მთავარი,სიახლეები •

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა თაროზე შემოდო ბათუმში ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე

08.10.2026
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა თაროზე შემოდო ბათუმში ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე

მოსამართლე ნინო სახელაშვილს ჯერ კიდევ არ დაუწყია 12 წლის მოზარდის საქმის არსებითი განხილვა, რომელსაც ცეკვის მასწავლებელმა სცემა.

მასწავლებელს 2 წლის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ. ამის შემდეგ საქმე ნინო სახელაშვილს გადაეცა განსახილველად, თუმცა მას ეს საქმე დღემდე თაროზე აქვს შემოდებული [ასე ამბობენ ხოლმე წლობით გაჭიანურებულ საქმეებზე].

როგორც ბავშვის მამა, გოჩა მელაძე აცხადებს, ცეკვის მასწავლებელი თავის საქმიანობას აგრძელებს.

გოჩა მელაძის ინფორმაციით, ადვოკატი პერიოდულად ეხმიანება მოსამართლის თანაშემწეს კითხვით, როდის დაიწყებს მოსამართლე საქმის არსებით განხილვას. ის კი სხვადასხვა მიზეზს ასახლებს: „ხან ბევრი საქმე აწერიაო, ახლახან ქორწილი ჰქონია მოსამართლეს და არ ეცალა“.

როგორც ჩანს, მოსამართლე ნინო სახელაშვილისთვის ბავშვის უფლებების დაცვა პრიორიტეტი არ არის, ამიტომაც 12 წლის მოზარდის საქმე უკვე 2 წელია თაროზე შემოდო.

12 წლის მოზარდს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა სცემა. ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ იძალადა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. ეს ყველაფერი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა.

მომხდარის შემდეგ მასწავლებელი სამსახურიდან დაითხოვეს, რის შემდეგაც მან დირექტორს უთხრა, რომ ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გაასაჩივრებდა.

ბავშვზე ძალადობის ფაქტზე „ბათუმელებმა“ სტატია 2024 წლის 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა,  [გამოვაქვეყნეთ ძალადობის ამსახველი ვიდეოც] 10 ოქტომბერს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდნენ, რომ  წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„მოქალაქეებს ტროტუარზე დგომისთვის სჯიან, მასწავლებელი კი ბავშვზე ძალადობისთვის არ დასჯილა“, – აცხადებს გოჩა მელაძე.

__

ამავე თემაზე

 

ბავშვზე მოძალადე არ დასჯილა, ლოყის აწითლების გამო კი მთელი სისტემა იცავს პოლიციელს – მოქალაქე

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.