სიახლეები

სოფლის მედპუნქტები დენის, წყლისა და საპირფარეშოს გარეშე

12.07.2015 • 2062
სოფლის მედპუნქტები დენის, წყლისა და საპირფარეშოს გარეშე


სოფლის მედპუნქტი ქედაში
სოფლის მედპუნქტი ქედაში

სამედიცინო პუნქტი ქედის მუნიციპალიტეტის 39 სოფელში ფუნქციონირებს, აქედან 17 პუნქტი სოფლის დაწყებითი კლასის სკოლებშია განთავსებული. სოფლის დაწყებითი სკოლის შენობებში არსებულ სამედიცინო პუნქტებს, სადაც სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი დახმარება უნდა გაუწიონ, ელექტროენერგია არ მიეწოდება.


სოფელ ჭინკაძეების დაწყებითი სკოლის ერთ ოთახში არსებულ პუნქტს არც ელექტროენერგია აქვს, არც წყალი და არც საპირფარეშო.
სოფელ სირაბიძეებში მოსახლეობისთვის პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით ერთოთახიანი შენობა ორი წლის წინ სკოლის გვერდით ააშენეს, თუმცა პუნქტის გამრიცხველიანება და წყლის მიყვანა დღემდე ვერ მოხერხდა. მედპუნქტის ექთანი მერი სირაბიძე ამბობს, რომ მედიკამენტების მაცივარი აქვთ, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ შუქი არ მიეწოდებათ, მაცივრით ვერ სარგებლობენ. სოფლის ექთნის თქმით, წამლების ნაწილი, რომლითაც პუნქტს ჯანდაცვის სამინისტრო სოფლის მოსახლეობისთვის პირველადი დახმარების გაწევის მიზნით ამარაგებს, მაცივარში უნდა ინახებოდეს.

„ორი წელი იქნება, რაც მედპუნქტი აშენდა. შენობაში არც წყალია და არც ელექტროენერგია. პრობლემების შესახებ ინფორმაციას ყველა ფლობს, გვირეკავენ, გვეუბნებიან მალე მოგვარდებაო და ჩვენც ველოდებით პრობლემის გადაჭრას. მქონია შემთხვევები, ღამე დაურეკავთ და პაციენტისთვის პირველადი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტები ფარნით გამომიტანია პუნქტიდან“, – იხსენებს ექთანი.

 

სოფელ ჯალაბაშვილების სამედიცინო პუნქტის ექთანი ჟუჟუნა ცინცაძე ამბობს, რომ პუნქტს ხშირად ჰიპერტენული და შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები მიმართავენ. აქ პუნქტი 2010 წელს აშენდა. დღემდე არც ამ შენობას მიეწოდება ელექტროენერგია.

 

„სოფელში, სადაც ვმუშაობ, 112 კომლი და 427 სული ცხოვრობს. მოსახლეობის პირველადი სამედიცინო მომსახურებისთვის აჭარის ჯადაცვის სამინისტრო სამ თვეში ერთხელ 35-მდე დასახელების წამალს გვაძლევს, თვის განმავლობაში კი 60-70 მოქალაქე მოგვმართავს მომსახურებისთვის. ვიღებთ ამბულატორიულ ავადმყოფებს და შესაბამის დახმარებას ვუწევთ. წამლის მომარაგებაში არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ჩვენი მთავარი პრობლემა უშუქობაა. ამბობდნენ მალე გამრიცხველიანდებაო, მაგრამ ამდენ ხანს რატომ ვერ ჩართეს შუქი – ეს არ ვიცი. ამის შესახებ წერილობითი განცხადება არასდროს დამიწერია, რადგან ყველა ინფორმირებული იყო“, – ამბობს ჟუჟუნა.

 

სოფელ ზესოფელსა და ცხმორისის თემში ბარამულის უბანში სამედიცინო პუნქტებისთვის შენობები საერთოდ არ არის, აქ სოფლის ექთნები მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას საკუთარ სახლებში უწევენ.

 

შენობა ზესოფელში, სადაც სამედიცინო პუნქტი და სოფლის დაწყებითი სკოლა იყო განთავსებული, სამი წლის წინ დაანგრიეს. ამ ადგილზე ახლა ეკლესია შენდება. შენობის დანგრევის შემდეგ დაწყებითი სკოლა ყოფილ ბაგა-ბაღის შენობაში გადაიტანეს, მედპუნქტი კი შენობის გარეშე დარჩა.

 

შენობის გარეშე დარჩენილი ზესოფლის ექთანი ასიე ბერიძე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას პირველად დახმარებას საკუთარ სახლში უწევს და დასძენს, რომ სოფელი კმაყოფილია. „სახლში ერთი ოთახი მაქვს გამოყოფილი და მოსახლეობას იმ ოთახში ვემსახურები. ამით მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ ექმნება, რადგან სახლი სოფლის ცენტრშია და ყველასთვის ხელსაყრელია. თუმცა სამუშაო გარემო მაინც სულ სხვაა. შენობას თუ ააშენებენ, კმაყოფილი დავრჩები“, – ამბობს ასიე ბერიძე.

 

სოფელ ცხმორისის პუნქტის ექთანი მაგული ტაკიძე ამბობს, რომ ბარამულის უბანში 24 ოჯახი ცხოვრობს, ექთნის შტატი აქ ორი წლის წინ დაუშვეს. „არანაირი პრობლემა არ არის მომსახურებაში, უბანი მცირეკომლიანია.“

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე აცხადებს, რომ წამლები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო თემის სამედიცინო პუნქტებს აწვდის, მაცივარში უნდა ინახებოდეს. მინისტრის მოადგილის თქმით, სამედიცინო პუნქტებს სამინისტრო წამლებით ამარაგებს, ექთანს ხელფასს უხდის, რაც შეეხება კომუნალურ ხარჯებსა თუ ფართობის მოწყობას, მას ადგილობრივი გამგეობა უზრუნველყოფს.
„არის წამლები, რომლებიც საჭიროებს მაცივარში შენახვას, არის ისეთებიც, რომლებიც შეიძლება ჩვეულებრივ პირობებში შეინახო, თუმცა ჩვენ გვაქვს მაცივრები პუნქტებში და იქ უნდა ინახებოდეს. სამედიცინო პუნქტების გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი ადგილობრივ გამგეობასთან და როგორც მაცნობეს, გამგეობა უახლოეს დღეებში ყველა პუნქტის გამრიცხველიანებას უზრუნველყოფს.

 

რაც შეეხება სხვა პრობლემებს, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან წყლისა და კანალიზაციის პრობლემები მოაწესრიგონ სკოლებსა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში. ასე რომ, პრობლემები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ნელ-ნელა, პრიორიტეტების მიხედვით გადაწყდება“, – ამბობს ლევან გორგილაძე.

 

იმ სოფლებში, სადაც ექთნები მოსახლეობას საკუთარ სახლებში უწევენ პირველად დახმარებას, მინისტრის მოადგილის განმარტებით, სახელმწიფო პროგრამა სამედიცინო პუნქტების მშენებლობას არ ითვალისწინებს.

 

„მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით არ ვზრუნავთ. ჩვენი შეთავაზება ასეთია: თუკი მუნიციპალიტეტი, სოფელი ან კერძო პირი უზრუნველყოფს სამედიცინო პუნქტის გახსნას და აღჭურვას, ჩვენ ექთანს ხელფასს დავუნიშნავთ, მედიკამენტითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით მოვამარაგებთ“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

 

„ვადასტურებ, რომ ელექტროენერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით 17 სამედიცინო პუნქტს პრობლემები აქვს. ეს საკითხები გავიარეთ როგორც ჯანდაცვის, ასევე განათლების სამინისტროსთან. გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა შევიმუშავეთ, ერთი ობიექტის გამრიცხველიანებისთვის 400 ლარი, მთლიანობაში კი, 6 000 ლარია საჭირო, თანხაც მოვიძიეთ და კორექტირების შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, შენობების გამრიცხველიანება დაიწყება. რაც შეეხება ზესოფელს, სოფლის დაწყებითი სკოლის შენობაში არის თავისუფალი ფართობი, რომელსაც გავარემონტებთ პუნქტისთვის. მედპუნქტის მოსაწყობად საჭირო თანხაც მოძიებული გვაქვს“, -განაცხადა ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი