კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე სასამართლოს ოფიციალურ გვერდებზე, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, განაჩენებს ვერ იპოვით. სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად შექმნილ ოფიციალურ პლატფორმაზე ვერც ცნობილ და გახმაურებულ საქმეებზე ნახავთ სასამართლოს მიერ მიღებულ აქტებს.
„საერთო სასამართლოების სისტემა განაგრძობს საქართველოს კონსტიტუციისა და „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის დარღვევას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სასამართლო აქტები საზოგადოებისთვის კვლავ არ არის ხელმისაწვდომი,“ – აღნიშნულია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ IDFI – ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ამ ორგანიზაციამ 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2025 წლის 5 მარტის ჩათვლით, საერთო სასამართლოებში 111 საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. აღმოჩნდა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენები არც ინფორმაციის გამოთხოვის გზით არის შესაძლებელი.
„სასამართლო აქტის ასლის გადმოცემის თაობაზე წარდგენილი მოთხოვნების დაახლოებით 90% სასამართლოების მხრიდან ყოველგვარი რეაგირების გარეშე დარჩა, დანარჩენ შემთხვევაში IDFI-ს უარი ეთქვა საჯარო ინფორმაციის განცხადების პასუხად სასამართლო აქტის გაცემაზე… პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების კატეგორიის ფარგლებში გაგზავნილი 50 მოთხოვნიდან უპასუხოდ დარჩა – 48,“ – ვკითხულობთ IDFI-ის ანგარიშში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილების კანონმდებლობაში იმპლემენტაციას პოლიტიკური შეთანხმება, ევროკავშირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და ერთის ნაცვლად 5 წელი დასჭირდა. 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები, რომელმაც არსებითად გააუმჯობესა სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობის ნორმატიული გარანტიები, თუმცა ამ უფლების პრაქტიკული რეალიზება კვლავ ვერ ხერხდება.
ამავე ანგარიშის მიხედვით, IDFI – ს არ მიაწოდეს ინფორმაცია სასამართლოებმა:
- ოლიგარქიული ინტერესით და გავლენებით მიმდინარე სასამართლო დავების კატეგორიის ფარგლებში წარდგენილი 8 მოთხოვნიდან, რეაგირების გარეშე დარჩა რვავე მოთხოვნა;
- მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის დაინტერესებით მიმდინარე სასამართლო დავების კატეგორიის ფარგლებში გაგზავნილი 18 მოთხოვნიდან, ყოველგვარი რეაგირების გარეშე დარჩა 13;
- მრავალმილიონიანი დავების კატეგორიის ფარგლებში წარდგენილი 5 მოთხოვნიდან, რეაგირების გარეშე დარჩა ხუთივე მოთხოვნა;
- მაღალი თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების პირადი თუ ფინანსური დაინტერესებით მიმდინარე დავების კატეგორიის ფარგლებში წარდგენილი 9 მოთხოვნიდან, უპასუხოდ დარჩა 8;
- გახმაურებული საქმეების კატეგორიის ფარგლებში გაგზავნილი 15 მოთხოვნიდან, თხუთმეტივე მოთხოვნა დარჩა ყოველგვარი რეაგირების გარეშე;
- ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების კატეგორიის ფარგლებში გაგზავნილი 6 მოთხოვნიდან, ყოველგვარი რეაგირების გარეშე დარჩა 3.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე მიღებული სასამართლო აქტები საზოგადოებისთვის კვლავ არ არის ხელმისაწვდომი. საერთო სასამართლოების სისტემა არღვევს საქართველოს კონსტიტუციასა და „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონს.
წლების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო სტანდარტის არსებითად გაუმჯობესებამ პრაქტიკაში არსებული სისტემური გამოწვევები დიდწილად უცვლელი დატოვა – საერთო სასამართლოების სისტემა არა მხოლოდ უგულებელყოფს სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის თაობაზე არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების შინაარსობრივ მხარეს, არამედ არღვევს კანონმდებლობის საბაზისო ფორმალურ მოთხოვნებსაც.
კანონმდებლობის განგრძობითი დარღვევა ადასტურებს, რომ არაფორმალური გავლენებით მართული სისტემა განზრახ არიდებს თავს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, რაც თავის მხრივ არსებითად ზღუდავს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივ ზედამხედველობას,“ – აღნიშნულია IDFI-ის მიერ მომზადებული ანგარიშის დასკვნაში.
ამ თემაზე:
როდის გამოაქვეყნებენ სასამართლოს განაჩენებს – „კორპორატივიზმს მზის შუქი არ აწყობს“






