მთავარი,სიახლეები

დაზვერვა სუს-თან ერთიანდება – „მსგავსი მოდელი მოქმედებს რუსეთში, ბელარუსში“

21.05.2025 •
დაზვერვა სუს-თან ერთიანდება – „მსგავსი მოდელი მოქმედებს რუსეთში, ბელარუსში“

„სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების მცდელობა“ – ასე უწოდებს ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი [DRI] „ოცნების“ ახალ საკანონმდებლო ცვლილებს, რომელთა მიხედვით, ძალადაკარგულად ცხადდება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და უწყების საგამოძიებო საქმეები პროკურატურის ქვემდებარეობაში გადადის. ამასთან, ცვლილებები შედის „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და ის სუს-ის დაქვემდებარებაში ექცევა.

ორგანიზაციის მიერ დღეს, 21 მაისს გავრცელებულ პრესრელიზში მიმოხილულია ის შესაძლო შედეგები, რაც საკანონმდებლო ცვლილებს შეიძლება მოჰყვეს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად იმეორებს ავტორიტარული რეჟიმების დამკვიდრებულ პრაქტიკას – ამკაცრებს კანონმდებლობას, მაქსიმალურად ზღუდავს ინსტიტუციების ავტონომიას, აძლიერებს ძალოვან უწყებებს და ქმნის რეპრესიულ მმართველობის მოდელს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის მარტში ცალკე უწყებად შეიქმნა, რასაც საფუძვლად „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგის” ფარგლებში შეთანხმებული ვალდებულება დაედო.

კერძოდ, ქვეყანა ვალდებული იყო არასათანადო მოპყრობის ბრძოლის მიზნით, ეფექტიანი რეფორმები განეხორციელებინა.  პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, ევროკავშირისა და სხვა პარტნიორების წარმომადგენლები. შესაბამისად, სამსახურის მთავარი მანდატი მოხელის (მათ შორის, სუს-ის გამომძიებლების მხრიდან) მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი, დროული და დამოუკიდებელი  გამოძიება წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ უწყებას ეფექტიანად არ შეუსრულებია დაკისრებული ვალდებულება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში  კი აშკარა იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პარტიული მიკერძოება  და უფუნქციობა, ,,ქართულმა ოცნებამ“ ღიად თქვა უარი, ფორმალურად დამოუკიდებელი უწყების არსებობაზეც კი. შესაბამისად, დაინიციირებული ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს,  რომლის მიხედვით სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე აუცილებელია დამოუკიდებელი, სპეციალიზებული უწყების არსებობა, რომელიც სწრაფად და ეფექტიანად გამოძიების სავარაუდო გადაცდომებს“ – წერს DRI-ი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ განმარტებითი ბარათის თანახმად წარმოდგენილი კანონპროექტით უნდა აღმოიფხვრას „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული ბუნდოვანება, რადგან ის უერთდება პროკურატურას, რომლის დამოუკიდებლობის ხარისხი უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით“.

თუმცა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი წერს, რომ სწორედ პროკურატურის მიკერძოებულობის საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ხანგრძლივი კრიტიკის საგანი როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.

„ქართული ოცნების“ მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება – ფორმალურად დამოუკიდებელი უწყების გაუქმებასა და მისი მანდატით პროკურატურის აღჭურვა, კიდევ ერთი ნაბიჯია ძალაუფლების კონცენტრაციის, რეპრესიული პოლიტიკისა და პარტიული გავლენების გაძლიერებისკენ“ – მიიჩნევს ორგანიზაცია.

რაც შეეხება ცვლილებას „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის შედეგადაც დაზვერვის სამსახური სუს-ის დაქვემდებარებაში ექცევა, DRI-ი მიჩნევს, რომ რეალურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაზვერვის სამსახურის შეერთებით ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხი კიდევ უფრო უარესდება.

„საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სადაზვერვო სამსახურების შიდა და საგარეო ფუნქციების შერწყმა ართულებს ზედამხედველობას და ზრდის ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს. საქმიანობის ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, უწყებები ცალ-ცალკე უნდა ფუნქციონირებდეს.

უსაფრთხოების სამსახურების დაინიციირებული მოდელი კი მოქმედებს რუსეთში, ბელარუსში, ყაზახეთსა და სხვა არადემოკრატიულ ქვეყნებში“ – წერს ორგანიზაცია. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: