მთავარი,სიახლეები

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს უფროსის ხელფასი 10 585 ლარი იქნება

20.05.2025
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს უფროსის ხელფასი 10 585 ლარი იქნება

„ოცნების“ მთავრობამ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს საშტატო ნუსხა და ხელფასები დაამტკიცა. ახალი განკარგულებით, სააგენტოს თავმჯდომარის ხელფასი თვეში 10 ათას 585 ლარი იქნება; მოადგილის – 8 ათას 760 ლარი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის – 7 ათას 300 ლარი.

გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავაა.

მიმდინარე წელს [8 თვე] სააგენტოს ამ სამი თანამშრომლის ხელფასებისთვის ჯამში 253 ათასზე მეტი დაიხარჯება. სააგენტოს ბიუჯეტი კი 510 ათას 200 ლარით განისაზღვრა, საიდანაც 257 ათასი ლარი „საქონელი და მომსახურების“ მუხლშია გაწერილი:

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს 2025 წლის [8 თვის] ბიუჯეტი / წყარო: მთავრობის განკარგულება

 „სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს 2025 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე“ განკარგულებას ხელი „ოცნების“ პრემიერმა კობახიძემ 2025 წლის 13 მაისს მოაწერა.

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს საშტატო ნუსხა და ხელფასები / წყარო: მთავრობის განკარგულება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს  დებულება „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 15 აპრილს დაამტკიცა.

მთავრობის მიერ არასამთავრობოების დაფინანსების იდეა ირაკლი კობახიძემ პირველად 2024 წლის 9 სექტემბერს გაახმიანა. მან თქვა, რომ სამთავრობო საგრანტო ფონდით მხოლოდ ის ორგანიზაციები ისარგებლებენ, რომლებიც რუსულ კანონს დაემორჩილებიან და „უცხოური ინტერესების გავლენის გამტარებად“ დარეგისტრირდებიან.

გამოდის, რომ „ქართული ოცნების” სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო დააფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც ოფიციალურად უცხოეთის ინტერესების გავლენის გამტარის სტატუსი ექნებათ.

ამ თემაზე:

„ოცნებამ“ საბოლოოდ აკრძალა მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება

 

მთავარი ფოტო: თამარ ზოდელავა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: