სიახლეები

სანდასუფთავების სამსახურის უფროსი: ბათუმში გველებთან ბრძოლის აუცილებლობა არ დგას

13.07.2015 • 3255
სანდასუფთავების სამსახურის უფროსი: ბათუმში გველებთან ბრძოლის აუცილებლობა არ დგას

 

დავით ასამბაძე

 

ბატონო დავით, ზარები შემოდის თქვენს სამსახურში გველებთან დაკავშირებით?

 კი, პერმანენტულად შემოდის. რომ გითხრათ ყოველ დღე – არა, მაგრამ რეკავენ. საქმე იმაშია, რომ სანდასუფთავების სამსახურის ფუნქციაში ეს არ შედის. ჩვენს სამსახურს აქვს კოღოებთან და მღრღნელებთან ბრძოლის პროგრამა. რაც შეეხება ამერიკულ პეპელას, ხოჭოებსა და გველებს, მათთან ბრძოლა ჩვენს სამსახურს არ ეხება.

 გასულ წლებშიც იყო ასეთი შემთხვევები თუ წელს პირველად ხდება, რომ მოქალაქეები გველების მომრავლებასთან დაკავშირებით გირეკავენ?
ერთეული შემთხვევები სატელეფონო ზარების ყოველთვის იყო, მაგრამ რამდენად სიმართლეა, ესეც გასარკვევია, რადგან ბათუმში ეს ცოტა ისეთი თემაა… ბუჩქებში შეიძლება იყოს მაისის გველს რასაც ეძახიან, რომელიც მავნე არ არის.

 თქვენ, როგორც სამსახურის უფროსი, ფაქტების დადასტურების შემთხვევაში აპირებთ შესაბამისი პროგრამის საჭიროების საკითხი დააყენოთ მერიაში?
 ამის აუცილებლობა ქალაქს ნამდვილად არ აქვს. ერთეული შემთხვევებისთვის ჩვენს სამსახურში ამის გაკეთება ჰაერში გადაყრილი ფული იქნება. ჩვენი სამსახური მერიის ტენდერში იღებს მონაწილეობას. ჩვენ სპეციალისტიც არ გვყავს, ან საიდან გვეყოლება შესაბამისი სპეციალისტი, აქ ისეთი ხალხია საჭირო, რომელსაც რაღაც განათლება აქვს ამ საკითხში [ქვეწარმავლებთან ბრძოლა].

 რაც შეეხება კოღოებსა და მღრღნელებთაან ბრძოლის პროგრამას, რა პერიოდულობით ხდება შეწამლვა?
 მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით მუშავდება ქალაქი. მაისსა და ივნისში – თვეში ორჯერ, ივლისსა და აგვისტოში – თვეში სამჯერ; სექტემბერში და ოქტომბრის პირველ ნახევრაში – ორჯერ. არსებობს გეგმა-გრაფიკი, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული კორპუსების ჩამონათვალი. მუშავდება სადარბაზოები – პირველი სართულები და სარდაფები.

რამდენია პროგრამის ბიუჯეტი?
 დაახლოებით 250 000 ლარია ამისათვის გათვალისწინებული.

 გიკავშირდებიან თუ არა მოქალაქეები, რომლებიც გრაფიკის გარეშე გთხოვენ სადარბაზოს შეწამლვას?
 ბევრი. ეს კი არა, სადაც ნამყოფი ვართ, იქედანაც რეკავენ – არ ყოფილანო. სადაც მივდივართ, იქ დგება ოქმი და რომელიმე მოსახლე ან ამხანაგობის თავმჯდომარე აწერს ხელს და ადასტურებს, რომ ნამდვილად ვიყავით.

 როგორია წამლის მოქმედების ვადა?
 დაახლოებით 10-15 დღე არის წამლის მოქმედების ხანგრძლივობა. მაგრამ არის სხვა პრობლემები: მაგალითად, სარდაფში თუ წყალია, ეს პრობლემაა. ჩვენ ვწამლავთ, რაღაც პერიოდი მუშაობს, მაგრამ ასეთ ადგილას ორმაგად და სამმაგად მრავლდება კოღო. ბინა, კორპუსები ყველა პრივატიზებულია და ალბათ ამხანაგობამ უნდა მოაწესრიგოს სარდაფები. დამატებით კიდევ 100 იტალიურ ეზოს ვუვლით პროგრამის გარეშე.

გვაქვს კომერციული მომსახურებაც. ფასი ფართობიდან გამომდინარე გამოითვლება. კიდევ რამდენიმე სამსახურია ქალაქში ჩვენ გარდა, რომლებიც ჩვენი სახელითაც სარგებლობენ, ეუბნებიან მოსახლეობას, რომ სანდასუფთავებიდან არიან და 2-2 ლარს ახდევინებენ. იმის მიუხედავად, რომ ხალხი გაფრთხილებულია, იციან, რომ ჩვენი მომსახურება უფასოა [გრაფიკით გაწერილ ვადებში]. ზოგადად კიბეებსა და მთელს სახლს თუ დააწამლვინებენ სამსახურს, ეს სხვა საქმეა.

 ყველაზე რთული სიტუაცია სად არის ბათუმში კოღოებისა და მღრღნელების თვალსაზრისით? რომელი უბნიდან შემოდის ყველაზე მეტი ზარი?
 შეიძლება იყოს ისე, რომ დგას მაგალითად, ორი კორპუსი და ერთ კორპუსში ბევრია კოღო და მერეში – არა. იქ, სადაც დაჭაობებული ადგილებია, გუბეებია, ბალახია დიდი – ასეთ ადგილებში კოღო მრავლდება. ჩვენ დაჭაობებულ ტერიტორიებსაც და არხებსაც ვწამლავთ თვეში ორჯერ.
თუ დააკვირდებით ქალაქში მღრღნელების არსებობას ვერ შეამჩნევთ, ვირთხები ნამდვილად არ დარბიან ქალაქში, დიდი ეფექტი აქვს მოწამვლას. რაც შეეხება კოღოს, ეს უცხო არაა ბათუმისთვის, თუმცა, რასაც ვაკეთებთ, შეღავათი ნამდვილად არის.

რამდენი ადამიანი მუშაობს თქვენს სამსახურში?
 კოღოზე ორი, ორკაციანი ეკიპაჟია, მღრღნელებზე ხუთი ჯგუფია, ისიც ორ-ორ კაციანი, ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია. დამატებით ერთი ეკიპაჟიც გვყავს, თუ საჭირო დარჩა.

 

 

ქვეწარმავლებთან ბრძოლის სეზონური სამსახურის უფროსის, თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის დირექტორის, გურამ წიკლაურის თქმით, აჭარაში გავრცელებული ერთადერთი შხამიანი გველი კავკასიური გველგესლაა, რომლის ნაკბენი ადამიანს ვერ კლავს. „აჭარის შემთხვევაში, პრაქტიკულად გამორიცხულია ადამიანის სიკვდილი. გიურზას ნაკბენის შემთხვევაშიც კი [რომელიც აჭარაში არ გვხვდება], შესაძლებელია მაქსიმუმ ექვსი-შვიდი საათის განმავლობაში მიმართოთ ექიმს. თუმცა, ბავშვის შემთხვევაში აუცილებელია უფრო სწრაფი მოქმედება, რადგან ბავშვის ორგანიზმი უფრო სუსტია და მეორე, ეს არის ალერგიული ფაქტორი. ნებისმიერი შხამი არის მძლავრი ალერგენი, ამიტომ, თუ ადამიანი არის ალერგიული, შხამმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული შოკი. იგივე შეიძლება მოხდეს ფუტკრის ნაკბენის შემთხვევაშიც კი.

 
რაც შეეხება ქვეწარმავლებთან ბრძოლის ისეთ გავრცელებულ მეთოდს, როგორიცაა გოგირდის დაწვა, გურამ წიკლაურის თქმით, გოგირდი ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუკი მას დახურულ სივრცეში გამოვიყენებთ. „ყველაზე კარგი პრევენციაა ეზოში ბალახის გათიბვა, რადგან ზაფხულში ბალახს გველი იყენებს მზისგან თავშესაფრად, ასევე საშენი ან სხვა მასალები არ უნდა იყოს ეზოში, რომ გველმა არ გამოიყენოს თავშესაფრად“ – აღნიშნა სპეციალისტმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: