სიახლეები

ბაბილონ თაუერის მშენებელ კომპანიას ისევ აპატიეს

11.07.2015 • 1762
ბაბილონ თაუერის მშენებელ კომპანიას ისევ აპატიეს

 

ბაბილონ თაუერის პროექტი
ბაბილონ თაუერის პროექტი

აჭარის მთავრობამ „ბაბილონ თაუერის“ მშენებელ კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა ერთხელ კიდევ აპატია. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია „Tam Geo“ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდისგან (ჯარიმა) გაათავისუფლეს. 


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის #248 ბრძანებაში, რომლითაც მინისტრმა დავით ბალაძემ კომპანია ჯარიმისგან გაათავისუფლა, ნათქვამია, რომ კომპანია ჯარიმისგან თავისუფლდება სამინისტროსთან მანამდე ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულების პირობით. ამავე ბრძანებით კომპანიასთან შესაბამისი აქტის გაფორმება მინისტრმა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს გელა ცინცაძეს დაავალა.

აჭარის მთავრობა „Tam Geo“-ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას პირველად არ პატიობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავრობამ საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით „ბაბილონ თაუერის“ მშენებელი ინვესტორი 2012 წლის 31 დეკემბერს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით 589 914 ლარის ჯარიმისგან, ხოლო 2013 წლის 26 დეკემბრს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით 91 372 ლარი ჯარიმისაგან გაათავისუფლა.

„კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ დაწყებულ პროექტს მიიყვანს ბოლომდე და დაასრულებს მშენებლობას“, – ნათქვამია წერილში, რომელიც „ბათუმელებმა“ სამინისტროსგან 2015 წლის 13 თებერვალს მიიღო. მინისტრის ბრძანება კი, რომლის მიხედვითაც „Tam Geo“ პირგასამტეხლოსგან კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს, 2015 წლის 3 ივნისით თარიღდება. შეასრულებს თუ არა კომპანია ამჯერად დაკისრებულ მოვალეობას, ეს მომავალში გამოჩნდება.

 

მინისტრის ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ კომპანია პირგასამტეხლოსგან ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების (#150 20/05/2015) საფუძველზე გაათავისუფლა. საგულისხმოა ისიც, რომ კომპანიას, რომელიც სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებს ვერ ასრულებს, არჩილ ხაბაძემ 2014 წლის სექტემბერში ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან K2 კოეფიციენტის 15,50-მდე, ანუ მიმდინარე სამშენებლო პროექტის სიმაღლის გაზრდაზე უშუამდგომლა. სარეკომენდაციო წერილში არჩილ ხაბაძე წერდა, რომ „კომპანიას განზრახული აქვს შენობის სიმაღლის 171 მეტრამდე გაზრდა“.

 

2015 წლის თებერვალში ბათუმის საკრებულომ კომპანიები, რომლებიც ბათუმში 30 მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ, ბუნდოვანი არგუმენტებით, ფასიან ზონაში K2 მოსაკრებლის ანუ სიმაღლის გადახდისგან გაათავისუფლა. გასულ წელს ამ მოსაკრებლისგან ბიუჯეტში მილიონზე მეტი ლარი შევიდა.

 

საკრებულოს ზოგიერთმა წევრმა ეს გადაწყვეტილება კონკრეტულ ინვესტორს – „ბაბილონის მშენებელ“ კომპანიას დაუკავშირა. ამ თემაზე „ბათუმელების“ სტატიას ინვესტორი გამოეხმაურა და მან საკრებულოს გადაწყვეტილებამდე პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრა უარყო.

გადაბეჭდვის წესი