მთავარი,სიახლეები

კაზინოებიდან წელს 16.8 მილიონი მიიღო ბათუმმა – ბოლო 3 წლის პირველ კვარტალში ეს ყველაზე მეტია 

20.05.2025
კაზინოებიდან წელს 16.8 მილიონი მიიღო ბათუმმა – ბოლო 3 წლის პირველ კვარტალში ეს ყველაზე მეტია 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტის შემოსულობებში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან 16 მილიონ 806 600 ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებელზე მეტი, კვარტალური გეგმის 105 პროცენტია.

მერიის 2025 წლის გეგმა ამ ნაწილში 68 მილიონი ლარია. ასეთი მაღალი ციფრი საპროგნოზო მაჩვენებლებში 2024 წლის ბოლოს შემდეგი წლის დაგეგმვისას მერიას შემთხვევით არ ჩაუწერია, პირიქით, შეიძლება ითქვას, თავი დაიზღვია კიდეც, რადგან გასულ წელს კიდევ 2 მილიონით მეტი, 70 მილიონი ამოიღეს.

პირველი კვარტლის მონაცემები რომ შევადაროთ ბოლო სამი წლის განმავლობაში წელს ყველაზე მაღალი ციფრი დაფიქსირდა. 2024 წლის პირველ კვარტალში 16 მილიონზე მეტი, 2023 წლის პირველ კვარტალში 14 მილიონამდე, ხოლო 2022 წელს 6 მილიონი ლარი ამოიღეს.

ბოლო 11 წლის მონაცემების მიხედვით კლება მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა, 2021 წლიდან კი ციფრები ისევ მზარდია და ყოველ წელს რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღწევს.

2025 წლის პირველ კვარტალში სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტის შემოსულობებში 8 მილიონ 129 800 ლარი, წამახალისებელი გათამაშებიდან – 118 800 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის გადასახადებიდან კი ბიუჯეტში 8 მილიონ 558 000 ლარი შევიდა.

სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვაში სხვა შემოსავლების ნაწილშია ასახული.

საერთო ჯამში, 2025 წლის სხვა შემოსავლების 3 თვის საპროგნოზო მოცულობა 23 მილიონ 285 000 ლარით იყო განსაზღვრული, ფაქტობრივმა შესრულებამ 26 მილიონ 262 500 ლარი, ანუ გეგმის 112 პროცენტი შეადგინა. სხვა შემოსავლების წილი ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 30,0%-ს შეადგენს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.