განათლება,მთავარი,სიახლეები • • •

„უთანასწორობა ჩანს ფეხსაცმელშიც და ჩანთაშიც, ამას ფორმით ვერ მოაგვარებ“ – მასწავლებელი

07.10.2026
„უთანასწორობა ჩანს ფეხსაცმელშიც და ჩანთაშიც, ამას ფორმით ვერ მოაგვარებ“ – მასწავლებელი

მაგდა მიქაბერიძე 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. იგი შვიდი წელია თბილისის 45-ე საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ასწავლის. ამბობს, რომ მასწავლებლობა ალბათ ქვეცნობიერად, ჯერ კიდევ მაშინ აირჩია, როცა მასწავლებელ დედას საბავშვო ბაღის ნაცვლად სკოლაში დაჰყვებოდა ყოველდღე და არც დილით ადრე გაღვიძების პრობლემა ჰქონია.

მაგდა გვიამბობს, რომ ყოველ დილით სამ კილომეტრს გადიოდა ფეხით აბაშაში, სოფელ კეთილარში დედასთან ერთად. მაშინ ტრანსპორტი არ იყო და ფეხით გვიწევდა სიარულიო – ამბობს.

„ერთ ამბავს ავტეხდი, რომ არ გავეღვიძებინე და არ წავეყვანე სკოლაში“, – ამბობს მაგდა „ბათუმელებთან“.

როგორია დღევანდელი სკოლა, რა სირთულეებთან უწევთ გამკლავება მასწავლებლებს და რატომ ვერ გახდა დღემდე მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოსთვის ღირებული? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა მაგდა მიქაბერიძეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს.

  • ქალბატონო მაგდა, მოგვიყევით, რა ხდება დღევანდელ სკოლაში, რა სჭირდებათ ყველაზე მეტად ბავშვებს განვითარებისთვის და რისი გაკეთება ვერ ხერხდება, მაგალითად?

მთავარი გამოწვევა ალბათ არის ტექნოლოგიური პროგრესი, რადგან ისე სწრაფად ვითარდება თუნდაც ხელოვნური ინტელექტი, რომ მასწავლებლებიც ვცდილობთ, დავეწიოთ ამ პროცესებს.

ბევრ გამოწვევაზე შეიძლება ზოგადად ვისაუბროთ, მაგრამ მთავარი სირთულე მაინც არის ორცვლიანი სკოლები. განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში, რადგან ეს იწვევს მოსწავლეების დღის რეჟიმის გადატვირთვას და შემდეგ ბავშვებს უჭირთ არაფორმალურ აქტივობებში ჩართვა.

პრობლემებია ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და ამაზე არ ვსაუბრობ მხოლოდ ჩემი სკოლის მაგალითზე, ზოგადად, ბევრ სკოლაშია ინფრასტრუქტურის პრობლემა. ჩვენს სკოლაში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა მაინც.

კლასების უმეტესობა აღჭურვილია პროექტორით, გვაქვს ძალიან ბევრი კომპიუტერი, კომპიუტერული ლაბორატორია. ბავშვებს მაქსიმალურად აქვთ შესაძლებლობა, თანამედროვე ტიპის გაკვეთილებს დაესწრონ და ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა.

თუმცა მსგავსი ფუფუნება რეგიონის სკოლებს არ აქვთ და ერთი პროექტორიც კი ხშირად პრობლემაა. ვგულისხმობ კლასში დამონტაჟებულ პროექტორს, რადგან ხელით სატარებელი პროექტორი ყველა სკოლაშია, მაგრამ იმდენად დიდ დროსთან და ენერგიასთან არის დაკავშირებული მისი ტარება, რომ მასწავლებლების უმეტესობა იშვიათად იყენებს ხოლმე.

ჭკვიანი დაფები ხომ საერთოდ დიდი ფუფუნებაა სკოლებისთვის და რამდენიმე კერძო სკოლის გარდა, ასეთი ტექნიკა არ არის ხელმისაწვდომი ჩვენთვის.

  • თქვენ თქვით, რომ კლასი გადატვირთულია ბავშვებით. მახსოვს, არსებობდა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც 25 ბავშვზე მეტი არ უნდა ყოფილიყო კლასში, ეს სტანდარტი საერთოდ არ მუშაობს?

საბოლოო ჯამში, მოსწავლეების რაოდენობა მაინც 29-მდე ადის და ეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, რადგან დღეს მოსწავლეებიც განსხვავებულები არიან და სწავლების პროცესიც განსხვავებულია.

თუ ადრე ლექციური ტიპის იყო გაკვეთილები და მოსწავლეებიც მოთმინებით ისხდნენ და უსმენდნენ მასწავლებლებს, დღეს ბავშვები ბევრად თავისუფალი, ბევრად მოუსვენრები არიან. ჰიპერაქტიური თაობაა და შესაბამისად, რაოდენობა ამ პროცესს ართულებს.

  • თქვენ თქვით, რომ გიწევთ კონკურენციაში შესვლა ხელოვნურ ინტელექტთან. როგორ უმკლავდებით ამას, როგორ იჭერთ კლასში ბავშვის ყურადღებას?

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით პრობლემა უფროს კლასებში უფრო ჩნდება, რადგან დავალებების შესრულების საკითხი დგება ეჭვის ქვეშ, რომ რამდენად მოსწავლის ნამუშევარია ეს.

ჩემს შემთხვევაში ამის რისკი ნაკლებია, რადგან პატარები არიან ბავშვები და დავალებებიც არ არის ისეთი, რომ ვერ შეძლონ შესრულება. ძალიან მცირე მოცულობის დავალებებს ვაძლევ სახლში ბავშვებს, რადგან მეორე ცვლიდან მოსული მოსწავლე ძალიან დიდი მოცულობის დავალებას ფიზიკურად ვერ გაართმევს თავს.

მე ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებ ინტერაქციული პრეზენტაციების მოსამზადებლად, რომლებიც ვიზუალურად იმდენად მომხიბვლელი და მრავალფეროვანია, რომ ამ თაობის მოსწავლეებისთვის ნებისმიერი გაკვეთილი მიმზიდველი ხდება, იქნება ეს ბუნებისმეტყველებაში, მათემატიკაში თუ ქართულში.

არის შემთხვევები, როდესაც ტექსტის ადაპტაცია მჭირდება ხოლმე და უფრო ვამარტივებ ტექსტებს, რომ მეტად გასაგები იყოს.

განსაკუთრებით პრეზენტაციებისთვის ვიყენებ ხელოვნურ ინტელექტს, ასევე ვიდეოპოდკასტებსაც ვაკეთებ, რადგან YouTube-ის ფორმატი კარგად ნაცნობია ბავშვებისთვის და ესეც მოსწონთ ხოლმე. მოსწავლეები თვითონ ირჩევენ ხოლმე თემებს და იმისთვის, რომ უფრო კარგად გაიაზრონ, თვითონვე ირგებენ როლებს კლიპებისთვის. შემდეგ ვიღებთ კლიპებს, რომლებიც ჩემს YouTube-გვერდზეც არის განთავსებული.

ეს ეხმარებათ ბავშვებს თემის გააზრებაშიც, სოციალიზაციაშიც, რომ თანამშრომლობითი უნარები განუვითარდეთ.

  • მობილურების შეზღუდვაზე იყო საუბარი და ახერხებთ ტექნიკის გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში?

გვქონდა ფაქტები, რომ ტელეფონებს არამიზნობრივად იყენებდნენ მოსწავლეები გაკვეთილზე, ახლა დაყენებულია კარადები ტელეფონებისთვის, მაგრამ ასეთი პრაქტიკაც არის, რომ თუ მასწავლებელს წინასწარ აქვს დაგეგმილი გაკვეთილი, სადაც QR კოდის დასკანერება სჭირდება ან ინტერაქციისთვის სჭირდება ტელეფონის გამოყენება, ამ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ის კარადა გაიღოს და მოსწავლემ შეძლოს ტელეფონით სარგებლობა.

თუმცა, მე თავს ვარიდებ ხოლმე ისეთ აქტივობებს, სადაც ბავშვები ტელეფონით უნდა ჩაერთონ, რადგან სახლში ისედაც აქვთ წვდომა ტელეფონებთან  და ვცდილობ ყურადღება სხვა ტიპის აქტივობებზე გავამახვილო.

  • დაწყებითი საფეხური ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვმა საბაზისო უნარები განივითაროს. ისწავლოს კარგი კითხვა, კრიტიკული აზროვნება, ანგარიში და ასე შემდეგ. თქვენ რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად ამ საფეხურზე ბავშვისთვის?

ვფიქრობ, დაწყებით საფეხურზე ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლეებში დამოუკიდებელი სწავლის უნარების განვითარებაა, რათა მათ ასაკობრივი დავალებების შესრულება საკუთარ თავზე აიღონ.

მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ნებისმიერი ფორმალური თუ არაფორმალური აქტივობით შევუწყო მათ ამაში ხელი. როდესაც პირველ კლასში მოდიან მოსწავლეები, ფაქტობრივად დიაგნოსტირებას ვატარებ, თუ რომელ მოსწავლეს რა საჭიროება აქვს.

დაკვირვებით, ტესტების შევსებით, მშობლებთან გასაუბრებით, გამოკითხვის მეთოდებითაც და მაქსიმუმ მეოთხე კლასამდე, თითოეული მოსწავლის საჭიროებების სურათი მაქვს, რომ მე-5 კლასში გადასული მოსწავლის შესახებ ყველა ინფორმაცია ჰქონდეთ ახალ მასწავლებლებსაც, რათა იქნება დასწავლის სირთულე თუ სხვა ტიპის საჭიროება, აღმოუჩინონ მოსწავლეს დახმარება. როცა პატარა დეტალები გამოგვეპარება ხოლმე, მაგალითად, ბავშვი ვერ კითხულობს და სიზარმაცეს ვაბრალებთ, ამ დროს შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს დისლექსია ან დისგრაფია, ან დისკალკულია იყოს მიზეზი და ამის აღმოჩენა არის ჩემი მთავარი მისია.

ჩვენი პროფესიის ალბათ ერთ-ერთი მთავარი თვისება უნდა იყოს ყურადღება და დაკვირვება. ერთ-ერთი სავალდებულო კომპონენტია ეს ჩვენთვის, რომ დავეხმაროთ ბავშვს განვითარებაში და კეთილსინდისიერი მასწავლებელი, ვფიქრობ, ასე უნდა იქცეოდეს.

  • თქვენ კლასის დამრიგებელიც ხართ. ვიცით, რომ დამრიგებლის ანაზღაურება ძალიან დაბალია დღეს სკოლაში. არც მასწავლებლის ხელფასი გაზრდილა. ახლახან თქვეს, რომ ახალი წლიდან საათობრივი დანამატი, შესაძლოა, მხოლოდ 2 ლარით გაიზარდოს. როგორ ფიქრობთ, რატომ უღირს სახელმწიფოს მასწავლებლის შრომა ასეთი იაფი? რა შეგიძლიათ თქვათ ამაზე?

მეც მოვისმინე 2 ლარით ზრდის ამბავი, თუმცა არ გადამიმოწმებია რეალურია თუ არა, მაგრამ ცოტა სასაცილოა და ამაზე არც ღირს ალბათ სერიოზული კომენტარის გაკეთება.

მასწავლებელი ფაქტობრივად არის განმანათლებელი, რომელსაც უშუალო შეხება აქვს მომავალ თაობებთან და წესით, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის, რომ მასწავლებელიც უფრო მეტად იყოს დაფასებული.

აქ მხოლოდ ხელფასი არ იგულისხმება. მნიშვნელოვანია თუნდაც აღიარების და მხარდაჭერის ნაწილიც. თუნდაც ის, რომ თავისუფლად შეგეძლოს შენი მოსაზრების დაფიქსირება.

არც ერთი სხვა პროფესია არ მახსენდება, სადაც ასე საჯაროდ განიხილავდნენ, ეკუთვნით თუ არა მათ მაღალი ანაზღაურება და იმსახურებენ თუ არა ამას, ისე, როგორც მასწავლებლების შემთხვევაში.

  • პარლამენტარები ხომ ითხოვენ მაღალ ხელფასებს და იზრდიან კიდეც, რატომ ვერ იღებენ იმავეს მასწავლებლები, როგორ ფიქრობთ?

ალბათ უფრო ძლიერი პროფკავშირია საჭირო, რომ მეტი ყურადღება გამახვილდეს მასწავლებელთა შრომითი უფლებების დაცვაზე და რაღაცნაირად, მგონია, რომ მაინც მოწყვლადია მასწავლებელი დღეს ბევრი ფაქტორის გამო, იქნება ეს სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა.

  • ხშირად მესმის ფრაზები, რომ მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო, რომ ძალა მასწავლებლების ხელშია და ასე შემდეგ. საქართველოში რატომ არის მასწავლებელი მოწყვლადი?

მე მაინც მგონია, რომ ამ სირთულეების მიუხედავად, მაინც ვახერხებთ რაღაცების ცვლილებას მასწავლებლები და ამაზე მეტყველებს თუნდაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდო და ის ასზე მეტი პედაგოგი, რომლებიც დაჯილდოების დღეს ჩემ გვერდით იდგნენ.

ეს პედაგოგები მართლა ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს პროფესიას, გულწრფელები არიან თავიანთ საქმეში და ვიცი, რომ არც ბავშვების მომავალს დააზიანებენ.

მესმის, რომ გვყავს სხვა თაობის მასწავლებლებიც, რომლებიც უფრო მეტად არიან მიჩვეულნი მორჩილებას და ნაკლებად იღებენ „შენიშვნებს“, მაგრამ მე მჯერა იმ ახალი თაობის, რომელიც დღეს გვყავს, ლაღი და ბევრად თავისუფალი ადამიანების, რომლებიც უფრო მეტად დაიცავენ თავიანთ უფლებებს, ვიდრე, თუნდაც, დღეს ჩვენ შეგვიძლია.

ამის რომ არ მჯეროდეს, უბრალოდ ძალიან რთული იქნებოდა ცხოვრება.

მე სტუდენტებიც მყავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ძალიან კარგი თაობა გვყავს ახალგაზრდა მასწავლებლების. კონკრეტულად დაწყებითი კლასის მასწავლებლებთან მაქვს შეხება და ძალიან მეიმედებიან ეს ადამიანები, იმდენად კარგი ცოდნით არიან აღჭურვილნი. ვფიქრობ, რომ ისინი ნამდვილად შეძლებენ ცვლილებების მოტანას.

პირველ რიგში, ჩვენი ქცევით უნდა ვაჩვენოთ მოსწავლეებს, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, აზრის თავისუფლება და როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებელი არის თავისუფალი საკუთარ არჩევანში, აზროვნებაში, მასაც უჩნდება საკუთარი აზრის გამოხატვის და ამ თავისუფლების დაცვის განცდა, საკლასო ოთახშიც და საკლასო ოთახს გარეთაც.

  • ბავშვის საჭიროებებზე ვსაუბრობდით და ამაზეც მინდა გკითხოთ. 40 მილიონამდე დახარჯეს სკოლის ფორმებზე, თქვენზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, რაში დახარჯავდით ამ თანხას?

უფასო კვების პრობლემას მოვაგვარებდი სკოლებში, რადგან ეს არის პირამიდის პირველი საფეხური. პირველ რიგში, მოსწავლის ფიზიოლოგიური საჭიროებები უნდა იყოს დაკმაყოფილებული, რომ შემდეგ შეძლოს სწავლაზე, ცოდნის შეძენაზე ფიქრი.

ამ ასაკში ბავშვებს ძალიან სჭირდებათ შესაბამისი კვება, ვიტამინების მიღება, რომელიც მათ განვითარებაში ეხმარება.

არც ფორმის წინააღმდეგი ვარ, შეიძლება ესეც ჰქონდეთ ბავშვებს, მაგრამ პირველ რიგში სასკოლო კვების საჭიროება დგას ჩვენს სკოლებში.

სოციალური უთანასწორობა ისედაც ძალიან თვალშისაცემია დღეს და ეს პრობლემა ფორმებით არ მოგვარდება. სოციალური უთანასწორობა ჩანს ლანჩის ყუთშიც, ფეხსაცმელშიც და ჩანთაშიც. თუნდაც მათ მიერ მოყოლილ ისტორიებში, როდესაც ბავშვები მოგზაურობაზე ან ზაფხულში გატარებულ დროზე საუბრობენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: