„დღეს მეზობელმა გამოგვიტანა სამი კარტოფილი და ნახევარი პური. კარტოფილი მოვხარშეთ და ის ვაჭამეთ ბავშვებს. მე და ჩემი მეუღლეს ლუკმა არ ჩაგვიდია პირში“- ამბობს 32 წლის ლევან ოზაშვილი, რომელიც მეუღლესთან, ლიკა გუგავასთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში სხვის სახლში ცხოვრობს.
ოჯახს სამი თვეა სოციალური დახმარებაც შეწყვეტილი აქვს, რის გამოც, როგორც მშობლები ამბობენ, მცირეწლოვანი ბავშვები საკვების და წამლის გარეშე არიან დარჩენილი.
„ხან ვის ვთხოვ 20 ლარის ჩარიცხვას და ხან ვის. სახელმწიფოდან არავინ გვეხმარება. ერთხელ მოგვიტანეს მერიიდან მაკარონი და რაღაცები და მას შემდეგ არავის მოვუკითხივართ. არც სოციალური მუშაკი მოსულა. რადგან კახეთიდან გურიაში გადმოვედით და მისამართი შევიცვალეთ, დახმარება შეგვიწყვიტეს“ – გვეუბნება ლევან ოზაშვილი.
„კარაქიანი პური მინდა“ – ამბობს 4 წლის ბიჭი, რომელიც დერეფნის ბოლოდან გამორბის. დედა ამბობს, რომ ცოტა კარაქი აქვთ სახლში, მაგრამ არ აქვთ პური.

ლევან ოზაშვილი შვილთან ერთად.
„პური არ მაქვსო შვილს რომ ეტყვი, წარმოიდგინონ აბა თავიანთი თავი ჩემს ადგილას. რა გავაკეთო არ ვიცი. ორი წელი იქნება ბავშვებს ხორცი არ უჭამიათ და ნატრობენ ძალიან. დღესაც მომთხოვა ბიჭმა, მაგრამ ხორცი კი არა, პურიც კი არ გვაქვს სახლში.
სოციალურს რომ ვიღებდი, მაშინაც მაკარონს, ზეთს და ასეთ რამეს ვყიდულობდი და ხორცის ფული აღარ მრჩებოდა. არც არავინ გვეხმარება სახელმწიფო უწყებებიდან, მარტო იმის თქმა იციან – „თუ ვერ უვლით, მინდობით გავიყვანთ“. დედას შვილი როგორ უნდა დააშორო, ეს როგორ შეიძლება. თვითონ მშობლები არ არიან? შვილები არ ჰყავთ?“- ამბობს ლიკა გუგავა.

უმცროსი ბავშვი ერთი წლისაა. გაღვიძების შემდეგ სულ ტირის. დედა ამბობს, რომ „ჰუმანაზე“ ჰყავს, მაგრამ დიდი ხანია საკვებს ვერ ყიდულობს.
„რაღაც სხვა ფაფა მოგვიტანეს, მაგრამ ბავშვმა არ მიიღო. მუცელი ქვასავით აქვს, ვერ იძინებს. თბილ წყალში ვსვამ და ეს ცოტა შვებას აძლევს. სულ იღებს წამალს, რომელიც 15 ლარი ღირს და ვერ ვიყიდე, ამიტომ უჭირს მონელება და ტირის“- გვეუბნება ლიკა.
მშობლები თავიანთ მძიმე ამბებსაც გვიზიარებენ.
„დედოფლისწყაროში, სოფელ ოზაანში გავიზარდე, იქ ვცხოვრობდი, მაგრამ მძიმე ცხოვრება მქონდა. უთანხმოება მქონდა მშობლებთან და სახლიდანაც არაერთხელ გავქცეულვარ. დაიჯერებთ? შუა ზამთარში თბილისში ნახევრად აშენებულ კარკასებში მეძინა ხოლმე, როცა სახლიდან გამოვრბოდი.
21 წლის ასაკში ლიკა გავიცანი და შემიყვარდა. ლიკასაც მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი, 9-შვილიან ოჯახში გაიზარდა და ისიც კი ვერ მოახერხა რომ სკოლა დაესრულებინა“ – ამბობს ლევანი.
„არ მქონდა ხელშეწყობა ოჯახში. მერე ბებიასთან გადავედი ცოტა ხნით და მე-8 კლასამდე მოვახერხე სკოლაში სიარული, თუმცა ატესტატი ვეღარ ავიღე“- გვეუბნება ლიკა.
საუბარში ისევ ლევანი ერთვება, რომელიც ამბობს, რომ მშობლები მათი ურთიერთობის წინააღმდეგი იყვნენ.
„რადგან ლიკა ღარიბი ოჯახიდან იყო, არ უნდოდათ. ჩვენ მდიდარი გოგო გვინდოდაო. არაერთხელ სცადეს ჩვენი დაშორება, მაგრამ ვინც გიყვარს, იმასთან უნდა იცხოვრო, მე ასე მიმაჩნია“-ამბობს ლევან ოზაშვილი.

ოზაშვილები 3 შვილთან ერთად, სხვის სახლში ცხოვრობენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში
უსახლკარო ოჯახი რეგიონიდან რეგიონში გადადის უკეთესი ცხოვრების მოლოდინში, თუმცა ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობის და გულგრილობის გამო, ფეხი ვერსად მოიკიდეს.
„ეს სახლიც ერთმა კარგმა ოჯახმა დაგვითმო. წესით ქირა უნდა გადაგვეხადა, მაგრამ როცა სოციალური შეგვიჩერეს, ვეღარ გადავიხადეთ. სახლის მეპატრონეები კარგი ადამიანები არიან და აქ დარჩენის უფლება მოგვცეს. რაც შეუძლიათ, აქეთ გვეხმარებიან.
წინა მდგმურებს დენის ფული არ გადაუხდიათ და ვიღაც გოგომ დაგვიფარა ნაწილი, გაზის ფული სახლის მეპატრონემ გადაიხადა, მაგრამ თუ დახმარება არ გვექნება, შეიძლება შუქიც გაგვითიშონ და ბავშვებს სიბნელეში მოუწიოთ ყოფნა.
ლანჩხუთის მერიაში რომ მივდივართ და სამუშაოს ვთხოვთ, იქნებ სადმე დაგვასაქმოთ მეთქი, აქაურები არ ხართ და ვერ დაგასაქმებთო. სოფელ კოდაში რომ ვცხოვრობდით, არც იქ დაგვასაქმა ვინმემ “- წუხს ლიკა.
ვიდეო:
ოჯახი გასულ არჩევნებსაც იხსენებს:
„არჩევნების დღეს გამგებელმა წაგვიყვანა თავისი მანქანით, ოღონდ ჩვენ მოგვეცით ხმა და სახლსაც მოგცემთ და სამუშაოსაცო, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა. თვითონ კია თანამდებობაზე. ცოტა ხნის წინ მივწერე, შვილები მშიერი მყავს და 20 ლარი მაინც დამირიცხე მეთქი და მე სად მაქვს ფულიო – ასე მიპასუხა.
ჩემ შვილებს „დვარეცები“ არ უნდათ, ერთი ოთახი მისცენ, რომ იმედით ვიყო, სახლის პატრონი არ მოვა და არ მეტყვის, – „დაცალე ბინა“.
მე მინდა მუშაობა. ფეისბუქზე გვერდები აჭრელებული მაქვს, ვეძებ სამუშაოს, მუშადაც ვიმუშავებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ძალიან მინდა ხეზე მუშაობა ვისწავლო და ვიმუშაო. ერთი 900 ლარი გვქონდა დახმარება და ისიც შეგვიჩერეს“ – ამბობს ლევანი.
„მაგასაც კი იძახიან, თუ უჭირს რაღას აჩენსო. ღმერთი გვაძლევს და რა ვქნათ, აღარ უნდა გვყავდეს?“ – ამბობს ლიკა გუგავა.
___________________
ლიკას და ლევანის ოჯახის დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ საბანკო ანგარიშებზე:
თიბისი – GE86TB7691445064300103
საქართველოს ბანკი – GE97BG0000000609810031
მიმღები – ლია ოზაშვილი






