მთავარი,სიახლეები

„არაფერი არ ტკენია [დგებუაძეს], ამას ვერც კი გაიგებდა. ეწყინა“ – ინტერვიუ ყოფილ მოსამართლესთან 

19.05.2025 •
„არაფერი არ ტკენია [დგებუაძეს], ამას ვერც კი გაიგებდა. ეწყინა“ – ინტერვიუ ყოფილ მოსამართლესთან 

„მოსამართლეს უნდა რცხვენოდეს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს და პატიმრობაში ტოვებს ქალბატონ მზიას. მზია ამაღლობელის პატიმრობა თავიდან ბოლომდე დაუსაბუთებელია,“ – მიიჩნევს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი.

ყოფილ მოსამართლეს და გამოცდილ იურისტს „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ვესაუბრეთ. მზია ამაღლობელი გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ დამფუძნებელი და დირექტორია, იგი 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში რჩება.

შეიძლება სილის გაწნა თავდასხმად მივიჩნიოთ? – „ნებისმიერი კომენტარი და განმარტება ნახეთ: თავდასხმა რეალურ საფრთხეს უნდა ქმნიდეს და ქმედება რეალურად საშიშ ძალადობას უნდა წარმოადგენდეს. ერთი ხელის გაკვრის თავდასხმად მიჩნევა კი, არის მხოლოდ მათი ფანტაზია. სინამდვილეში, ამგვარი მიდგომით და „მზია ამაღლობელის საქმით“ სახელმწიფო თავად ლახავს პოლიციელის მუნდირს,“ – მკაფიო და კატეგორიულია უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის პოზიცია.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ საქმის აბსურდულობას საზოგადოების რეაქციაც აჩვენებს: „თავიდან ბოლომდე მიუღებელია ეს პროცესი და საზოგადოებაშიც ეს მიუღებლობა ჩანს,“ – გვითხრა თამარ ლალიაშვილმა.

„ბათუმელებმა“ პროფესორ თამარ ლალიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო 2001-2006 წლებში, 2007-2010 წლებში თამარ ლალიაშვილი ბრემენის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. თამარ ლალიაშვილი „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის“ წევრია.

  • ქალბატონო თამარ, თქვენ რა განცდას გიტოვებთ „მზია ამაღლობელის საქმის“ განხილვა? იზიარებთ პოზიციას, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია და მისი საქმე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს? 

რა თქმა უნდა, „მზია ამაღლობელის საქმე“ ცალსახად პოლიტიკური პროცესია. მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია. ეს პროცესი დაკავშირებულია პროტესტთან, რომელიც უკავშირდება დასავლური ორბიტიდან რუსეთის ორბიტაზე გადასვლას, მზია ამაღლობელი კი, ამ წინააღმდეგობის ერთ-ერთი გამორჩეული და აქტიური მებრძოლი იყო.

„მზია ამაღლობელის საქმე“ ამ რეჟიმისთვის ერთ-ერთი დამანგრეველი იქნება. მთელი მსოფლიო აკვირდება დღეს ამ პროცესს, ელჩებიც კი ესწრებიან სასამართლო სხდომებს. აშკარაა, რომ პირველივე დღეებიდან დაწყებული, სასამართლო არის მიკერძოებული. ამ პროცესს სამართლიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ცალსახად შემიძლია ვთქვა ის, რომ საერთოდ არ არის დანაშაულის შემადგენლობა ამ შემთხვევაში: ყველამ ვნახეთ კადრი, რომ ქალბატონმა მზიამ ხელი აკრა პოლიციელს.

  • თქვენი დასაბუთება როგორია: რატომ არ არის სილის გაწნა პოლიციელზე თავდასხმა? 

თვითონ პოლიციელმაც ხომ ძალიან კარგად იცის, როგორ მძიმე სიტუაციაში აკრა ხელი ქალბატონმა მზიამ? ეს იყო ხელის აკვრა დაძაბულ ვითარებაში, რაც არცერთ შემთხვევაში არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას, მით უმეტეს, თავდასხმის შემადგენლობას.

ჩვენ გვაქვს განზრახ მკვლელობის მუხლი დამამძიმებელ გარემოებებში, რომელიც ითვალისწინებს სამსახურებრივი საქმიანობის დროს მსხვერპლის მკვლელობას. იგივეა გათვალისწინებული ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანების დროს, თუმცა ეს მუხლი – პოლიციელზე თავდასხმა ცალკეა გამოტანილი და იგი საბჭოთა პერიოდიდან მოდის. ეს უკავშირდება ხრუშჩოვის ქალიშვილს: ერთ საღამოს ის შეესწრო, როგორ მოკლეს გზაში პოლიციელი კრიმინალებმა. ამის შემდეგ სპეციალური მუხლი კომუნისტების დროს შეიტანეს კოდექსში.

სტუდენტობის დროს გაგვიზიარეს ამ მუხლის ისტორია, როცა გარდამავალი პერიოდი იყო და ვიბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მაშინაც რუსულ რეჟიმს ვებრძოდით…

მაშინ ეს მუხლი ითვალისწინებდა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ასევე სიკვდილით დასჯას, მაგრამ თავდასხმა უნდა ყოფილიყო რეალური – სიკვდილი უნდა დამდგარიყო.

  • რა შეიძლება მივიჩნიოთ დღეს „რეალურ თავდასხმად“?

ეს უნდა იყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ქმედება. სილის გაწნა კი არ არის, არ შეიძლება იყოს თავდასხმა.

ავიღოთ სისხლის სამართლის კოდექსში „ძარცვა“ და ვნახოთ ამ მუხლის შემადგენლობა: აქაც კი, არ არის ტერმინი „თავდასხმა“ გამოყენებული აღწერის დროს იმიტომ, რომ არ არის სიცოცხლის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა გამოყენებული.

ნებისმიერი კომენტარი და განმარტება ნახეთ: თავდასხმა რეალურ საფრთხეს უნდა ქმნიდეს და ქმედება რეალურად საშიშ ძალადობას უნდა წარმოადგენდეს. ერთი ხელის გაკვრის თავდასხმად მიჩნევა კი, არის მხოლოდ მათი ფანტაზია. სინამდვილეში, ამგვარი მიდგომით და „მზია ამაღლობელის საქმით“ სახელმწიფო თავად ლახავს პოლიციელის მუნდირს.

თანაც, მზია ამაღლობელი არ არის ის ქალი, რომელიც დიდი სპორტით იყო დაკავებული და ისეთი ძალით აეკრა ხელი.

ასე რომ, არავითარი დანაშაულის შემადგენლობას არ გვაძლევს ეს ხელის აკვრა.

  • გამოდის, თვითნებურად განმარტეს მუხლი? 

თუ ეს გააკეთა საბოლოოდ მოსამართლემ, ეს იქნება თვითნებური და სამარცხვინო გადაწყვეტილება. თქვენ ნახეთ, რაც თქვა ექსპერტმა სასამართლო პროცესზე, რომ პოლიციელს მსუბუქი დაზიანებაც კი არ აქვს.

  • მაგრამ სილის გარტყმა მეტკინაო – ირაკლი დგებუაძემ უთხრა მოსამართლეს. 

ასე თქვა, მაგრამ არაფერი არ სტკენია, ვერც კი, გაიგებდა ამას. კი არ ეტკინა, არამედ ეწყინა, როგორ გაუბედეს ეს ამხელა თანამდებობის პირს, როგორ გაბედეს და შეეხნენ.

  • უზენაეს სასამართლოს ჰქონდა ერთ-ერთ საქმეზე განმარტება: „ცემად ვერ შეფასდება ხელის ერთი გარტყმა, თუნდაც ის იწვევდეს ტკივილს“. თუ ხელის გარტყმა ცემა არ არის, თავდასხმა რა სამართლებრივი ლოგიკით შეიძლება იყოს? 

დიახ, არსებობს ეს გადაწყვეტილება. მზია ამაღლობელის ადვოკატს ჰქონდა სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი სხვა გადაწყვეტილებებიც, როცა, მაგალითად, პოლიციელისთვის ბოთლის თავში ჩარტყმაც კი, არ მიიჩნია უზენაესმა სასამართლომ თავდასხმად.

მზია ამაღლობელის საქმე ამიტომაც არის ცალსახად პოლიტიკური. პოლიტიკურია მისი პატიმრობაც. პატიმრობის არცერთი საფუძველი არ არსებობს ამ საქმეში. სად უნდა მიმალულიყო, მაგალითად, მზია ამაღლობელი? პირიქით, იგი იბრძვის თავისუფლებისთვის და რჩება საქართველოში.

მოსამართლეს უნდა რცხვენოდეს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს და პატიმრობაში ტოვებს ქალბატონ მზიას. მზია ამაღლობელის პატიმრობა თავიდან ბოლომდე დაუსაბუთებელია.

„მზია ამაღლობელის საქმე“ სამარცხვინო ლაქაა საქართველოს ისტორიაში, სასამართლოში, რომლის რეფორმირება იყო ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია და პირიქით, სრულიად კლანის ხელშია მოქცეული.

ამიტომაც, გუგუნებენ დღეს საქართველოს ქალაქები და გუგუნებს იმიტომ, რომ ქვეყანამ უნდა მიაღწიოს დამოუკიდებლობას, საქართველო უნდა დარჩეს ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სწორედ ამიტომაც გვინდა ევროპა: ევროპა ნიშნავს დამოუკიდებელ სასამართლოს!

  • გერმანიის ელჩი, რომელიც ესწრებოდა „მზია ამაღლობელის საქმის“ განხილვას, გვითხრა, „მზიას საქმე ტესტიაო“. თქვენთვისაც ტესტია? 

რა თქმა უნდა, ტესტია. დარწმუნებული ვარ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო მკაფიოდ იტყვის თავის სათქმელს, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი.

საქართველოში კი, განსაკუთრებით 2013-2014 წლებში, მას შემდეგ, როცა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ცუდი ბიჭები კარგ ბიჭებად იქცნენო, ყველა ვხედავთ, რაც ხდება სასამართლოში.

  • როცა უკვე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, მაგალითად, პოლიციელისთვის ბოთლის თავში ჩარტყმა, ან საზარდულში ფეხის ამორტყმა არ მიუჩნევია სასამართლოს თავდასხმად, ელოდებით, რომ მზია ამაღლობელს მაინც თავდასხმის მუხლით გაასამართლებენ? 

ყველაფერს გააკეთებს ეს სასამართლო, ყველაფერზე მოაწერენ ხელს.

მოსამართლის ხელფასი დღეს გახდა არა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის გარანტია, არამედ პირიქით, დამოკიდებული არიან მურუსიძესა და ჩინჩალაძეზე. ამას არც სასამართლო ჰქვია და არც მოსამართლე. ეს იქნება სანქცირებული სასამართლოს კერძო პირის გადაწყვეტილება, რომელსაც ასევე კერძო პირებმა მისცეს მითითებები.

თუმცა აუცილებლად შეიცვლება ეს პოლიტიკური სიტუაცია – „მეგობარი აქტი“ უკვე გზაშია. ვფიქრობ, ძალიან დაგვეხმარებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. მთავარი ძალა არის ხალხში და ეს ძალა რუსთაველზე გუგუნებს  – არამხოლოდ რუსთაველზე. მე ნაწილი ვარ დღეს ამ პროტესტის.

  • ერთი და იმავე ქმედების გამო – სტიკერის გაკვრისთვის მზია ამაღლობელს ხელახლა ასამართლებენ. პოლიციის მაღალჩინოსნებმა გააყალბეს დოკუმენტები. ეს ამბავი რას აჩვენებს თქვენთვის? 

ესეც მორიგი აბსურდია – სტიკერის გაკვრის გამო არავის დაკავების საფუძველი არ არსებობს საერთოდ.

  • პოლიციელებმა გამოიგონეს ამბავი, შეურაცხყოფის გამო დავაკავეთ მზია ამაღლობელიო. 

არც პოლიციელების შეურაცხყოფის გამო არ შეიძლება პირის დაკავება. დაკავებას აქვს თავისი საფუძვლები: პირი მიიმალება, ან გაანადგურებს მტკიცებულებებს, ახალ დანაშაულს ჩაიდენს. აქედან რომელი იყო მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი?

თავისუფლებაში შესვლას და დაკავებას აქვს თავისი საფუძვლები და არ შეიძლება იგი მიბმული იყოს ქმედების ხასიათზე, ან ქმედების საშიშროებაზე. ამას პირდაპირ ამბობს ევროსასამართლო.

ასე რომ, თავიდან ბოლომდე მიუღებელია ეს პროცესი და საზოგადოებაშიც ეს მიუღებლობა ჩანს: საზოგადოების რეაქციაში ჩანს ეს მიუღებლობა, რომ ეს ყველაფერი დაუშვებელია.

  • თქვენი დაკვირვებით, რა განზრახვა აქვს „ქართულ ოცნებას“ ჟურნალისტის ციხეში ჩასმით? 

მიზანი არის არამხოლოდ ჟურნალისტების, არამედ საზოგადოების, ყველას დაშინება.

ჩვენ ვხედავთ, სხვადასხვა ფორმით როგორ ცდილობენ ჩვენს დაშინებას: ეს იქნება მძაფრი ძალადობა, 5-5 ათასლარიანი ჯარიმები, თუ ბოლო დროს თავდასხმა გოგონებზე – გოგონებს სადარბაზოებში ხვდებიან და წიწაკის სპრეის ასხამენ, ურტყამენ, სცემენ, თუმცა ისტორიამ იცის, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლ საზოგადოებას ვერ დააშინებ, მით უმეტეს, ახალგაზრდებს ვერ დააშინებ.

პირიქით, ისინი გმირებად იქცევიან.

ამ გამოცდილებას არ იზიარებს ხელისუფლება და უკან არ იხევს, თუმცა რა ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ – ხელისუფლება კი არა, ეს არის რაღაც ძალების მიერ ხელში ძალაუფლების ჩაგდება, რომელსაც ისინი ბოროტად იყენებენ.

ამ თემაზე:

ხალხი გონიერია და ხვდება, რომ სილის გაწვნა არ იწვევს ტანჯვას – ექსმოსამართლე დგებუაძისთვის სილის გაწნაზე

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: