სიახლეები

რატომ ქორწინდებიან მამაკაცები არასრულწლოვან გოგონებზე?!

10.07.2015 • 1655
რატომ ქორწინდებიან მამაკაცები არასრულწლოვან გოგონებზე?!

 

ფოტო: ბათუმელები
ფოტო: ბათუმელები

 

ქალთა ასოციაციის – „ვაკეთოთ ერთად“ ხელმძღვანელი, ლეილა აშორდია გოგონათა ადრეულ ასაკში გათხოვების მანკიერ მხარეებზე საუბრობს. ძალადობრივი ტრადიციის შედეგი მის პირად ცხოვრებაზეც აისახა – მისი ქალიშვილი 15 წლის ასაკში მოიტაცეს. „სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი ჩემი შვილი დამეცვა ამ ყველაფრისგან.

 

„შენ ხომ არ გიყვარს ის, არ იცნობდი“, – ვუთხარი ჩემს შვილს, მაგრამ მან თქვა, რომ „დარჩებოდა“. ასეთ დროს ჩივილს აზრი არ აქვს. მოტაცებით შექმნილი ოჯახების 90 პროცენტი სათავეშივე განწირულია“.

 

15 წლის გოგონამ თითქმის უცნობ ქმართან ცხოვრება მხოლოდ ოთხი წლის განმავლობაში შეძლო, შემდეგ კი დაშორდა.

 

ძალადობის შედეგად შეიქმნა ლეილა აშორდიას ძმისშვილის, 16 წლის გოგოს ოჯახიც. „ისიც მოიტაცეს. თბილისში გამოცდების ჩასაბარებლად ჩასულ გოგონას მიკროავტობუსით დახვდნენ, ცხრა ბიჭი ჰყავდა წაყვანილი და ასე მოიტაცეს. ატირებული გოგო ახლობლის სახლში მიიყვანეს, მაგრამ იმ ოჯახმა არ მიიღო, რადგან დაინახეს, რომ გოგო ძალით ჰყავდათ წაყვანილი. ვიჩივლეთ, რა არ გავაკეთეთ, მაგრამ საბოლოოდ, ჩემი ძმისშვილიც იმ ოჯახში დარჩა. ექვსი წლის შემდეგ კი ისიც დაშორდა ქმარს“.

 

ლეილა აშორდია წუხს, რომ მოტაცების ფაქტებს, კანონის გამკაცრების მიუხედავად, საქართველოში მაინც აქვს ადგილი. „მოტაცება ეს არის ქალზე ძალადობა მასთან ურთიერთობის პირველივე წუთებიდან. როცა ბიჭი იტაცებს გოგოს, კარგად იცის, რომ დანაშაულს სჩადის, მაგრამ რეალურად ამის გამო დასჯილი კაცი მე ძალიან ცოტა მინახავს“.

 

ქალთა უფლებების დამცველი რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტსაც იხსენებს: „ახლახან მითხრეს, რომ წყალტუბოში ბიჭი დახვდა გოგოს, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა. დედამ აჩვენა გზაში – „აი, ის ჭრელკაბიანი გვინდაო“… მოიტაცეს, იძალადეს, მაგრამ მშობლებმა აღარ წამოიყვანეს იმ ე.წ. ქმრის სახლიდან“.

 

რატომ ქმნიან კაცები ძალადობით ოჯახს და რატომ ურჩევნიათ ბიჭების მშობლებს სახლში  რძლად 13-14 წლის გოგონები შეიყვანონ? – ლეილა აშორდია მიიჩნევს, რომ ამ ძალადობას ტრადიციაც ასაზრდოებს და სტერეოტიპებიც: „კაცები ამბობენ, რომ ასე მათ ცოლად უმწიკლო ქალი მოჰყავთ. გარდა ამისა, გოგონას აღიქვამს როგორც მის საკუთრებას, რომელსაც „თავის ჭკუაზე აღზრდის“ და ისე მოექცევა, როგორც უნდა. შარშან, ერთმა ნაცნობმა კაცმა, რომელიც რვა წელი ციხეში იჯდა, გამოსვლისთანავე სოციალური ქსელით გაიცნო 15 წლის კახელი გოგო. ფეისბუქზე ასაკი მოიკლო და 25 წელი დაიწერა. შემდეგ ეს გოგონა ცოლად მოიყვანა. მისი მშობლები ჩემი ბენეფიციარები არიან და როცა გავიგე, ვესტუმრე. სრულიად ბავშვია, დახტოდა კიბეებზე, პატარა ძმა ჰყავდა და დაარბენინებდა ნაყინზე… ქმარს კი თავი მოსწონდა. მითხრა – „ისეთი ცოლი მოვიყვანე, ხელი არ ჰქონდა ბიჭზე ჩამორთმეულწიო“. გახარებული იყო გოგოს დედაც: „ვალი მოვიხადე, პატრონს ჩავაბარეო“. 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელი ნინო ქობალია, რომელიც პროექტის ფარგლებში არასრულწლოვანი დედების მდგომარეობას იკვლევდა, გვეუბნება, რომ არგუმენტი – „ჩემს ჭკუაზე გავზრდი“, ხშირად სახელდება კაცების მხრიდან არასრულწლოვანი გოგონების ცოლად მოყვანის მიზეზად. „ნდობა ამ გოგონების მიმართ ოჯახშიც არ არის საკმარისი, ინტერვიუების დროს დედამთილი და ქმარიც გვერდით ეჯდათ და აკონტროლებდნენ. „მაგან რა იცის, პატარაა, მე მკითხე“, – გვეუბნებოდა დედამთილი.

 

ნინო ქობალიას თქმით, ეს ქმრები თუ დედამთილები არასრულწლოვან გოგონებს ოჯახის შესაქმნელად მზად მიიჩნევენ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების ან აზრის გამოხატვის დროს კი ეუბნებიან – „შენ პატარა ხარ, არ იცი“.

 

„ამ გოგონებს იმის უფლებაც კი არ აქვთ, რომ თავიანთ შვილებს სახელები შეურჩიონ. ქმარი არქმევს თავისი დედისა და მამის სახელებს, დედამთილი წყვეტს, რომელ ბაღში წავიდეს ბავშვი, ექიმთან როდის უნდა მიიყვანონ და ა.შ. ამ შემთხვევაში გოგონა განიხილება როგორც გამრავლების საშუალება და არა როგორც პიროვნება“.

 

ლეილა აშორდია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ფონდის“ გრანტიც აქვს მოპოვებული, დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში სწავლობდა არასრულწლოვან გოგონათა ქორწინების საკითხებს. მისი აზრით, ამ მხრივ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა ეთნიკურად არაქართულ მოსახლეობაშიც. „იმერეთში, სოფელ იანეთში არის არაქართული დასახლება, სადაც გოგონებს აკვანშივე ნიშნავენ და როცა წამოიზრდება, ათხოვებენ დანიშნულზე. სკოლა აქვთ ოთხწლედი და სწავლის გასაგრძელებლად გოგონებს სამტრედიაში აღარ უშვებენ. ისინი ავტომატურად ექვემდებარებიან ტრადიციას“.

 

არაფორმალურმა განათლებამ და ტრენინგებმა, როგორც რესპონდენტი ამბობს, თავისი შედეგი გამოიღო. „ერთმა ბიჭმა, რომელიც ხშირად დადიოდა ჩვენთან ტრენინგებზე, ოზურგეთში გაიცნო გოგონა, შეუყვარდა და მასზე აკვანში დანიშნული გოგო აღარ მოიყვანა ცოლად. მითხრა – მეც მიმაჩნია, რომ ოჯახი სიყვარულით უნდა შეიქმნასო.  თუმცა ის სოფელში ვეღარ ადის, რადგან გოგონასა და ამ ბიჭის ოჯახები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ“, – ამბობს ლეილა აშორდია.

 

სპეციალისტი გურიაში მომხდარ შემთხვევასაც იხსენებს: „ტრენინგზე სიამაყით მითხრა ერთმა კაცმა – მე ცოლიც მოტაცებული მყავს და რძალიცო. ეს ადამიანები იმაზე კი არ ფიქრობენ, უყვართ მათ ცოლებს და ბედნიერები არიან თუ არა. საზოგადოებაც ხშირად ასე უყურებს ამ საკითხს – მიეჩვევიან და შეუყვარდებათ. საშინელებაა ასეთი დამოკიდებულება“.

 

ნინო ქობალია არასრულწლოვანი გოგონების გათხოვების იმ მიზეზებზეც საუბრობს, რაც, მისი თქმით, კვლევის პროცესში გამოიკვეთა: „პირველი, ეს არის სოციალური სიდუხჭირე, როცა ოჯახი მიიჩნევს, რომ გათხოვება გამოსავალია, მეორე – აღზრდის ზედმეტად მკაცრი ან ზედმეტად ლიბერალური სტილი და მესამე, ასაკობრივი სირთულეები“.

 

ნინო ქობალიას პრობლემად მიაჩნია კონკრეტული სიტუაციებისთვის სკოლისა და საზოგადოების მოუმზადებლობაც: „თბილისში იყო შემთხვევა, როცა გოგონა გათხოვდა, მაგრამ მოისურვა სწავლის გაგრძელება. თუმცა მასწავლებლებისა და კლასელების მხრიდან იმდენად არაადეკვატური რეაქციები წამოვიდა, რომ საბოლოოდ გოგონამ უარი თქვა სკოლაში სიარულზე“.

 

ქალთა უფლებების დამცველთა აზრით, გოგონებზე ძალადობის მიმართ საზოგადოება შემწყნარებელია. „რაც ადრე, მით უკეთესი“ ან „ხალხი რას იტყვის“, – ამბობენ, როცა მოტაცებული გოგო არ მოისურვებს მომავალ ქმართან დარჩენას და არავინ ფიქრობს იმაზე, რა შეიძლება მოხდეს, თუ ოჯახი არ შედგება. სამაგიეროდ, განქორწინების შემდეგ არასრულწლოვანი დედები რჩებიან ქონების, განათლებისა და ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე სრულიად მარტო, დაუცველები.

 

რესპონდენტების აზრით, სტერეოტიპების გავლენის ქვეშ იმყოფებიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც, რომლებიც გოგოს მოტაცების შემთხვევაში ფაქტს უდგებიან არა კანონით, არამედ ოჯახების მორიგებას ცდილობენ.

 

„რამდენიმე წლის წინ იყო შემთხვევა, გარდაბანში მივდიოდით და დავინახეთ, რომ წივილ-კივილით მიაქროლებდნენ გოგოს. გამოვეკიდეთ, მაგრამ ერთმა მანქანამ გააჩერა და ჩვენს საბურავებს დაუშინა ტყვიები. გამოვიძახეთ პოლიცია. მოგვიანებით როცა მოვიკითხეთ, შედეგი იყო ისეთი, რასაც ხშირად ვხედავთ, – გოგო დატოვეს მოძალადე ქმრის სახლში“, – გვიყვება ლეილა აშორდია. 

 

საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ორ წელიწადში საქართველოს სკოლებში სწავლა 7 367 გოგონამ შეწყვიტა. 

 

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წელს 16- 19 წლის  ასაკის 3 984 გოგონა დაქორწინდა, ამავე ასაკში დაქორწინდა 776 ბიჭიც.  თუმცა უცნობია რამდენი ამ ციფრიდან რამდენია არასწრულწლოვანი, ანუ 16 დან 18 წლის ჩათვლით. მართალია საქართველოში არასრულწოვანთა ქორწინება აკრძალულია, თუმცა ქართული კანონმდებლობის მიხედვით, 16 წელს ზემოთ და 18 წლამდე ქორწინება დასაშვებია მშობლების თანხმობით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: