კვირის ამბები,მთავარი

ცხოვრება 4 წლის შვილზე ძალადობის შემდეგ

23.05.2016 • 2260
ცხოვრება 4 წლის შვილზე ძალადობის შემდეგ

მალხაზ მ. 4 წლის შვილის ცემის გამო სახელმწიფომ გაასამართლა – ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას ორწლამდე პირობითი სასჯელი მიუსაჯა, ის 4 მაისს გაათავისუფლეს პატიმრობიდან. მამას მეურვის გარეშე ბავშვთან მიახლოება აკრძალული აქვს. რა შეიცვალა 4 წლის ბიჭის და 31 წლის მამაკაცის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მათ ურთიერთობაში სახელმწიფო ჩაერია? – დრამატული ისტორიის მეორე მხარე.

მალხაზ მ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ორსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, ერთ ოთახში ცხოვრობს. აქვე ზრდიდა შვილსაც. ოთახში დგას ორი სკამი და ორი საწოლი – ერთ-ერთში 10 წლამდე ბიჭს სძინავს.

მალხაზ მ. ამბობს, რომ ეს ბიჭი მისი დისშვილია – და მუშაობს და ბიჭს მასთან ტოვებს.

თავად მალხაზის 4 წლის შვილი ახლა ბებიასთან ცხოვრობს, მამას მასთან მიახლოება სასამართლომ აუკრძალა. მართალია, მას უკვე შეუძლია მეურვესთან ერთად მოინახულოს შვილი, მაგრამ, ჯერჯერობით, ამას მაინც ვერ ახერხებს: „ჩემი შვილი ახლა დედის მხარეს არის. რაც გამოვედი, იმის შემდეგ არ მინახია. ტელეფონზე მითხრა, ჩემთან რატომ არ მოდიხარო. მე ავუხსენი, რომ არ მიშვებდნენ მასთან – მანამ, სანამ საქმე არ იყო დამთავრებული, აკრძალული მქონდა მისი ნახვა. ახლა ცარიელი ხელით ხომ ვერ მივალ შვილთან. რაღაც სამუშაო გამოჩნდება, ვიმუშავებ და ვნახავ… მითხრა, მოტოციკლეტი მიყიდეო. დავპირდი, რომ ვუყიდი. ერთი- ორჯერ ვიყავი სამუშაოზე, მაგრამ ეგ საკმარისი არ არის“.

მალხაზ მ.-ის თქმით, იმ სკანდალის შემდეგ ბიჭი სულ პოლიციას ახსენებს: „პოლიცია მეუბნება არ წახვიდე მამასთანო, მეუბნებიან დაგიჭერთო. მაშინ სტრესი მიიღო – მე რომ მიმიყვანეს ბაღში, მაგ დროს დაესივნენ პოლიციელები და სოციალური მუშაკები. ისეთი ბავშვია, ხალხმრავლობას ვერ იტანს. რომ დაესივნენ, ატირდა, მამა მინდაო, მაგრამ ჩემთან მოკარების უფლება არ მისცეს. ვეუბნებოდი, მიმიშვით ბავშვს დავაწყნარებ-მეთქი. არ ქნეს“.

31 წლის მამაკაცის თქმით, მისმა 4 წლის შვილმა იცის, „რომ მამა ციხეში იყო: ისიც იცის, რომ ფულს მთხოვდნენ, 3 ათას ლარს, გირაოსთვის. მერე გირაოს ფული არ გადამიხდია, პირობითი მომისაჯეს ორი წელი“.

DSCN0070

მალხაზ მ.-ს სტაბილური სამუშაო არ აქვს – ის ბათუმში ჩამოდის და მუშად მუშაობს. როგორც თვითონ ამბობს, თუ რამე დასატვირთი-გადმოსატვირთი გამოჩნდა. სეზონზე თურქეთში გადადიოდა თხილის საკრეფად, მაგრამ ორი წლის განმავლობაში ამას ვეღარ შეძლებს. ამბობს, რომ ძველებურად ისედაც ვეღარ მუშაობს: „პატიმრობის შემდეგ ერთი-ორჯერ გავედი, მაგრამ გული მეღლება. პატარა ამბავი ხომ არ იყო – ჩემი შვილი გავლახე, სურათები გადაუღეს, ფეისბუქზე დადეს“.

რა უფრო რთულად გადასატანი იყო – საკუთარი შვილის ცემისთვის დაპატიმრება თუ ის, რასაც მის შესახებ მედიაში ყვებოდნენ? – მალხაზ მ. ამბობს, რომ „ეს არის ამბავი, რომელიც სულ მასთან დარჩება“: „იმაზე უფრო ვნერვიულობდი, რომ ჩემს შვილს ხელი დავარტყი და კიდევ იმაზე, რომ საქვეყნოდ სახელი შემელახა – ყველგან წერდნენ მანიაკი მამაო. ტელევიზორში რომ გამომაჩინეს, ქუთაისში ვიყავი ციხეში და პატიმრებთან ერთად ვუყურე, ბავშვის სახე არ უჩვენებიათ, ბუნდოვნად ჩანდა. სიდედრი ჩანდა, ჩემი დები, მეზობლები… პატიმრებმა მკითხეს, ბავშვი ჩვენც გვიცემია და ისე როგორ სცემე, რომ დაგიჭირესო…

ვიცი, რომ დავაშავე. ვიცი, რომ ბავშვი არ უნდა მეცემა, მაგრამ სხვებიც, ყველა არასწორად მოიქცა – პოლიცია, სოციალურები, გაზეთები, ტელევიზიები. ადამიანის ღირსების, სახელის ასე შელახვა საშინელებაა. ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება დაანგრია, არ ვიცი, რა დრო უნდა გავიდეს, რომ ეს დავივიწყო – ეს საშინელი გრძნობაა. რატომ მილახავ ადამიანობას – რატომ მიწერ, რომ ყოველთვის ასე ვექცეოდი შვილს, – ვსვამდი, ვლოთობდი. რომ ვლოთობდე, შვილს ფასიანში [ბაღში] მივიყვანდი?“

მალხაზ მ. იხსენებს რამაც დააკარგვინა იმ ღამეს თავის კონტროლი და ბიჭს სასტიკად რატომაც გაუსწორდა: „მასწავლებელმა ბაღში მითხრა, ქალი რომ იყო გეტყოდი, კაცს როგორ გითხრაო, თითით უზრდელობას უკეთებდა ბავშვსო, მისმა მშობლებმა რომ გაიგონ, მე რა ვიციო. ეს რომ მითხრა, ძალიან ავღელდი, საიდან უნდა ესწავლა პატარა ბავშვს-მეთქი და ვცემე. მე იმიტომ დამყავდა ფასიან ბაღში, რომ ზრდილობა ესწავლა… მასე რომ არ ავეღელვებინე მასწავლებელს, ეს ამბავიც არ დამემართებოდა. მერე კი ვინანე, მაგრამ… ბავშვი ყოველ დარეკვაზე მეუბნება, მეტს აღარ ვიზამო. ახლაც მეუბნება, რომ მასწავლებელმა მომატყუა“.

სხვათა შორის დასძენს, რომ იმ კომერციული ბაღისთვის თებერვლისა და მარტის თვის გადასახადი – 80 ლარი წინასწარ ჰქონდა გადახდილი, მაგრამ თანხა ჯერ კიდევ არ დაუბრუნებიათ. „მეც არ მომიკითხია. არ მივდივარ, რამე მიზეზი არ მომიგონოს, რომ მიუვარდი ან რამე“, – ყვება მალხაზი.

მალხაზ მ. დარწმუნებულია, რომ თავის შვილთან ნდობის მოპოვება არ გაუჭირდება და სტრესს ბიჭი მასთან უფრო ადვილად დაძლევს, ვიდრე სხვასთან ერთად: „დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ტელეფონზე რომ ველაპარაკები, მთხოვს – მოდი, მოდიო. მე ვუთხარი, შენ მოდი-მეთქი და მე როგორ მოვიდე პოლიცია დამიჭერსო. ასეთმა ხმაურმა უფრო დიდ სტრესში ჩააგდო ბავშვი. მართალია, კანონით უნდა დაიცვა ბავშვთა უფლებები, მაგრამ არც ასეთ პანიკაში არ უნდა ჩააგდო“.

საც

მალხაზ მ. ცდილობს გაიაზროს, რა შეემთხვა მას, მის შვილს და რა როლი შეასრულა ამ ყველაფერში სახელმწიფომ. „მე ეს სირცხვილი არ გამინელდება, არც ეს განცდა. სულ გულში მექნება… ის მანუგეშებს, რომ ბავშვს უნდა ჩემთან და მეც შევეცდები უკეთესი ურთიერთობა მქონდეს“, – ამბობს მამა, რომელსაც იმ შემთხვევაში მისცემენ შვილის დაბრუნების უფლებას, თუ სოციალური სამსახური ამას დასაშვებად ჩათვლის.

მალხაზ მ.-ს მეუღლე მეოთხე წელია გარდაეცვალა: „ავად იყო, წამალი შეწყვიტა – ორსულობის დროს არ შეიძლებოდა და მერე აღარ გააგრძელა მკურნალობა. მე თურქეთში ვიყავი, თვითონ საავადმყოფოში დაიღუპა. ბიჭი 17 თვის რომ გახდა, იმის მერე სულ მე ვზრდიდი… რაც ესიამოვნებოდა, ყველაფერს ვყიდულობდი, დედის მხარეც, მეც. მაგისნაირი ჩაცმული აქ არავინ დადიოდა. შეიძლება დამეყვირა, ცემა… პირველი შემთხვევა იყო, მასე რომ გავბრაზდი. ღამით ვცემე, საღამოს… როგორი სიყვარული და ურთიერთობა გვქონდა, რომ დაგენახა, გაგიკვირდებოდა, ნეტა რა უთხრა მასწავლებელმა, რომ მაგ დონეზე აღელდაო. სულ ერთად ვიყავით, ვჭიდაობდით, ვთამაშობდით. ძმაკაცი ვეგონე, მამაშვილური ურთიერთობა არ გვქონდა, მისი ტოლი ვეგონე, მისი ჭკუის. მე ვაცვამდი, მე ვაჭმევდი. მარტოხელა ვიყავი და საჭმელსაც მე ვაკეთებდი, მე ვბანდი“.

სხვა მშობელი რომ სცემდეს ბავშვს და თქვენ დაინახოთ, როგორი რეაქცია გექნებათ? – ამ კითხვის პასუხად მალხაზ მ. ამბობს, რომ „პატარაზე მოარტყა ან ყურზე მოქაჩა… ყველა აკეთებს“. მაგრამ თუ დაინახავს, რომ „დიდზე არტყამენ, ჩავერევი და ვეტყვი, ნუ შვრები-მეთქი. სოციალურ სამსახურს ან პოლიციას არ დავურეკავ“.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ძალიან ბევრი  ბავშვია ძალადობის მსხვერპლი. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ტენდენცია შემცირდეს? – მალხაზ მ.-ს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვს. ერთი, რისი თქმაც დაზუსტებით შეუძლია არის ის, რომ „პირველ ჯერზე [ძალადობის], ალბათ, უკეთესი იქნება მშობელმა გაფრთხილება მიიღოს და თუ არ გამოსწორდება, მერე მიხედოს კანონმა. მე რომ გავეფრთხილებინე და ასეთი ამბავი არ ატეხილიყო, ჩემთვისაც კარგი იქნებოდა და ჩემი შვილისთვისაც. მეორე და მესამე ჯერზე თუ ხდება ეს, რა თქმა უნდა, უნდა დააკავო“.

მალხაზ მ.-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გამოიტანა. მსჯავრდებულს 2 წლის განმავლობაში არ შეეძლება საზღვრის გადაკვეთა, ასევე რეგულარულად პოლიციის განყოფილებაში უნდა გამოცხადდეს. სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით, შვილის ცემაში მხილებულ მამას ნაწილობრივ შეეზღუდა შვილის ნახვის უფლება – მას შვილთან დამოუკიდებლად, მეურვის გარეშე ურთიერთობის უფლება არ აქვს.

„ჩვენ დაველოდებით სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას, რომლის შემდეგაც ბავშვის მეურვე ბიძია გახდება. მან უნდა იზრუნოს ბავშვის უსაფრთხოებასა და განვითარებაზე. ბავშვი ამჟამად დედის მხრიდან ბებიასთანაა და კარგად გრძნობს თავს“, – გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის განყოფილების სოციალურმა მუშაკმა თამარ ღუნიაშვილმა. მისი განმარტებით, მამას მას შემდეგ აღუდგება სრულად მშობლის უფლება, თუკი სააგენტოს რომელიმე დაინტერესებული მხარე მიმართავს. ამ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია შეისწავლოს გარემო, სადაც ბავშვს ცხოვრება მოუწევს და გადაწყვეტილება ისევ სასამართლომ უნდა მიიღოს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია მსჯავრდებულის ადვოკატი, მერი ცინარიძე: „ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იყო, რადგან ბავშვს დედა არ ჰყავს. ყველა მტკიცებულებით დასტურდებოდა, რომ ბავშვის ცემას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი და მამის ურთიერთობა შვილთან არ არის საფრთხის შემცველი“.

პროკურორი გიორგი რამიშვილი ბრალდებულისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელის შეფარდებას ითხოვდა. ოჯახური ძალადობის შემთხვევაში არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი სამწლიანი პატიმრობაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: