სიახლეები

ორასამდე ოჯახი მდინარის პირას, საფრთხის წინაშე

11.07.2015 • 2827
ორასამდე ოჯახი მდინარის პირას, საფრთხის წინაშე

ბენზეს დასახლებაში, იქ, სადაც ყოროლისწყალი ჩამოედინება, ზოგიერთი მოსახლის საცხოვრებელი რეგისტრირებულია და, შესაბამისად, კანონიერია, ზოგიერთის – დაურეგისტრირებელი, ანუ უკანონოა. კანონიერად თუ უკანონოდ აშენებულ სახლებში მცხოვრებთ ერთნაირად ეშინიათ ყოროლისწყლის მოვარდნის. სპეციალისტების მოსაზრებით, ეს არც თუ უსაფუძვლო შიშია – რადგან მდინარე სწორედ ღვარცოფული მოვარდნით გამოირჩევა. 

ყოროლისწყლის ორივე მხარეს ტიპური ორსართულიანი სახლები დგას, მაგრამ უფრო დაბლობზე, ლამის ზედ მდინარეზე პატარა ქოხებია ჩამწკრივებული. ამ უკიდურესად ღარიბულ ქოხებში ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ. ერთ ქოხში ქამადაძეების 11-სულიანი ოჯახია შესახლებული, ამ ოჯახში მე-12 წევრს სულ რამდენიმე კვირაში ელოდებიან.

კიდევ ერთ ქოხში მარტოხელა პენსიონერი, ნატალია ჩეჩერინა ცხოვრობს. მათი ქოხებიდან მდინარე სულ 3-5 მეტრით თუა დაშორებული. მეზობლად მდგომი კიდევ ერთი ქოხი კი მდინარეს სულაც ერთი მეტრით იქნება მოშორებული. მდინარე ამ მონაკვეთში ჯებირების გარეშე, სრულიად მოშიშვლებულია. სპეციალური ცოდნა ნამდვილად არ არის იმის აღსაქმელად საჭირო, თუ რამხელა ადგილი აქვს მიტაცებული მდინარეს ამ ტერიტორიაზე და რა ცოტაღა აშორებს ქოხებს.

რატომ ცხოვრობენ ადამიანები ნებაყოფლობით სიცოცხლისთვის ასე საშიშ გარემოში?! – ყოველ მათგანს საკუთარი ისტორია აქვს. თინა ქამადაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად აქ 15 წლის წინ დასახლდა. მდინარემ იმავე წელს შეუქმნა მათ საფრთხე, მაგრამ ნაკლები დანაკარგებით გადარჩნენ. ამბობს, რომ მის ქმარს სამი ძმა ჰყავდა, სოფელში მიწა არ ჰქონდა, ამიტომ წამოვიდნენ ქალაქში საცხოვრებლად. მერე იყო ხანგრძლივი გადაბარგება ქალაქის ერთი უბნიდან მეორეში, სადაც ბინას ქირაობდნენ. გაუსაძლისი გახდა ეს ყოფა და ზედ მდინარეზე დასახლდნენ, რომლისგანაც მაშინ ჯებირები მეტ-ნაკლებად იცავდა.

ქამადაძეების ქოხი უკანონო მშენებლობაა.

ირმა აბულაძემ და მისი ოჯახის კიდევ ხუთმა წევრმა ყოროლისწყლის ნაპირზე ცხოვრება იმის გამო აირჩიეს, რომ ის მიწა გასკდა, სადაც სახლი ედგათ, შესაბამისად, იქ ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელი იყო.

ერთამენთს ჰგავს ხათუნას, დათოს, ილიას ისტორიებიც, ზოგს სოფელში არ უნდა ცხოვრება, ზოგს სოფელში მიწა არ აქვს, ზოგსაც სოფელში მეწყერმა დაუნგრია სახლ-კარი. ისინი ყვებიან თუ როგორ შეხვდნენ ბათუმის ვიცე-მერს ბაგრატ მანველიძეს, რომელიც დაჰპირდა, რომ ნაპირის გამაგრებითი სამუშაოები 20 ივნისიდან დაიწყებოდა, თუმცა არაფერი დაწყებულა.

ყოროლისწყლის მარჯვენა დასახლებაში (როცა ბათუმიდან გადიხარ) კი ადამიანები ათეულობით წლებია ცხოვრობენ. სწორედ მათ შეუვარდათ ადიდებული ყოროლისწყალი სახლში არაერთხელ. აქაურები „ბათუმელებთან“ ყვებიან იმ ინსტიქტების შესახებ, რაც ამ მდინარესთან ურთიერთობით გამოიმუშავეს – როგორც კი ადიდებას იწყებს, სახლებს ტოვებენ. „2-3 მეტრით იწევს სიმაღლეში… კალაპოტი მაინც რომ გაუწმინდონ, ასეთ მძიმე შედეგს არ მოიტანდა, მაგრამ გამგებელ სალუქვაძეს რომ ვეუბნებით იქნება მიიტანოს მერიამდე ამბავი, გვეუბნება – ივანიშვილს პოლიტიკის გატარება ჩვენთვის არ დაუვალებიაო. სულ არ მინდა პოლიტიკაზე ვილაპარაკო, მაგრამ ფაქტია – ყოველ გაწვიმებაზე „ნაციონალები“ აქ, ჩვენთან ერთად იდგნენ ქოლგებით, ამათ ვერაფერი შევასმინეთ“, – ყვება თავის თუ მეზობლების გულისტკივილს იოსებ ბერიძე.

დასახლებაში სულ ზეპირად იციან რომელ წელში რომელ მონაკვეთზე გაანგრია ჯებირი მდინარემ. ყველაზე მძიმედ მაინც 1991 წელი ახსოვთ, როცა დილამდე ხეებზე მოუწიათ ჯდომა ადამიანებს. ყოროლისწყალი ბოლოს გასულ წელს მოვარდა და თან წაიღო როგორც წლების წინ აშენებული, ისე ორი წლის წინ „საუცხოოდ ნაშენი 100 მეტრი სიგრძის ჯებირები“. ახლა ამ ჯებირებისგან ფრაგმენტებიღაა დარჩენილი.

„მტირალას ტაფობი, ორთაბათუმი, აგარა… სულ აქ მოდის. საშინელებაა… როცა უყურებ, რომ მდინარე შემოდის ეზოში, მაშველს რატომღა უნდა დაელოდო“, – ყვება ჯამბულ შავაძე, რომელიც ყოროლისწყალს დიდი ხანია აკვირდება და დასძენს, რომ თუ ნება იქნება, 300-500 მეტრი სიგრძის ჯებირის მშენებლობა არც ისე ძვირი დაჯდება: „ჩვენ ვიმუშავებთ, მარტო ტექნიკა გვინდა. მასალაც აქვეა – კალაპოტიდან ქვებს აკრეფ და ამით დაიყორება. ასე ძალიან დიდი ტერიტორია დამაგრდება“.

რას აპირებს ბათუმის მერია? – „ბათუმელები“ შეეცადა ამ საკითხზე მერიის პასუხისმგებელი პირისგან დეტალური განმარტებები მოესმინა, თუმცა მერიიდან პრესცენტრის მეშვეობით გვაცნობეს, რომ კომენტარს არ გააკეთებენ. მერიის წერილობითი განმარტება კი ასეთია: `მდინარე ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. მერიამ გასულ წელს მიაწოდა ფოტომასალა და მონაცემები სამწინისტროს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები. აღნიშნულ მონაკვეთზე მცხოვრები მოსახლეობა არაერთხელ იქნა გაფრთხილებული მერიის მხრიდან სიტყვიერად და წერილობით მდინარის ადიდების შემთხვევაში შესაძლო საფრთხის შესახებ“.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კი მართლაც აპირებს ამ უბნის ჯებირებისთვის 329 568 ლარის დახარჯვას. მის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „გაბიონი 2000“-ს გაუმარჯვია. ამ ეტაპზე სამინისტრო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებით არის დაკავებული. ტენდერის მიხედვით „ქ. ბათუმში, მარკოზ აჭარელის მე-4 ჩიხში (მოქალაქე შაქრო ბერიძის სახლთან), მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტის ორ უბანში ნაპირსამაგრი სამუშაოები შესრულდება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: