მთავარი,სიახლეები

ქუთაისი-ბათუმის მატარებელი ლანჩხუთში დაზიანდა

20.05.2025
ქუთაისი-ბათუმის მატარებელი ლანჩხუთში დაზიანდა

ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელს ლანჩხუთში ცეცხლი გაუჩნდა – ინფორმაციას ამის შესახებ „გურია ტვ“ ფაქტის თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. საქართველოს რკინიგზა ცეცხლის გაჩენას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ მატარებლის გაჩერების მიზეზი დაზიანება გახდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„გურია ტვ“- ის თანახმად, ცეცხლი ვაგონებსშორის გადაბმაში გაჩნდა და მისი ჩაქრობა მემანქანეებმა და ლანჩხუთის რკინიგზის სადგურის თანამშრომლებმა ერთობლივად შეძლეს.

ფოტოებზე, რომელიც თვითმხილველმა გადაიღო, ასახულია ცეცხლმაქრის გამოყენების შემდეგ ერთ-ერთ ვაგონში არსებული სიტუაცია.

თვითმხილველთა თქმით, მატარებელში მყოფი მგზავრები მიკროავტობუსებში გადაანაწილეს და ისე გადაიყვანეს ბათუმში.

მომხდარ ფაქტზე განცხადება გაავრცელა საქართველოს რკინიგზამ.

„20 მაისს, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა. პრობლემა ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ.

აქვე განვმარტავთ – მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება,“ – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ასე გამოიყურებოდა ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთი ვაგონი ცეცხლმაქრის გამოყენების შემდეგ

„ბათუმელებმა“ სცადა რკინიგზის პრესსამსახურთან დაკავშირება დამატებითი კითხვების დასასმელად, თუმცა რკინიგზაში ჩვენს ზარს არ უპასუხეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: