კვირის ამბები

ახალგაზრდები და სოლიდარობა

13.07.2015 • 4882
ახალგაზრდები და სოლიდარობა

 

ახალგაზრდები თბილისის სტიქიის დროს

 

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ თბილისში მომხდარი ტრაგედიის დროს ახალი თაობის თანადგომა დაზარალებული ადამიანების მიმართ ბუნებრივი იყო და გაოცებას იმ თაობაში იწვევდა, რომლისთვისაც უფრო უცხო იყო სოლიდარობის განცდა:

„მე ვფიქრობ, ძველი თაობის ადამიანებს ნამდვილად ჰქონდათ სოლიდარობის დეფიციტი, ამიტომ იყო ასეთი გაოცება იმ პროცესების მიმართ, რაც სტიქიის შემდეგ დაიწყო თბილისში“.

გიორგი ამბობს, რომ სოლიდარობა მათ არ უსწავლიათ მამების თაობისგან, „ეს ალბათ გლობალური სამყაროს დამსახურებაა, იმ სოციალური აქტივობებისა და საქველმოქმედო საღამოების, რომელიც არა მარტო უცხოეთში, საქართველოშიც იმართება ხოლმე“.

გიორგი იხსენებს თანადგომისა და სოლიდარობის კონკრეტულ შემთხვევებსაც: „თბილისში იყო ფაქტი, როცა მოსწავლეებმა საბანკეტო ტანსაცმლის შესაძენად გადადებული თანხა ბავშვთა სახლს გადაურიცხეს. ჩემს სკოლაში სამოქალაქო კლუბის წევრები ხშირად ვაწყობდით გამოფენებს და შემოსულ თანხას, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად ვრიცხავდით. ასეთი ფაქტი ბევრია, თუმცა ყოველთვის არ არის თვალშისაცემი.“ 
თანადგომის არაერთ შემთხვევას იხსენებს მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მარი შარაძეც: „ჩვენს სკოლაში ერთგვარ აქციასავით იყო, არამალფუჭებად პროდუქტს ვაგროვებდით და ასე ვეხმარებოდით მოხუცთა სახლს. ერთხელ სკოლის ყველა მოსწავლემ თითო კარტოფილი მოიტანა სკოლაში და შეგროვილი პროდუქტით მოხუცებს დავეხმარეთ. ყოფილა თანატოლის მიმართ თანადგომის შემთხვევებიც, როცა, ვთქვათ, ექსკურსიაზე წასასვლელი ფული ისე გადაგვიხდია, რომ ეს ბავშვს არ გაუგია“.

მარის აზრით, სოლიდარობა კარგი განცდაა და არა მარტო ადამიანების, ზოგადად, გარესამყაროს მიმართ დადებითად განგაწყობს.
„შეგვიგროვებია ტანსაცმელიც, საქველმოქმედო საღამოებიც გაგვიკეთებია, მაგრამ ასეთი აქტივობები ცხოვრების ნაწილია და ყოველდღიურობაში ნაკლებად ჩანს“, – ამბობს მარი.

„ევრო 2000“-ის კურსდამთავრებული ნიკა ევგენიძეც მიიჩნევს, რომ სოლიდარობა ახალი თაობისთვის უცხო არ არის: „ჩემს სკოლაში იყო შემთხვევა, როცა ოპერაციისთვის საჭირო თანხა შევუგროვეთ თანატოლს.“ 

გაბრიელ ღვინიანიძეც მიიჩნევს, რომ ახალი თაობა სოლიდარულია. „ვინც ასე არ ფიქრობდა, თბილისის ტრაგიკულმა შემთხვევამ დაამსხვრია სტერეოტიპი – „ეს რა თაობა მოდის“, – გვეუბნება ის.

გაბრიელის აზრით, საზოგადოებისთვის თბილისის ტრაგედია არ უნდა ყოფილიყო სოლიდარობის გამოხატულების პირველი მაგალითი, „რადგან მანამდე იყო ციხის კადრები, როცა სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებიც კი ქუჩაში გამოვიდნენ“.

გაბრიელი ამბობს, რომ ერთადერთი, რაზეც გული ცოტათი წყდება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მიმართ დამოკიდებულებაა: „როცა უკრაინაში იღუპებოდნენ ჩვენი ჯარისკაცები, ბევრი ჩემი თანაკლასელის შეფასება ამაზე არაადეკვატური იყო, ნაკლები იყო უკრაინის მიმართ სოლიდარობა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩემს თაობაში უფრო ძლიერია სოლიდარობა, ვიდრე წინა თაობაში“.

გაბრიელის აზრით, ახალი თაობა არა მარტო სოლიდარული, სამართლიანიც არის: „სკოლაში ეთნიკურად ქართველმა და თურქმა მოსწავლეებმა იჩხუბეს. მეგონა, რომ მოსწავლეები ქართველის მხარეს დადგებოდნენ, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ისინი სამართლიანობის მხარეს დადგნენ და ესეც ერთგვარი სოლიდარობაა“.

ლინდა ბეჟანიძის აზრით, რაც უფრო საყოველთაოა, ვთქვათ, ტრაგედია, ან რაიმე შემთხვევა, მით უფრო აჟიტირებულია საზოგადოებაც: „სოლიდარობა, ზოგადად, გადამდებია, მაგრამ შენი შინაგანი განწყობაც ბევრს განსაზღვრავს. თბილისის ტრაგედიის დროს გამოხატული სოლიდარობა იყო გადამდები, თუმცა ის, რომ ერთ დღეს ვიღაც კონკრეტულ ადამიანს ეხმარები, ესეც მნიშვნელოვანია“.

თბილისის ტრაგედიამდე სოციალურ ქსელში ერთი უცხოელი მოსწავლის, ერინ პესლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განიხილავდნენ. ერინმა გამოსაშვები საღამოსთვის ძვირადღირებული კაბის შეძენაზე უარი თქვა და კაბა მათემატიკის საგამოცდო ფურცლებისა და კონსპექტებისგან შექმნა. კაბაზე წითელი ასოებით ეწერა: „მე შევძელი განათლების მიღება, თუმცა ყველა გოგონას ამის უფლება ჯერ არ აქვს“. ერინ პესლიმ გამოსაშვები საღამოსთვის განკუთვნილი რამდენიმე ათასი დოლარი ნობელის პრემიის ლაურეატის, პაკისტანელი აქტივისტის მალალა იუსაფზაის ფონდში გადარიცხა.

ბათუმელი მოსწავლეების დიდმა ნაწილმა, მათ შორის ამ სტატიისთვის „ბათუმელების“ მიერ ჩაწერილმა რესპონდენტებმაც გადაწყვიტეს, რომ გამოსაშვები საღამოდან მორჩენილი თანხა ქველმოქმედებას მოახმარონ.

 

ბათუმელი სტუდენტების მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: