მთიანი აჭარა

რა კეთდება მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესების შესაჩერებლად

12.07.2015 • 3119
რა კეთდება მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესების შესაჩერებლად

 

 

მეწყერი, სოფელი ჭვანა
მეწყერი, სოფელი ჭვანა

ვაშლოვანი, პანტნარი, დიდაჭარა, წაბლანა – ეს იმ სოფლების მცირე ჩამონათვალია ხულოს მუნიციპალიტეტიდან, სადაც მეწყრული პროცესები ყოველწლიურად ვითარდება. წლების განმავლობაში მეწყრულ პროცესებს ხულოში არამარტო საცხოვრებელი სახლები, არამედ ადამიანების სიცოცხლეც შეეწირა. არსებული მდგომარეობის მიუხედავად მუნიციპალიტეტის გამგეობას მეწყრული პროცესების მიმართ არც კონკრეტული მიდგომა გააჩნდა და არც პრევენციული ღონისძიებები გაუტარებია. სტიქიასთან ბრძოლა აქ სტიქიურ პროცესების განვითარების შემდეგ დაზიანებული გზების აღდგენითა თუ დაზარალებული მოსახლეობის დახმარებით იწყება. პრევენციული ღონისძიებები ხულოს გამგეობას, გასული წლების მსგავსად არც მიმდინარე წლისთვის აქვს გაწერილი. 

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტიქიისა და ეროზიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის განყოფილების უფროსი, როლანდ აბულაძე ამბობს, რომ არის ტერიტორიები, სადაც აუცილებელია პრევენციული ღონისძიების გატარება მოსალოდნელი საფრთხის აცილების მიზნით. ის ამბობს, რომ კონკრეტულ სოფლებში პრევენციული ღონისძიების გასატარებლად საკითხის დასმას კომისიის სხდომაზე აპირებს.

 

„იმის წინასწარი განსაზღვრა, თუ სად შეიძლება განვითარდეს მეწყრული პროცესები, შეუძლებელია, თუმცა არის ტერიტორიები, სადაც რისკ-ფაქტორები მაღალია, შესაბამისად, პრევენციული ღონისძიების გატარება აუცილებელია. მაგალითად სხალთაში, მდინარის მიმდებარედ დასახლებულ პუნქტთან გაზაფხულზე, წყალდიდობისას, მდინარე გადმოდის კალაპოტიდან და აზიანებს ნაკვეთებს, სახლებსაც ემუქრება დატბორვის საშიშროება. ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ ვაშლოვანში, სადაც ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოდის და საფრთხეს უქმნის სოფელში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს. სხალთის შემთხვევაში აუცილებელია ჯებირის მოწყობა. რაც შეეხება ვაშლოვანს, აქ მდინარის კალაპოტი უნდა გაღრმავდეს. პრევენციული ღონისძიების გატარებისთვის საკითხის დაყენებას ვაპირებთ კომისიის სხდომაზე, რამდენად ექნება მუნიციპალიტეტს სახსრები, რომ წინასწარ ღონისძიებები გაატაროს – ეს გვეცოდინება რამდენიმე დღეში, როცა კომისია ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს“, – ამბობს როლანდ აბულაძე.

 

მეწყრული პროცესების რისკების შესამცირებლად პროექტებს მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „შავი ზღვის ეკო აკადემია“ ახორციელებს. ორგანიზაცია ხულოს მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში საწრეტ-სანიაღვრე არხებს ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით აკეთებს. ორგანიზაციის წარმომადგენელი მანანა ქარცივაძე ამბობს, რომ პრევენცია მოწყვლად სოფლებში რისკებს ამცირებს.

 

„კატასტროფების რისკების შესამცირებლად სოფელ ტაბახმელაში, ოქრუაშვილებში, ვაშლოვანსა და ბეღლეთში ღვარცოფის საწინააღმდეგო საწრეტ-სანიაღვრე არხებს ვაკეთებთ. ბეღლეთსა და ოქრუაშვილებში პროექტები დასრულების ეტაპზეა, რაც შეეხება ვაშლოვანსა და ტაბახმელას, სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტებს ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ვახორციელებთ, ერთ პროექტზე არასამთავრობო ორგანიზაცია 7 000 ევროს ხარჯავს, ხოლო ხულოს გამგეობის თანადაფინანსების წილი ერთ პროექტზე 1000 ლარია.
გარდა ამისა, ჩვენი პროექტის ძირითადი მიზანი კატასტროფების დროს სოფელში მცხოვრები მოსახლეობის წინასწარი მომზადებაა. ამ კუთხით საინიციატივო სოფლებში ტრენინგები და სწავლება ჩავატარეთ, რისკების შემცირებისთვის პრევენცია მანამდე უნდა გატარდეს, ვიდრე სტიქიური პროცესები განვითარდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ამბობს მანანა ქარცივაძე.

 

„შავი ზღვის ეკო აკადემია“ ანალოგიურ პროექტს ახორციელებს ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებშიც. ქედაში, სოფლებში: ვაიოში, გეგელიძეებსა და ტიბეთაში, ხოლო შუახევში – სოფელ გომარდულში კეთდება საწრეტ-სანიაღვრე არხები.

 

ხულოს მსგავსად შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თანადაფინანსებისთვის 1000 ლარი გამოყო, ხოლო ქედაში ერთ პროექტზე მუნიციპალიტეტის წილი 5 000 ლარია.

 

„სტიქიური პროცესების შესამცირებლად ჩვენი ორგანიზაცია მაღალმთიანეთში 2010 წლიდან მუშაობს, იმ დროიდან მოყოლებული ჩვენი მიმართულება იყო ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, მოსახლეობის მზადყოფნა მეწყრული პროცესების ასაცილებლად. მიზნობრივი სოფლებისთვის დავამზადეთ საევაკუაციო რუკები და დავურიგეთ მოსახლეობას. რაც შეეხება სამომავლო გეგმას, პროექტი სექტემბრის ბოლოს სრულდება, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის მეოთხე ეტაპი გაგრძელდება, სამუშაოებს გაზაფხულზე განვაახლებთ“, – ამბობს მანანა ქარცივაძე.

 

მეწყერი, სოფელი აგარა
მეწყერი, სოფელი აგარა

მეწყრული პროცესების რისკების შესამცირებლად წელს აჭარის მთაში განსახორციელებელი პროექტები და ღონისძიებების გასატარებლად საჭირო თანხა მხოლოდ ქედის გამგეობას აქვს გაწერილი. მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად ქედის გამგეობა წელს 200 000 ლარს დახარჯავს. თანხა სოფლებში საყრდენი კედლების, გაბიონების, სანიაღვრე არხების მოწყობასა და ფერდსამაგრი სამუშაოების გატარებას მოხმარდება.

 

ქედის სოფლებში სტიქიური პროცესების რისკების შესამცირებლად ქედის გამგეობამ 43 პროექტი გეოლოგიური სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე მოამზადა. სამუშაოების წარმოებისთვის გამგეობამ 11 პროექტზე ტენდერი 26 ივნისს გამოაცხადა.
„პროექტები, რომელთა ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოები სტიქიური მოვლენების რისკების შესამცირებლად გვაქვს დაგეგმილი, გეოლოგების მიერ გაცემული დასკვნებისა და რეკომენდაციის საფუძველზე მოვამზადეთ“, – ამბობს სულიკო ბოლქვაძე, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი.

 

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედის თითქმის ყველა სოფელში გატარდება, ამ პროექტებთან ერთად ქედის გამგეობა წელს სოფელ ახოში, ჭაკალაურის უბანში საფრთხის შემცველ ქვის ლოდსაც გაამაგრებს.

 

„ღონისძიებები, რომლის განხორციელებასაც მალე დავიწყებთ, რისკებს რა თქმა უნდა შეამცირებს. მაგალითად, სოფელ მერისში, ჯეჯელურის უბანში, იქ, სადაც მოსახლეობას ვენახი აქვს გაშენებული, კომუნისტების დროს პრიმიტიული არხები იყო გაკეთებული. მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ მიწები დაისაკუთრა და არხები გააუქმა, წყლების უკონტროლოდ ჩადინებამ მეწყრული პროცესები წარმოქმნა. მოსახლეობა დახმარებას ჩვენ გვთხოვდა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე იძულებული გავხდით პრევენციული ღონისძიება გავატაროთ და წყალი უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანოთ, რაც მეწყრულ პროცესს შეაჩერებს. ანალოგიური მდგომარეობაა ქედის თითქმის ყველა სოფელში. წყლის უკონტროლოდ გადინება მეწყრული პროცესების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გახდა. რაც შეეხება ქვათა ცვენას, ამ მხრივ ბევრი სამუშაო განვახორციელეთ, წელს კი სოფელ ახოში ლოდს გავამაგრებთ, რომელიც რამდენიმე ოჯახს უქმნის საფრთხეს“, – ამბობს სულიკო ბოლქვაძე.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ზაზა ზოიძე ამბობს, რომ გეოლოგები შუახევში ყველაზე ხშირად ჩამდინარე წყლების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის რეკომენდაციებს იძლევიან, მოქალაქეები კი გეოლოგების მოთხოვნებს არ ასრულებენ.

 

„როდესაც გეოლოგი მოქალაქეს ეუბნება, რომ არ უნდა დაამუშავოს მითითებული მიწა, რათა შეჩერდეს მეწყრული პროცესი, ის მაინც ამუშავებს, რაც პროცესს აჩქარებს. რისკების შესამცირებლად მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაა საჭირო.

 

როდესაც გეოლოგიურ დასკვნაში წერია, სახლის ადგილმონაცვლეობა და ჩვენ ადგილმონაცვლეობისთვის ფინანსურ დახმარებას ვუწევთ, მოქალაქე ადგილმონაცვლეობის ნაცვლად არსებულს ამაგრებს, გაცემული თანხა კი პრობლემას ვერ აგვარებს, აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ თანხის გაკონტროლება და ფინანსურად ეტაპობრივად ვეხმარებით მოსახლეობას.

 

ამ დროისთვის შუახევში აქტიური ზონაა სოფელი ბუთურაული, მაღალი რისკის ზონაში აქ 11 ოჯახი ცხოვრობს. სახლებს არანაირი პრობლემა არ აქვს, პრობლემას ქმნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღრმა ნაპრალები. ამ სოფელში მცხოვრები ხუთი ოჯახი პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდა საცხოვრებელი სახლით, მათი საცხოვრებლები დაზიანებული იყო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: