ნეტგაზეთი • RU

სპონსორობის კულტურა სპორტში



  აჭარაში არსებული 32 ფედერაციიდან „ბათუმელები“ 20-ს დაუკავშირდა. გაირკვა, რომ მათგან გენერალური სპონსორი არც ერთს არ ჰყავს. იმ ერთეულ შემთხვევებს კი, როცა კერძო ბიზნესი სპორტის ამა თუ იმ სახეობას აფინანსებს, ქველმოქმედების სახე უფრო აქვს, ვიდრე საქმიანი ურთიერთობის, რასაც სპონსორობა მიღებული სარგებელი ჰქვია.

 

სამშენებლო კომპანია ”ანაგი” 2014 წელს ბათუმის ”დინამოს” სპონსორი გახდა. ფოტოზე ოთარ ფედიჩკინი, მარცხნივ

 

ფედერაციის ხელმძღვანელების თქმით, სპონსორების მოძიება რთულია და არ ჰქონიათ შემთხვევა უშუალოდ კომპანია დაინტერესებულიყოს ამ საკითხით. „არავინ არ მოდის და არავინ არაფერს არ შეგეხვეწება. შეიძლება მიხვიდე, შეეხვეწო და მაინც არაფერი გამოვიდეს“, – ამბობს აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ქეთევან მუხაშარია.

 

„სპონსორებს ჩვენ ვეძებთ, იშვიათად გვიმართლებს. ვინმე ნაცნობი თუ გაგიკეთებს, თორემ, სად არის სპონსორი. ძალოსნობის ფედერაციას სპორტის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნოდარ ფუტკარაძე გვეხმარება, მეტი არავის გამოუთქვამს სურვილი“, – გვიყვება ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი აბესალომ ბასილია. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გოდერძი კორძაძე კი ამბობს, რომ არაერთხელ სცადა დაფინანსების წყაროს მოძიება, მაგრამ უშედეგოდ: „აჭარის კალათბურთის რეგიონალური ფედერაცია ორი წლის წინ ჩამოყალიბდა. ჩვენ გვყავს გამორჩეული კალათბურთელები. არც ერთი სპონსორი არ გვყოლია დღემდე. მე ვიყავი ორ-სამ ადგილას. ოფიციალური წერილებითაც მივმართე მათ. მომისმინეს, გვერდში დგომას დამპირდნენ, თუმცა პასუხი არ მიმიღია. მუშაობა არ გვეზარება, მაგრამ, ორ, სამ ადგილზე რომ მიხვალ, დადებითი ემოციებით მობრუნდები უკან და შემდეგ არაფერი ხდება… სიმართლე გითხრათ, გული ამიცრუვდა“.

 

ტანვარჯიშის პრეზიდენტი გურამ ოსანაძე ამბობს, რომ ფედერაციას რეგიონში არა, მაგრამ ეროვნულ დონეზე საქართველოს პირველობების დროს „ვი-თი-ბი“ ბანკი ჰყავს სპონსორი. ქეთევან მუხაშარიას თქმით, დიდ ტურნირებს ასპონსორებენ ჭადრაკშიც.

 

რატომ არ ინტერესდება ბიზნესსექტორი სპორტით? 20-ვე ფედერაციის წარმომადგენელი ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოში შესაბამისი კანონი არ არსებობს, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს.

 

„რომ იყოს სახელმწიფო კანონი სპონსორობის შესახებ სპორტში, მაშინ შეიძლებოდა ყოფილიყო ბიზნესსექტორის მეტი ინტერესი. არამარტო აჭარაშია ეს პრობლემა. საქართველოს ნაკრების წევრია ჩემი ოთხი სპორტსმენი და არავის არ ჰყავს სპონსორი. ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდა, ვიცე-ჩემპიონი გახდა, არც მას ჰყოლია დამფინანსებელი“, – ამბობს აბესალომ ბასილია.

 

ხათუნა გიორგაძე, აჭარის ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: „თუ ვიღაცას ინდივიდუალური სპორტი უყვარს, შეუძლია სიმბოლურად დაგეხმაროს. არის ქვეყნები, სადაც სპონსორები თავისუფალი არიან გადასახადებისგან, ჩვენთან ასეთი კანონი არ არსებობს“.


მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ბადრი ვარშანიძე, რომელიც თვითონ არის ბიზნესსექტორის წარმომადგენელი და აქვს საკუთარი კომპანია, გვეუბნება, რომ მშილდოსნობაში გარკვეული შედეგების მიუხედავად მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო აფინანსებს მშვილდოსნობის პროგრამებს. „კანონმდებლობა სპონსორობას არ ახალისებს. თუკი ორგანიზაცია სურვილს გამოთქვამს დაეხმაროს სპორტს, ისე რომ მან შემდეგ შეძლოს ამ თანხის უკან ამოღება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება უფრო გაძლიერდეს კერძო ბიზნესიდან სპონსორობა სპორტში“.

 

ბათუმის „დინამო“ აღმოჩნდა ის კლუბი, რომელსაც სპონსორობას უწევენ სამშენებლო კომპანიები – „ანაგი“ და „ლამინ-ჯი“. კლუბის პრეზიდენტის ოთარ ფედიჩკინის თქმით, ეს კომპანიის კეთილი ნების გამოხატულებაა.

 

„ანაგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ გამცემლიძე ამბობს, რომ „ანაგს“ არა აქვს საცალო გაყიდვა და, შესაბამისად, არ აქვს ინტერესი სპონსორობაში დახარჯოს ფული. „ზოგადად ცალკე სასპონსორო ბიუჯეტი კომპანიას არ აქვს. რეკლამა ჩვენთვის არ არის მთავარი. ჩვენი კეთილი ნებაა შევუწყოთ ხელი სპორტის განვითარებას. მოგებაზე ორიენტირებულები რომ ვიყოთ, მაგალითად, ვიქნებოდით ჯაზფესტივალის სპონსორები, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრება. ჩვენთვის უფრო პრიორიტეტული სოციალურად დაუცველების დახმარებაა, ვიდრე სპონსორობაში თანხის გადახდა და ჩვენი სახელის სადღაც გაჟღერება. რომ გვქონდეს საცალო ვაჭრობა და ვიყოთ ისეთი კომპანია, როგორიც „კოკა-კოლაა“, მაშინ დაგვჭირდებოდა რეკლამა“.

 

2015 წლის იანვარში ბრიტანულმა გამოცემამ – „The Telegraph“-მა გამოაქვეყნა სტატისტიკა იმ ქვეყნების შესახებ, რომლებმაც 2014 წლის სეზონზე ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს მნიშვნელოვანი ფეხბურთელების შესაძენად. სტატისტიკის სათავეში დიდი ბრიტანეთი მოექცა, რომელმაც ერთ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ერთი წლის განმავლობაში ტრანსფერებისთვის. ამავე სტატისტიკის მიხედვით, ამ თანხას თუ მოსახლეობაზე გადავანაწილებთ, გამოვა, რომ ყოველი მეორე ინგლისელი 24 ევროს იხდის ფეხბურთელის ტრანსფერში. აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბათუმის „დინამოს“ ყოფილი დირექტორი სულხან გოგიბერიძე მიიჩნევს, რომ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით სპონსორის ინსტიტუტი საქართველოში არ არსებობს და საზოგადოების ინტერესიც დაბალია სპორტისადმი.

 

„აჭარის სპორტის ფედერაცია კი არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ძლივს იზიდავს სპონსორებს. სამწუხაროდ, ჩვენ საბჭოთა კავშირის შთამომავალი ქვეყანა ვართ და მსგავსი ინსტიტუტები ჩვენთვის ახალია. ჩვენთან ბილეთიც კი არ იყიდება. საზოგადოებრივი დაკვეთა არ არის. საქართველოში სპონსორებს ვუწოდებთ, მაგრამ ის ადამიანები არიან მეცენატები, რადგან ისინი ჩუქნიან ფულს და ვერანაირ სარგებელს ვერ ნახულობენ მათი გაღებული თანხიდან. სპონსორობა კი არ არის მეცენატობა. მადლობასაც არ უხდის არავინ. სპონსორს ვიღაცამ, ნებისმიერმა გამვლელმა უნდა უთხრას, რომ შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ ამას რომ აკეთებ. არ არსებობს ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებაში, ამიტომ ვერც ერთი სპონსორი ვერანაირ დონეზე ვერ ნახულობს ვერანაირ კმაყოფილებას ვერც მატერიალურს და ვერც მორალურს. როცა არსებობს ასეთი პასუხი – ფულის მეტი რა აქვს მაგას, რა პრობლემაა სპონსორობა – ეს მენტალური პრობლემაა. ადამიანების მენტალობის შეცვლა კი ძალიან რთულია“.

 

ბრენდინგის სააგენტო „ლაივის“ დირექტორი და ყოფილი მორაგბე ალექსი ჩიქოვანი რამდენიმე მიზეზს ასახელებს, თუ რატომ არ არსებობს ეს კულტურა სპორტში: „საქართველოში სპორტთან დაკავშირებული ინვესტიციები და სპონსორობა ფაქტობრივად არ არის სპონსორობა, ეს არის ქველმოქმედება. საზღვარგარეთ სპორტი ბიზნესია. ჩვენთან ეს არის დაბალ დონეზე, ორი მიზეზის გამო – საკმაოდ განუვითარებელია ადგილობრივი ჩემპიონატები, სპონსორი სადაც ჩნდება და სადაც, წესით, ხალხი უნდა დაესწროს და მეორე – არც სპორტის წარმომადგენლებმა იციან სპონსორებთან მუშაობა, არ იციან რა შესთავაზონ და როგორ შეფუთონ ეს შეთავაზება“.

 

სულხან გოგიბერიძეს, რომელიც საზოგადოების აქტიურობას მიიჩნევს სპონსორობის კულტურის გასავითარებლად, უცხო ქვეყნის მაგალითები მოჰყავს: „გერმანიის წამყვანი კლუბის – „მიუნხენ ბაიერნის“ ერთ-ერთი სპონსორი ლუდის მწარმოებელი კომპანია „პაულანერია“. ბაიერნის გულშემატკივარი სხვა ლუდს იმიტომ არ სვამს, რომ იცის კომპანია მის საყვარელ გუნდს აფინანსებს. 50 000 კაცი დადის თავიანთ არენაზე და 50 000 ლიტრი იყიდება ყველა შაბათ-კვირას, იქ იყიდება მარტო სპონსორის ლუდი. არსებობს ასეთი იტალიური კომპანია – „პირელი“, რომელიც საბურავებს უშვებს. მისი მფლობელი არის „ინტერ მილანის“ მფლობელი და ერთ-ერთი სპონსორი. 10-15 წლის უკან კლუბმა იყიდა თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი ემრე. თურქული ტრაილერები და თურქული კომპანიები ემსახურებიან მსოფლიოს ქვეყნებს ავტოტრანსპორტის გადაზიდვებში. თურქი მძღოლების თითქმის ასმა პროცენტმა „პირელის“ საბურავები იმიტომ დააბნია მანქანებზე, რომ იცოდნენ მილანში ემრე თამაშობდა. აი, ეს არის სპონსორი და საზოგადოება, ეს მომენტები ჩვენთან არ არსებობს“.

 

რა უნდა მოხდეს, რომ საქართველოში განვითარდეს სპონსორობის კულტურა? – ალექსი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ საჭიროა ჩემპიონატების დონის გაზრდა, ხალხის ხშირი დასწრება და მედიის მხრიდან სპორტული ღონისძიებების გაშუქება.

 

რამდენად მნიშვნელოვანია სპონსორები სპორტში? – აუცილებელია, ამბობს აჭარის ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ასათიანი: „ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირზე დიდი წარმატებით გამოდის. მას თავის დროზე საკმაოდ დიდი დაფინანსება ჰქონდა, რადგან ჰყავდა სპონსორი და გადაიყვანეს მოსკოვში. გიორგი ცივაძე ჩემი ყოფილი მოსწავლეა, ამჟამად ბათუმში აგრძელებს ვარჯიშს და არაფრით ჩამორჩებოდა ბასილაშვილს. მე პირადი მოწმე ვარ, როცა ბასილაშვილი ზაფხულში ჩემთან ვარჯიშობდა, გიორგი ცივაძე ფაქტობრივად უგებდა კიდეც მას. ნიკოლოზ ბასილაშვილი ახლა ერთი თავით იმიტომ დაწინაურდა, რომ მას ჰქონდა მომზადების მეტი პირობები. პერსპექტიული ბავშვი ახლაც ბევრი გვყავს, თანადგომა თუ იქნება, მათ მიღწევები აუცილებლად ექნებათ“.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი