სასჯელი – საჯარო სამსახურში მუშაობის აკრძალვა

 

ბრალდებულს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, აეკრძალა 3 წლის განმავლობაში ავტომანქანის მართვა, ექიმის, პედაგოგის, ფსიქოლოგის პოზიციებზე და საჯარო სამსახურში მუშაობა. 

 

პროკურორმა ქეთევან ადამიამ თქვა, რომ მხარეები საპროცესო გარიგებაზე ვერ შეთანხმდნენ.

 

საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავდა.

 

მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ უფლება აქვს პრეზიდენტს მიმართოს შეწყალების თხოვნით.

მულის ცემაში ბრალდებული

 

ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მას მული არ უცემია. ის პროკურატურის მიერ მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას სადავოს ხდის.

 

ბრალდებული დაოჯახებულია და ქობულეთში ცხოვრობს.

 

სისხლის სამართლის მუხლი, რომლითაც ბრალდებულს ასამართლებენ, ითვალისწინებს როგორც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ასევე პატიმრობას და ჯარიმას.

 

საქმეს 8 ივლისს განიხილავენ.

როგორ ცხოვრობს ბათუმის ზოოკუთხე

ზოოკუთხესთან ახლოს მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც „ბათუმელებს“ ტელეფონით დაუკავშირდა, ამბობს, რომ ცხოველების, განსაკუთრებით ირმებისა და ანტილოპების რაოდენობამ ვოლიერებში იმატა. ამ მოქალაქის აზრით, სწორედ ამის გამო დასახლებულ არეალში მწერებიც მომრავლდა. „ზაფხულში განსაკუთრებით შემაწუხებელია სუნი, რადგან ზოოკუთხე ძალიან ახლოსაა განთავსებული საცხოვრებელ სახლებთან, ფართობი ვეღარ იტევს ნამატს და მომრავლდა მწერებიც“, – ამბობს მოქალაქე. 

ამირან მურვანიძე კი აცხადებს, რომ ზოოკუთხეში არსებული მდგომარეობა დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებს და ზემოხსენებული მოქალაქის პრეტენზიები უსაფუძვლოა.

„ამ ეტაპზე ვოლიერებში 250 კვ.მ-ზე სამი ხალებიანი ირემია განთავსებული ნამატიანად. ანუ სულ 11 ცხოველია ვოლიერში. თუ ეს რიცხვი 20-მდე გაიზრდება, მაშინ უკვე ალტერნატიული ფართობის გამონახვა მოგვიწევს.

ალტერნატიული ფართობის გამოყოფის თაობაზე ოფიციალურად ქალაქის ხელმძღვანელობისთვის ჯერჯერობით არ მიგვიმართავს. ან უნდა გამოინახოს ახალი ფართობი ნამატის გადასაყვანად, ან შესაძლებელია თბილისის ზოოპარკს გადავცეთ გარკვეული პოპულაცია, თუკი ამის სურვილი ექნებათ, ბუნებრივია, ზოოპარკის აღდგენის შემდეგ. არის საუბარი იმაზეც, რომ მინიმუმ ერთი ჰექტარი გამოიძებნოს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე. ჩვენს კლიმატურ პირობებში ეს ცხოველები კარგად გრძნობენ თავს, მათ განსაკუთრებული მოვლა იქ არ დასჭირდებათ, რადგან ფართობი დიდი იქნება. ბუნებრივია, უნდა იყოს ისეთი გარემო და მცენარეები, რომელსაც ირმები არ დააზიანებენ. მთავარია, ირმებს დროულად მიაწოდო საკვები, ჰქონდეთ სალოკი მარილი, წყალი და თივა ზამთარში, იყოს იზოლირებულ გარემოში და არ ჰქონდეს ადამიანებთან შეხება, რადგან მამალი ირემი საკმაოდ საშიშია. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ საუბრის დონეზეა და ოფიციალურად არ არის განხილული“, – ამბობს განყოფილების უფროსი.

სტანდარტების მიხედვით, როგორც ამირან მურვანიძე ამბობს, ზოოპარკის არსებობა დასახლებულ პუნქტში მისაღებია: „რაც უფრო მოშორებულია ზოოპარკი ასეთ გარემოს, მით უფრო ძნელად აღსაქმელია ის ქალაქისთვის. ევროპაში სადაც ვიყავი – ჰოლანდიაში, ბელგიაში პატარა კუნჭულიც არ არის დატოვებული რაიმე ფრინველი ან ცხოველი რომ არ იყოს გაშვებული“.

ზოოკუთხის განყოფილების უფროსის განცხადებით, ვოლიერებში დაცულია ჰიგიენური ნორმებიც: „დღეში სამჯერ იწმინდება, ირეცხება, გაგვაქვს ნარჩენები, ასე რომ, გაუსაძლისი პირობები მოსახლეობისთვის ნამდვილად არ არის“.

რამდენიმე წლის წინ ბათუმის ზოოკუთხეთი ევროპის ზოოპარკების ასოციაცია დაინტერესდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, როგორც ამირან მურვანიძე ამბობს, ასოციაციასთან კავშირი შეწყდა:

„ასოციაციაში გაწევრიანებისთვის რამდენიმე ეტაპია გასავლელი. ადრე კერძო საკუთრებაში იყო ზოოკუთხე, ახლა ქალაქის დაქვემდებარებაშია. გარდა ამისა, ჩვენ არ ვართ ცალკე იურიდიული პირი, „6 მაისის პარკის“ შემადგენლობაში ვართ. თბილისის ზოოპარკი არის ამ ასოციაციის წევრობის კანდიდატი და როცა წევრი გახდება, ალბათ ჩვენც მასთან მთლიანობაში განვიხილებით“.

ბათუმის ზოოკუთხეში გასულ წელს ორი პრიმატი და სამი ანტილოპა დაიბადა, წელს კი ირმებს ორი ნუკრი შეემატა.

რას სწავლობენ მომავალი არქიტექტორები ბათუმში

 

 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი

მხატვარი ქეთევან ვაჩეიშვილი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსია. უნივერსიტეტში მომავალ არქიტექტორთა ზრდაზე სწორედ ის გვესაუბრა. სპეციალობა – არქიტექტურა უნივერსიტეტში უკვე მეოთხე წელია არსებობს. სპეციალობა ორ მიმართულებად იყოფა – შენობა-ნაგებობათა არქიტექტურა და ინტერიერი და დიზაინი. „ორივე მიმართულების სტუდენტები არქიტექტორის ბაკალავრის დიპლომს იღებენ“, – ამბობს ქეთევან ვაჩეიშვილი. 

 

უფრო მეტი მოთხოვნა შენობა-ნაგებობების არქიტექტურის მიმართულებაზეა. მხატვრის აზრით, ამ პროფესიით დაინტერესება საზოგადოების ზრდამ განაპირობა: „მე ვარ მხატვარი, მაგრამ მე ჩემს ბინას არავითარ შემთხვევაში არ დავაპროექტებ. აუცილებლად ავიყვან ინტერიერის დიზაინერს. საზოგადოებაც უკვე მიხვდა, რომ პური მეპურემ უნდა აცხოს, შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა როგორც ინტერიერის დიზაინერზე, ასევე პროფესიონალ არქიტექტორებზე.

 

ჩემი სტუდენტობის დროს პოპულარული იყო სამედიცინო, ასეთივე პოპულარული გახდა დღეს არქიტექტურა და დიზაინი. საბჭოთა პერიოდში მეტი შეზღუდვები არსებობდა, ყველა სახლი ერთნაირი იყო და არქიტექტორს არ ჰქონდა შემოქმედებითი ზრდის შესაძლებლობა. ჩემმა თანაკურსელებმა პარიზში გააგზავნეს სახლის პროექტი და გაიმარჯვეს, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ არ გაუშვა ისინი პარიზში. დღეს ეს ბარიერები აღარ არსებობს, არც მშენებლობაშია შეზღუდვები, ამიტომ ამ სფეროს მიმართ ინტერესი გაიზარდა~.
არქიტექტურის სპეციალობაზე ხელოვნების უნივერსიტეტში გასულ წელს ათმა აბიტურიენტმა ჩააბარა. აქედან მხოლოდ ერთმა თქვა უარი სწავლის გაგრძელებაზე. როგორც ქეთევან ვაჩეიშვილი ამბობს, არქიტექტორი ამ სპეციალობაზე „შემთხვევით მოხვედრილი“ სტუდენტი ვერ გახდება: „შემთხვევით მოხვედრილში ვგულისხმობ იმას, რომ სტუდენტები ზოგჯერ რამდენიმე სპეციალობას უთითებენ. იმ სტუდენტსაც სხვაგან უნდოდა სწავლა და ცოტა გვიან მიხვდა, რომ არქიტექტურა არ იყო მისი საქმე. აქ სწავლა საკმაოდ რთულია, რადგან სტუდენტები სწავლობენ გეოდეზიას, მასალათა გამძლეობას, ბევრ ტექნიკურ საგანს, რომელსაც ყველა ვერ დაძლევს“.

 

ქეთევან ვაჩეიშვილის თქმით, არქიტექტურის სპეციალობაზე გენდერული ბალანსი დაცულია: „ექვსი გოგონაა და ოთხი ბიჭი. ერთი სტუდენტი თბილისიდან გადმოვიდა, ოთხი –  ბათუმის უნივერსიტეტიდან. ესენი შენობა-ნაგებობების არქიტექტურაზე სწავლობენ, ინტერიერის დიზაინზე წელს მიღება არ გამოვაცხადეთ.


დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ქალაქები არასწორად ვითარდება, იგება ბევრი ულამაზო შენობა. ეს იმის ბრალია, რომ სამწუხაროდ ჩვენი თაობა მონურ ქვეყანაშია გაზრდილი და დღესაც ჯერ კიდევ ის ძველი თაობა აშენებს ქალაქებს და წყვეტს ბევრ რამეს ამ ქვეყანაში. ამიტომაც არიან იძულებული ვიღაცას მოუწერონ ხელი შეუსაბამო პროექტზე, დაუხარონ თავი ხელისუფლებას. ვფიქრობ, თაობა, რომელიც დღეს არქიტექტურას სწავლობს, უკეთეს ქვეყანას ააშენებს“.

 

არქიტექტურას ხელოვნების უნივერსიტეტში არქიტექტორი გია რამიშვილი ასწავლის. „გია რამიშვილი სწორედ ამ შემოქმედებით თავისუფლებას ასწავლის სტუდენტებს და სულ ეუბნება, რომ არ შეიზღუდონ ფანტაზიებში“.

 

გია რამიშვილის გარდა ხელოვნების უნივერსიტეტში არქიტექტურის სპეციალობაზე ასწავლის ქალაქის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი ზვიად ბურჭულაძე, ლალი გერსამია, ლია გურგენიძე, გოჩა გარუჩავა და კიდევ რამდენიმე სპეციალისტი.

 

როგორც ქეთევან ვაჩეიშვილი გვეუბნება, ისინი უკვე მუშაობენ სამაგისტრო პროგრამებზე და იმედოვნებენ, რომ მომავალი წლისთვის აკრედიტაციას მიიღებენ:

 

„უცხოელებთანაც გვაქვს ურთიერთობა და მასტერკლასებს ატარებენ. გასულ წელს ჩვენმა სტუდენტებმა შვეიცარიის პროექტის ფარგლებში რამდენიმე ნამუშევარი წარადგინეს ევროპაში კონკურსზე და მე-16, მე-17 ადგილები აიღეს, რაც საკმაოდ წარმატებული ნაბიჯია. წელსაც მონაწილეობდნენ კონკურსში და გაიმარჯვეს. დაჯილდოვება იქნება ჩვენთან, უნივერსიტეტში, 2 ივლისს.“

 

ქეთევან ვაჩეიშვილი ამბობს, რომ უნივერსიტეტი თანამშრომლობს კერძო კომპანიებთან და სტუდენტები უშუალოდ მონაწილეობენ კონკრეტული პროექტების დაგეგმვაში: „ჩვენს სტუდენტებზე უკვე „ნადირობენ“ დეველოპერები და ბევრი მუშაობს კიდეც“.

 

არქიტექტურის სპეციალობაზე აბიტურიენტი ჯერ შემოქმედებით ტურს აბარებს, შემდეგ კი ეროვნულ გამოცდებზე გადის. უნივერსიტეტის დაფინანსება მწირი, წელიწადში 950 ათასი ლარია. თუმცა, როგორც ხელმძღვანელობა ამბობს, ისინი მაინც ახერხებენ ნიჭიერი სტუდენტების სწავლის დაფინანსებს. „81 ქულაზე მეტს თუ მიიღებს სტუდენტი, სწავლობს უფასოდ. ასეთი საკმაოდ ბევრია ჩვენთან. გრანტის მოპოვების შემთხვევაში კი სწავლობს უფასოდ და იღებს სტიპენდიასაც“.

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არქიტექტურის მიმართულებას გიზო ფარცხალაძე ხელმძღვანელობს. არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამამ აკრედიტაცია 2011 წლის ბოლოს გაიარა. მანამდე, როგორც გიზო ფარცხალაძე ამბობს, არსებობდა არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამა, ოღონდ ეს იყო დამატებითი და არა ცალკე სპეციალობა.

 

გიზო ფარცხალაძეც მიიჩნევს, რომ არქიტექტურის სპეციალობის მიმართ დაინტერესება დიდია, – „ნელ-ნელა შემობრუნდა პროცესი.“

 

რუსთაველის უნივერსიტეტში ამჟამად არქიტექტურას 20-მდე სტუდენტი ეუფლება. 240 კრედიტის ათვისების შემთხვევაში ისინი ბაკალავრის ხარისხს მიიღებენ, სამაგისტრო პროგრამების აკრედიტაცია უნივერსიტეტს ჯერ გავლილი არ აქვს.

 

რუსთაველის უნივერსიტეტში არქიტექტურის სპეციალობაზე სამი გოგონა სწავლობს.

 

„უცხოელები Desk Job -ს ეძახიან არქიტექტურას, შემოქმედებითი სამუშაოა და ქალებისთვის საინტერესო“, – ამბობს გიზო ფარცხალაძე. მისი აზრით, ამ მიმართულებაზე დღეს კონკურენცია მაღალია. – „სახვით ხელოვნებას მაია ჭყონია ასწავლის, ქანდაკებას – დავით ბოლქვაძე; საქართველოს ტექნიკური და ილიას უნივერსიტეტიდან ცნობილი მეცნიერი გურამ ყიფიანი ჩამოგვყავს ხოლმე, რომელიც არქიტექტურის ისტორიას კითხულობს, თანდათან ფორმირდება პროგრამებიც.

 

მშენებლობის მიმართულებით სწავლა უფასოა, რაც შეეხება არქიტექტურას, ამ მიმართულებით არ გვაქვს სადოქტორო პროგრამა, როცა გავაკეთებთ, არქიტექტურაც უფასო გახდება.

 

ბსუ-ში ქალაქდაგეგმარებით კურსს სტუდენტები მომავალ წელს გაივლიან. შესაბამისად, როგორ ვითარდება ქალაქი და რა ხარვეზები არსებობს არქიტექტურაში, მომავლის სადებატო თემა იქნება“, –  ამბობს ფარცხალაძე. მისი თქმით, ეს კურსი შესაძლებელია ზვიად ბურჭულაძემ წაიყვანოს: „მან გააკეთა აჭარის მოცულობითი გეგმარება და მეტი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით“.

 

რაც შეეხება უცხოურ გამოცდილებას, გიზო ფარცხალაძე ამბობს, რომ „არქიტექტურის ფაკულტეტს ამ მიმართულებითაც აქვს საკმაო მაჩვენებელი. რამდენიმე კვირის წინ გოჩა ჩავლეიშვილი იმყოფებოდა ბილბაოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ის ასწავლის მხაზველობით გეომეტრიას და კომპიუტერულ გრაფიკას, მე არქიტექტურულ კონსტრუქციას ვასწავლი. ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში წარდგენილი მქონდა პროგრამა და გავიმარჯვე. გასულ წელს ვიყავით შვეციაში, სტოკჰოლმის სამეფო უნივერსიტეტში.
სამშენებლო ნორმების საკითხი საკანონმდებლო დონეზეა გადასაწყვეტი. ჩვენი ფაკულტეტი აქტიურად იყო ჩართული სამშენებლო ნორმების შემუშავების პროცესში. ეკონომიკის სამინისტროში იყო საუბარი სამშენებლო ნორმების დადგენაზე, ითარგმნა კიდეც შენობა-ნაგებობების ილუსტრირებული კოდექსები, ეს არის ამერიკული ნორმები, თუმცა შემდეგ ამ ნორმების დაკანონებაზე საუბარი შეწყდა“.

 

გიზო ფარცხალაძის თქმით, არქიტექტურის სპეცილობაზე სტუდენტები საქართველოში დღეს მოქმედ სტანდარტებს სწავლობენ.

კვლევა – არჩეული საჯარო მოხელეები იმუნიტეტს ითხოვენ

 

გიორგი ხიმშიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე: „2014 წელს თვითმმართველობის მიმართულებით განხორციელებულმა ცვილებებმა ძირეულად შეცვალა ადგილობრივი თვითმმართველობის მართვის ვექტორი. არჩევითი გახდა მერის/გამგებლის თანამადებობები, მოქალაქეებს მიეცათ მეტი შესაძლებლობა ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ მმართველობაში. პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად  წამოიჭრა მთელი რიგი საკითხები, რაზეც მანამდე კანონმდებელს არ უფიქრია და სამართლებრივ დონეზე ამაზე მზა პასუხი არ არსებობს. ერთ-ერთ ასეთ წარმოადგენს  თვითმმართველი ერთეულების არჩევითი თანამდებობის პირებზე იმუნიტეტის გავრცელების მიზანშეწონილობის საკითხი. რა ფარგლებში შეიძლება იყოს დასაშვები (ან საერთოდ დასაშვებია თუ არა) აღნიშნული პირებისათვის განსხვავებული სამართლებრივი პროცედურების დაწესება, რაც გარკვეულ პრივილეგიებს მიანიჭებდა მათ რიგით მოქალაქეებთან შედარებით? ხომ არ მოითხოვს მათი სტატუსი (მათი არჩევითობა) კანონმდებლის მხრიდან დაცვის უფრო მაღალი სტანდარტის გათვალისწინებას? აღნიშნული კვლევა მიზანად ისახავს მოვამზადოთ ანგარიში, სადაც გაანალიზებული იქნება საერთაშორისო ორგანზიაციების დასკვნები, უცხოური სახელმწიფოების გამოცდილება და  ეროვნული საკანონმდებლო ბაზის მოცემულობა.


კვლევის მიზანია სახელმწიფოს დავეხმაროთ ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის სტანდარტების დახვეწა  და შემუშავებაში.

 

მომზადებულ რეკომენდაციას კანონპროექტის სახეს მისცემთ?


ჩვენ  მოვამზადებთ რეკომენდაციას, რომელსაც მივაწვდით საკანონმდებლო ორგანოს და შემდგომ საკანონმდებლო ორგანომ, რეკომენდაციების გათვალიწინებით, უნდა უზრუნველყოს საკანონმდებლო პაკეტის მომზადება.  სრულ იმუნიტეტზე არ არის საუბარი. ეს შეეხება მხოლოდ სისხლის სამართლებრივი სტანდარტების გაუმჯობესებას თვითმართველობის მოხელეთა მიმართებაში.  გასული წლების პრაქტიკით იყო შემთხვევები, როცა საჯარო მოხელეთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა  არ ჯდებოდა სტანდარტებში, როგორც ეს იყო გათვალისწინებული კონსტიტუციისა და ევროპული კონვენციებით.  საკონსტიტუციო სასამართლომ  მაგალითად  თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე თქვა, რომ ეს არ იყო სტანდარტებთან მიახლოებული სისხლის სამართლებრივი დევნა.  ამიტომ ეს სტანდარტები უნდა გაიწეროს 


კვლევა სად ჩატარდა და რამდენი ადამიანი გამოიკითხა?


გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს რვა თვითმართველ ქალაქში. გამოკითხული იქნა სულ 269 ადამიანი, აქედან  180 ადგილობრივი თვითმართველობის მოხელე, ხოლო დანარჩენები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ამ კვლევის მიზანია შეგვემოწმებინა, ჰქონდათ თუ არა საჯარო მოხელეებს სურვილი, რომ ჰქონდეთ იმუნიტეტი. არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ იმუნიტეტის არსებობა არ არის აუცილებელი. არჩეული საჯარო მოხელეები კი იმუნიტეტს ითხოვენ. 

 

 

 

 

პრემიერ-მინისტრი ხაბაძეს და ბალაძეს შეხვდა

 

კადრი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

“შეხვედრაზე აჭარის რეგიონში მიმდინარე პროექტები განიხილეს და ბოლო ორი კვარტლის ეკონომიკური შედეგები შეაჯამეს. საუბარი შეეხო ტურისტული სეზონის საკითხებს და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს. აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა პრემიერ–მინისტრს საინვესტიცო პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს”-წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.

ცემაში ბრალდებული დედამთილის განაჩენი

 

 

პროკურორმა ქეთევან ადამიამ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარე მტკიცებულებებს სადავოდ არ ხდის, სწორედ ამიტომ მოსამართლემ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებები არ გამოაქვეყნა. საქმეში ინახება ბრალდებულის, დაზარალებულისა და თვითმხილველების ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაზარალებულს ჩაუტარდა.

როგორც პროკურორმა თქვა, ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ეზოში დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა: “შელაპარაკების დროს ბრალდებული ხელებით თმებში წვდა დაზარალებულს და თავისა და სახის არეში გაარტყა, რასაც მოჰყვა ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მოშლა”.

 

აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება და ითვალისწინებს როგორც პატიმრობას, ასევე ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას. ეს ბრალდებულს მოსამართლემაც განუმარტა.
ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს: “არც მას დაუკლია ცემა, მაგრამ მე პოლიციაში წასვლა არც მიფიქრია, მაგას არ ვიკადრებდი, მან კი, როცა სისხლი წამოუვიდა, მოისვა მთელ სახეზე. ყელიდან ჯვარი ჩამომგლიჯა, ცქერას ხომ არ დავუწყებდი?”.

 

საბოლოო სიტყვისთვის მოსამართლემ ბრალდებულს განუსაზღვრელი დრო მისცა, თუმცა ეს დრო ბრალდებულმა არ გამოიყენა: “არაფერი მაქვს სათქმელი”.
ადგილზე თათბირით მოსამართლემ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

 

“მე ვერ გადავიხდი ამხელა ჯარიმას, კი ვმუშაობ, მაგრამ ახლა ბიულეტენზე ვიმყოფები. იქნებ მომისაჯოთ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ვიმუშავებ და ასე გამოვისყიდი“, – ითხოვა განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ ბრალდებულმა. მოსამართლემ მას განუმარტა, რომ ეს მისთვის დროულად, საბოლოო სიტყვის დროს უნდა ეთქვა. `ეს მინიმალური ჯარიმაა, რასაც კანონი ითვალისწინებს”, – უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს.
ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ არის. მუშაობს სანდასუფთავების სამსახურში. სასამართლო პროცესზე მას ადვოკატი არ ჰყოლია.

ბათუმის დელფინარიუმის განცხადება

 

„დელფინებთან ინტერაქტივი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის არის სრულიად განსხვავებული, ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც მოიცავს ინდივიდუალურად განსაზღვრულ დროს, ინდივიდუალურ მწვრთნელ-ინსტრუქტორს, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ სპეციალურად შემუშავებული პროგრამის საფუძველზე მუშაობს თითო შშმ პირთან ინდივიდუალურად. (ჩვეულებისამებრ დელფინებთან ინტერაქტივი არის (4 ადამიანისგან შემდგარი) ჯგუფური მიღება-მომსახურების სერვისი და რადიკალურად განსხვავდება შშმ პირთა ინტერაქტივის პროგრამისგან). ის ასევე მოიცავს ადაპტირებულ საშხაპეებს, სხეულის სტერილიზაციას, სპეციალურ ჰიდროკოსტიუმს (მოთხოვნის შესაბამისად).

 

აქვე ერთი განმარტება: ინტერაქტივი არის სრულიად სხვა პროგრამა და დელფინთერაპია (რომელიც ბათუმის დელფინარიუმი არ ტარდება), სულ სხვა.

ამასთან შშმ პირთათვის დელფინარიუმში დელფინებთან ინტერაქტივის მომსახურების ღირებულება მოქმედებს სერვისის ამოქმედების დღიდან (უკვე 5 წელია) და ეს ტარიფი არასოდეს შეცვლილა.

 

ეტლით მოსარგებლეთათვის შშმ პირთათვის დელფინარიუმის შოუზე დასწება (დღიდან მისი დაარსებისა) უფასოა. ინფრასტრუქტურაში შედის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით.

 

დელფინარიუმი და ”6 მაისის პარკი” მუდამ მზად არის ემსახუროს შშმ პირებს. ის ერთ-ერთი ინიციატორია რეგიონში, რომელმაც ხელი შეუწყო და ყოველთვის შეუწყობს შშმ პირთა ადაპტაციას, დასაქმებას და სოციალიზაციას.

 

კონკრეტული მაგალითების დასახელებისგან თავს შეგნებულად ვიკავებთ, ვინაიდან სწორედაც, ამ ფაქტით სპეკულირება იქნება მათი დისკრიმინაცია“  – აღნიშნულია განცხადებაში. 



NIMD ბათუმის დემოკრატიის სკოლა მსმენელების ახალი ჯგუფის მიღებას იწყებს

 

დემოკრატიის სკოლები წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული  სრულწლოვანი აქტიური მოქალაქეებისთვის.

 

გარდა სატრენინგო პროგრამისა, კურსდამთავრებულები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ნიმდის მცირე გრანტების კონკურსში, ერთობლივ კონფერენციებში, დემოკრატიის ბანაკში და სხვა ღონისძიებებში. ბათუმის დემოკრატიის სკოლა მსმენელების მიღებას წელს უკვე მეოთხედ აცხადებს. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 28 ივლისია. აპლიკაციის ბმული.  

 

მეტი ინფორმაციისთვის NIMD-ის და/ან დემოკრატიის სკოლების შესახებ ეწვიეთ ვებგვერდებს: www.nimd.ge და www.school.nimd.ge

ანონსი- შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა

 

სხდომაზე კომისიის წევრები განიხილავენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს: 1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციას: 1. მიწისძვრის შედეგად დაზარალებული 9 ოჯახისათვის ბინის ქირის გაგრძელების თაობაზე;

 

2. სტიქიის შედეგად დაზარალებული 1 ოჯახისათვის ფინანსური დახმარების თაობაზე. მომხსენებელი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე

3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას: 1. მიწისძვრის შედეგად დაზარალებული 17 ოჯახისათვის ბინის ქირის გაგრძელების თაობაზე;

2. სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული 8 ოჯახის დახმარების თაობაზე. მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე

3. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას: 3.1. სტიქიის შედეგად დაზარალებული 1 ოჯახისათვის ფინანსური დახმარების თაობაზე. მომხსენებელი: ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი  ბესიკ ბაუჩაძე

ქალები მეწარმედ ჩამოყალიბების გზაზე

 

თამარა ბოლქვაძე რეგიონში თაფლის ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებლად მიიჩნევა. ის ამბობს, რომ არ იცის, რა არის საჭირო ქართული თაფლის ევროპის ბაზარზე გასატანად. ის ამ საკითხზე გამართულ არც ერთ დისკუსიაზე არ დაუპატიჟებიათ, არც ხელისუფლებას და არც არასამთავრობო სექტორს. 


შეკითხვაზე, რისი გაგება გჭირდებათ ყველაზე უფრო? – თამარს პასუხი არ აქვს. „გზებს ჯერ ვერ ვხედავ, მაგრამ მინდა, რომ დავინახო~, – ამბობს ის. – „ასე ზუსტად ვერ გეტყვით. პირველი, რაც ყველაზე უფრო მაინტერესებს, ეს არის ფასი. მეორე – 80%-ით დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ თუ წავიღებ ჩემს თაფლს სადმე გასაყიდად, გარანტირებული უნდა იყოს ბაზრის მოძიება“.

 

თამარ ბოლქვაძე ამბობს, რომ ახლა თაფლს სახლიდან გაუსვლელად ყიდის. „თურქები მოდიან და 20 ლარად მიაქვთ“, – ამბობს ის.
ევროკავშირში თაფლის გატანის პერსპექტივაზე საუბრის დროს თამარს წარმოუდგენია, რომ „ამ შემთხვევაშიც ვიღაც მოვა და წაიღებს“. თუმცა, მას ამის დიდად არ სჯერა.

 

თამარ ბოლქვაძე ფიქრობს, რომ ევროკავშირის ბაზარზე შესვლისათვის აუცილებელია ხარისხიანი თაფლის წარმოების გაზრდა, რადგან „შერეული თაფლი არავის უნდა. ჩვენთან კიდევ ერთი შედგენილობის თაფლს – წაბლის იქნება თუ ყვავილის, ნაკლებად ვაწარმოებთ. ამიტომ თუ არ გაიზარდა წარმოება, ძნელია ვინმე მსხვილი ბიზნესმენი დაინტერესდეს ქართული თაფლის გატანით“.

 

ბულბული მახარაძე ქედაში, სოფელ ზენდიდში ლურჯ მოცვს უვლის. გასულ წელს მას ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში 650 ძირი ლურჯი მოცვის ნერგი მისცეს უფასოდ. უთხრეს, რომ ნაყოფს მოცვის ბუჩქი სამ წელიწადში მოისხამდა, მაგრამ ბულბული ამბობს, რომ მისი მოცვის ბუჩქები უკვე მსხმოიარეა. „თითქმის 100 კილო მოცვი უკვე გავყიდე. აქვე სამეზობლოში“, – ამბობს ბულბული.

 

ბულბულის პლანტაცია ჯერ მოხლოდ 1500 კვადრატულ მეტრ ნაკვეთზე აქვს გაშენებული. ლურჯი მოცვი სოფელში მხოლოდ მის მიწაზეა დარგული, როგორც მას უთხრეს, მიწის მჟავიანობა შეამოწმეს და ამის მიხედვით აირჩიეს მისი ნაკვეთი. „მითხრეს, რომ თუ მოცვი ივარგებს, მერე საამქროსაც დამიმონტაჟებენ, სადაც შესაძლებელი იქნება მოცვის როგორც დაფასოება, ისე გაშრობა. აქ მოცვი აშკარად კარგად იმუშავებს. ვფიქრობ, რომ კიდევ უნდა დავამატო ნერგები. რაც ახლა მაქვს, ამ ყველაფერში არც ერთი თეთრი არ გადამიხდია“.

 

ნერგების დარგვის დროს ბულბულის უთხრეს, რომ ერთი ნერგი ორი მეტრი სიმაღლის იზრდება და 7-8 კილოგრამ ნაყოფს იძლევა. ბულბულიმ ისიც გაარკვია, რომ ერთი კილოგრამი ნედლი მოცვი ევროპის ბაზარზე საშუალოდ 3-4 ევრო ღირს, გამომშრალი კიდევ უფრო ძვირი. „ყოველ 20 დღეში ბალახისგან ვასუფთავებ. წვეთოვანი დამიმონტაჟეს დიდი ავზით და ამით ვრწყავ. მითხრეს, რომ ბაზრის მოძიებაშიც დამეხმარებიან და სხვა აუცილებელი საკითხების მოგვარებაშიც. მომავალში ჯამში 4 ათას კილოზე მეტ მოცვს ველოდები. ასევე ვაპირებ ნერგების დამატებასაც. არ ვიცი, შეიძლება მთავრობამაც დამიმატოს, როცა პირველად მოიტანეს ნერგები, მთავრობის ხალხიც იყო და უცხოელებიც“.

 

იქნება თუ არა ბულბული მახარაძისთვის ლურჯი მოცვის მოვლა ბიზნესი? – მისი აზრით, პირველ ეტაზე ეს არ იქნება ბიზნესი, მაგრამ ჰგონია, რომ მომავალში აუცილებლად გახდება ბიზნესი.

 

„ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ (ENPAღD) პროექტის ფარგლებში, ლურჯი მოცვის ნერგები აჭარის სამივე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში შეიტანეს. კვლევებით დადგინდა, რომ ამერიკული ლურჯი მოცვი კარგად ხარობს აჭარისა და გურიის მთაში. საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ლურჯი მოცვის შეტანაზე პოლონური კომპანია იზრუნებს.
ლურჯი მოცვის პირველი ნაყოფი ქედაში ივნისის დასაწყისში მოკრიფეს.

ბათუმი შავი ზღვის ჯაზფესტივალის მოლოდინში

წელს შავი ზღვის ჯაზფესტივალის პირველ დღეს ფესტივალის სტუმრებისთვის ფანქ, სოულ და როკმუსიკალური კოლექტივი Parliament Funkadelic-ი და ცნობილი ამერიკელი ფანკმუსიკოსი ჯორჯ ქლინტონი დაუკრავს, რომელსაც თანამედროვე ურბანული მუსიკის ნათლიმამად მოიხსენიებენ.

24 ივლისს ფესტივალის სტუმრებისთვის ამერიკელი R&B   შემსრულებელი და კომპოზიტორი, ლივ ვორფილდი იმღერებს, რომელიც მსმენელის წინაშე, ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და კომპოზიტორის Prince-ს მიერ 1990 წელს დაფუძნებული ჯგუფის The NPG-ს სასულე ანსამბლ NPG HORNZ-თან ერთად წარსდგება. Prince ვორფილდის 2014 წელს გამოშვებული ალბომის აღმასრულებელი პროდიუსერიც იყო. ლივ ვორფილდი და NPG HORNZ-ი შავი ზღვის ჯაზფესტივალის გასული წლის პროგრამაშიც ოყო ჩასმული, თუმცა მათ ნაცვლად ფესტივალზე ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight-ი გამოვიდა. როგორც მაშინ ფესტივალის ორგანიზატორებმა განმარტეს, ამის მიზეზი გადადებული ავიარეისები გახდა.

ფესტივალის მესამე დღეს ბათუმის სცენაზე ინგლისელი R&B-ი, შოულ-ი და პოპმომღერალი ლიზა სტენსფილდი გამოვა. ლიზა სტენსფილდი განსაკუთრებულად პოპულარული 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანების დასაწყისში იყო. 1992 წელს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აიღო სიმღერამ – „These Are The Days Of Our Lives“,, რომელიც სტენსფილდმა ჯორჯ მაიკლთან და Queen-თან ერთად იმღერა. თუმცა სხვა ჟანრის მსმენელებისთვის სტენსფილდი 1992 წელს ბარი უაითთან შესრულებული დუეტით “All around the world”- ითა და 1997 წელს ჩაწერილი სინგლით –  “Never, Never Gonna Give You Up”-ით არის ცნობილი, რომელიც დღემდე უამრავი ფილმის, ყველაზე რომანტიკული სცენების ფონის მუსიკად გამოიყენება.

ფესტივალის ბოლო დღეს, 26 ივლისს, მსმენელის წინაშე სა¬ქართველოშიც ყველასთვის ცნობილი ჰიპ-ჰოპ, ფანკ,R&B  და რეგის შემსრულებელი, ამერიკელი მუსიკალური არტისტი “სნუპ დოგი” წარსდგება. 1993 წლიდან მას 12 ალბომი აქვს გამოცემული და თანამშრომლობს ყველა მუსიკალური ჟანრის არტისტთან. ყველაზე წარმატებულად მის კარიერაში სადებიუტო ალბომი – Doggystyle მიიჩნევა, რომლის მილიონამდე ასლი გამოშვებიდან პირველივე კვირაში გაიყიდა.
23-26 ივლისს, ფესტივალის ფარგლებში, კლუბ “თეიქ ფაივში”, ბენდთან NYC Groove Aliens-სთან ერთად კონცერტებს გამართავს ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი ჯაზპიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე. ბენდის შემადგენლობაში შედიან: DJ-ი, ჰიპ-ჰოპერი, ბერკლის კოლეჯის პროფესორი ბრაიან ელისი.

შავი ზღვის ჯაზფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროში, ისე შემდეგი ვებგვერდებიდან: – Tbilisijazz.com da Biletebi.ge ონლაინრეჟიმში. ბილეთების ფასებია:  George Clinton & Parliament Funkadelic-i  – 70 ლარი; Liv Warrfield & NPG HORNZ-ი 50 ლარი; Lisa Stansfield-i -120 ლარი და Snoop Dogg-i – 140 ლარი.

იყიდება მინი საკონდიტრო თავისი ინვენტარით

 

იყიდება უცხოური წარმოების მინი საკონდიტრო ღუმელი, თავისი სრული ინვენტარით, მაცივრებით და მოწყობილობებით, რაც საჭიროა მისი ფუნქციონირებისთვის. ფასი : 15000 აშშ დოლარი


მობ : 593 79 77 00


„პუტინის დედა“ ბათუმში

 

 რეჟისორი- ლევან ბიბილეიშვილი, მსახიობი- სოფო ლეთოდიანი, დრამატურგი – ლაშა ბუღაძე.

 

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: ახალგაზრდული ორგანიზაცია “არტ ვეი” და ქალაქ ბათუმის მერია.

სპექტაკლი იმართება ფესტივალ „მონოპიესების“ ფარგლებში. ფესტივალის მიზანია ახალგაზრდა დრამატურგების, მსახიობებისა და რეჟისორების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება;

 

შემოქმედ ახალგაზრდებს შორის თეატრის მეშვეობით კომუნიკაციის დამყარება, მონოსპექტაკლების მიმართ საზოგადოების ინტერესის ზრდის ხელშეწყობა. 

სასწრაფოდ იყიდება ბინა ზღვასთან (შავი კარკასი)

 

ბათუმში, ანგისის 15 ნომერში, [„ვოქსის“ გვერდით], ახალ აშენებული სახლის მე-9 სართულზე იყიდება 109 კვ/მ ფართობი ბინის შავი კარკასი.  კვადრატული მეტრის ფასი – 350 აშშ დოლარი.


მობ: 555 45 23 64 ან 577 30 28 36 [მაკლერის გარეშე]

დასაქმების სააგენტოს უფროსად თემურ კახიძე დაინიშნა

 

 

პროფესიით ეკონომისტი თემურ კახიძე მუშაობდა ბათუმის მერიის ორგანიზაციის „ბათუმის სანდასუფთავების“ დირექტორად,  აგრეთვე იყო ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების ფონდის – „ბათუმის ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა“ პროექტის დირექტორი.

 

2014 წლის აგვისტომდე ბათუმის მერიის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. დღემდე თემურ კახიძე განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირ ,,პროგრესის’’ მუნიციპალური პროგრამების დირექტორი იყო.

 

 

 

32 კილოგრამ ტროტილზე დაკავებული სასამართლომ გაათავისუფლა

ადგილი, საიდანაც შს სამინისტროს ცნობით ტროტილი ამოიღეს

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მცხოვრები თ.ჯ-ს წინააღმდეგ გამოძიება საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). პროკურორმა ადილარ წირღვავამ მოსამართლეს სთხოვა დაკავებული პირისთვის პატიმრობა შეეფარდებინა, მაგრამ მოსამართლემ პირიქით – ბრალდებული სამი ათასი ლარის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლის ბრძანებით, თ.ჯ-მ. საპატიმრო დაკავებიდან მესამე დღეს, მას შემდეგ დატოვა, რაც მისი ოჯახის წევრებმა ბიუჯეტში 1500 ლარი შეიტანეს. მოსამართლემ თანხის სრულად დაფარვისთვის ბრალდებულის ოჯახს 40 დღე მისცა.

თ.ჯ-ს. ნათესავი, რომელიც სპეცოპერაციის თვითმხილველია, ამბობს, რომ პოლიცია ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში დაახლოებით ღამის 4 საათზე, მაშინ მივიდა, როცა ყველას ეძინა. სპეცოპერაცია ათეულობით სამართალდამცავმა ჩაატარა, `რამდენიმე ჯიპით იყვნენ”. თვითმხილველების თქმით, 32 კილოგრამი ტროტილი, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სახლის პირველ სართულზე, ზუსტად იმ ოთახის ქვემოთ იპოვეს, სადაც ბრალდებულს, მისი 6 თვის შვილსა და ცოლს იმ საღამოს ეძინათ.

ბრალდებულმა „ბათუმელებთან“ კომენტარი არ გააკეთა.
როგორც ბრალდებულის ნათესავი ამბობს (ვინაობას არ ვასახელებთ), თ.ჯ. მუშაა კარიერის მომპოვებელ ერთ-ერთ იმ კომპანიის, რომელიც სოფელ კვირიკეში ძირითადად ასაფეთქებელი მასალებით მუშაობს. ამ კომპანიამ ცოტა ხნის წინ კარიერზე მოპოვებითი სამუშაოები შეაჩერა, რის შემდეგაც ამავე სოფელში მცხოვრებ თანამშრომელს [ანუ ბრალდებულს] სამუშაო ყუთების სახლში შენახვა სთხოვა. ბრალდებულის ნათესავი ამბობს, რომ ყუთები სახლის პირველ სართულზე ელაგა, ოჯახის წევრებმა ტელევიზიით შეიტყვეს, რომ შიგნით ტროტილი ინახებოდა. ბრალდებულის ნათესავი ამბობს, რომ დაკავებულის ოჯახის წევრებმა ეს ვერსია პოლიციასაც მოუთხრეს.

ბრალდებულის დაკავების ოქმში დაკავების დროდ 07:10 საათია მითითებული.
დიდი ოდენობით ტროტილის ამოღების შესახებ ინფორმაცია შს სამინისტრომ ოპერაციის ჩატარებიდან რამდენიმე დღეში გაავრცელა. იმ დროსთვის თ.ჯ. წინასწარი პატიმრობიდან უკვე გათავისუფლებული იყო. სასამართლოში პროკურორი ადილარ წირღვავა მის დაპატიმრებას ითხოვდა. პროკურორის აზრით, დანაშაული ჩადენილი იყო განზრახ და არა უნებლიეთ: `ბრალდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ ასახელებს თუ ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა საბრძოლო მასალა და რა დანიშნულებით უნდა გამოეყენებინა ის”. მაგრამ დავით მამისეიშვილმა ბრალდებული საზოგადოებისთვს სახიფათოდ არ მიიჩნია და ევროპული სასამართლოს სტანდარტების მოშველიებით პროკურორის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლის შეფასებით, “დასაბუთებული ვარაუდით, მას [თ.ჯ-ს] ბრალი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში“.

დავით მამისეიშვილის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებების დროს მოპოვებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების რელევანტურია.

საქმის განხილვის დროს მოსამართლემ ყურადღება გაამახვილა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაზე, რომლის მიხედვითაც დაპატიმრება გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევების დროს. `იმისთვის, რომ წარმოდგენილი რეკომენდაცია პრაქტიკაში მოქმედებდეს, აუცილებელია პროპორციულობის დაცვა, რაც ეროვნული კანონმდებლობით აკისრია როგორც პროკურატურას, ასევე სასამართლოს“, – წერს მოსამართლე გადაწყვეტილებაში და ასევე იშველიებს დასაბუთების დროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე თავისთავად არ ამართლებს პირის ხანგრძლივ პატიმრობას, ხოლო მხოლოდ მოსალოდნელი სასჯელის სიმკაცრეზე მითითება არ წარმოადგენს მიმალვის საფრთხის გამართლებას.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და მისთვის პატიმრობა ზედმეტად მკაცრი სასჯელია.
გირაოს თანხის განსაზღვრის დროს მოსამართლემ ყურადღება გაამახვილა ბრალდებულის ქონებრივ მდგომარეობაზე და ამ შემთხვევაშიც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები მოიშველია.

ბრალდებულის ადვოკატის ტურფა ნიკურაძის ინფორმაციით, სამართალდამცავების მიერ ამოღებულ ყუთებში შენახული ასაფეთქებელი ნივთიერება ექსპერტზის დასკვნის თანახმად ვადაგასული, დანესტილი და გამოუსადეგარი იყო.

ბრალდებული: წყალში, რომელიც პოლიციაში დამალევინეს, ნარკოტიკი იყო

 

ბრალდებულის ნათესავები პოლიციის თანამშრომლებს აგინებდნენ.  ადგილი ჰქონდა ასევე ფიზიკურ  შეხლა-შემოხლას. სასამართლო პროცესის დაწყებამდე სასამართლოს დარბაზში ოცამდე პოლიციელი შევიდა, მათ შორის იყვნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდამცველები და ასევე, ის პირები, რომლებსაც ეცვათ მაისური წარწერით – პოლიცია.

 

ბრალდებულის ნათესავებითა და ახლობლებით სასამართლო სხდომის დარბაზი მალევე გაივსო. მათი თქმით, სხდომაზე შესვლას ვერ ახერხებდნენ ბრალდებულის დეიდაშვილი და ცოლის ძმა, ამიტომაც ბრალდებულის ოჯახის წევრებმა პოლიციელებს მოსთხოვეს დაეტოვებინათ პოლიციის დარბაზი: „ჩვენ აქ არ ვაპირებთ დანაშაულის ჩადენას, თქვენ დატოვეთ სხდომათა დარბაზი ან დადექით კედელთან, ფეხზე, ჩვენს ნათესავებს კი მიეცით შესაძლებლობა შემოვიდნენ სხდომის დარბაზში და დასხდნენ“. პოლიციელებმა ბრალდებულის ნათესავების მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს. 

 

 ერთ-ერთმა პოლიციელმა ბრალდებულის ნათესავის პრეტენზიაზე, რომ სასამართლო მცირე დარბაზში ატარებდა სხდომას, განმარტა, რომ ეს დარბაზი ყველაზე დიდია ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სხდომა მართლაც, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდ დარბაზში ჩატარდა. მოგვიანებით, სასამართლო დარბაზში უკვე მეორეჯერ შემოსულმა მოსამართლემ განაცხადა, რომ თუ ხმაური ისევ იქნებოდა, სხდომას დახურავდა. 

 

სასამართლოს დაწყებამდე ინციდენტი მოხდა ბრალდებულის ადვოკატსა და პოლიციის თანამშრომელს შორის. ურთიერთშელაპარაკების დროს მხარეებს შორის მანდატურები  ჩადგნენ.


სასამართლო პროცესზე პროკურორმა რამაზ შავაძემ განაცხადა, რომ დაკავებულს ბრალი ედება ნარკოტიკების დიდი ოდენობით შეძენა- შენახვასა და გამოყენებაში. ასევე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, საბოლოო ჯამში ეს დანაშაული 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული დააკავეს თამარის გზატკეცილზე, ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, 6 ივნისს, ნარკოტიკული ნივთიერება კი მას პირადი ჩრეკისას აღმოაჩნდა.


გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა პოლიციელებს: გია ბახტაძესა და  მალხაზ დიასამიძეს გაუწია წინააღმდეგობა და კიდევ ერთ პოლიციელს, მინდია მალაყმაძეს შემოახია პერანგი.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულს მისი უფლებები განუმარტა და ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა მას პრეტენზიები ან დაკავების დროს ხომ არ დარღვეულა მისი უფლებები.


ბრალდებულმა, რომელიც 30 წლისაა, თქვა, რომ მას შემჩნეული ჰქონდა,  თუ როგორ უთვალთვალებდა მას პოლიცია ბათუმში ყოფნისას [ავტომანქანით გადაადგილების დროს]. ბრალდებული ამბობს, რომ ჩხრეკის დროს პოლიციელებმა მას ნარკოტიკული ნივთიერება შარვლის ჯიბეში ჩაუდეს.

 

მისივე მონაყოლით, როცა ის გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოს შენობაში, პოლიციელებმა მას შესთავაზეს წყლის დალევა: „გამოვართვი წყლით სავსე ბოთლი პოლიციელს, დავლიე, ერთ საათში დამეწყო თავბრუსხვევა. მოვითხოვე საპირფარეშოში წასვლა, მითხრეს, ცოტა მოითმინე, ასე დამავალა უფროსმაო, მერე წამიყვანეს ექსპერტიზის ბიუროში და შემამოწმეს. სხვა დეტალები არ მახსოვს“.


ბრალდებულმა ასევე თქვა, რომ როცა ექსპერტიზაზე გადაჰყავდათ, პირღებინების შეგრძნება ჰქონდა: „ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ მანქანა არ დაგვისვაროსო, გააჩერეს მანქანა და გადმოვედი მანქანიდან, მას შემდეგ მაქვს თავბრუსხვევა, ვარ ძალიან სუსტად.“

 

მოსამართლემ ბრალდებულს ურჩია, რომ ამის შესახებ მოეყოლა პროკურატურისთვის: “სასამართლო არაა დევნის დამწყები ორგანო“.

 

საქმის მასალებით დგინდება რომ ბრალდებულმა 2008 წელს მოიხმარა მარიხუანა და 2010 წელს არის ნასამართლევი, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. მას ნასამართლეობა გაქარწყლებული აქვს.


ადვოკატმა ბოდიში მოუხადა მოსამართლეს, სასამართლო დარბაზში შექმნილი აურზაურის გამო: „ჩვენ ვადანაშაულებთ  მიხეილ ბარნოვს, უბნის ინსპექტორის სამმართველოს უფროსს და მირიან თოფურიას, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს იმაში, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფს დაალევინეს წყალი, რომელშიც იყო გარეული ნარკოტიკული ნივთიერება. ჩვენს ინტერესებში შედის ამ საქმის ობიექტურად გამოძიება. 40 ათასი ლარის სანაცვლოდ ვითხოვთ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას, ვიაზრებთ, რომ ეს ძალიან დიდი თანხაა, თუმცა ეს უზრუნველყოფს გირაოს მიზანს“.


 მირიან თოფურია ის პოლიციელია, რომლის მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა 2012 წლის ნოემბერში დააკავეს ნარკოტიკის მოხმარებისა და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით. 

 

ადვოკატმა ასევე წარადგინა ცნობის სახით დახასიათება, რომელიც კრივის კლუბის ფედერაციის მიერ გაცემული, სადაც მისი თქმით, ბრალდებულს ახასიათებენ დადებითად. მისივე თქმით, ბრალდებული სპორტსმენია, არ ეწევა სიგარეტს და არ სვამს ალკოჰოლს. 


შემამსუბუქებელ გარემოებად ასევე დაცვის მხარემ დაასახელა ის, რომ ბრალდებული მუშაობს, აქვს საკუთარი ბიზნესი, არჩენს ოჯახს და ჰყავს 3 თვის ფეხმძიმე ცოლი. 

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა, ადგილზე თათბირით გადაწყვიტა, რომ ბრალდებულს შეეფარდოს გირაო 40 ათასი ლარის ოდენობით. დაცვის მხარის მოთხოვნის თანახმად, თანხის გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა. 


სასამართლო დარბაზში გადაწყვეტილების გამოცხადების დროს მოსამართლეს ტაში დაუკრეს და მადლობა გადაუხადეს, მოსამართლემ თქვა, რომ მადლობა საჭირო არ არის.

 

მოსამართლემ სასამართლო პროცესის დროს დარბაზში უნებართვოდ შემოსული ბრალდებულის დედა გააფრთხილა, მეორედ კი დარბაზში ბრალდებულის ნათესავის ტელეფონის ხმაურზე გასცა შენიშნვა. [დედა გარეთ ექიმებმა გაიყვანეს, სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს].  რამდენჯერმე გაცემული გაფრთხილების მიუხედავად, სასამართლო პროცესზე მოსამართლეს არავინ არ დაუჯარიმებია და არც დარბაზიდან გაუძევებია ვინმე.


„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებული ე.წ. კანონიერი ქურდის, “ლავასოღლი ბათუმსკის” მეგობარია, რომელიც მილიციამ უკრაინის ტერიტორიაზე ოთხჯერ დააკავა. 


“ბათუმელების” კითხვაზე, პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის ფაქტზე ხომ არ დაუწყია უწყებას ძიება ან მოკვლევა, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ სასამართლო პროცესზე პოლიციელის შეურაცხყოფა არ მომხდარა.


სასამართლო პროცესს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე ადამიანი იღებდა, რასაც ასევე ბრალდებულის ნათესავების გაღიზიანება მოჰყვა. სასამართლოს დარბაზში ასევე არის ორი ვიდეოთვალი, ერთი, რომელიც სასამართლო პროცესს იწერს და მხარეებისთვის ხელმისწვდომია და მეორე, რომელიც უსაფრთხოებისთვისაა განთავსებული და მხოლოდ გამოძიებას მიუწვდება ხელი, ოღონდ მოსამართლის ნებართვით.

 

აქცია ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან

„საკონსულოს ვიცე-კონსულმა მითხრა, რომ შეგახვედრებ ართვინის გუბერნატორს სარფშიო, მერე მითხრეს, მერე დაგიკავშირდებითო, მაგრამ არ შემხმიანებიან. წერილობით მივმართეთ საკონსულოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არავითარი რეაქცია არ არის“ – ამბობს თემურ აბაშიძე.  მისი თქმით, მას არც ის ვიდეომასალა უნახავს, რომელიც მის ოჯახსა და თურქეთის საბაჟოს თანამშრომლებს შორის კონფლიქტს ასახავს. აბაშიძეების ოჯახი შიშობს, რომ შესაძლოა ვიდეო დაამონტაჟონ და ისე აჩვენონ, თითქმოს ოჯახის წევრების მხრიდან იყო კონფლიქტი. 

 


„ძალიან უხეშად ექცევიან თურქეთის საბაჟოს თანამშრომლები, უბიძგებენ ადამიანებს, პანუჩრებს ურტყამენ, ამას ხშირად შევსწრებივარ“ – ამბობს თამაზ შაინიძე, რომელიც, მისივე თქმით საქართველო-თურქეთის საზღვარზე ხშირად გადადის.  

საკონსულოსთან აქციის მონაწილეებმა ტრანსპარანტებიც გაშალეს. 

თურქი მებაჟეების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფის ფაქტებზე ხშირად იწერება სოციალურ ქსელებში, თუმცა ქვეყნის საგარეო უწყება არც ბოლო და არც მანამდე მომხდარ ფაქტებს არ გამოხმაურებია. სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ეს საკითხი ანუ მებაჟეებსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობა, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური საუბრის თემას სცდება და „ის უფრო ლოკალური პრობლემაა“. იმ მიზეზით, რომ კონსული ადგილზე არ იმყოფება, ფაქტის შეფასებაზე უარი განაცხადეს ბათუმში, თურქეთის საკონსულოში. არსებული მდგომარეობის შესაფასებლად „ბათუმელები“ გასული კვირის ბოლოს საქართველოს პარლამენტის წევრს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ანი მიროტაძეს ესაუბრა. [გახსენით ლინკი]

“თუ ჩვენი შვილები მჩაგვრელებად არ გაიზრდებიან, გენდერული თანასწორობაც იქნება”

 

 ტრენინგი, რომელსაც მუნიციპალიტეტის ყველა სოფლიდან მოწვეული ქალი ესწრებოდა, დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

 

ტრენინგის ორგანიზატორმა, გამგებლის თანაშემწემ გენდერულ საკითხებში, თეა შარაშიძემ საზოგადოებას გენდერული თანასწორობის პრინციპებზე ესაუბრა და ამ თემაზე მომზადებული ვიდეორგოლი წარადგინა.

 

ტრენინგში აქტიურად ჩაერთნენ სოფლებიდან მოსული მოწვეული მონაწილეები და იმსჯელეს როგორც გენდერულ საკითხებზე, ასევე დისკრიმინაციაზე, მენტალობასა და სტერეოტიპებზე.

 

„გენდერის პრობლემას მე ვერ ვხედავ, თუმცა მიდგომები, რომლებზეც დღეს მიდის საუბარი, რომ გავითავისოთ, ამას წლები სჭირდება. თუ ბავშვი გაიზრდება ისეთ გარემოში, სადაც მას მოუვლის როგორც დედა, ასევე მამა, ისიც ანალოგიურად მოიქცევა.  

 

 ჩვენ ისეთ პერიოდში გავიზარდეთ, რომ სულ სხვა მიდგომა იყო, არსებულს კი უცებ ვერ გარდაქმნი, უცებ გარდაქმნილი არანაირ შედეგს არ მოიტანს, ამას წლები დასჭირდება. თუ ცივილურად გაიზრდებიან ჩვენი შვილები და არა მჩაგვრელებად, გენდერული თანასწორობაც იქნება და ოჯახური ჰარმონიაც“ – ამბობს ნანი დუმბაძე, ტრენინგის მონაწილე.

 

 „ვერ ვხედავ პირდაპირ ხდებოდეს ქალისა და მამაკაცის უფლებების შეზღუდვა. შეიძლება ამის ერთეული შემთხვევები იყოს, მაგრამ მასშტაბურად არ გამოკვეთილა. რაც შეეხება მენტალობას, სტერეოტიპსა და დისკრიმინაციას, არ ფიქრობ, რომ ამ კუთხით ზღუდავდეს ქალს ვინმე დასაქმებისას ან თვითრეალიზაციისას. შესაძლოა ქალბატონებს არ აქვთ სურვილი თვითრეალიზაცია მოახდინონ საზოგადოებაში. რაც შეეხება გამოსავალს, ასეთ შემთხვევაში გამოსავალი ცნობიერების ამაღლებაა“ – ამბობს ზვიად გოგიტიძე, ოქტომბრის ადმინისტრაციული თემის ხელმძღვანელი.

 

თეა შარაშიძის განცხადებით, მსგავსი ტრენინგები სამომავლოდ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ თემებშიც გაიმართება.

 

„ტრენინგის მიზანი გენდერულ თანასწორობაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ქალების გააქტიურება და გაძლიერებაა. ტრენინგს ყველა სოფლიდან მოწვეული ქალი დაესწრო თემის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელთან ერთად. ეს ქალები იქნებიან თავიან სოფლებში ფასილიტატორები, რომლებთან ერთად მუშაობით სოფლებში სხვადასხვა აქტივობას დავგეგმავთ. მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო“ – თქვა თეა შარაშიძემ. 

არასამთავრობოების შეხვედრები აჭარის მაღალმთიანეთში

„60 წლის ვარ, პენსია ჯერ არ მეკუთვნის, არც სამსახური მაქვს, ამ ასაკის ხალხს არ გვღებულობენ არსად. ერთი კარტოფილს ვუყურებ და სიმინდს. მეტი შემოსავალი არაფერი არაა. სოფელ ნიგაზეულს სასმელი წყალი არ აქვს. გზაც გაფუჭებულია. ვიწრო გზებია და ორი მანქანა გვერდს ვერ აუქცევს ერთმანეთს,“ – თქვა სოფელ ნიგაზეულში გამართულ შეხვედრაზე, ამავე სოფლის მკვიდრმა თემური ცეცხლაძემ.

ნიგაზეულის გარდა თავიანთი პრობლებემის შესახებ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სოფელ ოქრუაშვილების და ჩანჩხალოს მცხოვრებლებიც ესაუბრნენ.

„მოსახლეობას ვხვდებით იმისათვის რომ პირადად მოქალაქეებისგან გავიგოთ იმ პრობლემის შესახებ რაც მათ სოფელს აწუხებს. ჩვენ ამ პრობლემებს ვინიშნავთ,  შემდეგ მოხდება ამის სისტემატიზაცია და განისაზღვრება ვის კომპეტენციაში შედის მათი მოგვარება. იქნება კონკრეტული მიმართვები, წერილები, ზარები. შევეცდები როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ყურადღება გავამახვილოთ იმ პრობლემებზე რაც მოსახლეობას აქვს,“ – ამბობს CiDA-ს ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ იმ პრობლემებზე  რომლებზე მუშაობაც უწევთ.

„ეს დაგვეხმარება იმ რეკომენდაციების უფრო ზუსტად ჩამოყალიბებაში და ზუსტად ფორმულირებაში, რაც ამ ადამიანებს, ნამდვილად ჭირდება. ინტერესი მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდია.  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძლევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ  შესაძლებლობების  გააზრებაში, ინფორმაციის მიღებაში და იმაში რომ მაქსიმალურად შეძლონ ამ ადამიანებმა ამ შესაძლებლობების გამოყენება. ჩვენ დავეხმარებით იმ ცოდნის გადაცემაში რაც გვაქვს. იმისთვის რომ  შეძლონ ახალი ბიზნეს აქტივობების დაწყება, თავისი მცირე და საშუალო საწარმოების გახსნა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, თავისთვისაც და სხვებისთვისაც. რაც ყველაფერი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას,“ – ამბობს ნინო ევგენიძე.

დღეს, 8 ივლისს მსგავსი შეხვედრები ქედაში, ვაიოსა და მერისში იმართება.

ეკა გიგაური და ნინო ევგენიძე შეხვედრაზე სოფელ ოქრუაშვილებში

სოფელ ჩანჩხალოში ამბობენ რომ სასმელი წყალი დაშრა

შეხვედრა სოფელ ნიგაზეულში

 

ბათუმში მოსამართლე სასამართლო პროცესს ვერ იწყებს

 

სასამართლო დარბაზში

როგორც ადგილზე მყოფი „ბათუმელების“ კორესპონდენტი ამბობს, ბრალდებულის ნათესავები გაღიზიანდნენ იმის გამო, რომ სასამართლო დარბაზში პოლიციელები არიან, დარბაზში კი ყველა ნათესავმა შემოსვლა ვერ მოახერხა.ბრალდებულის ნათესავებმა პოლიციელებს დარბაზის დატოვება სთხოვეს.  


სხდომა სასამართლოს შენობაში არსებულ ყველაზე დიდ დარბაზშია ჩანიშნული და მას ოცამდე პოლიციელი ესწრება. მათი თქმით, ისინი უსაფრთხოებას იცავენ.  


მოსამართლე ბეჟანიშვილი დღეს სოფელ ყოროლისწყალში მცხოვრებ, ნარკოტიკების შენახვაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს. დაკავებულს ორი მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი – პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შენახვა-მოხმარება.


 6 ივლისს ბრალდებულის თანასოფლელებმა ბათუმში, მთავარ სამმართველოსთან აქცია გამართეს, მათი თქმით ბრალდებულის დაკავებისას პოლიციელები სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმული. 


სასამართლო დარბაზში

სოზარ სუბარი: წლის ბოლომდე აჭარაში 134 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს ბინას

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

სოზარ სუბარის განცხადებით, აჭარა ეკოლოგიური კუთხით ყველაზე აქტიური ზონაა და ეკომიგრანტების პრობლემის გადასაჭრელად სამინისტრო აქტიურად მუშაობს  როგორც აჭარის მთავრობასთან, ასევე მუნიციპალიტეტებთან.

 „ეკოლოგიური კუთხით აჭარა ერთ-ერთი რთული რეგიონია, ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებსაც აჭარის მთავრობა და მუნიციპალიტეტები ახორციელებენ. აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის წელს სულ 134 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს, წლის ბოლომდე 134 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ სახლს, აქედან 12-ბინიანი სახლი დასრულებულია ქედაში, აქ მცხოვრებ ეკომიგრანტებს საცხოვრებელ ფართობს უახლოეს დღეებში გადასცემენ, ამას ემატება ის აქტივობა, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს: აჭარაში მცხოვრებ 33 ოჯახს წელს გადავეცით სახლები, რომლებიც სამინისტრომ შეისყიდა, უახლოეს ერთი თვის განმავლობაში კიდევ 10 ოჯახი მიიღებს სახლს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში.

პროექტი, რაც ახლა დავიწყეთ და რაც პირდაპირ შეეხება აჭარიდან გადასახლებულ ეკომიგრნატებს, ეს არის სახლების დაკანონება, იქედან გამომდინარე, რომ საკითხი ყველაზე რთულად წალკის მუნიციპალიტეტშია, დაკანონების პროცესს აქედან დავიწყებთ და მთელს საქართველოს მოვიცავთ,  წალკაში მცხოვრებ 571 ოჯახს, რომელთა უმრავლესობა აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტია, დაუკანონდება საცხოვრებელი სახლი და მიწის ის ნაკვეთი რასაც წლებია ამუშავებს“ – აცხადებს სოზარ სუბარი.

ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლის მონახულების შემდეგ მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, ყოფილ საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში მცხოვრებმა ეკომიგრანტებმა მინისტრს სათავსოების მოწყობა სთხოვეს.

 „მართალია საცხოვრებელი ფართები გადმოგვცეს, თუმცა სახლს არანაირი სათავსო არ გააჩნია,  შეშა ხომ უნდა შეინახო? ვის არ ვთხოვეთ პრობლემა მოეგვარებინა, თუმცა დღემდე ვერ მოგვარდა, მშენებლობის ნებართვას თუ მოგვცემენ, ჩვენ თვითონ ავაშენებთ“ – თქვა ციალა ბერიძემ შეხვედრაზე. 

ქედის ეკომიგრანტთა სახლის მონახულებამდე მინისტრმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში ეკომიგრანტებისთვის მშენებარე სახლი მოინახულა. მინისტრის ვიზიტი დაგეგმილია ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებშიც.


სოციალური სახლი ვაშლოვანში
სოციალური სახლი ვაშლოვანში

პიერ ბათუმი დააჯარიმეს

 

სასამართლო პროცესზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელმა მიიტანა დისკი, რომელზეც ჩაწერილი იყო ვიდეო, როგორ ვაჭრობენ რესტორანში მომხმარებლები უცხოური ვალუტით.

 

საქართველოს კანონმდებლობით უცხოური ვალუტით ვაჭრობა კაფეებში, ბარებსა და რესტორნებში აკრძალულია. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,   საკონტროლო შესყიდვის დროს უწყებამ  გამოავლინა,  რომ ასევე “პიერ ბათუმში” არ გამოიყენეს საკასო აპარატი. 

გადაწყვეტილება დღეს, 8 ივნისს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ მიიღო.

ვის შეუძლია მიიღოს გამგეობის ერთჯერადი სტიპენდია ხელვაჩაურში

 

 სტუდენტებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს,  2015 წლის 1 აგვისტომდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინონ განცხადება გამგებლის სახელზე;  პირადობისა და დაბადების მოწმობის ქსეროასლები; უმაღლესი სასწავლებლის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა; 2014-2015 წლის მეორე სემესტრის შედეგების შესახებ; საბანკო ანგარიშების რეკვიზიტები.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის სტუდენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე  259502 .


გამგეობის მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტი 15 000 ლარია  და სტიპენდიის ოდენობა პროგრამაში მონაწილე სტუდენტობის ოდენობის შესაბამისად დაგანაწილდება.

 

 

დისკრიმინაციულია თუ არა შშმ პირებისათვის უფრო მაღალი ფასი დელფინებთან ინტერაქტივში

 

ფოტო დელფინარიუმის ფეისბუქგვერდიდან
ფოტო დელფინარიუმის ფეისბუქგვერდიდან

ბათუმის დელფინარიუმი ბათუმის მერიის შპს-ა, თანხა მის შესანახად და მოვლა-პატრონობისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან იხარჯება. დელფინარიუმის დირექტორი დავით ლეკვეიშვილი ამბობს, მას უკვირს, თუ რატომ მოჰყვა სოციალურ ქსელებში გამოხმაურება შშმ პირთათვის დელფინებთან ინტერაქტივის ფასს, რადგან ეს ფასი დელფინარიუმის დაარსებიდან არ შეცვლილა.  „დაარსებიდან ასეა ეს ფასი. ოთხი თუ ხუთი წელია ასეა, გამიკვირდა ეს გამოხმაურებები. მე რამდენიმე თვეა აქ ვმუშაობ, პირველი სეზონია.“

 

იგივე ამბობს „ბათუმელებთან“ თენგიზ წეროძე, დელფინარიუმის ძუძუმწოვრების ცენტრის მენეჯერი.

 

„ეს ძველი, დამტკიცებული ფასია. ჩვენ არ ვატარებთ თერაპიას, ჩვენ ვატარებთ ინტერქტივს. ამ დროს [დელფინარიუმის გახსნის დროს] რუსეთიდან იყო ჯგუფი ჩამოსული და ძალიან გვთხოვეს. თერაპიას ამას ჩვენ ვერ ვუწოდებთ, ამას ეწოდება ინტერაქტივი, ინსტრუქტორთან ერთად 15 წუთი წყალში მიმდინარეობს ინტერაქცია. პრობლემა იმაშია, რომ როდესაც ვატარებთ ინტერაქტივს, ჩაგვყავს ჯგუფი, დაახლოებით 4-5 კაცის ოდენობით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ეს უკვე არ შეიძლება. აქ არის მხოლოდ ინსტრუქტორი, დელფინი და შშმ პირი, რადგან ადამიანს მიხედვა უნდა წყალში. ამიტომაც ეს ფასი ასე დადგინდა, მაშინ 100 დოლარის ექვივალენტი იყო ეს 160 ლარი, ამიტომ დარჩა ეს ათი ლარი სხვაობა.  ასე იყო სულ და ამდენ ხანს რატომ არავის მიუქცევია ყურადღება…

 

სხვა ჩვენ არანაერი დაინტერესება არა გვაქვს, საბიუჯეტო ორგანიზაცია ვართ.  ჩვენ 70 პროცენტამდე ვფარავთ მხოლოდ ხარჯებს. შშმ პირებს, ვინც ამ სერვისით სარგებლობენ,  ერთი სეანსი არ ჰყოფნით, რამდენიმე უნდათ. თავიდან ისე იყო, რომ საქართველოს მოქალაქეებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე იქნებოდა სუფსიდირება, მაგრამ რატომღაც ვერ მოხერხდა ეს, ვერ დალაგდა ეს საკითხი“ – ამბობს თენგიზ წეროძე.

 

არის თუ არა შშმ პირთათვის სხვა ფასი დისკრიმინაციული?

ანა აბაშიძე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია ამ საკითხის შესწავლას აპირებს:

 

„დაწყებულია ამ საქმის მომზადება. უახლოეს დღეებში ვეწვევით დელფინარუმს,  გავესაუბრებით მენეჯმენტს, რომ გავიგოთ რა მიზეზია, რომ შშმ პირებისთვის განსაკუთრებით ძვირია სერვისი, რა შედის ამ სერვისში, რა ტიპის განსხვავებაა. დისკრიმინაციის დასადგენად ძალიან მნიშვნელოვანია ეს დეტალები. ის, რომ ორგანიზაცია მერიისაა, უფრო ართულებს ამბავს, იმიტომ რომ ეს არის მუნიციპალური სერვისი და დიდი ალბათობით დისკრიმინაციულია, მაგრამ როცა შესწავლას დავასრულებთ, ამის შესახებ შემდეგ ვიტყვით ხმამაღლა.“

 

თომა კაკაბაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარეა ბათუმში. იგი ამბობს, რომ ამ თემაზე, ადრეც იყო საუბარი:

 

 „მაშინ როგორც მახსოვს ახსნა მოუძებნეს, რომ დამხმარე სჭირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს და დამატებით პერსონალს საჭიროებს შშმ პირის ჩაყვანა წყალში და იმიტომ ღირს ძვირიო. ეს შეიძლება იყოს კიდეც დისკრიმინაციული. თუმცა, თუ ამ მხრივ შეხედავ, რომ მათ ეს უჯდებათ ძვირი… რაღაც თუ გააკეთა ადამიანმა, შესაფერისი ანაზღაურებაც უნდა მიიღოს. აიძულო, შენს გამო უფასოდ მუშაოს, ესეც არ აარის სწორი,  მაგრამ ათი ლარია გასხვავება და ალბათ არ იქნება პრობლემა, ისიც 150 ლარი იყოს. ასე თვალსაჩინო არ უნდა იყოს განსხვავება.“

 

აპირებს თუ არა დელფინარიუმი გადახედოს ფასს? დელფინარიუმის დირექტორი დავით ლეკვეიშვილი ამბობს, რომ არ იცის: „არ ვარ მზად ახლა ამაზე გიპასუხოთ“ – განაცხადა მან „ბათუმელებთან.“

 

ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს მრჩეველი შშმ პირებთან ურთიერთობის საკითხებშიც ჰყავს. შორენა მამულაძე, მერის მრჩეველი, ამბობს, რომ ამ საკითხს აუცილებლად დააყენებს:

 

„მე თქვენგან გავიგე ეს ინფორმაცია და აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს მერის წინაშე. თუ სერვისი არის ერთი და იგივე, ფასში რატომ უნდა იყოს განსხვავება. აუცილებლად დაგდგება ეს საკითხი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას.“  

 

ბათუმის დელფინარიუმს 2014 წლამდე შპს „მენეჯმენტ სერვისი“ მართავდა, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია.  კომპანიას „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ [რომელშიც დელფინარიუმიც შედის]  19 წლის მართვის უფლებით ჰქონდა გადაცემული, თუმცა გასულ წელს კომპანიამ დელფინარიუმი ბათუმის მერიას გადასცა. 

დღეს საპლაჟო ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი იწყება

საქართველოს პირველი ჩემპიონატი საპლაჟო ფეხბურთში | 2014 წელი

მასში მონაწილეობას მიიღებს შვიდი გუნდი: ბათუმის „პირატები“, სენაკის „აიეტი“, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, ქობულეთის გუნდი, ბათუმის „დინამო“, ბათუმის საზღვაო აკადემიის გუნდი და ხელვაჩაურის გუნდი.

თამაშები შვიდ ტურად ჩატარდება, რომლის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული.

დღეს ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართება. ერთმანეთს შეხვდებიან 17:30 საათზე საზღვაო აკადემია – „აიეტი“, 18:30 საათზე ხელვაჩაური – ბსუ, 19:30 საათზე ბათუმის „დინამო“ – ქობულეთი.

9 ივლისს, მეორე ტურის შეხვედრათა განრიგი შემდეგია:

17:30 საათი – ბათუმის „დინამო“ – ხელვაჩაური
18:30 საათი – საზღვაო აკადემია – „პირატები“
19:30 საათი – „აიეტი“ – ქობულეთი

საქართველოს ჩემპიონატი საპლაჟო ფეხბურთში წელს მეორედ ტარდება. 2014 წელს ჩემპიონობა ბათუმის „დინამომ“ მოიპოვა.

პარლამენტარი საბაჟოს ინციდენტზე: სახელმწიფომ არც ერთ ფაქტს არ უნდა წაუყრუოს

 

ანი მიროტაძე

 ქალბატონო ანი, როგორ ფიქრობთ, ასეთი კონფლიქტების შემთხვევაში როგორი უნდა იყოს ხელისუფლების რეაგირება, რომ მოქალაქეების უფლებებიც იყოს დაცული და არც ქსენოფობიის გაღვივებას შეუწყოს ხელი? 


კონკრეტული ადამიანების, სახელმწიფო სამსახურში მყოფი დასაქმებული პირების მხრიდან მსგავსი ტიპის ქმედება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც სქესს და არც ეროვნებას, ყველა ადამიანს უნდა მოექცე ისე, რომ მისი უფლებები არ შელახო. ასე რომ, თუ ადამიანი დანაშაულს სჩადის, არ აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო მოხელეა თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, მან უნდა აგოს სათანადო პასუხი.

 


„ბათუმელებს“ სხვა დროსაც ჰქონდა მცდელობა, რომ საკონსულოს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად გამოეხატა პოზიცია ასეთ ინციდენტებთან დაკავშირებით, თუმცა მაშინაც და ამ ბოლო კონკრეტული ინციდენტის შემთხვევაშიც, სამინისტრომ ოფიციალური განცხადების გაკეთება მნიშვნელოვნად არ მიიჩნია. როგორ ფიქრობთ, პრობლემის იგნორირება სამომავლოდ ნეგატიურად ხომ არ აისახება მეზობელი ქვეყანასთან ურთიერთობაზე?

 

სახელმწიფომ არც ერთ ფაქტს არ უნდა წაუყრუოს. არა იმიტომ, რომ დიპლომატიური სკანდალი შეიძლება გამოიწვიოს ამან. თუმცა, არა მგონია, რომ ასეთი ფაქტები საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გართულების საფუძველი გახდეს, მით უმეტეს დღეს, როცა ძალიან ახლო ურთიერთობები, განსაკუთრებული რეჟიმი გვაქვს ამ სახელმწიფოსთან და ამ რეჟიმს საქართველო გაუფრთხილდება ყოველთვის. თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ფაქტები უნდა იყოს დაშვებული და რეაგირების გარეშე დარჩეს.


ბათუმში თურქეთის საკონსულოში დაგვიდასტურეს, რომ საბაჟოზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით მიმართავენ მოქალაქეები, თუმცა ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საქართველოს მოქალაქეები თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობენ. თუ აპირებთ ამ თემის შესწავლას და რა იქნება თქვენი შემდგომი რეაგირება?


მე აქამდე არასდროს მსმენია მსგავსი ფაქტების შესახებ, ამიტომ აუცილებლად მოვიკითხავ, საკონსულოებიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოვითხოვ ამ ინფორმაციას, რომ გავარკვიოთ რა სტატისტიკა არსებობს და რამდენად ხშირად ხდება მებაჟეების მხრიდან ასეთი ქმედება, როგორია ტენდენცია. თუკი მდგომარეობა სერიოზულია, შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ სხვადასხვა დიპლომატიურ საკითხებზე მოლაპარაკების დროს ეს საკითხიც აუცილებლად უნდა იქნას დასმული და განხილული.

 

ბუნებრივია, კონკრეტული ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაული ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობაზე, მაგრამ თავიდან რომ ავიცილოთ ქსენოფობიისა და სიძულვილის გაღვივება ქვეყანაში, ეს საკითხი უნდა იყოს ორივე ქვეყნის საგარეო სამინისტროების სამუშაო თემა. ხალხებს შორის ურთიერთობაში ბზარი არ უნდა გაჩნდეს.

ბათუმში ერთ დღეში 11 ძროხა დააკავეს

 

საქონელი ბათუმის ქუჩებში და ბულვარშიც კი გვხვდება. მათი მეპატრონეები ბათუმში ან ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ქუჩებში უმეთვალყურეოდ მყოფი საქონლის სხვა ტერიტორიაზე გადაყვანაზე ქალაქის სანდასუფთავების სამსახური ზრუნავს. სამსახურის უფროსი,ზურაბ გელაძე ამბობს, რომ თუ აუცილებლობაა, ყოველ დღე იჭერენ საქონელს:

 

„მაქსიმალურად ვცდილობთ გავაძევოთ, მაგრამ თუ ხდება ისე, რომ შემოსულია ქუჩებში, ხდება მისი გადაყვანა ავტოფარეხში. არის კვირა, როცა შეიძლება არ დარჩეს ამის აუცილებლობა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ხდება  ყოველდღიურად, მაგალითად, გუშინწინ 11 სული იქნა გადაყვანილი ადლიაში.

 

მიუღებელია ქუჩაში ძროხა, ეს იცის მოსახლეობამაც და მოდიან ადლიაში საქონლის წასაყვანად. ჯარიმა 20-50 ლარია, დამოკიდებულია იმაზე, ფეხით გვიწევს საქონლის გადაყვანა თუ ტრანსპორტით.  როცა ტრანსპორტირება ხდება, ამ შემთხვევაში არის ჯარიმა 50 ლარი“ – ამბობს ზურაბ გელაძე.

 

სანდასუფთავების უფროსის თქმით, საქონელს ძირითადად ახალ ბულვარში, ლეონიძის, ჯავახიშვილისა და ლერმონტოვის ქუჩებზე აკავებენ.

 

„ფაქტები გვქონდა, რომ გაველურებული პირუტყვი სირბილით გადასულა ბულვარის ტერიტორიაზე. გუშინწინ სოფლიდან ჩამოიყვანა ვიღაცამ, მოსკოვის ქუჩაზე გასაყიდად ძროხა. ავტომობილიდან ჩამოყვანის დროს გაექცათ და საქონელი სირბილით გავიდა ბულვარის ტერიტორიაზე. მისი დაჭერა რა სამუშაოს შეიცავდა, კი მიხვდებით“ -ამბობს ზურაბ გელაძე.


 

მიმდინარე წელს მერიის შპს ,,სანდასუფთავების“ მიერ 100-მდე ოქმია გამოწერილი, რის შესაბამისადაც ხდება პირუტყვის მეპატრონეთა დაჯარიმება. 

მერიის პრესსამსახურის ცნობით, უპატრონოდ გაშვებული პირუტყვის გადაადგილების აღსაკვეთად, ყოველდღიურად, 7:00 -დან 22:00 საათამდე, ქალაქის ტერიტორიაზე 40 მეველე პატრულირებს. სადგომზე საქონლის შენახვისთვის ყოველ გადაცილებულ დღეზე მეპატრონეს 10 ლარის გადახდა უწევს.



საქონლის დაკავება
საქონლის დაკავება

 

ბათუმი-ახალციხის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო ქონების გამოსყიდვა იწყება

 

ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მოსახლეობასა და მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა რამდენიმე დღის წინ წარუდგინა. მთავრობის განკარგულების მიხედვით, ეს ღონისძიებები  საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) შეთანხმებულ განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტშია ასახული.

 

ამ ეტაპზე საუბარია ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის II სეგმენტის მე-2 და მე-3 სექციებზე, რომლებიც ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შეეხება.

 

თუ რამდენ ოჯახს ეხება განსახლების ჩარჩო-დოკუმენტის მიხედვით პროექტი და რა სახით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებენ.

 

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული ხაზის გავლის ტრასის საბოლოო დადგენა (ანუ რა მარშრუტით გაივლის გადამცემი ხაზი), რის შემდეგაც უკვე დაზუსტდება განსახლების პროექტი. აღნიშნული მონაცემები სექტემბრის თვისთვის იქნება ცნობილი” – განუცხადეს ბათუმელებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

 

ხედი დანდალოდან კოკოტაურის მიმართულებით [პროექტის გზშ]

 

მთავრობის განკარგულებაში ასევე აღნიშნულია: „ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს, იმ ქონებაზე, რომელიც იმყოფება ახალციხიდან ბათუმამდე, 220 კვ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის II სეგმენტის მე-2 და მე-3  სექციის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობის სარგებლობაში, განახორციელონ სათანადო ღონისძიებები მოსახლეობის მიერ აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ხელშეწყობის მიზნით“

 

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კი დაევალა სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული ქონების სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში შეტანა, შემდგომში  საპარტნიორო ფონდის“ მიერ ამავე ქონების სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალში შეტანის მიზნით.

 

„მოგვიწევს თუ  არა განსახლება“, – ეს იყო მთავარი კითხვა, რომელსაც გასულ წელს აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში მოქალაქეები „ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვაზე სვამდნენ.

 

დოკუმენტი ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში განიხილეს. ბათუმი-ახალციხის 220-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი აჭარაში, სწორედ ამ ოთხი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის

 

ხედი ფურტიოდან [პროექტის გზშ]

”მაჭახელა” ფეხბურთელებისთვის კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს შეისყიდის

ხელვაჩაურის საფეხბურთო კლუბი
ხელვაჩაურის საფეხბურთო კლუბი ”მაჭახელა”

„მაჭახელა“, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა. კლუბმა ორივე ტენდერი 7 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგანტოს ვებგვერდზე გამოაცხადა.

სამგზავრო–სატრანსპორტო საშუალებების მძღოლთან ერთად დაქირავებაზე გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 2000 ლარია და ითვალისწინებს კლუბის საწვრთნელ თამაშებზე ახალსოფელში, ჭარნალში ფეხბურთელების ტრანსპორტირებას. ფეხბურთელების კვების, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით უნდა განხორციელდეს შინ თამაშებისა და ჩემპიონატის 14-დღიანი შეკრების წინ, სავარაუდო ღირებულება 14130 ლარს შეადგენს. ორივე ტენდერის დაფინანსების წყარო ადგილობრივი (მუნიციპალიტეტის) ბიუჯეტია.


„მაჭახელა“ საქართველოს პურველ A ლიგაში თამაშობს.


საფეხბურთო კლუბი ”მაჭახელა”



დეპუტატი: დღეს გაცილებით გამოცდილი არჩილ ხაბაძე გვყავს

პროფესიით ფილოსოფოსი ხართ, ახლახან აგრარული კომისია ჩაიბარეთ, როგორ  შეაფასებთ უმაღლეს საბჭოს ფილოსოფოსის თვალით?

ამ პროფესიით საქრთველოში არასდროს მიმუშავია, გული მწყდება – შემეძლო ამ მიმართულებით განვითარება. თუმცა სოციალურად ალბათ უფრო ნაკლებაქტიური ვიქნებოდი. თუმცაღა გვაქვს მაგალითი გია მასალკინის სახით, ფილოსოფოსია და პოლიტიკურად აქტიური. კომკავშირელი ვიყავი და კომუნისტური პარტიის წევრი არ გავხდი. მოხდილი მაქვს სამხედრო სამსახური. ერთი სიტყვით, ჩემი მეს ფორმირება აზრთა გარდატეხის პერიოდში ხდებოდა. ჩვენ გამოგვეცალა სახელმწიფო, რომელიც იყო ჩვენი. უცებ დაპატარავდა დედამიწა.

საბჭოთა კავშირის ნოსტალგია გაქვთ?

არა. ნოსტალგია არ მაქვს. ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. შემდეგ ძალიან დიდი, უზარმაზარი თავისუფლება მერგო. საკუთარი ბედის გადამწყვეტი და დამგეგმავი თვითონ ვიყავი. თუმც ეს ყველაფერი ხდებოდა გაჭირვების ფონზე. როგორც ძველი ჩინელები იტყოდნენ – „დაე იცხოვროს გარდაქმნების პერიოდშიო“. რთულია ასეთ პერიოდში ცხოვრება, თუმცა საინტერესო.

სად, რომელ მხარეს იდექით გარდაქმნების პერიოდში?

დემოკრატიის მხარეს. ფილოსოფიურმა განათლებამ ჩემს მეზე ნამდვილად დატოვა თავისი კვალი, რითაც შეიძლება უფრო გამირთულდა ცხოვრება. რაღაცები სხვანაირად მესახება, თუმც ამავდროულად მიხარია, რომ ეს ასე მოხდა.

ქართულ ოცნებამდე პარტიაში იყავით?

ერთადერთი პარტია, რომელშიც გავწევრიანდი, „ეროვნული ფორუმი“ იყო. პოლიტიკაში არასოდეს უნდა თქვა არასოდეს და გადაჭრით ტაბუ არ უნდა დაადო რომელიმე საკითხს. ვფიქრობ, ეს არის პირველი და უკანასკნელი ჩემი პარტია.

 ყველაზე ღირებული რა გააკეთეთ უმაღლეს საბჭოში მუშაობის პერიოდში?

ერთ კონკრეტულ ფაქტს ვერ გამოვყოფ. მეგობრებმა და ჩემმა ამომრჩეველმა, ვინც  მიცნობს, იციან, რომ ჩემი საქმიანობა უმეტესწილად ხალხში გასვლაა, მათთან ურთიერთობა, ხალხის პრობლემების თავის თავზე აღება. რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, 17 შეხვედრა გავმართეთ მოსახლეობასთან. ეს არ იყო საარჩევნო წელიწადი, მაგრამ შეხვედრები საინტერესო იყო. რადგან მე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან ვარ, წილად მხვდა შეხვედრები ხელვაჩაურში. დაახლოებით 250-300, ხანდახან მეტი ამომრჩეველი ესწრებოდა შეხვედრას. ახალშენში გადაიჭედა დარბაზი – 500 კაცზე მეტი იყო. ეს შეხვედრები გრძელდებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში. აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილეები, საგზაო და გარემოს დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც. აღმასრულებელი თავისას ამბობდა, მე, როგორც დეპუტატი, ველაპარაკებოდი ხალხს, მაგრამ მთავარი გზავნილი მაინც იყო ჩვენი მოქალაქეების ჩართულობა. 

გინდათ თქვათ, რომ ყველაზე ღირებული, რაც უმაღლეს საბჭოში მუშაობის პერიოდში გააკეთეთ, ხალხთან შეხვედრები იყო?

ცხრა სხვადასხვა კომისიაში ვმუშაობდი, ზოგიერთ კომისიაში ახლაც ვმუშაობ. ყოველთვიურად, ზოგჯერ თვეში ორჯერ ვიკრიბებით. აქ ჩართულები არიან წარმომადგენლები როგორც ეკონომიკის სამინისტროდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. უმაღლესი საბჭოდან მე ვარ წარმოდგენილი. საუბარია იმ პირებზე, რომლებსაც ჰქონდათ მიწის დამადასტურებელი საბუთი და მერე რაღაც მიზეზთა გამო ჩამოეჭრათ. ჩვენ ამას ვიხილავთ და ვაბრუნებთ, ეს არის სამართლიანობის დამკვიდრების ერთ-ერთი მომენტი. თუმცა ეს კომისია რეკომენდაციებს ამზადებს ეკონომიკის სამინისტროსთვის, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. კომისიაში  სამინისტროს წარმომადგენლებიც არიან. მე ვიმუშავე გონიოშინ წართმეულ მიწებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა, რომ ერთპიროვნულად ყველას ვერ ერგება [მიწა], თუმცა არის ნაწილი მოსახლეობისა, რომელსაც ნამდვილად ერგება. კომისია აღმასრულებელი ხელისუფლების მოთხოვნით იყო შექმნილი, ჩვენ ერთად ვიმუშავეთ.

მაგრამ თქვენი მთავარი ფუნქცია საკანონმდებლო საქმიანობაა…

ვერ გეტყვით, რომ რომელიმე კანონპროექტი პირდაპირ ჩემი ინიციატივით არის შესული პარლამენტში. თუმცა თანამონაწილე ვიყავი და ახლა კიდევ მაზის კისერზე ერთი საკმაოდ რთული პროექტი. საქართველოს პარლამენტი ე.წ. მთის კანონზე მუშაობს. უამრავ სიკეთესა და სარგებელს ნახავს ჩვენს მთაში სოფლები. 1999 წელს მიიღეს ეს კანონი, თუმცა არ ამოქმედებულა. ამ კანონში ბოლო ცვლილება 2015 წლის 15 აპრილს ხულოს მაჟორიტარმა ბოლქვაძემ შეიტანა, ორი სოფლის სახელი გაასწორა. თუ სოფლის სახელი დამახინჯებულად იქნება ჩამონათვალში, კანონის ამოქმედებისას ეს სოფელი ვერ მიიღებს სარგებელს. 26 სოფელია არასწორი დასახელებით და ამ 26 სოფლის სახელწოდების გასწორებაზეა საუბარი.

თქვენ, როგორც თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარე, როგორ შეაფასებთ მუნიციპალიტეტების გამგებლების, გამგეობების მუშაობას?

არის თუ არა სხვაობა, რაც იყო? – არის. ხელვაჩაურის რაიონში ამ წუთში იმდენი ბაღი და სკოლა შენდება და რემონტდება, რომ ამის გაპიარება წესიერად რომ ხდებოდეს, გაცილებით მეტი ეფექტი ექნებოდა.

არჩილ ხაბაძის მუშაობას როგორ შეაფასებდით?

გახსოვთ ალბათ შვიდი დეპუტატის თანხმობა იყო საჭირო, რომ მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებულიყო, მე არ შევუერთდი იმ დეპუტატებს. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ არ მივიღე, რომ მომწონს ან არ მომწონს არჩილ ხაბაძე. რაც უფრო ნაკლებ დროს დავუთმობდით კინკლაობას, უფრო მეტს მოვიგებდით. ამ კინკლაობით დავზარალდით ორივე მხარე. დავზარალდით ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ეს ჩემთვის უფრო საწყენია, ვიდრე რომელიმე დეპუტატის ახირება.  მინდა გითხრათ, რომ მუშაობს არჩილ ხაბაძე, კარგი მენეჯერია, ამის თქმა შემიძლია. საბანკო სისტემიდანაა მოსული და ამ მხვრივ გამოცდილება ჰქონდა. ახალგაზრდა კაცია, უამრავ რამეს დახვეწს. ზოგადად გვქონდა ჩვენ შენიშვნები მასთან და მინდა მის სასიკეთოდ ვთქვა, რომ იგრძნობა ცვლილება.

ანუ დაიხვეწა?

დიახ, რა თქმა უნდა. მე ვერ შევიტან ეჭვს, რომ ამ კაცს რეგიონისთვის სიკეთე არ უნდა და ამისთვის არ იღწვის. იდეალური მხოლოდ ღმერთია.

პიროვნულ სიმპათიებზე არ გეკითხებით. მაინტერესებს თქვენი, როგორც მაკონტროლებლის მოსაზრება აღმასრულებელზე, რომელსაც ანდეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი, ეს უფლება კი ამომრჩევლისგან მიიღეთ. კმაყოფილია თქვენი ამომრჩეველი?

დიახ, იმას კი არ ვამბობ, როგორი ხასიათის ბიჭია არჩილ ხაბაძე. ზუსტად მისი საქმიანობიდან გამომდინარე ვაფასებ. საკმაოდ სამართლიანი ახალგაზრდაა.

ფინანსთა მინისტრი?

შეიძლება ცოტა ხისტია, მაგრამ ნამდვილად პროფესიონალია. ის ვერ გავა იმ ჩარჩოს მიღმა, რასაც ჩვენს რეგიონში კანონმდებლობა აწესებს. ამას არც ვურჩევ არავის და პირველ რიგში, ჩემ თავს. მოკლედ, არჩილ ხაბაძის საქმიანობას დადებითად ვაფასებ და მის სასიკეთოდ მინდა ვთქვა, რომ გაცილებით გამოცდილი არჩილ ხაბაძე გვყავს დღეს, ვიდრე ეს იყო მუშაობის დაწყებიდან პირველი წელს.

გამოცდილების მიღება მთავრობის პირველი პირის პოსტიდან, ეს ნორმალურია?

მე ვთქვი გაცილებით უფრო გამოცდილი და არ მითქვამს, რომ ის საერთოდ გამოუცდელი იყო. თუმცა როდესაც მიღებულ გამოცდილებას მიმართავ სიკეთისკენ,  ეს სერიოზული მაჩვენებელია. კადრების თვალსაზრისით ჩვენს რეგიონს ვარსკვლავთ ცვენა არა აქვს. ბევრი ჭკვიანი ვიცი, მაგრამ პოლიტიკური პროცესების მიღმა დგომა ურჩევნია. გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ვიღაცები ცდილობენ დისტანცირებას.

ბათუმის საკანალიზაციო ქსელი და გაზრდილი ქალაქი

 

ბათუმში მრავალსართულიან შენობებს ისე აშენებენ, რომ დაგეგმვა-დაპროექტების პროცესში „ბათუმის წყალს“ არ რთავენ, წყლის ერთადერთ მიმწოდებელ კომპანიას მხოლოდ პოსტფაქტუმ მიმართავენ და წყლისა და კანალიზაციის ქსელში ჩართვას თხოვენ.

 

ინვესტიცია იდება ქალაქის იმ უბნებშიც, სადაც საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს. მაგალითად, ახალი ბულვარის გასწვრივ, სადაც „ორბი ჯგუფი“, „ატლას ჯორჯია“ და სხვა კომპანიები უზარმაზარ კომპლექსებს აშენებენ და ათეულ მილიონობით დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის მერს შენობების სართულიანობის გაზრდის შუამდგომლობით 91-ჯერ მიმართა, ანუ ბათუმი სიმაღლეშიც გაიზარდა.

 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ მშენებლებმა მაღალ სართულებზე წყლის მიწოდება თავად, საკუთარი ტუმბოთი უნდა უზრუნველყონ. რაც შეეხება კანალიზაციას, „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, რეაბილიტირებული ქსელი ნებისმიერ დატვირთვას გაუძლებს, დანარჩენ უბნებში კი დაგეგმილია ან/და უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ იმ უბნებში, სადაც საკანალიზაციო ქსელი არ არის, შესაბამისი შესწავლა-დაპროექტება დაწყებულია.

 

ახალი აბონენტების [ობიექტების] ქსელზე მიერთება ფასიანია და მიერთების წესს სემეკი არეგულირებს. მსხვილი ობიექტის წყალმომარაგების ქსელზე მიერთებისთვის, 110 მმ დიამეტრის მილის შემთხვევაში, მეპატრონეს მიმწოდებლისთვის გადასახადი აქვს 5700 ლარი, ხოლო 150 მმ დიამეტრის მქონე მილის შემთხვევაში – 6 000 ლარი. რაც შეეხება წყალარინების ქსელზე მიერთებას, 150 მმ დიამეტრის მქონე საკანალიზაციო მილის შემთხვევაში მიერთების საფასურია 11 500 ლარი, ხოლო 200 მმ-იანი მილის შემთხვევაში – 20 500 ლარი. ყველა გადასახადი ერთჯერადია.

 

მაგალითისთვის: სასტუმრო „ჰილტონმა“, „ბათუმის წყლის“ ვებგვერდის მონაცემებით, მაისში 19 345 ტონა წყალი მოიხმარა [41 ათასი ლარის ღირებულების, წყალარინების მომსახურების ჩათვლით], ხოლო სასტუმრო „შერატონმა“ გახარჯა 6 170 ტონა [ღირებულებით _ 24 680 ლარი].

 

ბათუმის წყალმომარაგება

 

„ბათუმის წყალს“ ქალაქისთვის წყლის მიწოდება მაქსიმუმ მე-12 სართულამდე შეუძლია – ეს თვითდინებით, ტუმბოს გარეშე.

 

„მე-12 სართულს ზემოთ სახლებისა თუ სასტუმროების მეპატრონეებმა ტუმბოთი წყლის მიწოდება თავად უნდა უზრუნველყონ. ან აუზები უნდა მოაწყონ. რაც შეეხება წყლის მიწოდებას თუ რაოდენობას, მაგ მხრივ პრობლემა არ არის. ჩვენ 24-საათიან მიწოდებას თავისუფლად ვუზრუნველვყოფთ“, – აცხადებს „ბათუმელებთან“ კახა რუსიძე, „ბათუმის წყლის“ დაგეგმარებისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.

 

ბათუმს დღეს ორი საწნევო-სარეზერვუარო პარკი აქვს – სალიბაურსა და ინჯალოში, რომლებიც დაახლოებით 60 მეტრზეა ზღვის დონიდან. ეს კი, დანაკარგების  ჩათვლით, უზრუნველყოფს წყლის 35 მეტრ სიმაღლეზე თვითდინებით მიწოდებას.

დღე-ღამეში ბათუმში ამ ეტაპზე 50 ათასიდან 60 ათას კუბ/მეტრ-მდე წყალი იხარჯება. „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ წყალი ყველას ყოფნის და თუ რამე პრობლემაა მიწოდებაში, ეს ქსელის რეაბილიტაციის გამოა. წყლის სისტემა ქალაქის მოსახლეობამ  200 ათასსაც რომ გადააჭარბოს, დატვირთვას მაინც გაუძლებს.

 

წყალარინება – საკანალიზაციო ქსელი

 

ბათუმში სასმელი წყლის მიწოდების სისტემა „ბათუმის წყლის“, საკუთრივ „ბათუმის წყალი“ კი ბათუმის მერიის საკუთრებაშია [კომპანიის 100 პროცენტი წილის მფლობელი მერიაა], წყალარინების, ანუ საკანალიზაციო ქსელი კი, როგორც კომპანიაში აცხადებენ, „გადმოცემის პროცესშია და დეტალები ზუსტდება“.

 

ბათუმის საკანალიზაციო ქსელი რაიმე განსაკუთრებულ ნაგებობებსა თუ გვირაბებს მიწის ქვეშ არ მოიცავს. ქსელი, ძირითადად, ლითონის მილების, კოლექტორებისა და სატუმბი სადგურებისგან შედგება. გორგასლის ქუჩის მთელს სიგრძეზეა შემკრები კოლექტორი, ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩებზეა სატუმბი სადგურები, სადაც კანალიზაციის წყლები თვითდინებით მიდის. ამ სადგურებიდან კი მასა იქაჩება ადლიის გამწმენდ ნაგებობაში.

 

საკანალიზაციო სისტემაში, სასმელი წყლის ქსელისგან განსხვავებით, რთული სიტუაციაა. ქალაქის დიდ ნაწილში კანალიზაცია არ არის ჩართული ცენტრალურ სისტემაში, სარეაბილიტაციოა, ან  საკანალიზაციო ქსელი უბრალოდ არ არსებობს.

 

წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას ის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ბათუმში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხით 2007 წლიდან ხორციელდება [სესხის მოცულობა დაახლოებით 80 მილიონი ევროა]. პროექტი თავის დროზე სამ ფაზად დაიყო. პირველი და მეორე ფაზა დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს პროექტის მე-3 ფაზა.

 

წყლისა და კანალიზაციის სისტემა სრულადაა რეაბილიტირებული ე.წ. ძველ ბათუმში და მის მიმდებარედ _ გოგებაშვილის, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის ქუჩებითა და ზღვისპირით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე. გრიბოედოვის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე მონაკვეთში კი [ლუდის ქარხნის დასახლება, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა, „ხოფა“] სისტემა ნაწილობრივაა რეაბილიტირებული; ე.წ. ჭაობის უბანში, ბონი-გოროდოკისა და ბარცხანა-ბენზეს დასახლებებში სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე, მე-3 ფაზაში განხორციელდება. სამუშაოები უკვე დაწყებულია პუშკინის ქუჩიდან.

აღსანიშნავია, რომ თამარის [ბენზეს], ბარცხანისა და გოროდოკის დასახლებებიდან საკანალიზაციო წყლები ფეკალიებთან ერთად მდინარეების [ყოროლისწყალი, ბარცხანა] გავლით ყოველგვარი გაწმენდის გარეშე, პირდაპირ შავ ზღვაში ჩაედინება. იგივე სიტუაციაა მახინჯაურშიც. მაგალითად, ბენზეს დასახლება 1 წამში 80-85 ლიტრ წყალს მოიხმარს, რაც თვეში 200 000 კუბ/მეტრზე მეტია. ფაქტობრივად, თვეში, ამავე რაოდენობის დაბინძურებული კანალიზაციის წყალი [ფეკალიებთან ერთად] ზღვაში მარტო ბენზეს დასახლებიდან  ჩადის.

 

ბენზე, ბარცხანა, ბონი, გოროდოკის უბნებთან დაკავშირებით, ბათუმის მერის მრჩეველი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში ჯაბა ტუღუში „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მერიას მოლაპარაკებები აქვს გამარჯვებულ კომპანიასთან [შპს „ფაიფერი“], მოლაპარაკების შედეგებს გადააგზავნიან დონორთან [გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი], რომლის თანხმობის შემდეგაც, 40 დღეში დაიწყება სამუშაოები.

 

„სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბრისთვის დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც დაიყოფა სექციებად და 28-თვიდან 38-თვემდე პერიოდში დასრულდება. ამაში შედის საგარანტიო ვადებიც. პარალელურად სამუშაოები დაიწყება ყველგან და დასრულების შემდეგ ეს ქსელიც შეუერთდება ადლიის გამწმენდ ნაგებობას“, – ამბობს ჯაბა ტუღუში.

 

რაც შეეხება ე.წ. შემოერთებულ ტერიტორიებს – ახალი ბულვარისა და კაჩინსკების ქუჩის მიმდებარედ – ყოფილი სოფელი მინდა, ადლია, კახაბერი, ასევე მეჯინისწყალი, აქ საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს.

მერიაში ამბობენ, რომ საუბარია მე-4 ფაზაზე, ამ უბნებში ქსელის დაპროექტებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ამასთან, სამთავრობო შეთანხმების ხელშეკრულების პროექტებს ამზადებს დონორი, რომელსაც საქართველოს მთავრობა განიხილავს და მოხდება რატიფიცირება პარლამენტში.

 

აღნიშნული პროცედურების გათვალისწინებით და დამატებით სესხის [`ბათუმელების~ ინფორმაციით, 30 მილიონამდე ევრო] აღების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, როგორც მერის მრჩეველი ამბობს, სამუშაოები 2016 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. რაც შეეხება დასრულების ვადებს, ჯაბა ტუღუშის თქმით, „ის, თუ რა პერიოდი დასჭირდება დასრულებას, შესწავლის შემდეგ გვეცოდინება. ზოგადად, მე-3 და მე-4 ფაზების დასრულებას 2018-2020 წლებში ვვარაუდობთ“.

 

რაც შეეხება კახაბრის შემოერთებულ [ხელვაჩაურთან ახლოს]  უბნებს, აქ ჯერჯერობით მხოლოდ ტერიტორიას სწავლობენ და საკანალიზაციო ქსელის დაპროექტების საკითხიც ამის შემდეგ გადაწყდება.

 

მერიაში აცხადებენ, რომ კანალიზაციის მხრივ პრობლემა გადაჭრილია სარფი-კვარიათი-გონიოს დასახლებებში [დარჩენილია მცირე მონაკვეთი, რომელიც მე-3 ფაზაში გაკეთდება, ხოლო მე-4 ფაზაში წყალმომარაგების საკითხი მოგვარდება]. საკანალიზაციო სისტემა აქ ექსპლუატაციაში 2012 წელში შევიდა და სისტემა ადლიის გამწმენდ ნაგებობას უერთდება. კანალიზაციის წყლის გადაქაჩვა კი სისტემაზე მოწყობილი შვიდი საშუალედო სატუმბი სადგურის საშუალებით ხდება.

 

უშუალოდ გამწმენდი ნაგებობა [რომელიც პლაჟთან ახლოს, აეროპორტის ასაფრენ ზოლსა და ჭოროხის შესართავს შორის მდებარეობს] „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღე-ღამეში 60 ათასამდე კუბ/მეტრ საკანალიზაციო წყალს ამუშავებს, მაშინ, როცა შეუძლია დაახლოებით 120-130 ათასი კუბ/მეტრი გადაამუშაოს. გაფილტრული წყალი გამწმენდი ნაგებობიდან ზღვაში მილების საშუალებით ნაპირიდან 100 მეტრში ჩაედინება.

 

სანიაღვრე არხები

 

ზღვაში, მახინჯაურიდან ადლიამდე მონაკვეთში, ღია თუ დახურული სანიაღვრე არხებით 20-მდე ადგილას ჩაედინება წვიმის წყალიც. სანიაღვრე არხები ამ ეტაპზე მთლიანად მერიის საკუთრებაშია და ამ ინფრასტრუქტურის მოვლა-ექსპლუატაციას „ბათუმის წყალი“ სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმის დროს წყლის გამტარუნარიანობა გაძნელებულია „ამ კუთხით ტრადიციულ ადგილებში“ – აღმაშენებლის ქუჩის ბოლოში, გორგილაძის ქუჩის ბოლოში [თუმცა აქ რეაბილიტაცია ჩატარდა და აღარ უნდა დადგეს წყალი], ასევე ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის კვეთაში. რაც შეეხება საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემებიდან წყლების შერევას, „ბათუმის წყალში“ ამბობენ: „ვცდილობთ მაქსიმალურად გავმიჯნოთ. რეაბილიტირებულ ადგილებში მთლიანად გამიჯნულია“.

 

„სანიაღვრეზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, შემდეგ სატენდერო დოკუმენტაციას გავამზადებთ და დაახლოებით სექტემბერში გამოვაცხადებთ ტენდერს. უნდა მოეწყოს სატუმბი სადგურები, შემაკავებელი ავზებით, გამცხრილავებით და ა.შ. ოღონდ ამ ეტაპზე მხოლოდ ჟილინის არხსა და არდაგნის ტბის მიმდებარე ადგილებში“, – ამბობს ჯაბა ტუღუში.

 

ბათუმის მერიამ ამ დღეებში მდინარე მეჯინისწყლისა და ხახულის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხის კალაპოტის ამოწმენდა-რეაბილიტაციაზე ჯამში 1 მილიონ 600 ათასლარიანი ტენდერი გამოაცხადა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“ ბათუმის მერიას მისცა თანხმობა, ეს შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერით განახორციელოს. გამარჯვებულებს მერია 30 ივნისს გამოავლენს.

 

 

ვის შეუძლია სახელმწიფოსგან 5, 10 და 15 ათასი ლარის მიღება

მაია შიშნიაშვილი
მაია შიშნიაშვილი

მაია, რას ითვალისწინებს ეს პროექტი და რა არის მისი მიზანი?

პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული მეწარმეობის განვითარების სააგენტო. 2015 წლის 15 მარტიდან საქართველოს რეგიონებში „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაწყებულია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება.

პროგრამის მიზანია შეიქმნას ახალი მიკრო და მცირე ბიზნესები ან ხელი შეუწყოს არსებულის განვითარებას. განვითარებული ეკონომიკის საყრდენი მცირე და მიკრო ბიზნესი უნდა იყოს, სამწუხაროდ საქართველოში ჯერ არ ვართ განვითარების ამ ეტაპზე. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი გამიზნულია ზუსტად იმაზე, რომ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ბიზნესი დაიწყონ და ვერ ნახულობენ ფინანსურ სახსრებს, არ აქვთ საკმარისი ცოდნა, გაუჩნდეთ შანსი, დაიწყონ ბიზნესი. ამ საქმისთვის მთელ საქართველოში 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

თითოეულ ადამიანს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არის სრულწლოვანი და უნდა ბიზნესის დაწყება რეგიონში, შეუძლია მიმართოს ამ პროგრამას.

მოდი კონკრეტულად ვთქვათ, მაღაზიის მფლობელს ბათუმში, რომელსაც აქვს ინდმეწარმის სტატუსი, შეუძლია ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

შეუძლია. თანადაფინანსების მისაღებად განმცხადებელი უნდა იყოს მიკრო ან მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ან კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ დარეგისტრირდეს მეწარმე სუბიექტად და მოიპოვოს სპეციალური დაბეგვრის სტატუსებიდან ერთ-ერთი: მიკრო, მცირე მეწარმე და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი.

ამ სტატუსის მქონე მეწარმეები სარგებლობენ შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით.

პრიორიტეტი თუ მიენიჭება რომელიმე ჯგუფს?

ეს პროექტი შეიქმნა რეგიონში შექმნილი ბიზნესის ხელშესაწყობად, ამიტომ უპირატესობა ენიჭება რეგიონში განხორციელებულ ბიზნეს იდეებს. ბიზნეს იდეის ავტორი შეიძლება ცხოვრობდეს საქართველოს ნებისმიერ ქალაქში ან სოფელში, მაგრამ ბიზნესი უნდა შეიქმნას სამიზნე რეგიონში. სოფლად ბიზნესის დაწყება და განვითარება უფრო რთულია, ამიტომ პროექტი მხარს დაუჭერს ასეთ ინიციატივებს, მათ შორის სპეციალური ტრენინგებით. ჩვენ შესაძლებლობას მივცემთ განმცხადებელს მიიღოს საჭირო ცოდნა და კონსულტაციები, რომ მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს ბიზნეს გეგმების კონკურსს და ბიზნესის წარმოების დროს ჰქონდეს აუცილებელი ინფორმაცია.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისა და ქალების მონაწილეობა ამ პროექტში. მოლოდინი გვაქვს რომ ბევრი ახალი და ინოვაციური იდეა შემოვა.

რა არის საჭირო განაცხადის შესატანად?

განაცხადის შემოტანა ხდება ელექტრონულად, ვებგვერდზე – ქარტული.გე. განცხადის ფორმა საკმაოდ მარტივია, საჭიროა პირადი მონაცემების შევსება და ბიზნეს იდეის აღწერა რამდენიმე წინადადებით. ასევე მოთხოვნილი თანადაფინასებისა და მონაწილეობის აღწერა. განაცხადის შევსება შესაძლებელია 29 ივნისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით. ამ პერიოდში განმცხადებელს შეუძლია შეავსოს და შეასწოროს თავისი განაცხადი შეზღუდვების გარეშე. თითოეულ განმცხადებელს ექნება თავისი სივრცე, სადაც შეძლებს განცხადის სტატუსის ნახვას, მიიღებს ინფორმაციას პროგრესის შესახებ და გამარჯვების შემთხვევაში, ტრენინგების შესახებ. განაცხადის შევსებისას, მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს საინფორმაციო ცენტრი 16100-ის კონსულტაციებით.

განაცხადზე მუშაობისას, განმცხადებელმა უნდა გაითვალისწინოს აუცილებელი პირობა, თანადაფინანსების მისაღებად, მან უნდა განახორციელოს თანადაფინანსების თანხის მინიმუმ 20%-ის ბიზნესში ინვესტიცია საკუთარი სახსრებით. მაგ. თუ განმცხადებელი ითხოვს თანადაფინანსებას 5000 ლარის ოდენობით, მისი საკუთარი მონაწილეობა უნდა იყოს მინიმუმ 1000 ლარი.

პროექტი საშუალებას აძლევს მეწარმეებს შექმნან ამხანაგობა, ამ შემთხვევაში თანადაფინანსების თანხა შეიძლება იყო 10000 ლარი ორი მეწარმის შემთხვევაში და 15000 ლარი, სამი მეწარმის შემთხვევაში.

ამბობთ, რომ განაცხადის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტით, სოფლეში კი ინტერნეტი პრობლემაა. მით უფრო, რომ სოფლებში თქვენს პოტენციურ აუდიტორიას სათანადოდ არ აქვს ის უნარები განვითარებული, რასაც ინტენეტის მოხმარება ჰქვია. ამ ბარიერის დაძლევას როგორ აპირებთ?

ჩემი პირადი განწყობა ასეთია – ვისაც რაიმე ბიზნეს იდეა აქვს, შანსი უნდა ჰქონდეს, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს. აუცილებლად მოვიფიქრებთ გზებს, რომ ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდეს მონაწილეობა მიიღოს პროგრამაში.

სოფლებში ვატარებთ შეხვედრებს და პირველი რასაც გავარკვევთ, ეს იქნება – აქვთ თუ არა შესაძლებლობა ელექტრონულად შეავსონ განაცხადი. თუ სოფელში არსებობს ერთი კომპიუტერი მაინც, დარწმუნებული ვარ მეზობელი მეზობელს ხელს შეუწყობს და შეავსებინებს განაცხადს. თუ ვნახეთ, რომ ასეთი შესაძლებლობა არ არის, მაშინ ჩვენ მოვძებნით საშუალებას რომ სურვლებს ჰქონდეთ წვდომა პროექტზე.

ადამიანებს, განსაკუთრებით თქვენს სამიზნე აუდიტორიაში აქვთ განცდა, რომ მსგავსი პროექტები ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფებისთვის კეთდება. ამ შეხედულების შეცვლას როგორ აპირებთ?

მედიის საშუალებით ვავრცელებთ ინფორმაციას და არც ამითი ვკმაყოფილდებით – პირად შეხვედრებს ვმართავთ მოქალაქეებთან, ვცდილობთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გავარცელოთ ინფორმაცია. მოგეხსენებათ, პროექტი ორი რაუნდისგან შედგება, მეორე რაუნდი დაიწყება მომავალი წლის ზამთარში. თუ მოქალაქე ვერ შეძლებს პირველ რაუნდში თანადაფინანსების მოპოვებას, მას შეუძლია კიდევ ერთხელ სცადოს. იმედი გვაქვს რომ ბევრი წარმატებული ახალი ბიზნესი გაჩნდება და ხალხი წარმატებით დაიმუხტება. ჩემი აზრით, სწორი კომუნიკაციით და მედიის მხარდაჭერით ამ სკეფსის დავანგრევთ.

რამდენი პროექტის თანადაფინანსება იგეგმება?

მთელი საქართველოსთვის 20 მილიონია გამოყოფილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აჭარა-გურია-სამეგრელო-ზემო-სვანეთში, ჯამში 1000 ბენეფიციარი მიიღებს თანადაფინასებას.

რაც შეეხება იმას, თუ რომელ რეგიონში რამდენი ბენეფიციარი მიიღებს, თანადაფინანსებას, არ არსებობს მკაცრი ნორმები, ყველაფერი დამოკიდებული იქნება განაცხადების რაოდენობაზე და ბიზნეს იდეებზე. ჩვენი მხრიდან ყველა რეგიონს თანაბრად მივაქცევთ ყურადღებას და ყოველ იდეას გულისყურით გავეცნობით.

განაცხადების მიღება როდის დაიწყო და რამდენ ხანს გრძელდება?

ბმული ვებგვერდზე 29 ივნისს გააქტიურდა და უკვე არის განაცხადები შემოსული. 3 აგვისტო არის ბოლო დღე. განცხადების შემოტანისას შესაძლებელია მასში ცვლილებების განხორციელება, ამიტომ მოსახლეობას ვურჩევ თავიდანვე დარეგისტრირდნენ და დარჩენილი დრო გამოიყენონ იდეის დასახვეწად, სატელეფონო ცენტრ 16100-ის საშუალებით კონსულტაციები მიიღონ, მიმართონ რეგიონულ ოფისებს, ბათუმში, ლანჩხუთსა და ზუგდიდში და სრული ინფორმაცია მიიღონ პროექტის შესახებ.

ვინ აკეთებს მონიტორინგს?

მონიტორინგის ფუნქცია ჩვენ გვაქვს დავალებული. მონიტორინგის პროცესში ვაკვირდებით ბიზნესის საქმე როგორ მიდის, ეს უფრო მხრადაჭერის ფუნქციაა – გამოყოფილია კონსულტანტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მეწარმეს ეხმარება ბიზნესის წარმოების საკითხებში.

ჯგუფური ტრენინგები ჩატარდება სამივე რეგიონში. ტრენინგების დროს ბენეფიციარები აიმაღლებენ კვალიფიკაციას ბიზნეს გეგმის მომზადების მიმართულებით, შეისწავლიან ბიზნეს გეგმის მომზადების სპეციფიკას. თანადაფინანსების მიღების შემდეგ ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ სამდღიანი, თემატური ტრენინგები ბიზნესის წარმოების საკითხებში.

ვინ არჩევს პროექტებს და რა ვადაში გაიცემა თანხა?

3 აგვისტოს დასრულდება ბიზნეს იდეების განაცხადების მიღების პირველი რაუნდი. გნაცხადების გადარჩევა მოხდება კვალიფიციური სპეციალისტების მიერ 1 თვის ვადაში. შერჩეულ კონკურსანტებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ბიზნეს გეგმის მომზადებაში. კონკურსანტების მიერ მომზადებულ ბიზნეს გეგმებს გაეცნობა სპეციალურად შერჩეული კომისია, რომლის წევრებიც არიან შესაბამისი ინდუსტრიის სპეციალისტები.

ბიზნეს გეგმის შერჩევისას სხვა ფაქტორებთან ერთად, ყურადღება მიექცევა ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობას, მის რესურსს იარსებოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროექტი ორი რაუნდისგან შედგება. თუ პირველ რაუდნს ვერ გადალახავთ წარმატებით ან თუ შემოდგომის სეზონი არ არის სასურველი თქვენი ბიზნესის დასაწყებად, მაშინ შეგიძლიათ პროექტში ჩაერთოთ მომავალი წლის იანვრიდან.

 

აწარმოე საქართველოში
აწარმოე საქართველოში
Exit mobile version