2025 წლის პირველ ოთხ თვეში ყველაზე მეტი ადგილობრივი პროდუქცია საქართველოდან რუსეთში გავიდა, მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამეზე კი – ჩინეთი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა.
ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი [173.4 მლნ. აშშ დოლარი], თურქეთი [87.9 მლნ. აშშ დოლარი] და ჩინეთი [77.8 მლნ. აშშ დოლარი].
„ადგილობრივი ექსპორტი მოიცავს როგორც ქვეყანაში წარმოებული, ისე საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იმ საქონლის ექსპორტს, რომელმაც განიცადა არსებითი სახეცვლილება ან ქვეყნის ფარგლებში გადამუშავების შედეგად მოხდა მისი ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა“ – განმარტავს საქსტატი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან რუსეთში მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 45,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნაკლები ადგილობრივი პროდუქცია გავიდა, ვიდრე 2024 წლის იგივე პერიოდში.
ამავე პერიოდებს თუ შევადარებთ, ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია ბულგარეთში, გერმანიაში, ყაზახეთში, ჩინეთში.

ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა საექსპორტო ქვეყნების მიხედვით / წყარო: საქსტატი
2025 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია წარმოდგენილი 96.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.7 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 71.5 მლნ. აშშ დოლარით [მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.9 პროცენტი].
მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 63.6 მლნ. აშშ დოლარით [მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 პროცენტი].
„2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მთლიანმა მოცულობამ [არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე] 2,14 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ადგილობრივი ექსპორტი [ექსპორტი რეექსპორტის გარეშე], მთლიანი ექსპორტის 44.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა და 902.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა“ – წერს საქსტატი.
საქსტატი ასევე განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია „არ მოიცავს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციების (ფორმა No4) მონაცემებს; არც არაორგანიზებულ ვაჭრობას და არც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამასთან, საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში არ აისახება დროებითი დიპლომატიური სატრანზიტო და სხვა ანალოგიური სახის ტვირთები“.
რაც შეეხება მთლიან ექსპორტს – საქსტატის მონაცემებით 2025 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი [450 მილიონი აშშ დოლარი], ყაზახეთი [258.4 მილიონი აშშ დოლარი] და აზერბაიჯანი [215.1 მილიონი აშშ დოლარი]. რაც შეეხება რუსეთს, ის ამ ჩამონათვალში მეოთხე ადგილზეა [189,5 მილიონი აშშ დოლარი].
რუსეთი მესამე ადგილზეა საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის მიხედვით. 2025 წლის იანვარ-აპრილში რუსეთიდან საქართველოში 669 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. ამავე პერიოდში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 72.7 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ [881.2მილიონი აშშ დოლარი], თურქეთი [814.2 მილიონი აშშ დოლარი] და რუსეთი [669.6 მილიონი აშშ დოლარი].
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული და რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები

წყარო: საქსტატი
მთავარ ფოტოზე: გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“
ამავე თემაზე:
საქართველოს რკინიგზით ყველაზე მეტი რუსული ტვირთია შემოტანილი – I კვარტალის სტატისტიკა