მთიანი აჭარა

რვა ვაკანსია კონკურსის შემდეგ ქედაში

14.07.2015 • 2676
რვა ვაკანსია კონკურსის შემდეგ ქედაში

 

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, იურიდიულ და საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსი, ბიუჯეტისა და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი და შესყიდვების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი – ეს თანამდებობები ქედის გამგეობაში ატესტაციის ჩატარების შემდეგ ვაკანტური დარჩა, ამ პოზიციებზე მომუშავე თანამშრომლებმა ატესტაცია ვერ გაიარეს. ქედის გამგეობის თანამშრომლებისთვის ორ ეტაპად ჩატარებულ ატესტაციის პირველ ეტაპზე – ტესტირებაზე სამმა, გასაუბრებაზე კი ერთმა თანამშრომელმა ვერ მიიღო გამსვლელი ქულა.

 

გასაუბრებაში ჩაჭრილი იურიდიულ და საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსი ლელა აბულაძე ამბობს, რომ მისი გათავისუფლების ბრძანება გამგებელს ჯერ არ დაუწერია. კითხვაზე, რამდენად ობიექტური იყო გასაუბრება? – ამბობს, რომ არ იცის. ლელა ქედის გამგეობაში 2006 წელს კონკურსის გავლის შემდეგ დაინიშნა.

 

ატესტაციის პარალელურად გასული თვის ბოლოს ქედის გამგეობაში 23 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა. დასაქმების სახელმწიფო ვებგვერდზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 120 განაცხადი შევიდა. ქედის გამგეობამ კონკურსი გამოაცხადა ცხრა ადმინისტრაციულ ერთეულში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ოცდაერთი ვაკანტური ადგილის, გამგეობაში კი – გამგებლის მრჩევლის გენდერულ საკითხებში და შიდა აუდიტის მთავარი სპეციალისტის პოზიციის დასაკავებლად.

 

120 განაცხადიდან საკონკურსო მოთხოვნა მხოლოდ 118-მა დააკმაყოფილა, კონკურსის დასრულების შემდეგ 23 ვაკანსიიდან გამარჯვებული მხოლოდ 15 პოზიციაზე გამოვლინდა, ვაკანსიები ზვარის, მახუნცეთის, ოქტომბრის, ცხმორისისა და მერისის ადმინისტრაციულ ერთეულებში დარჩა. ამ პოზიციების დასაკავებლად კონკურსანტების ნაწილმა ტესტირებაში, ნაწილმა კი გასაუბრებაში ვერ მიიღო გამსვლელი ქულა. რაც შეეხება გამგებლის მრჩეველისა და შიდა აუდიტის მთავარი სპეციალისტების ვაკანტურ თანამდებობებს. ამ პოზიციებზე კონკურსში მაღალი ქულა მოვალეობის შემსრულებლებმა მიიღეს.

 

ქედის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ გასაუბრების შედეგებით კმაყოფილი არ არის.

 

„განსაკუთრებით უკმაყოფილო იმ კონკურსანტებით ვარ, რომლებსაც ადმინისტრაციულ ერთეულებში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე ჰქონდათ განაცხადი შემოტანილი. კონკურსანტებისგან უფრო მეტს ველოდი, ზოგმა ტესტირება ვერ გადალახა, ზოგმაც – გასაუბრება. კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შემდეგ სულ 12 ვაკანტური თანამდებობა არის ქედის გამგეობაში, რვა ადმინისტრაციულ ერთეულში, ოთხი კი – გამგეობაში. არსებულ რვა ვაკანსიაზე ისევ გამოვაცხადებთ კონკურსს“, – განაცხადა დავით დუმბაძემ.

 

იმასთან დაკავშირებით, ჩატარდა თუ არა კონკურსი ობიექტურად ქედის გამგეობაში, კონკურსანტები ამბობენ, რომ საკუთარ მოსაზრებას მაშინ დააფიქსირებენ, როდესაც ვაკანტურ თანამდებობაზე კონკრეტული კონკურსანტის დანიშვნის ბრძანება დაიწერება.

 

დასაქმების იმედით მინდია ბალაძემ ქედის გამგეობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში წელს ორ პოზიციაზე – შიდა აუდიტის მთავარი სპეციალისტისა და დანდალოს თემში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მიიღო მონაწილეობა. ის ამბობს, რომ კონკურსებში ადრეც მიუღია მონაწილეობა. კონკურსის სამივე ეტაპი გადალახა და დასაქმების მოლოდინშია. კითხვაზე – რა სირთულის კითხვები იყო გასაუბრებაზე, – ამბობს, რომ რთული: „ვიცი რა ქულებიც მივიღე, მაგრამ საბოლოო შედეგი ჯერ არავის უცნობებია, კმაყოფილი არც საკუთარი თავით ვარ და არც იმ ქულებით, რაც დამიწერეს. იყო თუ არა კონკურსი ობიექტური, წინასწარ ამაზე საუბარი არ შემიძლია“.

 

„ჩემი გადასახედიდან კონკურსი ობიექტური იყო, დაბალი ქულა რომც მიმეღო, მაინც ასე ვიტყოდი. ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსშიც ვიღებდი მონაწილეობას, იმ კონკურსს თუ შევადარებთ, ქედაში უფრო ობიექტურად ჩატარდა. პროფესიით იურისტი ვარ, სამ პოზიციაზე – გამგებლის თანაშემწე, დანდალოსა და ქედის ადმინისტრაციულ ერთეულებში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე გავიარე კონკურსი, საკმაოდ მაღალი ქულები მივიღე. შეიძლება დავსაქმდე“, – ამბობს დათო.

 

კონკურსისა და ატესტაციის შემდეგ ქედის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებულ აიპ-ისა და შპს-ის 10 ხელმძღვანელიდან რვამ გათავისუფლებაზე დაწერა განცხადება. გათავისუფლების თაობაზე განცხადება მხოლოდ საფეხბურთო კლუბ შპს „ბეთლემის“ ხელმძღვანელმა ედიშერ კაკაბაძემ და ააიპ „ქედს კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელმა შორენა კარანაძემ არ დაწერეს.

 

რა მოტივით დაწერეს მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება? – უმუშევრად დარჩენილთა ნაწილი კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა პირად საუბარში ამბობენ, რომ ქედის გამგებლის დავით დუმბაძისგან იყო ამის პირდაპირი მითითება.

 

შპს „ქედის წყალკანალის~ დირექტორი რამინ ჯიჯავაძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ არ იცის „რატომ სთხოვა გამგებელს გათავისუფლება“ და დასძენს, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

 

ააიპ „ქედის ისტორიული მუზეუმის“ დირექტორი ვაჟა ფარტენაძე ამბობს, რომ გამგებლისგან განცხადების დაწერის პირდაპირი მითითება არ ყოფილა და განცხადების დაწერა აუცილებლობით იყო განპირობებული. ვაჟა ფარტენაძემ გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება 30 ივნისს დაწერა, მისი მოთხოვნა ქედის გამგებელმა დააკმაყოფილა. ვაჟა ფარტენაძემ დასაქმების თხოვნით განმეორებით გამგებელს 2 ივლისს მიმართა.

 

ქედის კულტურის ცენტრის დირექტორი შორენა კარანაძე, რომელმაც გათავისუფლების მოთხოვნით საკუთარი ნებით განცხადება არ დაწერა, ამბობს, რომ გამგებლისგან წერილობითი გაფრთხილება 2 ივლისს მიიღო, სადაც წერია, რომ სამი კალენდარული დღის შემდეგ ის გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

 

დაავალა თუ არა ქედის გამგებელმა მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს განცხადება დაეწერათ და რა კრიტერიუმით შეარჩევს ახალ ხელმძღვანელებს? – ამ კითხვაზე სატელეფონო განმარტების გაკეთება დავით დუმბაძემ არ ისურვა.

 

გამგეობისგან მიღებულ წერილობით პასუხში კი განმარტებულია, რომ „ამ ეტაპზე მართლაც დგას დღის წესრიგში ქედის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირების გადახალისების საკითხი. ვინაიდან ჯერ გადაწყვეტილების მიღების საკითხი პროცესშია, რაიმე კონკრეტული პასუხებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ, თუმცა პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება და ყველა გადაწყვეტილება იქნება საჯარო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: