მთავარი,სიახლეები

რას ჰყვება მოსამართლე პედოფილიის მსხვერპლ ბავშვებზე – ჩვენების მიცემა, როგორც ტრავმა

26.04.2024 • 4261
რას ჰყვება მოსამართლე პედოფილიის მსხვერპლ ბავშვებზე – ჩვენების მიცემა, როგორც ტრავმა

„მოსამართლეს უნდა დაუსაბუთო, რომ ტრავმულია ბავშვის მონაწილეობა სასამართლო პროცესზე. თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ადვოკატმა ეს არ მოითხოვა. ბრალდებულის ადვოკატის ინტერესშია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი პირიქით, მივიდეს სასამართლოში, დააბნიოს, მასზე ზემოქმედება მოახდინოს და მერე თქვას, აი, ბავშვი იტყუება, ხედავთ, ეს როგორ არ ახსოვს?“ – ამბობს ადვოკატი ელისო რუხაძე არასამთავრობო ორგანიზაციიდან „უფლებები საქართველო“.

იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა გზის გავლა უწევს პედოფილიის მსხვერპლ ბავშვს: რამდენ ნაცნობ და უცნობ ადამიანს უნდა მოუყვეს მომხდარის შესახებ, რამდენჯერ უნდა უამბოს, რა გარემოში უწევს ძალადობის შემთხვევის აღწერა, მაგალითად, პოლიციის სამმართველოში, სადაც სხვადასხვა ადამიანი მიდი-მოდის, შემდეგ ექსპერტიზები, გამოკითხვები, რამდენიმე თვის შემდეგ კი, ჩვენება მოსამართლის პირისპირ!

და არა მხოლოდ მოსამართლის პირისპირ: ძირითადად შემთხვევებში ბავშვი მისთვის უცნობი მოსამართლის გარდა, სასამართლო პროცესზე მის თავს გადამხდარი სექსუალური ძალადობის ინტიმურ დეტალებზე უნდა უპასუხოს პროკურორს, ან ბრალდებულის ადვოკატს, მის ჩაჭრას რომ ცდილობს.

იმისთვის, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა ბავშვმა ხელახლა არ განიცადოს, თუნდაც ამბის მრავალჯერ გახსენებით, ძალადობის დროს მიღებული ტკივილი, დასავლეთის ქვეყნებმა ასეთი მიდგომა შეიმუშავეს: ბავშვი მომხდარის შესახებ სპეციალურად ბავშვის კონცეფციით მოწყობილ ცენტრში უყვება მომხდარის შესახებ ინტერვიუერს, საუბარი ვიდეოზე იწერება და ამას მონიტორს იქეთ მყოფი ადვოკატი, ფსიქოლოგი, ასევე სოციალური მუშაკი აკვირდება.

ამ დროს გამომძიებელიც მონიტორს მიღმაა, რომელსაც ამ საუბრის ჩანაწერი მიაქვს სასამართლოში მტკიცებულების სახით. იშვიათი გამონაკლისის გარდა, პედოფილიის მსხვერპლი ბავშვი სასამართლოში არ მიდის.

ამ მეთოდით გამოკითხვას „ბარნაჰუსი“ [სახლი ბავშვებისთვის] ჰქვია. ეს ტერმინი პირველად საქართველოს კანონმდებლობაში 2020 წელს გაჩნდა, როცა საქართველოს მთავრობამ განკარგულება მიიღო „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფციის მოწონების შესახებ“.

ამ განკარგულების მიღების შემდეგ, ესტონეთის მთავრობის დაფინანსებით და იუნისეფთან მჭიდრო თანამშრომლობით, თბილისში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი 2022 წელს გაიხსნა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან თანამშრომლობას უფლებების დაცვისთვის ინტერესების გატარებას, ან აგენტობას არქმევს. ეს ცენტრი კი, რომელიც დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება, სწორედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მოეწყო.

ბავშვთა ინტერესების დაცვა, მათ შორის, პედოფილიის წინააღმდეგ ბრძოლა რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის არ არის მნიშვნელოვანი, ჩანს იმითაც, რომ როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ამ ცენტრის ამოქმედების შემდეგ არსებითად არაფერი შეცვლილა: მოსამართლეებს ერთგვაროვანი პრაქტიკა ამ საკითხზე არ აქვთ. არც კანონმდებლობა შეცვლილა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან არიდებას – გვიყვებიან უფლებადამცველები.

თბილისში არსებული ცენტრი, სადაც ბარნაჰუსის მეთოდით სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოკითხვა, ასევე შეხვედრის ვიდეო ჩაწერაა შესაძლებელი, მხოლოდ თბილისში მცხოვრებ ბავშვებს ემსახურება. უნდა გახსნილიყო ცენტრი ქუთაისშიც, თუმცა იგი ამ დრომდე არ გახსნილა. ამ ცენტრის ადმინისტრაციაში კომენტარზე უარი არ უთქვამთ, თუმცა გვიპასუხეს, რომ ეს დღეები არ სცალიათ და კითხვებს წერილობით უპასუხებენ. 

ადვოკატების თქმით, ერთგვაროვანი მიდგომა არც საგამოძიებო ორგანოებს აქვთ: მაგალითად, ადვოკატი ანა თავხელიძე ამბობს, რომ ის მართლაც ბარნაჰუსის მეთოდით ითხოვს ბავშვის გამოკითხვას ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში და გამომძიებელი მის მოთხოვნას აკმაყოფილებს. უფლებადამცველი ელისო რუხაძის თქმით, ბავშვს მხოლოდ ინტერვიუერი კი არ უსვამს კითხვებს, არამედ გამომძიებელი და იმავე ოთახშია თვითონ, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი. 

განსხვავებული პრაქტიკაა სასამართლოში – ბავშვს სასამართლოში მისვლა, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, მაინც უწევს, რადგან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობთ „ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია“. ადვოკატი ელისო რუხაძე მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავს, რომ ბავშვმა ჩვენება დისტანციურად, ისევ ბარნაჰსუს ცენტრიდან მისცეს, მოსამართლე რუსთავის სასამართლოში ბავშვს სასამართლოს შენობაში სპეციალური ოთახიდან რთავს დისტანციურად, ეკრანზე მხოლოდ მოსამართლე ჩანს და მხარეების კითხვებს უსვამს ბავშვს, მაგალითად, ბათუმში კი, ბავშვი ჩვეულებრივად სასამართლო სხდომის დარბაზში აძლევს ჩვენებას სასამართლოს. განსხვავება ისაა, რომ ეს სხდომა დახურულია და პედოფილიაში ბრალდებული კაცი ამ დროს სხდომათა დარბაზიდან გაჰყავთ. 

ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის იდეა „ერთი ფანჯრის პრინციპზეა“ დაფუძნებული: ძალადობის მსხვერპლი ცენტრში, სადაც ის ფსიქოლოგიურ და სოციალურ სერვისს იღებს, იმავდროულად, იგივე სივრცეში გამოჰკითხავენ, უტარებენ სხვადასხვა სახის ექსპერტიზას. 

ბარნაჰუსის მოდელზე „ბათუმელები“ მოსამართლეს ესაუბრა, რომელიც განსხვავებულად ხვდება რუსთავის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მისაცემად მისულ პედოფილიის მსხვერპლ ბავშვებს.

  • მოსამართლე: „ბავშვს ვკითხავ მხარეებისგან დისტანცირებულად“ 

„ამ ეტაპზე კანონმდებლობით არ შეიძლება მხოლოდ გამოქვეყნებულ ჩვენებას დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენი. ამის საპირისპირო მოწესრიგება უნდა გაიწეროს კანონში, თუ ამ საკითხზე შეთანხმდება საზოგადოება,“ – გვითხრა მოსამართლე მადონა მაისურაძემ. იგი უვადოდ გამწესებული მოსამართლეა და რუსთავის საქალაქო სასამართლოში განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, მათ შორის, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევებს.

მოსამართლე ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ისტორიების გათვალისწინებით, რაც მას განუხილავს, მიიჩნევს, რომ კანონი თუ გაითვალისწინებს ბავშვის დაკითხვის გარეშე მისი გამოკითხვის ოქმის ან ვიდეო-ჩანაწერის გამოკვლევას, ამას არ უნდა ჰქონდეს იმპერატიული დათქმა. თუმცა თუ დაზარალებული ბავშვი არ დაიკითხება სასამართლოში, მისი გამოძიებაში მიცემული ჩვენება სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეიძლება იყოს ის გარემოებები, რასაც მოსამართლე დაეყრდნობა გადაწყვეტილების მიღების დროს. დაზარალებულის ჩვენებაზე უარს უნდა ჰქონდეს დამაჯერებელი ახსნა.

მოსამართლე მადონა მაისურაძე

„ალბათ ეს უფრო შესაძლებლობა უნდა იყოს და არა უპირობო მოთხოვნა. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სპეციალისტების პოზიციის გათვალისწინებით, თუ, მაგალითად, ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, ნამდვილად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მისი ინტერესი უპირატესი აღმოჩნდეს ყველა სხვა ინტერესთან მიმართებით.

მადონა მაისურაძეს განსხვავებული მეთოდით უსმენს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს – თუ სხვა სასამართლოებში ძირითად შემთხვევაში ბავშვს სასამართლო დარბაზში მოსამართლესთან ერთად არაერთი სხვა უცხო პირი ხვდება და მან უცხო ადამიანების უხერხულ შეკითხვებს უნდა უპასუხოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში დაზარალებული იუნისეფის ხელშეწყობით მოწყობილ სპეციალურ ოთახში შეჰყავთ. ამ ოთახში ბავშვთან ერთადაა კანონიერი და საპროცესო წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგიც, მონიტორზე კი, ბავშვი მხოლოდ მოსამართლეს ხედავს:

„ბავშვს ვკითხავ მხარეებისგან დისტანცირებულად. 2017 წლიდან არსებობს იუნისეფის მხარდაჭერით ბავშვზე მორგებული კონცეფციის ფარგლებში მოწყობილი სპეციალური ოთახი. მოსამართლე და მხარეები ვიმყოფებით დარბაზში ტრადიციული აღჭურვილობით, ბავშვი – სხვა ოთახში, რომელიც არ არის სასამართლოსთვის დამახასიათებელი ინტერიერით დატვირთული, ნეიტრალური ფერებია, ბავშვს იქ ხვდება ჟურნალები, სახატავი საშუალებები.

ბავშვი ხედავს მხოლოდ მოსამართლეს, მხარეების ხმა ესმის და მე ვაჟღერებ მათ კითხვებს. თუ კითხვა არასათანადო ფორმით არის დასმული, ემსახურება მოწმის დისკრედიტაციას, დადანაშაულებას, ისეთი გარემოებების გამოკვლევას, რასაც არ აქვს საქმესთან შემხებლობა, ასეთ კითხვებს ვარიდებ,“ – გვითხრა მოსამართლე მადონა მაისურაძემ.

 მოსამართლეს ვკითხეთ უფლებადამცველების განცხადებაზე, რომლებიც დასავლეთის მიდგომის გათვალისწინებით მიიჩნევენ, რომ სასამართლოსთვის ჩვენება მიცემა ბავშვის ხელახლა ვიქტიმიზაციას უწყობს ხელს.

მოსამართლე მადონა მაისურაძე უშვებს, რომ კონკრეტულ საქმეში შესაძლოა არ ჰქონდეს ბავშვის ჩვენება, მაგრამ მაინც მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენი.

„არ მქონია ასეთი შემთხვევა.  მამის მხრიდან გაუპატიურების საქმეზეც არსებობდა ბავშვის ჩვენება… შეიძლება, მოწმე ვერ დაიკითხოს სასამართლოში, მაგრამ სხვა მტკიცებულებები იყოს საკმარისი იმისთვის, რომ დადასტურდეს დანაშაულის ჩადენა,“ – მიიჩნევს მოსამართლე მადონა მაისურაძე.

რამდენად შესაძლებელია ამ კუთხით ერთგვაროვანი პრაქტიკა ჰქონდეთ მოსამართლეებს და რა ხდება მაშინ, როცა ბავშვი ჩვენებას აღარ აძლევს სასამართლოს?

„მართლმსაჯულების პროცესში ვითარება ეცვლებათ ადამიანებს: ზოგი ქვეყანას ტოვებს, ზოგს სხვა გარემოება აქვს ხელშემშლელი, ზოგი საქმის განხილვის დროისთვის გარდაცვლილია. კანონმა დაუშვა, რომ მოწმე შესაძლოა ვერ გამოცხადდეს სასამართლოში და ამ დროს შეიძლება სასამართლომ გამოიკვლიოს მის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, ან ვიდეო ჩანაწერი.

აქ ვაწყდებით ერთ საკითხს: არ შეიძლება მხოლოდ ამ გამოქვეყნებულ ჩვენებას დაეყრდნოს სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროს. მტკიცებულებათა ერთობლიობა ძალიან მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისთვის. ეს არის პრინციპი, რომელსაც მოსამართლე ვერასდროს გადაუხვევს.

თუ ბავშვმა ვერ მოგვცა ჩვენება სხვადასხვა მიზეზის გამო, ვეღარ ილაპარაკა, ან რაღაც შეიცვალა და გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე მისი ვიდეო ჩანაწერი, მივდივართ იქამდე, რომ მხოლოდ ეს ერთი მტკიცებულება არ შეიძლება გახდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მასთან ერთად უნდა არსებობდეს სხვა მტკიცებულებები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სანდოობა, დამაჯერებლობა, უტყუარობა, ურთიერთშეთანხმება.

როდესაც მოწმე სასამართლოში იძლევა ჩვენებას, ბუნებრივია, მას აქვს თავისი მნიშვნელობა, რადგან მოსამართლეს შეუძლია მისგან პირდაპირ და უშუალოდ მოისმინოს შემთხვევის შესახებ, თუმცა ეს ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოში გამოცხადებული მოწმე აუცილებლად ყოველთვის სანდო მოწმეა. შეიძლება მოწმე გამოცხადდეს, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ მოსამართლემ არ გაიზიაროს მის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, მოსამართლემ არ ჩათვალოს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის სწორი და უტყუარი.

შეიძლება, პირიქით მოხდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ის გარემოებები, რასაც გამოკითხვის დროს აფიქსირებს მოწმე, რამდენად დასტურდება სხვა გარემოებებით, ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების – დანაშაულის დრო, ადგილი, ვითარების თანხვედრა სხვა მტკიცებულებებით “ – გვითხრა მოსამართლე მადონა მაისურაძემ.

  • ანა თავხელიძე: „მოსამართლე უნდა ამოვიდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან“ 

„როგორც ვიცი, უბრალოდ ოთახს იცვლის გამომძიებელი და იგივე სტანდარტით ატარებს გამოკითხვას, როგორც ამას ჩაატარებდა საგამოძიებო უწყების შენობაში,“ – ამბობს ანა თავხელიძე, ბავშვთა უფლებადამცველი და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი.

ანა თავხელიძე ახლა გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებშია. იგი გვიყვება, რომ, პირველ რიგში, ამერიკულმა გამოცდილებამ მიიქცია მისი ყურადღება, როცა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სასამართლოში საერთოდ არ მიდის:

„როგორც კი შეტყობინება შედის პოლიციაში, ან რაიმე ფორმით სახელმწიფოსთვის ცნობილი ხდება, რომ ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, ბავშვი ჩნდება ადვოკატირების ცენტრში, სადაც ის ყველა სერვისს იღებს და ამასთან მას ინტერვიუსთვის ამზადებენ. ამისთვის არსებობენ სპეციალიზებული ინტერვიუერები, რომლებიც ბავშვს ამზადებენ ინტერვიუსთვის. ინტერვიუ ტარდება სპეციალურ სივრცეში, რომელსაც გამომძიებელი, ადვოკატი, თუ სოციალური მუშაკი თვალს ადევნებს მხოლოდ მონიტორიდან. გამომძიებელი აკვირდება ამ პროცესს, ახდენს აუდიო-ვიდეო ჩაწერას და ეს მიაქვს მტკიცებულების სახით სასამართლოში.

ჩვენ გვქონდა შეხვედრა ტუსონში, სადაც პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელს შევხვდით. გვითხრა, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, ამ ინტერვიუს შემდეგ ბავშვთან დამატებითი კითხვის დასმა აღარ მოუწიოთ, რომ ბავშვის რეტრავმირებას არ შეუწყონ ხელი. შტატების მიხედვით განსხვავებული პრაქტიკაა, თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ, ჯვარედინი დაკითხვა არ მოხდეს. სისტემა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, ბავშვს სასამართლოში მისვლა და დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა არ დასჭირდეს.

ჩვენთან, თბილისის მომსახურების ცენტრი კარგი სივრცეა, არაჩვეულებრივი თანამშრომლები არიან და სპეციალიზებული პირებიც ჰყავთ, თუმცა კანონმდებლობაში არ გვაქვს ჩანაწერი. ასეთივე სივრცეა მოწყობილი რუსთავის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში, ბევრი წელია ამ სივრცეს ვიყენებდით. მე არ ვთანხმდები ბავშვის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვას – ყველა შემთხვევაში ასეთ სივრცეში ვითხოვ გამოკითხვას და გამომძიებლებიც მთანხმდებიან. მაგალითად, ხაშურის წარმოებაში არსებულ საქმეზე გამოკითხვის პროცესი ჩავატარეთ რუსთავის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში.

ინტერვიუერს ვატარებინებთ გამოკითხვას, მონიტორიდან ვაკვირდებით ამ პროცესს, ვადგენთ შესაბამის დოკუმენტებს, ბავშვთან კი, მხოლოდ ინტერვიუერია, ჩაწერაც ხდება, მაგრამ ეს პრაქტიკა საქართველოში ერთიანი არ არის. არ არის სწორი პრაქტიკა, როცა გამომძიებელი აწარმოებს გამოკითხვას,“ – განმარტავს ანა თავხელიძე.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ იშვიათი გამონაკლისის და უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, პედოფილიის მსხვერპლი ბავშვს სასამართლოში არ უნდა უწევდეს ჩვენების მიცემა. რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი გამოიკითხა იმ დროს, როცა სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულის მიმართ ჯერ დაწყებული არ არის და არც ადვოკატი არსებობს, რომელსაც შეეძლება მსხვერპლს თავისი შეკითხვები დაუსვას?

„ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენჯერმე შეიძლება გამოიკითხოს ბავშვი და სასამართლოში ბავშვის არმიყვანით არ ირღვევა მოძალადის დაცვის უფლება. ევროსასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ადვოკატმა შეიძლება დასვას კრიტიკული კითხვები ინტერვიუერების ეტაპზე.

არ ვიცი, პრაქტიკაში ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა დაცვის მხარემ მიიღო მონაწილეობა გამოკითხვის პროცესში გამოძიების ეტაპზე და ეს ჩათვალოს სასამართლომ, რომ ესაა უკვე ბავშვის ჩვენება სასამართლოში. უმეტეს შემთხვევაში სასამართლოში ხელახლა იკითხება ბავშვი,“ – განმარტავს ანა თავხელიძე.

ანა თავხელიძე

ანა თავხელიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეს ახლაც შეუძლია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან ამოვიდეს, ევროპულ პრაქტიკას დაეყრდნოს და გამამტყუნებელი განაჩენი მიიღოს იმ შემთხვევაშიც, როცა დაზარალებული ჩვენებას არ აძლევს სასამართლოს.

„მოსამართლე უნდა წავიდეს საერთაშორისო კანონმდებლობის გზით, ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან ამოვიდეს, თუმცა ამას მოსამართლეები არ აკეთებენ – უმეტესწილად ბავშვი მაინც მიჰყავთ სასამართლოში, რომ იქ დაიკითხოს. მოსამართლეები შეხვედრებზე გვეუბნებიან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამამართლებელი განაჩენი დადგება, თუ დაზარალებულის ჩვენება არ ექნებათ.

სასამართლო სისტემას ამაზე არ უმსჯელია, რომ ერთგვაროვანი პრაქტიკა ჰქონდეს. საკანონმდებლო ცვლილების გარეშეც შეიძლება სასამართლო მივიდეს ერთგვაროვან პრაქტიკამდე, თუმცა ვხედავთ, რომ ერთგვაროვან პრაქტიკამდე მისული არ ვართ,“ – კატეგორიულია ანა თავხელიძე.

რა ხდება ბავშვის გამოკითხვის დროს ცენტრში ბარნაჰუსის მეთოდით?

„ბავშვის გამოკითხვის პროცესში, რასაც ინტერვიუერი აწარმოებს, შესაძლოა, მეც გამიჩნდეს კითხვები, მაგალითად, ძალადობის წინარე ისტორიაზე,“ – გვიყვება ანა თავხელიძე. – „ინტერვიუერი როცა აცხადებს შესვენებას, გამოდის ოთახში, სადაც გამომძიებელია, წარმომადგენელი და ადვოკატი. ის გვთავაზობს, ხომ არ არის დამატებით შეკითხვა ბავშვთან… ბავშვი წინასწარ ინფორმირებულია, რომ მონიტორს იქეთ ვაკვირდებით ამ პროცესს, წინასწარ ვათვალიერებინებთ ამ ოთახს, იცის ასევე, რომ თუ არ სურს პასუხი გასცეს შეკითხვას, უნდა მოითხოვოს შესვენება, ან თქვას, რომ თავს ცუდად გრძნობს. პრაქტიკაში 2 საათი გრძელდება ეს პროცესი.

მე ეს ჩანაწერი სასამართლოში მტკიცებულების სახით მიმაქვს, მტკიცებულებად გამომიყენებია იმ შემთხვევაშიც კი, როცა პროკურატურის წინააღმდეგ ვდავობდი კვალიფიკაციის განსაზღვრის კუთხით.

ამ კონკრეტულ საქმეში ვიდრე ჩვენ ჩავერთვებოდით, პოლიციას ჰყავდა უკვე  ბავშვი გამოკითხული და გამოჩნდა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქ იყო გამოტოვებული, დამახინჯებული და ასე შემდეგ. სასამართლო დავარწმუნეთ იმაში და დაგვთანხმდა, რომ აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც ბავშვი თავისუფალ, უსაფრთხო გარემოში, ყოველგვარი მინიშნების და მითითების გარეშე გადმოსცემს ინფორმაციას, უფრო სანდოა და უნდა გამხდარიყო სამართლებრივი საფუძველი კვალიფიკაციის განსაზღვრისთვის. სასამართლო დაგვთანხმდა,“ – უთხრა ანა თავხელიძემ „ბათუმელებს“.

ადვოკატი ბათუმიდან: ყველა ერთ ოთახში ვართ, სამმართველოს შენობაში, როცა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვს კითხავენ 

„მეორეული ვიქტიმიზაცია ხდება, ესაა მთავარი პრობლემა. სხვადასხვა გარემოების გამო ხშირად მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი სჭარბობს ბავშვის საუკეთესო ინტერესს: მსჯავრდებული წლების შემდეგ გამოვა ციხიდან, მსხვერპლს კი, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის ბევრად მეტი წელი შეიძლება დასჭირდეს“, – გვიხსნის გვანცა თურმანიძე, „იურიდიული დახმარების სამსახურის“ ადვოკატი.

ბათუმელი ადვოკატი გვიყვება, რომ 2024 წლიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოკითხვა უკვე არასრულწლოვანთა სამმართველოში ტარდება, რომელიც, მართალია, ისევ შსს-ს სამმართველოს შენობაშია, მაგრამ ეს ნაწილი იზოლირებულია და ადაპტირებული. ადვოკატი საქმეებიდან გამომდინარე, რამდენიმე პრობლემაზე აკეთებს აქცენტს:

გვანცა თურმანიძე

„ბათუმში გამომძიებელი ატარებს გამოკითხვას, ადვოკატის, სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის თანდასწრებით.

სამწუხაროდ, პრაქტიკაში 100-მდე დაზარალებული და მსხვერპლი მყოლია. არ ყოფილა შემთხვევა, როცა ვიდეო ჩაეწერათ. აუდი-ვიდეო ჩაწერა, გარდა იმისა, რომ დაკავშირებულია ტექნიკის პრობლემასთან, პრობლემაა ასევე ბავშვის ემოციური მდგომარეობა, ამ დროს ბავშვი ისტორიას ჰყვება შესვენებებით. გასაგებია, რომ ბავშვი იკითხება სასამართლოშიც, მაგრამ ჩანაწერი კარგია იმ კუთხით, რომ მას ხელახლა მოყოლა არ მოუწიოს, მხოლოდ კითხვებზე პასუხის გაცემით შემოიფარგლებიან მხარეები.

ყველა ერთ ოთახში ვართ. ფსიქოლოგის როლი არის ყველაზე აქტიური, მან კითხვები უნდა გაფილტროს, მატრავმირებელ კითხვებს მეც ვაპროტესტებ, რომ განრიდებულ იქნას…

რაც შეეხება სასამართლოს: ჯვარედინი დაკითხვის უფლება ვერ შეიზღუდება, ორივე მხარე კითხავს ბავშვს. კარგი იქნება, თუ ეს საკითხები კანონმდებლობით განისაზღვრება. ჩემი აზრით, ერთ სივრცეში უნდა ხდებოდეს ბავშვის გამოკითხვა, სადაც მას ფსიქოლოგიურ და სოციალურ სერვისებს აწვდიან, მასთან შეხება არ უნდა ჰქონდეს ბევრ პირს.

სირთულეა ფსიქოლოგების რაოდენობაც. სოციალურ სამსახურს ზოგჯერ უჭირთ ფსიქოლოგის გამოყოფა, რეაბილიტაციის გავლა არის პრობლემა,“ – უთხრა გვანცა თურმანიძემ „ბათუმელებს“.

ამ დრომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბავშვები სასამართლო სხდომის დარბაზში აძლევენ ჩვენებას. ეს სხდომა დახურულია და დარბაზიდან ამ დროს ბრალდებული გაჰყავთ, თუმცა ადვოკატები თანხმდებიან, რომ ბავშვისთვის სასამართლოში მისვლა და განსაკუთრებით მისთვის უცხო ადამიანების კითხვებზე პასუხის გაცემა განსაკუთრებით პრობლემურია. ადვოკატი გვანცა თურმანიძე განმარტავს, რომ მოსამართლეს რამდენიმე შემთხვევაში დაუშვია დისტანცირებულად ჩვენების მიცემაც, როცა დაზარალებულად მიჩნეული ბავშვი ბათუმში არ არის.

გარდა იმისა, რომ რეგიონებში ბარნაჰუსის მეთოდით ბავშვების გამოკითხვა ვერ ხერხდება, ადვოკატი შენიშნავს ექსპერტიზის ჩატარების სირთულეს, რაც ტრავმირებული ბავშვისთვის დამატებით პრობლემაა:

„იმის გამო, რომ სამედიცინო ექსპერტიზა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს მისივე სქესის წარმომადგენელმა უნდა ჩაუტაროს და ბათუმში არ არის ამ კუთხით ქალი ექსპერტი, ბავშვის გადაყვანა გვიწევს ქუთაისში, ან თბილისში,“ – დასძენს გვანცა თურმანიძე.

ელისო რუხაძე, უფლებადამცველი: ბავშვი ერთხელ რომ მისცემს ჩვენებას პროფესიონალ ადამიანებს, სამჯერ და ხუთჯერ აღარ მოუხდეს იმავეს გამეორება

„ბარნაჰუსის შესახებ ბევრმა მოსამართლემაც კი არ იცის, არადა იმხელა რესურსია, მისი გამოუყენებლობა ნიშნავს არაპროფესიონალიზმს,“ – მიიჩნევს უფლებადამცველი ელისო რუხაძე, „უფლებები საქართველო“.

ადვოკატი, პირველ რიგში, ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ცენტრის გეოგრაფიულ დაფარვის პრობლემაზე საუბრობს „იყო გორის შემთხვევა და მივიღეთ პასუხი, მხოლოდ თბილისის ქეისებს ვფარავთო. ცენტრი არაა ისე დატვირთული, ვერ მოხერხდეს რეგიონების ქეისების განხილვა,“ – გვიყვება ელისო რუხაძე და აღწერს, როგორ უწევს მუდმივად იმის ნახვა, რამდენი გამოწვევის წინაშე ტოვებს სახელმწიფო სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვს:

„წარმოიდგინეთ, ბავშვს რამდენ უცხო ადამიანთან უწევს ამ ისტორიის მოყოლა, მატრავმირებელია ძალიან: ბავშვს ესირცხვილება, უჭირს ამოთქმა… ვიდრე ბარნაჰუსამდე მივა, ჯერ ხომ ახლობელს უნდა მოუყვეს მომხდარის შესახებ, მერე თუ მიმართეს პოლიციას, პრე-გამოკითხვა ტარდება და მოკვლევის ეტაპია. ამ პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება შეესწროს საგამოძიებო ორგანოში, ის არაა დაცული სივრცე.

ვიდრე ბარნაჰუსამდე მივა ბავშვი, ისიც თბილისის შემთხვევაში, ბიუროკრატიული ეტაპებია გასავლელი. ბარნაჰუსის კონცეფცია ძალიან კარგია, ძალიან კარგი პერსონალი ჰყავს ამ ცენტრს… მაგალითად, ვიცავდი 10 წლის გოგოს, რომელიც პარალელურად იყო დედის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ბავშვს არ უნდოდა ჩვენების მიცემა დედის წინააღმდეგ. ვიშუამდგომლეთ, რომ ფსიქოლოგს გამოეკითხა. ბარნაჰუსიდან ჩავერთეთ სასამართლოს, ფსიქოლოგები დამეხმარნენ იმაში, რომ ჩვენება მიეცა სასამართლოსთვის,“ – გვითხრა ელისო რუხაძემ.

ელისო რუხაძე

უფლებადამცველი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ხშირად სასამართლო სხდომა, სადაც მსხვერპლი ჩვენებას აძლევს, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე თვის შემდეგ იმართება.

„ბარნაჰუსის პრინციპი კი არის ის, რომ ბავშვი ერთხელ რომ მისცემს ჩვენებას პროფესიონალ ადამიანებს, სამჯერ და ხუთჯერ აღარ მოუხდეს იმავეს გამეორება. ფსიქოლოგები ცდილობენ, რომ ბავშვს დაავიწყონ მომხდარი, 3-4 თვის შემდეგ კი, მსხვერპლს სასამართლოში ვეუბნებით, ისევ გაიხსენე მომხდარიო.

სამართლებრივად ჯვარედინი დაკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმდენად ზიანდება ბავშვის ფსიქიკა, საუკეთესო ინტერესი, რომ, ჩემი აზრით, პროკურატურამ უნდა სცადოს მოიპოვოს სხვა მტკიცებულებები ბავშვის ჩვენების მიღმა, რაც ეჭვქვეშ აღარ დააყენებს ბრალის დადასტურებას.

ვფიქრობ, ბარნაჰუსით გამოკითხვის დროს ჩართული უნდა იყო ბრალდების მხარის ადვოკატიც. ეს უბრალოდ არის ტექნიკის და მონდომების ამბავია,“ – ამბობს ელისო რუხაძე.

უფლებადამცველი აქვე იმ ისტორიასაც გვიყვება, როგორ უჩივლა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სახალხო დამცველთან, ხოლო დისკრიმინაციის დადგენის შემდეგ კანონი დაზუსტდა.

„სამხარაულის ბიუროში ტარდებოდა ექსპერტიზა და წერდა, რომ 10 წლამდე ბავშვებს მომხდარის სწორად აღქმა არ შეეძლოთ. ექსპერტიზის მიხედვით, 10 წლამდე ბავშვის ჩვენებას არ უნდა ენდო. ეს საქმეები განწირული იყო თაროზე შემოსადებად. დღეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებს ექსპერტიზა უტარდებათ ბარნაჰუსში,“ – აღნიშნა ელისო რუხაძემ „ბათუმელებთან“.

დასაშვებია თუ არა, რომ პედოფილიის მსხვერპლი ბავშვი სასამართლოში აღარ დაიკითხოს? – ადვოკატის აზრით, ამ საკითხზე მოსამართლეები ერთგვაროვან პრაქტიკას ვერ ჩამოაყალიბებენ და საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება.

„მოსამართლეები დახურულ შეხვედრებზე გვეუბნებიან, რომ კანონს დავარღვევთ ასე, მოწმის ჩვენება არის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებაო. მოსამართლეების უმეტესობა ამბობს, რომ მე ბავშვი უნდა მომიყვანოთ. როგორც პრაქტიკოსი უფლებადამცველი ვამბობ, რომ საკანონმდებლო დონეზე უნდა მოწესრიგდეს ეს საკითხი. საკანონმდებლო მოწესრიგების შემდეგ გამოკითხვის ამსახველ ვიდეოს სასამართლო გამოიყენებს, როგორც ძალიან სანდო და უტყუარ მტკიცებულებას, უნდა იყოს დათქმა, რომ ვიდეოჩანაწერი, რაც ასახავს ამ გამოკითხვას, სექსუალური ძალადობის საქმეებში ბავშვებთან მიმართებით, უნდა მოხდეს მისი მტკიცებულების სახით გამოყენება,“ – გვითხრა ელისო რუხაძემ.

სად უნდა დასვას მაშინ შეკითხვები ბრალდებულის ადვოკატმა? – უფლებადამცველის აზრით, ბევრად მისაღებია ბავშვის ხელახლა ბარნაჰუსში გამოკითხვა, ვიდრე ჩვენების მიცემა სასამართლოში.

„ბარნაჰუსში გამოკითხვა ნაკლებად ტრავმის მომტანია, სასამართლოში ბევრი აქტორია: მოსამართლე, სხდომის მდივანი, პროკურორი, ადვოკატები, რომლებიც არაეთიკური კითხვებით გამოირჩევიან და არაერთი გადაწყვეტილება არსებობს ეთიკის დარღვევაზე. ხშირად მოწმის ჩვენების გაუფერულებას და დისკრედიტაციას ცდილობს ბევრი ადვოკატი, რაც აისახება გადაწყვეტილებაზეც,“ – ამბობს „უფლებების საქართველოს“ ადვოკატი, ელისო რუხაძე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: