ბათუმში მცხოვრები სამი შვილის დედა სახელმწიფოს სთხოვს, რომ ოჯახი არ დაუნგრიოს.
სამი შვილის დედა იამზე ბოლქვაძე, საქართველოს მოქალაქეა. ის თურქეთის მოქალაქეზეა დაქორწინებული. წყვილს ქორწინებაში სამი შვილი – 12 წლის ბიჭი, 7 და 5 წლის გოგოები ჰყავთ.
იამზეს მეუღლეს, აღით ჩელიქს თურქეთ-საქართველოს საზღვარი ბოლოს 2017 წლის 28 სექტემბერს აქვს გადმოკვეთილი.
იამზეს მეუღლე წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან საქართველოში ბინადრობის უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ იამზესა და აღითის სამივე შვილი საქართველოშია დაბადებული, საქართველოს მოქალაქეები არიან, აღით ჩელიქს საქართველოში ბინადრობის უფლება ამ დრომდე არ აქვს.
„ჩემი მეუღლე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში 2017 წლიდან. მცირეწლოვანი ბავშვები გვყავდა, მე ფიზიკურად არ შემიძლია, ამიტომ მარტო ჩემი მეუღლე მუშაობდა. არაერთხელ მივედით იუსტიციაში, გვინდოდა საქართველოში ცხოვრების კანონიერი ბინადრობა გაგვეკეთებინა. ყოველ მისვლაზე უარი გვითხრეს.
მიზეზად გვეუბნებიან, რომ საზღვრის კვეთა სჭირდებათ. ჩემი მეუღლე, საზღვარს ვერ კვეთდა, რადგან პატარა ბავშვები გვყავს, ერთადერთი მარჩენალი მეუღლე იყო აქამდე, ბინის ქირა, კვება, ჯანმრთელობის დაცვა – ყველაფერი ჩემი მეუღლის კისერზე იყო და ვერ მიდიოდა ამიტომ საქართველოდან.
ახლა ისეთი კანონი გამოვიდა, რომ ჩემი მეუღლე ორი თვეა უმუშევარია. ვერსად ვეღარ მუშაობს, გვეშინია არ წაიყვანონ, ქვეყნიდან არ გააძევონ – მერე სამი ან ხუთი წელი ქვეყანაში ვერ შემოვა. ჩვენ ვერ მივდივართ თურქეთში, ბავშვები აქ დადიან სკოლაში, ბაღში, აქ გვაქვს ყველაფერი, თურქეთში ვერ წავალთ. გვინდა, რომ ჩემს მეუღლეს მისცენ ბინადრობის უფლება და ვიცხოვროთ აქ, საქართველოში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ იამზე ბოლქვაძე.
„ახლა გვთხოვენ საზღვრის კვეთის დაფიქსირებას. მაგრამ საზღვარი რომ გადაკვეთოს, აღარ შემოუშვებენ უკან და სამი შვილით დავრჩები მარტო, ქუჩაში. ან ქირა როგორ გადავიხადო, ან ბავშვები როგორ გამოვკვებო, ან როგორ უნდა ვიცხოვრო?
ანდაც ბავშვები როგორ გაძლებენ უმამოდ? ჩემი შვილები მიჯაჭვული არიან მამაზე. ჩემი უმცროსი გოგო მამამისის გარეშე არ იძინებს. ემოციურად როგორ უნდა გაუძლოს ბავშვმა ამ ყველაფერს?
პირველი შვილი რომ შემეძინა, თითქმის ერთი წელი საავადმყოფოში მყავდა, ძლივს გადამირჩინეს. მეორე შვილი რომ შემეძინა, მასაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. წლების განმავლობაში ჩემი მეუღლე მუხლჩაუხრელად მუშაობდა, რომ ოჯახი ერჩინა. სულ პრობლემები გვქონდა, ამიტომ ვერ გადავიდა საზღვარზე,“ – გვიხსნის იამზე ბოლქვაძე მის ოჯახში არსებულ სიტუაციას და მიზეზს, რატომ ვერ გადაკვეთა ამ დრომდე მისმა მეუღლემ საზღვარი.
მე ვერ ვახერხებ მუშაობას, ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს. ახლა უკვე ქირაც გადასახდელი გვაქვს, კომუნალურიც გადასახდელი გვაქვს, რა გავაკეთო არ ვიცი. ვის მივმართო უკვე აღარ ვიცი. იქნებ დაგვეხმაროს ვინმე და მისცენ ჩემს მეუღლეს ბინადრობის უფლება. ნუ დამინგრევენ ოჯახს,“ – ამბობს იამზე ბოლქვაძე.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. გვაინტერესებდა, არსებულ სიტუაციაში, რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ, რომ სამი შვილის დედა, არ დარჩეს მეუღლის გარეშე და მრავალგზის მოთხოვნილი ქვეყანაში ბინადრობის უფლება, მიიღოს მისმა მეუღლემ.
სსგს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პირის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია პერსონალური მონაცემია და მისი მესამე პირზე, მათ შორის მედიაზე გაცემა შეუძლებელია.
2026 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა განსხვავებულად რეგულირდება.
მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: განცხადება, უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი, საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოს მოქალაქესთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2026 წლის სექტემბრამდეც არაერთგზის მიმართა იამზე ბოლქვაძემ და მისმა მეუღლემ იუსტიციის სახლს, თუმცა იამზეს თქმით, „იმის გამო, რომ საზღვრის კვეთის დოკუმენტს ითხოვდნენ, იუსტიციაში საბუთებიც არ ჩაიბარეს“.
___
ამავე თემაზე
რატომ გააძევეს აუტისტური სპექტრის მქონე 7 წლის ალექსის მამა ქვეყნიდან – „ბავშვი ძალიან განიცდის“






