მთავარი,სიახლეები • •

პატიმარს სასტიკად სცემეს გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის გამო – ადვოკატი

05.10.2026
პატიმარს სასტიკად სცემეს გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის გამო – ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი დავითაძეს შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადა,“ – ამბობს ადვოკატი ანა აკოფოვა. იგი მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ინტერესებს იცავს.

ადვოკატის თქმით, ის დღეს, 5 ოქტომბერს შეხვდა მსჯავრდებულს ბათუმის მე-3 დაწესებულებაში, სადაც მას პატიმარი მოუყვა, როგორ სცემეს მე-6 დაწესებულებაში 2 ოქტომბერს – ამ დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გიორგი დავითაძის შესახებ ვიდეო ჩანაწერი გაავრცელა, მანამდე კი, პატიმარმა თქვა, რომ ციხეში ბადრაგებმა სექსუალურად იძალადეს.

ადვოკატი ამბობს, რომ ლაშა ჩაჩანიძეს სხეულზე, სხვადასხვა ადგილზე, ახლაც მკაფიოდ ეტყობა ფიზიკური ძალადობის კვალი.

ადვოკატ ანა აკოპოვას თქმითვე, ლაშა ჩაჩანიძესთან ერთად მე-6 დაწესებულებაში კიდევ რამდენიმე პატიმარს სცემეს სასტიკად სოლიდარობის გამო. 3 ოქტომბერს, შაბათს კი, ლაშა ჩაჩანიძე და კიდევ 3 ნაცემი მსჯავრდებული ყოველგვარი დასაბუთების გაცნობის გარეშე მე-6 დაწესებულებიდან [სადაც გიორგი დავითაძე იხდის სასჯელს] ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გადმოიყვანეს.

„ლაშა ჩაჩანიძეს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანება: მუხლებზე, ხელებზე, ზურგზე… ასევე, ამბობს, რომ აქვს გაუსაძლისი თავის ტკივილები, რადგან ფიზიკური ძალადობის დროს, თავზე ძლიერად აწვებოდნენ, რომ წინააღმდეგობა არ გაეწია. ლაშას თქმით, მას რეზინის ხელკეტებით სცემეს… ტანსაცმლით დაუფარავ ნაწილებზეც კი ძალიან მკაფიოდ ეტყობა დაზიანებები,“ – გვესაუბრება ადვოკატი ანა აკოპოვა. – „მსჯავრდებულმა მითხრა კიდევ სამი პატიმრის შესახებ, რომლებიც ასევე გადმოიყვანეს ბათუმში, მაგრამ არ მომცეს საშუალება დაწესებულებიდან გამომეტანა ფურცელი, სადაც ჩამოწერილი მქონდა მათი სახელები და გვარები…

ლაშა ამბობს, რომ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა უშუალოდ დაწესებულების დირექტორი – შოთა ტრაპაიძე.

პატიმრებისთვის ციხის ადმინისტრაციას არ გაუცნია დასაბუთება, რატომ გადმოიყვანეს მეექვსიდან ბათუმში, მე-3 დაწესებულებაში.

მოვითხოვ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩატარდეს ექსპერტიზა.

მსჯავრდებული ითხოვს, რომ ამოიღონ ვიდეოკამერის ჩანაწერები, თუმცა ლაშა აღნიშნავს, რომ ის და სხვა პატიმრებიც, რომლებმაც გიორგი დავითაძეს შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადეს, ცალკე შეიყვანეს ისეთ ოთახში, სადაც კამერები არ არის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ფიზიკური ძალადობა გამოჩნდება სხვა კადრებში, როცა იგი ცემა-ცემით მიჰყავთ ამ ოთახისკენ…

მსჯავრდებულმა ასევე მითხრა, რომ იგი აბსოლუტურად ყველა პირს ამოიცნობს, რომლებმაც მასზე ჯგუფურად იძალადეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა ანა აკოფოვამ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესცენტრს, სადაც პატიმარზე ფიზიკური ძალადობა კატეგორიულად უარყვეს.

რატომ აღენიშნება მსჯავრდებულს ფიზიკური დაზიანებები? დაიწყო ამ საკითხზე მოკვლევა? რატომ გადაიყვანეს მსჯავრდებული ლაშა ჩაჩანიძე მე-3 დაწესებულებაში? – პენიტენციური სამსახურის პრესცენტრში განმარტეს, რომ „არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი“, რაც შეეხება მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანას, ამ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან პერსონალური მონაცემების დაცვის გამო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: