მცდელობას ხედავდნენ, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.
,,ვიდეოკადრების სრულყოფილად გადაღება ვერ შევძელით, რადგან მობილურის დაზიანების თავიდან არიდების მცდელობისას ჩაწერა შეწყდა.
გარდა ამისა, კენჭისყრის სივრცეში შესვლისა და გადაღების შესაძლებლობა უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებმა არ მოგვცეს“ – წერს „აჭარა თაიმსი“.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჟურნალისტი სულხან მესხიძე პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს სიტყვიერი და ფიზიკური აგრესიის სამიზნე ხდება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ხაჯალია-სუფსის მონაკვეთი მთლიანად ჩაიკეტა. შეზღუდვა 2026 წლის 14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტი ორივე მიმართულებით ლანჩხუთი-გრიგოლეთის „ძველ“ გზაზე იმოძრავებს.
ამ დრომდე ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად იყო ჩაკეტილი. დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები გზის პერიოდულ შეკეთებას უკავშირდება [ინფორმაციისთვის: ორი კვირით ნაწილობრივ ჩაიკეტა ქობულეთის შემოვლითი გზაც, რამაც ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან საცობები შექმნა].
„პერიოდული შეკეთების სამუშაოების წარმოების მიზნით, 2026 წლის 14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე ორივე მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში, გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ნიგვზიანის [ხაჯალიის მიმდებარედ] წრიულიდან, ხოლო სამტრედიის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი – სუფსის წრიულიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზით ისარგებლებს“ – წერს დეპარტამენტი.
ახალაშენებული ავტობანის ხაჯალია-სუფსის მონაკვეთი სამი წლის წინ, 2022 წლის დეკემბერში გაიხსნა. ის ევროპის საინვეტიციო ბანკის [EIB] ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და მშენებლობაში 113 მილიონი ლარი დაიხარჯა. 2026 წლის მაისში მიმდინარე სამუშაოებში კი, ამჯერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
ხაჯალია-სუფსის ავტობანზე მიმდინარე სამუშაოები / მაისი, 2026 წ. / ფოტო: გზების დეპარტამენტი
„ხაჯალია-სუფსის 8 კმ-იან მონაკვეთზე გზის პერიოდული შეკეთების ფარგლებში მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი და განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 8 მლნ. ლარამდეა“ – წერს გზების დეპარტამენტი.
რატომ გახდა ახალგახსნილ ავტობანზე 8 მილიონი ლარის სამუშაოების ჩატარება საჭირო? – ამ კითხვით „ბათუმელები“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, თუმცა დეპარტამენტში გვითხრეს, რომ პასუხის მისაღებად ოფიციალურად, წერილობით უნდა მივმართოთ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გზაზე შეზღუდვა [ჩაიკეტა მხოლოდ ცალი მხარე: ხაჯალია-სუფსის მიმართულება] 2026 წლის 23 აპრილს დაწესდა და გზების დეპარტამენტის მაშინდელი ინფორმაციით, ეს შეზღუდვა 14 ივნისამდე გაგრძელდებოდა.
როგორც მაშინ „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, ერთ-ერთ სახიდე გადასასვლელზე, სავარაუდოდ, გზა ჩაიწია და ეს მონაკვეთი დემონტაჟს და ხელახლა აღდგენას ექვემდებარებოდა, რაც საავტომობილო გზების დეპარტამენტში არ დაგვიდასტურეს.
მთავარ ფოტოზე: სუფსის კვანძი/გრიგოლეთი-ლანჩხუთის „ძველი“ გზა / ფოტო „ბათუმელები“ 2025 წლის არქივიდან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საბოლოო განაჩენი შესაძლოა სტრასბურგში გაასაჩივრონ.
ამის შესახებ ინფორმაცია 13 მაისს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ გაავრცელა.
ჟურნალისტებმა ადვოკატს ჰკითხეს, აქვს თუ არა სუს-ის ყოფილ უფროსს სამართლიანი სასამართლოს იმედი.
„ევროსასამართლოში არამარტო შემაჯამებელ გადაწყვეტილებას წავიღებთ. გარკვეული სახის გადაწყვეტილებები, რაზედაც უარი გვეთქვა, ესეც შესაძლებელია იქნეს გასაჩივრებული.
მათ შორის, იმგვარი სახის ინფორმაცია, როგორიც არის გამამართლებელი მტკიცებულებების დაცვის მხარისათვის დამალვა, რაც ფიზიკურად არ გადმოცემია დაცვის მხარეს,“ – თქვა ლანა ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
13 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
სუს-ის ყოფილ უფროსს ე.წ. ბაგა-ბაღების საქმეზე ასამართლებენ.
13 მაისს მოწმეები დაკითხეს.
სასამართლო პროცესი დახურულია. საჯაროდ მხოლოდ ის ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, რასაც პროცესის დასრულების შემდეგ მხარეები – პროკურატურა და ბრალდებულის ადვოკატები ავრცელებენ ხოლმე.
პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის თქმით, 13 მაისს გამართულ პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო და 5 მოწმე დაიკითხა. პროკურორის მტკიცებით, მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დასტურდება ის პოზიცია, რაც ბრალდებას აქვს.
პროკურორის თქმით, ის მოწმეთა ჩვენებების შინაარსში ვერ შევა, რადგან კიდევ რამდენიმე პირია დასაკითხი.
„ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი როდესაც იყო კახაბერ გვანცელაძე და შესაბამის პოზიციას იკავებდა იმ დროისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი, ამ პერიოდში ხდებოდა სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებისაგან თანხის აღება.
მათ უნდა უზრუნველეყოთ, რომ ტენდერის შესაბამისად მოეხდინათ ბაგა-ბაღების უზრუნველყოფა სხვადასხვა ტექნიკით და შესაბამისად, უკვე მონაწილეობის ფარგლებში, რომ ეს მონაწილეობა განხორციელებულიყო, ეს სქემა შესრულებულიყო, გადმოეცემოდათ მათ თანხა და შესაბამისად ნაწილდებოდა.
ვთქვათ ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი და სხვა ტექნიკა რაც შეიძლება კონკრეტულ ბაღს გააჩნდეს. მეტ დეტალს ვერ ჩავშლი.
ამ საქმეში რომ არ არსებობდეს პირდაპირი მტკიცებულებები, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, პროკურატურა არ წარუდგენდა ბრალს გრიგოლ ლილუაშვილს“, – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
მარიამ ბერძენიშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსის საქმის პროკურორი
ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ ვრცლად ისაუბრა 13 მაისს გამართულ სასამართლო პროცესზე და პროკურორისგან განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა ჟურნალისტებს.
კერძოდ, ლილუაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ ბაგა-ბაღების სააგენტოს ეპიზოდზე მოწმეების დაკითხვისას ყველა მათგანმა გამორიცხა რაიმე ფორმით ლილუაშვილის მონაწილეობა ამ საქმეში.
„ხუთი მოწმე დაიკითხა. ცალსახად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არცერთ მათგანს ნაცნობობაც კი არ აკავშირებს გრიგოლ ლილუაშვილთან. ცალსახად ხუთივე მათგანმა გამორიცხა ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის რაიმე ფორმით მონაწილეობა იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, რაც წარდგენილი აქვს მას ე.წ. ბაღების ეპიზოდთან მიმართებაში.
არცერთი მოწმის მხრიდან არ დადასტურებულა და არ თქმულა, რომ გრიგოლ ლილუაშვილს რაიმე ფორმით შემხებლობა ან ჩართულობა ჰქონდა ე.წ. ბაღების ეპიზოდთან,“ – თქვა ლანა ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს სრულყოფილად არ გადასცა საქმის მასალები. ეს კიდევ ერთი ფაქტორი შეიძლება გახდეს, რის გამოც სუს-ის უფროსის საქმე სტრასბურგში წავა.
ჟურნალისტების კითხვაზე, პროკურატურამ დაუმალა თუ არა დაცვის მხარეს მტკიცებულებები, ადვოკატმა უპასუხა:
„დიახ, დიახ, გამამართლებელი სახის მტკიცებულებებზეა საუბარი.
სრული მოცულობით ჩვენ არ გადმოგვეცა მტკიცებულებები. რასაც შესაბამისი პროცედურების დაცვით, ბუნებრივია, დაცვის მხარე ასაჩივრებს,“ – თქვა ლანა ცერცვაძემ.
ლანა ცერცვაძე, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი
გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს.
სახელმწიფო ბრალდება მას ედავებასისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებას ჯგუფის მიერ.
გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, სუს-ის ყოფილ უფროსს ბრალად ედება ქრთამის აღება პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხაშურში ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, იძულებისა და მუქარის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი გერისა და მეუღლის მიმართ.
ბრალდებულმა მეუღლის მიმართ ცივი იარაღის გამოყენებით ასევე განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა და იძულება, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ – წერს შსს.
პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა, 11 პრიმა 150-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო 102 ათასზე მეტ ძაღლების საიდენტიფიკაციო მიკროჩიპს და მიკროჩიპის 341 ცალ წამკითხველს ყიდულობს.
შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 434 ათას 161 ლარით გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 22 მაისს დაიწყება და 25 მაისს დასრულდება.
„ცხოველების საიდენტიფიკაციო მიკროჩიპი უნდა იყოს ანტიმიგრაციული [არ იწვევდეს მის გადაადგილებას ცხოველის ორგანიზმში] ბიო შუშის; იმპლანტანტი შეიყვანება კანქვეშ; წყალგაუმტარი, კოროზიისგან დაცული; ერთჯერადი შპრიცი სტერილიზებული პაკეტით.
მიკროჩიპის ზომა: დიამეტრი არანაკლებ 1.25 მმ და სიგრძე არაუმეტეს 14 მმ.
სამუშაო პარამეტრები: 125KHz ან 134KHz ან 134.2KHz ან 13.56MHz, FDX-B ან FDX-A ან HDX ფორმატი.
ინფორმაციის შენახვა: არანაკლებ 5 წელი; მიკროჩიპზე უნდა იყოს დატანილი 15 ნიშნა კოდი, რისი საშუალებითაც მოხდება ცხოველის იდენტიფიკაცია.
უნდა მოჰყვებოდეს წებვადი სტიკერი, 3 ცალი, რომელზეც დატანილი იქნება მიკროჩიპის შტრიხკოდი. მიკროჩიპი უნდა იყოს კითხვადი რადიოწამკითხველის საშუალებით, რომელიც შეესაბამება ISO 11785 სტანდარტს და იყენებს HDX- ან FDX-B ტექნოლოგიებს“ – აღნიშნულია ტენდერში.
ტენდერში გამარჯვებულმა მიკროჩიპები და წამკითხველები სააგენტოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 დღეში უნდა მიაწოდოს.
ფოტო ტენდერიდან
სურსათის ეროვნულ სააგენტოს აჭარის მუნიციპალიტეტებში [ბათუმის გარდა] პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის, პოსტოპერაციული მოვლისა და საჭიროების შემთხვევაში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მომსახურებაზეც აქვს ტენდერი გამოცხადებული.
დაგეგმილია ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 479 პატრონიანი ძუ ძაღლის სტერილიზაცია, პოსტოპერაციული მოვლა და საჭიროების შემთხვევაში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია.
სურსათის სააგენტო ძაღლის საიდენტიფიკაციო საყურეს და დასაჭერ მარყუჟებსაც ყიდულობს. სააგენტო აცხადებს, რომ მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს მიუსაფარი ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, კასტრაცია/სტერილიზაციას და ერთიან ბაზაში რეგისტრაციას.
ამავე დროს, როგორც ცხოველთა უფლებადამცველები აცხადებენ, სააგენტო ქუჩიდან აყვანილ ძაღლებს ბუნებრივ არეალში ხშირად აღარ აბრუნებს და მიტოვებულ ადგილებში ტოვებს, რაც ცხოველების მიმართ არაჰუმანური მოპყრობაა. ისინი ცხოველების გაუჩინარებაზეც საუბრობენ.
„უნდა ნახოთ, ეს დღეები როგორ წერილებს ვიღებ ელექტრონულ ფოსტაზე ფრანგი დეპუტატებისგან: ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საფრანგეთისთვის საქართველოს ბრძოლასო. მწერენ, რომ ბოლომდე გვერდით დაგვიდგებიან, თუ ბრძოლას გავაგრძელებთ და რეზოლუციის მიღება საქართველოზე ამის მაგალითია, ძალიან ვაფასებთ ქართველების ბრძოლასო“, – გვიყვება თამარ დემურია, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი.
იგი პარიზში ქართველ თანამებრძოლებთან ერთად ხვდებოდა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის [პარლამენტის] დეპუტატებს ერთადერთი მოთხოვნით: საფრანგეთს უფრო აქტიურად დაეჭირა მხარი დემოკრატიისთვის საქართველოში და დასანქცირებულიყო ბიძინა ივანიშვილი.
2026 წლის 12 მაისს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ. რეზოლუციით, ასამბლეა საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეცაა.
საქართველოს და საფრანგეთის მოქალაქეა თამარ დემურიაც. იგი აფხაზეთიდან დევნილობის შემდეგ წასულა საფრანგეთში.
თამარ დემურიას ვკითხეთ, როგორ მოახერხა ფრანგ დეპუტატებთან შეხვედრები და მათი დარწმუნება, საქართველო ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგში დაბრუნებულიყო.
თამარ დემურია ასოციაცია „საფრანგეთიდან დანახული საქართველოს“ თავმჯდომარეა.
„ჩვენ ეს ბრძოლა ახლა არ დაგვიწყია, ეს ბრძოლა და აქტიური შეხვედრები დავიწყეთ 2019 წელს, როცა ბავშვებს რუსთაველზე თვალები დათხარეს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვი ჩასვეს. ეს იყო ნათელი სიგნალი, რასთანაც გვქონდა საქმე – საქართველო რუსეთის ხელშია,“ – ამბობს თამარ დემურია და აღწერს, თავდაპირველად როგორ უგზავნიდა წერილებს თანამდებობის პირებს საფრანგეთში: „საქართველოზე მსურდა ხმის მიწვდენაო…“
თამარ დემურია თანამებრძოლებთან ფრანგ დეპუტატებსაც არაერთხელ შეხვედრია, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტის – მაკრონის პარტიის „რენესანსის“ წარმომადგენელს – კონსტანს ლოგრიპს. საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს იმდენი უსაუბრიათ დეპუტატთან რუსეთისგან საქართველოს მიტაცებაზე, დეპუტატ კონსტანს ლოგრიპს გადაუწყვეტია, რეზოლუციის ტექსტზე დაეწყო მუშაობა.
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატს – კონსტანს ლოგრიპს საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ხვდებიან
„წლების განმავლობაში სხვადასხვა შეხვედრა გვქონდა, მათ შორის, სენატორებთან,“ – უყვება „ბათუმელებს“ თამარ დემურია, – „ბოლოს ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეც არის. მას, პირველ რიგში, უნდა ჩამორთმეოდა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი და დასანქცირებულიყო, რადგან ის ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში: ამდენი უკანონო პატიმარია საქართველოში, მათ შორის, გამორჩეულია ჟურნალისტის მზია ამაღლობელის საქმე…
ჩვენ ვესაუბრებოდით დეპუტატებს და სენატორებს იმაზე, რომ საქართველოში რეპრესიულ კანონებს ყოველკვირეულად იღებენ იმისათვის, რომ როგორმე პროტესტი შეწყდეს…
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში თავიდანვე იყო ჩართული საფრანგეთის ქართული სათვისტომო, რომელიც 1921 წლიდან არსებობს. ჩვენ ვაჩვენეთ ფრანგებს, რომ ერთიანი ვართ ამ ბრძოლაში და ეს მიდგომაც აჩვენებდა იმას, რაც საქართველოში ჩატარებულ რეფერენდუმში გამოჩნდა: მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროინტეგრაციას.
ერთ-ერთ შეხვედრაზე დეპუტატმა კონსტანს ლოგრიპმა თავად შემოგვთავაზა, მომზადებულიყო რეზოლუცია. გვითხრა, რომ ეს იქნებოდა განსხვავებული პოლიტიკური ფორმატი – რეზოლუციის მიღება უკვე იქნებოდა საქართველოს საკითხის გააქტიურება არამხოლოდ საფრანგეთის განზომილებაში, არამედ მთლიანად ევროპულ განზომილებაში.
ჩვენ დეპუტატს მივაწოდეთ ყველა საქმის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ყველა დეტალი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, მათ შორის, ნოდარ მელაძის გამოძიება, სადაც ნაჩვენებია დოკუმენტებით, რა ქონებას ფლობს ივანიშვილი.
დაახლოებით ბოლო წელიწად-ნახევარია მზადდება ეს რეზოლუცია… როცა დაიწყო რეზოლუციის პროექტის მომზადება, ბევრი სხვა დეპუტატი ჩაერთო ამ პროცესში. აღმოჩნდა, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი მეგობარი ჰყოლია, ვიდრე მეგონა… მაგალითად, სოციალისტმა დეპუტატმა თავისი ინიციატივით მოითხოვა ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევის ასახვა რეზოლუციაში. საბოლოოდ, სხვადასხვა მხარე ჩაერთო ამ რეზოლუციის მიღების და მისი მხარდაჭერის პროცესში,“ – ამბობს თამარ დემურია „ბათუმელებთან“.
რა მოლოდინი არსებობს ახლა, შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილი მართლა დაასანქციროს საფრანგეთმა?
„არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება საბოლოოდ დასანქიცრებაზე, მაგრამ ეს რეზოლუცია უკვე უდიდესი წარმატებაა – ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი, ძლიერი ქვეყანა როცა ასე აყენებს საქართველოს საკითხს ოფიციალური პოლიტიკის დღის წესრიგში.
შესაძლოა, არ იყოს დაუყოვნებელი სანქციები, მაგრამ ეს ზრდის პოლიტიკურ წნეხს… რეზოლუცია უკვე იქნება დოკუმენტირებული საფუძველი არამხოლოდ საფრანგეთისთვის, არამედ სხვა ევროპული ქვეყნებისთვისაც დასანცირების განსახილველად.
ახლა უკვე ნათელია, რომ მხოლოდ თეორიულად არ განიხილება ივანიშვილის დასანქცირების საკითხი“, – გვიყვება თამარ დემურია და განსაკუთრებული ემოციით აღნიშნავს, როგორ გაუხარდა, რეზოლუციის საბოლოო განხილვის დღეს, ასამბლეის დარბაზში რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაინახა.
„ეს იყო ჩემთვის სიურპრიზი, როცა სალომე ზურაბიშვილი მოვიდა რეზოლუციის განხილვის დღეს. ეს იყო ძლიერი გზავნილი საქართველოდან – ის წარმოადგენს პოლიტიკურ ოპოზიციას, დანარჩენი თითქმის ყველა ციხეში გამოკეტეს. სალომე ზურაბიშვილს ძალიან დიდ პატივს სცემენ საფრანგეთში,“ – დასძინა თამარ დემურიამ.
რა ეტაპზეა ახლა წინააღმდეგობა საქართველოში, რა ჩანს საფრანგეთიდან? – ვკითხეთ საუბრის ბოლოს საფრანგეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.
„წლების წინ საქართველო იყო მოწინავე რეგიონში, დღეს კი, საერთოდ აღარ განიხილება საქართველოს ევროინტეგრაცია. ამას რა დანახვა უნდა, რომ საქართველო უკვე რუსეთის ორბიტაზეა? საქართველო უკვე რუსეთის ხელშია, მეტი რუსული რაღა უნდა მოხდეს? რუსეთის დროშის დანახვა სურს ვინმეს კონკრეტულად, რომ ამაში დარწმუნდეს?
დღეს იგივე ხდება საქართველოში, რაც რუსეთშია და ბელარუსში.
ნათელია, რაც ხდება საქართველოში. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ არ მიატოვოთ ბრძოლა. ჩვენ თქვენ გიყურებთ და იმის მიხედვით ვაგრძელებთ ბრძოლას.
ჩვენ თუ მივატოვებთ ბრძოლას, არაფერი გამოვა. ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, სხვა ვერ გააკეთებს,“ – გვითხრა საუბრის დასასრულს თამარ დემურიამ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, რომელსაც სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 140 მილიონი გრივნას [3 მილიონ დოლარზე მეტი] ოდენობის გირაოს გადახდის უფლებით პატიმრობა შეუფარდა, განაცხადა, რომ ის ასეთი გადაწყვეტილებისთვის მზად არ იყო. ერმაკმა თქვა, რომ მას ასეთი სახსრები არ აქვს, მაგრამ ჰყავს მეგობრები, რომლებსაც მისი დახმარება შეუძლიათ.
ამის შესახებ წერს „უკრაინსკა პრავდა“, რომლის კორესპონდენტიც სასამართლო დარბაზში იმყოფება.
„მე ამდენი ფული არ მაქვს… მოდი ვისაუბროთ…“ – წერს ჟურნალისტი.
როდესაც ერმაკს ჰკითხეს, მზად იყო თუ არა წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებისთვის, ერმაკმა უპასუხა: „ამისთვის არ ვემზადებოდი. ვფიქრობ, რომ საკმარისი ნაცნობები, მეგობრები მყავს. იმედი მაქვს, რომ ამაში დამეხმარებიან (გირაოს სანაცვლოდ თანხის შეგროვებას)“.
ამავდროულად, მან უარი თქვა იმ ადამიანების დასახელებაზე, ვის შეუძლია მისი დახმარება.
როდესაც ჰკითხეს, მორალურად მზად იყო ციხეში ჯდომისთვის, თუ გირაოს სანაცვლოდ თანხას არ შეაგროვებდნენ, ერმაკმა გაინაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას კიევი არ დაუტოვებია: „მე საკმარისად ძლიერი ადამიანი ვარ“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 345 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 931 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 24 557 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 42 053 ერთეული [+68]
MLRS – 1 787 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 379 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 352 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 289 678 ერთეული [+2 319]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 381 ერთეული [+6]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 96 355 ერთეული [+213]
სპეცტექნიკა – 4 183 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 585 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
თეგეტა ჰოლდინგმა 60 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში 11 მილიონი ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ემისიის ექსკლუზიური განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალია. ფასიანი ქაღალდები თბილისის საფონდო ბირჟაზე დაილისტება.
ინვესტორების მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, თავდაპირველად განსაზღვრული 7.5 მილიონი ევროს ნაცვლად კომპანიამ 11 მილიონი ევროს ფასიანი ქაღალდები განათავსა.
კუპონის განაკვეთი 6.25%-ით განისაზღვრა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ევროში დენომინირებული ობლიგაციებისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია. შედეგად, კომპანიამ 50 საბაზისო პუნქტით გააუმჯობესა 2024 წელს გამოშვებული ობლიგაციების განაკვეთი და ფასიანი ქაღალდების რეფინანსირება მოახდინა.
„ვულოცავ თეგეტას ობლიგაციების მორიგ წარმატებულ განთავსებას. კუპონის დაბალი განაკვეთი და დაგეგმილზე მაღალი მოცულობის ემისია ადასტურებს, რომ კომპანიის მიმართ ნდობა მაღალია. თეგეტა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ყველაზე აქტიური ემიტენტია. მიხარია, რომ ტრადიციულ პარტნიორებად ჩამოვყალიბდით და ერთობლივად უკვე 11 ემისია განვახორციელეთ, ჯამში 610 მილიონ ლარამდე მოცულობით. თითოეული ტრანზაქციით თიბისი კაპიტალი პარტნიორებთან ერთად ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოში. წელს უკვე 570 მილიონ ლარზე მეტი ფასიანი ქაღალდები გვაქვს გამოშვებული ადგილობრივ ბაზარზე და ვინარჩუნებთ ბაზრის ლიდერის პოზიციას 84%-იანი წილით. ამასთან ერთად, თიბისი კაპიტალი აქტიურია საერთაშორისო სასესხო და სააქციო კაპიტალის ბაზრებზე“, – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
„მოხარული ვართ, რომ „თეგეტას“ მორიგი ობლიგაციების ემისია მაღალი ინტერესის ფონზე წარმატებით განხორციელდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 6.25%-იანი კუპონის განაკვეთი საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში ევროში დენომინირებული ობლიგაციებისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეს შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორების მაღალ ნდობას როგორც „თეგეტას“ მიმართ, ისე ჩვენი ბიზნესის სტაბილური განვითარების ხედვისადმი. მივესალმებით, რომ თიბისი კაპიტალთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული ტრანზაქცია განვახორციელეთ და მორიგი წარმატებული ემისიით „თეგეტამ“ კაპიტალის ბაზარზე აქტიური მოთამაშის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა“,- ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი.
ბათუმის აკვარიუმის შენობა ისევ სავალალო მდგომარეობაშია, 2024 წელს დაანონსებული განახლების პროექტი ჩავარდა.
რუსთაველის ქუჩაზე, #51-ში მდებარე ორსართულიანი შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაციის სამუშაოების შესასრულებლად ბათუმის მერიამ 2 წლის წინ 6 მილიონ 700 000 ლარი გამოყო.
შენობის, აკვარიუმის, აუზებისა და ღობის სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. უშედეგოდ. იმის გამო, რომ არცერთმა კომპანიამ მონაწილეობა არ მიიღო, ტენდერი ჩაიშალა და განმეორებით აღარ გამოუცხადებიათ.
გაცილებით ადრე, 2018 წელს, იმავეს წერდა მერიის მიერ დაქირავებული კომპანია შპს „გეოგრაფიკი“, რომელსაც აღებული ვალდებულების ფარგლებში ბათუმის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა-გამოვლენა ევალებოდა. თუმცა ამ დრომდე შენობაში არაფერი გაუკეთებიათ, თუ გამოვრიცხავთ იმას, რომ რამდენიმე ადგილი, მათ შორის ჭერი, პლასტმასის ფირფიტებით არის დაფარული.
შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. კანონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას სახელმწიფო სტრუქტურებს ავალდებულებს. ასეთი სტრუქტურა აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოა.
იგივე ვალდებულება აქვს მერიას, თუმცა ფაქტია, რომ წლებია მათ ძეგლის გადასარჩენად არაფერი გააკეთეს, უშედეგო მცდელობის გარდა.
შენობის უკანა მხარე
დაზიანებულია შენობის ფასადი, მთავარი შესასვლელიდან მეორე სართულზე ასვლას ვერ შეძლებთ. აქ დაგხვდებათ სპეციალური მინიშნება, რომ ასვლა არ შეიძლება. პირველი სართულის ჩაბნელებულ დერეფანში გავლა გაგიჭირდებათ, ოთახები სავსეა ძველი ნივთებით.
აკვარიუმი
ამ შენობაში აკვარიუმის გარდა მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის შავი ზღვის ფილიალის ადმინისტრაციაც იყო განთავსებული. ადგილზე გვითხრეს, რომ სხვაგან გადავიდნენ, ფუნქციურია მხოლოდ აკვარიუმის ერთი დარბაზი, ბილეთის ფასი 5 ლარია.
შენობაზე არის ასევე მინიშნება, რომ აქ სივრცეს ახალგაზრდული ცენტრიც იყენებს.
ბათუმის მერიას ვკითხეთ, რა ბედი ეწია აკვარიუმის რეაბილიტაციის პროექტს და იგეგმება თუ არა რაიმე სამუშაოები ამ შენობის, როგორც ძეგლის გადასარჩენად. თუმცა პასუხი არ მიგვიღია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაუდებელი აუცილებლობით კვერცხის ყიდვის უფლებას ითხოვს.
სამინისტროს განმარტებით, სტრუქტურული დანაყოფების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულება შპს „ბუღასთან“ 2026 წლის 16 მარტს გააფორმა.
შეთანხმების მიხედვით, მიმწოდებელ კომპანიას ორგანიზაციისათვის ქათმის კვერცხი, ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად უნდა მიეწოდებინა, ერთეული 0,42 თეთრად.
2026 წლის 5 მაისს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტეს, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა კი მიიღეს მითითება შეწყვიტონ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებები და იმოქმედონ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
ხელშეკრულების შეწყვეტის ოქმის მიხედვით შპს „ბუღამ“ რამდენჯერმე დაარღვია ნაკისრი ვალდებულება. კერძოდ, არასრულად მიაწოდა შემსყიდველ ორგანიზაციას კვერცხი, რის გამოც შემსყიდველმა არაჯეროვანი შესრულებისთვის სამჯერ გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის შესახებ.
ამასთან, 2026 წლის 14 აპრილს შპს „ბუღამ“ წერილობით მიმართა შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“ და აცნობა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებდა პროდუქტის მიწოდებას, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა კარანტინი.
მიმწოდებელმა მიმართვის წერილში აღნიშნა, რომ მოლაპარაკების წარმოება დაიწყო ადგილობრივ ბაზარზე არსებულ კომპანიასთან და შემსყიდველს სთხოვა ერთი კვირის მანძილზე თავი შეეკავებინა შეკვეთებისგან, რათა შეუფერხებლად გაეგრძელებინა თანამშრომლობა.
დოკუმენტების მიხედვით, 2026 წლის 16 აპრილს, თავის მხრივ, შპს „ბუღამ“ მიმართა სატენდერო კომისიას, სადაც წერდა, რომ მწარმოებელ ქარხანაში- RANA TARIM HAYVANCILIK SANAYİ VE TİCARET LİMİTED ŞİRKETİ-ში გაჩნდა ქათმის ჭირი და აიკრძალა პროდუქციის იმპორტი საქართველოში.
კომპანია ასევე ითხოვდა ზემოთ მითითებული მწარმოებლის 2 სხვა მწარმოებლით ჩანაცვლებას.
ამის დასადასტურებლად კომპანიას სააგენტოსთვის წარუდგენია მწარმოებელი კომპანიის 2026 წლის 15 აპრილის წერილი, სადაც მითითებულია, რომ მათ ობიექტზე ჩატარებული შემოწმების შედეგების საფუძველზე, ქარხანაში დაწესდა კარანტინი, რის გამოც, კვერცხის წარმოების ყველა საქმიანობა შეჩერებულია 13 აპრილიდან, სავარაუდოდ, 40 დღის განმავლობაში.
სატენდერო კომისია ხელშეკრულების შეწყვეტის ოქმში წერდა, რომ ეს ინფორმაცია გადაამოწმა.
ვრცელი მიმოწერისა და მოკვლევის შემდეგ მიმწოდებელმა კომპანიამ სატენდერო კომისიას წერილობით განუმარტა, რომ შპს „ბუღა“ ქათმის კვერცხს იღებს ადგილობრივ ბაზარზე შპს „მაქს-ტრანს ჯორჯიასგან”, რომელიც არის კომპანია RANA TARIM HAYVANCILIK SANAYİ VE TİCARET LİMİTED ŞİRKETİ-ს ქათმის კვერცხის იმპორტიორი, შესაბამისად, წერილი, სადაც მითითებულია ქათმის კვერცხის მოწოდების შეფერხებაზე ქარხანაში გაჩენილი ქათმის ჭირის გამო, შპს „ბუღამ“ მიიღო სწორედ იმპორტიორისგან.
ამასთან, შპს „ბუღამ“ იმავე სატენდერო კომისიას კიდევ ერთხელ მიმართა მწარმოებლის ჩანაცვლების თაობაზე.
საბოლოოდ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და კომპანიას 2-მილიონიანი ხელშეკრულება შეუწყვიტა.
შესყიდვების სააგენტოს პორტალზე მითითებული ინფორმაციით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომელთაც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე სჭირდებათ ქათმის კვერცხის შესყიდვა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მიეცათ რეკომენდაცია, შესყიდვა განახორციელონ საჭირო რაოდენობაზე.
შს სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს სწერს:
„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იქმნება საშიშროება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ნორმების შესაბამისად ვერ მოხდება შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების უზრუნველყოფა მოცემული პროდუქტით.
მოცემულ ეტაპზე ქათმის კვერცხის მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებისათვის შეჩერებულია. ხოლო შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის და შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათებით დგინდება, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცებისა და კვების ორგანიზების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესრულებისა და შსს დანაყოფების კვებით უწყვეტად უზრუნველყოფის მიზნით, მოთხოვნილია ქათმის კვერცხის შესყიდვა განხორციელდეს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“.
სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს ასევე ატყობინებს, რომ ბაზარი შეისწავლა და დაადგინა, რომ ერთი კვერცხის ღირებულება 0,43 ლარია.
„მიმდინარე ეტაპზე წარმოდგენილი წინადადების გათვალისწინებით, შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 0,43 ლარს. ხოლო, ჯამური ღირებულება განისაზღვრება 40 463 ლარით. რაზედაც მიღებულ იქნა შს მინისტრის მოადგილის თანხმობა გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე და შემსყიდველმა ორგანიზაციამ მართლზომიერების ფარგლებში 2026 წლის 08 მაისს გააფორმა ხელშეკრულება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.
შესყიდვის ღირებულებიდან გამომდინარე, შსს დაახლოებით 94 100 კვერცხს შეიძენს.
„ამერიკელები ყოველთვის ცდილობდნენ რუსეთი რაღაცნაირად თავის მხარეს გადაეყვანათ, რომ შემდეგ ამით ჩინეთს მორეოდნენ. საქმე ისე წავიდა, რომ დღეს ჩინეთთან ლაპარაკი უფრო მარტივი გამოდის… ამერიკელებმა სცადეს ნაბიჯის გადადგმა რუსეთთან, მაგრამ ეს მხოლოდ წყლის ნაყვა გამოვიდა. ჩინეთი კი ძალიან საინტერესო მოთამაშეა – შეუძლია, ვთქვათ, დაპატიჟოს ამერიკელები პეკინში. ამერიკელებიც ჩავიდნენ,“ – ამბობს ამერიკისმცოდნე გიორგი ლაბაძე. მას ტრამპის ჩინეთში ვიზიტზე ვესაუბრეთ.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს, 13 მაისს, ჩინეთში ჩავიდა. რას ნიშნავს ეს ვიზიტი?
„მგონია, რომ გამოძებნიან [აშშ და ჩინეთი] საერთო ინტერესებს, რადგან აშკარაა ესკალაციის საფრთხეები. დიდი ინვესტორების მონაწილეობა ამ შეხვედრებში სწორედ ამაზე მიუთითებს… მასკი, ტიმ კუკი, ლარი ფლინკი… ეს სახელები უკვე ძალიან ბევრზე მეტყველებს,“ – მიიჩნევს გიორგი ლაბაძე.
რა შეძლება შეიცვალოს აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში? – „ბათუმელებმა“ გიორგი ლაბაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი ამერიკისმცოდნეობის დოქტორია და „ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის“ ხელმძღვანელი.
ბატონო გიორგი, ტრამპის ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის შესახებ მინდა გკითხოთ – რას ემსახურება ეს შეხვედრა, თანაც იმ ფონზე, როცა ტრამპმა განაცხადა, რომ „ირანთან ზავი სულს ღაფავს“?
ეს შეხვედრა არ არის მხოლოდ ირანთან დაკავშირებული.
ზოგადად, ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები რთული პროცესის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებით გართულდა 2016 წელს. მანამდეც იყო გარკვეული მოძრაობები, მაგრამ განსაკუთრებით 2017 წლის იანვრიდან, როცა პოზიცია დაიკავა დონალდ ტრამპმა პირველ ჯერზე, დაიძაბა ეს ურთიერთობები.
ამ ორ სახელმწიფოს შორის, რომლებიც, დღეის მდგომარეობით, ყველაზე გამორჩეული ზესახელმწიფოები არიან და ფაქტობრივად უკონკურენტოები არიან მსოფლიო ასპარეზზე, მთავარი სადავო თემებია: ეკონომიკა, ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი.
ამის შემდგომი გაგრძელებაა გლობალური პოლიტიკის დაპირისპირებები, რასაც ჩვენ ვხვდებით დღეის მდგომარეობით არაერთ რეგიონში. ერთ-ერთია ირანში არსებული ვითარება.
ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ ლათინური ამერიკის და ამერიკის შეერთებული შტატების უახლოეს სამეზობლო საკითხს – სწორედაც რომ ჩინური გავლენების განდევნას ემსახურებოდა მადუროს დაკავება და ასევე, პროცესი, რაც დაკავშირებულია კუბაზე რეჟიმის შესაძლო ცვლილებასთან.
ეს ძალიან რთული ურთიერთობებია და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, თუმცა, ძირითადად, მაინც ეხება ეკონომიკას – ჩინეთში გადასულმა ამერიკულმა წარმოებამ დიდი ზიანი მიაყენა შეერთებული შტატების ინდუსტრიას და, მეორე მხრივ, იქ დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც, პრინციპში, ამერიკული ინდუსტრიალიზაციის და ამერიკული ინდუსტრიის ნაწილი იყვნენ, მეოცე საუკუნეში განსაკუთრებით.
შესაბამისად, ეს მტკივნეული პროცესია შეერთებული შტატებისთვის და მტკივნეულია ჩინეთისთვისაც, რადგან ჩინეთი მიეჩვია, რომ ამერიკული ბიზნესი მარტივად ადაპტირდებოდა ჩინურ ბაზარზე და მარტივად ხდებოდა შემდგომში მწარმოებელი ჩინურ ბაზარზე. შეზღუდვები, რასაც აწესებს დღეს ამერიკა ტარიფების მეშვეობით და სხვადასხვა მიმართულებით, ხელს უშლის ამერიკულ კომპანიებს ჩინურ ბაზარზე თავისუფალ ოპერირებაში.
რა თქმა უნდა, ეს კარგი არ არის ჩინეთისთვის და დამაზიანებელია. ეს უნდა იყოს ამ ვიზიტის ერთ-ერთი განსახილველი საგანი.
გიორგი ლაბაძე
რა შეიძლება შეიცვალოს აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობაში? წინა კვირებში განახლდა აშშ-ს და ჩინეთს შორის ირანის გამო მიმდინარე ე.წ. სასანქციო ომი. ორივე შემთხვევაში ჩინეთის პასუხი საკმაოდ მკაცრი იყო, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ აამოქმედა ეგრეთ წოდებული დამბლოკავი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც კომპანიებს ამერიკული სანქციების აღსრულება ეკრძალებოდათ.
თუ ჩინეთი დათანხმდება შეერთებული შტატების პირობებს და ესკალაციას არ ექნება ადგილი იგივე ირანთან დაკავშირებით, ანუ ჩინეთი არ დაეხმარება ირანს და ასევე, შეეგუება იმ ეკონომიკურ მიმართულებას, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს, შესაძლებელია, არსებული ურთიერთობა შეიცვალოს.
აქ გასათვალისწინებელია ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები, ფაქტობრივად, გიგანტების წარმომადგენლები, რომლებიც ჩინეთში ჩავიდნენ ტრამპთან ერთად: მასკი, ტიმ კუკი, ლარი ფლინკი… ეს სახელები უკვე ძალიან ბევრზე მეტყველებს. როცა საქმე გვაქვს ამდენი ინვესტორისა და ბიზნესმენის ჩართულობაზე, შესაძლებელია, შეერთებულმა შტატებმა დაუშვას გარკვეული ოპერაციების გაგრძელების შესაძლებლობა ჩინეთის ტერიტორიაზე.
მეორე მხრივ, ტაივანს შეერთებული შტატები აღიარებს ჩინეთის შემადგენლობაში და შესაძლებელია ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის საკითხები შეფერხდეს, უფრო მეტად დაუჭიროს მხარი ამერიკამ ტაივანის დაახლოებას ჩინეთთან. ეს ვარაუდია პრინციპში იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი გაუშვებს იგივე კუბას და არ ჩაერევა ამერიკის უახლოეს სამეზობლოში, რაც აინტერესებს შეერთებულ შტატებს, მაგალითად, ირანში, რომ ანტიამერიკულად განწყობილი რეჟიმის ცვლილება მოხდეს და გადაკეთდეს იგი ამერიკასთან შერიგებულ რეჟიმად – ვიცით, რომ 50 წელია ირანი ჩართულია მტრულ საქმიანობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
შესაძლებელია, ამაზე მოხდეს შეთანხმება, თუმცა იგივე “ანკორიჯის” სამიტს რომ შევადაროთ, სადაც პუტინი და ტრამპი იყვნენ, ორ საათში წამოხტნენ ამერიკელები ფეხზე მას შემდეგ, როცა პუტინმა დაიწყო რუსეთის ისტორიაზე ლაპარაკი. არ არის გამორიცხული, რომ ვერაფერსაც ვერ მიაღწიონ ამ საუბარში.
უფრო რეალურია, რომ გამოძებნიან საერთო ინტერესის სფეროებს ტრამპი და სინ ძინპინი?
მე მგონია, რომ გამოძებნიან საერთო ინტერესებს, რადგან აშკარაა ესკალაციის საფრთხეები.
დიდი ინვესტორების მონაწილეობა ამ შეხვედრებში სწორედ ამაზე მიუთითებს, ჩემი აზრით. რისკი არის ძალიან დიდი, რომ ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება გლობალურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს და ეს ხალხი, ვინც ჩართულია ამ მოლაპარაკებებში, იქნება ერთგვარი გარანტი იმის, რომ უნდა დასტაბილურდეს, მეტ-ნაკლებად კომპრომისულ მდგომარეობამდე მივიდეს ამ ორ ქვეყნის ურთიერთობა, რათა არ მოხდეს მნიშვნელოვანი გლობალური დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, ყველას დააზარალებს – როგორც ჩინეთს, ისე შეერთებულ შტატებსა და ინვესტორებს.
ჩინეთსაც ბევრი აქვს დასაკარგი, თუ ვერ დაალაგებს ურთიერთობას აშშ-თან?
რა თქმა უნდა. მაგალითად, რუსეთზე როცა არის საუბარი, ჩნდება შეკითხვა: რატომ არის რუსეთი უფრო მეტად თავისუფალი მოქმედებაში და მიმართავს ტერორისტულ ნაბიჯებს? რატომ ველოდებით, რომ რუსეთმა შესაძლოა უარესიც ჩაიდინოს? – იმიტომ, რომ მას ბევრად ნაკლები აქვს დასაკარგი, ვიდრე ჩინეთს.
ჩინეთი არის ლამის 25-ტრილიონიანი ეკონომიკა, რომელიც სახელმწიფოების უმრავლესობას ამარაგებს პროდუქციით. მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობის პირველი სავაჭრო პარტნიორი სწორედ ჩინეთია და თუ რამით ჩინეთი ახერხებს დღეის მდგომარეობით, რომ იყოს სხვაზე ძლიერი, ეს არის სწორედ ის, რომ იქ ბევრი კომპანია ფუნქციონირებს, ბევრი ბიზნესია, ბევრი ხალხია დასაქმებული. ჩინეთი ამით უწევს კონკურენციას მსოფლიოს სხვა ლიდერებს.
თანაც, ჩინეთისთვის არაა დამახასიათებელი, რომ ამდენი ათწლეულების ნაწვალები ერთ ნაბიჯს შესწიროს. ჩინეთს აქვს კულტურა და ტრადიცია იმის, რომ ნელ-ნელა, ხანგრძლივი პროცესით მიაღწიოს მიზნებს.
შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ იქნება დათმობები ჩინეთის მხრიდან, ისევე, როგორც უნდა იყოს დათმობები ამერიკის მხრიდან.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩინეთი ირანის ომში? 15 აპრილს ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა ვაშინგტონთან შეთანხმებას მიაღწია ირანისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ.
რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჩინეთი, როგორც ტექნოლოგიების, იარაღის, ისე სადაზვერვო ინფორმაციის მიმართულებით.
თუ ჩინეთი ნამდვილად გადაწყვეტს, რომ გავიდეს ამ სიტუაციიდან, შეერთებულ შტატებს ბევრად უფრო გაუმარტივდება საქმე: ვინღა დარჩა ირანს? – დარჩა რუსეთი, რომელსაც თავისი გასჭირვებია. მოგეხსენებათ, უკრაინას რამდენად მნიშვნელოვანი წარმატება აქვს ბოლო პერიოდში რუსეთთან. ვფიქრობ, ამიტომაც ემთხვევა ამ სამიტის დრო ირანის ომს და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ჩინეთი იმასაც ხვდება, რომ აი, ვენესუელა წაართვა შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს, რაც ძალიან დიდი დარტყმაა ჩინეთის ნავთობზე, ენერგორესურსებზე. ეს ძალიან რთული მომენტია ჩინეთისთვის, მაგრამ ამავდროულად, ესკალაცია და სავაჭრო დაძაბულობა არ არის ნაკლები ტვირთი ჩინეთისთვის.
ავიწყდებათ ხოლმე, რა გზა გაიარა ჩინეთმა, რომ მიეღწია ამ წარმატებისთვის. ეს მოხდა ძირითადად დასავლური ინვესტიციებით. დღეს, იგივე „ეფლი“ იქნება თუ სხვა ინვესტორები, გადადიან ჩინეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, გადადიან ინდოეთში. ეს არ არის ნაკლები ტვირთი ჩინეთისთვის, ვიდრე ირანის საკითხი შეიძლება იყოს.
ირანის მიმართ ჩინეთის ინტერესი კი, ძირითადად იაფ ენერგიაზეა. საბოლოო ჯამში, ვინც არ უნდა მოვიდეს ირანის ხელისუფლებაში, საწვავის თავისთვის შენახვას, ცხადია, არავინ არ აპირებს, ის ისევ უნდა გაიყიდოს. შეიძლება, მეტის გადახდა მოუწიოს ჩინეთს, მაგრამ ბაზარს არავინ არ დაუხურავს.
როგორ შეიძლება აისახოს ჩინეთ-აშშ-ის შეცვლილი ურთიერთობა ევროკავშირზე? ბოლო პერიოდში მკვეთრად შეიცვალა ევროკავშირის რიტორიკა და დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ. ევროპის ქვეყნების ლიდერები საუბრობენ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, რაც გასაგებია, რომ უკავშირდება ტრამპის პოლიტიკას ევროპის მიმართ და ბაზრის დივერსიფიკაციას.
ეს დამოუკიდებელი ურთიერთობებია შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ურთიერთობებისგან – ევროკავშირს თავისი ინტერესები აქვს და გარკვეულწილად, ეს დამოუკიდებელი ინტერესებია.
ჩინეთმა რომ გააგრძელოს ევროკავშირის ბაზრის დაკავება, მას სჭირდება იგივე ინვესტიციები ამერიკიდან. თუ ამერიკული კომპანიების ინვესტიციები მოაკლდება ჩინეთს, საბოლოო ჯამში, მას ევროპის მიმართულებით ექსპანსია გაუჭირდება. ეს კარგია თუ ცუდი, მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტი ეს არის.
როგორ სახელმწიფოდ ყალიბდება ჩინეთი, რა ჩანს ამ გადასახედიდან? რა ელოდება რუსეთს, მაგალითად, თუ ჩინეთი კიდევ უფრო გაძლიერდება?
ამერიკელები ყოველთვის ცდილობდნენ, რაღაცნაირად რუსეთი თავის მხარეს გადაეყვანათ, რომ შემდეგ ამით ჩინეთს მორეოდნენ. საქმე ისე წავიდა, რუსული ელიტა იმდენად ხისთავიანი გამოდგა, რომ დღეს ჩინეთთან ლაპარაკი უფრო მარტივი გამოდის. ამერიკელებმა სცადეს ნაბიჯის გადადგმა რუსეთთან, მაგრამ ეს მხოლოდ წყლის ნაყვა გამოვიდა.
ჩინეთი კი ძალიან საინტერესო მოთამაშეა – შეუძლია, ვთქვათ, დაპატიჟოს ამერიკელები პეკინში და ამერიკელებიც ჩავიდნენ.
რუსეთის საქმე შეიძლება ძალიან ცუდად იყოს, იმიტომ, რომ შესაძლებელია ამერიკამ მიაღწიოს ჩინეთთან ურთიერთობას რუსეთის ფაქტორის გარეშე. თუ ეს ასე მოხდა და რუსული ფაქტორის საჭიროება გამოირიცხა ჩინეთთან ურთიერთობაში ამერიკის მხრიდან, გამოვა, რომ რუსეთთან დათმობის საჭიროებას კიდევ უფრო ნაკლები მნიშვნელობა ექნება ამერიკის მხრიდან.
ეს მოცემულობა რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებას ამერიკელებისთვის კიდევ უფრო შეამცირებს და კიდევ უფრო გაამარტივებს უკრაინელების საქმეს რუსეთის დასუსტებასთან დაკავშირებით.
ამერიკის ფაქტორის გარდა, რუსები ისედაც ხედავენ ჩინეთის გაძლიერების საფრთხეს, იმის მიუხედავად, რომ ჩინეთი რუსეთის მოკავშირეა?
რა თქმა უნდა. ჩინეთის გაძლიერება რუსეთის შიგნით ექსპანსიას გულისხმობს, რაც იდეაში ამერიკელებს არ უნდათ. იმის მიუხედავად, რომ ამერიკელებს ეს არ უნდათ, თუ მოხდა ისე, რომ დალაგდნენ ამერიკა და ჩინეთი ერთმანეთთან, ამას შეიძლება რუსეთთან ურთიერთობის ნაწილიც მოჰყვეს.
რუსეთს მაქსიმალურად აწყობს, რომ ამერიკა და ჩინეთი ერთმანეთს გადაეკიდონ, იმიტომ, რომ თვითონ გამოდგეს ფაქტორი ამ ორ სახელმწიფოს შორის. თუ ეს არ არის საჭირო, რუსული ფაქტორიც მცირდება, რაც ჩვენთვის, საბოლოო ჯამში, ძალიან კარგ მოცემულობას ქმნის – საქართველოსთვის, უკრაინისთვის.
გამოდის, რომ სავაჭრო ურთიერთობებია მთავარი, რის გამოც შეიძლება ჩინეთმა ამერიკასთან საერთო ენა გამონახოს?
სავაჭრო ურთიერთობები, ეკონომიკა და სტრატეგიული ურთიერთობები – ორივე ქვეყანას აინტერესებს უახლოესი სამეზობლოდან მეორეს გასვლა: ჩინეთს აინტერესებს, რომ თავისი უახლოესი სამეზობლოდან ამერიკა გავიდეს, ამერიკას აინტერესებს, რომ უახლოეს სამეზობლოდან გავიდეს ჩინეთი. ეს არის ახლანდელი ამოცანები, როგორც ვხედავთ.
სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა საქართველოში, რომლებიც მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებულნი, ამ დროისთვის 180 ათასს აღემატება. ამ ოჯახების წევრთა რაოდენობა კი 700 000-ზე მეტია.
„ოცნებამ“ ამ ბაზის გადამოწმება დაიწყო, პროცესის დაწყებამდე კი დააანონსა, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ოჯახების წლების განმავლობაში მზარდი სტატისტიკა უნდა შემცირდეს.
სწორედ ამით ახსნა „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმების აუცილებლობა 2026 წლის თებერვალში. მან თქვა, რომ პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, რომლებიც, მაღალი ალბათობით, არ აკმაყოფილებენ სოციალურად დაუცველთა კრიტერიუმებს.
„მაგალითად, საფუძველი იქნება ბოლო 3 თვის განმავლობაში 2000-ლარიანი შემოსავლის მიღებაც“, – თქვა მაშინ სარჯველაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ გადამოწმებით გაირკვევა, დარჩებიან თუ არა კონკრეტული ოჯახები შესაბამის ბაზაში და მიიღებენ თუ არა შემწეობას.
12 მაისს კი „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა გამოცემა bm.ge-ს უთხრა, რომ გადამოწმების პროცესში ბაზაში აღმოაჩინეს ისეთი ოჯახები, რომლებსაც მაღალი შემოსავალი აქვთ.
„ზუსტი მონაცემი არ მაქვს, მაგრამ ათასობით ოჯახი არის შემოწმებული. შეიძლება რამდენიმე თვეში შუალედური ანგარიშიც უკვე მზად იყოს. ერთი რაც ვიცი დანამდვილებით კოლეგებისგან, რომ ბევრი აღმოჩნდა მათ შორის მაღალშემოსავლიანი. ბუნებრივია, ეს ოჯახები ვერ იქნებიან მომავალში ამ სიაში“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების პროცესი საქართველოში 2026 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
მართალია, გადამოწმება წელს დაანონსდა, თუმცა ეს ამბავი გაცილებით ადრე, 2025 წლის ნოემბერში დაიწყო, როცა პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიწვეულმა ირაკლი კობახიძემ გაზრდილ ეკონომიკაზე საუბრის დროს თქვა ისიც, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა ბაზა გადასახედია.
რატომ გახდა საჭირო სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება ახლა? – „ოცნება“ ამის საჭიროებას იმით ხსნის, რომ ეს ბაზა პანდემიის შემდეგ არ გადაუმოწმებიათ. თუმცა არ ამბობს, რამ შეუშალა ხელი გადამოწმებას მაშინ, როცა პანდემია, ფაქტობრივად, 2022 წლიდან უკვე აღარ იყო ხელშემშლელი ფაქტორი.
მეტიც, 2023- 2024 საარჩევნო წლებში ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ოჯახების სტატისტიკა კიდევ გაიზარდა, ხოლო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ოცნებამ“ სოცდაუცველების 300-ლარიანი დასაქმების მოკლევადიანი პროგრამაც მოიფიქრა, რომელიც არჩევნების დასრულებიდან მალევე შეწყვიტა.
რა მოხდა ახლა, რა სურს „ოცნებას“? – მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ახლა „ოცნების“ ერთადერთი მიზანი ქვეყანაში სიღარიბის სტატისტიკის ოფიციალურად შემცირებაა.
„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მასობრივი გადამოწმების მიზანი ხელოვნური ცვლილებაა იმ მძიმე სტატისტიკის, რომელიც ქვეყანაში ასახავს სიღარიბეს. „ოცნების“ პროპაგანდა და რიტორიკა დღეს არის ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა, თუმცა თავად სახელმწიფოს ცალკეული მონაცემი და სტატისტიკა, მათ შორის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემები, ამხელს ამ პროპაგანდის მეორე მხარეს, რომელიც ქვეყანაში მზარდ სიღარიბეს აჩვენებს“, – განმარტავს „ბათუმელებთან“ თამთა მიქელაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი.
სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის შესაძლო გადამოწმების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 2026 წლის მარტში, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ამ საკითხზე კვლევაც გამოაქვეყნა, სადაც მონაცემებისა და არსებული ვითარების გაანალიზების საფუძველზე დაასკვნა, რომ გადამოწმების დაწყების პროცესი არაერთ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს და ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უფლებების დარღვევის, მათ მიმართ თვითნებური მოპყრობისა და მინიმალური მხარდაჭერის მიღმა დატოვების რისკებს ქმნის.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლებში მუდმივად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ყოველთვიურ სოციალურ შემწეობას იღებენ. ამიტომაც გვგონია, რომ პირველი მოტივი ამ გადამოწმების არის სწორედ ამ სტატისტიკის ქვემოთ ჩამოყვანა და შემდგომში საუბარი იმაზე, რომ შემცირდა სოციალური შემწეობის მიმღები ადამიანების რიცხვი.
რა თქმა უნდა, ეს არ არის გამოსავალი. პირიქით: ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალია სიღარიბე, სოციალური შემწეობის არსებული სისტემა კი არის ნაკლოვანი – მას არ აქვს რესურსი სიღარიბის დაძლევაში დაეხმაროს ოჯახებს. ამავდროულად, ის მხარდაჭერა, რომელიც ამ პროგრამით არის გათვალისწინებული, უკიდურესად მცირეა და ვერ პასუხობს საჭიროებებს, რომლის წინაშეც ოჯახები დგანან. ბოლო წლებში ამ თანხების ოდენობა არ გაზრდილა და რეალურად არის არასაკმარისი, მით უმეტეს, თუ ინფლაციას და მაღალ ფასებს გავითვალისწინებთ“, – ამბობს თამთა მიქელაძე.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ კვლევის თანახმად, პანდემიამდე საქართველოში საარსებო შემწეობას საშუალოდ 400 000-ზე მეტი ადამიანი იღებდა.
პანდემიის პერიოდში კი, 2020 წლის იანვრიდან 2023 წლის იანვრამდე, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა – 96 439 ადამიანით. თუმცა, ძირითადი მატება პანდემიის შემდგომ დაფიქსირდა.
მაგალითისთვის, 2026 წლის იანვარში საარსებო შემწეობას 181 569 ადამიანით მეტი იღებდა, ვიდრე 2023 წლის იანვარში. ეს საზოგადოებრივ სამუშაოებზე, ე.წ. 300-ლარიანი დასაქმების პროგრამას და არჩევნების პერიოდებს ემთხვევა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ბაზაში დარეგისტრირებული პირების დაახლოებით 41% სოციალურად დაუცველთა ბაზაშია 10-ზე მეტი წელი. მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის შემდეგ რეგისტრირებულთა წილი საერთო რაოდენობის დაახლოებით მეხუთედი – 19%-ია.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებული დიაგრამა, რომელიც აჩვენებს, როგორ იზრდებოდა სოციალური დახმარების მიმღებთა ოდენობა ბაზაში
კვლევის მიხედვით, გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი კითხვა დროს უკავშირდება. პანდემია რამდენიმე წლის წინ დასრულდა და გადამოწმებაზე მორატორიუმს მიზეზები უნდა ჰქონოდა:
„ბუნდოვანია, ამდენი წელი რატომ დასჭირდა პროცესის დაწყებას, მით უმეტეს, რომ გადაუმოწმებლობას შესაძლოა მნიშვნელოვანი ფულადი რესურსის არამიზნობრივად ხარჯვა გამოეწვია. ის, რომ ამგვარი გადამოწმება 2024 ან 2025 წელს არ მოხდა, არაპირდაპირ შეიძლება წინასაარჩევნოდ საარსებო შემწეობის მიმღებთა ინსტრუმენტალიზაციაზე უთითებდეს.
ფინანსებს უკავშირდება კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ამ პროცესთან დაკავშირებით ჩნდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებისმიხედვით, საარსებო შემწეობით უზრუნველყოფაზე ათეულობით მილიონი იხარჯება. შემწეობაზე გადარიცხული თანხის მოცულობა წლების გასვლასთან ერთად იზრდება. 2020 წლიდან მოყოლებული ზემოაღნიშნულ დახმარებაზე 4 მილიარდამდე ლარი დაიხარჯა“, – ვკითხულობთ კვლევაში.
რატომ არ შექმნა სახელმწიფომ პროგრამები სიღარიბეში მყოფი ოჯახებისთვის, მათ გასაძლიერებლად? – ამ კითხვაზე თამთა მიქელაძე ასე პასუხობს:
„ამ ადამიანებს პოლიტიკური კონტროლისთვის იყენებს ხელისუფლება. როცა შენ სოციალურ შემწეობას ელი, გადამოწმების პროცესში ხარ, ცდილობ, რომ აჩვენო პოლიტიკური ლოიალობა და ჩვენი კვლევის მიგნებებმაც აჩვენა ეს.
ბენეფიციარები, მიმღებები ან მომლოდინეები ცდილობენ, იყვნენ ჩუმად, ნაკლებად წერონ კრიტიკული პოსტები სოციალურ ქსელებში ან ოპოზიციურ და კრიტიკულ ღონისძიებებში არ მიიღონ მონაწილეობა – მათ ჰგონიათ, რომ აკონტროლებენ მათ საქმიანობას, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობა. შესაბამისად, ისინი შეიძლება დაისაჯონ დახმარების არ მიღებით ან შეწყვეტით.
ეს გახდა ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი მოქალაქეების პოლიტიკური კონტროლის, ეს არის სიღარიბის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია, რომელიც სრულიად ანტისოციალური და ანტიდემოკრატიული ქცევაა.
ჩვენს ქვეყანაში 200 000-ზე მეტმა ოჯახმა სახელმწიფოს სოციალური შემწეობის მიღების მოთხოვნით მიმართა. მათგან 700 000-ზე მეტი მოქალაქე დღეს იღებს სოციალურ შემწეობას. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედი თავს ღარიბად გრძნობს და მიიჩნევს, რომ მან სოციალური შემწეობა სახელმწიფოსგან უნდა მიიღოს. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია“, – ამბობს თამთა მიქელაძე.
თამთა მიქელაძე
თავისი კვლევის დასკვნის სახით „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ერთიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკის არარსებობა წარმოადგენს.
გამოწვევებზე არა მხოლოდ ქართული ორგანიზაციები, არამედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტორებიც საუბრობენ, მათ შორის არის გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი, რომელმაც საქართველოში არსებული მდგომარეობა სულ რამდენიმე თვის წინ შეაფასა.
შოუს ხანგრძლივობა საშუალოდ 35 წუთია. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დასწრება უფასოა.
დელფინარიუმის კიდევ ერთი სერვისი, დელფინებთან ერთად ცურვა კი 200 ლარი ღირს.
საბაგირო არგო
როგორც საქართველოს მოქალაქეებმა, ისე უცხოელებმა 32.90 ლარი უნდა გადაიხადონ საბაგირო გზით სარგებლობისათვის. იმავე თანხას იხდიან 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებიც. ხოლო 5-11 წლის ასაკის ბავშვებისთვის საბაგირო გზით სარგებლობის საფასური 7 ლარია.
ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების საფასური უცხოელებისთვის 25 ლარია, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი 10 ლარი.
შეღავათები მოქმედებს სტუდენტებზე – მათთვის ბილეთი 5 ლარი ღირს, 5 ლარი ღირს პენსიონერებისთვისაც, სკოლის მოსწავლეები ბილეთში 2 ლარს გადაიხდიან, ხოლო 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პარკში შესვლა უფასოა.
სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ უფასოდ შეუძლიათ დაათვალიერონ ბაღი შშმ პირებმა, ომის ვეტერანებმა და სოციალურად დაუცველებმა.
მუზეუმები
ბათუმში ამჟამად 6 მოქმედი მუზეუმია: აჭარის ხელოვნების მუზეუმი, ძმები ნობელების მუზეუმი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რელიგიის მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი.
კიდევ ორი მუზეუმი – არქეოლოგიური და მემედ აბაშიძის მუზეუმი დაკეტილია რეაბილიტაციის გამო.
მოქმედ მუზეუმებში შესასვლელად სტანდარტული ბილეთის ღირებულება 6 ლარია. თუმცა მოქმედებს დიფერენცირებული ფასები სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, 14 წლამდე ბავშვებისა და პენსიონრებისთვის.
ასევე დიფერენცირებულია ფასები საექსკურსიო პროგრამების დროს.
ბულვარში სეირნობა, ასევე “ალი და ნინოს” ქანდაკების ნახვა უფასოა
სურსათის ფასების შემსწავლელმა კომისიამ, ფაქტობრივად, მუშაობა დაასრულა. დღეს, 13 მაისს, პარლამენტში მოხსენებით წარსდგა ამ კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.
ის კომისიის მუშაობით კმაყოფილია. ამბობს, რომ კომისიამ „აკადემიური დასკვნა“ დადო და მომავალი რეფორმის პუნქტებიც გაწერა ამ დასკვნაში.
„დახლზე რასაც მომხმარებელი ხედავს, ეს არ არის ქსელის ფასი, ეს იქმნება სამი კომპონენტისგან – ეს არის იმპორტიორი მწარმოებელი, დისტრიბუტორი და ქსელი.
სწორედ მათი ერთიანობა ქმნის ფასს და ჩვენ სრულყოფილად შევისწავლეთ ეს მიწოდების ჯაჭვი. მე პირადად დიდ მიღწევად მიმაჩნია, რომ დიაგნოზი სწორედ დავსვით.
მართლაც აკადემიური უნდა იყოს კომისიის დასკვნა, როდესაც საქმე ეხება სექტორს, რომლის ბრუნვა ჩვენი ეკონომიკის 20%-ია. აქ აგრესიული ფორმით ჩარევა შეიძლება სავალალო გახდეს არა სექტორისთვის, არამედ მთლიანად ეკონომიკისთვის. მას შეუძლია ჩაითრიოს იმპორტიორი, მწარმოებელი, საფინანსო სისტემა და ძალიან სავალალო შედეგი მივიღოთ. ამიტომ იყო დასკვნა სიღრმისეული“- ამბობს შოთა ბერეკაშვილი.
მისი თქმით, კომისიამ შეისწავლა უნგრეთისა და რუმინეთის გამოცდილება:
„აღნიშნულმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, ინფლაციასთან ბრძოლისთვის საბაზისო პროდუქტებზე ზედა ზღვარი დაეწესებინათ და შესწავლამ აჩვენა, რომ ასეთმა მიდგომამ უფრო მეტი პრობლემა შექმნა, ვიდრე სიკეთეები და ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით და რეკომენდაციაც იმიტომ არ გავეცით.
თუმცა ჩვენ შევისწავლეთ საფრანგეთის და საბერძნეთის გამოცდილებაც და რეკომენდაციის სახით მხარი დავუჭირეთ მსუბუქ ინტერვენციას, რომელიც ეფუძნება კონკურენციას და ბაზრის სტრუქტურას.
ჩვენი ბაზრის სტრუქტურა ძალიან ჰგავს საბერძნეთისას და სწორედ ასეთი რეკომენდაციები გავეცით და მადლობა უნდა ვუთხრა დისტრიბუტორებს და მწარმოებლებს, რომლებმაც ბერძნული მოდელის ფარგლებში საოჯახო კალათა შექმნეს და 15 საბაზისო პროდუქტის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, საუკეთესო ფასები შესთავაზეს მომხმარებლებს. ჩვენ აღფრთოვანებული დავრჩით ამ ფასებით“- ამბობს ბერეკაშვილი.
ბერეკაშვილის აზრით, პრობლემა გადაჭარბებულ მოგებაში კი არ არის, არამედ „გადაჭარბებულ ხარჯებშია“.
„ანუ არაეფექტურ ბიზნესმოდელში, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. ამიტომ ამას სჭირდება რეფორმა და ეს რეფორმა გაწერილია იმ დასკვნაში.
ამიტომ მოსახლეობას შეცდომაში ნუ შევიყვანთ. იქ, სადაც შესაძლებელი იყო კორექცია, კორექცია მოხდა, დანარჩენს სჭირდება რეფორმები და ამ რეფორმებს ჩვენ ჩავატარებთ“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
ფასების შემსწავლელი კომისია დაახლოებით სამი თვის წინ შეიქმნა. კომისია დიდხანს მსჯელობდა, რატომ ღირდა კვერცხი ძვირი, თუმცა საბოლოოდ ის გავიგეთ, რომ ვერც მწარმოებლები და ვერც ქსელური მაღაზიები პროდუქციას, ბევრი მიზეზის გამო, ვერ გააიაფებდნენ.
სპეციალისტებიც საუბრობდნენ იმაზე, რომ ფასების კლება შეუძლებელია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ელექტროენერგია გაძვირდა. ძვირი დენი კი განსაკუთრებით ზეწოლას ახდენს ენერგოტევად წარმოებებზე, მაგალითად, საცხობებზე, მეტროპოლიტენზე, წყლის სატუმბებზე, საშრობებზე, მაცივრებზე და ასე შემდეგ.
თავად შოთა ბერეკაშვილი, რომელიც ამ კომისიას ხელმძღვანელობდა, სამშენებლო ბიზნესიდან მოვიდა პარლამენტში, რომელმაც, მაგალითად, გასულ წელს 1 მილიონამდე ლარი მხოლოდ საყიდლებზე დახარჯა, 300 ათასამდე ლარი კი – მოგზაურობაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში დაბა ჩაქვში, გოგებაშვილის ქუჩის II შესახვევში, ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე.
„ამასთანავე, საწარმოო პროცესში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობას“ – წერს სააგენტო.
უწყების ცნობით, ბიზნესოპერატორი (ი/მ ა. დ.) დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
ქობულეთის შემოვლითი გზა ქობულეთისა და ჩაქვის სატრანსპორტო კვანძებს შორის 2 კვირით ჩაიკეტება. ჩაიკეტება ასევე ხუცუბნისა და კვირიკეს კვანძები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ჩაკეტვის მიზეზი ერთ-ერთი სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოებია. ეს ნაკერი რამდენიმე თვე დაზიანებულია.
„2026 წლის 14 მაისის 02:00 სთ-დან 27 მაისის ჩათვლით საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოების წარმოებისთვის საჭიროა აღნიშნული გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა და დროებით შემოსავლელ გზაზე გადართვა“ – წერია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 72-ე კმ-ზე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის, 89-ე კმ-ზე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზის გამოყენებით.
ასევე, საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი) სარფის საავტომობილო გზის 76-ე კმ-ზე ხუცუბანის და 78-ე კმ-ზე კვირიკეს სატრანსპორტო კვანძების ჩაკეტვა.
საგზაო მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული დროებითი საგზაო მოძროაბის სქემის შესაბამისად“. – წერს გზების დეპარტამენტი.
სადეფორმაციო ნაკერი არის აუცილებელი ელემენტი, რომელიც ხიდის/ესტაკადის ცალკეულ სექციებს შორის მოძრაობის საშუალებას იძლევა და ამით მის სტრუქტურულ მთლიანობას ინარჩუნებს. ასეთი ლითონის ელემენტები იცავს ბეტონის კონსტრუქციას დაბზარვისგან და ხიდს აძლევს მოქნილობას ტემპერატურის ან დატვირთვის ცვლილების დროს.
ქობულეთის შემოვლითი გზის ერთ მონაკვეთზე დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერები გასული წლის ნოემბერში სქელი ლითონის ნაჭერით დაფარეს. ამ მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე კი, 50 კილომეტრ საათამდე შეზღუდეს.
„მაგ ობიექტზე ჩვენ გვაქვს დავალება და მუშაობს ჩვენი ქვეკონტრაქტორი კომპანია. დროებითი სამუშაოები, რაც საპრევენციო იყო, უკვე ჩატარებულია – დროებითი სადეფორმაციო ნაკერები მოეწყო, რომ შეფერხება არ იყოს.
შესაბამისი სადეფორმაციო ნაკერები ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეკვეთილია და ჩამოტანას სჭირდება დრო. როგორც კი მოხდება ტრანსპორტირება და ადგილამდე მიტანა, შესაბამის დროში უკვე მოხდება მისი დამონტაჟებაც. ზუსტად თარიღებს სამწუხაროდ ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმის შესაბამისად, როგორც დავალებაა და როგორც ეს ტრანსპორტირების დრო მოგვცემს საშუალებას“, – გვითხრეს კომპანია NEW ROAD-ში 2025 წლის ნოემბერში.
რაც შეეხება გზის გადაკეტვას სადეფორმაციო ნაკერების შეცვლის პერიოდში, „ეს არის სამუშაოს თანმდევი პროცესი. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ პრაქტიკაში ტექნიკურად როგორც ხერხდება, ნაწილობრივი შეზღუდვა წესდება, რომ გზა სრულად არ ჩაიხერგოს და რაღაცა პრობლემა არ შეიქმნას, მით უმეტეს ასეთ ზონებში“,- გვითხრეს მაშინ „ბათუმელებს“ კომპანია NEW ROAD-ში.
მთავარ ფოტოზე: დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერი ქობულეთის შემოვლით გზაზე, რომელიც რკინითაა დაფარული. 12.05.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს, კიდევ 7 პირს კი, ბრალი წარედგინა – ზოგიერთს პენიტენციურ დაწესებულებაში, ზოგიერთს – დაუსწრებლად, მათ შორის, 2 საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.
„ბრალდებული პირები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები….
დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის, ე.წ. კანონიერ ქურდებს – ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძეს, რომლებიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე დგინდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ, ინტერნეტბანკის საშუალებით ააქტიურებინებდნენ სესხებს, რის შემდეგაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები ე.წ. კანონიერ ქურდებს დახმარების მიზნით, პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა „ქურდული სამყაროს“ სახელით, მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 13 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა, 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს, 13 მაისს, პარლამენტში განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების სამწლიან მოდელზე გადასვლის შესახებ.
მისი თქმით, „ოცნების“ განათლების რეფორმის მიხედვით, სამწლიანი საბაკალავრო მოდელი გავრცელდება უმაღლეს სასწავლებლებში 2025 წელს ჩარიცხულ სტუდენტებზეც.
„დღეს წარმოვადგენ დამაზუსტებელ ნორმას, რომლის მიხედვითაც 2025 წელს ჩარიცხულ სტუდენტებზეც გავრცელდება სამწლიანი საბაკალავრო მოდელი. ეს ეხება მხოლოდ საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს და არ გავრცელდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.
არსებული ნორმატიული ცვლილება გულისხმობს 240 კრედიტის შემცირებას 180 კრედიტამდე, გარდამავალ პერიოდში“ – თქვა ზვიად გაბისონიამ.
მისი თქმით, 2025 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე დაფინანსების ძველი, ანუ საგრანტო სისტემა გავრცელდება.
ასევე, ცვლილების თანახმად, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც.
თამარ ხვედელიანმა, გახარიას პარტიის წარმომადგენელმა პარლამენტში, ზვიად გაბისონიას საგრანტო კონკურსის დაგვიანების მიზეზებზე ჰკითხა.
„მაისია უკვე და ჯერ კონკურსი არ გამოცხადებულა. დეკემბერში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სამართლებრივი ჩარჩო ამ კონკურსის ფაქტობრივად არ არსებობდა, რატომ ვერ გაითვალისწინეთ დეკემბერში, რომ ამის საჭიროება დადგებოდა?“ – ჰკითხა მან გაბისონიას.
ზვიად გაბისონიას თქმით, საგრანტო დაფინანსების საკითხი მოგვიანებით იქნება გამოტანილი განსახილველად. მან დასძინა, რომ მაისის ბოლოდან ეს პროცედურები დაიწყება.
„ქართული ოცნების“ განათლების რეფორმის მიხედვით, უმაღლესი განათლება 4 წლის ნაცვლად 3-წლიანი გახდება საბაკალავრო საფეხურზე და სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურიც 1 წლით შემცირდება.
„ოცნების“ რეფორმას მწვავედ აკრიტიკებენ განათლების ექსპერტები, უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი. მათი შეფასებით, დაგეგმილი მოდელი საფრთხეს უქმნის ქართული განათლების სისტემას, რადგან საქართველოს განათლების სისტემას აშორებს ბოლონიის პროცესს და ქართველ ახალგაზრდებს ართმევს ევროპულ პერსპექტივას.
„ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლითაც სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების უფლება ექნებათ სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების მოადგილეებსაც.
კერძოდ, ცვლილება შედის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში.
კანონპროექტით, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო შეიძლება მიეცეს საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის.
სახელფასო დანამატი ან ფულადი ჯილდო შეიძლება გაიცეს ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი თანამდებობისათვის/პოზიციისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს 1 თვის ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი სახელფასო დანამატის ოდენობა – თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს.
ხოლო ფულადი ჯილდოს შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს.
ამავე კანონპროექტით, 5%-ით იზრდება საჯარო უწყებებში ხელშეკრულებით დასაქმებულთა საშტატო ნუსხა. ცვლილება არ ეხება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებს. ამ უწყებებში ისევ 10 %-იანი ზღვარი დარჩა.
„საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 15%-ს.
ამ შეზღუდვიდან გამონაკლისი დაიშვება საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით,“ – ვკითხულობთ კანონპროექტში.
„ოცნების“ პარლამენტში ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისიამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, სამეგრელოში, კერძოდ, სამი მუნიციპალიტეტის – წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ 37 074 ჰა ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
მომხსენებლის თქმით, ახალ პარკს, ეგრისის ეროვნული პარკი ერქმევა და მისი მიზანი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ეკოსისტემებისა და კირქვიანი მასივების ლანდშაფტების, ასევე მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, განსაკუთრებით კი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენაა.
კვლევა, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ ამ ადგილას დაცული ტერიტორიის შექმნაა შესაძლებელი, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა [BMZ] და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა [KfW] დააფინანსა 64 000 ევროს ოდენობით, პროგრამის – „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში. ამის შესახებ განმარტებით ბარათშია აღნიშნული.
კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული პარკის პროექტზე 2 694 720 ლარი დაიხარჯება. აქედან 511 680 ლარი პარკის ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებაზე უნდა დაიხარჯოს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტის განხორციელება 2027 წლის პირველი იანვრიდან უნდა დაიწყოს.
პარკისთვის შეიქმნება სპეციალური ადმინისტრაცია 22 საშტატო ერთეულით, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და პერსონალით.
ამავე პროექტის მიხედვით, 2028 წლისთვის დაცული ტერიტორიების ფართობი დამატებით 100 000 ჰექტარით გაიზრდება.
______________
ფოტოზე: ინწრას ჩანჩქერი წალენჯიხაში. ფოტო: წალენჯიხა/facebook
დღეს, 13 მაისს, საქართველოს სამ ქალაქში – ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში, ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია იმართება.
საპროტესტო აქცია 10:00 საათზე დაიწყო. ბათუმში ტაქსის მძღოლები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ანწუხელიძის ქუჩის დასაწყისში არიან შეკრებილნი.
ტაქსის მძღოლები უკვე მეხუთედ მართავენ აქციას შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.
მძღოლები დამსაქმებელი კომპანიებისგან მოითხოვენ, რომ გაიზარდოს ტაქსის გამოძახების ტარიფი ერთ კილომეტრზე, ასევე მოცდის წუთები გახდეს ფასიანი, დამსაქმებელმა უზრუნველყოს დასაქმებულების ჯანმრთელობის დაზღვევა და გაითვალისწინოს საწვავზე გაზრდილი ფასები.
აქციის მონაწილე ტაქსის მძღოლები ასევე საუბრობენ პატრულის მხრიდან გახშირებულ ჯარიმებზეც.
„ჩვენს საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რეპუტაცია და თუ ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, შეექმნებათ რეპუტაციული საფრთხეც. დღეს გავიფიცებით 24 საათით და ვაპირებთ დავგეგმოთ როგორ გაგრძელდება ეს პროტესტი. აქ არის საუბარი ჩვენი უფლებების დაცვაზე,“- ამბობენ ტაქსის მძღოლები.
„2 წუთითაც რომ გაჩერდე, მაშინვე გაჯარიმებენ 100 ლარით. არ გადავიხდი ამ ჯარიმებს, ვაპროტესტებ. მაშინ უნდა იყოს საკმარისი გასაჩერებელი ადგილები“- ამბობს ტაქსის მძღოლი ირაკლი ტიკარაძე.
„ბენზინის ფასმა 4 ლარს გადააჭარბა და 3-ლარიან შეკვეთაზე რომ მიდიხარ 4-ლარიანი ბენზინით, ბუნებრივია, ეს აისახა ჩვენს შემოსავლებზე. ჩვენ უკან ოჯახებია და ამით ვარჩენთ მათ, ამით ვსაზრდოობთ. ხარჯებს ვერ ასწორებს მანქანა, ისეთი ძვირია ყველაფერი.
დღეში 50 ლარი რომ გამოიმუშავო, მაგალითად, „ბოლტზე“, უნდა ჩაასხა 30 ლარის საწვავი, აქედან 12 ლარი მიაქვს კომპანიას და მთლიანობაში არაფერი არ გამოგვდის.
ხალხი უმუშევრობის გამო ევროპაში მიდის, ჩვენ არაფერს ვთხოვთ ხელისუფლებას, თვითდასაქმებულები ვართ და ვშრომობთ, მაგრამ იმხელა ჯარიმებია, რომ 3 თვის განმავლობაში ჯარიმებიდან 139 მილიონი შევიდა ბიუჯეტში.
ხომ უნდა იყოს რაღაც რეგულაცია?
მგზავრი ჩამოდის, 2 წუთში ჯდება ტაქსიში და ამ დროს 100-ლარიანი ჯარიმა მოდის. არც პარკინგის საკითხია მოგვარებული არც არაფერი და ჯარიმები გასამმაგებულია.
ყველა გავიფიცებით, ჩვენი ოჯახის წევრებიც დაგვიდგებიან, რადგან შეუძლებლია ასე ცხოვრება“- ამბობს კიდევ ერთი ტაქსის მძღოლი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში.
ტაქსის მძღოლების თქმით, როცა ავტომანქანა გაჩერებულია და ჩართული აქვს ავარიული, ის არ უნდა დაჯარიმდეს.
ტაქსის მძღოლების თქმით, დამსაქმებელი კომპანიები ჯერჯერობით არ არიან თანახმა მათი მოთხოვნების შესასრულებლად, თუმცა მძღოლები ამბობენ, რომ არ შეწყვეტენ პროტეტს, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.
ტაქსის მძღოლები დღეს, 15:00 საათზე აპირებენ მოაწყონ საპროტესტო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში.
უკრაინელი რეჟისორი, ალისა კოვალენკო „ნეტგაზეთთან“ იხსენებს, რატომ გადაწყვიტა ომში წასვლა და როგორ აღმოჩნდა რუსულ ტყვეობაში.
მან თავად გამოიარა კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობა, არის სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის – „SEMA უკრაინისა“ და „ომის დროს სექსუალური ძალადობის დასასრულებლად მსხვერპლთა და გადარჩენილთა გლობალური ქსელის“ აქტიური წევრი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 13 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 344 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 928 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 24 554 ერთეული [+1]
საარტილერიო სისტემა – 41 985 ერთეული [+50]
MLRS – 1 786 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 376 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 352 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 287 359 ერთეული [+1 853]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 375 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 96 142 ერთეული [+287]
სპეცტექნიკა – 4 181 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 585 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქობულეთის მერიის განახლებული საშტატო ნუსხა და შესაბამისი თანამდებობრივი სარგოები დაამტკიცა.
ახალი დადგენილებით, ქობულეთის მერიის საშტატო ნუსხა შემცირდა.
საქმე ისაა, რომ 2026 წლის საშტატო ნუსხა გასული წლის დეკემბერში დაამტკიცეს. მაცნეზე გამოქვეყნებულ ნუსხაში 187 შტატი იყო გათვალისწინებული.
2026 წლის აპრილში საშტატო ნუსხა კი 154-მდე შეამცირეს და თავიდან დაამტკიცეს.
განახლებული საშტატო ნუსხის მიხედვით, ქობულეთის მერის ხელფასი 8 ათასი ლარია, მერის პირველი მოადგილის – 5 600, ხოლო მერის მოადგილეების – 5 120.
3 680 ლარითაა განსაზღვრული ქობულეთის მერიაში დასაქმებული სხვადასხვა სამსახურის უფროსის ხელფასი, 2 800 ლარით განისაზღვრა განყოფილების უფროსების ხელფასი, მეორე კატეგორიის სპეციალისტების ხელფასი 2 400 ლარია, ხოლო მესამე კატეგორიის სპეციალისტის – 2 080 ლარი.
2 240 ლარით განისაზღვრა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების ხელფასი. ყველაზე დაბალ ანაზღაურებას, 1 360 ლარს ქობულეთის მერიაში ადმინისტრაციულ ერთეულებში ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იღებენ.
საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო. მიზეზი საიდუმლო სქემაში მონაწილეობაა, რომელიც ნაკრების მოთამაშეებს ანტიდოპინგური ტესტირების დროს თაღლითობაში ეხმარებოდა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ამავე დროს, დისკვალიფიკაცია მისცეს მორაგბეებს: 6-წლიანი გიორგი ჭყოიძეს, 3-3 -წლიანი – ლაშა ხმალაძეს, ოთარ ლაშხს და მირიანი მოდებაძეს, ცხრათვიანი – ლაშა ლომიძეს.
9-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა საქართველოს რაგბის გუნდის ყოფილ მთავარ ექიმს, ნუცა შამათავას. გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო წინასწარ ატყობინებდა ნაკრების ექიმს, ნუცა შამათავას, დაგეგმილი ტესტირებების შესახებ, ის კი ამ ინფორმაციას მორაგბეებს საერთო ჩატში უზიარებდა.
„ბიბისის“ ცნობით, მერაბ შარიქაძემ აღიარა, რომ თანაგუნდელებს ტესტირებისთვის საკუთარ „სუფთა“ შარდს აძლევდა.
„მსოფლიო რაგბიმ (World Rugby) ეჭვი აიღო 2023 წლის მსოფლიო თასის მოსამზადებელ პერიოდში, როდესაც სინჯებში ანომალიები აღმოაჩინეს. ორგანიზაციის განცხადებით, ნიმუშების ჩანაცვლების მიზანი, სავარაუდოდ, რეკრეაციული ნარკოტიკების მოხმარების დაფარვა იყო. ხელახალმა შემოწმებამ აჩვენა, რომ ნიმუშების ჩანაცვლების 5 შემთხვევა 2019 წლით თარიღდება.
შარიქაძემ 2023 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ტურნირის დასრულების შემდეგ მან კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა და MMA-ში (შერეული ორთაბრძოლები) გადაინაცვლა, სადაც დებიუტი 2025 წლის ნოემბერში გამარჯვებით აღნიშნა“ – წერს „ბიბისი“.
ხულოს საკრებულოს წევრმა პარტია „ლელოდან“, ბესიკ შაინიძემ საკრებულო დატოვა და დროებით ემიგრაციაში წასვლას გეგმავს. „გადავიღალე მენტალურად“- ამბობს ბესიკ შაინიძე „ბათუმელებთან“.
ბესიკ შაინიძეს „ბათუმელები“ ხულოს საკრებულოს მუშაობასა და ემიგრაციაზე ესაუბრა.
ბატონო ბესიკ, საკრებულო ოფიციალურად დატოვეთ უკვე?
დიახ, საკრებულო დავტოვე მიმდინარე წლის მარტში. მანდატი შემიჩერდა უკვე და ჩემი შემცვლელიც შევიდა საკრებულოში – რომან ქედელიძე.
ფეისბუქზე წერდით, რომ აღარ გინდათ იყოთ „ბუტაფორიული ორგანოს“ წევრი და ამიტომ დატოვეთ საკრებულო. გახსოვთ ალბათ, როგორი წინააღმდეგობა შეხვდა „ლელოს“ გადაწყვეტილებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა და ამის გამო, შესაძლოა, მხარდამჭერების ნაწილიც კი დაკარგა „ლელომ“. დღეს, ამ გადასახედიდან, როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას, ფიქრობთ, რომ ეს იყო შეცდომა?
ეს იმედგაცრუება ნამდვილად არ იყო. უბრალოდ, მოცემულობა შეიქმნა ისეთი, როცა უკვე აზრი აღარ ჰქონდა საკრებულოში ყოფნას. ბრძოლას ყოველთვის ჰქონდა აზრი და ახლაც აქვს, უბრალოდ, ხულოს საკრებულოში ვეღარ ვხედავ ჩემს თავს, რადგან რაიმე სასიკეთო ცვლილება ვერ მომაქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ხულოში ნეპოტიზმის ისეთი დონეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ დაუპირისპირდება, მით უმეტეს, მაშინ, როცა რესურსები არ გაგვაჩნია.
საკრებულოს სხდომებზე ლაივის ჩამრთველი ადამიანი არ მყავდა, რომ ის, რაც ამ სხდომებზე ხდებოდა, საზოგადოებისთვის მეჩვენებინა.
რა ხდებოდა?
თუნდაც ბიუჯეტის განხილვის დროს, როცა საუბარი დავიწყე პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ხულოს მერი ტელეეთერებში იჯდა და ჩემი მისამართით ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.
მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ სოფელ წაბლანაში 4 წელია სკოლას აშენებენ, მაგრამ ჯერ დაწყებულიც არ აქვთ. თუნდაც ის, რომ ერთ-ერთ სოფელში წყალსადინარის ცხაურები გაქრა და დღემდე არ არის ეს საკითხი გამოძიებული, თუ სად წავიდა რკინის ცხაურები.
წაბლანაში წყლის ტენდერი ჩაატარეს სამჯერ, მილიონამდე ლარია დახარჯული და მოსახლეობას დღემდე არ მიეწოდება სრულად წყალი.
ასეთი ბევრი საკითხია, რომელზეც ვსაუბრობდი, მაგრამ რეაგირება არ იყო. აქ სხვა პრობლემაცაა, საკრებულოში მყოფ ადამიანებს არავითარი სურვილი არ აქვთ, რომ რაიმე გამოასწორონ ხალხის სასიკეთოდ. ამიტომ, რამდენიც არ უნდა ელაპარაკო მათ, შედეგი არ ექნება. პირიქით მოხდა, მე გადავიღალე მენტალურად მათთან ურთიერთობით.
ოპოზიცია მხოლოდ თქვენ იყავით ხულოს საკრებულოში?
გახარიას პარტიიდანაც არის ერთი ადამიანი, მაგრამ… კოალიცია „ცვლილებებისთვის“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მიეღო ჩვენთან ერთად არჩევნებში მონაწილეობა, გაცილებით მეტი რესურსი გვექნებოდა კონტროლის, შეგვეძლო შეგვექმნა ფრაქციებიც, რომლებიც ბიუროს განხილვებში მიიღებდნენ მონაწილეობას.
მე რიგითი წევრი ვიყავი და არ მქონდა ბიუროზე დასწრების უფლება და პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა საკმაოდ რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამის ბევრი მცდელობა მქონდა და დისკომფორტიც არაერთხელ შევუქმენი.
თუმცა, „ქართული ოცნების“ წევრებს მორალური პედასტალი აღარ გააჩნიათ, მხოლოდ სკამისთვის და თვის ბოლოს რომ დარიცხული ხელფასი აიღონ, იმისთვის არიან საკრებულოში.
თქვენ თქვით, რომ ხულოს საკრებულო ხელს უწყობს კორუფციას. გაქვთ რაიმე კონკრეტული მაგალითი?
თუნდაც ე.წ. 300-ლარიანი დახმარებები ავიღოთ, გარკვეულ ადამიანებს ერიცხებოდათ ხელფასის ნახევარი და დარჩენილი ნაწილი სხვაზე ნაწილდებოდა. ამის შესახებ არაერთმა ადამიანმა აღნიშნა ჩემთან საუბარში, რომ მე ვშრომობ და მხოლოდ ნაწილი მერიცხება, დანარჩენი თანხა სად მიდისო – მეკითხებოდნენ.
პროკურატურის დონეზე არ მქონია საუბარი, მაგრამ საკრებულოს სხდომაზე გავაჟღერე ეს საკითხი რამდენჯერმე, მაგრამ გაიცინეს, ეს იყო მათი რეაქცია.
თუმცა იმდენ ადამიანს მოჰქონდა მსგავსი ინფორმაცია, რომ შეუძლებელია მათაც არ სცოდნოდათ.
სხვა მოწვევის საკრებულოშიც გიმუშავიათ?
დიახ, მეორედ გავხდი საკრებულოს წევრი, თუმცა წინა წლებთან შედარებით რადიკალურად გაუარესებულია მდგომარეობა იმ გაგებით, რომ საკრებულოში არ მიმდინარეობს არანაირი განხილვა, მსჯელობა, მოდის მერიიდან გარკვეული საკითხები და 26 ადამიანი ერთხმად უჭერს მხარს.
ნოტარიუსის ფუნქცია უფრო აქვს დღეს საკრებულოს, ვიდრე თვითმმართველი ორგანოს. ამიტომ თუ გვინდა, რომ ჩვენ რაიმე შევცვალოთ ამ მიმართულებით, ერთიანი ხედვა უნდა გვქონდეს ოპოზიციას.
ახალი არჩევნები არავის იცის როდის დაინიშნება, ამიტომ ოპოზიციამ კაბინეტები უნდა დატოვოს და გამოვიდნენ ხალხში. მეც იმიტომ გამიჭირდა, რადგან საერთო ხედვა ოპოზიციას არ გააჩნია, დღეს კი იდეური ერთობაა საჭირო, რომ რეჟიმი დაამარცხო.
თუ მოსახლეობის დარწმუნება მოხდება ერთიანი ხედვით, მე მჯერა, რომ შესაძლებელია ივანიშვილის ხელისუფლებაც შეცვალო.
როგორც ვიცით ემიგრაციაში წასვლას გეგმავთ. რომელ ქვეყანაში აპირებთ გადასვლას?
ველოდები ინგლისის ვიზას, თვის ბოლოს, წესით, უნდა ავიღო. როგორც ყველა ემიგრანტმა, მეც ნულიდან უნდა დავიწყო ცხოვრება. ჯერ მუშაობას დავიწყებ და შემდეგ, ალბათ, ვისწავლი კიდეც.
ინგლისში მეგობარი მყავს, რომელმაც ქართული რესტორანი გახსნა და ალბათ იქ ვიმუშავებ.
თქვენ საუბრობდით ოპოზიციის ერთიან ხედვაზე, ხალხთან დიალოგზე, თუმცა საკრებულო მიატოვეთ და მიდიხართ ემიგრაციაში. ვინ გეიმედებათ აქ, ვინ იმუშავებს ხალხთან თქვენ ნაცვლად, როგორ ფიქრობთ?
მესმის, რომ უხერხული მომენტია, მაგრამ 19 წლიდან აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ვარ ჩართული, გავრილოვის წინააღმდეგ აქციებიდან მოყოლებული სულ ქუჩაში ვარ და ადამიანურად, მენტალურად გადავიღალე.
ცოტა შესვენება მჭირდება ენერგიის აღსადგენად და ისეც არ ვაპირებ წასვლას, რომ საქართველოში ვერ დავბრუნდე. ვფიქრობ, ახლა ჩემი ადამიანური რესურსები იმდენად მიილია, რომ გადატვირთვა მჭირდება.
რუსული კანონი იყო თუ არჩევნების შემდეგ, ევროპასთან შეჩერებული მოლაპარაკებების გამო საპროტესტო აქციები, სულ ქუჩაში ვიდექი. ამ ეტაპზე მჭირდება, რომ საკუთარი თავი გადავარჩინო, რადგან მე თუ არ ვიქნები კარგად, ვერც ბრძოლას შევძლებ.
არიან ადამიანები, რომლებიც 500-ზე მეტი დღე ასევე დგანან ქუჩაში, ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. რა შეიძლება მათ ვუთხრათ?
მე ახალგაზრდობის იმედი მაქვს, რადგან საბჭოურ მენტალობაში გაზრდილი ადამიანები არაფერს შეცვლიან. რაც არ უნდა ელაპარაკო, მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ვიღაც ხელისუფლებაშია და ფულს აკეთებს, რომ შეიძლება პრემიერ-მინისტრი იყო და მილიონები მოიპარო.
ამიტომ, ამ საპროტესტო აქციებზე ვინც ვნახე, ამ ადამიანების იმედი მაქვს. მესმის, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ ნიჰილიზმიც გააჩინა ახალგაზრდებში, თუმცა ბოლომდე იმედგაწყვეტილი არ ვარ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომელთა ბრძოლაც რეალურ ცვლილებებს მოიტანს.
მეც რამდენიმე თვით მივდივარ და უკან დაბრუნებას ვაპირებ, რადგან ამ ქვეყნის პოლიტიკაში ვხედავ საკუთარ მომავალს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის მაჩვენებლების თანახმად, აჭარაში უმუშევრობის დონე 9.4 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2024 წელთან შედარებით უცვლელი დარჩა და 13.9 პროცენტი შეადგინა.
რეგიონების მიხედვით, 2024 წელთან შედარებით 2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე ქვემო ქართლის და გურიის რეგიონებში.
წყარო: საქსტატი
2025 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 46.9 პროცენტი შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში უცვლელი დარჩა.
დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 47.3 პროცენტსა და 46.3 პროცენტს შეადგენს.
ამავე დროს, 2025 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
საქსტატის ცნობით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო კაცებში 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (39.0 პროცენტი), ხოლო ყველაზე დაბალი – 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში (3.5 პროცენტი), რის უმთავრეს მიზეზსაც, საქსტატის ცნობით, არის შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა, რომ საზღვარგარეთიდან საქართველოში 43 ავტომანქანას ჩამოიყვანდა და გადასცემდა.
„ბრალდებულმა დაზარალებული მოატყუა, რომ თითქოსდა ავტომანქანების ჩამოსაყვანად საჭირო იყო ავტომანქანების ღირებულების ნაწილის წინასწარ გადახდა, რის შემდეგაც დაზარალებულმა ბრალდებულს ხელზე გადასცა და მის მიერ მითითებულ საბანკო და კრიპტო საფულის ანგარიშებზე გადარიცხა 1 004 798 ლარი.
მიუხედავად თანხის გადახდისა, ბრალდებულმა ავტომანქანები არ ჩამოიყვანა და დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას დაეუფლა“ – წერს პროკურატურა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ირაკლი კობახიძემ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრები დანიშნა.
საბჭოს თავმჯდომარეა სერგო ჭელიძე – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, სეუს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა ვასილ გონაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი;
საბჭოს მდივანი – ზურაბ ქავთარია, ა(ა)იპ საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;
ასევე, საბჭოს წევრები არიან:
ივანე აბაშიძე – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი;
ნათია ჯოჯუა – ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
რიმა ბერიაშვილი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, ამავე უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;
მარიამ ბოჭორიშვილი – „ტად ვიკის“ დირექტორი, ქუთაისის საერთაშორისოში უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის ხელმძღვანელი;
თამარ გამსახურდია – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი;
ციური დურული – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი;
ლევან ვეფხვაძე – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
ნინო მინდიაშვილი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, პროფესორი;
ნარგიზ ფალავანდიშვილი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;
ეკატერინე შაკიაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი;
ნინო ჩინჩალაძე – ფონდი საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი;
ბაქარ ბერეკაშვილი – შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი.
კობახიძემ ბრძანებას ხელი 7 მაისს მოაწერა.
ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი წლით.
თიბისის მობაილბანკში კრიპტოს პირველი შეძენა დამატებით შესაძლებლობას ქმნის: 31 მაისის ჩათვლით, კრიპტო პლატფორმაზე ყოველი მე-100 მომხმარებელი, რომელიც პირველად იყიდის კრიპტოს, საჩუქრად მიიღებს YE, Kanye West-ის კონცერტის 2 ბილეთს. კამპანიის ფარგლებში კონცერტზე დასასწრები ბილეთებით ჯამში 100 მომხმარებელი დასაჩუქრდება.
კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, იყო თიბისის მობაილბანკის მომხმარებელი, გქონდეს კრიპტოს აქტიური ანგარიში და შეასრულო კრიპტოაქტივის ყიდვის პირველი ოპერაცია. შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ სრულწლოვან, 18 წელს ზევით მომხმარებლებზე.
თიბისის მობაილბანკში 30-მდე პოპულარული კრიპტოაქტივით ვაჭრობა სწრაფად და ყველაზე მარტივად შეგიძლია. ციფრული აქტივის შეძენისთვის დამატებითი რეგისტრაცია არ დაგჭირდება, ინვესტირება კი 1$-დან, საკომისიოს გარეშე შეგიძლია.
YE, Kanye West-ის კონცერტი თბილისში 12 ივნისს, „დინამო არენაზე“ გაიმართება.
საქართველოდან აზერბაიჯანში დეპორტირებული ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველოში აპირებს დაბრუნებას.
„მე დავბრუნდები საქართველოში!
მამაცი, ღირსეული, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი მოიპოვებს თავისუფლებასა და დემოკრატიას. მეც ამ გზაზე ბოლომდე ჩემი მშობლიური ქართველი ხალხის გვერდით ვარ!
საქართველოს სახელმწიფოსთვის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენენ არა ისინი, ვინც ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან, არამედ კრიმინალური ბანდა სახელწოდებით – „ქართული ოცნება“ და მკვლელი, ხალხის მტერი ბიძინა ივანიშვილი!
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩემს შეკვეთილ სასამართლო პროცესზე წერილი გამოაგზავნა, სადაც ნათქვამი იყო: „აფგან სადიგოვის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს“.
იმ ადგილებში, სადაც მე ვიბრძვი, საფრთხეს წარმოადგენენ დიქტატორები და მათი მორჩილები — პოლიტიკურ იარაღად ქცეული პირები, კორუმპირებულები, მკვლელები და ხალხის მტერი ჩინოვნიკები.
ჩვენგან არანაირი ზიანი არ მიადგება არცერთ სახელმწიფოს, რომელიც კანონის შესაბამისად მოქმედებს და ხალხს ემსახურება“ – წერს აფგან სადიგოვი.
ალიევის რეჟიმის მწვავე ოპონენტი და პოლიტპატიმარი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ნახევარ წელზე მეტი ხნით დააპატიმრა და შემდეგ ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდა, თბილისში ყოფნის დროს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებში ყოველდღიურად მონაწილეობდა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 2026 წლის 4 აპრილს დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო. პოსტის შინაარსი ასეთი იყო: „იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან, ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“.
2026 წლის 5 აპრილს კი, კვირას, გამთენიისას, დაახლოებით 03:00-04:00 საათზე ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. სასამართლომ მას შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა, საქართველოდან გაძევება თავის წარმოშობის ქვეყანაში (აზერბაიჯანში) და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით, ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს.
საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი ბაქოში პოლიციამ დააკავა და შემდეგ გაათავისუფლა.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია დღეს, 12 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„ბრალდებულმა სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის მოქალაქეების მიერ სხვადსხვა დროს გადახდილი 120 000 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულ პირს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 მაისის 21 საათიდან 13 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: