სიახლეები

ტრაილერებით ჩახერგილი უბანი

14.07.2015 • 1603
ტრაილერებით ჩახერგილი უბანი

 

„სამი წელია ასეთი მდგომარეობაა უბანში. ეზოში შემოსასვლელი გზა ჩავკეტეთ, რადგან პირდაპირ აივნების ქვეშ იდგა ეს მანქანები. დილამდე ჩხუბი, ყვირილი და გინება ისმის, აუტანელი მდგომარეობაა. ავტომანქანით კი არა, ფეხით გავლაა პრობლემა“, – გვეუბნება ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩაზე, ხუთსართულიანი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე ნინო ჩაგანავა.

 

ამხანაგობის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრობლემის თაობაზე მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

 

„ქუჩის ერთი ნაწილი ჩვენ გადავკეტეთ, რადგან სახლი ისედაც ავარიულია და ტრაილერები აქაც რომ შემოვიდნენ, კორპუსი საერთოდ დაიშლება. ხმაურისა და სივიწროვის გარდა, გაჩნდა ანტისანიტარია, რადგან ნარჩენ საზამთროებს აქვე ყრიან. სუნი დგას და ბევრი მწერია“.

 

მოსახლეობა ამბობს, რომ სანაგვე ურნებს ფაქტობრივად ვერ იყენებენ, რადგან მუდმივად გადავსებულია. „პატრული გამოვიძახეთ და არაფერი, ჩაგვიყენა ისევ ეს ტრაილერები და წავიდა“, – ამბობს გულნაზ გუჯაბიძე.

 

რეზო ნემსაძე მოტიციკლეტით გადაადგილდება, ამის მიუხედავად, ეზოში შესვლა ხშირად უჭირს: „ვჩხუბობ. კიდევ აქეთ მეუბნებიან ნუ უყვირი მესაზამთროეებსო. ფანჯარასთან ნუ დამიყენებენ მანქანას, სიმშვიდე ხომ გვინდა. თან ისე სწრაფად შემოდიან, მთელი ქუჩის მტვერი შემოაქვთ“.

 

„არც მაჟორიტარი მოსულა და არც მერია, რისთვის იღებს ეს ხალხი ხელფასს“, – ამბობს რამაზ გუჯაბიძე.

მერი პატარაია ბონის დასახლებაში, იოსელიანის ქუჩაზე ცხოვრობს. როგორც ის ამბობს, ტრაილერები გამთენიისას იწყებენ მოძრაობას, ტვირთის დაცლამდე კი ქუჩის მთელ სიგრძეზე არიან განლაგებული, რაც მოსახლეობისთვის არაკომფორტულია.

 

„პატრონი არ ჰყავს ამ ქალაქს. ასე მიშვებული, უკონტროლოდ როგორ შეიძლება მოძრაობდეს ამდენი მანქანა. მე ის ვიცი, რომ ჩემი სახლი დაიბზარა ამხელა მანქანების გადაადგილების გამო, სულ ხმაურია, ქუჩაში გამოიხედავ, ყველგან ტრაილერი დგას“, – ამბობს მერი.

 

მოსახლეობა ამბობს, რომ ქუჩა მოასფალტებული არ არის, ამიტომ სატვირთო მანქანების ხშირი მოძრაობის გამო გზა ზიანდება, სიცხეში კი მტვერი დგას.

 

„ჩამოინგრა კედლები, იყო საუბარი, რომ დასახლებულ პუნქტებში არ უნდა შემოსულიყვნენ და ადრე იყო მინიშნებებიც. ახლა ყველაფერი მიშვებული და ძალიან შემაწუხებელია“, – გვეუბნება ნელი აიოზბაც.

 

„საკუთარ ეზოში ვერ შეხვალ. აქ მცხოვრებ მოსახლეობასაც ხომ ჰყავს მანქანები, ისინიც ქუჩაში დგანან, ამას ემატება კიდევ ტრაილერები“, – ამბობს ამ უბნის კიდევ ერთი მცხოვრები.

 

დასახლებაში პატარა სტადიონია, სადაც ბავშვები თამაშობენ, სტადიონის ირგვლივ „ბათუმელების“ ადგილზე მისვლის დროსაც იდგა რამდენიმე ტრაილერი, შუაში კი რამდენიმე სანაგვე ურნა იყო განთავსებული.

 

ტრაილერების გადაადგილების გამო გაუსაძლის პირობებში არიან ალ. ჩხაიძის ქუჩაზეც: „დღის განმავლობაში სულ შემოდის დიდი მანქანები. ამოყრილია საფარი. ქუჩაში სულ დგას წყალი, რამდენიმე დღის წინ მოხრეშეს, მაგრამ ქუჩა მაინც დაზიანებულია. პარკინგი უბანში არ გვაქვს, ამიტომ საკუთარ ავტომობილებსაც ქუჩაში ვაყენებთ“, – გვეუბნებიან ამ ქუჩის მცხოვრებლებიც.

 

„ნახეთ ჩემი ხელები“, – გვეუბნება გამყიდველი და გაშავებულ ხელებს გვაჩვენებს,  – „სამი ბავშვი მელოდება სახლში, საჭმელი ხომ უნდა მივუტანო. მე რა ვქნა, თავისუფალ ადგილს სადაც ვპოულობთ, იქ ვდგებით. გამოგვიყონ სადმე ადგილი და გავჩერდებით. ხომ უნდა გავყიდო სანამ პროდუქტი გაფუჭდება“.

 

მძღოლები ამბობენ, რომ პრობლემა ქალაქის მერიამ უნდა მოაგვაროს და მათთვის ცალკე ადგილი უნდა გამოყოს.  

 

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზაალ მამუჭაძე ამბობს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულია: „განცხადება შემოვიდა ბაზრიდან, ჩივიან. თუ ამკრძალავი ნიშანი დგას და მაინც შედიან მანქანები, პატრულმა უნდა დააჯარიმოს, ადგილის გამოყოფა ჩემი სამსახურის კომპეტენცია არ არის“.

 

ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიგა ტუხაშვილის განცხადებით კი, პრობლემა ერთ წელიწადში მოგვარდება:

 

„ერთი წლის განმავლობაში ამ უბანში დაიწყება კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ტრაილერების შესასვლელი რაფიელ ერისთავის ქუჩიდან გაკეთდება. მომავალ წელს არც ჩხაიძის და არც თაყაიშვილის ქუჩაზე გარევაჭრობა აღარ იქნება“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: