მატარებელი ბათუმი-ერევანი 14 ივნისიდან ივლის

საერთაშორისო რეისი ბათუმი-ერევანი 14 ივნისიდან ივლის – შეთანხმებას „სამხრეთ კავკასიის რკინიგზისა“ და „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებს შორის ხელი 20 მაისს მოაწერეს, ერევანში.

„სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ ცნობით, მატარებელი იმოძრავებს ყოველ მეორე დღეს: თვის ლუწ დღეებში – ერევნიდან, კენტ დღეებში – ბათუმიდან.

რეისები შესრულდება 14 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე, შემდეგ კი მარშრუტი შეჩერდება.

„სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ ცნობით, ერევანი-ბათუმი-ერევნის საერთაშორისო მატარებელი სამი ტიპის თანამედროვე ვაგონისგან შედგება: სავარძლით, კუპეთი და საძილე ადგილით.

ერევნიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო დაახლოებით 16 საათი იქნება.

ბილეთების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა.

გასულ წელს ავტოავარიით 444 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 101 ქვეითი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით გასულ, 2024 წელს გაიზარდა ავარიების რიცხვი, რომლებმაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიწვია.

2024 წელს ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 5866 ავტოსაგზაო შემთხვევა, შედეგად დაიღუპა 444 ადამიანი, დაშავდა – 7587. 2023 წლის მონაცემებთან შედარებით სტატისტიკა მზარდია, სამინისტროს ინფორმაციით 2023 წლის დაფიქსირდა 5594 შემთხვევა, შედეგად დაიღუპა – 442 და დაშავდა 7310 ადამიანი.

რეგიონების მიხედვით ავტოავარიის ყველაზე მეტი, 683 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, ამ შემთხვევების შედეგად დაიღუპა 46 ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით დაღუპულთაგან 101 ქვეითი იყო, დაშავებულთაგან კი – 1754. 

გასულ წელს ქვეითზე შეჯახების 1766 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 101 დასრულდა მსხვერპლით, 1780 ადამიანი კი დაშავდა. 57 შემთხვევა დაფიქსირდა ველოსიპედისტის მონაწილეობით – დაიღუპა 3, დაშავდა – 54.

792 შემთხვევა დაფიქსირდა მოტოციკლეტისტის მონაწილეობით – დაიღუპა 16 და დაშავდა 826 ადამიანი.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი სავარაუდო მიზეზი მოძრაობის წესების დარღვევა იყო:

  • 394 შემთხვევაში ავარიის მიზეზი გახდა მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება;
  • 358 შემთხვევაში შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა;
  • 279 შემთხვევაში საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა;
  • 234 შემთხვევაში ავარიის მიზეზი გახდა მოხვევის მანევრი;
  • 236 შემთხვევაში ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა;
  • 294 შემთხვევაში მიზეზი იყო დისტანციის დაუცველობა.

185 შემთხვევაში ავარიის მიზეზი მძღოლის ალკოჰოლური თრობა იყო. არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო გასულ წელს დაიღუპა 15 და დაშავდა 277 ადამიანი. 

ავარიების მიზეზებს შორის დასახელებულია ასევე სატრანსპორტო საშუალების დგომა-გაჩერებისა და განლაგების წესის დარღვევა. 2 შემთხვევაში რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა.

დაზვერვა სუს-თან ერთიანდება – „მსგავსი მოდელი მოქმედებს რუსეთში, ბელარუსში“

„სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების მცდელობა“ – ასე უწოდებს ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი [DRI] „ოცნების“ ახალ საკანონმდებლო ცვლილებს, რომელთა მიხედვით, ძალადაკარგულად ცხადდება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და უწყების საგამოძიებო საქმეები პროკურატურის ქვემდებარეობაში გადადის. ამასთან, ცვლილებები შედის „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და ის სუს-ის დაქვემდებარებაში ექცევა.

ორგანიზაციის მიერ დღეს, 21 მაისს გავრცელებულ პრესრელიზში მიმოხილულია ის შესაძლო შედეგები, რაც საკანონმდებლო ცვლილებს შეიძლება მოჰყვეს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად იმეორებს ავტორიტარული რეჟიმების დამკვიდრებულ პრაქტიკას – ამკაცრებს კანონმდებლობას, მაქსიმალურად ზღუდავს ინსტიტუციების ავტონომიას, აძლიერებს ძალოვან უწყებებს და ქმნის რეპრესიულ მმართველობის მოდელს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის მარტში ცალკე უწყებად შეიქმნა, რასაც საფუძვლად „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგის” ფარგლებში შეთანხმებული ვალდებულება დაედო.

კერძოდ, ქვეყანა ვალდებული იყო არასათანადო მოპყრობის ბრძოლის მიზნით, ეფექტიანი რეფორმები განეხორციელებინა.  პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, ევროკავშირისა და სხვა პარტნიორების წარმომადგენლები. შესაბამისად, სამსახურის მთავარი მანდატი მოხელის (მათ შორის, სუს-ის გამომძიებლების მხრიდან) მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი, დროული და დამოუკიდებელი  გამოძიება წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ უწყებას ეფექტიანად არ შეუსრულებია დაკისრებული ვალდებულება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში  კი აშკარა იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პარტიული მიკერძოება  და უფუნქციობა, ,,ქართულმა ოცნებამ“ ღიად თქვა უარი, ფორმალურად დამოუკიდებელი უწყების არსებობაზეც კი. შესაბამისად, დაინიციირებული ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს,  რომლის მიხედვით სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე აუცილებელია დამოუკიდებელი, სპეციალიზებული უწყების არსებობა, რომელიც სწრაფად და ეფექტიანად გამოძიების სავარაუდო გადაცდომებს“ – წერს DRI-ი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ განმარტებითი ბარათის თანახმად წარმოდგენილი კანონპროექტით უნდა აღმოიფხვრას „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული ბუნდოვანება, რადგან ის უერთდება პროკურატურას, რომლის დამოუკიდებლობის ხარისხი უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით“.

თუმცა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი წერს, რომ სწორედ პროკურატურის მიკერძოებულობის საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ხანგრძლივი კრიტიკის საგანი როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.

„ქართული ოცნების“ მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება – ფორმალურად დამოუკიდებელი უწყების გაუქმებასა და მისი მანდატით პროკურატურის აღჭურვა, კიდევ ერთი ნაბიჯია ძალაუფლების კონცენტრაციის, რეპრესიული პოლიტიკისა და პარტიული გავლენების გაძლიერებისკენ“ – მიიჩნევს ორგანიზაცია.

რაც შეეხება ცვლილებას „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის შედეგადაც დაზვერვის სამსახური სუს-ის დაქვემდებარებაში ექცევა, DRI-ი მიჩნევს, რომ რეალურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაზვერვის სამსახურის შეერთებით ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხი კიდევ უფრო უარესდება.

„საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სადაზვერვო სამსახურების შიდა და საგარეო ფუნქციების შერწყმა ართულებს ზედამხედველობას და ზრდის ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს. საქმიანობის ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, უწყებები ცალ-ცალკე უნდა ფუნქციონირებდეს.

უსაფრთხოების სამსახურების დაინიციირებული მოდელი კი მოქმედებს რუსეთში, ბელარუსში, ყაზახეთსა და სხვა არადემოკრატიულ ქვეყნებში“ – წერს ორგანიზაცია. 

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

თიბისი კონცეპტი, Oktopus-თან პარტნიორობის ფარგლებში, გაძლევთ შესაძლებლობას გაწევრიანდეთ Runners Club-ში.

Runners Club-ი თიბისი კონცეპტის და Oktopus-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც ყოველ კვირა დღეს, სირბილის მოყვარულებს, ლისის ტბაზე, Oktopus-ის ინსტრუქტორებთან ერთად უმასპინძლებს.

Runners Club-ში გაწევრიანებას თიბისი კონცეპტის 100 უნიკალური მომხმარებელი შეძლებს. კლუბის წევრობა უსასყიდლოა. კლუბის წევრობისთვის აუცილებელია იყოთ კონცეპტ მომხმარებელი.

Runners Club-ს გაუძღვებიან Oktopus-ის პროფესიონალი ინსტრუქტორები: ანკა დუნდუა, მამუკა გურული, საბა ჯოჯუა და შაკო ხაჩიძე.

Runners Club-ის წევრები, ასევე ისარგებლებენ სპეციალური 15%-იანი ფასდაკლებით ერთთვიანი აბონემენტის შეძენისას Oktopus Fitness Club-ში.

პირველ 100 დარეგისტრირებულ მომხმარებელს, წევრობის დასადასტურებლად, დაუკავშირდება თიბისი კონცეპტის ასისტენტი დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ კონცეპტ ასისტენტს.

დარეგისტრირდით და გახდით კლუბის წევრი.

ზუგდიდელი აქტივისტები „ოცნების“ დეპუტატს, ირაკლი ზარქუას პოლიციაში უჩივიან

ზუგდიდელი აქტივისტები მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრს, ირაკლი ზარქუას და მის თანმხლებ პირს პოლიციაში უჩივიან.

ირაკლი ზარქუამ, გუშინ, 20 მაისს, თანმხლებ პირთან ერთად, მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, კერენ ესებუას დაუმტვრიეს ტელეფონი.

„ჩვენ ხელითაც შეგვეხო ზარქუა და მისი თანმხლები პირი და გვაქვს ამის ვიდეო მტკიცებულება, რომელიც ჩემს ლაივში არ ჩანს. რამდენიმე ეპიზოდად იყო ეს, იდაყვში მოკიდა კერენს ხელი ზარქუამ და შეეცადა დაეჯიკავებინა. მეორედ კი – უკვე მისმა თანმხლებმა პირმა. ვიდეოშიც ისმის ხმა, საკმაოდ მძიმედ დაარტყა მაჯაზე ხელი კერენს და ტელეფონი გააგდებინა ხელიდან. სასამართლო რომ ჩაინიშნება, დავდებ ყველა ვიდეოს.

კერენს აქვს დაზიანებული ტელეფონი, მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ამის შემდეგ ვუპასუხეთ ჩვენც და შემდეგ, როცა უკვე კერენს ხელი დაარტყა ზარქუას თანმხლებმა პირმა, ჯერ-ჯერობით მისი სახელი არ ვიცით, მერე ისმის ჩემი გინება ვიდეოში, რომელიც ამ ხელის დარტყმას მოჰყვა.

დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება, მაგრამ არ ველოდებით, რომ ამაზე ვინმე რაიმე რეაგირებას მოახდენს“ – ამბობს მარიამ სიჭინავა „ბათუმელებთან“.

იგი ამბობს, რომ უცნობია, რა მუხლით დაიწყებს გამოძიებას ზუგდიდის პოლიციის რაიონული სამმართველო. „შესაძლოა ეს იყოს წვრილმანი ხულიგნობა“ – ამბობს აქტივისტი.

„თუმცა, ნივთის დაზიანება სისხლის სამართალია და ალბათ ამ მიმართულებითაც დაიწყებენ გამოძიებას. ყველა მტკიცებულება აქვთ იმისთვის, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით მაინც დაიწყოს გამოძიება“- ამბობს მარიამ სიჭინავა.

მისივე ინფორმაციით, პოლიციას მიმართა ირაკლი ზარქუამაც. „ზუსტად არ ვიცი რა მუხლით ჩივის, დიდი ალბათობით პარლამენტის დეპუტატისთვის შეურაცხყოფის მიყენებას შემომედავებიან.

თუმცა ჩვენ განცხადებაშიც დავაფიქსირეთ, რომ არალეგიტიმური პარლამენტის წევრი იმყოფება ზუგდიდში და მასთან მოგვივიდა სიტყვიერი დაპირისპირება. დაახლოებით ერთ საათში უნდა ჩამაბარონ საქმის მასალები და მეცოდინება რომელი მუხლით არის საქმე დაწყებული“ – ამბობს მარიამ სიჭინავა.

როგორც მარიამ სიჭინავას პირდაპირ ჩართვაში ჩანს, 20 მაისს „ოცნების“ პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა, თანმხლებ პირებთან ერთად სასტუმრო „ლეთაში“ ვახშმობდა, ზუგდიდის პროტესტში მონაწილე აქტივისტები კი სასტუმროში არ შეუშვეს.

გარეთ გამოსვლის შემდეგ კი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირებმა, მარიამს და კერენს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ზარქუას სასტუმროს დატოვება აქტივისტების შეძახილის ფონზე მოუწია.

ამავე თემაზე:

“ოცნების” დეპუტატები აბუ-დაბიში მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

„პუტინი დროს წელავს, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ“ – მერცის კანცელარიის ხელმძღვანელი

გერმანიის კანცლერის, მერცის კანცელარიის ხელმძღვანელმა, ტორსტენ ფრეიმ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიმართ გულწრფელი ინტერესის არქონასა და დროის გაჭიანურებაში დაადანაშაულა.

„ბოლო დღეებში განსაკუთრებით ნათელი გახდა, რომ რუსეთს აბსოლუტურად არ აქვს ინტერესი იარაღი დადუმდეს. პირიქით, დრონებით თავდასხმები გაიზარდა, როგორც რაოდენობრივად, ასევე ინტენსივობით“, – ციტირებს პოლიტიკოსს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“.

ფრეის თქმით, პუტინი აშკარად წელავს დროს და ცდილობს ევროპელები და ამერიკელები ერთმანეთის წინააღმდეგ აამხედროს. 

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-17 პაკეტზე საუბრისას, ფრეიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“, ცალკეული კომპანიებისა და აქტორების გარდა, აუცილებელია გაცილებით უფრო თამამი ზეწოლა მოხდეს რუსეთის ფედერაციაში ენერგეტიკულ და ფინანსურ სექტორებზე. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მე-18 პაკეტზე.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ „დადგა მომენტი, როდესაც შეიძლება ისეთი რამ გავაკეთოთ, რასაც სხვა ვითარებაში არ გავაკეთებდით“. მან განმარტა, რომ საუბარია ფინანსურ ბაზრებთან დაკავშირებულ საკითხებზეც.

ენერგეტიკულ სექტორში, ფრეის თქმით, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას სხვა ევროპელთა ინტერესები, რომლებიც აგრძელებენ რუსეთისგან ენერგიის მიღებას და მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სანქციების გვერდის ავლის სქემებს.

უვადო პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ცოლი შვილების თვალწინ მოკლა

პროკურატურის ცნობით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 12 ნოემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში  ბრალდებულმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ცოლს მიაყენა დაზიანებები. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული 2024 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ პუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა“ – წერს პროკურატურა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„ოცნების“ ახალი კანონი ხდება იარაღი სამოქალაქო საზოგადოების დასასჯელად – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ანალიზს. აღნიშნული კანონი პირველი ივნისიდან შედის ძალაში.

საია წერს:

„2025 წლის 2 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოელი აგენტები“. კანონის ტექსტი თითქმის ამერიკული FARA-ს იდენტურია, თუმცა შინაარსი და დანიშნულება ქართულ რეალობაში სრულიად იცვლება.

ამერიკაში ეს კანონი მიზანმიმართულად არ ვრცელდება არასამთავრობო სექტორზე, მედიაზე ან იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურებიან. იქ რეგულაცია ეხება მხოლოდ იმ სუბიექტებს, რომლებიც პირდაპირ ემორჩილებიან უცხო ქვეყნის დავალებებს და ზეგავლენას. ამის პარალელურად, ამერიკულ მოდელს თან ახლავს ძლიერი ინსტიტუციური დაცვის მექანიზმები – დამოუკიდებელი სასამართლო, პროკურატურა და ზედამხედველობა.

საქართველოში კი კანონის აღსრულება გადაეცა ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არის. ის, ისევე როგორც სასამართლო და პროკურატურა, მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა.

ამ პირობებში საქართველოში კანონი ხდება იარაღი სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორისა და კრიტიკული ხმების დასასჯელად. ამაზე უკვე მიუთითეს საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ეუთომ. მათი შეფასებით, კანონი ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანების და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებს“.

საიას კვლევაში განხილულია კანონის მიღების კონტექსტი და შეიძლება მოჰყვეს „აგენტების“ კანონის ამოქმედებას.

„კანონის განმარტებასა და აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურების ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის არარსებობა, მის მიღებასთან დაკავშირებული პოლიტიკური კონტექსტი და „ქართული ოცნების“ აშკარად ბოროტი მიზნებით ნაკარნახევი კანონშემოქმედებითი მოტივაცია ცხადყოფს, რომ კანონის მიღება არ ემსახურება გამჭვირვალობას, არამედ მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო სივრცეების შეზღუდვას.

მკაცრი სანქციებისა და ეროვნულ დონეზე ხელმისაწვდომი დაფინანსების ალტერნატივების არარსებობის პირობებში, კანონის „ქართული ოცნების“ ინტერპრეტაციის შესაბამისად ამოქმედება, პრაქტიკულად, სამოქალაქო სექტორის აკრძალვას ნიშნავს“ – ვკითხულობთ კვლევაში. 

საია წერს, რომ საქართველოში ამ კანონის პრაქტიკული აღსრულება დამოკიდებული იქნება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ კანონქვემდებარე აქტებზე, ასევე, სასამართლოსა და პროკურატურის მიერ მისი განმარტებისა და გამოყენების პრაქტიკაზე.

„ვინაიდან ეს ინსტიტუტები სრულად ექვემდებარებიან მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ – კონტროლს, იქმნება წინაპირობა, რომ სამართლებრივ მექანიზმებს ისინი შერჩევითად და პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად გამოიყენებენ. ასეთ ვითარებაში, კანონმდებლობის რეალური დანიშნულება, შესაძლოა, გადაიქცეს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების დევნის ინსტრუმენტად, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის პროცესს და არსებითად შეასუსტებს დემოკრატიული მმართველობის საფუძვლებს“ – წერია კვლევაში.

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

ამავე თემაზე: 

რა განსხვავებაა ამერიკულ FARA-სა და ივანიშვილის ფარას შორის ერთი ორგანიზაციის მაგალითზე

საქართველოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის 20 მაისს დედოფლისწყაროში, ზამთრის საძოვარზე არსებულ ფერმაში ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დადასტურდა.

დადგინდა, რომ ინფიცირების წყარო მგელია.

სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების კერაში საკარანტინო ღონისძიებებს ახორციელებს, რაც სავალდებულო ვაქცინაციას, ცხოველების გადაადგილების შეზღუდვას, დეზინფექციას და ცხოველებზე ვეტერინარულ ზედამხედველობას გულისხმობს. შემთხვევის შესახებ ეცნობა ჯანდაცვის შესაბამის უწყებებს.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ საკუთარ შინაურ ცხოველებს [ძაღლი, კატა] ვაქცინაცია, რათა თავიდან აიცილონ ცხოველების ცოფით დაავადება და საფრთხე არ შეუქმნან საკუთარ სიცოცხლეს,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით [დაკბენა, დაკაწვრა]. კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, დაავადება ლეტალობით სრულდება.

ცხოველებში ცოფის პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციით.

____________

ამავე თემაზე:

„განსაკუთრებით საშიშია კბენა თავზე, კისერსა და თითებზე“ – რა უნდა ვიცოდეთ ცოფის შესახებ

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 21 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 976 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980]
  • ტანკი – 10 835 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 22 569 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 28 090 ერთეული [+23]
  • MLRS – 1 388 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 167 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 36 692 ერთეული [+71]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 49 169 ერთეული [+76]
  • სპეცტექნიკა – 3 895 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 58 043 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 441 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 563 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 25 115 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 35 747 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე: 

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს – დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რის შემდეგაც ტრამპმა მის სოციალურ ქსელში, TruthSocial-ში დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება:

ტრამპი პუტინთან საუბარზე: სულისკვეთება შესანიშნავი იყო, რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს უფროსის ხელფასი 10 585 ლარი იქნება

„ოცნების“ მთავრობამ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს საშტატო ნუსხა და ხელფასები დაამტკიცა. ახალი განკარგულებით, სააგენტოს თავმჯდომარის ხელფასი თვეში 10 ათას 585 ლარი იქნება; მოადგილის – 8 ათას 760 ლარი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის – 7 ათას 300 ლარი.

გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავაა.

მიმდინარე წელს [8 თვე] სააგენტოს ამ სამი თანამშრომლის ხელფასებისთვის ჯამში 253 ათასზე მეტი დაიხარჯება. სააგენტოს ბიუჯეტი კი 510 ათას 200 ლარით განისაზღვრა, საიდანაც 257 ათასი ლარი „საქონელი და მომსახურების“ მუხლშია გაწერილი:

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს 2025 წლის [8 თვის] ბიუჯეტი / წყარო: მთავრობის განკარგულება
 „სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს 2025 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე“ განკარგულებას ხელი „ოცნების“ პრემიერმა კობახიძემ 2025 წლის 13 მაისს მოაწერა.

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს საშტატო ნუსხა და ხელფასები / წყარო: მთავრობის განკარგულება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს  დებულება „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 15 აპრილს დაამტკიცა.

მთავრობის მიერ არასამთავრობოების დაფინანსების იდეა ირაკლი კობახიძემ პირველად 2024 წლის 9 სექტემბერს გაახმიანა. მან თქვა, რომ სამთავრობო საგრანტო ფონდით მხოლოდ ის ორგანიზაციები ისარგებლებენ, რომლებიც რუსულ კანონს დაემორჩილებიან და „უცხოური ინტერესების გავლენის გამტარებად“ დარეგისტრირდებიან.

გამოდის, რომ „ქართული ოცნების” სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო დააფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც ოფიციალურად უცხოეთის ინტერესების გავლენის გამტარის სტატუსი ექნებათ.

ამ თემაზე:

„ოცნებამ“ საბოლოოდ აკრძალა მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება

 

მთავარი ფოტო: თამარ ზოდელავა

რას ითვალისწინებს ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-17 პაკეტი დაამტკიცა.  ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა და საგარეო საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე კაია კალასმა პლატფორმა X-ზე დაწერა.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეს რაუნდი ომის დაწყებიდან ყველაზე ფართომასშტაბიანია.

მე-17 პაკეტში ჩვენ ვაერთიანებთ „სურგუტნეფტეგაზს“ – რუსულ ნავთობგიგანტს, ასევე, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის თითქმის 200 გემს.

…რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი უკანონო და სასტიკ ომს, მით უფრო მკაცრი იქნება ჩვენი პასუხი” – წერს კალასი.

დღეს, 20 მაისს მიღებული, ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მე-17 პაკეტი რუსეთს წვდომას უზღუდავს მნიშვნელოვან სამხედრო ტექნოლოგიაზე და ენერგეტიკულ შემოსავლებზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. სანქციების მთავარი სამიზნეა რუსეთის ნავთობტანკერების  „ჩრდილოვანი ფლოტი”, მათი ოპერატორები და, ასევე, რუსული ნავთობის მთავარი მწარმოებელი.

გემებისთვის, რომლებიც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და გადააქვთ რუსული ნავთობი არარეგულარული და მაღალი რისკის შემცველი გადაზიდვების პრაქტიკის გამოყენებით, იკრძალება მომსახურების ფართო სპექტრის მიწოდება, მათ შორის პორტში შესვლა. ჩრდილოვანი ფლოტის მიმართ შემზღუდავი ზომები მიზნად ისახავს შეამციროს შემოსავლები, რომლებიც აძლიერებენ რუსეთის საომარ ეკონომიკას.

გარდა ამისა, ევროკავშირი აწესებს ინდივიდუალურ სანქციებს (აქტივების გაყინვა და სახსრების ხელმისაწვდომობის აკრძალვა), რომლებიც მიმართულია იმ აქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ჩრდილოვანი ფლოტის ფუნქციონირებას.

ეს ზომები ვრცელდება საზღვაო კომპანიებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზღვით ტრანსპორტირებაზე და მონაწილეობენ საზღვაო გზით რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში. მათ შორის არიან სუბიექტები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, თურქეთიდან და ჰონგ-კონგიდან. სიაში ასევე შედის რუსეთის ნავთობის გადაზიდვების ინდუსტრიის ერთი მნიშვნელოვანი დამზღვევი.

„მას შემდეგ რაც ევროკავშირმა დააწესა ნავთობის ფასის ლიმიტი და სანქციები ჩრდილოვან ფლოტზე, რუსეთის შესაბამისი შემოსავალი 38 მილიარდი ევროთი შემცირდა. რუსეთის შემოსავლები 2025 წლის მარტში 13,7%-ით ნაკლები იყო 2023 წლის მარტის შემოსავლებზე და 20,3%-ით ნაკლები – 2022 წლის მარტის შემოსავლებზე” – ევროპის საბჭო.

ევროკავშირმა სანქციები დააწესა 45-ზე მეტ რუსულ კომპანიასა და ფიზიკურ პირზე, რომლებიც რუსეთის არმიას დრონებით, იარაღით, საბრძოლო მასალით, სამხედრო აღჭურვილობით, კრიტიკული კომპონენტებითა და ლოგისტიკური მხარდაჭერით ამარაგებენ. მათ შორის არიან იარაღის კომპანიები და მათი დირექტორები, საზღვაო გადამზიდი კომპანიები, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარები; ასევე კომპანიები, რომლებიც ფლობენ ნავთობტანკერებს თურქეთიდან და ჰონგ-კონგიდან.

იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, სანქციებს დაექვემდებარა 17 ფიზიკური და 58 იურიდიული პირი, რომლებსაც გაეყინებათ აქტივები, ასევე ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის თანხების გადაცემა. ფიზიკურ პირებს ასევე დაუწესდათ აკრძალვა მოგზაურობაზე, რაც მათ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე შესვლას ან ტრანზიტით გადაადგილებას უკრძალავს.

„ჩემთვის პრინციპულია, არ დაემორჩილო რეჟიმს ტყუილში“ – ინტერვიუ ზურა ჯაფარიძესთან, რომელიც შეიძლება დააპატიმრონ

ზურა გირჩი ჯაფარიძე შესაძლოა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო დააპატიმრონ. ის უარს ამბობს როგორც გირაოს გადახდაზე, ასევე, რეჟიმთან თანამშრომლობაზე.

გირაოს გადახდაზე უარს ამბობენ ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებიც. როგორ შეიძლება წარიმართოს წინააღმდეგობის მოძრაობა, თუ ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეში აღმოჩნდება? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა ზურა ჯაფარიძეს.

  • ბატონო ზურა, გაქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა დაგაკავონ წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო და როგორ ხედავთ პროცესების განვითარებას, თუკი ყველა ლიდერი ციხეში აღმოჩნდება?

ჯერჯერობით არ არის საუბარი იმაზე, რას მოგვისჯიან ამ რაღაც, ე.წ კომისიაზე არ მისვლის გამო. რადგან გირაო არ გადავიხადეთ, შესაძლოა შეცვალონ აღკვეთი ღონისძიება და მოგვისაჯონ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც უარს ვამბობთ გირაოს გადახდაზე.

ამის შემდეგ სასამართლო პროცესზე მოგვისჯიან თუ არა ერთწლიან პატიმრობას ამ ე.წ. კომისიაზე არ მისვლის გამო, ეს ცალკე ამბავია.

არ ვიცი, რამდენად არიან იმ ფაზაში ახლა, რომ ეს ნაბიჯი გადადგან. თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ, ამას გარედან აუცილებლად მოჰყვება რეაქციები. მათ სასოწარკვეთილ მცდელობებს, რომ რაღაცნაირად ურთიერთობები დაალაგონ დასავლეთთან, ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები დახვდება, ჩემი აზრით.

მეორე, კიდევ უფრო გაიზრდება იმის ალბათობა, რომ „ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენელს ბევრად უფრო  მასშტაბური სანქციები დაედოს.

და მესამე, თუ ქვეყნის შიგნით კიდევ აქვს თავში ვინმეს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მონაწილეობა მიიღოს რაღაც ცირკში, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი და რომელსაც ეძახიან თვითმმართველობის არჩევნებს, მანდ მონაწილეობის მიღება გაურთულდება ნებისმიერს. პოლიტიკური თვალსაზრისით რომ შევხედოთ.

ამიტომ, მე მჯერა, რომ პროტესტი გაგრძელდება, რადგან წინააღმდეგობა ამ რეჟიმის მიმართ არ არის დამოკიდებული არც ერთ და არც ხუთ პოლიტიკოსზე.

  • გირაოს გადახდასთან დაკავშირებით არ არის ერთიანი პოზიცია საზოგადოებაში. ზოგი ამბობს, რომ თუ ყველა ციხეში იქნება, ეს აწყობს რეჟიმს, ზოგიერთი  მიიჩნევს, რომ გირაოს გადახდა არის რეჟიმთან კომპრომისზე წასვლა. თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხზე?

ჩემი პირადი დამოკიდებულება არის ის, რომ ადამიანმა არ უნდა მიიღო მონაწილეობა ამ ტყუილში, ფარსში და ეს თავიდანვე განვაცხადე, როცა დამიბარეს და ვთქვი, რომ არ მივალ კომისიაზე-მეთქი.

ჩემი აზრით, ასეთი რეჟიმების პირობებში ინდივიდუალური, ცალკეული ადამიანების ქცევა არის გადამწყვეტი და მთავარი რაც არის, ამ ტყუილსა და ფარსში მონაწილეობა არ მიიღო.

თუ რამე აჩენს ბზარს ასეთ რეჟიმებში, არის ცალკე აღებული ადამიანების მორალური ქცევა.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველამ იგივე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რაც მე მივიღე, მაგრამ მე თავიდანვე ვთქვი, რომ ჩემი პოზიცია იქნებოდა ასეთი. პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან და ჩვენ არ ვიცით თითოეულთან მიმართებაში ვის რა პრობლემები აქვს ცხოვრების ამ ეტაპზე და ვის რა ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ამიტომ რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას ნებისმიერმა, არა მგონია, რომ ამის გამო ვიღაც საგინებელი უნდა გახდეს.

მაგრამ მე ასეთი პოზიცია მაქვს და არ შევცვლი.

  • ლიდერების დაპატიმრება წინასწარ იყო განზრახული, კომისიის შექმნის ეტაპზე, პოლიტიკური ველი რომ მოასუფთაონ ადვილად, თუ უბრალოდ დაშინების, პროტესტის შესუსტების მექანიზმად იყენებენ. როგორ ფიქრობთ?

ჩემი აღქმა ამ ყველაფრის მიმართ არის ის, რომ რეჟიმი გაიძულებს დაემორჩილო. რეჟიმს შეუძლია მოიგონოს ნებისმიერი სისულელე და გაიძულოს, დაემორჩილო, დაგემუქროს, რომ დაგაპატიმრებს ან სხვა რაღაცას გააკეთებს.

მოაწყვეს რაღაც ცირკი და ახლა გეუბნებიან, რომ ამ ცირკში უნდა მიიღო მონაწილეობა და თუ არ დამემორჩილები, დაგსჯი. ჩემი გადმოსახედიდან ასე ჩანს, რომ თუ შენ ასეთ რამეში მორჩილებას ავლენ, მერე აღარ გაქვს საკმარისი მორალური უფლება ადამიანებს უთხრა, გავაგრძელოთ ერთად ბრძოლა.

ჩემთვის პრინციპული საკითხია, არ დაემორჩილო ტყუილში და ამით მაგალითი მისცე თუნდაც სხვებს.

  • თქვენ ახსენეთ „მეგობარი აქტი“. ჩვენ მოვისმინეთ მუქარის შემცველი განცხადებები, რომ თუ ამ აქტს მიიღებენ და გაიზრდება სანქციები, ექნებათ ამაზე პასუხი და ასე შემდეგ. რა შეუძლიათ გააკეთონ ამაზე უარესი, რა მოლოდინი გაქვთ?

როგორც ჩანს, „მეგობარი აქტი“ აუცილებლად იქნება მიღებული სენატში და იქნება მიღებული ისეთივე ან უფრო მაღალი უმრავლესობით, როგორც ეს მოხდა წარმომადგენელთა პალატაში და ძალიან დიდი ალბათობით პრეზიდენტი ტრამპი მოაწერს ხელს. მნიშვნელოვანი მომენტია ეს, რადგან პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ახალი ადმინისტრაცია დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას საქართველოში შექმნილ ვითარებაზე.

„მეგობარი აქტი“ არ არის მხოლოდ სანქციები, აქ საუბარია იმაზეც, როგორი იქნება პოლიტიკა დღევანდელ საქართველოსთან მიმართებაში, ამის განმსაზღვრელი დოკუმენტიც არის. აქ საუბარია იმაზეც, რომ უნდა მომზადდეს ერთი ანგარიში იმაზე, თუ რა აქტივები გააჩნია რუსეთს საქართველოში (აქ იგულისხმება კონკრეტული ადამიანები, რომლებიც რუსეთზე მუშაობენ), ისევე, როგორც უნდა მომზადდეს ხუთწლიანი სტრატეგია, როგორი იქნება ურთიერთობა აშშ-ის საქართველოსთან მიმართებაში.

უბრალოდ, რამდენ ხანში მოხდება, ეს არის ერთადერთი საკითხავი.

რა მოჰყვება ამას რეჟიმის მხრიდან – მე ველი, რომ რეჟიმი გახდება კიდევ უფრო რეპრესიული. რა შეუძლიათ გააკეთონ? – ის, რაც საჯაროდ აქვთ გაცხადებული, – პოლიტიკური ოპონენტების განადგურება.

საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკური პარტიები საერთოდ გააქრონ, ყველა, ვინც რეალურად უპირისპირდება რეჟიმს. ეს მოხდება მათ შორის იმ კანონით, რომელიც უკვე მიღებულია, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და საბოლოო ჯამში დადის კონკრეტულ, ინდივიდუალურ ადამიანებამდე, რომლებსაც აეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა.

  • თუ პარტიების გაუქმების მექანიზმი აამუშავეს, ასევე თავისუფალი მედიის წინააღმდეგაც გამოიყენეს იგივე მექანიზმი, მაშინ როგორ მიდის ბრძოლის საკითხი. პროტესტი რა ფორმას იძენს, თუ არის ამაზე ნაფიქრი?

ესენი ებრძვიან წინააღმდეგობის ყველა კერას, იქნება ეს ოპოზიციური პარტიები თუ თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი, თუ იქნება პროტესტი ქუჩაში. ცდილობენ, რომ სხვადასხვა ტიპის წინააღმდეგობის კერები ჩაკლან. ეს დევს ხელის გულზე.

რაც ასევე დაწყებული აქვთ არის ის, რომ არც ერთ საბიუჯეტო ან ნახევრად საბიუჯეტო ორგანიზაციაში ან ბიზნესში, რომელიც სახელმწიფოსგან იღებს ტენდერებით დაფინანსებას, ან სახელმწიფოსგან აქვს ლიცენზია მიღებული, რომ რაიმე საქმიანობა აწარმოოს, ამ სფეროებში არ დატოვებენ არც ერთ ადამიანს, რომელსაც ექნება განსხვავებული აზრი და ეს წმენდა უკვე დაწყებულია.

თუ შენ ხარ რეჟიმის წინააღმდეგი, ამ ქვეყანაში არსებობის უფლებას უბრალოდ არ მოგცემენ და გაიძულებენ, რომ გაიქცე. ეს არის რეალობა, რომელშიც ახლა, ამ წუთში ვართ და ეს რეალობა უფრო მძიმე გახდება.

ერთადერთი, რითაც ასეთი რეჟიმები შეიძლება დაამარცხო, არის წინააღმდეგობა. რეგულარული პროტესტი ქუჩაში, გვაქვს ეს პროტესტი დღეს თბილისის ქუჩებსა და სხვა ქალაქებშიც. ასევე მარშები. ასეთი ტიპის პროტესტი არის გასაძლიერებელი.

ასეთი რეჟიმები არ მარცხდება რაღაც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და არჩევნების გამოყენებით. ერთადერთი გზა არის ქუჩა. ამაზე ფოკუსის გასწორება ყველას მხრიდან არის პრინციპული საკითხი.

  • თუკი რეჟიმი თუნდაც მემორანდუმებით გათვალისწინებულ თანამშრომლობას და ამით გათვალისწინებული დაფინანსებების გაცემაზეც უარს იტყვის, თუკი მედია, სამოქალაქო სექტორი დარჩება რესურსების გარეშე, ეს ხელს არ შეუშლის წინააღმდეგობის გაძლიერებას?

ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ჯერჯერობით რაც მსმენია არის ის, რომ არის გარკვეული თანხები, რომელიც გამიზნული იყო საქართველოს ხელისუფლების დახმარებისთვის და გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ ცნობენ ლეგიტიმურად ამ ხელისუფლებას, ამ თანხებს გადაათამაშებენ სამოქალაქო სექტორზე, თავისუფალ მედიაზე. მაგრამ არ აქვთ კონკრეტული მექანიზმები მოფიქრებული, როგორ უნდა გააკეთონ ეს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დრო გავიდა.

ჩემი აზრით, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ შეიძლება ისინი იდგნენ გვერდზე და თამაშობდნენ ნეიტრალური არბიტრის როლს, მაშინ, როცა რუსეთი შემოსულია ბოლომდე და საკუთარი საცეცები ჩარეული აქვს ყველა სფეროში.

ჯერ უნდა მიიღონ სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ეხმარებიან საქართველოში როგორც სამოქალაქო სექტორს, ისე თავისუფალ მედიას და მეორე, უნდა მოიფიქრონ გზები, როგორ ახერხებენ ამ ფინანსური რესურსების მოწოდებას.

21-ე საუკუნეა და მილიონი რამის მოფიქრებაა შესაძლებელი, თუ ამის პოლიტიკური ნება იარსებებს. რომლითაც შესაძლებელი იქნება გვერდი აუარონ „ფარასაც“ და ნებისმიერ სხვა რეგულაციას, რომელიც რეჟიმმა შემოიღო.

  • ივანიშვილის ფულზე მინდა გკითხოთ. როცა ოფშორების შესახებ კანონი მიიღეს, მაშინ ითქვა, რომ მან შემოიტანა საქართველოში ყველა რესურსი, რაც შეიძლებოდა დაეკარგა დასავლური სანქციების შედეგად. თუკი მის კაპიტალს აღარ ემუქრება საფრთხე, მაშინ რა არის ის საკითხი, რის გამოც ივანიშვილი წავა დათმობაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ჯერ ერთი, ყველა აქტივი არ აქვს შემოტანილი, რაღაც აქტივების ნაწილი გადააფორმა საკუთარ ოჯახის წევრებზე. მეორე ის არის, რომ ივანიშვილი დასანქცირებულია აშშ-ს მხრიდან და მას გაუჭირდება ბიზნესსაქმიანობა ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ნებისმიერ ბიზნესთან. ეს სერიოზული პრობლემაა მისთვის. განსაკუთრებით ამერიკული სანქციები როდესაც შეეხო, მაგის მერე.

ამის გარდა, არსებობდნენ მისი დასაყრდენი ადამიანები, რომლებსაც აქვთ რაღაც რესურსები, მათ შორის დასავლეთშიც და ცხადია, იმათაც უნდა შეეხოს ეს სანქციები და მათი ოჯახის წევრებსაც.

  • რეჟიმი რომ დამარცხდეს, ივანიშვილი უნდა წავიდეს ქვეყნიდან? თუ მას ჯერ კიდევ შეუძლია დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან?

ჩემი აზრით, ჯერ უნდა მივიდეთ იმ მომენტამდე, როდესაც აქეთა მხარეს იქნება ანგარიშგასაწევი ძალა, რომ ივანიშვილს მოუწიოს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, სადაც ის მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს. ამის შემდეგ იქნება უკვე საუბარი პირობებზე, რა პირობები შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით.

ახლა მგონია, რომ ამაზე საუბარი ადრეა, რადგან ჯერ საჭიროა აქეთ მხარეს ძალების კონსოლიდაცია და ანგარიშგასაწევი ძალის შექმნა. ამ წუთში ჩვენ მანდ არ ვართ, სამწუხაროდ.

გააჩნია რამდენი ადამიანი იქნება ქუჩაში.

  • თუ არ გამოვიდა ამაზე მეტი, რასაც ვხედავთ ყოველდღიურად?

საბოლოო ჯამში ყველაფერი დამოკიდებულია რაოდენობაზე.

ახლა რაც გვაქვს, ჩემი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ პროტესტზეა დაშენებული საგარეო მხარდაჭერა, ამ პროტესტის შედეგია, რომ გარედან მოდის სანქციები, არ დამატებია ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ „ოცნების“ ხელისუფლებას და ეს მოიტანა ამ პროტესტმა. ეს არის ერთადერთი საჯარო დემონსტრირება იმისა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები  ვაგრძელებთ ბრძოლას თავისუფლებისთვის. სხვა შემთხვევაში ჩვენ უკვე ვიქნებოდით ბელარუსი, სადაც აღარ ჩანს არც წინააღმდეგობა, აღარც პროტესტი, აღარ ხალხი ქუჩაში.

ამიტომ, ეს ყოველდღიური პროტესტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამას სჭირდება გაძლიერება, გაფართოება და გამრავალრიცხოვნება.

  • დაგაზუსტებინებთ მაინც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ექსპერტი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ არის მიბმული საპარლამენტო არჩევნებზე და არ აქვს მნიშვნელობა პარლამენტი ლეგიტიმურია თუ არა, ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრულიო. ასევე ითქვა, რომ თუ რეჟიმს დავუთმობთ ყველაფერს, მათ შორის თვითმმართველობასაც, აბა როგორ ვებრძვით მასო.

მაგ ცირკში მონაწილეობის ერთადერთი შედეგი იქნება ის, რომ დაიხატება სურათი, თითქოს აქ არის მრავალპარტიული არჩევნები და ის პროცესი რაშიც მონაწილეობ, თითქოს მართლა არჩევნებია.

სინამდვილეში, რაც იქნება შემოდგომაზე, იქნება ბევრად უფრო უარესი, რაც იყო 26 ოქტომბერს, რადგან თუ 26 ოქტომბერს მოვახერხეთ დარღვევების და გაყალბების დაფიქსირება, შემდეგ სქემების გაშიფვრა როგორ და რა გააკეთეს, ახლა, შემოდგომაზე ამის გაკეთებაც შეუძლებელი იქნება.

ფიზიკურად დაკვირვება აკრძალეს ყველა იმ წერტილზე, სადაც ხდება გაყალბება. ეს არჩევნები არ არის, ეს არჩევნები აღარ იქნება და რატომ უნდა მიიღო რაღაც სიყალბეში მონაწილეობა, რატომ უნდა დაეხმარო რეჟიმს იმაში, რომ დახატოს სურათი, თითქოს ამ ქვეყანაში კიდევ ტარდება არჩევნები, ჩემთვის ეს არის სრულიად გაუგებარი.

თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი არის არალეგიტიმური – პარლამენტიც, მთავრობაც და საარჩევნო კომისიაც, ახლა იმაზე უარეს პროცესში შესვლით, ჩემი აზრით, ირიბად ლეგიტიმაციას მოვახდენთ იმ არჩევნების და ამის შემდეგ რომ იძალადეს ადამიანებზე – აწამეს და დაასისხლიანეს, ყველაფერს გადავუსვამთ ხაზს. და კი, ეს აღქმა იქნება გარეთაც გარკვეულ წრეებში და ეს პრობლემებს შეუქმნის მათ შორის არაღიარების პოლიტიკასაც.

ეს მათ შორის იმოქმედებს პროტესტზე და შესაძლოა ამან მოკლას პროტესტი. ჩვენთვის კი მთავარი მიზანია ადამიანების მაქსიმალური მობილიზაცია და ანგარიშგასაწევი ძალის შექმნა, რომელიც უკან დაახევინეს რეჟიმს ან ჩამოშლის.

პაპუაშვილი გააღიზიანა გერმანიის ელჩის დასწრებამ მზია ამაღლობელის პროცესზე

„ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კვლავ აკრიტიკებს გერმანიის ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს.

ამჯერად პაპუაშვილი უკმაყოფილოა, რომ პეტერ ფიშერი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწრო ბათუმში და „ბათუმელებს“ ინტერვიუ მისცა პლაკატის ფონზე  – „თავისუფლება მზიას“.

მცდარია პაპუაშვილის განცხადება, რომ „გერმანიის ელჩი კონკრეტული გზავნილების გადმოსაცემად მხატვრულ მეთოდებს იყენებს და შერჩეული ფონის მეშვეობით გვესაუბრება“.

პეტერ ფიშერთან ინტერვიუ „ბათუმელებმა“ რედაქციის ოფისში, საკონფერენციო დარბაზში ჩაწერა, სადაც მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ, ანუ 4 თვეა ეს პლაკატია გაკრული და ყველა ოფიციალური ინტერვიუ „ბათუმელებში“ სწორედ ამ პლაკატის ფონზე იწერება.

„თავისუფლება მზიას“ არის „ბათუმელების“ განაცხადი უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით. ამ პლაკატის ფონზე „ბათუმელებმა“ არაერთი ინტერვიუ ჩაწერა.

ამავე დროს პაპუაშვილი ელჩს ადანაშაულებს სასამართლოზე ზეწოლაშიც, იმის გამო, რომ პეტერ ფიშერი ბათუმში ესწრებოდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს.

„იმ ფონზე, რომ ელჩმა ქართული არ იცის და დარბაზშიც არავინ უთარგმნიდა, ცხადია, რომ ამ „დაკვირვების“ მიზანი არა პროცესის მსვლელობის დეტალების გაგება იყო, არამდე მოსამართლისთვის განწყობის ჩვენება, რომ მას „დიდი ძმა“ აკვირდება და თუ ის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შედეგსაც მოიმკის. მით უმეტეს, რომ გერმანიის ელჩს გვერდით ესტონელი კოლეგა ეჯდა, რომლის მთავრობამაც სწორედ ამ მოსამართლეს ესტონეთში შესვლა აუკრძალა, ესტონეთის მთავრობისთვის სასურველი გადაწყვეტილებების არმიღების გამო. რა თქმა უნდა, როგორც პროცესზე ამგვარი “თვალთვალი”, ისე გერმანიის ელჩის ამ ლოზუნგის ფონზე გამოჩენა მართლმსაჯულებაზე ზეწოლაა, რაც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ცალსახა დარღვევაა“, – წერს პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან გერმანიის ელჩს, ისევე როგორც შვედეთისა და ესტონეთის ელჩებს, რომლებიც 16 მაისს სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ, მთელი სასამართლოს მიმდინარეობის განმავლობაში მიეწოდებოდათ სინქრონული, წერილობითი თარგმანი, რადგან სასამართლო დარბაზში ხმამაღალი თარგმანი გამოიწვევდა ხმაურს და შეაფერხებდა სასამართლო სხდომას.

შესაბამისად, პაპუაშვილის ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს.

გერმანიის ელჩის კრიტიკის ფონზე პროფესიით იურისტი შალვა პაპუაშვილი არ იმჩნევს „ოცნების“ პრემიერი, ასევე პროფესიით იურისტი ირაკლი კობახიძე როგორ არღვევს მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას ყველა ჯერზე, როცა მზია ამაღლობელის საქმეს ახსენებს და მეტიც – კობახიძე დეზინფორმაციას ავრცელებს მზია ამაღლობელზე.  

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს აკრიტიკებს. 2025 წლის 16 მაისს პაპუაშვილს არ მოეწონა გერმანიის ელჩის განცხადება – „თუ გსურთ შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა მასზე ასე ცუდად საუბარი“.

პაპუაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ესაა „საბჭოური აზროვნება“.

სქრინი პაპუაშვილის ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გასულ კვირას სამთავრობო, პროპაგანდისტული მედიის, „იმედის“ სამიზნეც გახდა. ბათუმში ჩამოსულ ელჩზე, რომელიც მედიას და არასამთავრობო სექტორს შეხვდა რეგიონში, „იმედმა“ პროპაგანდისტული სიუჟეტი მოამზადა, თითქოს პეტერ ფიშერი ბათუმში „ინსტრუქციას აძლევდა რადიკალურ ოპოზიციას“.

პეტერ ფიშერმა ბათუმში ყოფნისას, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის გასაშუქებლად მოსულ „იმედის“ გადამღებ ჯგუფს თავად ჰკითხა, რატომ გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია. ელჩის შეკითხვა უპასუხოდ დარჩა.

ამავე თემაზე: 

ინტერვიუ გერმანიის ელჩთან, რომელიც „ბათუმელების“ საკონფერენციო დარბაზშია ჩაწერილი.

3 თვეში 3 მილიონამდე ლარი ამოიღო ბათუმის მერიამ ჯარიმებიდან

2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების მიმოხილვის მიხედვით ბათუმის მერიამ 3 თვეში სანქციების, ჯარიმებისა და საურავების სახით  2 მილიონ  946 100 ლარი ამოიღო, რაც საპროგნოზო მაჩვენებელზე მეტია. მერიის პროგნოზი იყო  2 მილიონ 400 000 ლარი.

მატება იყო გასულ წელსაც – 2024 წელს საჯარიმო მოსაკრებლებიდან ბათუმის ბიუჯეტში 13 მილიონ  709 600 ლარი შევიდა, მერია 8 მილიონამდე ლარს ვარაუდობდა.

ჯარიმები პირველი კვარტალის მიმოხილვის ანგარიშში დიფერენცირებული არ არის. მსგავსი დეტალური ინფორმაცია მხოლოდ წინა წლის მონაცემების შეჯამების შემდეგ, ახალი წლის დასაწყისში ქვეყნდება ერთგვარი ანგარიშის სახით, რომელსაც ბათუმის მერია საკრებულოს წარუდგენს.

გასული წლის ანგარიშის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელსაც ყველაზე მეტი ბიუჯეტში ჯარიმის სახით კანონდამრღვევი მძღოლების მიერ გადახდილი თანხით შეგროვდება.

გასულ წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის  ბათუმის ბიუჯეტში 8 მილიონ  856 100 ლარი შევიდა. ეს თანხა არ ასახავს საპატრულო პოლიციის მიერ ბათუმში გამოწერილი ჯარიმების სრულ მონაცემს, რადგან კანონის შესაბამისად  გამოწერილი ჯარიმებიდან შემოსული თანხის მხოლოდ 60 პროცენტი შედის ბათუმის ბიუჯეტში, 40 პროცენტი კი – ცენტრალურ ბიუჯეტში. ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს ბათუმში გამოწერილი საპატრულო ჯარიმების ოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა.

„ავტომობილის გაჩერების  წესების გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობისათვის“ გამოწერილი ჯარიმებიდან  ბიუჯეტში გასულ წელს 50 000 ლარი შესულა. ქალაქში, სადაც ავტომანქანას წესების დარღვევით უფრო ხშირად აჩერებენ, ვიდრე წესების დაცვით. როგორც ჩანს, მუნიციპალური ინსპექციის შესაბამისი სამსახური სათანადოდ ვერ რეაგირებს, ან „ერიდება“, რადგან ბათუმში ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილი აღარ არის. ეს მუნიციპალურ ინსპექციაში კარგად იციან და თავადაც არღვევენ წესებს იმ მოტივით, რომ „მეტი ადგილი არ იყო.“

სამაგიეროდ უმუშავიათ მუნიციპალური ავტობუსის კონტროლიორებს, გასულ წელს უბილეთო მგზავრობის  გამო გადახდილი ჯარიმებიდან 172 000 ლარი შეგროვდა ბიუჯეტში, საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის პირობების დარღვევის გამო კი 6 500 ლარი გადაუხდიათ.

1 მილიონ  852 600 ლარი შეადგინა საგზაო მეურნეობასა და კავშირგაბმულობის დარგში გამოწერილი ჯარიმების ოდენობამ.

სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო კი გასული წლის ბიუჯეტში  1 მილიონ  854 300 ლარი გადაუხდიათ.

2024 წელს ბათუმში ადმინისტრაციული  სამართალდარღვევების გამო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში – 77 700 ლარი გადაიხადეს; „სახელმწიფო საკუთრების  ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო“ – 3 000 ლარი, ადმინისტრაციული  სამართალდარღვევების გამო გარემოს დაცვის სფეროში კი 51 700 ლარი გადაუხდიათ.

შემოსავალი ადმინისტრაციული  სამართალდარღვევების გამო ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის, განათლებისა  და აღზრდის სფეროში – 10 100 ლარია.

ბათუმის ბიუჯეტში სამართალდარღვევების გამო ვაჭრობასა და ფინანსების დარგში – 29 700 ლარი, წესრიგის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო – 69 500 ლარი, მმართველობის წესის  ხელმყოფი სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო კი – 515 400 ლარი შევიდა.

ყველაზე მეტი ადგილობრივი პროდუქცია საქართველოდან რუსეთში გავიდა – იანვარ-აპრილის მონაცემები

2025 წლის პირველ ოთხ თვეში ყველაზე მეტი ადგილობრივი პროდუქცია საქართველოდან რუსეთში გავიდა, მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამეზე კი – ჩინეთი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა.

ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი [173.4 მლნ. აშშ დოლარი], თურქეთი [87.9 მლნ. აშშ დოლარი] და ჩინეთი [77.8 მლნ. აშშ დოლარი].

„ადგილობრივი ექსპორტი მოიცავს როგორც ქვეყანაში წარმოებული, ისე საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იმ საქონლის ექსპორტს, რომელმაც განიცადა არსებითი სახეცვლილება ან ქვეყნის ფარგლებში გადამუშავების შედეგად მოხდა მისი ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა“ – განმარტავს საქსტატი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან რუსეთში მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 45,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნაკლები ადგილობრივი პროდუქცია გავიდა, ვიდრე 2024 წლის იგივე პერიოდში.

ამავე პერიოდებს თუ შევადარებთ, ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია ბულგარეთში, გერმანიაში, ყაზახეთში, ჩინეთში.

ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა საექსპორტო ქვეყნების მიხედვით / წყარო: საქსტატი

2025 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია წარმოდგენილი 96.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.7 პროცენტს შეადგენს.

მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 71.5 მლნ. აშშ დოლარით [მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.9 პროცენტი].

მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 63.6 მლნ. აშშ დოლარით [მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 პროცენტი].

„2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მთლიანმა მოცულობამ [არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე] 2,14 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ადგილობრივი ექსპორტი [ექსპორტი რეექსპორტის გარეშე], მთლიანი ექსპორტის 44.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა და 902.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა“ – წერს საქსტატი.

საქსტატი ასევე განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია „არ მოიცავს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციების (ფორმა No4) მონაცემებს; არც არაორგანიზებულ ვაჭრობას და არც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამასთან, საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში არ აისახება დროებითი დიპლომატიური სატრანზიტო და სხვა ანალოგიური სახის ტვირთები“.

რაც შეეხება მთლიან ექსპორტს – საქსტატის მონაცემებით 2025 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი [450 მილიონი აშშ დოლარი], ყაზახეთი [258.4 მილიონი აშშ დოლარი] და აზერბაიჯანი [215.1 მილიონი აშშ დოლარი]. რაც შეეხება რუსეთს, ის ამ ჩამონათვალში მეოთხე ადგილზეა [189,5 მილიონი აშშ დოლარი].

რუსეთი მესამე ადგილზეა საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის მიხედვით. 2025 წლის იანვარ-აპრილში რუსეთიდან საქართველოში 669 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. ამავე პერიოდში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 72.7 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ [881.2მილიონი აშშ დოლარი], თურქეთი [814.2 მილიონი აშშ დოლარი] და რუსეთი [669.6 მილიონი აშშ დოლარი].

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული და რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები

წყარო: საქსტატი

მთავარ ფოტოზე: გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“

ამავე თემაზე:

საქართველოს რკინიგზით ყველაზე მეტი რუსული ტვირთია შემოტანილი – I კვარტალის სტატისტიკა

 

ქუთაისი-ბათუმის მატარებელი ლანჩხუთში დაზიანდა

ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელს ლანჩხუთში ცეცხლი გაუჩნდა – ინფორმაციას ამის შესახებ „გურია ტვ“ ფაქტის თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. საქართველოს რკინიგზა ცეცხლის გაჩენას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ მატარებლის გაჩერების მიზეზი დაზიანება გახდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„გურია ტვ“- ის თანახმად, ცეცხლი ვაგონებსშორის გადაბმაში გაჩნდა და მისი ჩაქრობა მემანქანეებმა და ლანჩხუთის რკინიგზის სადგურის თანამშრომლებმა ერთობლივად შეძლეს.

ფოტოებზე, რომელიც თვითმხილველმა გადაიღო, ასახულია ცეცხლმაქრის გამოყენების შემდეგ ერთ-ერთ ვაგონში არსებული სიტუაცია.

თვითმხილველთა თქმით, მატარებელში მყოფი მგზავრები მიკროავტობუსებში გადაანაწილეს და ისე გადაიყვანეს ბათუმში.

მომხდარ ფაქტზე განცხადება გაავრცელა საქართველოს რკინიგზამ.

„20 მაისს, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა. პრობლემა ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ.

აქვე განვმარტავთ – მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება,“ – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ასე გამოიყურებოდა ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთი ვაგონი ცეცხლმაქრის გამოყენების შემდეგ

„ბათუმელებმა“ სცადა რკინიგზის პრესსამსახურთან დაკავშირება დამატებითი კითხვების დასასმელად, თუმცა რკინიგზაში ჩვენს ზარს არ უპასუხეს.

7 და 7ა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი დროებით შეიცვალა

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მამია ვარშანიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიცვალა №7 და №7ა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის სქემა.

შესაბამისად, N7 და N7ა მუნიციპალური ავტობუსები დროებით იმოძრავებენ შეცვლილი მარშრუტით:

№7 ავტობუსი: მამია ვარშანიძის ქ. → ვახტანგ შამილაძის ქ. → სულხან-საბა ორბელიანის ქ. → გენერალ ასლან აბაშიძის ქ. → მამია ვარშანიძის ქ.

№7 ავტობუსი: მამია ვარშანიძის ქ. → გენერალ ასლან აბაშიძის ქ. → სულხან-საბა ორბელიანის ქ. → ვახტანგ შამილაძის ქ. → მამია ვარშანიძის ქ.

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ არ აკონკრეტებს, რა პერიოდით იმოქმედებს შეცვლილი გრაფიკი. აღნიშნული ინფორმაციით ჩაკეტილია მამია ვარშანიძის ქუჩა – შამილაძისა და გენერალ აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში.

ამავე თემაზე:

სად შეიზღუდა მუნიციპალური ავტობუსის მოძრაობა ბათუმში ხიდის დაზიანების გამო

 

ონიანის სიკვდილამდე მიმყვანსაც 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება და მზია ამაღლობელსაც – იურისტი

„ბექა ონიანის სიკვდილამდე მიმყვანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზუსტად იმდენი, რამდენიც მზია ამაღლობელს,“ – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ სამართალმცოდნე. სამართლის დოქტორი, პროფესორი კახა ურიადმყოფელი.

31 წლის სპორტსმენი ბექა ონიანი ხელოვნურ კომაშია. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ბექა ონიანს რამდენიმე დღის წინ, 2025 წლის 16 მაისს,  თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტიკად სცემეს.

ამ შემთხვევისთვის ბრალდებულ ივა ტყეშელაშვილს, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ისევე როგორც მზიასამაღლობელს, რომელსაც სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და მასაც 7 წლით უპირებენ ციხეში გაშვებას.

„არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ადამიანობის იმაზე დიდი საზომი, ვიდრე ემპათიისა და სამართლიანობის განცდა.

დღეს ვიგებთ, რომ ბექა ონიანის სიკვდილამდე მიმყვანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზუსტად იმდენი, რამდენიც მზია ამაღლობელს.
ივა ტყეშელაშვილი ჩუმად ჩაუსაფრდა ბექას, თავში გამეტებით ურტყა, წაქცეულზე სავარაუდოდ ზემოდანაც იხტუნავა და გათიშული პარკინგზე მიატოვა. მიზეზი – ფეხბურთის თამაშის დროს რაღაც არ მოეწონა…
თავდამსხმელის სახელი თავიდანვე იცოდა გამოძიებამ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის პოლიციელის შვილია და მსგავსი ინციდენტები მისთვის უცხო არ ყოფილა. მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს ტყეშელაშვილი, რაც ოჯახმა მედიას სთხოვა დახმარება და ბექას ამბავზე ყველამ დაიწყო საუბარი.
ძალიან მეფიქრება და მაშინებს – როგორ შეგიძლია შენ, ამ ქვეყნის შვილს – უკანასკნელი სიტყვებით ლანძღო მზია ამაღლობელი, უწოდო მას ქვეყნის მტერი და უსურვო ციხეში ამოლპობა, ხოლო ბექას მსგავს ტრაგედიებზე ოდნავაც არ გქონდეს რეაქცია.

და საერთოდაც, როგორ შეგიძლია, ასეთ ყოველდღიურობას ეძახდე მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას…

ბექა ახლა კომაშია და სიკვდილს ებრძვის. შენ კი შეგიძლია საკუთარ სინდისს შეებრძოლო და ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტო – გაქვს თუ არა შერჩენილი სულ მცირედი ემპათიისა და სამართლიანობის განცდა მაინც და საერთოდ – ხარ თუ არა ადამიანი,“ – წერს კახა ურიადმყოფელი.

პროკურატურამ ივა ტყეშელაშვილს ბრალდება 2025 წლის 18 მაისს წარუდგინა. დღეს, 20 მაისს ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამდენჯერმე დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 18 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება] წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს პოლიციელზე თავდასხმაც – ეს სასჯელი ელის ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ბრალის დადასტურების შემთხვევაში.

მზია ამაღლობელი გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ დამფუძნებელი და დირექტორია, იგი 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში რჩება.

ფოტოზე: ბექა ონიანი

__

ამ თემაზე:

საქართველოს რკინიგზით ყველაზე მეტი რუსული ტვირთია შემოტანილი – I კვარტალის სტატისტიკა

საქართველოს რკინიგზაზე ტვირთბრუნვა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით შემცირებულია. ამასთან, საქართველოს რკინიგზით ყველაზე მეტი ტვირთი შემოტანილია რუსეთიდან და ასევე, ყველაზე მეტი ტვირთი გატანილია რუსეთში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით:

  • „2025 წლის I კვარტალში საქართველოს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 51 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 23.2 პროცენტის გამომგზავნს — აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო [ჯამურად 25.8 პროცენტი].
  • ამავე პერიოდში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 12.8 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 9.1 პროცენტისას – სომხეთი, 8.0 პროცენტისას – ყაზახეთი, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო [ჯამურად 70.1 პროცენტი].“

„2025 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 6.8 პროცენტით ნაკლები, სულ 3 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 8.4 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 33.6 პროცენტი – საერთაშორისო გადაზიდვაზე [არ მოიცავს ტრანზიტს], ხოლო 58 პროცენტი – ტრანზიტზე“ – წერს საქსტატი.

ამასთან, საქართველოს რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 34.5 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 20.6 პროცენტი – ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების, რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; ხოლო 17.8 პროცენტი – ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.

საქსტატის მონაცემებით საქართველოს რკინიგზაზე მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში შემცირდა მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელიც.

„2025 წლის I კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 348.8 ათასი მგზავრი, რაც 25.1 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აქედან ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 345.8 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 99.1 პროცენტს შეადგენს და 25.2 პროცენტით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 3 ათასი მგზავრი, რაც 21.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 61.0 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 39 პროცენტი [2025 წლის I კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა]“ – წერს საქსტატი.

უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა – პირველი კვარტლის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.7 პროცენტი შეადგინა.

2025 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 5.3 ათასი კაცით და 958.3 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 13.5 ათასით შემცირდა და 434.7 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 10.8 ათასით და 239.4 ათასი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.6 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, „უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 0.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი ქალებში, ხოლო კაცებში – 0.7 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 11.6 პროცენტს და 17.0 პროცენტს შეადგენს“ – წერს საქსტატი.

რაც შეეხება დასაქმების დონეს – 2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე შემცირებულია ქალებში 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.4 პროცენტული პუნქტით.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით კი, საქართველოში ღარიბი ოჯახების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2 383 ოჯახითაა გაზრდილი.

ამავე თემაზე:

ღარიბი ოჯახების რაოდენობა ბოლო 3 თვეში ისევ გაიზარდა, „ოცნება“ კი ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს

 

 

 

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 მაისის 21 საათიდან 21 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ზოგან შესაძლებელია გაძლიერება – 17-22 მ/წმ.-მდე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 2ო – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა – 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 22-23 მაისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება

დღეს, 20 მაისს, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-12-კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება.

ამ დღის მთავარი ატრიბუტი  წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგებია. მეთორმეტეკლასელები სხვადასხვა შინაარსის წარწერას უტოვებენ თანაკლასელებს სახსოვრად.

ბოლო ზარი ბათუმში
ბოლო ზარი ბათუმის #20 საჯარო სკოლაში

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2024-2025 სასწავლო წლებში საჯარო და კერძო სკოლებში სულ 41 199 მოსწავლე სწავლობდა.

სავარაუდოდ, მე-12 კლასს ამდენივე მოსწავლე დაასრულებს.

გიმნაზიის მოსწავლეები ბათუმში/ბოლო ზართან დაკავშირებით, მეთორმეტეკლასელები სამახსოვრო წარწერებს უტოვებენ თანაკლასელებს თეთრ პერანგებზე. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე
გიმნაზიის მეთორმეტეკლასელები. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“
ბოლო ზარი ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში.
ბოლო ზარი. ბათუმის #20 საჯარო სკოლა

სარფში 2 პირი დააკავეს 200 ათასი ლარის ოქროს უკანონოდ გადმოტანის ბრალდებით

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო საზღვარზე ორი პირი დააკავეს ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მათ მიერ საბაჟო გამშვები პუნქტ სარფის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილ იქნა 212 152.3 ლარის საბაჟო ღირებულების 1 213.4 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები“ – იუწყება საგამოძიებო სამსახური.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.

კაზინოებიდან წელს 16.8 მილიონი მიიღო ბათუმმა – ბოლო 3 წლის პირველ კვარტალში ეს ყველაზე მეტია 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტის შემოსულობებში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან 16 მილიონ 806 600 ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებელზე მეტი, კვარტალური გეგმის 105 პროცენტია.

მერიის 2025 წლის გეგმა ამ ნაწილში 68 მილიონი ლარია. ასეთი მაღალი ციფრი საპროგნოზო მაჩვენებლებში 2024 წლის ბოლოს შემდეგი წლის დაგეგმვისას მერიას შემთხვევით არ ჩაუწერია, პირიქით, შეიძლება ითქვას, თავი დაიზღვია კიდეც, რადგან გასულ წელს კიდევ 2 მილიონით მეტი, 70 მილიონი ამოიღეს.

პირველი კვარტლის მონაცემები რომ შევადაროთ ბოლო სამი წლის განმავლობაში წელს ყველაზე მაღალი ციფრი დაფიქსირდა. 2024 წლის პირველ კვარტალში 16 მილიონზე მეტი, 2023 წლის პირველ კვარტალში 14 მილიონამდე, ხოლო 2022 წელს 6 მილიონი ლარი ამოიღეს.

ბოლო 11 წლის მონაცემების მიხედვით კლება მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა, 2021 წლიდან კი ციფრები ისევ მზარდია და ყოველ წელს რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღწევს.

2025 წლის პირველ კვარტალში სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტის შემოსულობებში 8 მილიონ 129 800 ლარი, წამახალისებელი გათამაშებიდან – 118 800 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის გადასახადებიდან კი ბიუჯეტში 8 მილიონ 558 000 ლარი შევიდა.

სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვაში სხვა შემოსავლების ნაწილშია ასახული.

საერთო ჯამში, 2025 წლის სხვა შემოსავლების 3 თვის საპროგნოზო მოცულობა 23 მილიონ 285 000 ლარით იყო განსაზღვრული, ფაქტობრივმა შესრულებამ 26 მილიონ 262 500 ლარი, ანუ გეგმის 112 პროცენტი შეადგინა. სხვა შემოსავლების წილი ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 30,0%-ს შეადგენს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 975 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040]
  • ტანკი – 10 834 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 22 567 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 28 067 ერთეული [+58]
  • MLRS – 1 388 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 167 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 36 621 ერთეული [+118]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 49 093 ერთეული [+105]
  • სპეცტექნიკა – 3 894 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 57 718 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 399 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 563 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 25 028 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 35 668 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე: 

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს – დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რის შემდეგაც ტრამპმა მის სოციალურ ქსელში, TruthSocial-ში დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება:

ტრამპი პუტინთან საუბარზე: სულისკვეთება შესანიშნავი იყო, რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ფულის კეთება არ მორჩა“ – ყოფილმა მერმა გენგეგმის დასრულება ვერ შეძლო

ყოფილმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ვერ შეძლო ბათუმის გენგეგმის დასრულება. შემდეგი მერიც ალბათ იმავეს დაჰპირდება ამომრჩეველს. ან სულაც წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ მესიჯად შეიძლება გაიხადოს ის, რომ დაწყებულს დაასრულებს, ან ყველაფერ დაწყებულს დაასრულებს. მეორე უფრო მომხიბვლელი დაპირება იქნება.

ხომ გახსოვთ ოდესღაც „ოცნების“ პრემიერი, გიორგი გახარია რომ უმტკიცებდა ამომრჩეველს „მორჩა ფულის კეთების დრო, ბათუმს სჭირდება გენგეგმაო“. როგორც ჩანს არ მორჩა, რადგან კიდევ ერთმა არჩეულმა მერმა ისე დატოვა თანამდებობა, რომ ბათუმის გენგეგმა ვერ მოამზადა. სცადა და ვერ დაასრულა. არჩევნებამდე, 2025 წლის ოქტომბრამდე რომც შეენარჩუნებინა თანამდებობა არჩილ ჩიქოვანს, ის მაინც ვერ შეასრულებდა ამ წინასაარჩევნო დაპირებას. ამას დოკუმენტები ადასტურებს.

სამაგიეროდ, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური გაცილებით ოპერატიულია რიგ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური [გდგ] გეგმების მომზადება-დამტკიცებისას, განსაკუთრებით მაშინ,  თუ პროექტი დიდი ფულის გავლენითაა გამყარებული და მასშტაბური ცათამბჯენების მშენებლობას გულისხმობს. ამ პროცესში საკრებულოც მონაწილეობს, ძირითადად იმით, რომ გდგ-ებს ამტკიცებს. უპრობლემოდ.

ხელშეკრულება ქალაქის გენგეგმის მომზადებაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“, 2021 წლის აპრილში გააფორმეს. დოკუმენტზე მუშაობა 2024 წლის 25 აპრილამდე პერიოდში უნდა დასრულებულიყო.

ბოლო ცვლილებით, რომელიც ხელშეკრულებაში 2025 წლის აპრილში შევიდა, დასრულების ვადა 2026 წლის 20 აპრილამდე გაახანგრძლივეს, თუმცა ჯერ უცნობია, საკმარისი იქნება თუ არა ეს პერიოდი დოკუმენტის დასასრულებლად. დიდი ალბათობით ამ დროს ქალაქს უკვე ახალი მერი ეყოლება, რომელსაც შეეძლება ამომრჩეველს უთხრას – „ჩემი ბრალი არ არის, წინა მერმა გაწელა პროცესი და ამიტომაც ვერ მოება თავი ამ საქმის დასრულებასო“.

დოკუმენტში ბოლო ცვლილების მიხედვით, რომელიც 2025 წლის 11 აპრილით თარიღდება, ვადების გადაწევის ინიციატორი მერიაა და არა მიმწოდებელი კომპანია, თუმცა კომპანიას დააბრალეს. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, მერია შემსრულებელს ადანაშაულებს.

კერძოდ, 2025 წლის 8 აპრილს ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა მოამზადა მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ვკითხულობთ:

თითოეული ეტაპი დაკავშირებულია მიღების, შესრულების, შემოწმების, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში გადაგზავნის, ხარვეზის დადგენის მიღება ჩაბარებისათვის მომზადების ვადებთან. ჩაბარებული ეტაპების ნაწილი წარმოდგენილი იქნა ხარვეზით, ნაწილი ვადაგადაცილებით, რიგ შემთხვევებში დაგვიანდა კანონით გათვალისწინებული ,,სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან’’ მოსაზრებების წარმოდგენის ვადა, რის გამოც შეფერხდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შესყიდვის საგნის მიღება-ჩაბარება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4.2 ეტაპის – გეგმების მონახაზების შეჯერებული ვერსიის განხილვა, რომელიც გადაგზავნილია გარკვეულ ადმინისტრაციულ ორგანოებში, ყველა უწყებიდან არ არის მოსული საპასუხო წერილი. ეტაპის მნიშვნელობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია დაველოდოთ ყველა პასუხს/რეკომენდაციას და ასევე რეკომენდაციების გათვალისწინებას, ვინაიდან ამ კონცეფციაზე დაყრდნობით უნდა დამუშავდეს ქალაქის სივრცითი განვითარების დოკუმენტი. იქიდან გამომდინარე, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ’’ N88 ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურება 2025 წლის 19 აპრილს, ეს ვადა არ იქნება საკმარისი დარჩენილი ეტაპების მიღება-ჩაბარებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე ქალაქის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის საჯარო ხასიათიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გაგრძელდეს „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ 2021 წლის 16 აგვისტოს N88 ხელშეკრულების მოქმედება 2026 წლის 20 აპრილამდე პერიოდით“.

კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მამუკა სალუქვაძის ინფორმაციით კი, მერიამ რევიზიის დასრულების შემდეგ მიწოდებული დოკუმენტების შესწავლა დროში გაწელა:

„კომპანიას ჩაბარებული აქვს კონცეფციის ნაწილი, ველოდებით მიღება-ჩაბარებას, დღე დღეზე უნდა გაფორმებულიყო – როგორც იცით, მერი შეიცვალა და პროცესი გაჩერებულია. ჯერჯერობით, ჩვენ ველოდებით. გავლილია ყველა ეტაპი, სახელმწიფო უწყებებიდან მიღებულია პასუხები. თავად სახელმწიფო უწყებებს არ აქვთ ვადა განსაზღვრული. დოკუმენტების ჩაბარების შემდეგ, როდესაც იკითხავ, რა ხდება? – პასუხი ასეთია, რომ სახელმწიფო უწყებებს გადაეცა, ვიღაცამ დააგვიანა, დროზე არ უპასუხა და ასე შემდეგ. ჩვენ ვერ გადავაცილებთ ერთ დღესაც, რომ გადავაცილოთ ჯარიმა დაგვეკისრება. ამ ეტაპმა დიდი ხანი გასტანა, კონცეფცია ჩვენ ჩავაბარეთ და ველოდებით პასუხის შარშანდელი ზაფხულიდან. სკოპინგის დოკუმენტმა გაწელა პროცესი.“

მერია ასევე განმარტავს, რომ ახალ ვადაში უნდა დასრულდეს დოკუმენტაციის წარმოდგენა-განხილვა, დადგინდეს ხარვეზი, დოკუმენტები გადაიგზავნოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში და ა. შ.

ბათუმის გენგეგმის მოსამზადებლად ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი იხარჯება. ამ დროისთვის უკვე ჩარიცხულია 1 მილიონ 235 371 ლარი, რაც ხელშეკრულების ღირებულების 50 პროცენტია.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბათუმის გენგეგმის მომზადებას ამომრჩეველს 11 წელია, ანუ 2014 წლიდან ჰპირდება. ამ 11 წლის განმავლობაში უკვე სამი მერი გამოცვალეს. ყველა მათგანის წინასაარჩევნო დაპირება ბათუმის გენგეგმის მომზადება იყო.

„არაფერი არ ტკენია [დგებუაძეს], ამას ვერც კი გაიგებდა. ეწყინა“ – ინტერვიუ ყოფილ მოსამართლესთან 

„მოსამართლეს უნდა რცხვენოდეს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს და პატიმრობაში ტოვებს ქალბატონ მზიას. მზია ამაღლობელის პატიმრობა თავიდან ბოლომდე დაუსაბუთებელია,“ – მიიჩნევს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი.

ყოფილ მოსამართლეს და გამოცდილ იურისტს „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ვესაუბრეთ. მზია ამაღლობელი გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ დამფუძნებელი და დირექტორია, იგი 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში რჩება.

შეიძლება სილის გაწნა თავდასხმად მივიჩნიოთ? – „ნებისმიერი კომენტარი და განმარტება ნახეთ: თავდასხმა რეალურ საფრთხეს უნდა ქმნიდეს და ქმედება რეალურად საშიშ ძალადობას უნდა წარმოადგენდეს. ერთი ხელის გაკვრის თავდასხმად მიჩნევა კი, არის მხოლოდ მათი ფანტაზია. სინამდვილეში, ამგვარი მიდგომით და „მზია ამაღლობელის საქმით“ სახელმწიფო თავად ლახავს პოლიციელის მუნდირს,“ – მკაფიო და კატეგორიულია უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის პოზიცია.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ საქმის აბსურდულობას საზოგადოების რეაქციაც აჩვენებს: „თავიდან ბოლომდე მიუღებელია ეს პროცესი და საზოგადოებაშიც ეს მიუღებლობა ჩანს,“ – გვითხრა თამარ ლალიაშვილმა.

„ბათუმელებმა“ პროფესორ თამარ ლალიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო 2001-2006 წლებში, 2007-2010 წლებში თამარ ლალიაშვილი ბრემენის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. თამარ ლალიაშვილი „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის“ წევრია.

  • ქალბატონო თამარ, თქვენ რა განცდას გიტოვებთ „მზია ამაღლობელის საქმის“ განხილვა? იზიარებთ პოზიციას, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია და მისი საქმე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს? 

რა თქმა უნდა, „მზია ამაღლობელის საქმე“ ცალსახად პოლიტიკური პროცესია. მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია. ეს პროცესი დაკავშირებულია პროტესტთან, რომელიც უკავშირდება დასავლური ორბიტიდან რუსეთის ორბიტაზე გადასვლას, მზია ამაღლობელი კი, ამ წინააღმდეგობის ერთ-ერთი გამორჩეული და აქტიური მებრძოლი იყო.

„მზია ამაღლობელის საქმე“ ამ რეჟიმისთვის ერთ-ერთი დამანგრეველი იქნება. მთელი მსოფლიო აკვირდება დღეს ამ პროცესს, ელჩებიც კი ესწრებიან სასამართლო სხდომებს. აშკარაა, რომ პირველივე დღეებიდან დაწყებული, სასამართლო არის მიკერძოებული. ამ პროცესს სამართლიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ცალსახად შემიძლია ვთქვა ის, რომ საერთოდ არ არის დანაშაულის შემადგენლობა ამ შემთხვევაში: ყველამ ვნახეთ კადრი, რომ ქალბატონმა მზიამ ხელი აკრა პოლიციელს.

  • თქვენი დასაბუთება როგორია: რატომ არ არის სილის გაწნა პოლიციელზე თავდასხმა? 

თვითონ პოლიციელმაც ხომ ძალიან კარგად იცის, როგორ მძიმე სიტუაციაში აკრა ხელი ქალბატონმა მზიამ? ეს იყო ხელის აკვრა დაძაბულ ვითარებაში, რაც არცერთ შემთხვევაში არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას, მით უმეტეს, თავდასხმის შემადგენლობას.

ჩვენ გვაქვს განზრახ მკვლელობის მუხლი დამამძიმებელ გარემოებებში, რომელიც ითვალისწინებს სამსახურებრივი საქმიანობის დროს მსხვერპლის მკვლელობას. იგივეა გათვალისწინებული ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანების დროს, თუმცა ეს მუხლი – პოლიციელზე თავდასხმა ცალკეა გამოტანილი და იგი საბჭოთა პერიოდიდან მოდის. ეს უკავშირდება ხრუშჩოვის ქალიშვილს: ერთ საღამოს ის შეესწრო, როგორ მოკლეს გზაში პოლიციელი კრიმინალებმა. ამის შემდეგ სპეციალური მუხლი კომუნისტების დროს შეიტანეს კოდექსში.

სტუდენტობის დროს გაგვიზიარეს ამ მუხლის ისტორია, როცა გარდამავალი პერიოდი იყო და ვიბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მაშინაც რუსულ რეჟიმს ვებრძოდით…

მაშინ ეს მუხლი ითვალისწინებდა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ასევე სიკვდილით დასჯას, მაგრამ თავდასხმა უნდა ყოფილიყო რეალური – სიკვდილი უნდა დამდგარიყო.

  • რა შეიძლება მივიჩნიოთ დღეს „რეალურ თავდასხმად“?

ეს უნდა იყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ქმედება. სილის გაწნა კი არ არის, არ შეიძლება იყოს თავდასხმა.

ავიღოთ სისხლის სამართლის კოდექსში „ძარცვა“ და ვნახოთ ამ მუხლის შემადგენლობა: აქაც კი, არ არის ტერმინი „თავდასხმა“ გამოყენებული აღწერის დროს იმიტომ, რომ არ არის სიცოცხლის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა გამოყენებული.

ნებისმიერი კომენტარი და განმარტება ნახეთ: თავდასხმა რეალურ საფრთხეს უნდა ქმნიდეს და ქმედება რეალურად საშიშ ძალადობას უნდა წარმოადგენდეს. ერთი ხელის გაკვრის თავდასხმად მიჩნევა კი, არის მხოლოდ მათი ფანტაზია. სინამდვილეში, ამგვარი მიდგომით და „მზია ამაღლობელის საქმით“ სახელმწიფო თავად ლახავს პოლიციელის მუნდირს.

თანაც, მზია ამაღლობელი არ არის ის ქალი, რომელიც დიდი სპორტით იყო დაკავებული და ისეთი ძალით აეკრა ხელი.

ასე რომ, არავითარი დანაშაულის შემადგენლობას არ გვაძლევს ეს ხელის აკვრა.

  • გამოდის, თვითნებურად განმარტეს მუხლი? 

თუ ეს გააკეთა საბოლოოდ მოსამართლემ, ეს იქნება თვითნებური და სამარცხვინო გადაწყვეტილება. თქვენ ნახეთ, რაც თქვა ექსპერტმა სასამართლო პროცესზე, რომ პოლიციელს მსუბუქი დაზიანებაც კი არ აქვს.

  • მაგრამ სილის გარტყმა მეტკინაო – ირაკლი დგებუაძემ უთხრა მოსამართლეს. 

ასე თქვა, მაგრამ არაფერი არ სტკენია, ვერც კი, გაიგებდა ამას. კი არ ეტკინა, არამედ ეწყინა, როგორ გაუბედეს ეს ამხელა თანამდებობის პირს, როგორ გაბედეს და შეეხნენ.

  • უზენაეს სასამართლოს ჰქონდა ერთ-ერთ საქმეზე განმარტება: „ცემად ვერ შეფასდება ხელის ერთი გარტყმა, თუნდაც ის იწვევდეს ტკივილს“. თუ ხელის გარტყმა ცემა არ არის, თავდასხმა რა სამართლებრივი ლოგიკით შეიძლება იყოს? 

დიახ, არსებობს ეს გადაწყვეტილება. მზია ამაღლობელის ადვოკატს ჰქონდა სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი სხვა გადაწყვეტილებებიც, როცა, მაგალითად, პოლიციელისთვის ბოთლის თავში ჩარტყმაც კი, არ მიიჩნია უზენაესმა სასამართლომ თავდასხმად.

მზია ამაღლობელის საქმე ამიტომაც არის ცალსახად პოლიტიკური. პოლიტიკურია მისი პატიმრობაც. პატიმრობის არცერთი საფუძველი არ არსებობს ამ საქმეში. სად უნდა მიმალულიყო, მაგალითად, მზია ამაღლობელი? პირიქით, იგი იბრძვის თავისუფლებისთვის და რჩება საქართველოში.

მოსამართლეს უნდა რცხვენოდეს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს და პატიმრობაში ტოვებს ქალბატონ მზიას. მზია ამაღლობელის პატიმრობა თავიდან ბოლომდე დაუსაბუთებელია.

„მზია ამაღლობელის საქმე“ სამარცხვინო ლაქაა საქართველოს ისტორიაში, სასამართლოში, რომლის რეფორმირება იყო ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია და პირიქით, სრულიად კლანის ხელშია მოქცეული.

ამიტომაც, გუგუნებენ დღეს საქართველოს ქალაქები და გუგუნებს იმიტომ, რომ ქვეყანამ უნდა მიაღწიოს დამოუკიდებლობას, საქართველო უნდა დარჩეს ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სწორედ ამიტომაც გვინდა ევროპა: ევროპა ნიშნავს დამოუკიდებელ სასამართლოს!

  • გერმანიის ელჩი, რომელიც ესწრებოდა „მზია ამაღლობელის საქმის“ განხილვას, გვითხრა, „მზიას საქმე ტესტიაო“. თქვენთვისაც ტესტია? 

რა თქმა უნდა, ტესტია. დარწმუნებული ვარ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო მკაფიოდ იტყვის თავის სათქმელს, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი.

საქართველოში კი, განსაკუთრებით 2013-2014 წლებში, მას შემდეგ, როცა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ცუდი ბიჭები კარგ ბიჭებად იქცნენო, ყველა ვხედავთ, რაც ხდება სასამართლოში.

  • როცა უკვე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, მაგალითად, პოლიციელისთვის ბოთლის თავში ჩარტყმა, ან საზარდულში ფეხის ამორტყმა არ მიუჩნევია სასამართლოს თავდასხმად, ელოდებით, რომ მზია ამაღლობელს მაინც თავდასხმის მუხლით გაასამართლებენ? 

ყველაფერს გააკეთებს ეს სასამართლო, ყველაფერზე მოაწერენ ხელს.

მოსამართლის ხელფასი დღეს გახდა არა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის გარანტია, არამედ პირიქით, დამოკიდებული არიან მურუსიძესა და ჩინჩალაძეზე. ამას არც სასამართლო ჰქვია და არც მოსამართლე. ეს იქნება სანქცირებული სასამართლოს კერძო პირის გადაწყვეტილება, რომელსაც ასევე კერძო პირებმა მისცეს მითითებები.

თუმცა აუცილებლად შეიცვლება ეს პოლიტიკური სიტუაცია – „მეგობარი აქტი“ უკვე გზაშია. ვფიქრობ, ძალიან დაგვეხმარებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. მთავარი ძალა არის ხალხში და ეს ძალა რუსთაველზე გუგუნებს  – არამხოლოდ რუსთაველზე. მე ნაწილი ვარ დღეს ამ პროტესტის.

  • ერთი და იმავე ქმედების გამო – სტიკერის გაკვრისთვის მზია ამაღლობელს ხელახლა ასამართლებენ. პოლიციის მაღალჩინოსნებმა გააყალბეს დოკუმენტები. ეს ამბავი რას აჩვენებს თქვენთვის? 

ესეც მორიგი აბსურდია – სტიკერის გაკვრის გამო არავის დაკავების საფუძველი არ არსებობს საერთოდ.

  • პოლიციელებმა გამოიგონეს ამბავი, შეურაცხყოფის გამო დავაკავეთ მზია ამაღლობელიო. 

არც პოლიციელების შეურაცხყოფის გამო არ შეიძლება პირის დაკავება. დაკავებას აქვს თავისი საფუძვლები: პირი მიიმალება, ან გაანადგურებს მტკიცებულებებს, ახალ დანაშაულს ჩაიდენს. აქედან რომელი იყო მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი?

თავისუფლებაში შესვლას და დაკავებას აქვს თავისი საფუძვლები და არ შეიძლება იგი მიბმული იყოს ქმედების ხასიათზე, ან ქმედების საშიშროებაზე. ამას პირდაპირ ამბობს ევროსასამართლო.

ასე რომ, თავიდან ბოლომდე მიუღებელია ეს პროცესი და საზოგადოებაშიც ეს მიუღებლობა ჩანს: საზოგადოების რეაქციაში ჩანს ეს მიუღებლობა, რომ ეს ყველაფერი დაუშვებელია.

  • თქვენი დაკვირვებით, რა განზრახვა აქვს „ქართულ ოცნებას“ ჟურნალისტის ციხეში ჩასმით? 

მიზანი არის არამხოლოდ ჟურნალისტების, არამედ საზოგადოების, ყველას დაშინება.

ჩვენ ვხედავთ, სხვადასხვა ფორმით როგორ ცდილობენ ჩვენს დაშინებას: ეს იქნება მძაფრი ძალადობა, 5-5 ათასლარიანი ჯარიმები, თუ ბოლო დროს თავდასხმა გოგონებზე – გოგონებს სადარბაზოებში ხვდებიან და წიწაკის სპრეის ასხამენ, ურტყამენ, სცემენ, თუმცა ისტორიამ იცის, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლ საზოგადოებას ვერ დააშინებ, მით უმეტეს, ახალგაზრდებს ვერ დააშინებ.

პირიქით, ისინი გმირებად იქცევიან.

ამ გამოცდილებას არ იზიარებს ხელისუფლება და უკან არ იხევს, თუმცა რა ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ – ხელისუფლება კი არა, ეს არის რაღაც ძალების მიერ ხელში ძალაუფლების ჩაგდება, რომელსაც ისინი ბოროტად იყენებენ.

ამ თემაზე:

ხალხი გონიერია და ხვდება, რომ სილის გაწვნა არ იწვევს ტანჯვას – ექსმოსამართლე დგებუაძისთვის სილის გაწნაზე

 

 

თიბისი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს

თიბისი, ტექნოლოგიური განათლების პროგრამის ფარგლებში, განაგრძობს მასშტაბური ღონისძიებების განხორციელებას სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის.

თიბისი IT აკადემიის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „მიწოდების ჯაჭვი და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციული უსაფრთხოების რისკები (Supply Chain & AI Risks)“. ღონისძიება ჩატარდა თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, რომელსაც 100-ზე მეტი სპეციალისტი დაესწრო.

შეხვედრას უძღვებოდნენ ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, რომლებმაც მრავალწლიან პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, დამსწრეებს გაუზიარეს ცოდნა და პრაქტიკული რეკომენდაციები:

  • მიხეილ ბენდიაშვილი – SOC Manager, თიბისი
  • ზაზა გაბაშვილი – Head of Information Security, TNET
  • ირაკლი გაგოშიძე – Lead Security Systems Engineer, EPAM

ღონისძიება წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ თიბისი IT აკადემიაში, 200-ზე მეტმა სპეციალისტმა წარმატებით დაასრულა ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების პროგრამები. მათი დიდი ნაწილი წარმატებით საქმდებიან, როგორც თიბისიში, ასევე სხვა წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში.

თიბისი IT აკადემიის მთავარი მიზანი საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებაა, რასაც განათლების მრავალფეროვანი პროგრამებით და პროფესიული განვითარების აქტივობებით ახორციელებს. ეს ინიციატივები ხელს უწყობს ქვეყანაში ტექნოლოგიების როლის გაზრდასა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.

პოლიციამ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებაზე მტკიცებულებები გააყალბა – ადვოკატები

დღეს, 19 მაისს, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბრიფინგი გამართეს და მოუწოდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტისაკენ, ვინაიდან პოლიციამ ამ საქმეზე მოახდინა მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.

მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, 22:58 საათზე. ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მზია ამაღლობელი მალევე დააკავეს, სისხლის სამართლის წესით. ოქმში მის დაკავების დროდ მითითებულია 12 იანვარი 00:52 საათი.

ვიდეო, რომელიც შსს-მ ადმინისტრაციულ საქმეზე წარადგინა, როგორც თითქოსდა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებამდე გადაღებული კადრი, გადაღებულია 2025 წლის 12 იანვარს, 00:43 წუთზე, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე 9 წუთით ადრე.

ხვალ, 20 მაისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს მზია ამაღლობელის საჩივარს, რომელიც შეეხება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე უკანონო და დაუსაბუთებელ დაჯარიმებას.

დღეს ბრიფინგზე ადვოკატებმა დეტალურად განმარტეს, რაში მდგომარეობს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია:

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ჟურნალისტური საქმიანობისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის მზია ამაღლობელის სამაგალითო დასჯა და ანგარიშსწორება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.

ერთ-ერთი საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ სისტემამ წამოიწყო, დაკავშირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლთან, რაც გულისხმობს პოლიციელისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას.

2025 წლის 11 იანვარს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, მზია ამაღლობელი თავდაპირველად საპროტესტო სტიკერის კედელზე გაკვრის გამო დააკავა იმ დროისათვის აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ.

თუმცა, იმის გამო, რომ სტიკერის გაკვრისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავების უფლებამოსილება პოლიციას არ გააჩნია, მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გააყალბეს და მასში მიუთითეს, რომ თითქოს  მზია ამაღლობელმა ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომლის საფუძველზეც იგი დააკავეს. მოგვიანებით, ამავე მუხლით შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი და მზია ამაღლობელს დააბრალეს იმ სამართალდარღვევის ჩადენა, რაც მას არ ჩაუდენია. 

ეს საქმე  2025 წლის 18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა და მიიღო სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება. საქმის განხილვა ატარებდა ფორმალურ ხასიათს, მოსამართლემ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მტკიცების ტვირთი გადაანაწილა არასწორად და უსაფუძვლოდ დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელის მიერ მიცემულ ცრუ ჩვენებას და ასევე, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საფუძველზე შექმნილ 2 ვიდეოფაილს,  რომელსაც შემხებლობა არ აქვს განსახილველ საქმესთან.

კერძოდ, მოსამართლე დაეყრდნო იმ ვიდეოჩანაწერებს, რომელიც ბათუმის პოლიციის სამმართველომ მტკიცებულების სახით წარადგინა სასამართლოში, თუმცა, არც ერთ ამ ვიდეოჩანაწერს შემხებლობა არ აქვს საქმესთან.

ვიდეო ჩანაწერებზე დაყრდნობით შსს ამტკიცებდა, რომ სწორედ ამ ვიდეოში ასახული ქმედების გამო დააკავეს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით.

მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა  სასამართლოს მიუთითა ვიდეოები არ იყო გადაღებული მზია ამაღლობელის დაკავებამდე, მოსამართლემ აღნიშნული მითითება და წარდგენილი მტკიცებულება (მოწმე/ჟურნალისტი, რომელმაც გადაიღო ეს ვიდეო) არ გაითვალისწინა და არც ის მიუთითა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, თუ რატომ არ გაითვალისწინა დაცვის პოზიცია.

აღსანიშნავია ისიც, რომ არც ეს კადრები ადასტურებს მზია ამაღლობელის მიერ 173-ე მუხლის ჩადენის ფაქტს, რადგან მასში არ არის ასახული მზია ამაღლობელის რაიმე უკანონო ქცევა.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს ვიდეომასალა გახდა მზია ამაღლობელის სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველი, ხოლო მისი პირველი დაკავება ასევე დაკავშირებულია სისხლის სამართლის ბრალდების საქმესთან და მისი პატიმრობა დღემდე დასაბუთებულია სწორედ ამ უკანონო ადმინისტრაციული დაკავებით, გვინდა საზოგადოებას წარვუდგინოთ ახალი მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ:

(ა) პოლიციის მიერ წარმოდგენილი 2 ვიდეო ჩანაწერი გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდგომ და ასახავს ბოლო დაკავებულის (ლ. გაბაიძის) დაკავებას, რაც პოლიციამ განახორციელა 00:43 საათზე, ხოლო მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 22:58 საათზე

 (ბ) პოლიციის ერთადერთი მოწმის, ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილის გ. ვანაძის ჩვენება არ შეესაბამება სინამდვილეს.   

ვიდეო მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და მოწმის ცრუ ჩვენების დამადასტურებელი მტკიცებულებები დამატებით წარვუდგინეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

სააპელაციო საჩივრით მოვითხოვთ სასამართლომ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მისი უსაფუძვლობის გამო და გააუქმოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. 

ამავდროულად, მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურორს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა როგორც ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის გ. ვანაძის და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილე პოლიციის და შსს-ს სხვა მოხელეთა წინააღმდეგ სსკ-ის 332- (სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 369-ე (მტკიცებულების ფალსიფიკაცია) და  370-ე (ცრუ ჩვენება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო.

საჯაროდ მივმართავთ გენერალურ პროკურორს უმოკლეს დროში გვაცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ვინაიდან მზია ამაღლობელის პატიმრობა დღემდე ეფუძნება სწორედ ამ გაყალბებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას“.

ნახეთ ბრიფინგის პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი:

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას უერთდება

„გიდასტურებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება საქართველოს გენერალურ პროკურატურას,“ – მოგვწერეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრიდან.

სხვა დეტალებზე ჯერჯერობით უწყებაში არ საუბრობენ. აქ აღნიშნეს, რომ პარლამენტში ამ კუთხით საკანონმდებლო ინიციატივა შევა.

„საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში, ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები,“ – მოგვწერეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრიდან.

ეს უწყება სამართალდამცველების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს, ასევე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა. ეს უწყება ევროინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი რეკომენდაციის შემდეგ შეიქმნა იმისთვის, რომ პროკურატურის ინტერესის და გავლენის მიღმა, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარებულიყო.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგის“ თანახმად, ქვეყანამ აიღო ვალდებულება საერთაშორისო ვალდებულებების სათანადოდ შესრულების გზით, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით ეფექტიანი რეფორმები განახორციელოს. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე 2019 წლის 1-ელ ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური შეიქმნა, ხოლო 2022 წლის 1-ელ მარტს კი დამოუკიდებელი ორგანო – სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამოქმედდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოა, რომლის მთავარი მისია მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური, დროული და დამოუკიდებელი  გამოძიებაა,“ – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე.

ჯო ბაიდენს პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს 82 წლის ასაკში პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

საუბარია კიბოს აგრესიულ ფორმაზე, ბაიდენის ოფისის განცხადების თანახმად, მეტასტაზები ძვლებშიც გავრცელდა. მკურნალობის ვარიანტებს ბაიდენი ოჯახთან ერთად განიხილავს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას და დაწერა, რომ ის და პირველი ლედი, მელანია ტრამპი, დამწუხრებულები არიან ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის გამო და მას სწრაფ და წარმატებულ გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 974 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040]
  • ტანკი – 10 833 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 22 562 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 28 009 ერთეული [+29]
  • MLRS – 1 387 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 167 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 336 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 36 503 ერთეული [+118]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 48 988 ერთეული [+88]
  • სპეცტექნიკა – 3 892 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 57 591 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 384 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 563 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 25 019 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 35 641 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე: 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომის პაპის ინაუგურაციის წირის შემდეგ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა. შეხვედრაზე მათ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების გზები განიხილეს:

ზელენსკი რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ზელენსკი რომის პაპს შეხვდა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„სასამართლო სისტემა არღვევს კანონს“ – რატომ არ ქვეყნდება გადაწყვეტილებები?

კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე სასამართლოს ოფიციალურ გვერდებზე, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, განაჩენებს ვერ იპოვით. სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად შექმნილ ოფიციალურ პლატფორმაზე ვერც ცნობილ და გახმაურებულ საქმეებზე ნახავთ სასამართლოს მიერ მიღებულ აქტებს.

„საერთო სასამართლოების სისტემა განაგრძობს საქართველოს კონსტიტუციისა და „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის დარღვევას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სასამართლო აქტები საზოგადოებისთვის კვლავ არ არის ხელმისაწვდომი,“ – აღნიშნულია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ IDFI – ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ამ ორგანიზაციამ 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2025 წლის 5 მარტის ჩათვლით, საერთო სასამართლოებში 111 საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. აღმოჩნდა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენები არც ინფორმაციის გამოთხოვის გზით არის შესაძლებელი.

„სასამართლო აქტის ასლის გადმოცემის თაობაზე წარდგენილი მოთხოვნების დაახლოებით 90% სასამართლოების მხრიდან ყოველგვარი რეაგირების გარეშე დარჩა, დანარჩენ შემთხვევაში IDFI-ს უარი ეთქვა საჯარო ინფორმაციის განცხადების პასუხად სასამართლო აქტის გაცემაზე… პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების კატეგორიის ფარგლებში გაგზავნილი 50 მოთხოვნიდან უპასუხოდ დარჩა – 48,“ – ვკითხულობთ IDFI-ის ანგარიშში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილების კანონმდებლობაში იმპლემენტაციას პოლიტიკური შეთანხმება, ევროკავშირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და ერთის ნაცვლად 5 წელი დასჭირდა. 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები, რომელმაც არსებითად გააუმჯობესა სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობის ნორმატიული გარანტიები, თუმცა ამ უფლების პრაქტიკული რეალიზება კვლავ ვერ ხერხდება.

ამავე ანგარიშის მიხედვით, IDFI – ს არ მიაწოდეს ინფორმაცია სასამართლოებმა:

  • ოლიგარქიული ინტერესით და გავლენებით მიმდინარე სასამართლო დავების კატეგორიის ფარგლებში წარდგენილი 8 მოთხოვნიდან, რეაგირების გარეშე დარჩა რვავე მოთხოვნა;
  • მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის დაინტერესებით მიმდინარე სასამართლო დავების კატეგორიის ფარგლებში გაგზავნილი 18 მოთხოვნიდან, ყოველგვარი რეაგირების გარეშე დარჩა 13;
  • მრავალმილიონიანი დავების კატეგორიის ფარგლებში წარდგენილი 5 მოთხოვნიდან, რეაგირების გარეშე დარჩა ხუთივე მოთხოვნა;
  • მაღალი თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების პირადი თუ ფინანსური დაინტერესებით მიმდინარე დავების კატეგორიის ფარგლებში წარდგენილი 9 მოთხოვნიდან, უპასუხოდ დარჩა 8;
  • გახმაურებული საქმეების კატეგორიის ფარგლებში გაგზავნილი 15 მოთხოვნიდან, თხუთმეტივე მოთხოვნა დარჩა ყოველგვარი რეაგირების გარეშე;
  • ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების კატეგორიის ფარგლებში გაგზავნილი 6 მოთხოვნიდან, ყოველგვარი რეაგირების გარეშე დარჩა 3.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე მიღებული სასამართლო აქტები საზოგადოებისთვის კვლავ არ არის ხელმისაწვდომი. საერთო სასამართლოების სისტემა არღვევს საქართველოს კონსტიტუციასა და „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონს.

წლების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო სტანდარტის არსებითად გაუმჯობესებამ პრაქტიკაში არსებული სისტემური გამოწვევები დიდწილად უცვლელი დატოვა – საერთო სასამართლოების სისტემა არა მხოლოდ უგულებელყოფს სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის თაობაზე არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების შინაარსობრივ მხარეს, არამედ არღვევს  კანონმდებლობის საბაზისო ფორმალურ მოთხოვნებსაც.

კანონმდებლობის განგრძობითი დარღვევა ადასტურებს, რომ არაფორმალური გავლენებით მართული სისტემა განზრახ არიდებს თავს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, რაც თავის მხრივ არსებითად ზღუდავს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივ ზედამხედველობას,“ – აღნიშნულია IDFI-ის მიერ მომზადებული ანგარიშის დასკვნაში.

ამ თემაზე:

როდის გამოაქვეყნებენ სასამართლოს განაჩენებს – „კორპორატივიზმს მზის შუქი არ აწყობს“

ახალგაზრდები პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებენ – „ახალი გზებია საჭირო“

„ახალი გზებია მოსაძებნი, ხალხი დაიღალა ერთსა და იმავე წრეზე სიარულით, ერთი და იმავე სახეებით“ – ამბობს თედო ზოიძე, რომელიც სხვა ახალგაზრდა აქტივისტებთან ერთად სფუძნებს ახალ პოლიტიკურ მოძრაობას – „ახალგაზრდული ძალა“.

ახალგაზრდების პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია თბილისში დღეს, 18 მაისს, გაიმართა.

თედო ზოიძე ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა. აქტივისტებს ჯერ არ მიუმართავთ საჯარო რეესტრისთვის მოძრაობის დასარეგისტრირებლად. ისინი არც თვითმმართველობის არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას. თედო ზოიძე ამბობს, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის იდეა პროევროპულ აქციებზე გაუჩნდა – ახალი სახეების გამოჩენის სურვილი.

„მინდა, რაც შეიძლება მეტი ახალი სახე გამოჩნდეს სუფთა ხელებით, მინდა ერთად ვიმსჯელოთ: რა იქნება უკეთესი, რა უნდა გაკეთდეს.

ხვალიდან გავალთ რეგიონებში და შევხდებით ახალგაზრდებს. ნებისმიერს შეეძლება გახდეს ჩვენი გუნდის წევრი, ვინც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს. ვუერთდებით და ვიზიარებთ იმ მოთხოვნებს, რაც ამ აქციებზე ისმის. პირველ რიგში, უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის, გამოცემა „ბათუმელების“ ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი, რომელიც ერთადერთი ქალი პოლიტიკური პატიმარია. ამ ადამიანების დახსნისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ…

რაც შეეხება დაფინანსებას – არავინ გვაფინანსებს. ვაპირებთ, საჯაროდ მივმართოთ საზოგადოებას და ვითხოვოთ დახმარება,“ – გვითხრა თედო ზოიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კავშირს, თედო ზოიძე ამბობს, რომ ის „რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კოორდინაციაში არ არის“, მაგრამ აპირებს ითანამშრომლოს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან.

„ვითანამშრომლებთ მხოლოდ საერთო მიზნისთვის, რომ „ოცნება“ გავისტუმროთ სახლში. ჩვენ ერთიანობის მომხრე ვართ“, – აღნიშნა თედო ზოიძემ „ბათუმელებთან“.

 

პედოფილიის მსხვერპლი 51 ბავშვი გახდა – სამი თვის სტატისტიკა

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის პირველ სამ თვეში პედოფილიის მსხვერპლი საქართველოში 51 ბავშვი [16 წლამდე მოზარდი] გახდა.

51 შემთხვევიდან სისხლისსამართლებრივი დევნა 20 პირის წინააღმდეგ დაიწყო.

51 მოზარდი დაზარალებულად სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით მიიჩნიეს, რომლებიც პირდაპირ ითვალისწინებს 16 წლამდე მოზარდზე სექსუალურ ძალადობას. ასეთი ორი მუხლია: სსკ-ის 140-ე მუხლი: „სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“ [ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მსხვერპლი 22 მოზარდა გახდა].

16 წლამდე ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას ეხება ასევე სსკ-ის 141-ე მუხლი: „ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველი პირის მიმართ“.

2025 წლის პირველ კვარტალში ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის 29 შემთხვევა დაფიქსირდა.

შესაძლოა, პედოფილიის მაჩვენებელი ბევრად უფრო დიდი იყოს, რაც შსს-ს მიერ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკაში არ ჩანს – მონაცემებში არ ფიქსირდება სექსუალური ძალადობის რომელიმე სხვა მუხლი, მაგალითად, გაუპატიურება მოიცავს თუ არა არასრულწლოვნის შემთხვევებს.

უფლებადამცველების შეფასებით, ხელისუფლება არ დგამს ეფექტურ ნაბიჯებს პედოფილიის წინააღმდეგ და პირიქით, ბავშვებს დაუცველს ტოვებს. ერთ-ერთი ფაქტორი ბავშვებში სქესობრივი განათლებაა, რაზეც „ქართული ოცნების“ მთავრობამ უარი თქვა.

ამ თემაზე:

რას ჰყვება მოსამართლე პედოფილიის მსხვერპლ ბავშვებზე – ჩვენების მიცემა, როგორც ტრავმა

Exit mobile version