კვირის ამბები

ოჯახის დაგეგმვა – ბავშვი სასურველ დროს

11.07.2015 • 2619
ოჯახის დაგეგმვა – ბავშვი სასურველ დროს

 


2010 წელს ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 53%-მდე იყენებს ოჯახის დაგეგმვის რომელიმე მეთოდს, მათგან 1/3 ტრადიციულ მეთოდებს, რომელთაც არაეფექტურობის მაღალი მაჩვენებლები აქვთ, რაც ხშირად არასასურველი ორსულობითა და ხელოვნური აბორტით მთავრდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინფორმაციით, აბორტის შემდგომ განვითარებული გართულებების სპექტრი საკმაოდ ფართოა – ის მოიცავს როგორც ახლო (მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, სისხლდენა, პერფორაცია), ისე შორეულ გართულებებს, როგორიცაა: უშვილობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა და საშვილოსნოსგარე ორსულობა.

 

სასურველი ორსულობის სასურველ დროს დასაგეგმად კონტრაცეფციის რამდენიმე თანამედროვე მეთოდი არსებობს, რომელთა შერჩევაც გოგი ცერცვაძის თქმით, წყვილისა თუ ქალის სურვილის გარდა, ქალის ასაკის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, სქესობრივი კავშირის სიხშირის, კონტრაცეფტივის მოქმედების ვადის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ხდება. „კონტრაცეფციის რამდენიმე თანამედროვე მეთოდი არსებობს და ექიმთან კონსულტაციისას მნიშვნელოვანია, რომ წყვილმა ან თავად ქალმა, ინფორმაცია მიიღოს ყველა მეთოდის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება“ – ამბობს სპეციალისტი.

 

თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდებია: საშვილოსნოსშიგა საშუალებები – სპირალები; ჰორმონული კონტრაცეპტივები: დაბალდოზიანი აბები (აბები, რომლებიც მხოლოდ ერთ ან ორ ჰორმონს შეიცავს), ჰორმონული რგოლები, რომლებიც საშოში თავსდება და ჰორმონული იმპლანტები, რომლებიც წინა მხრის მიდამოში ინერგება; ბარიერული მეთოდები: კონდომი ანუ პრეზერვატივი; სპერმიციდები – ვაგინალური ანუ საშოს შიდა საშუალებები და ბუნებრივი მეთოდები – ლაქტაციური ამენორეის მეთოდი და აბსისტენცია – თავის შეკავება.

 

მეან-გინეკოლოგი განმარტავს, რომ სპირალი მაღალეფექტურ საშუალებად მიიჩნევა და ბარიერული კონტრაცეპტივების შემდეგ, ისიც ერთ-ერთი შედარებით ხშირად გამოყენებადი მეთოდია საქართველოში. „მისი ორი სახეობა არსებობს – სპილენძის შემცველი და ჰორმონშემცველი. ორივე მათგანი მაღალეფექტურია. მაგალითად, სპილენძის შემცველი სპირალის არაეფექტურობა ანუ წარუმატებლობა დაახლოებით 0.6%-ია, ხოლო ჰორმონშემცველისა კიდევ უფრო დაბალი – 0.3%“ – ამბობს გოგი ცერცვაძე. ჰორმონშემცველი სპირალის გამოყენების მაქსიმალური ვადა 5 წელია, სპილენძის შემცველისა კი – 10-12 წელი, თუმცა სურვილის შემთხვევაში, ქალს შეუძლია სპეციალისტის დახმარებით ის უფრო ადრეც ამოიღოს.

 

გოგი ცერცვაძის თქმით, საქართველოში ხშირად არასწორი წარმოდგენები და ცრურწმენები აქვთ ჰორმონული კონტრაცეპტივების შესახებ, რის გამოც კონტრაცეფციის ეს მეთოდი დღემდე ნაკლებ პოპულარულია საქართველოში. `ჰორმონული კონტრაცეპტივების ეფექტურობა საკმაოდ მაღალია და თუ ქალი სწორად იცავს აბების გამოყენების წესს, ამ მეთოდის წარუმატებლობის მაჩვენებელი მხოლოდ 0.3%-ია“ – ამბობს რეპროდუქტოლოგი. მისივე თქმით, ჰორმონულ კონტრაცეპტივებს უკუჩვენებები გააჩნიათ მძიმე, ქრონიკული დაავადებების დროს: „თუმცა 35-40 წლამდე ქალების უმეტესობა ჯანმრთელია, იშვიათია, რომ მათ ასეთი მძიმე დაავადებები აწუხებდეთ. გარკვეული გვერდითი მოვლენები ყველა მედიკამენტს გააჩნია და ასეთი გამოვლინებების დროს შესაძლოა მოხდეს სხვა მეთოდზე გადასვლა“ – ამბობს ის.

 

საშვილოსნოსშიგა საშუალებების საშუალო ფასი 70-150 ლარია, ჰორმონალური აბების შემთხვევაში კი, ექიმთან კონსულტაციის თანხის გარდა, მედიკამენტების ერთი თვის მარაგი 10-25 ლარი ღირს.

 

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ოჯახის დაგეგმვის მეთოდების გამოყენებაში ფინანსური ფაქტორი საკმაოდ დიდი ბარიერია. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კონტრაცეფცია სახელმწიფო პროგრამებით არ ფინანსდება, არც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის არსებობს ამ მხრივ ფინანსური შეღავათი. 2010 წლის ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ბოლო ათწლეულში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა, ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხა არ არის საკმარისი ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გარკვეული სერვისების უზრუნველსაყოფად.

 

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ამბობს, რომ ოჯახის დაგეგმვის კონსულტირება და მომსახურება უფრო ახლოს უნდა იყოს მიტანილი მოსახლეობასთან, რაც პირველადი ჯანდაცვის დონეზე ინტეგრირებული სერვისის არსებობით უნდა ხდებოდეს: „ეს არის ყველაზე უფრო ეფექტური სტრატეგია, რაც ათასწლეულის განვითარების მიზნებშიც არის ასახული. ჩვენი ადვოკატირება, მომავალი ხუთი წლის მანძილზე, სწორედ იმაზე იქნება მიმართული“, – ამბობს ის. მისივე განმარტებით, ხშირი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მიმართავენ წყვილები კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებას, არის ის, რომ ოჯახის დაგეგმვის კონსულტირება ძირითადად ხდება მეან-გინეკოლოგებთან: „2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ექიმები უპირატესობას ანიჭებენ ოჯახის დაგეგმვის ისეთ მეთოდებს, რომლებიც მანიპულაციასთან არის დაკავშირებული (მაგალითად, საშვილოსნოს შიგა საშუალება). ეს იმაზე მიუთითებს, რომ ოჯახის დაგეგმვის კონსულტირება ამჟამად კონცენტრირებულია სპეციალიზებულ მომსახურებაზე, როგორიც არის მეან-გინეკოლოგის მომსახურება და სწორედ ეს ქმნის კიდევ ერთ ბარიერს. ოჯახის დაგეგმვის შესახებ კონსულტირებას პაციენტს უნდა აწოდებდეს ოჯახის ექიმიც, რაც მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომს გახდის ამ მომსახურებას.“

 

იმისთვის, რომ ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების საკითხები სამედიცინო განათლების სისტემაში უკეთ იყოს ინტეგრირებული, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი და მისი პარტნიორი აღმოსავლეთ ევროპის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინსტიტუტი ოჯახის დაგეგმვის შესახებ ვირტუალური კურსის შექმნაზე მუშაობს.


„მალე უკვე ქართულადაც იქნება ეს კურსი დანერგილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ეს ინიციატივა ექიმებს საშუალებას მისცემს ონლაინრეჟიმში გაიარონ საკმაოდ მაღალი ხარისხის სასწავლო კურსი და მიიღონ კრედიტები. ეს კურსი, ასევე, იქნება ინტეგრირებული უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების შესახებ სწავლება სრულად იყოს ინტეგრირებული როგორც დიპლომამდელ, ისე დიპლომის შემდგომ სამედიცინო განათლების სისტემაში, რომ სპეციალისტებს, მათ შორის ოჯახის ექიმებსაც, სრულად და ხარისხიანად შეეძლოთ ამ სერვისის მიწოდება,“ – ამბობს ლელა ბაქრაძე.

 

მიუხედავად იმისა, რომ 1999 წლიდან დინამიკაში ხელოვნური აბორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, დღეს საქართველოში არასასურველი ორსულობისა და ხელოვნური აბორტის რაოდენობა ისევ მაღალია. რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მიხედვით, საქართველოში აბორტი ჯერ კიდევ გამოიყენება როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთი მეთოდი. მისი შემცირების ყველაზე ეფექტური საშუალება კი ქვეყანაში კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა, რათა ხელოვნური აბორტი ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდებით ჩანაცვლდეს, რაც გააუმჯობესებს ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: