სარჩელი ზეგანკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზე არ დაკმაყოფილდა

ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი „პროფესიული კავშირებიდან“  იმ სამართლებრივი ნორმების ანტიკონსტიტუციურად მიჩნევას მოითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც, ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურებადია კვირაში 48 საათიანი მუშაობის შემდეგ. მოსარჩელე მხარე თვლიდა, რომ ზეგანკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს ყველა შემთხვევაში, თუ პირი მუშაობს კვირაში 40 საათზე მეტს.

„ჩვენს ამ მოთხოვნას ეთანხმება სახალხო დამცველი. ასევე ასოცირების ხელშეკრულებაში წერია, რომ სახელმწიფომ 4 წლის განმავლობაში უნდა მიიღოს ახალი წესი ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით. არსებული კანონმდებლობით, სპეციფიკურ სამუშაო ადგილებზე ზეგანკვეთური სამუშაო ანაზღაურდება მხოლოდ 48 საათის შემდეგ, რაც მიუღებელია. პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფომ სპეციფიკურად მიიჩნია თითქმის ყველა სამუშაო ადგილი“  – ამბობს ილია ლეჟავა, „რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ ხელმძღვანელი.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქეების – ილია ლეჟავასა და ლევან როსტომაშვილის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოქალაქეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს გასული წლის ივნისში მიმართეს. საკონსტიტუციო სასამართლო ამ საქმეზე განმარტებებს რამდენიმე დღეში გააკეთებს.

33 მილიონი დოლარის თხილის ექსპორტი სამ თვეში

2016 წლის იანვარ-მარტში თხილისა და სხვა კაკლის ჯგუფის ექსპორტმა 33 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამავე პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 84 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 38 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა.

eqsport

eqsport

რაც შეეხება იმპორტს, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-მარტში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 260 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 15 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 124 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 7 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 99 მლნ. აშშ დოლარით [იმპორტის 6 პროცენტი].

impor

ქედაში მშვილდოსნობის სექცია გაიხსნა

ქედის სასპორტო სკოლის ბაზაზე დღეს მშვილდოსნობის სექცია გაიხსნა. სექციის გახსნასთან დაკავშირებით აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციამ დღესვე ეროვნული ნაკრების წევრებს შორს საჩვენებელი ტური მოაწყო.

„ქედაში ყველა ის საჭიროება და ბაზა არსებობს, რომ სპორტის ამ სახეობამ იფუნქციონიროს, ინვენტარი შევუძინეთ ქედის სექციას, მწვრთნელიც გვყავს, ვგეგმავთ შუახევსა და ხულოში გავხსნათ მშვილდოსნობის სექციები, ჩვენ ამ მომენტისთვის ოთხი მშვილდი შევიძინეთ, თუ იქნება მეტი მოთხოვნა, შესაბამისად შევიძენთ მშვილდსა და ყველა საჭირო ინვენტარს,“ – ამბობს აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციის დირექტორი ბადრი ვარშანიძე.

ქედაში მშვილდოსნობას ტარიელ ქადიძე შეასწავლის. „ასაკი შეზღუდული არ იქნება, თუმცა უკეთესია ახალგაზრდებით დაკონპლექტდეს მშვილდოსანთა ჯგუფი, მთავარია სექცია გაიხსნა და ინტერესი არის სპორტის ამ სახეობას დაეუფლონ, ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული რამდენი ჯგუფი იქნება, სავარაუდოდ, თითო ჯგუფი რვა აღსაზრდელით დაკომპლექტდება,“ – ამბობს ტარიელ ქადიძე.

მშვილდოსნობის სექციის გახსნა ქედაში
მშვილდოსნობის სექციის გახსნა ქედაში

მშვილდოსნობის სექციის გახსნა ქედაში

საია: მინისტრის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან

„გვაჩვენოს დავით ბალაძემ კონკრეტული ციფრები და დაადასტუროს, რომ რეგიონში ნამდვილად ინვესტორების ბუმია“ – ამ მოთხოვნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ბრიფინგი გამართეს. უმაღლესი საბჭოს წევრი, ეკა თარგამაძე ამბობს, რომ მათ სამინისტრო იმ ინვესტორების შესახებაც არ აწვდის ინფორმაციას, ვისაც კონკრეტული ვალდებულებები სახელმწიფოსთან აქვთ აღებული, ანუ ე.წ. სახელმწიფო ინვესტიციებზე.

რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ასევე გააპროტესტეს კერძო ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის მიუღებლობა. მაშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ თქვა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

„მინისტრის განმარტება არის უსაფუძვლო და იგი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსთან – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი ხიმშიაშვილი, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი – ამ ტიპის განცხადება არის საშიში ტენდეციის მატარებელიც, ვინაიდან მინისტრის ამ განმარტების შინაარსით აუცილებლად იხელძღვანელებენ ის უწყებები, რომელთა კოორდინირებას ახორციელებს ეკონომიკის სამინისტრო. თუ მინისტრი ვერ იაზრებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების მნიშვნელობასა და ფარგლებს, რომლის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის ინფორმაციის გასაჯაროება,  მაშინ უფრო რთული ხდება მის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებს აუხსნა საჯარო ინფორმაციის არსი და მნიშვნელობა,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ დრომდე დღევანდელ ბრიფინგს არ გამოხმაურებია. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს კერძო ინვესტიციების მოცულობამ ჯამში 366 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

თურქეთი, ირლანდია, რუსეთი, ჩინეთი – საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე] 2145 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 443 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს [12 პროცენტით ნაკლები], ხოლო იმპორტი 1703 მლნ. აშშ დოლარს [5 პროცენტით ნაკლები].

2016 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი [342 მლნ. აშშ დოლარი], ირლანდია [210 მლნ. აშშ დოლარი], რუსეთი [185 მლნ. აშშ დოლარი] და ჩინეთი [169 მლნ. აშშ დოლარი].

თურქეთი

ირლანდია

რუსეთი

ჩინეთი

ფოლკლორული ბავშვთა ოლიმპიადია ქედაში

ქედის კულტურის ცენტრში, ქედაში არსებულ ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლებს შორის მუნიციპალური ოლიმპიადია მიმდინარეობს.

11223560_1002117626550610_9196905634707206620_oოლიმპიადაში ერთმანეთს 11 საჯარო სკოლისა და კულტურის ცენტრთან არსებული სახელოვნებო სკოლის ანსამბლები ეჯიბრებიან. ფოლკლორული ანსამბლების შესრულებას ქედაში 12 წევრიანი ჟიური აფასებს, გამარჯვებულთა ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. შესაბამისად, ქედის ფოლკლორულ ანსამბლებს შორის გამარჯვებული ანსამბლი მონაწილეობას საფინალო ტურში სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულ ანსამბლებთან ერთად დასკვნით ტურში მიიღებს.

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი, ჟიურის წევრი მადონა თევზაძე: „ოლიმპიადა სამ ეტაპას მოიცავს, პირველი ეტაპი ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა, ქედაში დღეს მიმდინარეობს, სულ 14 გამარჯვებული გამოვლინდება, აქედან შვიდი სიმღერაში და შვიდი ცეკვაში. გამარჯვებულ ანსამბლებს სასცენო ფორმები და წამახალისებელი საჩუქრები გადაეცემა“.

მუნიციპალიტეტებში გამარჯვებულ ანსამბლებს შორის დასკვნითი, საფინალო ტური 24 მაისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჩატარდება. ოლიმპიადა , „რომლის მიზანია ტრადიციული, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა – პოპულარიზაცია“ სახელოვნებო თუ საჯარო სკოლის ანსამბლებს შორის ხუთი წელია ტარდება.

ბათუმის საკრებულო მოსამართლისთვის ბინის გადაცემაზე

ბათუმის საკრებულო ხვალ, 20 აპრილს საკონსტიტუციო მოასამართლის, მერაბ ტურავასათვის ბინის გადაცემის საკითხს განიხილავს. საკრებულოს უმრავლესობა საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარს დაუჭერს – ეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა დღეს, 19 აპრილს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა.

„საქართველოს ორგანული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ავალდებულებს სახელმწიფოს უზრუნველყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე საცხოვრებელი ფართით. ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულმა ქონების მართვის სააგენტომ მოგვმართა, რომ საკუთრებაში გადავცეთ 125 კვ/მ ფართი იმ პირობით, რომ ის სიმბოლურ ფასად გადასცემს აღნიშნულ ქონებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მერაბ ტურავას“ – განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი ჭეიშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რაც შეეხება ოპონენტების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს, ეს არის ის შემთხვევა, „როცა საკითხს უნდა მიუდგე სახელმწიფოებრივად და არა მოკლე პოლიტიკური ინტერესებით“. „აქამდე იყო პრაქტიკა, რომ საკუთრებაში აძლევდნენ [ბინას] და ტურავა ვერ იქნება გამონაკლისი“ – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

საკითხი რომ მერაბ ტურავას სასარგებლოდ გადაწყდეს, ამისათვის ბათუმის საკრებულოს 25 წევრიდან 13-მა მაინც უნდა დაუჭიროს მხარი მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდიდან 125 კვ/მ ფართობის ბინის გადაცემას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვის.

უკვე ცნობილია, რომ საკითხს მხარს არ უჭერენ საკრებულოს ფრაქცია  „თავისუფალი დემოკრატები“. მეტიც, როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა, კობა ჩხეიძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, ისინი დღეს, 19 აპრილს, ბიუროს სხდომაზე ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგიდან საკითხის საერთოდ ამოღებას მოითხოვენ.

საკითხს მხარს არ დაუჭერენ „რესპუბლიკელებიც“. ფრაქციის თავმჯდომარემ, თემურ ყურაშვილმა აღნიშნა, რომ ფრაქცია გუშინვე შეიკრიბა და მიიღო გადაწყვეტილება: „ფრაქცია არ უჭერს მხარს ტურავასათვის ბინის გადაცემას მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდის ხარჯზე. მიგვაჩნია, რომ ეს ვალდებულება გააჩნია ცენტრალურ ხელისუფლებას, მთავრობას და მან უნდა დააკმაყოფილოს მოსამართლეები ბინით. ამავე დროს ვფიქრობთ, რომ არის საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც ალბათ თავის დროზე უნდა გამოასწოროს პარლამენტმა, იმიტომ, რომ ბინები სახელწიფომ უნდა გადაეცეს მოსამართლეებს იმ ვადით, რა ვადითაც არიან ისინი განმწესებული სასამართლოში“.

ცნობილია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაც. ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის თქმით, „ნაციონალები“ საკითხს მხარს არ დაუჭერენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტს საკრებულოს კიდევ ერთი ფრაქცია – „ახალი ოპოზიცია“ [ამ ფრაციის შემადგენლობაში არიან: „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“, „სალომე ზურაბიშვილი- საქართველოს გზის“ და „ერთიანობის დარბაზის” წარმომადგენლები.] ფრაქციის ხელმძღვანელთან, გიორგი ცინცქილაძესთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ ვერ შეძლო, ფრაქციის ერთ-ერთი წევრი, რამაზ სურმანიძე კი ამბობს, რომ ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმის საკრებულო მერაბ ტურავასათვის ბინის გადაცემას განიხილავს, „ბათუმელებმა“ გუშინ, 18 აპრილს გაავრცელა.

ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელმაც ამ პრაქტიკას „მანკიერი“ უწოდა: „დაუშვებლად მიგვაჩნია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების იმგვარი გამოყენება, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდგომში მოსამართლესსიმბოლურ ფასად. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა საქმიანობისათვის შესაბამისი გარანტიების შექმნა წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას და ამ პროცესში თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონება არ უნდა იქნეს გამოყენებული“ – აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინვე, განცხადება გააკეთეს საკონსტიტუციო სასამართლოშიც, სადაც აღნიშნეს, რომ ბინის გადაცემის საკანონმდებოლო საფუძველი არსებობს.

ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის ბალანსზე არსებული საბინაო ფონდის შესახებ „ბათუმელებმა“ სტატია გასულ წელს მოამზადა. გასული წლის მონაცემებით ბათუმში დაახლოებით 1700 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს, მათგან ნაწილი მრვალშვილია, ნაწილი – სოციალურად დაუცველი, ისინი მერიას და მთავრობას წლებია მიმართავენ დამხმარების თხოვნით.

ასეთ ფონზე, რამდენად გამართლებულად მიაჩნია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს მაღალანაზღაურებადი მოსამართლისათვის ბინის საკუთრებაში გადაცემის პრაქტიკა?

„ბათუმელების“ ამ შეკითხვას ირაკლი ჭეიშვილმა ასე უპასუხა:

„როცა სახელწიფო და კანონი გავალდებულებს, რომ უნდა გადასცე საკუთრებაში, ამ შემთხვევაში მე გამართლებულად მიმაჩნია თუ არა, ჩემი აზრი მეორეხარისხოვანია.“

ეყოფა თუ არა საკრებულოს ხმები, საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, ეს ხვალინდელ სხდომაზე გაირკვევა, რომელიც დილის 11 საათზეა ჩანიშნული.

საგადასახადო სამართალდარღვევის 971 ფაქტი 7 დღეში

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით 11 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 971 ფაქტი გამოვლინდა.

„კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა შეამოწმეს 8172 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 92 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 89 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 790 შემთხვევა“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში

“დევნილთა დასახლებაში” მომხდარი მკვლელობის საქმე

მთელი პროცესის მიმდინარეობის დროს, როცა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მკვლელობის საქმეს განიხილავდა, მოკლულის დედა სასამართლოს ფოიეში იჯდა და ხმამაღლა ტიროდა. ის მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა. დედა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდა, თუმცა სამუშაო დროის ამოწურვის გამო, მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება მომდევნო სხდომისთვის გადადო. სასამართლომ ასევე უნდა მოისმინოს მკვლელობაში ბრალდებულის საბოლოო სიტყვა. ამ საქმის განხილვაზე დასასწრებად მსურველთაგან ბევრი პროცესს თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო ვერ დაესწრო.

მკვლელობა გასული წლის 9 სექტემბერს მოხდა ბათუმში, ე.წ. დევნილთა დასახლებაში. ბრალდებულმა მ.გ.-მ მოკლა პირი, რომელმაც მანამდე ბრალდებულის ახლობელი მოკლა დანით. მკვლელობებს წინ უსწრებდა სიტყვიერი ურთიერთშელაპარაკება.

„მკვლელობაში ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. მან მკვლელი მოკლა“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

საქმის მასალების მიხედვით, შეხვედრაზე, სადაც ორი პირი მოკლეს, არასასურველი სიძე უნდა შერიგებოდა ცოლის ძმას. ძმა დას იმიტომ გაუნაწყენდა, რომ მან ოჯახი [ქმარი და ორი შვილი] მოულოდნელად მიატოვა და ახალი ოჯახი შექმნა. „ახალი სიძე გამუდმებით ურეკავდა ცოლის ძმას და სთხოვდა შეხვედრას. საბოლოოდ შეხვედრა დევნილთა დასახლებაში შედგა, სადაც შეიკრიბნენ ორივე მხარის რამდენიმე მეგობარი და ნათესავი“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე

შეხვედრაზე სიტყვიერი შეურაცხყოფების შემდეგ, მ.შ.-მ [სიძის მეგობარი] დანით მძიმედ დაჭრა ქალის ძმა და მოკლა ქალის დეიდაშვილი. ამის შემდეგ ქალის ძმის ნათლულმა მ.გ.-მ ასევე დანით მოკლა მ.შ.

ბრალის დამკიცების შემთხვევაში, მ.გ.-ს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. განზრახ მკვლელობის გარდა, მას ასევე ბრალად ედება იარაღის უკანონო ტარება, რასაც ბრალდებული დაკავების დღიდან აღიარებს.

„ოცნების ქალაქის“ ულტიმატუმი არჩილ ხაბაძეს

გასულ კვირას არჩილ ხაბაძემ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლების შესახებ თქვა, რომ მათგან „მხოლოდ 10%-ს ანუ 90 ოჯახს“ ერგება სახელმწიფოს დახმარება. კვლევის მონაცემები, რაზე დაყრდნობითაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა ეს განცხადება, საზოგადოებისთვის უცნობია. არჩილ ხაბაძის განცხადებიდან მალევე „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა აჭარის მთავრობას ულტიმატუმით მიმართეს – ისინი 10 დღის ვადაში ითხოვენ ტერიტორიის დაკანონების პროცესის დაწყებას. რატომ აირჩიეს ულტიმატუმის ენა, ამის შესახებ „ბათუმელები“ ერთ-ერთ აქტივისტს, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ მარინა ბერიძეს ესაუბრა.

 მარინა ბერიძე
მარინა ბერიძე
ქალბატონო მარინა, რა კატეგორიის ხალხია ის 90 ოჯახი, ვისაც, არჩილ ხაბაძის თქმით, ეკუთვნის სახელმწიფოსგან დახმარება?

პირველი და მეორე კატეგორიის დამეწყრილი ოჯახები არიან. არადა, 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თითქმის 2000 ოჯახი ცხოვრობს – აქ არიან მარვალშვილიანები, უსახლკაროები, ომის ვეტერანები, რომლებმაც სამშობლოს ლამის სიცოცხლე ანაცვალეს, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები. ჩვენ ყველამ ერთად ვიცხოვრეთ გველებისა და თაგვების ბუდეში.

ცხადია, არ გამოვრიცხავ, რომ აქ იყოს ისეთი კატეგორია, ვისაც უნდა, რომ მთავრობას რამე გამოსტყუოს, მაგრამ მე ვამბობ, რომ შესაძლებელია ასეთი იყოს 10%, სხვებს ყველას სჭირდება დახმარება. ბატონი არჩილი უკუღმა ლაპარაკობს – აქ სოციალურად დაუცველები ვართ, ისეთები, ვინც უფასო სასადილოთი სარგებლობს.

გამოდის, სახელმწიფომ თითქმის მილიონ-ნახევარ ადამიანს უნდა მისცეს სახლი? – დაახლოებით ამდენი ადამიანია სოციალურად დაუცველი…

თუ ადამიანს სახლ-კარი აქვს და უკანონოდ ჩადგა ქოხი, მაშინ, რა თქმა უნდა, უარი უნდა უთხრან… თუ ვინმეს არ ეკუთვნის, მიუჩინონ თავისი ადგილი.

„ოცნების ქალაქში“ არც თუ ისე ცოტა ქოხია ჩაკეტილი. ეს რა კატეგორიის ქოხებია?

ადამიანები მუშაობენ, ზოგჯერ ღამის 12 საათამდეც კი. ზოგს პროტესტის ნიშნად აქვს ქოხი ჩადგმული, მძიმე ავადმყოფი ჰყავს და ცდილობს ამ გზით მიიქციოს სახელმწიფოს ყურადღება. ზოგი ექიმთან მისვლას აქედან უფრო ადვილად ახერხებს, ვიდრე სოფლიდან, რომელიც დამეწყრილია და მანქანა ვერ ადის. არის კატეგორია, ვისაც სხვაგან აქვს სახლ-კარი, მაგრამ იმას არ უკანონებენ და სწორედ ამიტომ ჩადგა ქოხი.

მე ვიცი რამდენიმე ისეთი ოჯახი, ვისაც აქვს სახლ-კარი სოფელში და ამის მიუხედავად ააშენა ქოხი „ოცნების ქალაქში“. ამ კატეგორიის ხალხი გიშლით თუ არა თქვენ ხელს?

მე მსგავსი არაფერი ვიცი. არ მგონია, აქ ვინმე მდიდარი ცხოვრობდეს, გარკვეულმა კატეგორიამ აქ სახლები სესხით აიშენა. ეგ მეხება მეც, – ქვის სახლი ავიშენე. მანამდე ვცხოვრობდი მუყაოს კედლებში ოთხი შვილით. მე არსად მაქვს წასასვლელი და ბავშვებს ვერ მოვკლავდი.

არ ვფიქრობ, რომ ჩვენ აქ ვინმე ხელს გვიშლის. თუ ხელისუფლებას სურს დაეხმაროს იმ კატეგორია ხალხს, რომლებიც დავასახელე, ის შეძლებს მათ გამოყოფას. მასვე შეუძლია სხვებს თავისი ადგილი მიუჩინოს.

თქვენი აზრით, თუ ადამიანს სოფელში აქვს სახლ-კარი, ხელისუფლებამ „ოცნების ქალაქში“ ქოხი უნდა დაუკანონოს თუ არა?

სახლ-კარი თუ აქვს ადამიანს, არ უნდა დაუკანონოს, მაგრამ თუ ამ სახლში 14-15 ადამიანი ცხოვრობს, მაშინ უნდა დააკმაყოფილოს. სიმართლე გითხრათ, ჩვენ როცა აქ დავსახლდით, არ დასმულა კითხვა – შენ სხვაგან გაქვს სახლი? ჩვენ აქ ვიბრძვით ერთად, მე არ მაქვს ხელისუფლების იმედი, რომ ის სამართლიანად მოგვექცევა. ვისაც მათი თქმით, ეკუთვნით სახლები, ალბათ, იმათაც არაფერს მისცემენ. ეს არის მათი ფორმალური სახე. გაიხსენეთ რა ქნეს წალკის შემთხვევაში, ხალხი ზამთარში გამოყარეს სახლებიდან.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ზუსტი მონაცემის დადებაზე მაინც მოგიწევთ ზრუნვა, ანუ რაიმე კვლევის ჩატარებას ხომ არ გეგმავთ, როგორც აქტივისტი?

არა, მე ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. ან როგორ დავამტკიცო, ვის რა სახლი აქვს.

ვთქვათ, მთავრობამ შეასრულა თქვენი მოთხოვნა. რას ფიქრობთ, მანდ ნორმალური ცხოვრებისთვის პირობების შექმნა შეიძლება?

მთავრობამ სახლ-კარი მისცეს პირველი და მეორე კატეგორიის დამეწყრილებს, როგორც თვითონ ამბობს… დანარჩენებს _ აქ არის 19 ჰექტარი ტერიტორია. ჩვენ ვხვდებით, რომ ამხელა ტერიტორიას ხელისუფლება ჩვენ არ მოგვცემს, მაგრამ ჩვენ მოვძებნით ინვესტორს და იმას მისცეს ამ ტერიტორიის ნაწილი. ინვესტორი აიღებს ჩვენ მიმართ პასუხისმგებლობას.

დავუშვათ, გაიზიარა ხელისუფლებამ თქვენი მოთხოვნები. ალბათ, შემდეგი 2000 ქოხი გაჩნდება ერთ კვირაში. როგორ უნდა გაჩერდეს ეს პროცესი?

თუ სოფლებში ადამიანს არ მისცემენ კანონით დადგენილ 2 ათას მეტრ მიწას, რომ ძროხა შეინახოს, მეურნეობა აწარმოოს, სხვანაირად როგორ იცხოვროს? აქ ვიღაცა ცხოვრობს პატარა ქოხში, მაგრამ დილით მიდის და ვიღაც ექიმს სახლს ულაგებს, თურქეთში გადადის სამუშაოდ. სოფელში დარჩენილმა რა ქნას, არც მიწა აქვს ხალხს და არც სახლი. სხვა 53-ე ბატალიონი აუცილებლად გაჩნდება, თუ ხალხი სოფელში არ დაამაგრეს, პირობები არ შეუქმნეს.

ვფიქრობ, აქაურობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაშლიან, ბომბს თუ ააფეთქებენ. ჩვენ არსად გვაქვს წასასვლელი.

თქვენ ულტიმატუმი წაუყენეთ და 10-დღიანი ვადა მიეცით ხელისუფლებას, 10 დღის შემდეგ რას აპირებთ?

გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს. თურმე დამეწყრილ ოჯახებს აძლევენ ქონებას. ამ ხალხს კანონით ხომ ეკუთვნოდა დახმარება, იქამდე რატომ არ დაეხმარნენ, სანამ „ოცნების ქალაქში“ ქოხები არ ჩადგეს?

არჩილ ხაბაძის და შშმ პირის შეხვედრა ქუჩაში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეს  გუშინ , საღამოს საათებში, მთავრობის შენობის წინ შეხვდა.

ამ შეხვედრის ფოტოები  აჭარის მთავრობამ  სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, მოქალაქე  ჯემალ ჭელიძე  არჩილ ხაბაძესთან შეხვედრას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შიმშილობას დაიწყებდა.

მოქალაქე ჯემალ ჭელიძემ მთავრობის შენობაში შესვლა  არაადაპტირებული გარემოს გამო ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 41-ე დადგენილებით, ყველა საჯარო უწყება ვალდებულია  შენობა-ნაგებობები შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ, ამ დადგენილებას საჯარო უწყებების უმრავლესობა არ ასრულებს. მათ შორის აჭარის მთავრობაც.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობას არ აქვს პანდუსი და შშმ პირებს პირველ სართულზეც კი არ შეუძლიათ შესვლა.

 

13000213_1184249221608452_1097826356922162308_n

 

მთავრობის ინფორმაციით, მოქალაქე ჯემალ ჭელიძეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აქვს შეტანილი პროექტი, რომელიც შშმ პირებისთვის გარემოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს.  სწორედ ამ პროექტის განხორციელებაში სთხოვდა ის არჩილ ხაბაძეს დახმარებას. შშმ პირებისთვის  საჯარო სივრცეების ხელმისაწვდომობას კი კანონი ისედაც ავალდებულებს მთავრობას.

სწორედ არაადაპტირებული შენობის გამო მოხდა არჩილ ხაბაძის და ჯემალ ჭელიძის საქმიანი შეხვედრა ქუჩაში.

მთავრობის ინფორმაციით,  ჯემალ ჭელიძეს არჩილ ხაბაძე პროექტის განხორციელებაში დახმარებას დაჰპირდა და ის შიმშილობას აღარ დაიწყებს.

ბათუმის მერიის საჩუქარი საპატრიარქოს

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, „970 ლარის ღირებულების მქონე 500 ცალი კრამიტი და 400 ლარის საერთო ღირებულების მქონე 50 კვ/მეტრი ძვლის ფორმის, მოსაპირკეთებელი ფილა“ უსასყიდლოდ, თხოვების უფლებით სსიპ „საქართველოს საპატრიარქოს“ გადაეცემა.

„ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივანი თამარ ჩხაიძე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში 2016 წლის 18 თებერვალს წარმოდგენილი წერილით ითხოვს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 500 ცალი კრამიტისა და 50 კვ/მ მოსაპირკეთებელი ფილის გადაცემას, წმ. ევდემოზ კათალიკოსის სახელობის მშენებარე ტაძრის გადახურვისა და ეზოს კეთილმოწყობის მიზნით“, – აღნიშნულია მერიის განმარტებით ბარათში.

ბათუმის მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ ქონების გადაცემას.

DSCN8665
ევდემოზ კათალიკოსის სახელობის მშენებარე ტაძარი

გასულ თვეში, ანგისას დასახლებაში  ევდემოზ კათალიკოსის სახელობის მშენებარე ტაძრის ერთ მხარეს ქვის ის ღობე დაინგრა, რომელიც მეზობელთან საზიაროა.  გაცემულია თუ არა ნებართვა ეკლესიის მშენებლობაზე? – ამ კითხვაზე პასუხი „ბათუმელებმა“ ვერც მერიისგან მიიღო და ვერც ეპარქიისგან.

ქალაქის მერს, გიორგი ერმაკოვს, ზემოაღნიშნული ქონების საპატრიარქოსთვის გადაცემაზე თანხმობა ბათუმის საკრებულომ 20 აპრილს უნდა მისცეს.

ამავე თემაზე:

ბათუმში დაყადაღებული ავტომობილების ღია ავტოსადგომი მოეწყობა

ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტით, ლერმონტოვისა და ს. ხიმშიაშვილის ქუჩების მიმდებარედ, აღსრულების ეროვნული ბიურო დაყადაღებული ავტომობილებისთვის ავტოსადგომსა და ასევე დაყადარებული სხვა ნივთებისთვის საწყობს ააშენებს.

ავტოსადგომისა და საწყობისთვის, ბათუმის მერმა იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით უნდა გადასცეს ზემოაღნიშნულ მისამართზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი – 2761 კვ/მ.

ბათუმის მერისთვის ამ ქონების გადაცემაზე თანხმობის მიცემის საკითხს ბათუმის საკრებულო მინმდინარე წლის 20 აპრილის სხდომაზე განიხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლო: მოსამართლეებისთვის ბინის გადაცემა დამკვიდრებული პრაქტიკაა

მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბათუმში ბინის გადაცემასთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთის წინ, განცხადება გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლომ. საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩევლის გიორგი დავითურის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის, მეორე პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია „მოსამართლეს შეუქმნას მოღვაწეობისთვის და ცხოვრებისთვის ღირსეული პირობები“.

გიორგი დავითურის თქმით, აღნიშნულ ჩანაწერს იმეორებს საკონსტიტუციო სასამართლოს სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც განამტკიცებს სახელმწიფოს იგივე ვალდებულებას.

„მოცემულ შემთხვევაში, როგორ განახორციელებს სახელმწიფო ამ ვალდებულებას ეს არის მისი გადასაწყვეტი. რაც  შეეხება მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხს, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლო გადმოვიდა ბათუმში, ეს არ არის პრეცენდენტი, როდესაც ახალდანიშნულ მოსამართლეს გადაეცა ბინა, ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა. შესაბამისად, სახელმწიფომ აირჩია ეს ვალდებულება განახორციელოს ბინის გადაცემის გზით და ამ ქმედების საკანონმდებოლო საფუძველი არსებობს“- აცხადებს მრჩეველი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, მოსამართლის „ღირსეული პირობების შექმნა“ გულისხმობს თუ არა აუცილებლად  125 კვ/მ ფართობის ბინის გადაცემას და თანაც საკუთრებაში? – გიორგი დავითური პასუხობს, რომ არა: „კანონი ადგენს სხვადასხვა გარანტიებს, მაგრამ  გასათვალისწინებელია ის, რომ ხელფასი არ იგულისხმება ამაში. ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა და სხვა სოციალური გარანტიები მოწესრიგებულია სხვა კანონით.  მაგრამ, დროებით სარგებლობაში გადაეცემა ბინა თუ არა, ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი. თუმცა, აქამდე არსებული პრაქტიკით, ბინა მოსამართლეებს საკუთრებაში გადაეცემოდა“.

მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებით“ გავრცელდა. ბათუმის მერიის მიერ საკრებულოში გადაგზავნილ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მას სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 25 მარტს მიმართა და „მოთხოვა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქ. N1-ში მდებარე საცხოვრებელი ფართობის სახელმწიფოსთვის გადაცემა – შემდგომში… საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მერაბ ტურავასთვის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის მიზნით“.

მოსამართლისთვის ბინის საკუთრებაში შესაძლო გადაცემის ფაქტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოეხმაურა. საიამ მოსამართლისთვის ბინის საკუთრებაში გადაცემას მანკიერი პრაქტიკა უწოდა.

რა პრობლემებს აწყდება მოსახლეობა სოფლის კრებების ჩამოყალიბებისას

„რამდენიმე ათეული წელი გავიდა, რაც ხალხს არავინ არაფერს ეკითხებოდა და ამან თავისი ცუდი შედეგი გამოიღო. ახლა ჩვენ ამ შედეგის დაძლევა გვიწევს“

ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში  მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებისათვის მუნიციპალიტეტებში სოფლის საერთო კრებების ჩატარება უკვე დაიწყო. თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აღნიშნავს, მოსახლეობის ინფორმირების და კრებების ჩამოყალიბების კუთხით, პრობლემები  არსებობს.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 22 ივლისს მიღებული კანონი მუნიციპალიტეტებში სოფლის/დაბის/ქალაქის საერთო კრებების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საერთო კრება დასახლებისა და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და ამ ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას უზრუნველყოფს, თუმცა, კრებების შედეგების შესახებ სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას სხვადასხვა გამოცდილება აქვს.

როგორც სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (“სიდა”) ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი აღნიშნავს, მისი ორგანიზაციის მიერ, სოფლებში ჩატარებული 80 შეხვედრიდან გაირკვა, რომ თვითმმართველობები ერიდებიან  საკუთარი ინიციატივის აქტიურად გამოხატვას და სოფლის კრებების მიმართ განსაკუთრებული  ენთუზიაზმი  არც მოსახლეობაში შეინიშნება:

“ჩვენ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 80-მდე სოფელში შევედით; ვიმუშავეთ როგორც მუნიციპალიტეტებთან, ასევე მოსახლეობასთანაც, რომლებთანაც საინფორმაციო შეხვედრები გვქონდა.  გამოირკვა, რომ ზოგან თვითმმართველობები ერიდებიან  საკუთარი ინიციატივის აქტიურად გამოხატვას, შეინიშნებოდა რომ სამინისტროდან ელოდებოდნენ დავალებების მიღებას. მეორე პრობლემა კი ისაა, რომ  განსაკუთრებული ენთუზიაზმი სოფლებშიც არ შეინიშნებოდა. თუმცა, მაინც ვცდილობდით, რომ მოსახლეობისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ყველა იმ საფეხურის შესახებ, რაც უნდა გაიაროს ამ პროცესმა ინიციატივის  გამოჩენიდან – კრების ჩამოყალიბებამდე.

Untitled-1

კანონმდებლობით კრების ფორმირების რამდენიმე ვერსია არსებობს – ერთი  მხრივ, შეიძლება გამგეობა იყოს ინიციატორი და მეორე მხრივ, თვითონ მოსახლეობა”, – აღნიშნავს დევდარიანი და დასძენს, რომ კრების მოწვევის და ჩამოყალიბების პროცედურა რთულია.:

“იმ შესაძლებლობებს, რასაც კრება იძლევა თუ შევადარებთ პროცედურას, რაც მოსახლეობამ უნდა გაიაროს კრების ჩამოსაყალიბებლად, ერთმანეთთან შესაბამისობაში მთლად ვერ მოდის. მაგალითად, კომპეტენციების და უფლებამოსილებების ნაწილში მინიმალისტურია ის ვერსია, რაც დღესდღეობით კანონში გვაქვს. რაღაცნაირად უნდა მოხდეს მოსახლეობის წახალისება, რომ მოსახლეობა თვითმმართველობასთან კომუნიკაციაში აქტიურად ჩაერთოს. თითქოს რჩეული არის  იმის შესაძლებლობა, რომ სოფლის მიერ არჩეული ადამიანი პირდაპირ იყოს თვითმმართველობასთან  კავშირში, მაგრამ მის არჩევამდე, კრების მოწვევა და ჩამოყალიბება იმდენად რთული პროცესია, თუ ამ ადამიანებს ვინმე არ დაეხმარა, განხორციელება რთული იქნება.  გამოდის, რომ რჩება მეორე ვერსია, გამგეობების ინიციატივით მოხდეს კრებების მოწვევა. აქ კი, სამწუხაროდ, შეიძლება ეს კრებები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამის პრაქტიკული მაგალითები უკვე გვქონდა.

როგორც გითხარით, 80-მდე სოფელში იყო საინფორმაციო შეხვედრა. ნაწილში წავახალისეთ კრებების შექმნის  პროცესი; შეტანილია განცხადებები, რასაც წესით, კრების ჩამოყალიბება უნდა მოყვეს. დაახლოებით 30-40 სოფელში რომ შეიქმნას, ეს უკვე მიღწევა იქნება. დავაკვირდებით, რამდენად რთული იქნება პროცესი; თუ აღმოჩნდება, რომ ტექნიკურ სირთულეებთანაც გვაქვს საქმე და  სავარაუდოდ იქნება კიდეც, ამ საკითხს სხვა ფორმატში დისკუსიის საგნადაც გავხდით. თუ გვინდა რეალურად წახალისდეს მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობაში,  ალბათ, ამ კრების შექმნის პროცედურებიც უფრო მარტივი უნდა იყოს, რომ ადამიანებს, ძალიან  დიდი ძალისხმევის გარეშე უნდა შეეძლოთ ფორმალიზება და არა ისე რთულად, როგორც ეს დღეს კანონმდებლობით არის მოცემული”, – აღნიშნავს დევდარიანი.

მისივე თქმით, კანონმდებლობის გამარტივების გეგმა ჯერჯერობით არ აქვთ, თუმცა, შესაძლოა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამაზეც იფიქრონ:

“კანონს ვინც წაიკითხავს, დაიბნევა, იმდენად ბევრი გზა და საფეხურია გასავლელი იმისთვის, რომ ინიციატივა გამოითქვას მოქალაქეთა ნაწილის მხრიდან, შემდეგ ეს ინიციატივა კრებად იქცეს. 5-6 საფეხური მაინც არის გასავლელი. ამიტომ ვფიქრობ,  რომ ეს გზა გასამარტივებელი იქნება. რა გზით, ამაზე უკვე  ხედვებს შევიმუშავებთ და შემდეგ წარმოვადგენთ. ჯერჯერობით, კრების შექმნის პროცესში ვართ, განცხადებები შევიტანეთ და ველოდებით ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან როგორი ადეკვატური ნაბიჯები იქნება გადადგმული”, – ამბობს დევდარიანი.

მისივე თქმით, 80 სოფლიდან, სადაც სიდა-მ შეხვედრა ჩაატარა, არცერთ სოფელში არ დაფიქსირებულა მოსახლეობის მზაობა, რომ კრების ჩატარების სურვილი მათ თავად გამოეთქვათ:

“არსად მოსახლეობამ არ იცოდა ამ კრების შესახებ. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შემთხვევას, როდესაც ჩვენც ჩავედით და ადგილობრივმა გამგეობამ პარალელურად ჩაატარა კრება. ოღონდ ეს ძალიან ერთეული შემთხვევებია. სხვაგან, სადაც მივდიოდით, მოსახლეობას ეს ინფორმაცია არ ჰქონდა, არა მხოლოდ სოფლებში, თვითმმართველობებშიც შეხვედრები რომ იმართებოდა, შეიძლება  ითქვას, კრებების ორგანიზების  კუთხით ყველას ერთნაირი ინფორმირების დონე და მზაობა არ იყო. ზოგან ჰქონდათ ეს ინფორმაცია, გეგმავდნენ კიდეც რაღაცას, ზოგან განხილვის ეტაპზე იყო,  ზოგან კი არც ფიქრობდნენ, რომ ეს მნიშვნელოვანია. კანონიც ისეთია, რომ რეალურად, სოფლის კრებების შექმნის ინიციატივა სურვილის ნებაზეა და სავალდებულო არ არის. თანაც, ადგილზე თვითმმართველობები მიჩვეულები არიან ცენტრისგან დავალებას და თუ ეს დავალება სავალდებულო არ არის, ამ  ნაწილში მაინცდამაინც დიდი ინიციატივით შეიძლება არ გამოირჩეოდნენ”, – ამბობს დევდარიანი და დასძენს, რომ ორგანიზაცია სოფლებში მოსახლეობის ინფორმირებას მანამ გააგრძელებს, სანამ კრებები არ ჩატარდება.

“დაახლოებით ერთი თვე კიდევ ვიმუშავებთ, რომ კრებები ჩავატაროთ. შემდეგ კი ვიფიქრებთ, პროცესი როგორ გავაგრძელოთ”, – აღნიშნავს დევდარიანი.

ფონდის “ტასო”  ხელმძღვანელი მარინა თაბუკაშვილი, რომელიც სოფლებში არსებულ რეალობას კარგად იცნობს, ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობის დაწყებამდე სხვა მოლოდინები ჰქონდათ, თუმცა, ადგილზე რეალურად სულ სხვა პრობლემებია გადასაჭრელი.

მისი თქმით, კრებების ჩატარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სირთულე მოუწესრიგებელ საარჩევნო სიებშია:

“ჩვენი ორგანიზაციის 13 სხვადასხვა გუნდი 19 სოფელში მუშაობს; თითქმის ყველგან ვაწყდებით პრობლემას, რომ არ არის დამტკიცებული საარჩევნო სიები. თქვენ იცით, რომ რეგისტრირებული ამომრჩევლის 20% მაინც უნდა დაესწროს კრებას, რომ ის უფლებამოსილი იყოს და საქმე ისე წავიდეს, როგორც ამას კანონი ამბობს. მაგრამ საქმე ის არის, რომ სიები დამტკიცებული არ არის. ამის გამო, ჩვენს ჯგუფებს ადგილობრივ გამგეობებთან უწევთ თანამშრომლობა, რომ ეს სიები თვითონ დააზუსტონ, შემდეგ კი,  ხელისუფლებამ საარჩევნო სიად, სწორედ ეს გადამოწმებული მონაცემები ცნოს.

ასე  იმუშავა სათემო ორგანიზაციამ “ლელი” და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. ეს კი პროცესს დროში ძალიან წელავს”, – ამბობს თაბუკაშვილი.

მეორე სირთულე, რომელზეც ფონდი “ტასოს” ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს, სოფელში რეგისტრირებული მოსახლეობის ადგილზე არყოფნა წარმოადგენს:

“ბევრი ადამიანი, რომელიც რეგისტრირებულია სოფელში, სინამდვილეში იქ არ ცხოვრობს. კანონი კი ამბობს, რომ საერთო კრებას ამომრჩევლის 20% უნდა დაესწროს; ანგარიშობს იმ რიცხვიდან, რომელიც რეალურად იქ არ ცხოვრობს.  ეს სირთულე პიკს აღწევს ენგურისპირა სოფლებში, სადაც ნახევარი, თუ მეტი არა, გადასულია გალში და იქ ცხოვრობს, თუმცა ე.წ. “საზღვრის” აქეთ არის რეგისტრირებული. არჩევნების დღეს ეს ხალხი გადმოდის და ხმას აქეთ აძლევს, მაგრამ სოფლის საერთო კრებაზე, შესაძლოა, ვერ გადმოვიდეს. როგორც ყოველთვის, ცხოვრებაში არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები და ამ განსაკუთრებულ შემთხვევებს კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს. უნდა დაიწეროს დოკუმენტი, რასაც თვითმმართველობაც გაიზიარებს, რომ თუ ადგილზე არ არის მოსახლეობა, ვერ იკრიბება ამომრჩევლის 20% საერთო კრების ჩასატარებლად, ეს არ არის დასახლება? არის ბევრი სოფელი, სადაც 2 ოჯახი ან საერთოდაც, ერთი ადამიანია დარჩენილი, ეს რეალური კონტექსტი ძალიან კარგად არის გასათვალისწინებელი, როდესაც ასეთი სიახლეები იწერება კანონში. ეს სირთულეები უნდა აღიწეროს; ჩანაწერებს დღიურებივით ვაკეთებთ, რომ ანგარიშში ცალკე თავად, სამომავლოდ გასათვალისწინებელ საკითხებად მივაწოდოთ როგორც დონორს, ასევე სამინისტროსაც”, _ აღნიშნავს თაბუკაშვილი და დასძენს, რომ სოფლის კრების ჩამოყალიბებას არა აქვს იმდენად დიდი მნიშვნელობა, რამდენადაც მოსახლეობის შეგნებულ მონაწილეობას ამ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში:

“თვითმმართველობა ოდესღაც ამ საკითხს მიადგებოდა, მაგრამ როდესაც ადგილზე მოსახლეობა აცნობიერებს, რომ სოფლისთვის საჭირო საკითხი, თუნდაც ის რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იყოს მოსაგვარებელი, მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს, ამაშია ზუსტად საერთო კრების სიკეთე. ყველა შემთხვევაში ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე კანონმდებლობაში, ეს არის კანონის სიკეთე, რომლის გახორციელებაც მთლიანად მოსახლეობის მზადყოფნაზეა დამოკიდებული. თუმცა, ხალხის მოყვანა ამ კრებაზე და ცნობიერების ამაღლება, მონაწილეობა, ანალიზი სამუშაო საქმეა. თუმცა მე იმას არ ვამბობ, რომ ხალხი მზად არ არის ან წინააღმდეგია.  რამდენიმე ათეული წელი გავიდა, რაც ხალხს არავინ არაფერს ეკითხებოდა და ამან თავისი ცუდი შედეგი გამოიღო. ახლა ჩვენ ამ შედეგის დაძლევა გვიწევს“, – აღნიშნავს მარინა თაბუკაშვილი.

 

logo OSGFსტატია მომზადებულია პროექტის –
„თვითმმართველობაში სოფლის მოსახლეობის ჩართვის მხარდაჭერა“.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო“.
შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი“

ნარკომომხმარებლებისთვის უფლებების შეზღუდვის საქმის განხილვა დაიწყო

არის თუ არა ანტიკონსტიტუციური კანონი, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელს ავტომატურად უზღუდავს კონკრეტულ უფლებებს – საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს ამ საქმის განხილვა დაიწყო. მოსარჩელეები ფიზიკური პირები არიან: ვასილ მარდალეიშვილი, კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გოგოლაშვილი.

მოსარჩელე კონსტანტინე ლაბარტყავა ამბობს, რომ მას ნარკოტიკის მოხმარებისთვის პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული, თუმცა უფლებები ისევ შეზღუდული აქვს, მაგალითად, ავტომანქანის მართვის.

კანონის მიხედვით, ნარკომომხმარებელს მსჯავრის დამტკიცების შემთხვევაში, ავტომანქანის მართვის უფლების შეზღუდვის გარდა, ავტომატურად ერთმევა: საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიური საქმიამობის, ასევე საჯარო უწყებებში მუშაობის და სხვა უფლებები.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ უფლებების შეზღუდვა მხოლოდ ნარკომომხმარებლებისთვის დისკრიმინაციულია და მათ ერთმევათ მნიშვნელოვანი სამოქალაქო, პოლიტიკური, ასევე კონკრეტული საქმიანობების განსახორციელებლად უფლებები.

„მინიმუმ მოსამართლეს უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ განიხილოს ეს შემთხვევები და აუცილებლობის შემთხვევაში დასაბუთდეს კონკრეტული უფლების შეზღუდვის აუცილებლობა“  – ამბობს გურამ იმნაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი.

კონსტიტუციურ სარჩელში წერია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება „საქართველოს კონსტიტუციით“ გარანტირებულ თანასწორობის და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.

 

საია მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბათუმში ბინის გადაცემის ფაქტს ეხმიანება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მერაბ ტურავასთვის ბათუმში ბინის გადაცემის ფაქტს ეხმიანება.  განცხადება რომელიც ამ წუთებში ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსდა უცვლელად გთავაზობთ:

„2016 წლის 18 აპრილს მედიით  გავრცელდა  ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე იმ ბინას გადასცემენ, რომლის ფართიც 125 კვ.მ. შეადგენს და დღეისათვის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ამ მიზნებისათვის ბათუმის თვითმმართველობა, სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომელიც შემდგომში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს სიმბოლურ ფასად გადაეცემა საკუთრებაში.

დაუშვებლად მიგვაჩნია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების იმგვარი გამოყენება, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდგომში მოსამართლეს სიმბოლურ ფასად. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა საქმიანობისათვის შესაბამისი გარანტიების შექმნა წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას და ამ პროცესში თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონება არ უნდა იქნეს გამოყენებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროცესში ქონების გადაცემას აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ხოლო ქონების მიმღები/მესაკუთრე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელია. მკაფიო და გამჭვირვალე რეგულაციების არ არსებობის პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთათვის, უძრავი ქონების – საცხოვრებელი ფართის სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში გადაცემის ფაქტმა (ფაქტებმა) შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, ისევე, როგორც საზოგადოების მათდამი ნდობაზე და ჩრდილი მიაყენოს ინდივიდუალური მოსამართლეების, ასევე სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლზე საზოგადოების თვალში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს შემთხვევა ხელისუფლების მიერ, სხვადასხვა პირებისათვის უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა, რასაც გასულ წლებში არაერთხელ ჰქონდა ადგილი, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში და რაც წლების განმავლობაში საზოგადოების მწვავე კრიტიკის საგანს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნული კრიტიკის მიუხედავად, სახელმწიფოს დღემდე არ შეუმუშავებია მკაფიო და გამჭვირვალე რეგულაცია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, მოსამართლეებისათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხს დაარეგულირებდა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად: სახელმწიფო ვალდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრების ღირსეული პირობები. თუმცა, კანონის ეს ჩანაწერი ბუნდოვანია და ნორმა არ განმარტავს, თუ კონკრეტულად რა მოიაზრება „ცხოვრების ღირსეული პირობების“ შექმნაში, ხოლო ამ ჩანაწერის აღსრულების პრაქტიკა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მანკიერი ფორმით ვითარდება.

მოვუწოდებთ საქართველო მთავრობას:

–  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთათვის უძრავი ქონების – საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, დროულად შეიმუშაოს სათანადო რეგულაციები.

– აღნიშნული რეგულაციები დაფუძნებული უნდა იყოს მოსამართლეთათვის, მოსამართლეობის ვადით, საცხოვრებელი ფართის სარგებლობაში გადაცემაზე და არა სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემაზე.

– აღნიშნული რეგულაციების მიღებამდე, საქართველოს მთავრობამ უნდა შეაჩეროს პრაქტიკა, რომელიც, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთათვის უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემას უკავშირდება“- ნათქვამია საიას განცხადებაში.

 

შუახევში ავტობუსს ხანძარი გაუჩნდა

შს სამინისტროს ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში  სასკოლო ავტობუსი დაიწვა. სამინისტროს ინფორმაციით, ავტობუსში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ. „ინვენტარი გადაჰქონდათ. გამოძიება მიმდინარეობს 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანება, განადგურებას გულისხმობს. რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა, ამას გამოძიება დაადგენს“- აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.

შს სამინისტრო ასევე არ აკონკრეტებს რომელ საჯარო სკოლას ეკუთვნის ავტობუსი.  არაოფიციალური ინფორმაციით, ცეცხლი არა სკოლის ავტობუსს, არამედ სოფელ ახალდაბის მიკროავტობუსს გაუჩნდა.

საკაბელო ტელევიზია „TV ERA“ ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის

საკაბელო ტელევიზია „TV ERA“-მ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა დაიწყო.  ოპერატორ  ნანა გრიგოლიანის განმარტებით, აბონენტებს  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით,  რესივერის  შეძენა მოუწევთ.  წინააღმდეგ შემთხვევაში,  სატელევიზიო პროგრამებს ვერ მიიღებენ.

„რესივერი უნდა შეიძინონ თავისი პულტით. ეს იმ ტელევიზორებს სჭირდებათ, რომლებსაც არ შეუძლიათ ციფრული სიგნალის მიღება.  რესივერი თავისი პულტით ას ლარზე მეტი ღირს, თუმცა ჩვენს  აბონენეტებს განახევრებულ ფასს ვახდევინებთ და სააბონენტოს ჩათვლით 60 ლარის გადახდა მოუწევთ“.

ოპერატორის განმარტებით, თუ მომხმარებელს სახლში რამდენიმე ტელევიზორი აქვს, ყოველ მეორე ტელევიზორზე რესივერის ფასი ნახევრდება.

„სააბონენტოს შემთხვევაშიც,  თუ მომხმარებელს სახლში ერთზე მეტი ტელევიზორი აქვს, სააბონენტო 12 ლარს,  დაემატება  6 ლარი ყოველ ტელევიზორზე“.

ახალ ტარიფებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ აბონენტებს.  მოქალაქე ნადიმ  ბოლქვაძის თქმით, საკაბელო ტელევიზია მომხმარებელს დამატებით ფასს არ უნდა ახდევინებდეს და რესივერის ფასი სააბონენტო გადასახადში უნდა შედიოდეს.

„წყლის მრიცხველი დაამონტაჟა კომპანიამ, დენის მრიცხველსაც კომპანია ამონტაჟებს და რესივერიც საკაბელოს უნდა დაემონტაჟებინა. გარდა ამისა, გაძვირებულია ტარიფები,  ყველა ტელევოზორზე 6 ლარი ემატება“.

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა 2015 წლის 17 ივნისიდან დაიწყო.

 

უნივერსიტეტის სტუდენტების პრობლემები გრიშაშვილის #5-ში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის 200-მდე სტუდენტისთვის, რომლებიც გრიშაშვილის #5-ში მდებარე შენობაში სწავლობენ, წლებია ელემენტარული პრობლემები მოუგვარებელია. მოუწესრიგებელია ლაბორატორიები, გასარემონტებელია შენობა, დაძველებულია ლიტერატურა, გაუმართავია გათბობის სისტემა, თვალსაჩინოებები, არ აქვთ სასადილო და სასმელი წყალი – ეს სტუდენტების ყოველდღიურობაა.

ლაშა მელაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის აგრონომიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია. მას ლექციები ბენზეს დასახლებაში, გრიშაშვილის #5-ში მდებარე აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში უტარდება. იგი „ბათუმელებთან“ ყვება, რომ სწავლისთვის შესაფერისი პირობები არც წინა შენობაში ჰქონდათ, რომელიც მწვანე კონცხზე მდებარეობს და არც აქ აქვთ.

„ჩვენს ფაკულტეტზე მხოლოდ ცარიელი ოთახები _ კედელი და მერხები არ არის საკმარისი, თვალსაჩინოებებია საჭირო“, – ამბობს ლაშა და დასძენს, რომ ერთადერთ აუდიტორიაში, სადაც თვალსაჩინოებების მსგავსი მასალაა წარმოდგენილი, კედელზე წებოვანი ლენტით გაკრული სხვადასხვა მცენარის ფოთლებია. ეს `თვალსაჩინოება~ სტუდენტებმა გააკეთეს. „ასეთს დაწყებით კლასებში ვაკეთებდით, რა ირონიაა“, – ამბობს ლაშა.

მისი თქმით, ბიბლიოთეკარს ყოველდღე მწვანე კონცხიდან პარკებით მოაქვს წიგნები სტუდენტებისთვის, რადგან ბიბლიოთეკიდან წიგნები სრულად არ გადმოუტანიათ, თუმცა ეს ლიტერატურაც მოძველებულია.

„ჩვენ გვჭირდება თანამედროვე მიღწევები, ახალი ნაშრომები. აქ კი, ახალი წიგნი თუ იწერება, ახალი მხოლოდ ავტორი და ფურცლებია, დანარჩენი ძველი, საბჭოთა ლიტერატურიდან გადმოტანილი ტექსტებია… 21-ე საუკუნეში ამ ფაკულტეტზე ასე სწავლა შეუძლებელია. ვუსმენ ამ დაპირებებს და არ ვიცი როდესმე თუ შესრულდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბრძოლად მიღირს“, – ამბობს ლაშა.

ამ ფაკულტეტის სტუდენტები მიმდინარე სასწავლო წლამდე მწვანე კონცხზე, ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიაზე მდებარე შენობაში სწავლობდნენ. გასულ წელს მწვანე კონცხზე არსებული შენობის მიმდებარე ტერიტორია გასხვისდა. ტერიტორია იყიდა ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ. აჭარის მთავრობაში მაშინ მზად იყვნენ, გაეყიდათ უნივერსიტეტის შენობაც მწვანე კონცხზე, ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში, ხოლო ბსუ-სთვის ის შენობა გადაეცათ, სადაც ახლა უმაღლესი საბჭოა განთავსებული, დამატებით 2000 კვ.მეტრ ფართობთან ერთად.

ბსუ-ს კანცლერის, ჯემალ ანანიძის თქმით, ამჟამად მწვანე კონცხის ტერიტორიაზე არსებული შენობის გასხვისების საკითხი არ განიხილება. კანცლერის თქმით, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე არსებული შენობა მართლაც ამორტიზებულია, თუმცა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ შენობა ექვემდებარება რეაბილიტაციას.

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი
აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

„შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა მოცულობითია, სადღაც სამიდან ოთხ მილიონ ლარამდე. შესაბამისი ფინანსური რესურსიც ნამდვილად არ გვაქვს – რუსთაველზე და ფიროსმანზე არსებული ძირითადი სასწავლო კორპუსების რეაბილიტაცია უნდა დავასრულოთ წელს. შევეცდებით პროექტი გავამზადოთ, თანხის გამოჩენის შემთხვევაში, მზად რომ ვიყოთ მწვანე კონცხზე მდებარე შენობის რეაბილიტაციისათვის“, – ამბობს ჯემალ ანანიძე და დასძენს, რომ ამ ეტაპზე ძველ შენობაში რჩება ლექტორ-პროფესორების სამუშაო კაბინეტები და ძველი ლაბორატორიები.

კანცლერის თქმით, სტუდენტებსაც თუ ექნებათ გეგმური საველე გასვლა ან მწვანე კონცხზე არსებულ ლაბორატორიებში სამუშაო, მათ უნივერსიტეტის ტრანსპორტი მოემსახურება. თუმცა სტუდენტები ამბობენ, რომ იმ შენობაში მდებარე ლაბორატორიები გაუმართავია.
„ჩვენ მხოლოდ სასწავლო პროცესები გადმოვიტანეთ, რადგან ფიზიკურადაც შორს იყო და სტუდენტთა ტრანსპორტირების საკითხი დისკომფორტს ქმნიდა. გარდა ამისა, ზამთარში ვერ ვუზრუნველყოფდით გათბობას. არც კვების ბლოკი გვქონდა [კვების ბლოკი არც გრიშაშვილის №5-ში მდებარე შენობაშია. – ავტორი] და არც რაიმე ტიპის მარკეტი იყო მიმდებარედ. გრიშაშვილის №5-ში მდებარე კვლევითი ინსტიტუტის შენობაში ყოფნა მათთვის ბევრად ხელსაყრელია“, – ამბობს ჯემალ ანანიძე და ამატებს, რომ აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ტერიტორიაზე იგეგმება სათბურის აშენება და შენობაში დამატებითი ადგილის გამოთავისუფლება სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებისთვის. მისი თქმით, შენობა სტუდენტთა არსებული კონტიგენტისთვის საკმარისია.

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის რაულ გოცირიძის თქმით, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მწვანე კონცხზე გადადიოდნენ, ლაბორატორიაში უამრავი ინსტრუმენტი დაზიანდა თუ დაიკარგა, თუმცა მისი თქმით, განათლების სამინისტრომ დაახლოებით მილიონი ლარი გამოყო ლაბორატორიების განახლებისათვის და ახალ სასწავლო წელს ინსტიტუტი უკვე განახლებული ლაბორატორიით შეხვდება. ინსტიტუტის დირექტორი ასევე ელოდება დაპირებულ თაროებს ბიბლიოთეკისათვის, _ ამ ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები ჯერ კიდევ იატაკზე აწყვია.

„ბათუმელების“ შეკითხვას, მოუწევთ თუ არა სტუდენტებს გრიშაშვილის #5-დან სხვაგან გადასვლა, ან მწვანე კონცხზე არსებული შენობის რეაბილიტაციის შემთხვევაში იქ დაბრუნდებიან თუ არა, ბსუ-ს კანცლერი პასუხობს, რომ ამას აკადემიური საბჭო და ლექტორატი წყვეტს: „ამ ეტაპისთვის კი ეს მდებარეობა ყველანაირად მისაღებია“.

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი
აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი
აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი
აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

„სოფლელები“ და „ტყიდან გამოსულები“ – ინცინდენტი „მხიარულ ჩემპიონატზე“

„მხიალური ჩემპიონატის“ მონაწილე მახუნცეთის საჯარო სკოლის გუნდი, ჟიურის ერთ-ერთ წევრს  მათი გუნდის წევრების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ჟიურის კი მიკერძოებაში.

სკოლის პედაგოგი სულიკო ღოღობერიძე, რომელიც მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდა ჩემპიონატში, ამბობს, რომ  ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ნანა ბარამიძემ მათ  გუნდს „სოფლელები“ უწოდა.

„წინასწარი შედეგებით ჩვენი სკოლა ლიდერობდა, თუმცა ბოლოს მესამე ადგილზე დაასახელეს. არაობიექტური იყო, ალბათ სხვა სკოლის გამარჯვება უნდოდათ. ჩვენ შედეგები  გავაპროტესტეთ. ამის გამო გაბრაზდნენ და „სოფლელები“ გვიძახეს. ჟიურის წევრმა ნანა ბარამიძემ თავმჯდომარეს სწორედ ასე უთხრა – „რას მომიყარეთ  ეს სოფლელებიო“.  შემდეგ ქულები თავიდან გადაითვალეს და მეორე ადგილი მოგვცეს“.

პედაგოგის თქმით, ასეთი დამოკიდებულება  ჟიურის წევრების მხრიდან, მათთვის მიუღებელია.

„მხიარული ჩემპიონატი“ კერძო პროექტია, რომელსაც ილია ჩუტლაშვილი  რამდენიმე წელია ახორციელებს.  გუშინდელი თამაშის ჟიურის თავმჯდომარეც  თვითონ იყო.  თამაში ბათუმის  რუსთაველის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა. ჩემპიონატზე დასწრება ფასიანია.

მომხდარი ინცინდენტის შესახებ „ბათუმელები“  პროექტის ხელმძღვანელს  ესაუბრა.

„მსგავსი ინცინდენდი იყო, მაგრამ აგიხსნით რატომ მოხდა.  როცა  გუნდს  შედეგებზე ჰქონდა პრეტენზია, კომისიის წევრებმა უთხრეს, რომ თუ ადროვებდნენ,  სიტუაციას გაარკვევდნენ, მაგრამ მათ, განსაკუთრებით პედაგოგებმა, არ მისცეს ჟიურის წევრებს მუშაობის საშუალება და მაშინ  იყო ნათქვამი  „ტყიდან ხართ, მართლა სოფლელები ხართ თუ ვინ ხართო“ – გვეუბნება ილია ჩუტლაშვილი.

მისი თქმით, „მხიარული ჩემპიონატის“ თამაშებზე მსგავსი ინცინდენტი აქამდე არ ყოფილა.

17 აპრილის თამაშებში სამი სკოლა –  ქედის  მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლა, ხელვაჩაურის საჯარო და ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.

პირველ ადგილზე მე-14 საჯარო სკოლა გავიდა, მეორეზე მახუნცეთის და მესამეზე  ხელვაჩაურის სკოლა.

„მხიარული ჩემპიონატის“ ფინალი 5 ივნისს გაიმართება. ორგანიზატორის თქმით, ჩემპიონატში აჭარის სკოლებია ჩართული.

ბათუმის მერია მოსამართლე მერაბ ტურავას ბინას გადასცემს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მერაბ ტურავას ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე იმ ბინას გადასცემენ, რომელიც დღეს ბათუმის მერიის საკუთრებაშია. ბათუმის მერია თანახმაა ბინა, რომლის ფართობია 125 კვ/მეტრი, უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს, შემდგომში ამ ბინის მერაბ ტურავასთვის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის მიზნით.

ბათუმის მერიას ბინების გადაცემის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეების მიმართ აქვს, ვინც ბათუმშია რეგისტრირებული. შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი ბათუმი არ არის ვალდებული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს ბინა გადასცეს საკუთრებაში.

ბათუმის მერიის მიერ საკრებულოში გადაგზავნილ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მას სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 25 მარტს მიმართა და „მოთხოვა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქ. N1-ში მდებარე საცხოვრებელი ფართობის სახელმწიფოსთვის გადაცემა – შემდგომში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარანტიების უზრუნველსაყოფად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მერაბ ტურავასთვის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის მიზნით“.

ბინის სახელმწიფოსთვის გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულო მიმდინარე წლის 20 აპრილის სხდომაზე განიხილავს.

„ქალაქ ბათუმის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცეს ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე მშენებარე ბინა, შემდგომში მერაბ ტურავასთვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით“, – აღნიშნულია მერიის განმარტებით ბარათში.

ბათუმის მერიის ბინებთან დაკავშირებით:

მთავრობის დაკეტილი ბინები

ახალი ბინები ბათუმის მერიას

ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა ლონდონში

17-18 აპრილს,  დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ლონდონში ნატურალური ღვინის საერთაშორისო გამოფენა „Real Wine Fair”  ტარდება.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში  7 ქართული ნატურალური ღვინის მწარმოებელი კომპანია –   „ხოხბის ცრემლები“, „ოქროს ღვინო“,  „ნიკოლაძეების მარანი“,  „მანდილი“, „იაგოს ღვინო“, „ატენური“ და „იბერიელი“ მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში ორი ღონისძიება – ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი და “The Georgian Supra” გაიმართა.

ქართული ღვინის დეგუსტაციას 200-მდე დაინტერესებული პირი – იმპორტიორები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და ღვინის ბარების, ასევე მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. რაც შეეხება ქართული სუფრის საღამოს „The Georgian Supra”, მის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ ქართულ ღვინოსთან ერთად, გაცნობოდნენ ქართულ გასტრონომიას და ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს.

12524245_850954428348873_1852713649495027700_n„საქართველოს მონაწილეობა აღნიშნულ გამოფენაში ქართული ღვინისა და ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის, ასევე დამატებითი საექსპორტო ბაზრების მოძიების კუთხით არის მნიშვნელოვანი. წელს, ლონდონის გამოფენაში სულ 150-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. გამოფენას ათასობით დამთვალიერებელი – ღვინის მომხმარებლები, ღვინით ვაჭრობის ბიზნესში დასაქმებულები და მედიის წარმომადგენლები ჰყავს. გასული წლების მსგავსად,  ქართული ღვინის მიმართ ინტერესი  წელსაც  დიდია”,  – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, თამთა ყველაიძემ.

გამოფენა „Real Wine Fair”  ყოველწლიურად იმართება და ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში  წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად არის მიჩნეული. ღონისძიებას  მსოფლიოში ცნობილი ნატურალისტი მეღვინეები, ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებიან. აღნიშნულ გამოფენაში ქართული ღვინის კომპანიები უკვე მეხუთედ მონაწილეობენ.

ქართული ღვინის წარდგენას დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ლონდონი მთელს მსოფლიოში  ალკოჰოლური ტრენდების დამამკვიდრებლად ითვლება.

_DSC0779

სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge

„ენმ“-ის წევრის განცხადებით, მერია უკანონო სამუშაოებს აწარმოებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გელა დეკანაძის განცხადებით, ბათუმის მერია ყადირ შერვაშიძის ქუჩაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებს. მან ეს განცხადება 18 აპრილს, ბრიფინგზე გააკეთა.

„იანვრის თვეში, ყადირ შერვაშიძის ქუჩის #38-ში, სასტუმრო „თანამგზავრთან“ ახლოს მიწა ჩამოწვა, რომელმაც დაახლოებით 25 მეტრის სიგრძის გზა დააზიანა და გადაადგილება შეუძლებელია. მოსახლეობა გადაადგილდება ფეხით, სასწრაფო და სახანძრო მანქანებსაც შემოვლითი გზით  უწევთ მოძრაობა“ – აცხადებს გელა დეკანაძე.  მისი თქმით,  ჩამოშლილი მიწა საფრთხეს უქმნის კერძო პირის, ბაგრატ ვერძაძის სახლსაც, რომელიც  გზის ქვემოთ  დგას. „გეოლოგიის დასკვნა არსებობს, რომ  თუ არ გამაგრდება ფერდობი, საიდანაც შეიძლება ისევ მოხდეს მიწის ჩამოშლა, იმ სახლში ცხოვრება სახიფათოა“.

გელა დეკანაძის განცხადებით, ამ წუთებში გზის გასამაგრებელი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა დარღვევით.

„ორი დღეა დაიწყეს სამუშაოები, თუმცა უკანონოდ, რადგან მერიამ ფერდობის წინ  მაღალი კედლის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერი 23 მარტს გამოაცხადა.  წინა კვირის ხუთშაბათს ტენდერი დასრულდა და გამარჯვებული გამოვლინდა – „ხობი 2015“.  ბუნებრივია ჯერ საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებული არ არის, თუმცა გზის გამაგრებითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“.

გელა დეკანაძის ინფორმაციით, სამუშაოებს  არა „ხობი 2015“, არამედ სულ სხვა პირი აწარმოებს:

„ვიღაც ინდმეწარმე ირემაძე მისულია ტრაქტორებით. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობს. არც ნახაზი, არც  რაიმე საგარანტიო. ხელშეკრულება ოფიციალურად არ არის გაფორმებული“.

გელა დეკანაძის თქმით, ამ წუთებში ტრაქტორებს ჩამოშლილი მიწა გააქვთ, შემდეგ კი გზის გამაგრებითი სამუშაოები უნდა დაიწყოს.

ბათუმის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ  „ნაცმოძრაობის “ წევრის ბრალდებაზე მერიაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ლეონიდ ჩერნოვეცკი: NATO-ში არ მიიღებენ არც საქართველოს, არც უკრაინას

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ქობულეთში, თავისი პარტიის „ბედნიერი საქართველოსთვის“ პირველი ოფისი 15 აპრილს გახსნა. ოფისის გახსნის დღეს „ბათუმელებმა“ მოახერხა ლეონიდ ჩერნოვეცკისთვის რამდენიმე კითხვა დაესვა. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა იმას, თუ როგორია მისი შეხედულება საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობაზე.

„მე ვფიქრობ, საქართველოსთვის არ არის ყველაზე მთავარი ნატო, იმიტომ, რომ ნატოში საქართველოს არ მიიღებენ. საქართველოს აქვს ტერიტორიული პრეტენზიები და ნატოს წესდების თანახმად, ისინი არ ღებულობენ თავიანთი ორგანიზაციის შემადგენლობაში იმ ქვეყნებს, რომელთაც აქვთ რაიმე ტერიტორიული პრეტენზიები. ისინი არ მიიღებენ არც საქართველოს, არც უკრაინას. ამას, უბრალოდ, იყენებენ მხოლოდ პოლიტიკოსები“, – განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის „ევროკავშირში შესვლა და უვიზო რეჟიმი, იმიტომ რომ, როგორც კი ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, თავისთავად წავა საკითხი დაკავებულ ტერიტორიებზე, რადგან აფხაზებიც და ოსებიც ყველა ერთად გაიქცევა ქართული პასპორტების ასაღებად. ამგვარად ტერიტორიის საკითხი მოგვარდება“.

პარტიის ხედვებში „რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დახვეწაზეცაა“ საუბარი. თუ როგორ წარმოუდგენია ეს ურთიერთობები, ჩერნოვეცკი პასუხობს, რომ „ურთიერთობა რუსეთთან უნდა იყოს ყველაზე თბილი და ყველაზე კარგი, მიუხედავად იმისა, რომ მან საქართველოს აწყენინა. მაგრამ საქართველო იმდენად დამოკიდებულია თავისი პროდუქციის რუსეთში ექსპორტზე, რომ უნდა ვისაუბროთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ახალ იმპულსზე ურთიერთობის. უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები ქვეყნებს შორის. როგორ უნდა მოხდეს ეს? – რა თქმა უნდა, თუ ფეხებში ჩაუვარდებით, არასწორი იქნება. ქართველები ამაყი ხალხია, ისინი ასე არ უნდა მოიქცნენ,  მაგრამ არის ბევრი ეკონომიკური პროექტი, რომლითაც რუსეთი დაინტერესებულია. შეიძლება წავუყენოთ პირობები ამ ეკონომიკური პროექტების განხორციელებისას.  მთლიანობაში, რასაც ქვია რუსეთთან დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, ხელშეკრულებაში შეიძლება ეს ჩაიდოს მარტივად –  რომ თქვენ ასრულებთ თქვენს პირობას, ჩვენ ჩვენს პირობებს და გაძლევთ საშუალებას, მაგალითად, რაიმე გააკეთოთ საქართველოს ტერიტორიაზე; გაკეთდეს აქ რამე რუსეთისთვის მნიშვნელოვანი, მაგალითად, ტრანზიტი. არ ასრულებთ? – ვწყვეტთ ყველანაირ ურთიერთობას ჩვენი მხრიდან“.

ლეონიდ ჩერნოვეცკის მიაჩნია, რომ, როგორც კი საქართველო გახდება „ევროკავშირის წევრი, ტერიტორიული პრობლემები თავისით მოგვარდება. აფხაზეთი და ოსეთი, იმის მიუხედავად, თუ რას იზამს რუსეთი, შეუერთდება საქართველოს“.

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ერთ-ერთ თავის მიმართვაში, რომელიც ფეისბუქით გაავრცელა, დიდი ადგილი დაუთმო იმ ბავშვების, ზოგადად, ადამიანების კრიტიკას, ვინც მოწყალებას ითხოვს. ლეონიდ ჩერნოვეცკის მიაჩნია, რომ „პრობლემა მარტივი გზით გადაიჭრება. თუ არსებობს კანონი, ის უნდა შესრულდეს. თუ არ არის, მაშინ უნდა მივიღოთ ისეთი კანონი, რომ ყველა, ვინც ქუჩაში ითხოვს მოწყალებას და არ არის საქართველოს მოქალაქე, უნდა დეპორტირდეს. ამასთან, ყველა მშობელს, ვინც აიძულებს ბავშვებს ითხოვონ მოწყალება ქუჩაში, ჩამოერთვას მშობლის უფლება“.

„ბედნიერი საქართველოსთვის“ პარტიის ქობულეთის ოფისი / 15.04.2016 / ფოტო: „ბათუმელები“
„ბედნიერი საქართველოსთვის“ ქობულეთის ოფისი / 15.04.2016 / ფოტო: „ბათუმელები“

ბათუმში სწრაფ ჭადრაკში ვეტერანთა ტურნირი გაიმართება

18-19 აპრილს ბათუმში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გურამ ჭანტურიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ვეტერანთა ტურნირი გაიმართება სწრაფ ჭადრაკში.

ტურნირი, რომელშიც 60 წლის და მეტი ასაკის ვეტერანი მამაკაცები და ქალები მიიღებენ მონაწილეობას, საჭადრაკო კლუბ „ნონაში“ ჩატარდება. ტურნირი შვეიცარული სისტემით, 7 ტურად გაიმართება. მონაწილეთა სრული სია კი ცნობილი იქნება 18 აპრილს.

გურამ ჭანტურია
გურამ ჭანტურია

17 აპრილს საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, საერთაშორისო არბიტრს, გურამ ჭანტურიას 80 წელი შეუსრულდა. საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ინფორმაციით, თარიღის  აღსანიშნავად მთელი რიგი ღონისძიებები დაიგეგმა. დღეს კლუბში ბავშვების ნახატების გამოფენა გაიმართა საჭადრაკო თემაზე, ასევე ჩატარდა მინიტურნირი.

კლუბის ინფორმაციითვე, გურამ ჭანტურია დღესაც აქტიურადაა ჩართული საჭადრაკო ცხოვრებაში,  მუშაობს პედაგოგად სკოლაში, ბაღში და საჭადრაკო კლუბ „ნონაში“.

ფოტო: „საჭადრაკო კლუბი ნონა“
ფოტო: „საჭადრაკო კლუბი ნონა“
ფოტო: „საჭადრაკო კლუბი ნონა“
ფოტო: „საჭადრაკო კლუბი ნონა“

აქციის მონაწილე: „სამინისტრომ მესაკუთრეს მიწა უკანონოდ გაუყიდა“

ამ წუთებში ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა მახუნცეთში, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს.

აქცია მახუნცეთში
აქცია მახუნცეთში

აქ შეკრებილები ჩანჩქერის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობის შეჩერებას და ამ მიწის ზურაბ ხაბაძისთვის გადაცემას მოითხოვენ. მოსახლეობის თქმით, ტერიტორია, რომელიც გასულ წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის წესით გაყიდა და სადაც ამ დროინდელი მფლობელი, უკრაინელი ინვესტორი სასტუმროს აშენებს, კერძო საკუთრებაა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მიწის ნაკვეთი მესაკუთრეს უკანონოდ გაუყიდა.

„ტერიტორია, სადაც სასტუმროს აშენებენ, ზურაბ ხაბაძის საკუთრებაა. ერთი წელია ვითხოვთ მიწა კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს და სასტუმრო არ აშენდეს, ოთხი საათია აქ ვართ შეკრებილები და ჩვენთან არავინ მოსულა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აქციის მონაწილე თეა დიასამიძე.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული მიწის ფართობი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება იყო და მისი განკარგვის უფლება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა.

მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 847,80 კვ/მ შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 1045 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 20 450 დოლარად, პირობებიან აუქციონზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს გაყიდა.

13002324_1000866686675704_8018298912239494722_o
მახუნცეთი
მახუნცეთი. ტერიტორია სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს / ეკა ბარამიძის ფოტო
მახუნცეთი. ტერიტორია, სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს / ეკა ბარამიძის ფოტო

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

„ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, რომ შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში ოთხი ადამიანი გადაჰყავთ, თუმცა სერიოზული დაზიანებები არც ერთს არ აღენიშნება – „მსუბუქად არიან დაშავებულები“.

სოციალური სახლის შეჩერებული მშენებლობა ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში სოციალური სახლის მშენებლობა შეჩერებულია. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, მშენებლობის შეჩერების მიზეზი სოციალური სახლის მშენებელ შპს „ხიდთან“ გაუქმებული ხელშეკრულება გახდა. სამინისტრომ აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულება ტენდერით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 2015 წლის 27 ნოემბერს შეუწყვიტა, შესაბამისად, პროცესი მას შემდეგ არ განახლებულა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სწავლობენ, თუ რა სახის სამუშაოები შეასრულა კომპანიამ და რა დარჩა გასაკეთებელი, ხოლო მოკვლევის დასრულების შემდეგ სამინისტრო დარჩენილ სამუშაოებზე ტენდერს გამოაცხადებს.

შპს „ხიდს“ შესრულებული სამუშაოებისთვის ეკონომიკის სამინისტრომ სულ 2 მილიონ 425 000 ლარი ჩაურიცხა. რაც შეეხება ხარისხის უზრუნველყოფის თანხას, რაც შესრულებული სამუშაოების 3%-ს შეადგენს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში 75 929 ლარს აღემატება, კომპანიისთვის სამინისტროს ჯერ არ ჩაურიცხია. ჩაურიცხავს თუ არა ამ თანხას სამინისტრო კომპანიას, რომელსაც ხელშეკრულება ტენდერით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის შეუწყვიტა, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა სამინისტრო შესრულებული სამუშაოების ხარისხის შესწავლას დაასრულებს.

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საბინაო პირობების უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზის მიმდებარედ, 72-ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. მშენებლობისთვის 4 მილიონი ლარი აჭარის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და ტენდერი აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა. 72-ბინიანი კორპუსის ასაშენებლად ხელშეკრულება სამინისტრომ „ხიდთან“ 3 მილიონ 253 993 ლარზე გააფორმა.

აღნიშნულ კორპუსში ბინის მიღების მოთხოვნით ხულოს გამგეობას 83-მა ოჯახმა მიმართა.

აჭარის მთავრობა: ბულვარის კონსერვაცია წელს ვერ მოხდება

ბათუმში, ევროპის მოედანზე ძველი ბულვარის დასაცავად გამართულ აქციას აჭარის მთავრობა განცხადებით გამოეხმაურა.

„მთავრობის თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარში საზოგადოების მოთხოვნის შემთხვევაში სამომავლოდ კონსერვაციის გეგმის შესაძლებლობაზეც ისაუბრა, თუმცა მიმდინარე წლის ბიუჯეტით ეს ვერ იქნება გათვალისწინებული. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია აქციის ფორმა მოწოდებით „ბულვარი კვლავ საფრთხეშია“, მაშინ, როცა მთავარი მოთხოვნები უკვე გათვალისწინებულია“ – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით მიიღო როგორც სამი ხეივნის აღდგენის, ისე ბულვარის „განვითარების კონცეფციაზე“ მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება.

საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ძველი ბულვარი“ და საზოგადოების ნაწილი ბულვარის ახალ კონცეფციაზე მუშაობის შეწყვეტას და ძველი ბულვარის კონსერვაციას სთხოვს მთავრობას. აქციის ორგანიზატორების თქმით, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციები გაგრძელდება. პეტიციას ძველი ბულვარის შენარჩუნების მოთხოვნით ამ დროისთვის 5000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. ხელმოწერები 17 აპრილს, აქციაზეც გრძელდებოდა.

DSCN9225

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად
აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად ევროპის მოედანზე [ფოტო]

17 აპრილს ევროპის მოედანზე მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს ძველი ბულვარის დასაცავად. საინიციატივო ჯგუფი და საზოგადოების ნაწილი ბულვარის ახალ კონცეფციაზე მუშაობის შეწყვეტას და ძველი ბულვარის კონსერვაციას სთხოვს მთავრობას. აქციის ორგანიზატორების თქმით, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციები გაგრძელდება.

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად
აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად

DSCN9205

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად
აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად
აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად
აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად

DSCN9238

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად
აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად

DSCN9225

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად
აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად

DSCN9168

აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად
აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად
Exit mobile version