ახალგაზრდა იურისტთა აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატს საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს და ფაქტს საგანგაშოს უწოდებს.
დღეს, 7 ოქტომბერს, საიას ადვოკატი უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა პატიმარ გიორგი დავითაძესთან, რომელიც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
საიას ცნობით, პატიმართან შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაწესებულების დატოვებისას, ადვოკატს არ მისცეს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება.
საია აღნიშნულ ქმედებას აფასებს როგორც საადვოკატო საქმიანობაში ჩარევას, ორგანიზაციის უფლებადაცვითი საქმიანობის ხელშეშლას და პატიმრისთვის ეფექტიანი სამართლებრივი დახმარების გაწევის დაბრკოლებას. „ადვოკატის საქმიანობის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მასში ჩაურევლობა საქართველოს კანონმდებლობით დაცული პრინციპებია“ – აცხადებს ორგანიზაცია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განმარტავს, რომ პატიმრის ადვოკატთან შეხვედრის უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ შეხვედრაზე დაშვებით და იგი გულისხმობს სამართლებრივი დახმარების რეალურად მიღების შესაძლებლობას, რისთვისაც ადვოკატს უნდა შეეძლოს კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის დოკუმენტირება და შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის გამოყენება. შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის აკრძალვა ამ შესაძლებლობას უშუალოდ აფერხებს და გაუმართლებლად ზღუდავს.
„მომხდარი განსაკუთრებით საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატის შეხვედრა უკავშირდებოდა პატიმრის განცხადებებს შესაძლო მძიმე სექსუალური ძალადობის შესახებ. ასეთ გარემოებებში სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიება და არ შექმნას დაბრკოლებები ინფორმაციის დოკუმენტირებისა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებისთვის.
საიას ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაყოვნებული პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც იძულებული გახდა, დაეხია საკუთარი ჩანაწერები და მხოლოდ ამის შემდეგ დაეტოვებინა დაწესებულება“ – წერს საია.
საია საქართველოს სახალხო დამცველისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს შემთხვევა, როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელების, ისე პატიმრის სამართლებრივი დახმარებისა და კონფიდენციალური კომუნიკაციის გარანტიების დაცვის კუთხით და ყურადღება მიაქციოს პატიმრის უსაფრთხოებასა და შესაძლო ზეწოლის რისკებს;
ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას – მოახდინოს დროული და ქმედითი რეაგირება ადვოკატის პროფესიული უფლებების დასაცავად და შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს მსგავსი შეზღუდვების აღკვეთის საკითხი.
ასევე, საია მოითხოვს პროკურატურისგან, დაიწყოს გამოძიება და შეისწავლოს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის გარემოებები.
ორგანიზაცია წერს, რომ მათი წარმომადგენლები შესაბამისი რეაგირების მისაღებად ცდილობდნენ სახალხო დამცველთან დაკავშირებასაც. ამასთან, ისინი ესაუბრნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და მიაწოდეს ინფორმაცია მომხდარის შესახებ მაშინ, როდესაც ადვოკატი ჯერ კიდევ პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პატიმრის უფლებების დაცვა ვერ იქნება დამოკიდებული იმ უწყების ნებართვაზე, რომლის თანამშრომლების ქმედებებზეც იგი ჩივის. დამოუკიდებელი სამართლებრივი დახმარება და ადვოკატთან ურთიერთობის კონფიდენციალურობა უფლებების დაცვის აუცილებელი გარანტიებია და არა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ დასაშვები პრივილეგია.
აქვე განვმარტავთ, რომ საია პატიმარ გ. დავითაძის საქმესთან მიმართებით განხორციელებული დოკუმენტირების შესახებ უახლოეს პერიოდში მიაწვდის საზოგადოებას უფრო ვრცელ ინფორმაციას“ – იუწყება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
____________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან





