ბულგარეთში, შავ ზღვაში შეწყვიტეს 6 ოქტომბერს დრონის დარტყმის შედეგად ჩაძირული გემის სამძებრო სამუშაოები.
„ჩაძირული სატვირთო გემ ALFA WATAN-ის ეკიპაჟის სამძებრო ოპერაცია შეწყდა და აღარ განახლდება. მეზღვაურების კვალი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი“, – ციტირებს ბულგარული მედია საზღვაო ადმინისტრაციის აღმასრულებელი სააგენტოს სამაშველო ოპერაციების მთავარ დირექტორს, რუმენ ნიკოლოვს.
ადგილზე მხოლოდ გადაბრუნებული სამაშველო ნავი, სამი სამაშველო ტივი და გემის აღჭურვილობის ნაწილები იპოვეს, რომლებიც ზღვის ზედაპირზე ტივტივებდნენ. მედიის ინფორმაციით, დაკარგული ეკიპაჟის პოვნის იმედი ფაქტობრივად არ არსებობს.
ბორტზე სავარაუდოდ 10-დან 20-მდე წევრი იმყოფებოდა. ამ დრომდე არ ვრცელდება დაზუსტებული ინფორმაცია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ეკიპაჟის წევრები.
„ბათუმელები“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დაუკავშირდა კითხვით, ხომ არ იმყოფებოდნენ აღნიშნულ გემზე ქართველი მეზღვაურები. სააგენტოში გვაცნობეს, რომ აღნიშნულ გემზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, გემს მარილი გადაჰქონდა და ეგვიპტიდან რუმინეთში მიცურავდა.
დრონები ბულგარეთის სანაპიროდან 80 საზღვაო მილის დაშორებით ორ სატვირთო გემს 6 ოქტომბერს დაეჯახა. სატვირთო გემი ALFA WATAN-ი ძლიერი აფეთქების შემდეგ რამდენიმე წამში ჩაიძირა.
მედიის ცნობით, მეორე გემის მდგომარეობა, რომლის ეკიპაჟის 18 წევრი, თურქეთის და ინდოეთის მოქალაქეები გადაარჩინეს, ასევე კრიტიკულია. გემი, სავარაუდოდ, ჩაიძირება.
___________________
ფოტოზე: კომერციული გემი ALFA WATAN-ი.





