საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.7 პროცენტი შეადგინა.
2025 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 5.3 ათასი კაცით და 958.3 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 13.5 ათასით შემცირდა და 434.7 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 10.8 ათასით და 239.4 ათასი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.6 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, „უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 0.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი ქალებში, ხოლო კაცებში – 0.7 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 11.6 პროცენტს და 17.0 პროცენტს შეადგენს“ – წერს საქსტატი.
რაც შეეხება დასაქმების დონეს – 2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე შემცირებულია ქალებში 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.4 პროცენტული პუნქტით.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით კი, საქართველოში ღარიბი ოჯახების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2 383 ოჯახითაა გაზრდილი.
ამავე თემაზე:
ღარიბი ოჯახების რაოდენობა ბოლო 3 თვეში ისევ გაიზარდა, „ოცნება“ კი ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს






