აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, პაციენტების მკურნალობის მიმდინარეობის პროცესს დღეს, 14 ივნისს, მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მანანა ფაღავა გაეცნენ.
„მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური პაციენტების ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობის დაფინანსება 2015 წელს დაიწყო. აღნიშნული სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდებოდა სხვა სახელმწიფო პროგრამით, რაც დაავადებულთათვის მნიშვნელოვანი პრობლემაა.
სამინისტრო თითოეულ პაციენტს მკურნალობას უფინანსებს სამედიცინო დაწესებულებიდან წარდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით, პროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით, არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი კი 10 000 ლარია.
პროგრამით სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარებს, ასევე, უფინანსებს მკურნალობას რადიოაქტიური იოდითა და საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მინიმალური პაკეტის მოსარგებლეებს პროგრამით გათვალისწინებულ სხვა სამედიცინო მომსახურებას. კერძოდ, ოპერაციულ, ქიმიოთერაპიულ-სხივურ მკურნალობას და ა.შ.
„მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ბიუჯეტი 1 315 000 ლარია. პროგრამა 2015 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
აბიტურიენტმა მზესუმზირას ნარჩენები ბათუმის უნივერსიტეტის წინ დაყარა. სწორედ ამის გამო უჩივლეს მას სასამართლოში. აბიტურიენტმა თავისი ქმედება ასე ახსნა – „გამოცდაზე შესვლის წინ ვნერვიულობდი და ვერ გავაკონტროლე ქცევა. არ ვიცოდი თუ კანონით მზესუმზირის ნარჩენების დაყრა აკრძალული იყო“.
ხათუნა ბოლქვაძემ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ სამართალდამრღვევი აბიტურიენტია, ამიტომ მას საჯარიმო თანხის გადახდა არ დააკისრა, თუმცა სამართალდამრღვევად ცნო.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, განსაკუთრებით ამ სეზონზე აქტიურ კამპანიას აწარმოებს ბულვარის დანაგვიანების წინააღმდეგ. სწორედ უნივერსიტეტის მიმდებარედ ნაგვის დაყრის გამო დღეს სასამართლოში 8 მოქალაქის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი განიხილება.
ერთ-ერთი მაშველის თქმით, რომელიც ძებნის ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას, სამი დღის წინ ზღვაში გაუჩინარებული მოზარდი იმ ადგილიდან 250 მეტრის მოშორებით იპოვეს, საიდანაც გაუჩინარდა. „ცხედარი იყო ზღვაში,“ – ამბობს მაშველი.
ბიჭი 11 ივლისს, საღამოს შევიდა ზღვაში და აღარ გამოსულა.
2010 წელს ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 53%-მდე იყენებს ოჯახის დაგეგმვის რომელიმე მეთოდს, მათგან 1/3 ტრადიციულ მეთოდებს, რომელთაც არაეფექტურობის მაღალი მაჩვენებლები აქვთ, რაც ხშირად არასასურველი ორსულობითა და ხელოვნური აბორტით მთავრდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინფორმაციით, აბორტის შემდგომ განვითარებული გართულებების სპექტრი საკმაოდ ფართოა – ის მოიცავს როგორც ახლო (მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, სისხლდენა, პერფორაცია), ისე შორეულ გართულებებს, როგორიცაა: უშვილობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა და საშვილოსნოსგარე ორსულობა.
სასურველი ორსულობის სასურველ დროს დასაგეგმად კონტრაცეფციის რამდენიმე თანამედროვე მეთოდი არსებობს, რომელთა შერჩევაც გოგი ცერცვაძის თქმით, წყვილისა თუ ქალის სურვილის გარდა, ქალის ასაკის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, სქესობრივი კავშირის სიხშირის, კონტრაცეფტივის მოქმედების ვადის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ხდება. „კონტრაცეფციის რამდენიმე თანამედროვე მეთოდი არსებობს და ექიმთან კონსულტაციისას მნიშვნელოვანია, რომ წყვილმა ან თავად ქალმა, ინფორმაცია მიიღოს ყველა მეთოდის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება“, – ამბობს სპეციალისტი.
თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდებია: საშვილოსნოსშიგა საშუალებები – სპირალები; ჰორმონული კონტრაცეპტივები: დაბალდოზიანი აბები (აბები, რომლებიც მხოლოდ ერთ ან ორ ჰორმონს შეიცავს), ჰორმონული რგოლები, რომლებიც საშოში თავსდება და ჰორმონული იმპლანტები, რომლებიც წინა მხრის მიდამოში ინერგება; ბარიერული მეთოდები: კონდომი ანუ პრეზერვატივი; სპერმიციდები – ვაგინალური ანუ საშოს შიდა საშუალებები და ბუნებრივი მეთოდები – ლაქტაციური ამენორეის მეთოდი და აბსისტენცია – თავის შეკავება.
მეან-გინეკოლოგი განმარტავს, რომ სპირალი მაღალეფექტურ საშუალებად მიიჩნევა და ბარიერული კონტრაცეპტივების შემდეგ, ისიც ერთ-ერთი შედარებით ხშირად გამოყენებადი მეთოდია საქართველოში. „მისი ორი სახეობა არსებობს – სპილენძის შემცველი და ჰორმონშემცველი. ორივე მათგანი მაღალეფექტურია. მაგალითად, სპილენძის შემცველი სპირალის არაეფექტურობა ანუ წარუმატებლობა დაახლოებით 0.6%-ია, ხოლო ჰორმონშემცველისა კიდევ უფრო დაბალი – 0.3%“, – ამბობს გოგი ცერცვაძე. ჰორმონშემცველი სპირალის გამოყენების მაქსიმალური ვადა 5 წელია, სპილენძის შემცველისა კი – 10-12 წელი, თუმცა სურვილის შემთხვევაში, ქალს შეუძლია სპეციალისტის დახმარებით ის უფრო ადრეც ამოიღოს.
გოგი ცერცვაძის თქმით, საქართველოში ხშირად არასწორი წარმოდგენები და ცრურწმენები აქვთ ჰორმონული კონტრაცეპტივების შესახებ, რის გამოც კონტრაცეფციის ეს მეთოდი დღემდე ნაკლებ პოპულარულია საქართველოში. „ჰორმონული კონტრაცეპტივების ეფექტურობა საკმაოდ მაღალია და თუ ქალი სწორად იცავს აბების გამოყენების წესს, ამ მეთოდის წარუმატებლობის მაჩვენებელი მხოლოდ 0.3%-ია“, – ამბობს რეპროდუქტოლოგი. მისივე თქმით, ჰორმონულ კონტრაცეპტივებს უკუჩვენებები გააჩნიათ მძიმე, ქრონიკული დაავადებების დროს: `თუმცა 35-40 წლამდე ქალების უმეტესობა ჯანმრთელია, იშვიათია, რომ მათ ასეთი მძიმე დაავადებები აწუხებდეთ. გარკვეული გვერდითი მოვლენები ყველა მედიკამენტს გააჩნია და ასეთი გამოვლინებების დროს შესაძლოა მოხდეს სხვა მეთოდზე გადასვლა“, – ამბობს ის.
საშვილოსნოსშიგა საშუალებების საშუალო ფასი 70-150 ლარია, ჰორმონალური აბების შემთხვევაში კი, ექიმთან კონსულტაციის თანხის გარდა, მედიკამენტების ერთი თვის მარაგი 10-25 ლარი ღირს.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ოჯახის დაგეგმვის მეთოდების გამოყენებაში ფინანსური ფაქტორი საკმაოდ დიდი ბარიერია. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კონტრაცეფცია სახელმწიფო პროგრამებით არ ფინანსდება, არც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის არსებობს ამ მხრივ ფინანსური შეღავათი. 2010 წლის ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ბოლო ათწლეულში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა, ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხა არ არის საკმარისი ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გარკვეული სერვისების უზრუნველსაყოფად.
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ამბობს, რომ ოჯახის დაგეგმვის კონსულტირება და მომსახურება უფრო ახლოს უნდა იყოს მიტანილი მოსახლეობასთან, რაც პირველადი ჯანდაცვის დონეზე ინტეგრირებული სერვისის არსებობით უნდა ხდებოდეს: „ეს არის ყველაზე უფრო ეფექტური სტრატეგია, რაც ათასწლეულის განვითარების მიზნებშიც არის ასახული. ჩვენი ადვოკატირება, მომავალი ხუთი წლის მანძილზე, სწორედ იმაზე იქნება მიმართული“, – ამბობს ის.
მისივე განმარტებით, ხშირი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მიმართავენ წყვილები კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებას, არის ის, რომ ოჯახის დაგეგმვის კონსულტირება ძირითადად ხდება მეან-გინეკოლოგებთან: „2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ექიმები უპირატესობას ანიჭებენ ოჯახის დაგეგმვის ისეთ მეთოდებს, რომლებიც მანიპულაციასთან არის დაკავშირებული (მაგალითად, საშვილოსნოს შიგა საშუალება). ეს იმაზე მიუთითებს, რომ ოჯახის დაგეგმვის კონსულტირება ამჟამად კონცენტრირებულია სპეციალიზებულ მომსახურებაზე, როგორიც არის მეან-გინეკოლოგის მომსახურება და სწორედ ეს ქმნის კიდევ ერთ ბარიერს. ოჯახის დაგეგმვის შესახებ კონსულტირებას პაციენტს უნდა აწოდებდეს ოჯახის ექიმიც, რაც მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომს გახდის ამ მომსახურებას“, – ამბობს ის.
იმისთვის, რომ ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების საკითხები სამედიცინო განათლების სისტემაში უკეთ იყოს ინტეგრირებული, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი და მისი პარტნიორი აღმოსავლეთ ევროპის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინსტიტუტი ოჯახის დაგეგმვის შესახებ ვირტუალური კურსის შექმნაზე მუშაობს. „მალე უკვე ქართულადაც იქნება ეს კურსი დანერგილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ეს ინიციატივა ექიმებს საშუალებას მისცემს ონლაინრეჟიმში გაიარონ საკმაოდ მაღალი ხარისხის სასწავლო კურსი და მიიღონ კრედიტები. ეს კურსი, ასევე, იქნება ინტეგრირებული უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების შესახებ სწავლება სრულად იყოს ინტეგრირებული როგორც დიპლომამდელ, ისე დიპლომის შემდგომ სამედიცინო განათლების სისტემაში, რომ სპეციალისტებს, მათ შორის ოჯახის ექიმებსაც, სრულად და ხარისხიანად შეეძლოთ ამ სერვისის მიწოდება“, – ამბობს ლელა ბაქრაძე.
მიუხედავად იმისა, რომ 1999 წლიდან დინამიკაში ხელოვნური აბორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, დღეს საქართველოში არასასურველი ორსულობისა და ხელოვნური აბორტის რაოდენობა ისევ მაღალია. რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მიხედვით, საქართველოში აბორტი ჯერ კიდევ გამოიყენება როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთი მეთოდი. მისი შემცირების ყველაზე ეფექტური საშუალება კი ქვეყანაში კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა, რათა ხელოვნური აბორტი ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდებით ჩანაცვლდეს, რაც გააუმჯობესებს ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, იურიდიულ და საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსი, ბიუჯეტისა და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი და შესყიდვების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი – ეს თანამდებობები ქედის გამგეობაში ატესტაციის ჩატარების შემდეგ ვაკანტური დარჩა, ამ პოზიციებზე მომუშავე თანამშრომლებმა ატესტაცია ვერ გაიარეს. ქედის გამგეობის თანამშრომლებისთვის ორ ეტაპად ჩატარებულ ატესტაციის პირველ ეტაპზე – ტესტირებაზე სამმა, გასაუბრებაზე კი ერთმა თანამშრომელმა ვერ მიიღო გამსვლელი ქულა.
გასაუბრებაში ჩაჭრილი იურიდიულ და საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსი ლელა აბულაძე ამბობს, რომ მისი გათავისუფლების ბრძანება გამგებელს ჯერ არ დაუწერია. კითხვაზე, რამდენად ობიექტური იყო გასაუბრება? – ამბობს, რომ არ იცის. ლელა ქედის გამგეობაში 2006 წელს კონკურსის გავლის შემდეგ დაინიშნა.
ატესტაციის პარალელურად გასული თვის ბოლოს ქედის გამგეობაში 23 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა. დასაქმების სახელმწიფო ვებგვერდზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 120 განაცხადი შევიდა. ქედის გამგეობამ კონკურსი გამოაცხადა ცხრა ადმინისტრაციულ ერთეულში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ოცდაერთი ვაკანტური ადგილის, გამგეობაში კი – გამგებლის მრჩევლის გენდერულ საკითხებში და შიდა აუდიტის მთავარი სპეციალისტის პოზიციის დასაკავებლად.
120 განაცხადიდან საკონკურსო მოთხოვნა მხოლოდ 118-მა დააკმაყოფილა, კონკურსის დასრულების შემდეგ 23 ვაკანსიიდან გამარჯვებული მხოლოდ 15 პოზიციაზე გამოვლინდა, ვაკანსიები ზვარის, მახუნცეთის, ოქტომბრის, ცხმორისისა და მერისის ადმინისტრაციულ ერთეულებში დარჩა. ამ პოზიციების დასაკავებლად კონკურსანტების ნაწილმა ტესტირებაში, ნაწილმა კი გასაუბრებაში ვერ მიიღო გამსვლელი ქულა. რაც შეეხება გამგებლის მრჩეველისა და შიდა აუდიტის მთავარი სპეციალისტების ვაკანტურ თანამდებობებს. ამ პოზიციებზე კონკურსში მაღალი ქულა მოვალეობის შემსრულებლებმა მიიღეს.
ქედის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ გასაუბრების შედეგებით კმაყოფილი არ არის.
„განსაკუთრებით უკმაყოფილო იმ კონკურსანტებით ვარ, რომლებსაც ადმინისტრაციულ ერთეულებში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე ჰქონდათ განაცხადი შემოტანილი. კონკურსანტებისგან უფრო მეტს ველოდი, ზოგმა ტესტირება ვერ გადალახა, ზოგმაც – გასაუბრება. კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შემდეგ სულ 12 ვაკანტური თანამდებობა არის ქედის გამგეობაში, რვა ადმინისტრაციულ ერთეულში, ოთხი კი – გამგეობაში. არსებულ რვა ვაკანსიაზე ისევ გამოვაცხადებთ კონკურსს“, – განაცხადა დავით დუმბაძემ.
იმასთან დაკავშირებით, ჩატარდა თუ არა კონკურსი ობიექტურად ქედის გამგეობაში, კონკურსანტები ამბობენ, რომ საკუთარ მოსაზრებას მაშინ დააფიქსირებენ, როდესაც ვაკანტურ თანამდებობაზე კონკრეტული კონკურსანტის დანიშვნის ბრძანება დაიწერება.
დასაქმების იმედით მინდია ბალაძემ ქედის გამგეობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში წელს ორ პოზიციაზე – შიდა აუდიტის მთავარი სპეციალისტისა და დანდალოს თემში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მიიღო მონაწილეობა. ის ამბობს, რომ კონკურსებში ადრეც მიუღია მონაწილეობა. კონკურსის სამივე ეტაპი გადალახა და დასაქმების მოლოდინშია. კითხვაზე – რა სირთულის კითხვები იყო გასაუბრებაზე, – ამბობს, რომ რთული: „ვიცი რა ქულებიც მივიღე, მაგრამ საბოლოო შედეგი ჯერ არავის უცნობებია, კმაყოფილი არც საკუთარი თავით ვარ და არც იმ ქულებით, რაც დამიწერეს. იყო თუ არა კონკურსი ობიექტური, წინასწარ ამაზე საუბარი არ შემიძლია“.
„ჩემი გადასახედიდან კონკურსი ობიექტური იყო, დაბალი ქულა რომც მიმეღო, მაინც ასე ვიტყოდი. ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსშიც ვიღებდი მონაწილეობას, იმ კონკურსს თუ შევადარებთ, ქედაში უფრო ობიექტურად ჩატარდა. პროფესიით იურისტი ვარ, სამ პოზიციაზე – გამგებლის თანაშემწე, დანდალოსა და ქედის ადმინისტრაციულ ერთეულებში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე გავიარე კონკურსი, საკმაოდ მაღალი ქულები მივიღე. შეიძლება დავსაქმდე“, – ამბობს დათო.
კონკურსისა და ატესტაციის შემდეგ ქედის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებულ აიპ-ისა და შპს-ის 10 ხელმძღვანელიდან რვამ გათავისუფლებაზე დაწერა განცხადება. გათავისუფლების თაობაზე განცხადება მხოლოდ საფეხბურთო კლუბ შპს „ბეთლემის“ ხელმძღვანელმა ედიშერ კაკაბაძემ და ააიპ „ქედს კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელმა შორენა კარანაძემ არ დაწერეს.
რა მოტივით დაწერეს მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება? – უმუშევრად დარჩენილთა ნაწილი კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა პირად საუბარში ამბობენ, რომ ქედის გამგებლის დავით დუმბაძისგან იყო ამის პირდაპირი მითითება.
შპს „ქედის წყალკანალის~ დირექტორი რამინ ჯიჯავაძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ არ იცის „რატომ სთხოვა გამგებელს გათავისუფლება“ და დასძენს, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს.
ააიპ „ქედის ისტორიული მუზეუმის“ დირექტორი ვაჟა ფარტენაძე ამბობს, რომ გამგებლისგან განცხადების დაწერის პირდაპირი მითითება არ ყოფილა და განცხადების დაწერა აუცილებლობით იყო განპირობებული. ვაჟა ფარტენაძემ გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება 30 ივნისს დაწერა, მისი მოთხოვნა ქედის გამგებელმა დააკმაყოფილა. ვაჟა ფარტენაძემ დასაქმების თხოვნით განმეორებით გამგებელს 2 ივლისს მიმართა.
ქედის კულტურის ცენტრის დირექტორი შორენა კარანაძე, რომელმაც გათავისუფლების მოთხოვნით საკუთარი ნებით განცხადება არ დაწერა, ამბობს, რომ გამგებლისგან წერილობითი გაფრთხილება 2 ივლისს მიიღო, სადაც წერია, რომ სამი კალენდარული დღის შემდეგ ის გათავისუფლებულია თანამდებობიდან.
დაავალა თუ არა ქედის გამგებელმა მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს განცხადება დაეწერათ და რა კრიტერიუმით შეარჩევს ახალ ხელმძღვანელებს? – ამ კითხვაზე სატელეფონო განმარტების გაკეთება დავით დუმბაძემ არ ისურვა.
გამგეობისგან მიღებულ წერილობით პასუხში კი განმარტებულია, რომ „ამ ეტაპზე მართლაც დგას დღის წესრიგში ქედის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირების გადახალისების საკითხი. ვინაიდან ჯერ გადაწყვეტილების მიღების საკითხი პროცესშია, რაიმე კონკრეტული პასუხებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ, თუმცა პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება და ყველა გადაწყვეტილება იქნება საჯარო“.
„სამი წელია ასეთი მდგომარეობაა უბანში. ეზოში შემოსასვლელი გზა ჩავკეტეთ, რადგან პირდაპირ აივნების ქვეშ იდგა ეს მანქანები. დილამდე ჩხუბი, ყვირილი და გინება ისმის, აუტანელი მდგომარეობაა. ავტომანქანით კი არა, ფეხით გავლაა პრობლემა“, – გვეუბნება ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩაზე, ხუთსართულიანი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე ნინო ჩაგანავა.
ამხანაგობის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრობლემის თაობაზე მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
„ქუჩის ერთი ნაწილი ჩვენ გადავკეტეთ, რადგან სახლი ისედაც ავარიულია და ტრაილერები აქაც რომ შემოვიდნენ, კორპუსი საერთოდ დაიშლება. ხმაურისა და სივიწროვის გარდა, გაჩნდა ანტისანიტარია, რადგან ნარჩენ საზამთროებს აქვე ყრიან. სუნი დგას და ბევრი მწერია“.
მოსახლეობა ამბობს, რომ სანაგვე ურნებს ფაქტობრივად ვერ იყენებენ, რადგან მუდმივად გადავსებულია. „პატრული გამოვიძახეთ და არაფერი, ჩაგვიყენა ისევ ეს ტრაილერები და წავიდა“, – ამბობს გულნაზ გუჯაბიძე.
რეზო ნემსაძე მოტიციკლეტით გადაადგილდება, ამის მიუხედავად, ეზოში შესვლა ხშირად უჭირს: „ვჩხუბობ. კიდევ აქეთ მეუბნებიან ნუ უყვირი მესაზამთროეებსო. ფანჯარასთან ნუ დამიყენებენ მანქანას, სიმშვიდე ხომ გვინდა. თან ისე სწრაფად შემოდიან, მთელი ქუჩის მტვერი შემოაქვთ“.
„არც მაჟორიტარი მოსულა და არც მერია, რისთვის იღებს ეს ხალხი ხელფასს“, – ამბობს რამაზ გუჯაბიძე.
მერი პატარაია ბონის დასახლებაში, იოსელიანის ქუჩაზე ცხოვრობს. როგორც ის ამბობს, ტრაილერები გამთენიისას იწყებენ მოძრაობას, ტვირთის დაცლამდე კი ქუჩის მთელ სიგრძეზე არიან განლაგებული, რაც მოსახლეობისთვის არაკომფორტულია.
„პატრონი არ ჰყავს ამ ქალაქს. ასე მიშვებული, უკონტროლოდ როგორ შეიძლება მოძრაობდეს ამდენი მანქანა. მე ის ვიცი, რომ ჩემი სახლი დაიბზარა ამხელა მანქანების გადაადგილების გამო, სულ ხმაურია, ქუჩაში გამოიხედავ, ყველგან ტრაილერი დგას“, – ამბობს მერი.
მოსახლეობა ამბობს, რომ ქუჩა მოასფალტებული არ არის, ამიტომ სატვირთო მანქანების ხშირი მოძრაობის გამო გზა ზიანდება, სიცხეში კი მტვერი დგას.
„ჩამოინგრა კედლები, იყო საუბარი, რომ დასახლებულ პუნქტებში არ უნდა შემოსულიყვნენ და ადრე იყო მინიშნებებიც. ახლა ყველაფერი მიშვებული და ძალიან შემაწუხებელია“, – გვეუბნება ნელი აიოზბაც.
„საკუთარ ეზოში ვერ შეხვალ. აქ მცხოვრებ მოსახლეობასაც ხომ ჰყავს მანქანები, ისინიც ქუჩაში დგანან, ამას ემატება კიდევ ტრაილერები“, – ამბობს ამ უბნის კიდევ ერთი მცხოვრები.
დასახლებაში პატარა სტადიონია, სადაც ბავშვები თამაშობენ, სტადიონის ირგვლივ „ბათუმელების“ ადგილზე მისვლის დროსაც იდგა რამდენიმე ტრაილერი, შუაში კი რამდენიმე სანაგვე ურნა იყო განთავსებული.
ტრაილერების გადაადგილების გამო გაუსაძლის პირობებში არიან ალ. ჩხაიძის ქუჩაზეც: „დღის განმავლობაში სულ შემოდის დიდი მანქანები. ამოყრილია საფარი. ქუჩაში სულ დგას წყალი, რამდენიმე დღის წინ მოხრეშეს, მაგრამ ქუჩა მაინც დაზიანებულია. პარკინგი უბანში არ გვაქვს, ამიტომ საკუთარ ავტომობილებსაც ქუჩაში ვაყენებთ“, – გვეუბნებიან ამ ქუჩის მცხოვრებლებიც.
„ნახეთ ჩემი ხელები“, – გვეუბნება გამყიდველი და გაშავებულ ხელებს გვაჩვენებს, – „სამი ბავშვი მელოდება სახლში, საჭმელი ხომ უნდა მივუტანო. მე რა ვქნა, თავისუფალ ადგილს სადაც ვპოულობთ, იქ ვდგებით. გამოგვიყონ სადმე ადგილი და გავჩერდებით. ხომ უნდა გავყიდო სანამ პროდუქტი გაფუჭდება“.
მძღოლები ამბობენ, რომ პრობლემა ქალაქის მერიამ უნდა მოაგვაროს და მათთვის ცალკე ადგილი უნდა გამოყოს.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზაალ მამუჭაძე ამბობს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულია: „განცხადება შემოვიდა ბაზრიდან, ჩივიან. თუ ამკრძალავი ნიშანი დგას და მაინც შედიან მანქანები, პატრულმა უნდა დააჯარიმოს, ადგილის გამოყოფა ჩემი სამსახურის კომპეტენცია არ არის“.
ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიგა ტუხაშვილის განცხადებით კი, პრობლემა ერთ წელიწადში მოგვარდება:
„ერთი წლის განმავლობაში ამ უბანში დაიწყება კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ტრაილერების შესასვლელი რაფიელ ერისთავის ქუჩიდან გაკეთდება. მომავალ წელს არც ჩხაიძის და არც თაყაიშვილის ქუჩაზე გარევაჭრობა აღარ იქნება“.
„თბილისი-ბათუმის მარშრუტზე ვმოძრაობთ ჩვენ. ეს თვითნებური მძღოლები, რომლებიც ქალაქის ქუჩებში დგანან, მუშაობის საშუალებას აღარ გვაძლევენ, რადგან კლიენტი ავტოსადგურში აღარ შემოდის. სადგური ვერ მუშაობს. ტაქსებსაც მათთან მიჰყავთ კლიენტები და ვითხოვთ ასეთი სადგურების დახურვას“, – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი ანზორ პატარაია.
მძღოლი მალხაზ გუდავაძე ამბობს, რომ ისინი შემოსავლის 10 პროცენტს სახელმწიფოს უხდიან, არაოფიციალური სადგურების მძღოლები კი გადასახადს არ იხდიან.
„ჩვენ ფაქტობრივად უმუშევარი ვრჩებით. რა ვქნა, ვიჩხუბო და ხელი დავარტყა ვინმეს? ისევ მე დამიჭერენ, როგორ მოვიქცეთ? ცივილიზებულ ქვეყანას დავემსგავსოთ და სადგურიც სადგურს დაამსგავსონ“, – ამბობს მძღოლი.
მერია მძღოლების მოთხოვნაზე ოფიციალურ კომენტარს 14:00 საათზე გააკეთებს.
შპს „დექსთერ დეველოპმენტი“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც K2-ის გაზრდაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უშუამდგომლა. კომპანია 2015 წლის თებერვალშია დაფუძნებული და წილები სამ პირზე ნაწილდება. 60%-იან წილს კომპანიის დირექტორი ჰენრი ცომაია, 20%-ს რუსეთის მოქალაქე ლევან კანთელაძე, 20%-ს კი მამუკა ცეცხლაძე ფლობს. 1987 წელს დაბადებული ჰენრი ცომაია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქვედა სამებაშია რეგისტრირებული. მამუკა ცეცხლაძე კი, რეესტრის მონაცემებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში ცხოვრობს. კომპანიას დაფუძნებისას ჰენრი ცომაია (80%) და მამუკა ცეცხლაძე (20%) ფლობდნენ, მოგვანებით კი 20% პროცენტი ლევან კანთელაძეზე გაასხვისეს.
სარეკომენდაციო წერილში, რომლითაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს მიმართავს, ნათქვამია, რომ კომპანია საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ბათუმში, ნინოშვილის #25-ში გეგმავს. ეს ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია.
„სამშენებლო ტერიტორია განაშენიანებულია ბარაკული ტიპის შენობებით. შესაბამისად, ინვესტორი იღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები და მობინადრეებს გადაეცეს თანამედროვე ბინები. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ორი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლებიც მდებარეობს მომიჯნავე ტერიტორიაზე, დაიბრუნებს პირვანდელ იერსახეს“.
ნინოშვილის ქუჩაზე, #19-ში, XIX საუკუნის დასასრულს აშენებული საცხოვრებელი სახლი, ნინოშვილის #23-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი შენობაა, ხოლო ნინოშვილის #27-ში XIX-XX საუკუნის მიჯნაძე აშენებული შენობა, საცხოვრებელი სახლი მდებარეობს. ამ ქუჩაზე კიდევ რამდენიმე ძეგლია. რომელი შენობების პირვანდელი სახის დაბრუნების პასუხისმგებლობა აიღო დეველოპერმა, სარეკომენდაციო წერილში დაკონკრეტებული არ არის. ეს `ბათუმელებთან~ სატელეფონო საუბარში არც კომპანიის დირექტორმა ჰენრი ცომაიამ დააკონკრეტა:
„ზუსტად ვერ გეტყვით რომელი შენობებია, მაგრამ ნებართვის მიღების შემთხვევაში რა თქმა უნდა ავიღებთ ამ პასუხისმგებლობას. ჯერ ნებართვა არ გვაქვს, პარალელურად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მოსახლეობასთან. ამ ოჯახებს ისეთი მოთხოვნები აქვთ, რომ დამატებით პასუხისმგებლობას საბინაო ფონდში რამდენიმე კვადრატის ჩარიცხვასთან დაკავშირებით კომპანია ვერ აიღებს“.
სარეკომენდაციო წერილით არჩილ ხაბაძემ მერიას 2015 წლის 27 მარტს ანუ კომპანიის დაფუძნებიდან ერთ თვეში მიმართა.
არჩილ ხაბაძემ უშუამდგომლა კომპანია `კომფორტსაც“. ეს კომპანია ბათუმში, გორგილაძის ქუჩის #28,30-სა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, #20,22.24-ში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას 9,7-მდე ითხოვდა.
არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში კომპანია `პიაცას~ ტიპის კვარტლის მშენებლობას გეგმავს: „სადაც შიდა სივრცესთან დაკავშირება მოხდება საფეხმავლო ბილიკებით, მოეწყობა სხვადასხვა დანიშნულების საზოგადოებრივი ობიექტები“.
შპს „კომფორტიც“ 2015 წლის თებერვალში დაფუძნებული კომპანიაა. მისი ერთპიროვნული მფლობელი კი რუსეთის მოქალაქე ნანა ქეცბაიაა.
ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გეგმავს მრავალსართულიანი სახლის მშენებლობას კომპანია „ჯეოთაუერი“. განაშენიანების კოეფიციენტის 7,4-მდე გაზრდაზე ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან კომპანიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უშუამდგომლა.
არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, ეს ადგილი 50-იან წლებში აგებული ორსართულიანი, ამორტიზებული შენობითაა განაშენიანებული და „ის განეკუთვნება ბარაკული ტიპის საცხოვრებელს“.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ პროექტის განხორციელება „მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქმშენებლობითი, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით“.
„ჯეოთაუერი“ 2011 წელს დაფუძნდა და მის წილებს იური პეიტრიშვილი და ავთანდილ გრატიაშვილი ინაწილებენ.
ბათუმის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ თბილისში მომხდარი ტრაგედიის დროს ახალი თაობის თანადგომა დაზარალებული ადამიანების მიმართ ბუნებრივი იყო და გაოცებას იმ თაობაში იწვევდა, რომლისთვისაც უფრო უცხო იყო სოლიდარობის განცდა:
„მე ვფიქრობ, ძველი თაობის ადამიანებს ნამდვილად ჰქონდათ სოლიდარობის დეფიციტი, ამიტომ იყო ასეთი გაოცება იმ პროცესების მიმართ, რაც სტიქიის შემდეგ დაიწყო თბილისში“.
გიორგი ამბობს, რომ სოლიდარობა მათ არ უსწავლიათ მამების თაობისგან, „ეს ალბათ გლობალური სამყაროს დამსახურებაა, იმ სოციალური აქტივობებისა და საქველმოქმედო საღამოების, რომელიც არა მარტო უცხოეთში, საქართველოშიც იმართება ხოლმე“.
გიორგი იხსენებს თანადგომისა და სოლიდარობის კონკრეტულ შემთხვევებსაც: „თბილისში იყო ფაქტი, როცა მოსწავლეებმა საბანკეტო ტანსაცმლის შესაძენად გადადებული თანხა ბავშვთა სახლს გადაურიცხეს. ჩემს სკოლაში სამოქალაქო კლუბის წევრები ხშირად ვაწყობდით გამოფენებს და შემოსულ თანხას, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად ვრიცხავდით. ასეთი ფაქტი ბევრია, თუმცა ყოველთვის არ არის თვალშისაცემი.“ თანადგომის არაერთ შემთხვევას იხსენებს მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მარი შარაძეც: „ჩვენს სკოლაში ერთგვარ აქციასავით იყო, არამალფუჭებად პროდუქტს ვაგროვებდით და ასე ვეხმარებოდით მოხუცთა სახლს. ერთხელ სკოლის ყველა მოსწავლემ თითო კარტოფილი მოიტანა სკოლაში და შეგროვილი პროდუქტით მოხუცებს დავეხმარეთ. ყოფილა თანატოლის მიმართ თანადგომის შემთხვევებიც, როცა, ვთქვათ, ექსკურსიაზე წასასვლელი ფული ისე გადაგვიხდია, რომ ეს ბავშვს არ გაუგია“.
მარის აზრით, სოლიდარობა კარგი განცდაა და არა მარტო ადამიანების, ზოგადად, გარესამყაროს მიმართ დადებითად განგაწყობს. „შეგვიგროვებია ტანსაცმელიც, საქველმოქმედო საღამოებიც გაგვიკეთებია, მაგრამ ასეთი აქტივობები ცხოვრების ნაწილია და ყოველდღიურობაში ნაკლებად ჩანს“, – ამბობს მარი.
„ევრო 2000“-ის კურსდამთავრებული ნიკა ევგენიძეც მიიჩნევს, რომ სოლიდარობა ახალი თაობისთვის უცხო არ არის: „ჩემს სკოლაში იყო შემთხვევა, როცა ოპერაციისთვის საჭირო თანხა შევუგროვეთ თანატოლს.“
გაბრიელ ღვინიანიძეც მიიჩნევს, რომ ახალი თაობა სოლიდარულია. „ვინც ასე არ ფიქრობდა, თბილისის ტრაგიკულმა შემთხვევამ დაამსხვრია სტერეოტიპი – „ეს რა თაობა მოდის“, – გვეუბნება ის.
გაბრიელის აზრით, საზოგადოებისთვის თბილისის ტრაგედია არ უნდა ყოფილიყო სოლიდარობის გამოხატულების პირველი მაგალითი, „რადგან მანამდე იყო ციხის კადრები, როცა სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებიც კი ქუჩაში გამოვიდნენ“.
გაბრიელი ამბობს, რომ ერთადერთი, რაზეც გული ცოტათი წყდება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მიმართ დამოკიდებულებაა: „როცა უკრაინაში იღუპებოდნენ ჩვენი ჯარისკაცები, ბევრი ჩემი თანაკლასელის შეფასება ამაზე არაადეკვატური იყო, ნაკლები იყო უკრაინის მიმართ სოლიდარობა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩემს თაობაში უფრო ძლიერია სოლიდარობა, ვიდრე წინა თაობაში“.
გაბრიელის აზრით, ახალი თაობა არა მარტო სოლიდარული, სამართლიანიც არის: „სკოლაში ეთნიკურად ქართველმა და თურქმა მოსწავლეებმა იჩხუბეს. მეგონა, რომ მოსწავლეები ქართველის მხარეს დადგებოდნენ, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ისინი სამართლიანობის მხარეს დადგნენ და ესეც ერთგვარი სოლიდარობაა“.
ლინდა ბეჟანიძის აზრით, რაც უფრო საყოველთაოა, ვთქვათ, ტრაგედია, ან რაიმე შემთხვევა, მით უფრო აჟიტირებულია საზოგადოებაც: „სოლიდარობა, ზოგადად, გადამდებია, მაგრამ შენი შინაგანი განწყობაც ბევრს განსაზღვრავს. თბილისის ტრაგედიის დროს გამოხატული სოლიდარობა იყო გადამდები, თუმცა ის, რომ ერთ დღეს ვიღაც კონკრეტულ ადამიანს ეხმარები, ესეც მნიშვნელოვანია“.
თბილისის ტრაგედიამდე სოციალურ ქსელში ერთი უცხოელი მოსწავლის, ერინ პესლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განიხილავდნენ. ერინმა გამოსაშვები საღამოსთვის ძვირადღირებული კაბის შეძენაზე უარი თქვა და კაბა მათემატიკის საგამოცდო ფურცლებისა და კონსპექტებისგან შექმნა. კაბაზე წითელი ასოებით ეწერა: „მე შევძელი განათლების მიღება, თუმცა ყველა გოგონას ამის უფლება ჯერ არ აქვს“. ერინ პესლიმ გამოსაშვები საღამოსთვის განკუთვნილი რამდენიმე ათასი დოლარი ნობელის პრემიის ლაურეატის, პაკისტანელი აქტივისტის მალალა იუსაფზაის ფონდში გადარიცხა.
ბათუმელი მოსწავლეების დიდმა ნაწილმა, მათ შორის ამ სტატიისთვის „ბათუმელების“ მიერ ჩაწერილმა რესპონდენტებმაც გადაწყვიტეს, რომ გამოსაშვები საღამოდან მორჩენილი თანხა ქველმოქმედებას მოახმარონ.
ბათუმელი სტუდენტების მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარება
ამის თაობაზე „ბათუმელებთან“ „ჰესტიკ ბათუმის“ დირექტორმა გიორგი ქავჟარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვიზიტორების შემცირება არა გაზრდილმა ფასმა, არამედ წვიმიანმა ამინდმა განაპირობა:
„ფასი გასულ წელსაც 5 ლარი იყო და წელსაც. უბრალოდ, 18:00 საათის შემდეგ ღირს რვა ლარი. ვფიქრობ ფასის გამო არ მომხდარა ეს, ცუდი ამინდია და ეს აისახება ვიზიტორებზე“- ამბობს გიორგი ქავჟარაძე.
საბაგირო გზა ბათუმს ფერიის მთასთან აკავშირებს, სადაც განთვსებულია რესტორანი და მაღაზიები. გიორგი ქავთარაძის თქმით- „რესტორანში ყოველ ღამე არის ცოცხალი მუსიკა, გვაქვს საუკეთესო ღვინოებისა და სუვენირების მაღაზია.“
საბაგიროს ყოველ დილით გეგმიური რევიზია უტარდება. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ვიზიტორების მიღება.
კონცერტის ორგანიზატები ამბობენ, რომ წვიამიანი ამინდის მიუხედავად, მსმენელს ელოდებიან: „ამინდები ხელს არ გვიწყობს, თუმცა იმედი გვაქვს რომ მსმენელი იქნება და საინტერესო კონცერტი გამოვა“.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, დონალდ ტუსკის ვიზიტის გადადების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დუნდუამ განაცხადა.
“ვიზიტი არ გაუქმებულა, გადაიდო იმ მოვლენების გამო, რაც ახლა ევროპაში მიმდინარეობს, საბერძნეთთან დაკავშირებით, ევროზონასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მისაღები ბრიუსელში და მისი ყოფნა აუცილებელი იქნა იქ და ამიტომ ეს ვიზიტი გადაიდო. როგორც მისი სამდივნოდან გვაცნობეს, უახლოეს დღეებში შეთანხმდება ახალი თარიღი, რომელიც იქნება ძალიან ახლო მომავალში.”
ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოში 14 ივლისს უნდა ჩამოსულიყო. დაგეგმილი იყო მისი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ტუსკი ასევე უნდა ჩასულიყო სოფელ ხურვალეთში, სადაც 10 ივლისს საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტი აღმართეს რუსმა სამხედროებმა, რომლის შემდეგაც ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა 10 ათასი ჰექტარი მიწა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მონაკვეთი.
პაატა ციკოლიამ ლია ლიქოკელის პიესაში ასახული ძალზედ ემოციური და მძაფად ტრაგიკული ამბავი სიყვარულის ახსნის წარმოუდგენელ ხერხად აღიქვა და ამ ტექსტზე საუბრისას აღნიშნა:
„ვიდრე გაიგებთ, ვინ არის პერსონაჟი და რაზეა ამბავი, წარმოიდგენთ ყველა ტიპიურ მელოდრამატულ პრობლემას, რომლებიც ასე მოდაშია ახლა – მატერიალური სიდუხჭირე, სოციალური უთანასწორობა, გასაჭირი და უბედურება, ფსიქიური აშლილობა, გარიყულობა, სოფლის სისასტიკე, და კიდევ რამდენი სხვა… მაგრამ ეს ტექსტი არცერთზე არ არის!
ეს არის უიმედობაზე და ტრაგიკულ სინამდვილეზე, რომლის ტყვეებიც ვართ ყველა, ყველა ვართ საკუთარი ილუზიების ტყვეობაში. ვინც ბოროტი გვგონია, არ არის ცუდი და ბოროტი. ვინც კეთილი – არც ის არის კეთილი. ვინც ცოცხალი გვგონია, სინამდვილეში სულაც არ არის ცოცხალი.
აქტი, რომელიც ყველა თვალსაზრისით ბოროტებად გეჩვენება, სულ სხვა შინაარსის მატარებელი აღმოჩნდება… ” პაატა ციკოლიას დადგმა ბათუმში მხოლოდ ერთხელ გათამაშდება. მხოლოდ ერთხელ აეხდება ფარდა ლია ლიქოკელის მონოპიესის ფორმით დაწერილ ერთი ადამიანის ცხოვრებისულ დრამას. ერთი ქალის ამბავს, რომელიც სინამდვილეში ზოგადად ჩვენი საზოგადოების და ამ საზოგადოებაში მყოფი ზოგადად ქალის ასევე ზოგად ბედს გავს.
პაატა ციკოლია – ფოთის თეატრის მთავარი რეჟისორი. სხვადასხვა დადგმების ავტორი თბილისის და საქართველოს რეგიონულ თეატრებში. მიმდინარე პრემია/კონკურსის “დურუჯის” ნომინანტი საუკეთესო პიესების ნომინაციაში.
ლია ლიქოკელი – პოეტი. პრემია 2014 წლის “საბას” ლაურეატი. 2013 წლის წინანდლის პრემიის ლაურეატი.
ოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, ეს არის დონალდ ტუსკის პირველი ვიზიტი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში.
„ვიზიტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის იმ ქმედებების ფონზე, რომელიც ორი დღის წინ საოკუპაციო ზოლის კიდევ ერთხელ გადმოწევას უკავშირდება. საქართველოს პრზიდენტის ყველა საერთაშორისო შეხვედრა იწყება ამ საკითხების განხილვით და, ბუნებრივია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული და ორი დღის წინ შექმნილი ვითარება, საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. შეხვედრისას ასევე განიხილავენ საკითხების ფართო სპექტრს, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, ასოცირების დღისწესრიგის შესრულებას, და ზოგადად, რიგის სამიტის შედეგების იმპლემენტაციასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უკავშირდება“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე.
15-16 ივლისს კი დონალდ ტუსკი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში გამართავს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტუსკი შეხვედრებს თბილისშიც გამართავს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდება.
დონალდ ტუსკი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრები, 15 ივლისს, პრეზიდენტის სასახლეში, ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტს სიტყვით მიმართავენ.
ბატონო დავით, ზარები შემოდის თქვენს სამსახურში გველებთან დაკავშირებით?
კი, პერმანენტულად შემოდის. რომ გითხრათ ყოველ დღე – არა, მაგრამ რეკავენ. საქმე იმაშია, რომ სანდასუფთავების სამსახურის ფუნქციაში ეს არ შედის. ჩვენს სამსახურს აქვს კოღოებთან და მღრღნელებთან ბრძოლის პროგრამა. რაც შეეხება ამერიკულ პეპელას, ხოჭოებსა და გველებს, მათთან ბრძოლა ჩვენს სამსახურს არ ეხება.
გასულ წლებშიც იყო ასეთი შემთხვევები თუ წელს პირველად ხდება, რომ მოქალაქეები გველების მომრავლებასთან დაკავშირებით გირეკავენ? ერთეული შემთხვევები სატელეფონო ზარების ყოველთვის იყო, მაგრამ რამდენად სიმართლეა, ესეც გასარკვევია, რადგან ბათუმში ეს ცოტა ისეთი თემაა… ბუჩქებში შეიძლება იყოს მაისის გველს რასაც ეძახიან, რომელიც მავნე არ არის.
თქვენ, როგორც სამსახურის უფროსი, ფაქტების დადასტურების შემთხვევაში აპირებთ შესაბამისი პროგრამის საჭიროების საკითხი დააყენოთ მერიაში? ამის აუცილებლობა ქალაქს ნამდვილად არ აქვს. ერთეული შემთხვევებისთვის ჩვენს სამსახურში ამის გაკეთება ჰაერში გადაყრილი ფული იქნება. ჩვენი სამსახური მერიის ტენდერში იღებს მონაწილეობას. ჩვენ სპეციალისტიც არ გვყავს, ან საიდან გვეყოლება შესაბამისი სპეციალისტი, აქ ისეთი ხალხია საჭირო, რომელსაც რაღაც განათლება აქვს ამ საკითხში [ქვეწარმავლებთან ბრძოლა].
რაც შეეხება კოღოებსა და მღრღნელებთაან ბრძოლის პროგრამას, რა პერიოდულობით ხდება შეწამლვა? მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით მუშავდება ქალაქი. მაისსა და ივნისში – თვეში ორჯერ, ივლისსა და აგვისტოში – თვეში სამჯერ; სექტემბერში და ოქტომბრის პირველ ნახევრაში – ორჯერ. არსებობს გეგმა-გრაფიკი, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული კორპუსების ჩამონათვალი. მუშავდება სადარბაზოები – პირველი სართულები და სარდაფები.
რამდენია პროგრამის ბიუჯეტი? დაახლოებით 250 000 ლარია ამისათვის გათვალისწინებული.
გიკავშირდებიან თუ არა მოქალაქეები, რომლებიც გრაფიკის გარეშე გთხოვენ სადარბაზოს შეწამლვას? ბევრი. ეს კი არა, სადაც ნამყოფი ვართ, იქედანაც რეკავენ – არ ყოფილანო. სადაც მივდივართ, იქ დგება ოქმი და რომელიმე მოსახლე ან ამხანაგობის თავმჯდომარე აწერს ხელს და ადასტურებს, რომ ნამდვილად ვიყავით.
როგორია წამლის მოქმედების ვადა? დაახლოებით 10-15 დღე არის წამლის მოქმედების ხანგრძლივობა. მაგრამ არის სხვა პრობლემები: მაგალითად, სარდაფში თუ წყალია, ეს პრობლემაა. ჩვენ ვწამლავთ, რაღაც პერიოდი მუშაობს, მაგრამ ასეთ ადგილას ორმაგად და სამმაგად მრავლდება კოღო. ბინა, კორპუსები ყველა პრივატიზებულია და ალბათ ამხანაგობამ უნდა მოაწესრიგოს სარდაფები. დამატებით კიდევ 100 იტალიურ ეზოს ვუვლით პროგრამის გარეშე.
გვაქვს კომერციული მომსახურებაც. ფასი ფართობიდან გამომდინარე გამოითვლება. კიდევ რამდენიმე სამსახურია ქალაქში ჩვენ გარდა, რომლებიც ჩვენი სახელითაც სარგებლობენ, ეუბნებიან მოსახლეობას, რომ სანდასუფთავებიდან არიან და 2-2 ლარს ახდევინებენ. იმის მიუხედავად, რომ ხალხი გაფრთხილებულია, იციან, რომ ჩვენი მომსახურება უფასოა [გრაფიკით გაწერილ ვადებში]. ზოგადად კიბეებსა და მთელს სახლს თუ დააწამლვინებენ სამსახურს, ეს სხვა საქმეა.
ყველაზე რთული სიტუაცია სად არის ბათუმში კოღოებისა და მღრღნელების თვალსაზრისით? რომელი უბნიდან შემოდის ყველაზე მეტი ზარი? შეიძლება იყოს ისე, რომ დგას მაგალითად, ორი კორპუსი და ერთ კორპუსში ბევრია კოღო და მერეში – არა. იქ, სადაც დაჭაობებული ადგილებია, გუბეებია, ბალახია დიდი – ასეთ ადგილებში კოღო მრავლდება. ჩვენ დაჭაობებულ ტერიტორიებსაც და არხებსაც ვწამლავთ თვეში ორჯერ. თუ დააკვირდებით ქალაქში მღრღნელების არსებობას ვერ შეამჩნევთ, ვირთხები ნამდვილად არ დარბიან ქალაქში, დიდი ეფექტი აქვს მოწამვლას. რაც შეეხება კოღოს, ეს უცხო არაა ბათუმისთვის, თუმცა, რასაც ვაკეთებთ, შეღავათი ნამდვილად არის.
რამდენი ადამიანი მუშაობს თქვენს სამსახურში? კოღოზე ორი, ორკაციანი ეკიპაჟია, მღრღნელებზე ხუთი ჯგუფია, ისიც ორ-ორ კაციანი, ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია. დამატებით ერთი ეკიპაჟიც გვყავს, თუ საჭირო დარჩა.
ქვეწარმავლებთან ბრძოლის სეზონური სამსახურის უფროსის, თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის დირექტორის, გურამ წიკლაურის თქმით, აჭარაში გავრცელებული ერთადერთი შხამიანი გველი კავკასიური გველგესლაა, რომლის ნაკბენი ადამიანს ვერ კლავს. „აჭარის შემთხვევაში, პრაქტიკულად გამორიცხულია ადამიანის სიკვდილი. გიურზას ნაკბენის შემთხვევაშიც კი [რომელიც აჭარაში არ გვხვდება], შესაძლებელია მაქსიმუმ ექვსი-შვიდი საათის განმავლობაში მიმართოთ ექიმს. თუმცა, ბავშვის შემთხვევაში აუცილებელია უფრო სწრაფი მოქმედება, რადგან ბავშვის ორგანიზმი უფრო სუსტია და მეორე, ეს არის ალერგიული ფაქტორი. ნებისმიერი შხამი არის მძლავრი ალერგენი, ამიტომ, თუ ადამიანი არის ალერგიული, შხამმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული შოკი. იგივე შეიძლება მოხდეს ფუტკრის ნაკბენის შემთხვევაშიც კი.
რაც შეეხება ქვეწარმავლებთან ბრძოლის ისეთ გავრცელებულ მეთოდს, როგორიცაა გოგირდის დაწვა, გურამ წიკლაურის თქმით, გოგირდი ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუკი მას დახურულ სივრცეში გამოვიყენებთ. „ყველაზე კარგი პრევენციაა ეზოში ბალახის გათიბვა, რადგან ზაფხულში ბალახს გველი იყენებს მზისგან თავშესაფრად, ასევე საშენი ან სხვა მასალები არ უნდა იყოს ეზოში, რომ გველმა არ გამოიყენოს თავშესაფრად“ – აღნიშნა სპეციალისტმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში.
ფესტივალის წესების მიხედვით თთოეული მონაწილე, 27 ივლისიდან 2 აგვისტომდე თითო ღამით ჩაიკეტება წიგნის მაღაზიაში, სადაც ფენტეზის, ჰორორის და ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებს შექმნის.
ტრენინგი PHR-ის მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა ნათია წკეპლაძემ და თეიმურაზ თოდრიამ ჩაატარეს.
ტრენინგი ხორციელდება ევროკავშირის პროექტის “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მეინსტრიმინგი, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში” ფარგლებში.
პროექტს ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები:”ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი”,”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და “დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი”.
ტრენინგების მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლების ამაღლება მათი უფლებების სფეროში, რადგან მათ უკეთ შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა.
„შეიცვალა მზრუნველობის ორგანოს უფლებები, კომპეტენციები და მოვალეობები, ზედამხედველობის ძალიან სერიოზული კონტროლი დადგინდა, სწორედ ამ ცვლილებების გაცნობაში ვეხმარებით შშმ პირებს“- განაცხადა ტრენერნა, უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ნათია წკეპლაძემ.
ტრენინგებს ესწრებოდნენ შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები.
სამედიცინო პუნქტი ქედის მუნიციპალიტეტის 39 სოფელში ფუნქციონირებს, აქედან 17 პუნქტი სოფლის დაწყებითი კლასის სკოლებშია განთავსებული. სოფლის დაწყებითი სკოლის შენობებში არსებულ სამედიცინო პუნქტებს, სადაც სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი დახმარება უნდა გაუწიონ, ელექტროენერგია არ მიეწოდება.
სოფელ ჭინკაძეების დაწყებითი სკოლის ერთ ოთახში არსებულ პუნქტს არც ელექტროენერგია აქვს, არც წყალი და არც საპირფარეშო. სოფელ სირაბიძეებში მოსახლეობისთვის პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით ერთოთახიანი შენობა ორი წლის წინ სკოლის გვერდით ააშენეს, თუმცა პუნქტის გამრიცხველიანება და წყლის მიყვანა დღემდე ვერ მოხერხდა. მედპუნქტის ექთანი მერი სირაბიძე ამბობს, რომ მედიკამენტების მაცივარი აქვთ, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ შუქი არ მიეწოდებათ, მაცივრით ვერ სარგებლობენ. სოფლის ექთნის თქმით, წამლების ნაწილი, რომლითაც პუნქტს ჯანდაცვის სამინისტრო სოფლის მოსახლეობისთვის პირველადი დახმარების გაწევის მიზნით ამარაგებს, მაცივარში უნდა ინახებოდეს.
„ორი წელი იქნება, რაც მედპუნქტი აშენდა. შენობაში არც წყალია და არც ელექტროენერგია. პრობლემების შესახებ ინფორმაციას ყველა ფლობს, გვირეკავენ, გვეუბნებიან მალე მოგვარდებაო და ჩვენც ველოდებით პრობლემის გადაჭრას. მქონია შემთხვევები, ღამე დაურეკავთ და პაციენტისთვის პირველადი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტები ფარნით გამომიტანია პუნქტიდან“, – იხსენებს ექთანი.
სოფელ ჯალაბაშვილების სამედიცინო პუნქტის ექთანი ჟუჟუნა ცინცაძე ამბობს, რომ პუნქტს ხშირად ჰიპერტენული და შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები მიმართავენ. აქ პუნქტი 2010 წელს აშენდა. დღემდე არც ამ შენობას მიეწოდება ელექტროენერგია.
„სოფელში, სადაც ვმუშაობ, 112 კომლი და 427 სული ცხოვრობს. მოსახლეობის პირველადი სამედიცინო მომსახურებისთვის აჭარის ჯადაცვის სამინისტრო სამ თვეში ერთხელ 35-მდე დასახელების წამალს გვაძლევს, თვის განმავლობაში კი 60-70 მოქალაქე მოგვმართავს მომსახურებისთვის. ვიღებთ ამბულატორიულ ავადმყოფებს და შესაბამის დახმარებას ვუწევთ. წამლის მომარაგებაში არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ჩვენი მთავარი პრობლემა უშუქობაა. ამბობდნენ მალე გამრიცხველიანდებაო, მაგრამ ამდენ ხანს რატომ ვერ ჩართეს შუქი – ეს არ ვიცი. ამის შესახებ წერილობითი განცხადება არასდროს დამიწერია, რადგან ყველა ინფორმირებული იყო“, – ამბობს ჟუჟუნა.
სოფელ ზესოფელსა და ცხმორისის თემში ბარამულის უბანში სამედიცინო პუნქტებისთვის შენობები საერთოდ არ არის, აქ სოფლის ექთნები მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას საკუთარ სახლებში უწევენ.
შენობა ზესოფელში, სადაც სამედიცინო პუნქტი და სოფლის დაწყებითი სკოლა იყო განთავსებული, სამი წლის წინ დაანგრიეს. ამ ადგილზე ახლა ეკლესია შენდება. შენობის დანგრევის შემდეგ დაწყებითი სკოლა ყოფილ ბაგა-ბაღის შენობაში გადაიტანეს, მედპუნქტი კი შენობის გარეშე დარჩა.
შენობის გარეშე დარჩენილი ზესოფლის ექთანი ასიე ბერიძე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას პირველად დახმარებას საკუთარ სახლში უწევს და დასძენს, რომ სოფელი კმაყოფილია. „სახლში ერთი ოთახი მაქვს გამოყოფილი და მოსახლეობას იმ ოთახში ვემსახურები. ამით მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ ექმნება, რადგან სახლი სოფლის ცენტრშია და ყველასთვის ხელსაყრელია. თუმცა სამუშაო გარემო მაინც სულ სხვაა. შენობას თუ ააშენებენ, კმაყოფილი დავრჩები“, – ამბობს ასიე ბერიძე.
სოფელ ცხმორისის პუნქტის ექთანი მაგული ტაკიძე ამბობს, რომ ბარამულის უბანში 24 ოჯახი ცხოვრობს, ექთნის შტატი აქ ორი წლის წინ დაუშვეს. „არანაირი პრობლემა არ არის მომსახურებაში, უბანი მცირეკომლიანია.“
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე აცხადებს, რომ წამლები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო თემის სამედიცინო პუნქტებს აწვდის, მაცივარში უნდა ინახებოდეს. მინისტრის მოადგილის თქმით, სამედიცინო პუნქტებს სამინისტრო წამლებით ამარაგებს, ექთანს ხელფასს უხდის, რაც შეეხება კომუნალურ ხარჯებსა თუ ფართობის მოწყობას, მას ადგილობრივი გამგეობა უზრუნველყოფს. „არის წამლები, რომლებიც საჭიროებს მაცივარში შენახვას, არის ისეთებიც, რომლებიც შეიძლება ჩვეულებრივ პირობებში შეინახო, თუმცა ჩვენ გვაქვს მაცივრები პუნქტებში და იქ უნდა ინახებოდეს. სამედიცინო პუნქტების გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი ადგილობრივ გამგეობასთან და როგორც მაცნობეს, გამგეობა უახლოეს დღეებში ყველა პუნქტის გამრიცხველიანებას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება სხვა პრობლემებს, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან წყლისა და კანალიზაციის პრობლემები მოაწესრიგონ სკოლებსა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში. ასე რომ, პრობლემები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ნელ-ნელა, პრიორიტეტების მიხედვით გადაწყდება“, – ამბობს ლევან გორგილაძე.
იმ სოფლებში, სადაც ექთნები მოსახლეობას საკუთარ სახლებში უწევენ პირველად დახმარებას, მინისტრის მოადგილის განმარტებით, სახელმწიფო პროგრამა სამედიცინო პუნქტების მშენებლობას არ ითვალისწინებს.
„მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით არ ვზრუნავთ. ჩვენი შეთავაზება ასეთია: თუკი მუნიციპალიტეტი, სოფელი ან კერძო პირი უზრუნველყოფს სამედიცინო პუნქტის გახსნას და აღჭურვას, ჩვენ ექთანს ხელფასს დავუნიშნავთ, მედიკამენტითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით მოვამარაგებთ“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
„ვადასტურებ, რომ ელექტროენერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით 17 სამედიცინო პუნქტს პრობლემები აქვს. ეს საკითხები გავიარეთ როგორც ჯანდაცვის, ასევე განათლების სამინისტროსთან. გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა შევიმუშავეთ, ერთი ობიექტის გამრიცხველიანებისთვის 400 ლარი, მთლიანობაში კი, 6 000 ლარია საჭირო, თანხაც მოვიძიეთ და კორექტირების შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, შენობების გამრიცხველიანება დაიწყება. რაც შეეხება ზესოფელს, სოფლის დაწყებითი სკოლის შენობაში არის თავისუფალი ფართობი, რომელსაც გავარემონტებთ პუნქტისთვის. მედპუნქტის მოსაწყობად საჭირო თანხაც მოძიებული გვაქვს“, -განაცხადა ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ „ბათუმელებთან“.
„ხომ გაიმარჯვეს ტენდერში და აქვთ ფული აღებული, დაამთავრონ საქმე“, – გვითხრეს სოფელ კვირიკეში, სადაც წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე ტენდერი ბოლო ორ წელიწადში ორჯერ გამოცხადდა და ორივეჯერ ერთმა და იმავე კომპანიამ გაიმარჯვა.
სოფლის მოსახლეობის ნაწილი წყალმომარაგებითა და სასმელი წყლის ხარისხით უკმაყოფილოა, ნაწილი კი ამბობს, რომ რაც ადრე იყო, იმას სჯობს: „თან კეთდებაო, ტენდერებია და ალბათ, საბოლოოდ გამოსწორდება მდგომარეობა“.
მდგომარეობის „საბოლოოდ გამოსწორებას“, _ როგორც ააიპ „ქობულეთის სოფლის წყლის“ დირექტორმა ჯემალ გოლიაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, დაახლოებით 25-30 მილიონი ლარი სჭირდება, „რისი საშუალებაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არ გააჩნია“. „ქობულეთის სოფლის წყალი“, რომელიც 18 წყლის სისტემის გამართულად ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი, ქობულეთის მუნიციპალიტეტმა დააფუძნა. წყალი ცენტრალიზებულად ამდენივე სოფელსა და ერთ დაბას – ოჩხამურს მიეწოდება. დირექტორის თქმით, ამ სისტემებიდან მხოლოდ სამი-ოთხი თუ იქნება მეტ-ნაკლებად გამართული, დანარჩენი სარეაბილიტაციოა.
მაგალითად, „ქვედა კვირიკეში წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე“ 2013 წელს გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „უნივერსალ ჯორჯია 2008“-მ გაიმარჯვა. შესრულებულ სამუშაოებში კი ქობულეთის გამგეობამ 186 944 ლარი გადაიხადა.
როგორც კომპანიის დირექტორმა ედნარ ჩიტაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, კვირიკეში მოეწყო სათავე ნაგებობები და 9-კილომეტრიანი ქსელი, რითაც წყალი მთიდან [სათავედან] ცენტრალურ სალექარ რეზერვუარამდე მიიყვანეს.
ქობულეთის გამგეობამ ტენდერი წელსაც გამოაცხადა, თანაც ისევ „კვირიკეს წყალსადენის სათავე ნაგებობის, რეზერვუარებისა და ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების“ შესყიდვაზე. ტენდერში კვლავ „უნივერსალ ჯორჯია 2008“-მ გაიმარჯვა და მასთან გამგეობას ამჯერად 167 820 ლარზე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული.
„პირველად რომ გააკეთეს, წყალი ჩაუშვეს აუზში, მაგრამ არ გაატარა მილებმა და გადმოვიდა წყალი… ახლა ხელახლა გადათხარეს და რას აკეთებენ, ზუსტად არ ვიცით“, – გვითხრეს კვირიკეში.
წყალი სალექარისა და საფილტრის გარეშე
კვირიკეში ამბობენ, რომ ორი წლის წინ გაკეთებულ სათავე ნაგებობაზეც პრობლემაა, ხოლო წყალი ხარვეზებითა და ყოველგვარი გაფილტვრის გარეშე მიეწოდებათ: „თავის დროზე სალექარში ისე ჩაუშვეს წყალი, რომ სარეცხი მილი არ ჰქონდა, ანუ დანალექისგან მისი გაწმენდა შეუძლებელი იყო. შემდეგ სათავედან წამოსული მილი პირდაპირ იმ მილზე დააერთეს, რითაც წყალი სოფელს მიეწოდება“.
„2013 წელში სალექარის შეკეთება არ გვევალებოდა. მის გვერდით არის საფილტრი სადგურიც, ორთავე არის ძველი, ალბათ 30 წლის წინ აშენებული. როცა წყალი სალექარში შევუშვით, შემდეგ, წესით, გადადის საფილტრში, მაგრამ გაიჭედა, არ იმუშავა. იღვრებოდა საფილტრიდან, ამიტომ პირდაპირ დავაერთეთ და სალექარისა და საფილტრის გარეშე ჩადის ქვემოთა რეზერვუარში, საიდანაც მიეწოდება მოსახლეობას“.
სასმელი წყლის დაზიანებული მილი კვირიკეში
ედნარ ჩიტაძის თქმით, სალექარისა და საფილტრის, ასევე მათზე გამრეცხების მოწყობა გამგეობამ მიმდინარე პროექტში გაითვალისწინა: „ამჯერად ჩასვეს და ვაკეთებთ. გამოვტეხავთ და გამრეცხი და მიმღები გაკეთდება. წინა პროექტში მხოლოდ სალექარის გადახურვა გვევალებოდა. ჩემი ინიციატივით შევიტანეთ ცვლილება და შიგნითაც შევლესეთ… ცვლილებებს მიმდინარე პროექტიც საჭიროებს, რათა სისტემამ გამართულად იმუშაოს“.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, კომპანიასთან 2013 წლის 29 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით, მარტო სალექარის რეაბილიტაციისთვის ქობულეთის ბიუჯეტიდან 19 690 ლარი იყო გამოყოფილი [უნდა დამონტაჟებულიყო საფილტრი ბადეც], წყალსადენზე 3 920 ლარად უნდა მოწყობილიყო საქლორატოროც.
2013 წლის 25 სექტემბერს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების შემდეგ კი [შეთანხმება #135] ამოღებულია საფილტრი ბადის დამონტაჟება. ამოიღეს საქლორატოროს მოწყობაც ისე, რომ სატენდერო თანხა არ შემცირებულა. თუმცა, ახალი შეთანხმებით, უნდა მომხდარიყო საფილტრი შენობის რეაბილიტაცია.
ფაქტობრივად, მხოლოდ შენობა გადახურეს და სალექარი შიგნიდან შელესეს. საფილტრი შენობის რეაბილიტაცია კი, როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, ახალი ტენდერის პირობებით მიმდინარეობს. გამგეობასთან დადებულ ხელშეკრულებაში კი [რომელიც 2015 წლის მარტით თარიღდება] არც საქლორატოროს მოწყობაა გათვალისწინებული და არც სალექარისა და საფილტრი ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
უარი დაგეგმილი საქლორატოროს მოწყობაზე
როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, თავის დროზე საქლორატოროს მოწყობა კვირიკეს წყალსადენზე გამგეობამ ისე დააპროექტა, რომ შესაბამისი შენობის აშენება და შემდგომში მისი მუდმივი მეთვალყურეობის აუცილებლობა არ გაითვალისწინა. ამასთან, პროექტი არ ითვალისწინებდა ელექტროენერგიის წყაროს ადგილზე მიყვანასაც.
სასმელი წყლის რეზერვუარი კვირიკეში
„აღნიშნულიდან გამომდინარე საფრთხეს წარმოადგენს საქლორატორო დანადგარის ღია ცის ქვეშ განთავსება, რომელიც ამასთანავე უფუნქციო იქნება, ამიტომ უმჯობესია სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციიდან ამოღებული იქნას საქლორატორო დანადგარის მოწყობის სამუშაოებზე გამოყოფილი ხარჯი“, – აღნიშნულია ტექნიკური ზედამხედველის მიერ გამგეობაში გადაგზავნილ დასკვნაში. რაც შეეხება კვირიკეში მოსახლეობის უკმაყოფილებას გზების გადათხრასთან დაკავშირებით, კომპანიის დირექტორის თქმით, მათ გზა მაქსიმალურად გაასწორეს: „როცა ასეთი საქმე კეთდება, ცოტა დისკომფორტი იქნება. როცა დავასრულებთ, კიდევ გავასწორებთ გზას და მერე საგზაო სამსახურები მიხედავენ, ალბათ“.
„ხუცუბანში კატასტროფული მდგომარეობაა“
კვირიკეს მსგავსად ტენდერები წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე არაერთხელაა გამოცხადებული ქობულეთის სხვა სოფლებში. მიუხედავად სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისა, მოსახლეობას წყალი სტაბილურად არ მიეწოდება, მაგალითად ბუკნარში, ციხისძირში, თუმცა ქობულეთის გამგეობაში მიიჩნევენ, რომ პრობლემა ამ სოფლებში უკვე მოგვარებულია. პრობლემებია სამებაში, ხუცუბანში, ოჩხამურში და სხვაგანაც.
„ხუცუბანში გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა,- აღნიშნა „ბათუმელებთან“ ჯემალ გოლიაძემ, თუმცა სამმილიონიანი პროექტი დაიწყო და პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოებს ხუცუბანში შპს „წყალკანალრემმშენი“ ასრულებს. ხელშეკრულება ამ კომპანიასთან გამგეობას 1 მილიონ 160 ათას ლარზე აქვს გაფორმებული.
ხუცუბანთან მიმართებაშიც რამდენჯერმეა გამოცხადებული ტენდერი. მაგალითად, 2011 წელს 255 ათასი ლარის სამუშაოები აქვს შესრულებული „უნივერსალ ჯორჯია 2008“-ს [ნაკაიძეების დასახლებაში წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია]. ამ კომპანიამ 2012 წელს ხუცუბანში სათავე ნაგებობები და სანიტარული დაცვის ზონა მოაწყო.
ასევე ხუცუბანში, წყალსადენის [ირემაძეების მიმართულებით] რეაბილიტაციის სამუშაოებზე, შპს „ლაზარე 2008“-ს 19 999 ლარი გადაუხადა ქობულეთის გამგეობამ, ხოლო 2014 წელს, „ხუცუბნის დასახლების სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები“ კვლავ „უნივერსალ ჯორჯიამ“ შეასრულა [ხუცუბანში, ზედა და ქვედა სამებასთან ერთად, ამ სამუშაოების ღირებულება, ხელშეკრულების მიხედვით 971 400 ლარი იყო].
„უნივერსალ ჯორჯიას“ დირექტორის თქმით, „შარშან ხუცუბანში სათავე ნაგებობები მოეწყო და რეზერვუარიც გაკეთდა, წელს დაქსელვასა და ძველი მილების შეცვლაზე მუშაობენ, რასაც სხვა კომპანია აკეთებს“.
მილები სახელმწიფო პროგრამით
ხუცუბნისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ბოლო დროს 12 900 ლარის წყლის მილები შეიძინეს. ჯემალ გოლიაძის განცხადებით, „70 კმ-ის მილებია ხუცუბანში და 10-12 კმ თუ იქნება შეცვლილი, დანარჩენი ამორტიზებული, ძველი მილებია, 50 წლის და ამიტომ დანაკარგიც ძალიან ბევრი გვაქვს წყალზე“.
წყალი იკარგება კვირიკეშიც, სადაც სალექარიდან რამდენიმე კილომეტრზე წყალსადენი მილები ზოგ ადგილას დაზიანებულია. წყალი იღვრება ერთ-ერთი რეზერვუარიდანაც.
„ჩემი მილები მიწაში ჩალაგებული მაქვს, მაგრამ არაა ჯერ სისტემაში ჩართული. დაზიანებულ მილებზე, რომლებიც ჩვენი მოწყობილი არ არის, ბუნებრივია, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, – განაცხადა „უნივერსალ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა ედნარ ჩიტაძემ. კვირიკეს თემში, ბოლო 2-3 წელში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 40 ათასამდე ლარის ღირებულების სასმელი წყლის მილები შეიძინეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სულხან ევგენიძის თქმით, „2012-2013 წლებში შეძენილი მილები სოფლის წინა გამგებლებმა ჩაიბარეს, მაგრამ არ იყო გამოყენებული და 2014 წელს ახლანდელმა გამგებლებმა გამოიტანეს და მოსახლეობასთან ერთად დაამონტაჟეს“. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასმელი წყლის მილების შესყიდვაზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერი 2012 წლიდან დღემდე ოთხჯერ გამოაცხადა. ხელშეკრულებები კი სხვადასხვა კომპანიასთან 426 293 ლარზე გაფორმდა. პროგრამით შეძენილ მილებს „ქობულეთის სოფლის წყალი“ პატრონობს.
„ამ პროგრამით შეძენილი მილებით სოფლებში საქმე ვერ გაკეთდება, რადგან 1 მოსახლეზე 6,4 ლარია გამოყოფილი და თანხა არ არის საკმარისი“, – ამბობს „ქობულეთის სოფლის წყლის“ ხელმძღვანელი ჯემალ გოლიაძე.
მოსახლეობა კი ამბობს, რომ ბევრ ადგილზე „ძველი“ მილები ხარისხიანია, თუმცა სწორედ მათ გასწვრივ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახალი მილებს აწყობს.
გამრიცხველიანება სამებაში
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, 12 ათას ლარზე მეტი ღირებულების მილები სოფელ სამებისთვისაც შეისყიდეს. წყლის მილებით სოფელს ტენდერში გამარჯვებული კომპანიაც დაქსელვას. სამუშაოების შესყიდვაზე წელს გამოცხადებულ ტენდერშიც „უნივერსალ ჯორჯიაა“ გამარჯვებული, რომელმაც ქობულეთის გამგეობასთან ხელშეკრულება 438 750 ლარზე გააფორმა. „უნივერსალ ჯორჯია“ სამებაში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2012 და 2014 წლებშიც ასრულებდა.
„შარშან სამებაში 160 კუბ/მეტრი მოცულობის რეზერვუარი გავაკეთეთ, ახალი წყალი ჩამოვიყვანეთ მთებიდან, სადაც გაკეთდა მიმღები კამერები, მოვაწყვეთ სადეზინფექციო თანამედროვე სადგური… ამჯერად ვქსელავთ და ვამრიცხველიანებთ. 300 კომლია ქვედა სამებაში და კვირიკეს ერთი უბანიც დაიქსელება. ამის შემდეგ იქნება ალბათ ზედა სამების დაქსელვა“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.
ჩაკიდული ქლორი
რაც შეეხება სოფლებში წყლის დაქლორვას, „ქობულეთის სოფლის წყლის“ დირექტორის ჯემალ გოლიაძის თქმით, ძველი მეთოდით, ჩაკიდული ქლორით ხდება: „სამებაში ახალი საქლორატორო აპარატი კი დავდგით, მაგრამ არ გვაქვს ჩართული ჯერ, ვინაიდან შიდა გაყვანილობა არ არის შეცვლილი და მანამდე ჩართვას აზრი არ აქვს. რაც შეეხება ვარგისიანობას, ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასთან და ისინი ამოწმებენ. ხარისხიანია წყალი, ყველა რეზერვუარი იქლორება“.
„ქობულეთის სოფლის წყალი“ ქობულეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება. დირექტორის ინფორმაციით, წელს დაფინანსება 375 ათასი ლარია, საიდანაც 238 ათასი არის მუშა-მოსამსახურეთა ხელფასი. „სოფლის წყალში“ 100 ადამიანია დასაქმებული [ქობულეთის ამ წლის ბიუჯეტში ხარჯებში 11 მილიონზე მეტი ლარია გაწერილი, საიდანაც 2 მილიონზე მეტი საჯარო მოხელეების ხელფასებში დაიხარჯება]. „არის ისეთი სათავე ნაგებობები, რომელიც 5-7 კმ-ითაა დაშორებული დასახლებული პუნქტიდან. ვცდილობთ პრობლემა არ შეიქმნას. სათავე ნაგებობის გაუწმენდაობის მიზეზით იშვიათია წყლის წყვეტა“ – ამბობს ჯემალ გოლიაძე.
ზედამხედველობა
ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აცხადებენ, რომ მათ ტექნიკური ზედამხედველი აკონტროლებს, იბარებს სამუშაოებს და ხარისხთან მიმართებაში არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებიც. გასულ წლებში ქობულეთის გამგეობას წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველი ხელშეკრულებით აჰყავდა, წელს კი ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულია ინდმეწარმე ნუგზარ ზოიძე [ნუგზარ ზოიძე 2016 წლის 31 იანვრამდე სოფლის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის გარდა სხვა სამუშაოებსაც გაუწევს ზედამხედველობას, რისთვისაც ქობულეთის გამგეობა მას 32 ათას ლარს გადაუხდის]. სხვათა შორის, ნუგზარ ზოიძე ზედამხედველობდა 2013 წელს კვირიკეს წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესსაც.
გამგებლის გეგმები
სულხან ევგენიძე: „9 მილიონის პროექტი გვაქვს უკვე შეძენილი სოფლებში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის. სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს სოფლების გამრიცხველიანება და 24-საათიანი მომარაგება. სამუშაოები ზოგან დაწყებულია, ზოგან კი, მაგალითად, მუხაესტატეში, წყავროკაში, აჭყვისთავში 2016 წელში დავიწყებთ რეზერვუარების რეაბილიტაციას და მილებიც შეიცვლება ბოლომდე. ხუცუბნის პროექტი დამთავრდება 2015-ში, კვირიკეც წელს დამთავრდება. ჩაისუბანში პროექტი მთლიანად 2016 წელში განხორციელდება. ასევე ლეღვა, ქაქუთი, საჩინო, აჭყვა – ყველა დანარჩენი სოფლის პროექტებს შევიძენთ და 2016 წლიდან ფართო მასშტაბით დავიწყებთ მათ განხორციელებას“.
ვაშლოვანი, პანტნარი, დიდაჭარა, წაბლანა – ეს იმ სოფლების მცირე ჩამონათვალია ხულოს მუნიციპალიტეტიდან, სადაც მეწყრული პროცესები ყოველწლიურად ვითარდება. წლების განმავლობაში მეწყრულ პროცესებს ხულოში არამარტო საცხოვრებელი სახლები, არამედ ადამიანების სიცოცხლეც შეეწირა. არსებული მდგომარეობის მიუხედავად მუნიციპალიტეტის გამგეობას მეწყრული პროცესების მიმართ არც კონკრეტული მიდგომა გააჩნდა და არც პრევენციული ღონისძიებები გაუტარებია. სტიქიასთან ბრძოლა აქ სტიქიურ პროცესების განვითარების შემდეგ დაზიანებული გზების აღდგენითა თუ დაზარალებული მოსახლეობის დახმარებით იწყება. პრევენციული ღონისძიებები ხულოს გამგეობას, გასული წლების მსგავსად არც მიმდინარე წლისთვის აქვს გაწერილი.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტიქიისა და ეროზიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის განყოფილების უფროსი, როლანდ აბულაძე ამბობს, რომ არის ტერიტორიები, სადაც აუცილებელია პრევენციული ღონისძიების გატარება მოსალოდნელი საფრთხის აცილების მიზნით. ის ამბობს, რომ კონკრეტულ სოფლებში პრევენციული ღონისძიების გასატარებლად საკითხის დასმას კომისიის სხდომაზე აპირებს.
„იმის წინასწარი განსაზღვრა, თუ სად შეიძლება განვითარდეს მეწყრული პროცესები, შეუძლებელია, თუმცა არის ტერიტორიები, სადაც რისკ-ფაქტორები მაღალია, შესაბამისად, პრევენციული ღონისძიების გატარება აუცილებელია. მაგალითად სხალთაში, მდინარის მიმდებარედ დასახლებულ პუნქტთან გაზაფხულზე, წყალდიდობისას, მდინარე გადმოდის კალაპოტიდან და აზიანებს ნაკვეთებს, სახლებსაც ემუქრება დატბორვის საშიშროება. ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ ვაშლოვანში, სადაც ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოდის და საფრთხეს უქმნის სოფელში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს. სხალთის შემთხვევაში აუცილებელია ჯებირის მოწყობა. რაც შეეხება ვაშლოვანს, აქ მდინარის კალაპოტი უნდა გაღრმავდეს. პრევენციული ღონისძიების გატარებისთვის საკითხის დაყენებას ვაპირებთ კომისიის სხდომაზე, რამდენად ექნება მუნიციპალიტეტს სახსრები, რომ წინასწარ ღონისძიებები გაატაროს – ეს გვეცოდინება რამდენიმე დღეში, როცა კომისია ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს“, – ამბობს როლანდ აბულაძე.
მეწყრული პროცესების რისკების შესამცირებლად პროექტებს მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „შავი ზღვის ეკო აკადემია“ ახორციელებს. ორგანიზაცია ხულოს მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში საწრეტ-სანიაღვრე არხებს ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით აკეთებს. ორგანიზაციის წარმომადგენელი მანანა ქარცივაძე ამბობს, რომ პრევენცია მოწყვლად სოფლებში რისკებს ამცირებს.
„კატასტროფების რისკების შესამცირებლად სოფელ ტაბახმელაში, ოქრუაშვილებში, ვაშლოვანსა და ბეღლეთში ღვარცოფის საწინააღმდეგო საწრეტ-სანიაღვრე არხებს ვაკეთებთ. ბეღლეთსა და ოქრუაშვილებში პროექტები დასრულების ეტაპზეა, რაც შეეხება ვაშლოვანსა და ტაბახმელას, სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტებს ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ვახორციელებთ, ერთ პროექტზე არასამთავრობო ორგანიზაცია 7 000 ევროს ხარჯავს, ხოლო ხულოს გამგეობის თანადაფინანსების წილი ერთ პროექტზე 1000 ლარია. გარდა ამისა, ჩვენი პროექტის ძირითადი მიზანი კატასტროფების დროს სოფელში მცხოვრები მოსახლეობის წინასწარი მომზადებაა. ამ კუთხით საინიციატივო სოფლებში ტრენინგები და სწავლება ჩავატარეთ, რისკების შემცირებისთვის პრევენცია მანამდე უნდა გატარდეს, ვიდრე სტიქიური პროცესები განვითარდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ამბობს მანანა ქარცივაძე.
„შავი ზღვის ეკო აკადემია“ ანალოგიურ პროექტს ახორციელებს ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებშიც. ქედაში, სოფლებში: ვაიოში, გეგელიძეებსა და ტიბეთაში, ხოლო შუახევში – სოფელ გომარდულში კეთდება საწრეტ-სანიაღვრე არხები.
ხულოს მსგავსად შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თანადაფინანსებისთვის 1000 ლარი გამოყო, ხოლო ქედაში ერთ პროექტზე მუნიციპალიტეტის წილი 5 000 ლარია.
„სტიქიური პროცესების შესამცირებლად ჩვენი ორგანიზაცია მაღალმთიანეთში 2010 წლიდან მუშაობს, იმ დროიდან მოყოლებული ჩვენი მიმართულება იყო ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, მოსახლეობის მზადყოფნა მეწყრული პროცესების ასაცილებლად. მიზნობრივი სოფლებისთვის დავამზადეთ საევაკუაციო რუკები და დავურიგეთ მოსახლეობას. რაც შეეხება სამომავლო გეგმას, პროექტი სექტემბრის ბოლოს სრულდება, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის მეოთხე ეტაპი გაგრძელდება, სამუშაოებს გაზაფხულზე განვაახლებთ“, – ამბობს მანანა ქარცივაძე.
მეწყერი, სოფელი აგარა
მეწყრული პროცესების რისკების შესამცირებლად წელს აჭარის მთაში განსახორციელებელი პროექტები და ღონისძიებების გასატარებლად საჭირო თანხა მხოლოდ ქედის გამგეობას აქვს გაწერილი. მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად ქედის გამგეობა წელს 200 000 ლარს დახარჯავს. თანხა სოფლებში საყრდენი კედლების, გაბიონების, სანიაღვრე არხების მოწყობასა და ფერდსამაგრი სამუშაოების გატარებას მოხმარდება.
ქედის სოფლებში სტიქიური პროცესების რისკების შესამცირებლად ქედის გამგეობამ 43 პროექტი გეოლოგიური სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე მოამზადა. სამუშაოების წარმოებისთვის გამგეობამ 11 პროექტზე ტენდერი 26 ივნისს გამოაცხადა. „პროექტები, რომელთა ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოები სტიქიური მოვლენების რისკების შესამცირებლად გვაქვს დაგეგმილი, გეოლოგების მიერ გაცემული დასკვნებისა და რეკომენდაციის საფუძველზე მოვამზადეთ“, – ამბობს სულიკო ბოლქვაძე, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი.
მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედის თითქმის ყველა სოფელში გატარდება, ამ პროექტებთან ერთად ქედის გამგეობა წელს სოფელ ახოში, ჭაკალაურის უბანში საფრთხის შემცველ ქვის ლოდსაც გაამაგრებს.
„ღონისძიებები, რომლის განხორციელებასაც მალე დავიწყებთ, რისკებს რა თქმა უნდა შეამცირებს. მაგალითად, სოფელ მერისში, ჯეჯელურის უბანში, იქ, სადაც მოსახლეობას ვენახი აქვს გაშენებული, კომუნისტების დროს პრიმიტიული არხები იყო გაკეთებული. მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ მიწები დაისაკუთრა და არხები გააუქმა, წყლების უკონტროლოდ ჩადინებამ მეწყრული პროცესები წარმოქმნა. მოსახლეობა დახმარებას ჩვენ გვთხოვდა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე იძულებული გავხდით პრევენციული ღონისძიება გავატაროთ და წყალი უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანოთ, რაც მეწყრულ პროცესს შეაჩერებს. ანალოგიური მდგომარეობაა ქედის თითქმის ყველა სოფელში. წყლის უკონტროლოდ გადინება მეწყრული პროცესების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გახდა. რაც შეეხება ქვათა ცვენას, ამ მხრივ ბევრი სამუშაო განვახორციელეთ, წელს კი სოფელ ახოში ლოდს გავამაგრებთ, რომელიც რამდენიმე ოჯახს უქმნის საფრთხეს“, – ამბობს სულიკო ბოლქვაძე.
შუახევის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ზაზა ზოიძე ამბობს, რომ გეოლოგები შუახევში ყველაზე ხშირად ჩამდინარე წყლების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის რეკომენდაციებს იძლევიან, მოქალაქეები კი გეოლოგების მოთხოვნებს არ ასრულებენ.
„როდესაც გეოლოგი მოქალაქეს ეუბნება, რომ არ უნდა დაამუშავოს მითითებული მიწა, რათა შეჩერდეს მეწყრული პროცესი, ის მაინც ამუშავებს, რაც პროცესს აჩქარებს. რისკების შესამცირებლად მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაა საჭირო.
როდესაც გეოლოგიურ დასკვნაში წერია, სახლის ადგილმონაცვლეობა და ჩვენ ადგილმონაცვლეობისთვის ფინანსურ დახმარებას ვუწევთ, მოქალაქე ადგილმონაცვლეობის ნაცვლად არსებულს ამაგრებს, გაცემული თანხა კი პრობლემას ვერ აგვარებს, აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ თანხის გაკონტროლება და ფინანსურად ეტაპობრივად ვეხმარებით მოსახლეობას.
ამ დროისთვის შუახევში აქტიური ზონაა სოფელი ბუთურაული, მაღალი რისკის ზონაში აქ 11 ოჯახი ცხოვრობს. სახლებს არანაირი პრობლემა არ აქვს, პრობლემას ქმნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღრმა ნაპრალები. ამ სოფელში მცხოვრები ხუთი ოჯახი პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდა საცხოვრებელი სახლით, მათი საცხოვრებლები დაზიანებული იყო“.
15 წლის მოზარდი, ახლობლების თქმით, გუშინ, 11 ივლისს, საღამოს, ზღვაში შევიდა და არ გამოსულა.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა. „რვის წუთებზე შემოვიდა შეტყობინება და რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყვნენ მაშველები, სამძებრო-სამაშველო პროცესში მყვინთავებიც იყვნენ ჩართული, თუმცა მოზარდის პოვნა ვერ შეძლეს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სამაშველო სამსახურის პრესცენტრში.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დღეს, 11 ივლისს, საღამოს საათებში მოხდა. „რვის წუთებზე შემოვიდა შეტყობინება და რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყვნენ მაშველები, სამძებრო-სამაშველო პროცესში მყვინთავებიც იყვნენ ჩართული, თუმცა მოზარდის პოვნა ვერ შეძლეს“, – განუცხადეს „ბათუმელებს“ სამაშველო სამსახურის პრესცენტრში.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული.
სამშენებლო კომპანია ”ანაგი” 2014 წელს ბათუმის ”დინამოს” სპონსორი გახდა. ფოტოზე ოთარ ფედიჩკინი, მარცხნივ
ფედერაციის ხელმძღვანელების თქმით, სპონსორების მოძიება რთულია და არ ჰქონიათ შემთხვევა უშუალოდ კომპანია დაინტერესებულიყოს ამ საკითხით. „არავინ არ მოდის და არავინ არაფერს არ შეგეხვეწება. შეიძლება მიხვიდე, შეეხვეწო და მაინც არაფერი გამოვიდეს“, – ამბობს აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ქეთევან მუხაშარია.
„სპონსორებს ჩვენ ვეძებთ, იშვიათად გვიმართლებს. ვინმე ნაცნობი თუ გაგიკეთებს, თორემ, სად არის სპონსორი. ძალოსნობის ფედერაციას სპორტის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნოდარ ფუტკარაძე გვეხმარება, მეტი არავის გამოუთქვამს სურვილი“, – გვიყვება ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი აბესალომ ბასილია. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გოდერძი კორძაძე კი ამბობს, რომ არაერთხელ სცადა დაფინანსების წყაროს მოძიება, მაგრამ უშედეგოდ: „აჭარის კალათბურთის რეგიონალური ფედერაცია ორი წლის წინ ჩამოყალიბდა. ჩვენ გვყავს გამორჩეული კალათბურთელები. არც ერთი სპონსორი არ გვყოლია დღემდე. მე ვიყავი ორ-სამ ადგილას. ოფიციალური წერილებითაც მივმართე მათ. მომისმინეს, გვერდში დგომას დამპირდნენ, თუმცა პასუხი არ მიმიღია. მუშაობა არ გვეზარება, მაგრამ, ორ, სამ ადგილზე რომ მიხვალ, დადებითი ემოციებით მობრუნდები უკან და შემდეგ არაფერი ხდება… სიმართლე გითხრათ, გული ამიცრუვდა“.
ტანვარჯიშის პრეზიდენტი გურამ ოსანაძე ამბობს, რომ ფედერაციას რეგიონში არა, მაგრამ ეროვნულ დონეზე საქართველოს პირველობების დროს „ვი-თი-ბი“ ბანკი ჰყავს სპონსორი. ქეთევან მუხაშარიას თქმით, დიდ ტურნირებს ასპონსორებენ ჭადრაკშიც.
რატომ არ ინტერესდება ბიზნესსექტორი სპორტით? 20-ვე ფედერაციის წარმომადგენელი ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოში შესაბამისი კანონი არ არსებობს, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს.
„რომ იყოს სახელმწიფო კანონი სპონსორობის შესახებ სპორტში, მაშინ შეიძლებოდა ყოფილიყო ბიზნესსექტორის მეტი ინტერესი. არამარტო აჭარაშია ეს პრობლემა. საქართველოს ნაკრების წევრია ჩემი ოთხი სპორტსმენი და არავის არ ჰყავს სპონსორი. ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდა, ვიცე-ჩემპიონი გახდა, არც მას ჰყოლია დამფინანსებელი“, – ამბობს აბესალომ ბასილია.
ხათუნა გიორგაძე, აჭარის ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: „თუ ვიღაცას ინდივიდუალური სპორტი უყვარს, შეუძლია სიმბოლურად დაგეხმაროს. არის ქვეყნები, სადაც სპონსორები თავისუფალი არიან გადასახადებისგან, ჩვენთან ასეთი კანონი არ არსებობს“.
მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ბადრი ვარშანიძე, რომელიც თვითონ არის ბიზნესსექტორის წარმომადგენელი და აქვს საკუთარი კომპანია, გვეუბნება, რომ მშილდოსნობაში გარკვეული შედეგების მიუხედავად მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო აფინანსებს მშვილდოსნობის პროგრამებს. „კანონმდებლობა სპონსორობას არ ახალისებს. თუკი ორგანიზაცია სურვილს გამოთქვამს დაეხმაროს სპორტს, ისე რომ მან შემდეგ შეძლოს ამ თანხის უკან ამოღება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება უფრო გაძლიერდეს კერძო ბიზნესიდან სპონსორობა სპორტში“.
ბათუმის „დინამო“ აღმოჩნდა ის კლუბი, რომელსაც სპონსორობას უწევენ სამშენებლო კომპანიები – „ანაგი“ და „ლამინ-ჯი“. კლუბის პრეზიდენტის ოთარ ფედიჩკინის თქმით, ეს კომპანიის კეთილი ნების გამოხატულებაა.
„ანაგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ გამცემლიძე ამბობს, რომ „ანაგს“ არა აქვს საცალო გაყიდვა და, შესაბამისად, არ აქვს ინტერესი სპონსორობაში დახარჯოს ფული. „ზოგადად ცალკე სასპონსორო ბიუჯეტი კომპანიას არ აქვს. რეკლამა ჩვენთვის არ არის მთავარი. ჩვენი კეთილი ნებაა შევუწყოთ ხელი სპორტის განვითარებას. მოგებაზე ორიენტირებულები რომ ვიყოთ, მაგალითად, ვიქნებოდით ჯაზფესტივალის სპონსორები, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრება. ჩვენთვის უფრო პრიორიტეტული სოციალურად დაუცველების დახმარებაა, ვიდრე სპონსორობაში თანხის გადახდა და ჩვენი სახელის სადღაც გაჟღერება. რომ გვქონდეს საცალო ვაჭრობა და ვიყოთ ისეთი კომპანია, როგორიც „კოკა-კოლაა“, მაშინ დაგვჭირდებოდა რეკლამა“.
2015 წლის იანვარში ბრიტანულმა გამოცემამ – „The Telegraph“-მა გამოაქვეყნა სტატისტიკა იმ ქვეყნების შესახებ, რომლებმაც 2014 წლის სეზონზე ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს მნიშვნელოვანი ფეხბურთელების შესაძენად. სტატისტიკის სათავეში დიდი ბრიტანეთი მოექცა, რომელმაც ერთ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ერთი წლის განმავლობაში ტრანსფერებისთვის. ამავე სტატისტიკის მიხედვით, ამ თანხას თუ მოსახლეობაზე გადავანაწილებთ, გამოვა, რომ ყოველი მეორე ინგლისელი 24 ევროს იხდის ფეხბურთელის ტრანსფერში. აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბათუმის „დინამოს“ ყოფილი დირექტორი სულხან გოგიბერიძე მიიჩნევს, რომ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით სპონსორის ინსტიტუტი საქართველოში არ არსებობს და საზოგადოების ინტერესიც დაბალია სპორტისადმი.
„აჭარის სპორტის ფედერაცია კი არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ძლივს იზიდავს სპონსორებს. სამწუხაროდ, ჩვენ საბჭოთა კავშირის შთამომავალი ქვეყანა ვართ და მსგავსი ინსტიტუტები ჩვენთვის ახალია. ჩვენთან ბილეთიც კი არ იყიდება. საზოგადოებრივი დაკვეთა არ არის. საქართველოში სპონსორებს ვუწოდებთ, მაგრამ ის ადამიანები არიან მეცენატები, რადგან ისინი ჩუქნიან ფულს და ვერანაირ სარგებელს ვერ ნახულობენ მათი გაღებული თანხიდან. სპონსორობა კი არ არის მეცენატობა. მადლობასაც არ უხდის არავინ. სპონსორს ვიღაცამ, ნებისმიერმა გამვლელმა უნდა უთხრას, რომ შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ ამას რომ აკეთებ. არ არსებობს ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებაში, ამიტომ ვერც ერთი სპონსორი ვერანაირ დონეზე ვერ ნახულობს ვერანაირ კმაყოფილებას ვერც მატერიალურს და ვერც მორალურს. როცა არსებობს ასეთი პასუხი – ფულის მეტი რა აქვს მაგას, რა პრობლემაა სპონსორობა – ეს მენტალური პრობლემაა. ადამიანების მენტალობის შეცვლა კი ძალიან რთულია“.
ბრენდინგის სააგენტო „ლაივის“ დირექტორი და ყოფილი მორაგბე ალექსი ჩიქოვანი რამდენიმე მიზეზს ასახელებს, თუ რატომ არ არსებობს ეს კულტურა სპორტში: „საქართველოში სპორტთან დაკავშირებული ინვესტიციები და სპონსორობა ფაქტობრივად არ არის სპონსორობა, ეს არის ქველმოქმედება. საზღვარგარეთ სპორტი ბიზნესია. ჩვენთან ეს არის დაბალ დონეზე, ორი მიზეზის გამო – საკმაოდ განუვითარებელია ადგილობრივი ჩემპიონატები, სპონსორი სადაც ჩნდება და სადაც, წესით, ხალხი უნდა დაესწროს და მეორე – არც სპორტის წარმომადგენლებმა იციან სპონსორებთან მუშაობა, არ იციან რა შესთავაზონ და როგორ შეფუთონ ეს შეთავაზება“.
სულხან გოგიბერიძეს, რომელიც საზოგადოების აქტიურობას მიიჩნევს სპონსორობის კულტურის გასავითარებლად, უცხო ქვეყნის მაგალითები მოჰყავს: „გერმანიის წამყვანი კლუბის – „მიუნხენ ბაიერნის“ ერთ-ერთი სპონსორი ლუდის მწარმოებელი კომპანია „პაულანერია“. ბაიერნის გულშემატკივარი სხვა ლუდს იმიტომ არ სვამს, რომ იცის კომპანია მის საყვარელ გუნდს აფინანსებს. 50 000 კაცი დადის თავიანთ არენაზე და 50 000 ლიტრი იყიდება ყველა შაბათ-კვირას, იქ იყიდება მარტო სპონსორის ლუდი. არსებობს ასეთი იტალიური კომპანია – „პირელი“, რომელიც საბურავებს უშვებს. მისი მფლობელი არის „ინტერ მილანის“ მფლობელი და ერთ-ერთი სპონსორი. 10-15 წლის უკან კლუბმა იყიდა თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი ემრე. თურქული ტრაილერები და თურქული კომპანიები ემსახურებიან მსოფლიოს ქვეყნებს ავტოტრანსპორტის გადაზიდვებში. თურქი მძღოლების თითქმის ასმა პროცენტმა „პირელის“ საბურავები იმიტომ დააბნია მანქანებზე, რომ იცოდნენ მილანში ემრე თამაშობდა. აი, ეს არის სპონსორი და საზოგადოება, ეს მომენტები ჩვენთან არ არსებობს“.
რა უნდა მოხდეს, რომ საქართველოში განვითარდეს სპონსორობის კულტურა? – ალექსი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ საჭიროა ჩემპიონატების დონის გაზრდა, ხალხის ხშირი დასწრება და მედიის მხრიდან სპორტული ღონისძიებების გაშუქება.
რამდენად მნიშვნელოვანია სპონსორები სპორტში? – აუცილებელია, ამბობს აჭარის ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ასათიანი: „ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირზე დიდი წარმატებით გამოდის. მას თავის დროზე საკმაოდ დიდი დაფინანსება ჰქონდა, რადგან ჰყავდა სპონსორი და გადაიყვანეს მოსკოვში. გიორგი ცივაძე ჩემი ყოფილი მოსწავლეა, ამჟამად ბათუმში აგრძელებს ვარჯიშს და არაფრით ჩამორჩებოდა ბასილაშვილს. მე პირადი მოწმე ვარ, როცა ბასილაშვილი ზაფხულში ჩემთან ვარჯიშობდა, გიორგი ცივაძე ფაქტობრივად უგებდა კიდეც მას. ნიკოლოზ ბასილაშვილი ახლა ერთი თავით იმიტომ დაწინაურდა, რომ მას ჰქონდა მომზადების მეტი პირობები. პერსპექტიული ბავშვი ახლაც ბევრი გვყავს, თანადგომა თუ იქნება, მათ მიღწევები აუცილებლად ექნებათ“.
ბენზეს დასახლებაში, იქ, სადაც ყოროლისწყალი ჩამოედინება, ზოგიერთი მოსახლის საცხოვრებელი რეგისტრირებულია და, შესაბამისად, კანონიერია, ზოგიერთის – დაურეგისტრირებელი, ანუ უკანონოა. კანონიერად თუ უკანონოდ აშენებულ სახლებში მცხოვრებთ ერთნაირად ეშინიათ ყოროლისწყლის მოვარდნის. სპეციალისტების მოსაზრებით, ეს არც თუ უსაფუძვლო შიშია – რადგან მდინარე სწორედ ღვარცოფული მოვარდნით გამოირჩევა.
ყოროლისწყლის ორივე მხარეს ტიპური ორსართულიანი სახლები დგას, მაგრამ უფრო დაბლობზე, ლამის ზედ მდინარეზე პატარა ქოხებია ჩამწკრივებული. ამ უკიდურესად ღარიბულ ქოხებში ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ. ერთ ქოხში ქამადაძეების 11-სულიანი ოჯახია შესახლებული, ამ ოჯახში მე-12 წევრს სულ რამდენიმე კვირაში ელოდებიან.
კიდევ ერთ ქოხში მარტოხელა პენსიონერი, ნატალია ჩეჩერინა ცხოვრობს. მათი ქოხებიდან მდინარე სულ 3-5 მეტრით თუა დაშორებული. მეზობლად მდგომი კიდევ ერთი ქოხი კი მდინარეს სულაც ერთი მეტრით იქნება მოშორებული. მდინარე ამ მონაკვეთში ჯებირების გარეშე, სრულიად მოშიშვლებულია. სპეციალური ცოდნა ნამდვილად არ არის იმის აღსაქმელად საჭირო, თუ რამხელა ადგილი აქვს მიტაცებული მდინარეს ამ ტერიტორიაზე და რა ცოტაღა აშორებს ქოხებს.
რატომ ცხოვრობენ ადამიანები ნებაყოფლობით სიცოცხლისთვის ასე საშიშ გარემოში?! – ყოველ მათგანს საკუთარი ისტორია აქვს. თინა ქამადაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად აქ 15 წლის წინ დასახლდა. მდინარემ იმავე წელს შეუქმნა მათ საფრთხე, მაგრამ ნაკლები დანაკარგებით გადარჩნენ. ამბობს, რომ მის ქმარს სამი ძმა ჰყავდა, სოფელში მიწა არ ჰქონდა, ამიტომ წამოვიდნენ ქალაქში საცხოვრებლად. მერე იყო ხანგრძლივი გადაბარგება ქალაქის ერთი უბნიდან მეორეში, სადაც ბინას ქირაობდნენ. გაუსაძლისი გახდა ეს ყოფა და ზედ მდინარეზე დასახლდნენ, რომლისგანაც მაშინ ჯებირები მეტ-ნაკლებად იცავდა.
ქამადაძეების ქოხი უკანონო მშენებლობაა.
ირმა აბულაძემ და მისი ოჯახის კიდევ ხუთმა წევრმა ყოროლისწყლის ნაპირზე ცხოვრება იმის გამო აირჩიეს, რომ ის მიწა გასკდა, სადაც სახლი ედგათ, შესაბამისად, იქ ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელი იყო.
ერთამენთს ჰგავს ხათუნას, დათოს, ილიას ისტორიებიც, ზოგს სოფელში არ უნდა ცხოვრება, ზოგს სოფელში მიწა არ აქვს, ზოგსაც სოფელში მეწყერმა დაუნგრია სახლ-კარი. ისინი ყვებიან თუ როგორ შეხვდნენ ბათუმის ვიცე-მერს ბაგრატ მანველიძეს, რომელიც დაჰპირდა, რომ ნაპირის გამაგრებითი სამუშაოები 20 ივნისიდან დაიწყებოდა, თუმცა არაფერი დაწყებულა.
ყოროლისწყლის მარჯვენა დასახლებაში (როცა ბათუმიდან გადიხარ) კი ადამიანები ათეულობით წლებია ცხოვრობენ. სწორედ მათ შეუვარდათ ადიდებული ყოროლისწყალი სახლში არაერთხელ. აქაურები „ბათუმელებთან“ ყვებიან იმ ინსტიქტების შესახებ, რაც ამ მდინარესთან ურთიერთობით გამოიმუშავეს – როგორც კი ადიდებას იწყებს, სახლებს ტოვებენ. „2-3 მეტრით იწევს სიმაღლეში… კალაპოტი მაინც რომ გაუწმინდონ, ასეთ მძიმე შედეგს არ მოიტანდა, მაგრამ გამგებელ სალუქვაძეს რომ ვეუბნებით იქნება მიიტანოს მერიამდე ამბავი, გვეუბნება – ივანიშვილს პოლიტიკის გატარება ჩვენთვის არ დაუვალებიაო. სულ არ მინდა პოლიტიკაზე ვილაპარაკო, მაგრამ ფაქტია – ყოველ გაწვიმებაზე „ნაციონალები“ აქ, ჩვენთან ერთად იდგნენ ქოლგებით, ამათ ვერაფერი შევასმინეთ“, – ყვება თავის თუ მეზობლების გულისტკივილს იოსებ ბერიძე.
დასახლებაში სულ ზეპირად იციან რომელ წელში რომელ მონაკვეთზე გაანგრია ჯებირი მდინარემ. ყველაზე მძიმედ მაინც 1991 წელი ახსოვთ, როცა დილამდე ხეებზე მოუწიათ ჯდომა ადამიანებს. ყოროლისწყალი ბოლოს გასულ წელს მოვარდა და თან წაიღო როგორც წლების წინ აშენებული, ისე ორი წლის წინ „საუცხოოდ ნაშენი 100 მეტრი სიგრძის ჯებირები“. ახლა ამ ჯებირებისგან ფრაგმენტებიღაა დარჩენილი.
„მტირალას ტაფობი, ორთაბათუმი, აგარა… სულ აქ მოდის. საშინელებაა… როცა უყურებ, რომ მდინარე შემოდის ეზოში, მაშველს რატომღა უნდა დაელოდო“, – ყვება ჯამბულ შავაძე, რომელიც ყოროლისწყალს დიდი ხანია აკვირდება და დასძენს, რომ თუ ნება იქნება, 300-500 მეტრი სიგრძის ჯებირის მშენებლობა არც ისე ძვირი დაჯდება: „ჩვენ ვიმუშავებთ, მარტო ტექნიკა გვინდა. მასალაც აქვეა – კალაპოტიდან ქვებს აკრეფ და ამით დაიყორება. ასე ძალიან დიდი ტერიტორია დამაგრდება“.
რას აპირებს ბათუმის მერია? – „ბათუმელები“ შეეცადა ამ საკითხზე მერიის პასუხისმგებელი პირისგან დეტალური განმარტებები მოესმინა, თუმცა მერიიდან პრესცენტრის მეშვეობით გვაცნობეს, რომ კომენტარს არ გააკეთებენ. მერიის წერილობითი განმარტება კი ასეთია: `მდინარე ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. მერიამ გასულ წელს მიაწოდა ფოტომასალა და მონაცემები სამწინისტროს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები. აღნიშნულ მონაკვეთზე მცხოვრები მოსახლეობა არაერთხელ იქნა გაფრთხილებული მერიის მხრიდან სიტყვიერად და წერილობით მდინარის ადიდების შემთხვევაში შესაძლო საფრთხის შესახებ“.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კი მართლაც აპირებს ამ უბნის ჯებირებისთვის 329 568 ლარის დახარჯვას. მის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „გაბიონი 2000“-ს გაუმარჯვია. ამ ეტაპზე სამინისტრო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებით არის დაკავებული. ტენდერის მიხედვით „ქ. ბათუმში, მარკოზ აჭარელის მე-4 ჩიხში (მოქალაქე შაქრო ბერიძის სახლთან), მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტის ორ უბანში ნაპირსამაგრი სამუშაოები შესრულდება“.
აჭარის მთავრობამ „ბაბილონ თაუერის“ მშენებელ კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა ერთხელ კიდევ აპატია. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია „Tam Geo“ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდისგან (ჯარიმა) გაათავისუფლეს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის #248 ბრძანებაში, რომლითაც მინისტრმა დავით ბალაძემ კომპანია ჯარიმისგან გაათავისუფლა, ნათქვამია, რომ კომპანია ჯარიმისგან თავისუფლდება სამინისტროსთან მანამდე ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულების პირობით. ამავე ბრძანებით კომპანიასთან შესაბამისი აქტის გაფორმება მინისტრმა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს გელა ცინცაძეს დაავალა.
აჭარის მთავრობა „Tam Geo“-ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას პირველად არ პატიობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავრობამ საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით „ბაბილონ თაუერის“ მშენებელი ინვესტორი 2012 წლის 31 დეკემბერს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით 589 914 ლარის ჯარიმისგან, ხოლო 2013 წლის 26 დეკემბრს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით 91 372 ლარი ჯარიმისაგან გაათავისუფლა.
„კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ დაწყებულ პროექტს მიიყვანს ბოლომდე და დაასრულებს მშენებლობას“, – ნათქვამია წერილში, რომელიც „ბათუმელებმა“ სამინისტროსგან 2015 წლის 13 თებერვალს მიიღო. მინისტრის ბრძანება კი, რომლის მიხედვითაც „Tam Geo“ პირგასამტეხლოსგან კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს, 2015 წლის 3 ივნისით თარიღდება. შეასრულებს თუ არა კომპანია ამჯერად დაკისრებულ მოვალეობას, ეს მომავალში გამოჩნდება.
მინისტრის ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ კომპანია პირგასამტეხლოსგან ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების (#150 20/05/2015) საფუძველზე გაათავისუფლა. საგულისხმოა ისიც, რომ კომპანიას, რომელიც სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებს ვერ ასრულებს, არჩილ ხაბაძემ 2014 წლის სექტემბერში ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან K2 კოეფიციენტის 15,50-მდე, ანუ მიმდინარე სამშენებლო პროექტის სიმაღლის გაზრდაზე უშუამდგომლა. სარეკომენდაციო წერილში არჩილ ხაბაძე წერდა, რომ „კომპანიას განზრახული აქვს შენობის სიმაღლის 171 მეტრამდე გაზრდა“.
2015 წლის თებერვალში ბათუმის საკრებულომ კომპანიები, რომლებიც ბათუმში 30 მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ, ბუნდოვანი არგუმენტებით, ფასიან ზონაში K2 მოსაკრებლის ანუ სიმაღლის გადახდისგან გაათავისუფლა. გასულ წელს ამ მოსაკრებლისგან ბიუჯეტში მილიონზე მეტი ლარი შევიდა.
WWF კავკასიის წარმომადგენლობამ პროგრამის – „სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესება ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის“ ფარგლებში, შეიძინა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სსიპ სატყეო სააგენტოს უსასყიდლოდ გადასცა საჭირო მასალები და ინვენტარი: მინი-ტრაქტორი „ბელარუსი 422“ (ერთი ერთეული), საბურღი აგრეგატი ЬС 500 (ერთი ერთეული), კულტივატორი КПШ 2,0 (ერთი ერთეული), ფრეზერ-კულტივატორი Tortella TO 165 (ერთი ერთეული).
ტყეებს უკავიათ მთლიანი ფართობის 65%. აქ შეხვდებით როგორც სუბალპურ, ასევე კოლხურ შერეულ ფოთლოვან ტყეებს, რომლებიც ძირითადად წარმოდგენილია მუხნარებით, წიფლნარებით, წაბლნარებით, სოჭნარებით, ნაძვნარებითა და ფიჭვნარებით.
აჭარაში სულ ტყის ფონდი შეადგენს 191 603,7 ჰექტარს. მათ შორის სახელმწიფო ნაკრძალი – 13.693 ჰ, ეროვნული პარკი – 15 807,1 ჰა, მწვანე ზონის ტყეები – 6 668,1ჰა, სასმელი წყლის წყალშემკრები აუზის ზონის ტყეები – 1 990,9 ჰა, დასახლებული პუნქტების მიმდებარე დაცვითი ტყის უბნები – 12 421,9 ჰა, სუბალპური ტყეები – 7 084,1 ჰა, წყლის ობიექტების ნაპირდამცავი ზოლები – 5 869, 0 ჰა, ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ტყეები – 128 069,6 ჰა.
ბატონო მამუკა, რა პროექტები აქვს მიმდინარე სეზონზე დეპარტამენტს დაგეგმილი და რა განხორციელდა აქედან ამ ეტაპზე?
უმრავლესობა პროექტებისა, რომლებიც მიმდინარე წელს იყო დაგეგმილი, განხორციელდა ან განხორციელების პერიოდშია. ძირითადად არის ის სარეკლამო, მარკეტინგული ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ ჩავატარეთ ცხრა სამიზნე ბაზარზე, ახლა ვიწყებთ შიდა ბაზარზე, ანუ საქართველოსთვის. ამას ემატება იმ პროფესიონალების ჩამოყვანა, რომლებიც ჩვენ პრესტურებისა და ტურისტული ოპერატორების საშუალებით ჩამოგვყავს ბათუში, დაახლოებით 100 ადამიანი წლის ამ მონაკვეთისთვის. შესაბამისად იმავე რაოდენობის პროფესიონალი ჩამოვა წლის ბოლომდე. ამას ემატება სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება. ახლახან ახალი ვებგვერდი ჩავუშვით, რომლითაც შესაძლებელია ჩვენი ყველა არსებული პროდუქტის მიღება.
ტურისტულ ცენტრებს დავამატეთ ერთი ცენტრი და რვა ტურისტული ცენტრით ვართ ახლა წარმოდგენილი, სადაც ტურისტებს საშუალება ექნებათ შეიძინონ ჩვენი ახალი პროდუქტი – ფასდაკლების ბარათი. ამ ფასდაკლების ბარათით თითქმის ყველა ტურისტულ ობიექტზე ჩვენს ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ფასდაკლება. ჩვენ ჯამში გვაქვს რვა ახალი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, ორი ბათუმში.
რა ეღირება ფასდაკლების ბარათი და როდის შეძლებენ ტურისტები მისით სარგებლობას?
ეს არ იქნება უფასო, ექნება კონკრეტული საფასური, რისი საშუალებითაც ტურისტი მიიღებს რამდენიმე ათეულ ტურისტულ ობიექტზე სხვადასხვა სახის და რაოდენობის ფასდაკლებას. ფასდაკლების ბარათი გაიყიდება ჩვენს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში. ფასზე გამოცხადდება ტენდერი და ამ ტენდერის შედეგები უკვე კონკრეტული ფასის დაწესების საშუალებას მოგვცემს. ივლისის შუა რიცხვებიდან იქნება შესაძლებელი ამ პროდუქტის შეძენა ჩვენს საინფორმაციო ცენტრებში.
ტურისტული სეზონის ერთი თვე უკვე გავიდა. რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ამ სერვისის მიწოდება?
ამ სერვისთან იყო სხვადასხვა სახის გამოწვევები, რაც ძირითადად გულისხმობდა იმ მოთამაშეების ჩართვას ამ პროცესში. მოგეხსენებათ ობიექტების დიდი რაოდენობა, რომლებიც სეზონურად იხსნება, არ არის ხელმისაწვდომი სეზონამდე. შესაბამისად ჩვენ არ გვქონდა იმის საშუალება, რომ ამ ადამიანებთან, მფლობელებთან გვქონოდა ურთიერთობა სეზონამდე და შევთანხმებულიყავით კონკრეტულ დეტალებზე. მას შემდეგ, როცა მათი უმეტესობა ჩაერია ბიზნესში და უფრო კონკრეტული გეგმები დასახეს, გაგვიცხადეს თანხმობა. არ გვინდოდა ყოფილიყო მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული სერვისი თუ პროდუქტი წარმოდგენილი ამ ბარათში და ამიტომაც ეს პროცესი მოვიდა დღემდე. მაგრამ მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი პორდუქტი არ ყოფილა აქამდე, წელს პირველი წელია და ჩვენ გვექნება ხარვეზების გამოსწორებისა და ახალი შესაძლებლობების შემოწმების საშუალება, შესაბამისად შემდგომ უკვე უფრო ადრე ჩაეშვება.
ტურისტული პროდუქტებისა და სერვისებისთვის მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტში. კონკრეტულად რა ახალ პროდუქტს შესთავაზებთ ტურისტებს გარდა ამ ახალი ფასდაკლების ბარათებისა?
წელს ჩვენ დავამთავრეთ ხუთი ახალი მარშრუტის სრულყოფა და მარკირება. რაც გულისხმობს მარშრუტების როგორც ფიზიკურ მარკირებას, ასევე მის ელექტრონულ ვერსიას. მალე მარშრუტები, კერძო სექტორის დახმარებით, ექსპლუატაციაში შევა. ანუ ის ადამიანები, რომლებიც ტურიზმის მსგავსი სერვისებით არიან წარმოდგენილნი ბაზარზე, იქნებიან აქტიურად დაკავშირებული ჩვენს მარშრუტებთან და შესაბამისად მოხდება ამ მარშრუტების კომერციალიზაცია. მარშრუტები მოიცავს მთიან აჭარას, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს, სადაც, როგორც მოგახსენეთ, განვითარებულია სამი სახეობის მარშრუტი – საფეხმავლო, საველოსიპედო და მაღალი გამავლობის მანქანებისთვის. ასევე ხორციელდება არსებული ტურისტული პროდუქტების გამრავალფეროვნება.
საერთაშორისო ტურისტულ მარკეტინგზე მინდა გკითხოთ, გასული წლის მაგალითზე თუ შეგიძლიათ მითხრათ რამდენად წარმატებული იყო თქვენ მიერ წარმოებული კამპანია და წელს რატომ ვერ მოხერხდა არსებული ცხრა ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებზე გასვლა?
ჩვენ მიერ წარმოებულ წარმატებულ კამპანიაზე საუბრის საშუალებას თქვენ მოგცემთ არსებული სტატისტიკა. ბოლო ხუთი თვის მონაცემებით ჩვენ გვაქვს 3 %-იანი მატება. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით ჩვენ სამიზნე ქვეყნებში, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ მიერ წარმოებულმა კამპანიებმა იქონია შედეგი და ჩვენ შარშანდელი ნაკადი შევინარჩუნეთ. უფრო მეტიც, ცოტათი გავაუმჯობესეთ კიდეც. ის მიზანი, რაც გვქონდა დასახული, შევასრულეთ და ეს სხვაობა სახეზეა 2014 და 2015 წლების შედარებით.
რაც შეეხება მეორე კითხვას, ვერ მოხერხდა არა, არ მოხერხდა. შეგნებულად გაკეთდა იგივე ცხრა ქვეყანაზე კამპანიების წარმოება, იმიტომ, რომ ეს ცხრა ქვეყანა [თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ბელორუსია, ისრაელი, ყაზახეთი, პოლონეთი და რუსეთი], რომელიც სამიზნედ მიგვაჩნია, უკვე მესამე წელია სრულად არ აგვითვისებია იმ გეგმიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს. იგეგმება კიდევ უფრო გაძლიერება მარკეტინგული კამპანიისა მომავალ წელს და ასევე დიდი ალბათობით შეიძლება მათი რაოდენობაც გაიზარდოს მომავალი წლისთვის. რა თქმა უნდა, წელს ეს არ მოხერხდება, რადგანაც კამპანიების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. თუმცა ჩვენ ახალი ბიუჯეტის მომზადების პროცესში ვართ და შესაბამისად ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მარკეტინგული კამპანიებისთვის, რა თქმა უნდა ნიშნავს ჩვენი სამიზნე ბაზრების დივერსიფიკაციას და თუ გვექნება რაიმე სიახლე, შეგატყობინებთ.
რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებისთვის ქვეყნის შიგნით ბიუჯეტში 240 ათასი ლარი გაქვთ გათვალისწინებული. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რა ტიპის რეკლამა გააკეთა დეპარტამენტმა, სად განათავსეთ?
შიდა ბაზარზე რეკლამირება ახლა იწყება. მოხდება ზაფხულის სეზონის სტიმულირება და მეორე ტალღა ამ რეკლამებისა იქნება უკვე ზამთრის სეზონის სტიმულირებისთვის. ეს, რა თქმა უნდა, განხორციელდება სხვადასხვა სახის მარკეტინგული საშუალებებით, როგორიც არის ტრადიციული მარკეტინგული ხერხები, ასევე ონლაინმარკეტინგული საშუალებები. ტენდერს გამოვაცხადებთ სამ ივლისს, შემდგომ ტურისტებისათვის კი ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება უკვე ივლისის შუა რიცხვებიდან.
გამომდინარე იქიდან, რომ უკვე სეზონის მეორე თვეა, ხომ არ ფიქრობთ, რომ დაგვიანებულია შიდა ბაზარზე სარეკლამო კამპანიის დაწყება?
რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ეს შეგნებულად მოვახდინეთ ზაფხულის სეზონზე, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ბოლო სამი წლის განმავლობაში შიდა ტურისტების რაოდენობის ზრდის დინამიკა არ არის სახარბიელო. ჩვენ გავაკეთეთ აქცენტი შიდა ტურიზმის რეკლამაზე მაშინ, როცა ყველაზე დიდი საშუალება აქვს სერვისებისა და პროდუქტების ფართო სპექტრის მიწოდებისა ჩვენ რეგიონს. ამიტომაც წლის ამ მონაკვეთზე გაკეთდა აქცენტი. თუმცა მაშინ, როცა ჩვენ პროდუქტებისა და სერვისების რაოდენობა გაგვეზრდება რეგიონის სხვა ნაწილში, მოგეხსენებათ გოდერძის უღელტეხილის პირველი ნაწილი დასრულდება და ექსპლუატაციაში შედის, ჩვენ უკვე მომავალ წელს ამ მიმართულებით ვიქნებით ფოკუსირებული. შემდგომ რა თქმა უნდა, მოხდება მსგავსი ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების რეკლამირება ჩვენს ბაზარზე. იქნება გარე რეკლამები, მუნიციპალურ ტრანსპორტზე განთავსდება, სატელევიზიო რეკლამა იქნება რეგიონულ ტელევიზიებში და რა თქმა უნდა, ინტერნეტრეკლამა.
ბათუმის მერიას დაგეგმილი აქვს ფესტივალების ე.წ. „ჰიტ სეზონის“ ჩატარება. რამდენად კოორდინირებულად მუშაობთ მათთან?
ტურიზმის დეპარტამენტი ამ პროცესებში თავიდანვე იყო ჩართული და ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა დეპარტამენტის არის ამ „ჰიტ სეზონის“ შესახებ შიდა და უცხოურ ბაზრებზე ინფორმაციის მიწოდება. ჩვენი შიდა ტურიზმისა და ონლაინმარკეტინგის პროგრამა დიდ წილად მოხმარდება იმას, რომ ეს ივენთკალენდარი იყოს მისაწვდომი და ცნობადი ტურისტებისთვის. სწორედ ამ კუთხით, ამ ჭრილში დავგეგმავთ ყველა არსებულ მარკეტინგულ კამპანიას.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბიუჯეტში ტურიზმის დარგში მომსახურების საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობისათვის 30 ათასი ლარია გამოყოფილი. ტურისტები აღნიშნავენ, რომ ხშირად ფასი და სერვისი აჭარაში არ შეესაბამება ერთმანეთს. ამ კუთხით რა უფლებები გაქვთ, რას აკეთებს დეპარტამენტი?
გეთანხმებით. არაადეკვატური შეიძლება ითქვას. მოგეხსენებათ ამ კუთხით საკანონმდებლო დონეზე არავითარი რეგულაცია არ არსებობს. დეპარტამენტს პირდაპირი ბერკეტები არ აქვს, ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ ეკონომიკურ ინტერვენციას ამ ბაზარზე, მაგრამ სერვისის ამაღლების კუთხით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ, რაც გამოიხატება ჩვენი ტრენინგების საშუალებით, თუმცა საჭიროა ასევე უფრო კომპლექსური მიდგომა, რაც ზოგადად გულისხმობს განათლების სისტემაში ტურიზმის განვითარებას, პროფესიული სკოლების უფრო ფართო სპექტრის განვითარებას და ა.შ. თუ დღევანდელ სიტუაციას შევადარებთ 2010 წლის სიტუაციას, რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთეს სიტუაციაში ვიმყოფებით, ამიტომ მე ვფიქრობ, განვითარება მიმდინარეობს სწორად, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ჩვენმა ტურისტმა განაცხადოს, რომ ფასი და ხარისხი არის შესაბამისი.
რამდენ ტურისტს ელოდებით მიმდინარე სეზონზე?
ჩვენ შარშან მივიღეთ დაახლოებით 430 ათასი ტურისტი, ვვარაუდობთ იმ ტენდენციის შენარჩუნებას, რომელიც აქამდე გაგვაჩნდა. მე ვფიქრობ, წლის ბოლოს გვექნება ტურისტების რაოდენობის 5%-იანი ზრდა.
„გურულ-აჭარული ხორუმი, ასე იწოდება, მაგრამ უფრო მეტად განვითარდა აჭარაში. გურიაშიც კი ცეკვავენ და კოსტუმირებაც ერთნაირია, მაგრამ უფრო მეტად აჭარაშია განვითარებული. ახლა შეიძლება აჭარულ-გურულიც ვთქვათ. ხორუმი სრულდებოდა აჭარაში პატარ-პატარა ჯგუფებში. მოცეკვავეთა რაოდენობა აუცილებლად კენტი რიცხვი უნდა იყოს – სამი, ხუთი, შვიდი და ცხრა კაცი. კენტი რიცხვის მოცეკვავეები წრეს უფრო ლამაზად კრავენ“, – ამბობს ქორეოგრაფი თემურ ბიბილეიშვილი.
ხორუმი თავისი რითმით, მუსიკალური წყობით სრულიად განსხვავდება საქართველოში გავრცელებული ცეკვებისაგან.
„აჭარული, მთიულური, ლაზური, ორ მეოთხედზე სრულდება, ამას აქვს ხუთი მერვედი მუსიკის ზომა. ეს ცეკვა არც ერთ ცეკვას არ ჰგავს არა მარტო საქართველოში, საერთოდ დედამიწაზე. ასეთი რიტმი არ არსებობს. ეს არის ჩვენი სიმდიდრე. პირველ რიგში, აჭარის სიმდიდრე, რომ ასეთი უნიკალური ნომერი სრულდებოდა აქ“, – ამბობს ქორეოგრაფი.
მისი თქმით, ცეკვა ხორუმი ხუთი ნაწილისგან შედგება. ცეკვაში ბევრი ისეთი ელემენტია, რომელიც საბრძოლო მოქმედებებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ ელემენტების გამო მიიჩნევენ, რომ ხორუმი საბრძოლო ცეკვაა.
პირველი ნაწილია „ჯარის“ შემოსვლა და დაბანაკება. მას შემდეგ, რაც „ჯარი“, ანუ მოცეკვავეები დაბანაკდებიან, მას მზვერავები გამოეყოფიან და არემარეს დაზვერავენ. ეს დაზვერვა ცეკვაში ხელის მოჩრდილვის დეტალითაა წარმოდგენილი.
„ძალიან ბევრი ვიმუშავე მაგაზე და ბევრი წყარო მოვიძიე, მაგრამ პირველად ვინ მოიჩრდილა ეს ხელი და ვინ შეუქმნა ამ ცეკვას ეს იმიჯი, კაციშვილმა ვერ მითხრა. გამოცდილ ქორეოგრაფებსაც ვეკითხებოდი, მაგრამ არავინ იცოდა. ზუსტად ეს ხელის მოჩრდილვა აძლევს ამ ცეკვას იმ შინაარსს, რომ ეს არის საბრძოლო ცეკვა“, – ამბობს თემურ ბიბილეიშვილი.
დაზვერვა არის ხორუმის მეორე ნაწილი. მზვერავი შეიძლება იყოს ერთი, ორი, სამი მოცეკვავე. მიდამოს ხელის მოჩრდილვით ზვერავენ, რომ გაიგონ „მტერი“ სადმე ახლომახლოს ხომ არაა. დაზვერვის ელემენტია ასევე სცენაზე გაწოლა და ყურის დადება. ცნობილია, რომ ძველად სწორედ ასე, მიწაზე ყურის დადებით იგებდნენ მზვერავები რამდენად ახლოს იყო მოწინააღმდეგის ჯარი.
ცეკვის მესამე ნაწილია ე.წ. ფრონტზე შესვლა და ჯარის გაშლა. მოცეკვავეები ამ დროს სცენაზე იშლებიან და სხვადასხვა ილეთს აკეთებენ. მეოთხე ნაწილია უშუალოდ ბრძოლა და მეხუთე ნაწილით – გამარჯვებით, ცეკვა სრულდება. ბრძოლის ნაწილში ერთი ელემენტია. მოცეკვავეები მკლავზე იწვენენ ერთ-ერთ მოცეკვავეს და ისე გაჰყავთ სცენიდან. ეს გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს, რომ მებრძოლი დაიჭრა და მისი თანამებრძოლები ამ ფორმით არიდებენ ხიფათს. თემურ ბიბილეიშვილი კიდევ ერთ მოსაზრებას გვიზიარებს, რომლის მიხედვითაც ხორუმი ერთგვარი შეჯიბრია.
„გურიაში ის ვაჟკაცი იყო ყველაზე დასაფასებელი და ძლიერი, ვინც დვაბზუდან ბუქნებით ჩამოვიდოდა ოზურგეთში. ასეთი ლექსია: „ფარცა, ფარცა, ფარცატილა ყურში სისხლი რამ გადინა? ლაშქარს ვიყავ დავიჭერი, ყურში სისხლი მან მადინა“. სინამდვილეში 5-6 კილომეტრი ბუქნით მოდიოდნენ და იმიტომ ემართებოდათ ასე. შესაძლებელია აქედანაც განვითარებულიყო ხორუმში სხვადასხვა ელემენტი. ხორუმის ცეკვის დროს მოცეკვავეები აკეთებენ ბუქნებს, წამოდგომებს, გასმებს“, – ამბობს თემურ ბიბილეიშვილი.
ხორუმის თავისებური ვერსია აქვთ ლაზებს. ლაზური ხორუმის ერთ სახეობას „მხუჯიში“ ჰქვია. აჭარული ხორუმისგან იმით განსხვავდება, რომ ილეთები ფეხის ნელი გასმით კეთდება. ამის მიზეზი ისაა, რომ თითოეულ მოცეკვავის მხარზე სხვა მოცეკვავე დგას. მოცეკვავეებს ერთმანეთისთვის მხარზე აქვთ ხელი შემოხვეული და ამ გზით ინარჩუნებენ წონასწორობას. ილეთიდან ილეთზე გადასვლა თანის თანაბარი მოძრაობით ხდება. მუსიკა, რომელიც ამ დროს ისმის, ძირითადად, ჭიბონზე და დოლზე სრულდება. მოცეკვავეები ნელი ხმით მღერიან: „შავო ბიჭო, მძივის თვალებიანო“ და ცეკვავენ.
განდაგანა
ფოტო აჭარის სახელმწიფო ანსამბლის ვებგვერდიდან
აჭარულ სატრფიალო ცეკვას „განდაგანასაც“ უწოდებენ. ცეკვაში ქალის პარტია განი-გან სრულდება. სწორედ აქედან წარმოდგება მისი სახელწოდება. აჭარულ ცეკვაში მხარისთვის დამახასიათებელი ყოფა ცხოვრების ელემენტებია გადმოცემული. სხვადასხვა ანსამბლი ცეკვას სხვადასხვაგვარად ასრულებს. ორიგინალ ვერსიაში კი აჭარულის ცეკვას ქალი იწყებს.
„ეს არის ყველაზე ლამაზი საცეკვაო ნიმუში, რომელიც აჭარაში განვითარდა. მართალია, ქალი და კაცი აჭარაში ცალ-ცალკე მუშაობდნენ, მაგრამ ლხინში მაინც ახერხებდა ახალგაზრდობა ერთმანეთთან შეხვედრას. ცალკე ნაწილებად სრულდება ვაჟთა და ქალთა ცეკვები“, – ამბობს ქორეოგრაფი თემურ ბიბილეიშვილი.
მისი თქმით, ცეკვის წარმოშობა ტრადიციულმა ყოფა-ცხოვრებამ განაპირობა. ადრე სოფლებში სხვადასხვა საქმისთვის ნადს იწვევდნენ. ქალები და კაცები იკრიბებოდნენ და მუშაობდნენ. ქალებს დამჯდარი და მოდუნებული მუშაობა დიდხანს არ შეეძლოთ. საჭირო იყო ამდგარიყვნენ და გაემართათ მუხლი. ამიტომ იწყებდნენ მოძრაობას. განდაგანას დასაწყისი სწორედ ამ ნადის განსახიერებაა. ცეკვა იწყება ქალების გამოსვლით. მიზანსცენები სხვადასხვაგვარია – საჩეჩელთან ჯდომა ან ძაფის დართვა.
„ცეკვას თითქოს განსამუხტად იწყებს ქალი. ამას ცოტა მოშორებით მდგომი ბიჭი ხედავს, გამოდის და გოგოსთან გამართავს სატრფიალო ცეკვას. ეცეკვება გოგოს და აწონებს თავს. შემდეგ შემოდიან ბიჭები და გამართავენ მხარულს. ამ მხარული ცეკვის დროს კიდევ გამოჩნდება სხვა წყვილი და ერთმანეთს ეცეკვებიან. სახასიათო მოძრაობებს აკეთებენ. ვაჟები აკეთებენ მკვირცხლ მოძრაობებს, გოგონების მოსაწონად ცეკვავენ“, – ამბობს ქორეოგრაფი.
განდაგანაში არის ერთგვარი შეჯიბრის მომენტი. სოლისტები ერთი-მეორეზე უკეთეს ილეთებს აჩვენებენ, თითქოს ეჯიბრებიან ერთმანეთს. შემდეგ ისევ ქალი შემოდის სცენაზე. ეს ნიშნავს, რომ ვაჟებმა დაიმსახურეს მისი ყურადღება. ქალები ჰაეროვნად ასრულებენ თითოეულ მოძრაობას.
„ზოგიერთი მოძრაობა ფრინველების მოძრაობასაც კი მიაგავს. მაგალითად, ულამაზესი ფრენა აქვს თოლიას. ეს გამოყენებულია ქალების ხელების მოძრაობაში და უფრო საინტერესოს ხდის მას“, – ამბობს თემურ ბიბილეიშვილი.
ფათიკო
ცეკვა ფათიკო ძირითადად აჭარაში ქორწილში სრულდებოდა. ცეკვა ერთგვარად წარმოადგენს პოლიგამიური ოჯახიდან მონოგამიურ ოჯახზე გადასვლის სურვილს. უფრო დეტალურად, მრავალქმრიანობიდან და მრავალცოლიანობიდან ინდივიდუალურ ცოლ-ქმრობაზე გადასვლას. ამიტომაც ჯოხმომარჯვებული საქმრო დასდევს იმ აბეზარ მამაკაცებს, რომლებიც ქალში ეზიარებიან. ქალის როლსაც მამაკაცი ასრულებდა, რადგან ქალებს ცეკვა ეკრძალებოდათ XIX-XX საუკუნის წესებით. ამ ცეკვას ხშირად მაყარი თხოულობდა, უმეტესად ცეკვა ფათიკოს ითხოვდნენ.
2010 წელს ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 53%-მდე იყენებს ოჯახის დაგეგმვის რომელიმე მეთოდს, მათგან 1/3 ტრადიციულ მეთოდებს, რომელთაც არაეფექტურობის მაღალი მაჩვენებლები აქვთ, რაც ხშირად არასასურველი ორსულობითა და ხელოვნური აბორტით მთავრდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინფორმაციით, აბორტის შემდგომ განვითარებული გართულებების სპექტრი საკმაოდ ფართოა – ის მოიცავს როგორც ახლო (მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, სისხლდენა, პერფორაცია), ისე შორეულ გართულებებს, როგორიცაა: უშვილობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა და საშვილოსნოსგარე ორსულობა.
სასურველი ორსულობის სასურველ დროს დასაგეგმად კონტრაცეფციის რამდენიმე თანამედროვე მეთოდი არსებობს, რომელთა შერჩევაც გოგი ცერცვაძის თქმით, წყვილისა თუ ქალის სურვილის გარდა, ქალის ასაკის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, სქესობრივი კავშირის სიხშირის, კონტრაცეფტივის მოქმედების ვადის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ხდება. „კონტრაცეფციის რამდენიმე თანამედროვე მეთოდი არსებობს და ექიმთან კონსულტაციისას მნიშვნელოვანია, რომ წყვილმა ან თავად ქალმა, ინფორმაცია მიიღოს ყველა მეთოდის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება“ – ამბობს სპეციალისტი.
თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდებია: საშვილოსნოსშიგა საშუალებები – სპირალები; ჰორმონული კონტრაცეპტივები: დაბალდოზიანი აბები (აბები, რომლებიც მხოლოდ ერთ ან ორ ჰორმონს შეიცავს), ჰორმონული რგოლები, რომლებიც საშოში თავსდება და ჰორმონული იმპლანტები, რომლებიც წინა მხრის მიდამოში ინერგება; ბარიერული მეთოდები: კონდომი ანუ პრეზერვატივი; სპერმიციდები – ვაგინალური ანუ საშოს შიდა საშუალებები და ბუნებრივი მეთოდები – ლაქტაციური ამენორეის მეთოდი და აბსისტენცია – თავის შეკავება.
მეან-გინეკოლოგი განმარტავს, რომ სპირალი მაღალეფექტურ საშუალებად მიიჩნევა და ბარიერული კონტრაცეპტივების შემდეგ, ისიც ერთ-ერთი შედარებით ხშირად გამოყენებადი მეთოდია საქართველოში. „მისი ორი სახეობა არსებობს – სპილენძის შემცველი და ჰორმონშემცველი. ორივე მათგანი მაღალეფექტურია. მაგალითად, სპილენძის შემცველი სპირალის არაეფექტურობა ანუ წარუმატებლობა დაახლოებით 0.6%-ია, ხოლო ჰორმონშემცველისა კიდევ უფრო დაბალი – 0.3%“ – ამბობს გოგი ცერცვაძე. ჰორმონშემცველი სპირალის გამოყენების მაქსიმალური ვადა 5 წელია, სპილენძის შემცველისა კი – 10-12 წელი, თუმცა სურვილის შემთხვევაში, ქალს შეუძლია სპეციალისტის დახმარებით ის უფრო ადრეც ამოიღოს.
გოგი ცერცვაძის თქმით, საქართველოში ხშირად არასწორი წარმოდგენები და ცრურწმენები აქვთ ჰორმონული კონტრაცეპტივების შესახებ, რის გამოც კონტრაცეფციის ეს მეთოდი დღემდე ნაკლებ პოპულარულია საქართველოში. `ჰორმონული კონტრაცეპტივების ეფექტურობა საკმაოდ მაღალია და თუ ქალი სწორად იცავს აბების გამოყენების წესს, ამ მეთოდის წარუმატებლობის მაჩვენებელი მხოლოდ 0.3%-ია“ – ამბობს რეპროდუქტოლოგი. მისივე თქმით, ჰორმონულ კონტრაცეპტივებს უკუჩვენებები გააჩნიათ მძიმე, ქრონიკული დაავადებების დროს: „თუმცა 35-40 წლამდე ქალების უმეტესობა ჯანმრთელია, იშვიათია, რომ მათ ასეთი მძიმე დაავადებები აწუხებდეთ. გარკვეული გვერდითი მოვლენები ყველა მედიკამენტს გააჩნია და ასეთი გამოვლინებების დროს შესაძლოა მოხდეს სხვა მეთოდზე გადასვლა“ – ამბობს ის.
საშვილოსნოსშიგა საშუალებების საშუალო ფასი 70-150 ლარია, ჰორმონალური აბების შემთხვევაში კი, ექიმთან კონსულტაციის თანხის გარდა, მედიკამენტების ერთი თვის მარაგი 10-25 ლარი ღირს.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ოჯახის დაგეგმვის მეთოდების გამოყენებაში ფინანსური ფაქტორი საკმაოდ დიდი ბარიერია. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კონტრაცეფცია სახელმწიფო პროგრამებით არ ფინანსდება, არც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის არსებობს ამ მხრივ ფინანსური შეღავათი. 2010 წლის ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ბოლო ათწლეულში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა, ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხა არ არის საკმარისი ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გარკვეული სერვისების უზრუნველსაყოფად.
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ამბობს, რომ ოჯახის დაგეგმვის კონსულტირება და მომსახურება უფრო ახლოს უნდა იყოს მიტანილი მოსახლეობასთან, რაც პირველადი ჯანდაცვის დონეზე ინტეგრირებული სერვისის არსებობით უნდა ხდებოდეს: „ეს არის ყველაზე უფრო ეფექტური სტრატეგია, რაც ათასწლეულის განვითარების მიზნებშიც არის ასახული. ჩვენი ადვოკატირება, მომავალი ხუთი წლის მანძილზე, სწორედ იმაზე იქნება მიმართული“, – ამბობს ის. მისივე განმარტებით, ხშირი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მიმართავენ წყვილები კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებას, არის ის, რომ ოჯახის დაგეგმვის კონსულტირება ძირითადად ხდება მეან-გინეკოლოგებთან: „2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ექიმები უპირატესობას ანიჭებენ ოჯახის დაგეგმვის ისეთ მეთოდებს, რომლებიც მანიპულაციასთან არის დაკავშირებული (მაგალითად, საშვილოსნოს შიგა საშუალება). ეს იმაზე მიუთითებს, რომ ოჯახის დაგეგმვის კონსულტირება ამჟამად კონცენტრირებულია სპეციალიზებულ მომსახურებაზე, როგორიც არის მეან-გინეკოლოგის მომსახურება და სწორედ ეს ქმნის კიდევ ერთ ბარიერს. ოჯახის დაგეგმვის შესახებ კონსულტირებას პაციენტს უნდა აწოდებდეს ოჯახის ექიმიც, რაც მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომს გახდის ამ მომსახურებას.“
იმისთვის, რომ ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების საკითხები სამედიცინო განათლების სისტემაში უკეთ იყოს ინტეგრირებული, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი და მისი პარტნიორი აღმოსავლეთ ევროპის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინსტიტუტი ოჯახის დაგეგმვის შესახებ ვირტუალური კურსის შექმნაზე მუშაობს.
„მალე უკვე ქართულადაც იქნება ეს კურსი დანერგილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ეს ინიციატივა ექიმებს საშუალებას მისცემს ონლაინრეჟიმში გაიარონ საკმაოდ მაღალი ხარისხის სასწავლო კურსი და მიიღონ კრედიტები. ეს კურსი, ასევე, იქნება ინტეგრირებული უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების შესახებ სწავლება სრულად იყოს ინტეგრირებული როგორც დიპლომამდელ, ისე დიპლომის შემდგომ სამედიცინო განათლების სისტემაში, რომ სპეციალისტებს, მათ შორის ოჯახის ექიმებსაც, სრულად და ხარისხიანად შეეძლოთ ამ სერვისის მიწოდება,“ – ამბობს ლელა ბაქრაძე.
მიუხედავად იმისა, რომ 1999 წლიდან დინამიკაში ხელოვნური აბორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, დღეს საქართველოში არასასურველი ორსულობისა და ხელოვნური აბორტის რაოდენობა ისევ მაღალია. რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მიხედვით, საქართველოში აბორტი ჯერ კიდევ გამოიყენება როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთი მეთოდი. მისი შემცირების ყველაზე ეფექტური საშუალება კი ქვეყანაში კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა, რათა ხელოვნური აბორტი ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდებით ჩანაცვლდეს, რაც გააუმჯობესებს ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ბულვარის ადმინისტრაცია ამორტიზებული სკამების ახლით ჩანაცვლებასაც განაგრძობს. პრესსამსახურის ინფორმაციით ბულვარსი მდებარე სკამები უკვე გარმონტდა, კერძოდ, ხის ძელაკები გამოიცვალა, შეიღება და დაიბაცა მაღალი ხარისხის ლაქით.
ახალი სკამებისთვის ბულვარის ბიუჯეტიდან 54,600 ლარია გამოყოფილი.სარემონტო სამუშაოებისთვის კი 16,749 ლარი დაიხარჯა.
ქალთა ასოციაციის – „ვაკეთოთ ერთად“ ხელმძღვანელი, ლეილა აშორდია გოგონათა ადრეულ ასაკში გათხოვების მანკიერ მხარეებზე საუბრობს. ძალადობრივი ტრადიციის შედეგი მის პირად ცხოვრებაზეც აისახა – მისი ქალიშვილი 15 წლის ასაკში მოიტაცეს. „სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი ჩემი შვილი დამეცვა ამ ყველაფრისგან.
„შენ ხომ არ გიყვარს ის, არ იცნობდი“, – ვუთხარი ჩემს შვილს, მაგრამ მან თქვა, რომ „დარჩებოდა“. ასეთ დროს ჩივილს აზრი არ აქვს. მოტაცებით შექმნილი ოჯახების 90 პროცენტი სათავეშივე განწირულია“.
15 წლის გოგონამ თითქმის უცნობ ქმართან ცხოვრება მხოლოდ ოთხი წლის განმავლობაში შეძლო, შემდეგ კი დაშორდა.
ძალადობის შედეგად შეიქმნა ლეილა აშორდიას ძმისშვილის, 16 წლის გოგოს ოჯახიც. „ისიც მოიტაცეს. თბილისში გამოცდების ჩასაბარებლად ჩასულ გოგონას მიკროავტობუსით დახვდნენ, ცხრა ბიჭი ჰყავდა წაყვანილი და ასე მოიტაცეს. ატირებული გოგო ახლობლის სახლში მიიყვანეს, მაგრამ იმ ოჯახმა არ მიიღო, რადგან დაინახეს, რომ გოგო ძალით ჰყავდათ წაყვანილი. ვიჩივლეთ, რა არ გავაკეთეთ, მაგრამ საბოლოოდ, ჩემი ძმისშვილიც იმ ოჯახში დარჩა. ექვსი წლის შემდეგ კი ისიც დაშორდა ქმარს“.
ლეილა აშორდია წუხს, რომ მოტაცების ფაქტებს, კანონის გამკაცრების მიუხედავად, საქართველოში მაინც აქვს ადგილი. „მოტაცება ეს არის ქალზე ძალადობა მასთან ურთიერთობის პირველივე წუთებიდან. როცა ბიჭი იტაცებს გოგოს, კარგად იცის, რომ დანაშაულს სჩადის, მაგრამ რეალურად ამის გამო დასჯილი კაცი მე ძალიან ცოტა მინახავს“.
ქალთა უფლებების დამცველი რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტსაც იხსენებს: „ახლახან მითხრეს, რომ წყალტუბოში ბიჭი დახვდა გოგოს, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა. დედამ აჩვენა გზაში – „აი, ის ჭრელკაბიანი გვინდაო“… მოიტაცეს, იძალადეს, მაგრამ მშობლებმა აღარ წამოიყვანეს იმ ე.წ. ქმრის სახლიდან“.
რატომ ქმნიან კაცები ძალადობით ოჯახს და რატომ ურჩევნიათ ბიჭების მშობლებს სახლში რძლად 13-14 წლის გოგონები შეიყვანონ? – ლეილა აშორდია მიიჩნევს, რომ ამ ძალადობას ტრადიციაც ასაზრდოებს და სტერეოტიპებიც: „კაცები ამბობენ, რომ ასე მათ ცოლად უმწიკლო ქალი მოჰყავთ. გარდა ამისა, გოგონას აღიქვამს როგორც მის საკუთრებას, რომელსაც „თავის ჭკუაზე აღზრდის“ და ისე მოექცევა, როგორც უნდა. შარშან, ერთმა ნაცნობმა კაცმა, რომელიც რვა წელი ციხეში იჯდა, გამოსვლისთანავე სოციალური ქსელით გაიცნო 15 წლის კახელი გოგო. ფეისბუქზე ასაკი მოიკლო და 25 წელი დაიწერა. შემდეგ ეს გოგონა ცოლად მოიყვანა. მისი მშობლები ჩემი ბენეფიციარები არიან და როცა გავიგე, ვესტუმრე. სრულიად ბავშვია, დახტოდა კიბეებზე, პატარა ძმა ჰყავდა და დაარბენინებდა ნაყინზე… ქმარს კი თავი მოსწონდა. მითხრა – „ისეთი ცოლი მოვიყვანე, ხელი არ ჰქონდა ბიჭზე ჩამორთმეულწიო“. გახარებული იყო გოგოს დედაც: „ვალი მოვიხადე, პატრონს ჩავაბარეო“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელი ნინო ქობალია, რომელიც პროექტის ფარგლებში არასრულწლოვანი დედების მდგომარეობას იკვლევდა, გვეუბნება, რომ არგუმენტი – „ჩემს ჭკუაზე გავზრდი“, ხშირად სახელდება კაცების მხრიდან არასრულწლოვანი გოგონების ცოლად მოყვანის მიზეზად. „ნდობა ამ გოგონების მიმართ ოჯახშიც არ არის საკმარისი, ინტერვიუების დროს დედამთილი და ქმარიც გვერდით ეჯდათ და აკონტროლებდნენ. „მაგან რა იცის, პატარაა, მე მკითხე“, – გვეუბნებოდა დედამთილი.
ნინო ქობალიას თქმით, ეს ქმრები თუ დედამთილები არასრულწლოვან გოგონებს ოჯახის შესაქმნელად მზად მიიჩნევენ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების ან აზრის გამოხატვის დროს კი ეუბნებიან – „შენ პატარა ხარ, არ იცი“.
„ამ გოგონებს იმის უფლებაც კი არ აქვთ, რომ თავიანთ შვილებს სახელები შეურჩიონ. ქმარი არქმევს თავისი დედისა და მამის სახელებს, დედამთილი წყვეტს, რომელ ბაღში წავიდეს ბავშვი, ექიმთან როდის უნდა მიიყვანონ და ა.შ. ამ შემთხვევაში გოგონა განიხილება როგორც გამრავლების საშუალება და არა როგორც პიროვნება“.
ლეილა აშორდია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ფონდის“ გრანტიც აქვს მოპოვებული, დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში სწავლობდა არასრულწლოვან გოგონათა ქორწინების საკითხებს. მისი აზრით, ამ მხრივ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა ეთნიკურად არაქართულ მოსახლეობაშიც. „იმერეთში, სოფელ იანეთში არის არაქართული დასახლება, სადაც გოგონებს აკვანშივე ნიშნავენ და როცა წამოიზრდება, ათხოვებენ დანიშნულზე. სკოლა აქვთ ოთხწლედი და სწავლის გასაგრძელებლად გოგონებს სამტრედიაში აღარ უშვებენ. ისინი ავტომატურად ექვემდებარებიან ტრადიციას“.
არაფორმალურმა განათლებამ და ტრენინგებმა, როგორც რესპონდენტი ამბობს, თავისი შედეგი გამოიღო. „ერთმა ბიჭმა, რომელიც ხშირად დადიოდა ჩვენთან ტრენინგებზე, ოზურგეთში გაიცნო გოგონა, შეუყვარდა და მასზე აკვანში დანიშნული გოგო აღარ მოიყვანა ცოლად. მითხრა – მეც მიმაჩნია, რომ ოჯახი სიყვარულით უნდა შეიქმნასო. თუმცა ის სოფელში ვეღარ ადის, რადგან გოგონასა და ამ ბიჭის ოჯახები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ“, – ამბობს ლეილა აშორდია.
სპეციალისტი გურიაში მომხდარ შემთხვევასაც იხსენებს: „ტრენინგზე სიამაყით მითხრა ერთმა კაცმა – მე ცოლიც მოტაცებული მყავს და რძალიცო. ეს ადამიანები იმაზე კი არ ფიქრობენ, უყვართ მათ ცოლებს და ბედნიერები არიან თუ არა. საზოგადოებაც ხშირად ასე უყურებს ამ საკითხს – მიეჩვევიან და შეუყვარდებათ. საშინელებაა ასეთი დამოკიდებულება“.
ნინო ქობალია არასრულწლოვანი გოგონების გათხოვების იმ მიზეზებზეც საუბრობს, რაც, მისი თქმით, კვლევის პროცესში გამოიკვეთა: „პირველი, ეს არის სოციალური სიდუხჭირე, როცა ოჯახი მიიჩნევს, რომ გათხოვება გამოსავალია, მეორე – აღზრდის ზედმეტად მკაცრი ან ზედმეტად ლიბერალური სტილი და მესამე, ასაკობრივი სირთულეები“.
ნინო ქობალიას პრობლემად მიაჩნია კონკრეტული სიტუაციებისთვის სკოლისა და საზოგადოების მოუმზადებლობაც: „თბილისში იყო შემთხვევა, როცა გოგონა გათხოვდა, მაგრამ მოისურვა სწავლის გაგრძელება. თუმცა მასწავლებლებისა და კლასელების მხრიდან იმდენად არაადეკვატური რეაქციები წამოვიდა, რომ საბოლოოდ გოგონამ უარი თქვა სკოლაში სიარულზე“.
ქალთა უფლებების დამცველთა აზრით, გოგონებზე ძალადობის მიმართ საზოგადოება შემწყნარებელია. „რაც ადრე, მით უკეთესი“ ან „ხალხი რას იტყვის“, – ამბობენ, როცა მოტაცებული გოგო არ მოისურვებს მომავალ ქმართან დარჩენას და არავინ ფიქრობს იმაზე, რა შეიძლება მოხდეს, თუ ოჯახი არ შედგება. სამაგიეროდ, განქორწინების შემდეგ არასრულწლოვანი დედები რჩებიან ქონების, განათლებისა და ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე სრულიად მარტო, დაუცველები.
რესპონდენტების აზრით, სტერეოტიპების გავლენის ქვეშ იმყოფებიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც, რომლებიც გოგოს მოტაცების შემთხვევაში ფაქტს უდგებიან არა კანონით, არამედ ოჯახების მორიგებას ცდილობენ.
„რამდენიმე წლის წინ იყო შემთხვევა, გარდაბანში მივდიოდით და დავინახეთ, რომ წივილ-კივილით მიაქროლებდნენ გოგოს. გამოვეკიდეთ, მაგრამ ერთმა მანქანამ გააჩერა და ჩვენს საბურავებს დაუშინა ტყვიები. გამოვიძახეთ პოლიცია. მოგვიანებით როცა მოვიკითხეთ, შედეგი იყო ისეთი, რასაც ხშირად ვხედავთ, – გოგო დატოვეს მოძალადე ქმრის სახლში“, – გვიყვება ლეილა აშორდია.
საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ორ წელიწადში საქართველოს სკოლებში სწავლა 7 367 გოგონამ შეწყვიტა.
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წელს 16- 19 წლის ასაკის 3 984 გოგონა დაქორწინდა, ამავე ასაკში დაქორწინდა 776 ბიჭიც. თუმცა უცნობია რამდენი ამ ციფრიდან რამდენია არასწრულწლოვანი, ანუ 16 დან 18 წლის ჩათვლით. მართალია საქართველოში არასრულწოვანთა ქორწინება აკრძალულია, თუმცა ქართული კანონმდებლობის მიხედვით, 16 წელს ზემოთ და 18 წლამდე ქორწინება დასაშვებია მშობლების თანხმობით.