კვირის ამბები,მთავარი

ტურიზმი – ახალგაზრდების შემოსავლის წყარო

18.08.2016 • 2626
ტურიზმი – ახალგაზრდების შემოსავლის წყარო

უნივერსიტეტის, რეპეტიტორის, უცხო ენის კურსების, ბინის ქირის და სხვა გადასახადების ფული რომ შეაგროვონ, აბიტურიენტები და სტუდენტები საზაფხულო არდადეგებზე მუშაობენ. ისინი ძირითადად მომსახურების სფეროში არიან დასაქმებულები.

განსაკუთრებით ბევრი ახალგაზრდა მუშაობს ტურისტულ სეზონზე ბათუმში – ზოგიერთი კაფე, კლუბი თუ სხვა დაწესებულება სპეციალურად ამ სეზონისთვის იხსნება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის. ამ ადგილებში მოთხოვნა სწორედ ახალგაზრდებზეა. რამდენის გამომუშავებას ახერხებენ ახალგაზრდები ტურისტულ სეზონზე?

მიმტანი, ადმინისტრატორი სასტუმროში, გაყიდვების ასისტენტი, პრომოაგენტი – ეს მოკლე ჩამონათვალია იმ ვაკანსიებისა, რომლებსაც ბათუმში ახალგაზრდები საზაფხულოდ ეძებენ. სტუდენტები ამბობენ, რომ დამსაქმებლები ხშირად გარეგნობისა და უცხო ენების ცოდნის მიხედვით არჩევენ ახალგაზრდებს, სამუშაო გამოცდილება დამატებითი პლუსია, თუმცა თითქმის ყველა პოზიციაზე გამოსაცდელი ვადით იწყება მუშაობა. ეს ვადა ერთი ან ორი კვირაა.

როგორც დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ჭყონია ამბობს, სეზონზე დასაქმებულთა 80-90 პროცენტს სტუდენტები წარმოადგენენ: „იმიტომ, რომ სტუდენტები, ასე ვთქვათ, უფრო დაბალანაზღაურებადი მუშახელია და პლუს, თან რადგან უფრო ახალგაზრდები არიან, უკეთესად უძლებენ დატვირთვას“.

20 წლის ქრისტინე მალაყმაძე მეორე წელია მუშაობს. თავიდან ერთ-ერთ რესტორანში ჭურჭლის მწმენდავად მუშაობდა, ახლ უკვე სხვა რესტორანში მიმტანია. ამბობს, რომ პირველ წელს ბათუმის უნივერსიტეტში სწავლობდა, მას კი თბილისში უნდოდა გადასვლა, რის გამოც ეროვნული გამოცდების თავიდან ჩაბარება გადაწყვიტა: „ეს დამატებითი ხარჯები იყო, რეპეტიტორებთან უნდა მევლო და ამის გამო დავიწყე მუშაობა. წელს ჩავაბარე, ნორმალური ქულები მაქვს, თუმცა დედაქალაქში ცხოვრების ხარჯების ნაწილი მაინც მინდა საკუთარი სახსრებით დავფარო, ამიტომ ზაფხულშიც ვაგრძელებ მუშაობას“.

ქრისტინე ამჯერად ბულვარში მდებარე ერთ-ერთ რესტორანშია დასაქმებული, რომელიც მხოლოდ ტურისტულ სეზონზე მუშაობს. ის ამბობს, რომ მიმტანთა 99% სტუდენტი ან მოსწავლეა. ქრისტინეს თქმით, საკმაოდ მძიმე გრაფიკი აქვთ, შუაღამემდე მუშაობენ, კიბეებზე დააქვთ შეკვეთები, შეიძლება რთული კლიენტი შეხვდეთ. სტუდენტების მსგავს სამუშაოზე ანაზღაურება საკმაოდ დაბალია: „მაქსიმუმ ოცი ლარი გამოვიდეს დღეში, თან ფიზიკურად ყოველ დღე ვერ იმუშავებ. მიმტანად როცა მუშაობ, იცი, რომ ხელფასზე მნიშვნელოვანი კლიენტის დატოვებული ხურდაა, თუმცა ესეც არასტაბილურია, შეიძლება მთელი დღე იმუშაო და არაფერი დაგიტოვონ“, – ამბობს ქრისტინე.

19 წლის თეონა გურგენიძეც მეორე წელია ზაფხულობით მუშაობს. ის თბილისში სწავლობს და მეორე კურსზეა. ბათუმის ბულვარში ერთ-ერთი სამკაულების ღია მაღაზიის ასისტენტია. გარდა ამისა, დასვენების დღეებში ცდილობს სხვა საქმე ნახოს, მაგალითად, ფლაერების დარიგება ან მარკეტინგული კვლევის ინტერვიუერობა – ეს დამატებითი შემოსავალია. ფულს ისიც ბინისთვის აგროვებს, რომელსაც თბილისში ქირაობს. საკუთარი ხელფასით კმაყოფილია, ამბობს, რომ ფიზიკური დატვირთვა ნაკლებად უწევს და თავისი მეგობრების ფონზე, რომლებიც მიმტანებად მუშაობენ, საკუთარი ხელფასი არ ეცოტავება. მისთვის სირთულეს მხოლოდ ის წარმოადგენს, რომ მთელი დღის განმავლობაში ძალიან ცხელა, ღამის საათებში კი, რადგან მაღაზია ღია სივრცეშია, სიფრთხილეა საჭირო. თეონა უნივერსიტეტში სტიპენდიანტია, მუშაობაც უნდოდა სწავლის პერიოდში, მაგრამ შესაბამისი გრაფიკით სამსახური ვერ იშოვა და აღარ უცდია: „ლექციებს თუ არ დაემთხვევა გრაფიკი, მუშაობამ არა მგონია ხელი შემიშალოს… თუ, რა თქმა უნდა, არ ვიზარმაცებ“.

თეონასა და ქრისტინესგან განსხვავებით 18 წლის ნიკა ჩიტალაძემ წელს პირველად სცადა მუშაობა. იგი ორი თვე ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორის დამხმარედ, სამ დღეში ერთ დღეს, 24-საათიანი გრაფიკით მუშაობდა, ხელფასი – 250 ლარი კი, მისი თქმით, ძალიან დაბალი იყო იმისთვის, რომ თბილისში სწავლის ფული დაეგროვებინა. მოგვიანებით უცხო ენების არცოდნამ საქმე გაართულა, რის გამოც სამსახურიდან წამოვიდა, შემდეგ კი იმავე მიზეზის გამო სხვა სამუშაოს პოვნა გაუჭირდა: „ინგლისური საშუალოდ ვიცი, რუსული საერთოდ არ ვიცი. ტურისტულ სეზონზე მომსახურების სფეროში უცხო ენების გარეშე მუშაობის დაწყება რთულია“.

ნიკას სიტყვებს „მწვანე ბარის“ მფლობელი, დავით მამულაძეც ადასტურებს და ამბობს, რომ ენების ცოდნა მთავარი მოთხოვნაა, თუმცა ამასთან ერთად მუშაობის მსურველ ახალგაზრდას „ნერვები უნდა ჰქონდეს კარგ მდგომარეობაში“. დავით მამულაძეს ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი სტუდენტი ჰყავს დასაქმებული:

„უნივერსიტეტის გამოცდების დასრულებამდე არ მოდიან სტუდენტები და მაგ დროისთვის უკვე შევსებულია ადგილები, თორემ სტუდენტების მხრიდან დასაქმებაზე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, მაღალია“.

იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, ლელა აბულაძე თბილისში სწავლობს. ის ამბობს, რომ სხვადასხვა დაწესებულებაში დატოვა რეზიუმე, თუმცა ძირითადად მომსახურების სფეროს ვაკანსიებზე უკავშირდებიან. „მინდოდა, თან ჩემი პროფესიის განხრითაც განვვითარებულიყავი, მაგრამ ყველგან გამოცდილებას ითხოვენ, რომელიც არ ვიცი, საიდან მოვიტანო, თუ არსად ამიყვანენ. ბოლო თვეს ვიმუშავებ ალბათ, რაიმე სეზონურზე, მანამდე ცოტა დავისვენე“, – ამბობს ლელა.

როგორც ქრისტინე მალაყმაძე აღნიშნავს, სეზონზე, როდესაც უცხოელი დამსვენებლები სტუმრობენ რესტორანს, მისთვის და მისი მეგობრებისთვის უცხო ენების არცოდნა პრობლემაა, თუმცა თანამშრომლები ერთმანეთს ეხმარებიან და ცოტ-ცოტას თავადაც სწავლობენ: „უცხოელები ყოველთვის კარგი კლიენტები არიან, ამიტომ ტურისტების რაოდენობა ჩვენს ხელფასებზეც პირდაპირ აისახება. მაგრამ ენების არცოდნის გამო ხანდახან ჟესტებსაც ვიყენებთ, ვწვალობთ. განსაკუთრებით რთულია, როცა რომელიმე კერძის ახსნას ითხოვს კლიენტი. ბევრი კურიოზი ხდება, თუმცა იმ მომენტში ისეთი სტრესულია, რომ ვერც გეცინება“, – ამბობს ქრისტინე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: