რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შხამქიმიკატების შეძენისას

445 მაღაზიას, სადაც შხამქიმიკატები და ბიომინერალური სასუქები იყიდება, ფიტოსანიტარიის ინსპექტორები მთელი წლის მანძილზე გააკონტროლებენ. თავად გლეხებმა შხამქიმიკატების შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციონ, აქვს თუ არა შეფუთვას ეტიკეტი ქართულ ენაზე, მითითებულია თუ არა ვადა და რეგისტრირებულია თუ არა პრეპარატი. კანონში შესული ცვლილებით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბიზნესოპერატორებმა ეს წესები უნდა დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი ამბობს, ბიზნესოპერატორი ვალდებულია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებისა და შენახვის წესები თუ ვადები დაიცვას; ასევე სარეალიზაციოდ გამოტანილ ნებისმიერი დასახელების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიურ ნივთიერებასა თუ ბიო-ორგანულ სასუქს ეტიკეტი ქართულ ენაზე დააკრას. სურსათის ეროვნულ სააგენტოში მიაჩნიათ, რომ ეს ფერმერებს საშუალებას მისცემს, ნებისმიერი დასახელების პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების შესახებ მიიღონ სრული ინფორმაცია.

„სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო, 445 მაღაზიიდან პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე აიღებს ნიმუშს და ლაბორატორიულ კვლევას აწარმოებს. ქვეყანაში მხოლოდ იმ ქიმიკატების რეალიზაცია არის დასაშვები, რაც რეგისტრირებულია. შესაბამისად, ბიზნესოპერატორები ვალდებული არიან კანონის მოთხოვნა შეასრულონ – არარეგისტრირებული ქიმიკატები გასაყიდად არ გამოიტანონ. არარეგისტრირებული ქიმიკატებით ვაჭრობა დაუშვებელია“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნიკოლოზ მესხმა.

მისივე ინფორმაციით, ცვლილება შეეხო ეტიკეტირების წესსაც – ამიერიდან აუცილებელია ეტიკეტი ქართულ ენაზე იყოს: „შეფუთვაზე ასევე დატანილი უნდა იყოს შენახვის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესი, რომელიც მაღიზიებმა უნდა დაიცვან. ჩვენი სპეციალისტები ყოველდღიურ რეჟიმში შეამოწმებენ, სრულდება თუ არა კანონით გაწერილი მოთხოვნები. სავაჭრო ობიექტებზე დარღვევა თუ გამოიკვეთება, შესაბამისი რეაქცია გვექნება. ფერმერები ფალსიფიცირებული ან ვადაგასული ქიმიკატებისგან მაქსიმალურად უნდა დავიცვათ“.

იმ შემთხვევაში, თუ ვადაგასული პრეპარატი რეალიზაციაში მაინც მოხვდება, გამოსავალი მხოლოდ ერთია, – ფერმერმა თვითონ უნდა გააკონტროლოს მისი ვარგისიანობა და ვადაგასული პრეპარატი არ გამოიყენოს. როგორც ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, ვადაგასული პრეპარატი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.

„ვადაგასული პრეპარატი მცენარეს ვერ იცავს და ფერმერი მოტყუებული რჩება. გარდა ამისა, არასწორად გამოყენებულმა პრეპარატმა შეიძლება მცენარეც კი გაანადგუროს. თუ მცენარეს შევასხურებთ ისეთ პრეპარატს, რომელიც განკუთვნილია, მაგალითად, მხოლოდ სარეველასთვის და არა სხვა მცენარისთვის, მისი გამოყენებით მცენარე განადგურდება, ამიტომ ფერმერმა უნდა იცოდეს, თუ რომელი მავნე ორგანიზმის წინააღმდეგ რომელი პრეპარატის გამოყენება შეიძლება. დიდი მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური აგრონომის კონსულტაციასაც“, – ამბობს ნიკოლოზ მესხი და იმედოვნებს, რომ მცირე დაფასოება ხელს შეუწყობს კანონის შესაბამისად გაიყიდოს შხამქიმიკატები და ფალსიფიცირება გამოირიცხოს.

ფალსიფიცირებული პრეპარატები სოფლის მეურნეობისთვის ზარალის მომტანი რომაა, ამაზე აგრონომები და სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან. მეღვინე, მებაღეობა-მევენახეობისა და ღვინის სამეცნიერო ინსტიტუტის დამფუძნებელი დავით თამარაშვილი ამბობს, რომ ფალსიფიცირებული შხამქიმიკატები არა მარტო მოსავალს ამცირებს, არამედ მცენარის განადგურების მიზეზიც კი ხდება. დავით თამარაშვილი ამბობს, რომ კანონი არსებობს, თუმცა აღსრულების მექანიზმი მოუქნელია. მისი თქმით, ჩვეულებრივი ფერმერისთვის ხარისხიანი პესტიციდებისა თუ აგროქიმიკატების გარჩევა შეუძლებელია.

კითხვაზე, რამდენად დაცულია ქვეყანაში მომხმარებელი ფალსიფიცირებული პრეპარატებისგან, ნიკოლოზ მესხი ასე პასუხობს:

„ჩვენ ყოველწლიურად ვყიდულობთ ქიმიკატებს და ლაბორატორიულად ვამოწმებთ. ლაბორატორიული კვლევის შემდეგ თუ გამოიკვეთება, რომ ქიმიკატი არ შეესაბამება სტანდარტებს, ასეთ პრეპარატს სავაჭრო ქსელიდან ვიღებთ და ბიზნესოპერატორზე სადამსჯელო ღონისძიება ტარდება. წელს მაქსიმალურად ვამკაცრებთ კონტროლს. ვფიქრობ, მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ფალსიფიცირებული და ვადაგასული პრეპარატებით ვაჭრობა“.

იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო მონიტორინგის დროს არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგის აგროქიმიკატის ან პესტიციდის რეალიზაციას გამოავლენს, ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დაჯარიმდება.

რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში სპეციალიზებულ მაღაზიებში პრეპარატების ხარისხს ფიტოსანიტარიის ინსპექტორები გააკონტროლებენ.

გასულ წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 93 ობიექტი შეამოწმა. პესტიციდებიდან აღებული 170 ნიმუშიდან უარყოფითი ლაბორატორიული შედეგის საფუძველზე ხუთი, ხოლო სამი მეწარმე პესტიციდების მარკირების წესის დარღვევისათვის დააჯარიმეს. ასევე, სააგენტომ გასულ წელს სამი არარეგისტრირებული ბიზნესოპერატორი დააჯარიმა.

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციის წესებთან დაკავშირებული ცვლილებები კანონში 2013 წელს შევიდა. თუმცა სააგენტოში ამბობენ, რომ წელს მისი შესრულება უფრო მკაცრად გაკონტროლდება, ვიდრე აქამდე კონტროლდებოდა.

ხულოს გამგებლის მძღოლი წელიწადში 143 დღე მივლინებაში

ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის მძღოლმა – მერაბ ცეცხლაძემ 2014 წელს მივლინებაში 167 დღე გაატარა, 2015 წელს კი – 143 დღე. თავად ბესიკ ბაუჩაძეს 2015 წელს, ოფიციალურად, სულ ხუთი სამივლინებო დღე ჰქონია. გამგებელი იმის გამო, რომ მისი ოჯახი ბათუმში ცხოვრობს, ხშირად სამსახურში არ იმყოფება – ეს პრეტენზია ბესიკ ბაუჩაძის მიმართ იმ ადამიანებს აქვთ ხულოდან, რომლებიც ამბობენ, რომ გამგებელთან შეხვედრა ვერ მოახერხეს. გამგებელი ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება.

ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის მძღოლი მერაბ ცეცხლაძე 2014 წელს ნახევარ წელზე მეტ ხანს იმყოფებოდა მივლინებაში – სულ 167 სამუშაო დღე. მისთვის გამოყოფილი სამივლინებო თანხა კი, მთლიანობაში, 2 595 ლარია. მძღოლთან შედარებით ნაკლები სამივლინებო დღეა გაწერილი თავად გამგებელზე, რომელსაც ეს მძღოლი ემსახურება: 2014 წელს ბესიკ ბაუჩაძე მივლინებაში სულ 16 დღის განმავლობაში ყოფილა.

ცოტა ნაკლები – 143 დღე გაუტარებია მერაბ ცეცხლაძეს მივლინებაში 2015 წელს, მაშინ, როცა გამგებელი თითქმის არ ყოფილა მივლინებაში. მერაბ ცეცხლაძის მივლინებასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი ბრძანება გამგებელს 2015 წელს, ნოემბერში დაუწერია – მთლიანობაში 6 ბრძანება და 14 სამუშაო დღე.

რა დავალებას ასრულებდა გამგებლის მძღოლი მერაბ ცეცხლაძე იმ პერიოდში, როცა მივლინებაში იმყოფებოდა, მაგალითად, 2014 წლის განმავლობაში? – „ბათუმელებმა“ მერაბ ცეცხლაძეს ერთი კონკრეტული ფაქტის გახსენება სთხოვა. მან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა, – თქვა, რომ ვერც ერთ კითხვაზე ვერ  გვიპასუხებს.

ბესიკ ბაუჩაძე
ბესიკ ბაუჩაძე

კონკრეტული მოქალაქეების პრეტენზიას, რომ გამგებელთან შეხვედრა ხშირად შეუძლებელია, ბესიკ ბაუჩაძე არ იზიარებს. ამბობს, რომ გამგეობაში მხოლოდ მაშინ არ იმყოფება, თუ მოსახლეობას ხვდება, ან სამუშაო ვიზიტით მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთაა: „მე მაქვს მოქალაქეთა მიღების დღეები. გარდა ამისა, მოქალაქეებთან შეხვედრებს ვმართავ სოფლებში. გამგებელი ყველა დღეს ვერ იქნება მუნიციპალიტეტში, რადგან მას სხვა საქმეებიც აქვს. მოადგილეები არიან, რომლებიც მიხედავენ მოქალაქეებთან მიღებას. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, 2015 წელს დაახლოებით 10 000 მოქალაქე მყავს მიღებული. ამდენად, ეს განცხადება უსაფუძვლოა და ოპონენტების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა“.

ბესიკ ბაუჩაძის თქმით, მოვალეობის შესრულებაში ხელი რომ არ შეშლოდა, გარკვეული ცვლილებები შეიტანა თავის საუნივერსიტეტო განრიგშიც: „რუსთაველის უნივერსიტეტში სრული შტატი მქონდა და გადავედი ნახევარ შტატზე, აკადემიური შვებულება ავიღე – ახალი სასწავლო წლის პირველ სემესტრში არ მქონდა ლექციები, მეორე სემესტრში პარასკევს, სამი საათის შემდეგ მაქვს ლექცია და შაბათს. ეს ჩემი უფლებაა და ამით მუნიციპალიტეტი არ ზარალდება“.

გამგებელი თავისი მძღოლის მივლინებაში ხშირად ყოფნას იმით ხსნის, რომ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილები მოძველებული ყოფილა. აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ის, როგორც გამგებელი, არაერთი სამთავრობო კომისიის წევრია და ხშირად უწევს ამ ფორმატის შეხვედრებზე გამგზავრება. გარდა ამისა, გამგებელი მძღოლის მივლინებაში გასვლის მიზეზად სოფლებში მოსახლეობასთან ხშირ შეხვედრას ასახელებს და დასძენს, რომ ყველა მივლინება კანონის შესაბამისად აქვს გაწერილი, თვითონ კი სამივლინებო თანხას არ იღებს:

„საზღვარგარეთ ან თბილისში თუ არ მივდივარ, მივლინების თანხით არ ვსარგებლობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი მძღოლიც არ სარგებლობს მივლინების თანხით. ის ასრულებს მოვალეობას და უნდა ისარგებლოს კიდეც“.

ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ შეუძლებელია ზუსტად ახსოვდეს, რისთვის ისარგებლა მისმა მძღოლმა მივლინებით, მაგალითად, 2015 წელს: „შეიძლება მანქანის რემონტზე მიდის, აქ ადგილზე არ არის ტექმომსახურება, ხელშეკრულება ჩაქვში გვქონდა გაფორმებული. ასევე, ხშირად გვაქვს სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრა – იმ შემთხვევაში თუ გზა 40 კილომეტრს აჭარბებს, მივლინება იწერება“.

ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ მძღოლი შეიძლება გამგებლის გარეშეც წავიდეს მივლინებაში. „ხშირად უწევს ჩემს მძღოლს ჩემ გარეშე სხვადასხვა დავალებაზე წასვლა“, – ამბობს ის.

ჯანდაცვის მიმართულების 387 კურსდამთავრებული ბათუმში

ბათუმში ათამდე საავადმყოფო და კლინიკაა, რომლებიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მიმართულების კურსდამთავრებულთა დასაქმების ბაზარს ქმნიან. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ბსუ-ს 387 კურსდამთავრებული ჰყავს. რამდენი მათგანი დასაქმდა თავისი პროფესიით? – უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მათი უმრავლესობა დასაქმებულია, თუმცა ზუსტ სტატისტიკას ვერ ასახელებენ.

ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსის, ლეილა ახვლედიანის თქმით, წინასწარი მონაცემებით, მათი ფაკულტეტის 250-მდე კურსდამთავრებული დასაქმებულია, თუმცა დასაქმებულები არიან თუ არა ისინი საკუთარი მიმართულებით, ამაზე ინფორმაცია უნივერსიტეტში არ აქვთ.

ბსუბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჯანდაცვის მიმართულებით რამდენიმე პროფესიული, ერთსაფეხურიანი, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა აქვს. მათ შორის რეზიდენტურაც, სტომატოლოგიისა და რადიოლოგიის მიმართულებით, სადაც ამ ეტაპზე 25 რეზიდენტია. საერთო ჯამში კი ბსუ-ში ჯანდაცვის მიმართულებით 391 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი სწავლობს. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის, მარინა ქორიძის თქმით, უნივერსიტეტს აქვს ბაზები ქალაქში არსებულ თითქმის ყველა კლინიკაში, სადაც სტუდენტები კლინიკურ საგნებს გადიან. „ჩვენი პროფესორ-მასწავლებლებიც არიან ამ დაწესებულებების ექიმები, ისინი საბაზისო საგნებს უნივერსიტეტში უკითხავენ სტუდენტებს, ხოლო კლინიკურ საგნებს კლინიკაში პრაქტიკულად ასწავლიან“, – ამბობს დეკანი.

ბათუმში არსებულ საავადმყოფოებში ადასტურებენ, რომ მათთან მუშაობენ ბსუ-ს კურსდამთავრებულები, თანამშრომლობენ უნივერსიტეტთან და თავადაც არიან დაინტერესებული, საუკეთესო სტუდენტები დაასაქმონ.

კლინიკა „მედცენტრის“ [ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო] ხელმძღვანელი მიშა ართმელაძე „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ კლინიკაში დასაქმებულები არიან როგორც ბსუ-ს კურსდამთავრებულები, ასევე უნივერსიტეტის პროფესორები. „ჩვენი მიმართულებით [ონკოლოგიური] ვინც არიან, ისინი აქ გადიან პრაქტიკას, ასევე 8 დოქტორი გვყავს, რომლებიც პარალელურად მუშაობენ უნივერსიტეტში, ანუ ლექციები აქაც ტარდება. ვცდილობთ, გამორჩეულები დავასაქმოთ“, – ამბობს იგი და დასძენს, რომ ეს თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.

უნივერსიტეტთან კლინიკა „მედინა“ და „რესპუბლიკური საავადმყოფოც“ თანამშრომლობენ. ამ კლინიკებშიც ასევე ადასტურებენ, რომ მათ თანამშრომელთა ნაწილს ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, რიგ შემთხვევაში კი კვალიფიკაცია ამაღლებული აქვთ საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში.

მანანა ახმაევა მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მეხუთე კურსის სტუდენტია და უკვე დასაქმებულია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, მედდის პოზიციაზე. იგი ამბობს, რომ ჯანდაცვის მიმართულების კარგ სტუდენტს დასაქმების პრობლემა არ ექმნება.

რეზიდენტურის გავლას მანანა საზღვარგარეთ, კერძოდ კი მინსკში გეგმავს, რადგან მისი მიმართულების – კარდიოლოგიის რეზიდენტურა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ არის, ხოლო საქართველოს სხვა უნივერსიტეტებში ჩაბარების შემთხვევაში 4 წელი მოუწევს რეზიდენტურაში სწავლა, როდესაც მინსკის უნივერსიტეტში რეზიდენტურა მხოლოდ ორწლიანია. „გარდა ამისა, არსებობს ერთგვარი ფსიქოლოგიური მომენტი, როდესაც გეკითხებიან, სად გაქვს დამთავრებული და ამბობ, რომ ბსუ-ში, პაციენტები და სხვებიც ამბობენ: უი, შენ საზღვარგარეთ არ გისწავლია?“ – ამბობს ის.

ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის, მარინა ქორიძის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის განახლება – სარემონტო სამუშაოები და კლინიკის თანამედროვე ტექნიკით შევსება. ამის შემდგომ კლინიკაში სტუდენტები გაივლიან პრაქტიკულ კურსებს, დასაქმდებიან რეზიდენტები და გარდა ამისა, კლინიკა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და სტუდენტებს ფასდაკლებით მოემსახურება. დეკანის ინფორმაციით, ასევე განახლდება უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრი მედიცინის მიმართულებით, რომელიც ერთი წელია რაც გაიხსნა და სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობის ნაწილში ეხმარება.

მარინა ქორიძის თქმით, უნივერსიტეტში წინა წლებში სტომატოლოგიის მიმართულება იყო ყველაზე მოთხოვნადი, ბოლო რამდენიმე წელია მოთხოვნა მედიცინის მიმართულებაზე გაიზარდა.

შსს: ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

2შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული გოგიტა შ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 91 შეკვრად დაფასოებული, 20,173 გრ მცენარეული მასა ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. ასევე ამოღებულია 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 0,05616 გრ მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

“აჭარის ყრუთა საზოგადოების” წევრებმა სიყვარულის დღე აღნიშნეს

15 აპრილს, აჭარის ყრუთა კავშირის წევრებმა, სიყვარულის დღის აღსანიშნავად კონცერტი გამართეს. ორგანიზაციის წევრებმა მუსიკალური, ქორეოგრაფიული და კომიკური ნომრები მოამზადეს.

როგორც ჟესტური ენის თარჯიმანმა შორენა ლომაძემ განმარტა, კონცერტში “აჭარის ყრუთა საზოგადოების” ორგანიზაციაში გაწევრიანებული, მეტყველების უნარისა და სმენის არ მქონე სხვადასხვა ასაკის ადამიანები მონაწილეობდნენ. 

მურმან დუმბაძე: მგონია ჩერნოვეცკი ხათრს უწევს რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას

შედგება თუ არა საპარლამენრტო არჩევნებისთვის  დუმბაძე-ჩერნოვეცკის ტანდემი? – პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე „ბათუმელებთან“, როგორც ადრე, ახლაც აცხადებს, რომ ის ამას არ გამორიცხავს, თუმცა ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ საარჩევნო სიის პირველი ათეულის დასახელებას ელოდება და ოფიციალურ განცხადებას შემდეგ გააკეთებს.

ერთგვარი კონსულტაციები ახლაც არის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ახალი პოლიტიკური პარტია შემოვიდეს, ასე ვთქვათ, საარჩევნო ბაზარზე. ყოველთვის ვამბობდი და არ დამიმალავს, რომ ამ პოლიტიკური ძალის უკან დგას შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა, რაც მნიშვნელოვანია პარტიის განვითარებისთვის. მაგრამ ჩვენ არ უნდა მივიღოთ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ერთადერთი იქნება ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ალტერნატივები უნდა გაჩნდეს. ამ კუთხით ჩერნოვეცკის შემოსვლა პოლიტიკაში [მას საკმაო  პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს] ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართული სახელმწიფოსთვის.  და არა მარტო ის, თუ გამოჩნდებიან სხვა ადამიანებიც, კარგი იქნება პარტიული კონკურენციისთვის – ამ პოზიციიდან გამოვდივარ.

უშუალოდ თქვენი დამოკიდებულება როგორია ლეონიდ ჩერნოვეცკისადმი დღეს, როცა მან, მისმა პარტიამ – „ბედნიერი საქართველოსთვის“, ფაქტობრივად, დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია?

მინდა გითხრათ, რომ ბატონ ლეონიდს აქვს საკუთარი ხედვები. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ის ამბობს, რომ მას აინტერესებს რას შესთავაზებს თვითონ საზოგადოება, ვთქვათ, პარტიული სიის დაკომპლექტების პროცესში. ეს, ბუნებრივია, ძალიან ბევრ კითხვით ნიშანს სვამს. მაგრამ ვფიქრობ, გარკვეული გამოცდილება მას ამ თვალსაზრისით აქვს და მოდი ესეც გავსინჯოთ. ვნახოთ საზოგადოება რას შესთავაზებს, ეს სიახლეა პოლიტიკაში… მე კი მაინც მგონია, რომ პოლიტიკაში უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური წონისანი არიან და, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ არა მარტო კონკრეტული არჩევნების დროს, არამედ მთლიანად, პროცესების მიმდინარეობისას ქვეყანაში. ამიტომ, როგორც კი პირველი ათეული დასახელდება მის მიერ, ამის შემდეგ  ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ, თუ როგორი იქნება ჩვენი ურეთიერთობა მასთან.

ანუ, თანამშრომლობას არ გამორიცხავთ?

პოლიტიკურ პარტიასთან ვითანამშრომლებ თუ არა, ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამა თუ იმ პარტიას ყოფილ ხელისუფლებასთან – „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და რა დამოკიდებულება ექნება „ქართულ ოცნებასთან“. მე არასოდეს დამიმალავს ჩემი ანტისიმპათია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და ძალიან მალე, როგორც კი მოვედით ხელისუფლებაში, „ანტაგონისტურად“ ვარ განწყობილი „ქართული ოცნების“ მიმართ. პარტიასთან, რომელიც კონკურენციაში არ შედის ამ პარტიებთან, ბუნებრივია, ვერ ვითანამშრომლებ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ვითანამშრომლებ ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებასთან, რომელიც კონკურენციაში იქნება ზემოაღნიშნულ ორ პარტიასთან.

ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტია არის კონკურენციაში ამ პარტიებთან?

ის, რაც კეთდება ლეონიდის მიერ, ვერ არის ბოლომდე პოლიტიკურად გაბედული ნაბიჯები, რაც ჩემთვის მოსაწონი არ არის, მაგრამ იმას, რაც მან ილაპარაკა ჩემთან და ხედვები, რაც მან თეზისების სახით გამოაქვეყნა, ვიზიარებ. ანუ ვიზიარებ მის ხედვებს საკადრო, თვითმმართველობის, მმართველობის სისტემის მიმართულებით, თავისუფალი ეკონომიკური ზონების მიმართულებით და მათ შორის სოციალურ პროგრამებსაც.

იმავე ხედვებში, რაც ახსენეთ და რასაც ეთანხმებით, ლეონიდ ჩერნოვეცკისა და მისი პარტიის ხედვა არ ჩანს, ან ბუნდოვანია ნატოსთან, რუსეთთან ურთიერთობებსა თუ სხვა საკითხებზე…

ის ამბობს, რომ მისი ღირებულებები ემთხვევა დასავლურ ღირებულებებს – ეს არის მეტი დემოკრატია, ეს არის მეტი კონკურენცია, მეტი თავისუფლება… ანუ ეს ემთხვევა იმას, რასაც ჩვენ ვაჟღერებთ. ბუნებრივია, ჩვენ გვილაპარაკია ამ თემაზე, რაც მას პროგრამაში [თუმცა, ეს არ არის, როგორც ასეთი – პარტიის პროგრამა] ნახსენები არ აქვს, თუმცა, ასე ვთქვათ, ვექტორული თვალსაზრისით, ჩვენი პოზიციები ემთხვევა.

თქვენ ხომ არ დაგიწყიათ საკუთარი პარტიის საარჩევნო სიაზე მუშაობა?

არა. მაგრამ მე ვამბობ, რომ ვითანამშრომლებ ნებისმიერ პარტიასთან გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნებისა“… მათ შორის ვითანამშრომლებთ ლეონიდ ჩერნოვეცკის ახალდაბადებულ პარტიასთანაც, მაგრამ ის უფრო ლოგიკურად უნდა ჩამოყალიბდეს, უფრო გაბედულად მიკროფონთან და არა მარტო პირად საუბრებში. მე მგონია, რომ ის რაღაც ხათრს უწევს რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას, რაც ჩემთვის არ არის მისაღები.

15 აპრილს, პარტიის ქობულეთის ოფისის გახსნაზე, ლეონიდ ჩერნოვეცკიმ განმარტა, რომ იგი მურმან დუმბაძესთან ერთად არ აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას – „არაფერი ასეთი არ ყოფილა, გარდა დუმბაძის გაცნობისა. ის ჩემთან იყო სახლში. ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მგონი საქართველოს პატრიოტია და ბევრი კარგი საქმის გაკეთება უნდა“.

ბათუმში საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება

23-25 ივნისს, ბათუმში, საქართველოს რესპირაციულ ასოციაცია მე-5 საერთაშორისო კონგრესს ჩაატარებს. წინასწარი მონაცემებით მასში 25 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ბათუმში ევროპის, ამერიკის და აზიის ქვეყნებიდან41 სპიკერი ჩამოვა.
კონგრესის თემატიკა რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტს მოიცავს: ონკოლოგია და ქირურგია, კრიტიკული მედიცინა და ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფილტვის ქრონიკული დააავადებები, პედიატრია და ნეონატოლოგია. კონგრესის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური სინქრონული თარგმნის უზრუნველყოფით.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მოხსენება ორიენტირებული იქნება პირველადი ჯანდაცვის თუ სტაციონარის პრაქტიკოს ექიმზე, მის ყოველდღიურ საქმიანობაზე.

საქართველოს რესპირაციული ასოციაცია 2004 წელს შეიქმნა. ასოციაციას დღეისათვის 850 წევრი ჰყავს. საქართველოს ყველა რეგიონში აქვს რეგიონული ორგანიზაცია. რეგულარულად უშვებს „საქართველოს რესპირაციულ ჟურნალს“, მის მიერ მომზადებულია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულია 8 ეროვნული გაიდლაინი სასუნთქი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკის და მართვის შესახებ. ასოციაცია რეგულარულად მართავს რეგიონულ კონფერენციებს საქართველოს ყველა რეგიონში: აჭარა, კახეთი, ქვემო და შიდა ქართლი, იმერეთი, სამცხე–ჯავახეთი, სამეგრელო, გურია.

„სტადიონი“ სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის ზედამხედველებს არჩევს

შპს „სტადიონს“, ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის 1 მილიონ 750 ათასი ლარი ჰქომდა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე კომპანია ორი პრეტენდენტიდან ერთის ტექნიკურ ზედამხედველად შერჩევის ეტაპზეა.

ზედამხედველობა „სტადიონს“ შემდეგმა კომპანიებმა შესთავაზა: „უძრავი ქონების ექსპერტი“ – 1,740 მილიონ ლარად, „სონდერს გრუპ“ – 1,590 მილიონად და „Ady Sharristh Engineering Ltd“ – 1,589 მილიონ ლარად [ეს უკანასკნელი სატენდერო კომისიის მიერ დისკვალიფიცირებულია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო]. სტადიონის მშენებლობა ჯერ დაწყებული არ არის.

„სტადიონი“ ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი საავადმყოფოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველსაც ახლა არჩევს, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა დაწყებულია.

საავადმყოფოს მშენებლობის ზედამხედველობა „სტადიონს“ ორმა კომპანიამ შესთავაზა: „სონდერს გრუპ“ – 654 ათას 679 ლარად და „უძრავი ქონების ექსპერტი“ – 651 ათას 182 ლარად [აქ სატენდერო კომისიის მიერ დისკვალიფიცირებულია „უძრავი ქონების ექსპერტი“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, ხოლო მეორე კომპანიასთან კომისია დოკუმენტაციას ამოწმებს].

შპს „სტადიონს“, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, ორთავე მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესასყიდად 2 მილიონ 415 ათას 182 ლარი აქვს გათვალისწინებული. ამ მომსახურებების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერები ერთხელ უკვე არ შედგა.

ამავე თემაზე:

პრემიერმა ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანიის პროექტით აშენდება

2,4 მილიონი ლარი სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის ზედამხედველობისთვის

აჭარის მაღალმთიანეთში უფასო სამედიცინო აქციები ტარდება

დღეს ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სინიციატივით, უფასო სამედიცინო აქციები ჩატარდება.
ხულოს მუნიციპალიტეტში აქცია ხიხაძირის თემში გაიმართება. ადგილობრივებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს და კვლევებს შპს “ონკოლოგიური საავადმყოფო“-ს, შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“-ს და შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი“-ს ექიმები ჩაუტარებენ. პაციენტებს ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი და უროლოგი მოემსახურება.


შუახევის მუნიციპალიტეტში უფასო კონსულტაციები და კვლევები ზამლეთის თემში, შპს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010-ის“, შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის“ და შპს „ქ. ბათუმის სამშობიარო სახლის“ ექიმების მიერ ჩატარდება. მოსახლეობა ადგილზე მიიღებს ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ტრავმატოლოგის და უროლოგის სამედიცინო მომსახურებას.


ქედის მუნიციპალიტეტის მერისის თემში, უფასო სამედიცინო აქციას, შპს „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ ექიმები ჩაატარებენ. კერძოდ; ლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, უროლოგი, პედიატრი, ფტიზიატრი, კარდიოლოგი, ალერგოლოგი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი და ექოსკოპისტი .


უფასო სამედიცინო აქციები სამივე მუნიციპალიტეტში 11:00 საათზე დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება.

როგორ შეხვდება “ანბანის კოშკი” ახალ საკურორტო სეზონს

“ანბანის კოშკში” ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოებიც კი არ ტარდება. მიუხედავად ამისა, კომპანიის მმართველი პარტნიორი [როგორც ის თავის თავს უწოდებს] შალვა მელაძე ირწმუნება, რომ “ბუსტ ჯორჯია” აღებულ ვალდებულებებს ამჯერად შეასრულებს. ახალი შეთანხმებით, ინვესტორს ამისთვის 2016 წლის მაისამდე აქვს ვადა – ამ დრომდე “ანბანის კოშკში” კაფე, გალერეა, გადმოსახედი და ლიფტები უნდა მოეწყოს. 15 მაისს აჭარის მთავრობა საკურორტო სეზონს გახსნის. ანბანის კოშკი არჩილ ხაბაძემ კომპანიას 1 ლარად გადასცა 20 წლის ვადით.

შალვა მელაძე კომპანიის მენეჯმენტში ახალი სახეა. “ბუსტ ჯორჯიას” მფლობელებს მისი “რუსული გამოცდილების” იმედი აქვთ. ამაზე ცოტა ხნის წინ “ბათუმელებს” კომპანიის თანამფლობელი ზურა ნასყიდაშვილი ესაუბრა:

“ის ახალგაზრდა ბათუმელი ბიჭია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა და აქვს კარგი კავშირები. ის ფულით არ შემოდის, ჩვენ მხოლოდ მისი გამოცდილება გვჭირდება. ევროპული მენეჯმენტი უნდა ყოფილიყო, ახლა რუსი და რუსულენოვანი ტურისტების მოზიდვაზე უნდა ვიმუშაოთ, რომლებიც სეზონზე ჩამოდიან ბათუმში”.

მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კომპანია წილებს რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენზე ყიდდა, თუმცა ეს არ დადასტურდა. შალვა მელაძე – ახალი მმართველი პარტნიორი, კომპანიაში ინვესტიციის განხორციელებას არ გეგმავს. ის მუშაობს “ანბანის კოშკის” მართვის კონცეფციაზე, რომელსაც “მალე კომპანიის მფლობელებს წარუდგენს”. „ატმ-ანბანის კოშკის მენეჯმენტს“კიდევ ერთი ახალი მმართველი ჰყავს, – ოლეგ სანდროშვილი კომპანიის დირექტორად 2016 წლის 19 თებერვალს დაარეგისტრირეს.

შალვა მელაძის ინფორმაციით, “ანბანის კოშკში” სამუშაოების ჩასატარებლად სპეციალისტების პოვნა ბათუმში ვერ მოხერხდა, რის გამოც სამუშაოები გაჭიანურდა. თუმცა ამ დროისთვის დარჩენილია მხოლოდ ლიფტების ექსპლუატაციაში შეყვანა. უახლოეს პერიოდში, “ანბანის კოშკში” საზაფხულო კაფე გაიხსნება. პარალელურად კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებას მერიის შესაბამის სამსახურებთან “ანბანის კოშკზე” სარეკლამო ეკრანების დამონტაჟებასთან დაკავშირებით”.

შალვა მელაძის თქმით, ანბანის კოშკის ახალი კონცეფცია დემოკრატიული იქნება ფასებთან მიმართებაში. გარდა ამისა, კოშკის ყველა სართულის ინფრასტრუქტურა აეწყობა ისე, რომ ტურისტი შიგნით გაერთოს: “შემდეგისთვის გვაქვს უფრო გრანდიოზული იდეები ობსერვატორიის გახსნაზე, რაც, ჯერჯერობით, დაყოვნდება. ასევე გაიხსნება შემეცნებითი ცენტრი მედიათეკა. ვიცით, რომ ვალდებულები ვართ სახელმწიფოს წინაშე და ვცდილობთ არ დავარღვიოთ დედლაინები. საზოგადოების ყურადღება ჩვენკენაა მოპყრობილი და ჩვენ მათ ამ ხალისს არ გავუცრუებთ.”

“ანბანის კოშკი” ბათუმის ბულვარში, რომლის მშენებლობისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან 60 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, აჭარის მთავრობამ კომპანია „Boost Spain S.I“-ს 20 წლის ვადით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა. „ანბანის კოშკში“ გასართობი ობიექტები ინვესტორს ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში უნდა გაეხსნა. ხელშეკრულება 2015 წლის ივნისში გაფორმდა.

კომპანიას სარგებლობაში გადაცემული ქონების მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნოლოგიური პროცესების დაცვით დამუშავება ევალებოდა. ასევე ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში ლიფტების გამართულობა და ექსპლუატაციაში გაშვება უნდა უზრუნველეყო. იმავე ვადაში უნდა გამართულიყო განათების სისტემა.

ეს ყველაფერი კომპანიამ ობიექტის სარგებლობის პერიოდში უნდა შეინარჩუნოს. საბოლოო ჯამში კი, ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში, ანუ გასული წლის სექტემბერში კომპანიას კოშკში მრავალფუნქციური ობიექტები: რესტორანი და კაფე უნდა აემოქმედებინა. კომპანიას უნდა უზრუნველეყო „მიმზიდველი ადგილის მოწყობა ტურისტებისთვის ქალაქის ხედების დასათვალიერებელი გადმოსახედის სახით“, ინვესტორს საქართველოს არანაკლებ ათი მოქალაქე უნდა დაესაქმებინა.

რეესტრის მონაცემებით „Boost Spain S.I“ – ესპანური კომპანიაა და მისი დამფუძნებელი ესპანეთის მოქალაქე ბართლომეო სორელ სელმანკაა. ამავე მონაცემებით, ბართლომეო სორელ სელმანკა ფლობს საქართველოში 2015 წლის აპრილში დარეგისტრირებული კომპანიის – „ბუსტ ჯორჯიას“ 67 პროცენტს, დარჩენილი 33 პროცენტის მფლობელი კი საქართველოს მოქალაქე ზურაბ ნასყიდაშვილია. მათვე დააფუძნეს „ატმ-ანბანის კოშკის მენეჯმენტი“. „ატმ-ანბანის კოშკის მენეჯმენტის“ 100%-ის მფლობელი „ბუსტ ჯორჯიაა“.

დაუსრულებელი “ბაბილონ თაუერი” და უპასუხო კითხვები

“ბაბილონ თაუერის” მშენებლობა ისევ შეჩერებულია. პროექტთან დაკავშირებულ კითხვებზე აჭარის მთავრობას პასუხები არ აქვს, თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობას კომპანიას კვლავ პატიობს. კომპანია პირგასამტეხლოს გადახდისგანაც კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს.

რა ხდება მშენებლობაზე, რომელიც ბათუმის ბულვარის შესასვლელთან კომპანია “TAM GEO“-მ წლების წინ დაიწყო და დღემდე შეჩერებულია? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აქვთ ინფორმაცია, რომ კომპანიაში წილების გადანაწილებაზე დავობენ. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ პროექტის ყიდვას “მეტრო ატლას ჯორჯია” გეგმავს, თუმცა ეს ინფორმაცია “ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში კომპანიაში არ დაადასტურეს.

“TAM GEO“-ს წარმომადგენლები ჟურნალისტებთან არ საუბრობენ. “დირექტორები საქართველოში არ არიან და არც მფლობელები, ჩვენ არ გვაქვს კომპეტენცია რაიმე ინფორმაცია გავცეთ”, – უთხრეს “ბათუმელებს” კომპანიაში.

კომპანია “TAM GEO“-ში, რომელიც 2012 წლის მარტში დაფუძნდა, წილები აქამდეც არაერთგზის გადანაწილდა. თავდაპირველად დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ თურქული კომპანია „TAMTRADE DIS TICARET VE PAZARLAMA“ – 97% წილით და თურქეთის მოქალაქეები: ომერ ილქნური – 2%, ისმაილ ჰაქქი აიჰანი – 1%. დირექტორად თურქეთის მოქალაქე ირფან კოვუკი დაინიშნა.

ბოლო ცვლილებით, რომელიც 2015 წლის მაისში განხორციელდა, კომპანიის წილები ასე ნაწილდება: ომერ ილქნური – 1%, ისმაილ ჰაქქი აიჰანი – 1%, ბაირამ ალი ბაირამოღლუ – 50%, ირფან კოვუკი – 3%, მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაში – 45%.

კომპანია აჭარის მთავრობამ 2013 წლის დასაწყისში 589 914 ლარი, ხოლო წლის ბოლოს კიდევ 91 372 ლარი ჯარიმის გადახდისგან გაათავისუფლა. “ინვესტორმა აიღო ვალდებულება, რომ დაწყებულ პროექტს მიიყვანს ბოლომდე და დაასრულებს მშენებლობას”, – ნათქვამია წერილში, რომელიც „ბათუმელებმა“ სამინისტროსგან 2015 წლის 13 თებერვალს მიიღო. მას შემდეგ კომპანიას მშენებლობა არ გაუახლებია.

“TAM GEO“ ბათუმში 47-სართულიან კომპლექსს – “ბაბილონ თაუერს” აშენებს. მიწის ნაკვეთი რუსთაველის ქუჩაზე, #30-ში, ინვესტორს აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ, პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა. ამ ნაკვეთთან ერთად ინვესტორს გადასცეს ნინოშვილის ქუჩის N23-ში მდებარე 513,3 კვ.მ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობა და მასზე დამაგრებული 982 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

დისკრიმინაციული ბრძოლა ნარკომომხმარებელთა წინააღმდეგ

კანონი, რომლისთვისაც პარლამენტარებმა ჯერ ვერ მოიცალეს, ნარკოტიკების მომხმარებლებს, რესოციალიზაციის ნაცვლად, გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. ნარკოტიკის მომხმარებელს სასჯელის შეფარდებისთანავე ერთმევა კონკრეტული უფლებები, მათ შორის: ავტომანქანის მართვის, საჯარო დაწესებულებაში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის, საადვოკატო, საექიმო, პედაგოგიური საქმიანობის, ასევე პასიური საარჩევნო (როცა პირი კენჭს იყრის არჩევით თანამდებობაზე) უფლებები. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ კანონი „ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ დისკრიმინაციულია.

საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა რამდენიმე ნარკომომხმარებლის სარჩელი ამ კანონმდებლობის ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით.

„ერთ-ერთი მოსარჩელე სადისტრიბუციო სამსახურში მუშაობდა. მას პირობითი მსჯავრი შეუფარდეს ნარკოტიკის მოხმარების გამო, მაგრამ ჩამოართვეს მართვის მოწმობაც, შესაბამისად, დაკარგა სამსახური. მას 3 წლის განმავლობაში არ ექნება საშუალება ავტომანქანის მართვის უფლება დაიბრუნოს“, – ამბობს ადვოკატი ალექსი შოშიკელაშვილი.

იგი საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ნარკომომხმარებლის ინტერესებს დაიცავს.

მოსარჩელეების ერთი ჯგუფის ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს. ამ ორგანიზაციის ადვოკატი გურამ იმნაძე ყურადღებას ამახვილებს კანონის იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ნარკომომხმარებელს უფლებებს ავტომატურად ართმევენ: „მოსამართლეს არ აქვს მსჯელობისა და დასაბუთების შესაძლებლობა. ყველა ეს უფლება კონკრეტული ვადით, საკმაოდ ხანგრძლივად ერთმევა ადამიანს. ნარკოტიკის მოხმარებისთვის უფლებები ერთმევა 3 წლის ვადით, ხოლო გავრცელებისთვის – 5 წლით. ჩვენი მოთხოვნაა ანტიკონსტიტუციურად იქნას მიჩნეული ეს ნორმები. ჩვენი აზრით, ინდივიდუალურად უნდა სწავლობდნენ კონკრეტულ შემთხვევას, მოსამართლემ უნდა დაასაბუთოს, კონკრეტული უფლების ჩამორთმევის მიზანშეწონილობა”.

გურამ იმნაძის შეფასებით, გარდა იმისა, რომ კანონი არათანაბარ პირობებში აყენებს ნარკომომხმარებლებს სხვა მსჯავრდებულებთან შედარებით, იგი რესოციალიზაციას უქმნის პრობლემას. მხოლოდ ნარკოტიკის მოხმარებისთვის პირებს იშვიათად ათავსებენ ციხეებში, თუმცა უფლებების ჩამორთმევა ვრცელდება ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც მაშინ, როცა პირს პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული.

კანონში „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ განმარტებულია, რომ პრევენციის გარდა, ნარკომომხმარებლისთვის უფლებების ჩამორთმევის მიზანია „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა“ და „ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილება“. საკონსტიტუციო სარჩელში კი ვკითხულობთ:

„ამგვარი ინტერესი სახელმწიფოს მხრიდან არსებობს ნებისმიერი სხვა ტიპის დანაშაულის ჩამდენთა მიმართ. კერძოდ, რომ არ მოხდეს მათ მიერ იმავე, ან სხვა ტიპის დანაშაულის ჩადენა და ამით საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესის ხელყოფა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა, ჰიპოთეტურადაც კი არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების, ან ნარკოტიკული დანაშაულის გავრცელების ხელშეწყობასთან კავშირში. ანუ, პირის მიერ ამ უფლებებით სარგებლობა ავტომატურად არ ზრდის ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის რისკებს”.

მოსარჩელეთა დასაბუთებით, კანონი, რომლითაც ნარკომომხმარებლები კონკრეტული უფლებების მიღმა რჩებიან, დისკრიმინაციულია: „სახელმწიფო განმარტავს, რომ ამას პრევენციის მიზნით აკეთებს, მაგრამ არ შეიძლება საფრთხე მხოლოდ ნარკომომხმარებელში დაინახო. პოტენციური საფრთხე შესაძლოა ბევრ სიტუაციაში არსებობდეს, მაგრამ ჩვენ არ ვთხოვთ ყველას პასუხს. მაგალითად, არავინ ართმევს მართვის მოწმობას ალკოჰოლიკს წინასწარ იმ მიზეზით, რომ საფრთხეა მოსალოდნელი, ასევე თუკი ალკოჰოლური სიმთვრალე დაფიქსირდა, პირს მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა მოუწევს… არ შეიძლება ადამიანს ჯერ ჩაუდენელი დანაშაულის გამო ჩამოართვა რაღაცის უფლება. ჩადენა კი არა, განზრახვაც კი არ არსებობს და წინასწარ პასუხისმგებლობის წინაშე აყენებ პირს. ეს პრევენცია კი არა, დისკრიმინაციაა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა ალექსი შოშიკელაშვილმა.

კანონის შეცვლის აუცილებლობას ხედავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც“. იურისტი გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების ანტიკონსტიტუციურად მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

„ეს არის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების დარღვევა, რის დაცვასაც „საქართველოს კონსტიტუციის“ მე-16 მუხლი ითვალისწინებს; ასევე ღირსების შემლახავი მოპყრობა, თუმცა უმჯობესია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ“ – ამბობს გიორგი გოცირიძე.

ამ ორგანიზაციას არაერთი ნარკომომხმარებელი მიმართავს დასახმარებლად. გიორგი გოცირიძე ერთ-ერთ შემთხვევას იხსენებს: „ერთი კაცი ტაქსისტი იყო, სამსახური დაკარგა ამ მიზეზით, თან სასჯელი მოიხადა და მართვის უფლება ისევ ჩამორთმეული ჰქონდა, რადგან შეზღუდვა სამწლიანია. ასეთი მიდგომით ხშირად შემოსავლების გარეშე რჩება არამხოლოდ ნარკომომხმარებელი, არამედ მისი ოჯახიც. ჩვენი აზრით, სასამართლოს უნდა ჰქონდეს ცალკეული შემთხვევის ინდივიდუალურად განხილვის საშუალება. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს ჩამორთმეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა ვადამდე. თუკი ნარკომომხმარებელს უკვე ჩაუტარდა მკურნალობის კურსი და მისგან, მაგალითად, ავტომანქანის მართვის საფრთხე აღარ არსებობს, სამ ან ხუთ წლამდე ავტომატურად არ უნდა რჩებოდეს მართვის უფლებაჩამორთმეული”.

ბათუმში მომუშავე ადვოკატი ედიშერ მახარაძე სამი ნარკომომხმარებლის ინტერესებს იცავდა სასამართლოში. ისინი ავტომანქანას მაშინ მართავდნენ, როცა მართვის უფლება სასამართლოსგან სამი წლით ჰქონდათ ჩამორთმეული. სამივეს წინააღმდეგ ხელახლა დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა – სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის ბრალდებით, რაც სამი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლო არასწორ პრაქტიკას განაგრძობს. „კანონი ამბობს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელს ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იმას, რომ ამ ვითარებაში პირს ჩამოერთმევა მართვის მოწმობა, თუ არ აქვს – ვერ აიღებს სამი წლის განმავლობაში. მანქანის მართვა შესაბამისი მოწმობის გარეშე რეგულირდება ადმინისტრაციული წესით – ითვალისწინებს ჯარიმას. არ შეიძლება პირს ადმინისტრაციული გადაცდომისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრო“, – ამბობს ედიშერ მახარაძე.

„ეს სასამართლო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს“, – მიიჩნევს საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე: _ „მართალია, ავტომანქანის მართვა მოწმობის გარეშე არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაგრამ იგი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რადგან პირს სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება. სისხლის სამართლის სანქცია შთანთქავს ადმინისტრაციულს. მაგრამ ეს უნდა იყოს სასამართლოს მსჯელობის საგანი“.

რას ფიქრობენ კანონმდებლები სადავო კანონზე – ამ თემაზე “ბათუმელები” პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს დაუკავშირდა. „არ ვიცნობ ჯერ ამ საკონსტიტუციო სარჩელებს, არც მიფიქრია ამ კუთხით, ვერაფერს გეტყვით“, – უთხრა „ბათუმელებს“ პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის წევრმა, შალვა შავგულიძემ. კანონზე სასაუბროდ ვერც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ მოიცალა.

ხულოელმა შმაგი ბოლქვაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

12968011_825553630882314_2111997639296252227_oსაქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, დღეს 15 აპრილს, სერბულ ზრენიანში დაწყებული ევროპის ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა პირველი ლიცენზია მოიპოვა, რომელიც შმაგი ბოლქვაძის ანგარიშზეა. ქართველი ფალავანი 66 კგ კატეგორიის ფინალში გავიდა და ოლიმპიური ლიცენზიაც გაინაღდა. ფინალამდე ბოლქვაძემ სამ მეტოქეს მოუგო: მარიუს ტომესენი 6-0, ბულგარელი კონსტანტინ სტასი 4-0 ხოლო ნახევარფინალში კი პოლონელი დავიდ კარეჩინსკი 5-0 დაამარცხა. ფინალში კი უნგრელ ტამას ლორინცს შეხვდება.

ფედერაციის მონაცემებით: „დღესვე ხალიჩაზე ბერძენ-რომაელთაგან ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი რევაზ ლაშხიც გავიდა (59) თუმცა მეოთხედფინალში ნორვეგიელ სტიგ ანდრე ბერგთან  2-6 დათმო შეხვედრა და გამოეთიშა ოლიმპიური ლიცენზიისათვის ბრძოლას, პირველ შეხვედრაში კი 2-1 დაამარცხა პოლონელი ანდრეი ერსეტიკი.

ერთი გამარჯვება დააკლდა ლიცენზიის მოსაპოვებლად თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილს (65) რომელმაც ნახევარფინალური შეხვედრა 2-3 დათმო უკრაინელ ანდრეი კვიატკოვსკისთან, მანამდე კი გერმანელ ალექსანდრ სემისოროვს 6-5, ხოლო მეოთხედფინალში დაძაბულ შეხვედრაში 11-10 მოუგო თურქ მუსტაფა კაიას.

წინ კიდევ ორი სალიცენზიო ტურნირია, სადაც ქართველი მოჭიდავეები შეეცდებიან დარჩენილ წონით კატეგორიებში ოლიმპიური საგზურების მოპოვებას

ხვალ კი ოლიმპიური საგზურებისათვის ბრძოლაში ბერძენ-რომაელთაგან ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75) და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი (85), ხოლო თავისუფალ სტილში კი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი იაკობ მაქარაშვილი ჩაერთვებიან“.

ამავე თემაზე:

შმაგი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

20 წლის მსოფლიო ჩემპიონი ხულოდან

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ქობულეთში პარტიის პირველი ოფისი გახსნა

დღეს, 15 აპრილს, ქობულეთში პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ  პარტიის პირველი ოფისი გახსნა.

ლეონიდ ჩერნოვეცკი და გიორგი ქვრივიშვილი პარტიის ქობულეთის ოფისში

დღესვე ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პარტიული სიის პირველ ათეულთან და ასევე სიის სხვა კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების სიის პირველი ათეული უკვე შერჩეულია და მათ, უახლოეს მომავალში თავის ვებგვერდზე საზოგადოებას განსახილველად წარუდგენს.

„ამავე დროს, გადავწყვიტე თქვენი დახმარებით შევარჩიო პარტიული სიის წევრობის მსურველი ღირსეული და პროფესიონალი ადამიანები… ახლა გამოვაცხადეთ ღია კონკურსი ყველა ქართველისთვის და ვაგროვებთ ხალხს საქართველოს ყველა რეგიონიდან, როგორც რეგიონულ დონეზე, ისე პარლამენტის წევრობისთვის. გვინდა, რომ ჩვენს შორის იყოს აუცილებლად ძალიან აქტიური ადამიანები, რომლებიც დაგეგმავენ  ახალ კანონპროექტებს, რომლებიც შეეხება იმ ადამიანების პრობლემებს, რომელთაც ისინი წარმოადგენენ. მაგალითად, შშმ პირების წარმომადგენელი, ლტოლვილთა წარმომადგენელი, მრავალშვილიანი მარტოხელა დედა  და ა.შ.  ბევრი ამბობს, რომ ისინი აუცილებლად პროფესიონალები უნდა იყვნენ, პროფესიონალი მე ვარ, მე უკრაინის დამსახურებული იურისტი ვარ, იურიდიული მეცნიერებების კანდიდატი ვარ… მე მხოლოდ ის მინდა, რომ მათ დაასახელონ პრობლემა. შემდეგ ჩვენ უკვე დავიქირავებთ იურისტების ჯგუფს, რომლებიც შეიმუშავებენ იმ კანონპროექტებს, რომლებიც გაუმარტივებს ცხოვრებას იმ ადამიანებს, ვისაც ისინი წარმოადგენენ,“ – განაცხადა ჩერნოვეცკიმ.

როგორც მან მოგვიანებით აღნიშნა, პარლამენტის წევრობის კანდიდატების სიის პირველი ორი წევრი თავად ლეონიდ ჩერნოვეცკი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ქვრივიშვილი იქნებიან. ჩერნოვეცკიმ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ქობულეთის მაჟორიტარ კანდიდატად იყაროს კენჭი.

ჩერნოვეცკიმ პრესკონფერენციაზე საარჩევნო პროგნოზებზეც ისაუბრა – „მე მაქვს რეალური ციფრები, ჩვენ ვატარებდით სოციოლოგიურ გამოკითხვას და 1000  ადამიანი გამოვკთხეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ეს უფრო ზუსტი პროგნოზია, ვიდრე NDI-ს კვლევა. ცდომილება აქ შეიძლება იყოს 0-1%, რადგან ძალიან პატარა რეგიონში ძალიან ბევრი ადამიანი გამოვკითხეთ. როგორც მახსოვს, ამ გამოკვლევიდან დაახლოებით 11% უჭერს მხარს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 17% – „ქართულ ოცნებას”, 6% – ჩვენს პარტიას და 2-2 % დაახლოებით “პატრიორტთა ალიანსს”, “ლეიბორისტებს” და სხვებს.  იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ჩვენი მოძრაობის გახსნის შესახებ სულ რაღაც თვენახევრის წინ გამოვაცხადეთ, ეს ძალიან დიდი შედეგია. ვფიქრობ, რომ დაახლოებით ასეთივე მაჩვენებელი იქნება საქართველოს დანარჩენ ნაწილშიც… მე ძირითადად ფეისბუქში ვმუშაობ, იმიტომ, რომ დიდ ტელეარხებს ჩემთან რატომღაც კითხვები არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სიამოვნებით ვპასუხობ ნებისმიერ კითხვას.”.

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ასევე განმარტა, რომ იგი ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძესთან ერთად არ აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას – „არაფერი ასეთი არ ყოფილა, გარდა დუმბაძის გაცნობისა. ის ჩემთან იყო სახლში. ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მგონი საქართველოს პატრიოტია და ბევრი კარგი საქმის გაკეთება უნდა“.

„ეს პირველი ოფისია, კიდევ ბევრს გავხსნით, ბევრი მუშაობა გველის წინ. გვეყოლება ბევრი ადამიანი, ვისთანაც მე მომიწევს ურთიერთობა, საქართველოსთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა და გვაქვს დიდი სურვილი, გავაბედნიეროთ საქართველო,” – განაცხადა ჩერნოვეცკიმ.

13016401_10209738304961051_1938727612_o
ქობულეთის ოფისის გახსნაზე / 15.04.2016

 

“ჩვენ აღარ გვინდა ქუჩაში ლოცვა” – რას ითხოვს მუსლიმი მრევლი [ფოტო]

დღეს, ლოცვის შემდეგ მუსლიმმა მრევლმა, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის მოსაპოვებლად, კიდევ ერთი მშვიდობიანი აქცია გამართა. 

აქციის მონაწილეებმა, მსვლელობა მოაწყვეს და მთავრობის სახლთან სამი ძირითადი მოთხოვნა გააჟღერეს. ისინი ბათუმში მეჩეთისთვის ტერიტორიის გამოყოფისა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, ასევე ქობულეთის ბავშვთა პანსიონის საკითხის დაუყოვნებლივ მოგვარებას და მუსლიმთა უფლებების დაცვას ითხოვენ.

აქცია, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული.

აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ  წერილს, რომელსაც 12 000 მოქალაქე აწერს ხელს და მოითხოვს მეჩეთის აშენებას, პასუხი აუცილებლად გაეცემა. „კონსულტაციები მიმდინარეობს, ვმუშაობთ სხვადასხვა წინადადებებზე. მინდა გითხრათ, რომ აქტიურად ჩართულია რელიგიის სააგენტოც, რომელიც პრემიერის აპარატის შემადგენელი ნაწილია. ამ თემასთან დაკავშირებით პრემიერთან კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება. პრემიერი დაინტერესებულია და იცის ყველაფერი, თუ რა გაკეთდა ბოლო სამი წლის მანძილზე ამ მიმართულებით, ასევე 90-იანი წლებიდან თუ რა მოთხოვნები აქვს მუსლიმ მრევლს. შესაბამისად, ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ. წერილს, რომელსაც 12 000 მოქალაქე აწერს ხელს და მოითხოვს მეჩეთის აშენებას, ჩვენ აუცილებლად პასუხს გავცემთ. შესაძლებელია იყოს რამდენიმე ვარიანტიც” – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

 


რას ედავება მთავრობა ინვესტორებს

ყოველი წლის ბოლოს და ზოგჯერ კვარტალურადაც კი, მთავრობა რეგიონში ინვესტიციის გაზრდაზე საუბრობს და შესაბამის სტატისტიკასაც აქვეყნებს. ამას მოყვება ხელის ჩამორთმევის ან საძირკვლის ჩაყრის სატელევიზიო კადრები მთავრობის მონაწილეობით. „ბათუმელებმა“ შეისწავლა, თუ როგორ გრძელდება ამბავი პომპეზური დასაწყისის შემდეგ, რაზეც უმეტეს შემთხვევაში არ საუბრობენ და არც ინფორმაციას აქვეყნებენ.

ამ დროისთვის აჭარის მთავრობას 30-მდე კომპანიასთან აქვს სასამართლო დავა. მიზეზი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაა. სამინისტროს მიერ მოწოდებულ ჩამონათვალში არიან ისეთი კომპანიები, რომლებმაც პირობები ვერ შეასრულეს, მაგრამ მათი საქმე სასამართლომდე არ მისულა – ჯარიმა გადაიხადეს და მთავრობას ახალ პირობებზე შეუთანხმდნენ. რამდენიმე კომპანიის წინააღმდეგ კი, ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ პირობები დაარღვია და მის საქმეს ჯერ მთავრობა სწავლობს, შეუთანხმდეს ახალ პირობებზე, დააჯარიმოს თუ ხელშეკრულება გაუუქმოს.

ამათ გარდა, არსებობს დაახლოებით 10 კომპანია, რომლებიც სახელშეკრულებო პირობებს უკვე მერამდენედ არღვევენ, მთავრობა კი პატიობს. საერთო მონაცემებით ირკვევა, რომ კომპანიებისგან, რომლებმაც სახელმწიფოსთან შეთანხმების სანაცვლოდ გარკვეული ქონება შეღავათიან ან სიმბოლურ ფასად მიიღეს, აღებული ვალდებულებების შესრულებას მხოლოდ რამდენიმე ასრულებს.

შპს „მანიაკეთი“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც აჭარის მთავრობა სასამართლოში უჩივის, სამინისტრო კომპანიასთან 2013 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს. დავას ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. კომპანიას ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში ორი შენობა-ნაგებობა (1125 კვ/მ და 16,6კვ/მ) და მათზე დამაგრებული 7574 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გარკვეული პირობით გადაეცა. ინვესტორს საპრივატიზებო თანხა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 დღეში უნდა გადაეხადა; 2013 წლის პირველ ნოემბრამდე კი არანაკლებ 20 ტ/სთ წარმადობის ციტრუსის დამხარისხებელი და ანათალას (შპონი) ყუთის დამამზადებელი საწარმოს ამოქმედება, ასევე საქართველოს 30 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება აიღო. ამ ყველაფერში კომპანიას 470 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. კომპანიას პროფილისა და დასაქმებულთა შენარჩუნება 20 წლის ვადით ევალებოდა.
აღებული ვალდებულებები ვერ შესრულდა, რის გამოც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სასამართლოში ჩივის: სამინისტრო ქონების სახელმწიფოს საკუთერებაში დაბრუნებას ითხოვს.

კომპანიის 40 პროცენტს თურქეთის მოქალაქე ფლობს, დანაჩენ 60 პროცენტს საქართველოს სამი მოქალაქე იყოფს. „ბათუმელები“ კომპანიის მფლობელებს ტელეფონით დაუკავშირდა, მთავრობასთან სასამართლო დავაზე საუბარი მათგან არც ერთმა არ ისურვა.

სასამართლოში აჭარის მთავრობა უჩივის შპს „ჩაქვი 2005“-საც _ხელშეკრულების დარღვევისთვის კომპანიისგან პირგასამტეხლოს სახით 305 775 ლარს და 6 850 აშშ დოლარს ითხოვს.დავას ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. კომპანიას ჩაქვში სასტუმრო და სპორტული კომპლექსი უნდა აეშენებინა.

გასული წლის აგნარიშში სახელმწიფო აუდიტის აუდიტორი წერდა: „შპს „ჩაქვი 2005“-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით განხორციელებულია 373 800 აშშ დოლარის ინვესტიცია. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი სახელშეკრულებო ვალდებულებების სრულად შესრულებისთვის. მყიდველის მხრიდან ვადის გაგრძელების თხოვნის მიუხედავად, სამინისტროს 2015 წლის 21 იანვრის ბრძანებით მოიშალა ხელშეკრულება.

შპს „ჩაქვი 2005“-ს გადასახდელად დაერიცხა 308 800 ლარი და 6 900 დოლარი. ასევე მის საკუთრებაში რიცხული ქონების, დაბრუნების თხოვნით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. თხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან სადავო ქონება დაყადაღებულია“. საგულისხმოა ისიც, რომ სამინისტროს მიერ მოწოდებული ციფრები და აუდიტის მონაცემები ამ შემთხვევაში ერთმანეთს არ ემთხვევა.

ბევრი შემთხვევაა, როცა მთავრობა კომპანიას უჩივის, მაგრამ იმის გამო, რომ მასზე ყადაღაა დადებული,ამ ქონებას უკან ვერ იბრუნებს. არის შემთხვევები, როცა საქმე ჭიანურდება და მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ვალდებულებებს ვერ ასრულებს, ქონების დაბრუნების პროცესს წლები სჭირდება. ერთ-ერთი ასეთია შპს „Chief Asia international“-ი – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამ კომპანიისთვის გადაცემული ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნების მიზნით სასამართლოს მიმართა. დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, დავა კომპანიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის საჯარიმო თანხის ამოღების მოთხოვნით დაიწყო.

კომპანიას ხელშეკრულების მოშლა არც კი გაუხდია სადავოდ, თუმცა აჭარის მთავრობა ქონების ხელახალ განკარგვას იმიტომ ვერ ახერხებს, რომ მთავრობამ ვერ გაარკვია ჩაბარდა თუ არა შესაბამისი დოკუმენტები კომპანიას. სარჩელი და თანდართული საბუთები 2014 წლის 21 მაისს შპს Chief Asia international-ს საქართველოს ფოსტის მეშვეობით გაუგზავნეს რეგისტრირებულ მისამართზე ისრაელი (ქ.აშდოდი, ჰაბანიმის ქუჩა №9). მოპასუხეს ასევე განემარტა, რომ ის ვალდებული იყო შესაგებელი სარჩელი წარედგინა სასამართლოსათვის 10 დღის ვადაში. მოპასუხეს სასამართლოსთვის არც შესაგებლის დადგენილვადაში წარუდგენლობის მიზეზები უცნობებია. სამინისტროს იურისტის გელა ცინცაძის ინფორმაციით, ქონება უკვე დაიბრუნა სახელმწიფომ. ახლა დავა სასამართლოში მოპასუხე მხარის გარეშე დაკისრებული ჯარიმის ამოღებაზე გრძელდება.

ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 121 604 ლარით დააჯარიმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სამედიცინო ცენტრი „სალვე“. კომპანიამ ჯარიმა ვერ გადაიხადა, სამინისტრომ სარჩელით სასამართლოს მიმართა. კომპანიას ჯავახიშვილის ქუჩაზე, იმ ადგილზე, სადაც ახლა სისხლის ბანკი გაიხსნა, კლინიკის მშენებლობისა და რამდენიმემილიონიანი ინვესტიციის ვალდებულება ჰქონდა აღებული. კომპანიას მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად ლევან ვარშალომიძემ გადასცა.

ვალდებულებები ვერ შეასრულა შპს „STONE“-მ. სასამართლოში ამ კომპანიასაც მოუწევს მთავრობასთან მოპასუხის როლში ყოფნა. კომპანიას 2012 წლის 13 ივნისს დაბა ჩაქვში, აბაშიძის N2-ში მდებარე 1 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა საწარმოს ასაშენებლად, სადაც 15 ადამიანი უნდა დაესაქმებინათ. კომპანიამ 120 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის ვალდებულება აიღო. „STONE“ 2012 წლის 25 მაისს, ხელშეკრულების დადებამდე 3 კვირით ადრეა რეგისტრირებული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საერთო ჯამში აჭარის მთავრობას სადავო პროცესი 51 კომპანიასთან აქვს, აქედან 30-ს სასამართლოში ედავება. მათ შორის არ არიან ისინი, ვისაც აპატიეს ან ჯარიმის გადახდის შემდეგ ვადა გაუგრძელეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2014 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შეისწავლა, თუ რამდენად შეასრულეს ან ასრულებდნენ კომპანიები აღებულ ვალდებულებებს, სულ 116 ხელშეკრულება. 55 შემთხვევაში (საერთო რაოდენობის 47.4%), ხელშეკრულებები დადგენილ ვადებში ვერ შესრულდა. ვალდებულებები შესრულებულად ჩაითვალა 6 შემთხვევაში, მოიშალა – 13 შემთხვევაში, ვალდებულებების შესრულება გადავადდა და დარიცხული საჯარიმო სანქციები ჩამოიწერა 25 შემთხვევაში, ხოლო 17 შემთხვევაში ხელშეკრულების შეუსრულებლობაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

“განათლების მნიშვნელობა” – გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია ბათუმში

16 აპრილს, ბათუმში, ხელოვების უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი, პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე გამართავს საჯარო ლექციას თემაზე – “განათლების მნიშვნელობა”.

საჯარო ლექცია გაიმართება საქართველის პროფესიული განვითარების ცენტრის – GPDC – ორგანიზებით.

ლექცია 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

596 828 ლარი ქედის სოფლების მხარდასაჭერად

ქედის საკრებულომ დღეს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალი დაამტკიცა.

პროგრამის განსახორციელებლად მიმდინარე წელს ქედაში 596 828 ლარი დაიხარჯება და 60 სოფელში სულ 80 ღონისძიება გატარდება. პროგრამულად ყველაზე მეტი თანხა 100 564 ლარი მახუნცეთის თემს მოხმარდება და აქ 14 ღონისძება გატარდება.

„გასულ წელთან შედარებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფრგლებში გამოყოფილი თანხა 30 000 ლარით გაზრდილია. როგორც კი მოეწერება ხელი აღნიშნულ დადგენილებას ჩვენ დავიწყებთ სამუშაოებს. სავარაუდოდ სამუშაოები პირველი ოქტომბრისთვის დასრულდება“ – ამბობს ქედის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი, სულიკო ბოლქვაძე.

აღნიშნული საკითხის გარდა დღეს გამართულ სხდომაზე ქედაში დეპუტატება კენჭი უყარეს საპრივატიზაციო ნუსხას. მმართველმა გუნდმა გამგეობის მიერ წარმოდგენილ საპრივატიზაციო ნუსხას მხარი სრულად არ დაუჭირა. პრივატიზების ნუსხაში შეტანილი ცხრა ავტომობილიდან უმრავლესობამ მხარი სიაში მხოლოდ  8 ავტომობილის დატოვებას დაუჭირა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდათ ოპოზიციის დეპუტატებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვაჟა ბოლქვაძე ამბობს, რომ ავტომობილისთვის, რომელიც ქედის გმგეობაში არსებულმა შიდა აუდიტმა გამოუყენებლად მიიჩნია, საწვავი დღემდე გამოიყოფა.

ოპოზიციის შენიშვნა უსაფუძვლოდ მიაჩნია ქედის საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან ცინცაძეს. ის განმარტავს, რომ პრივატიზების ნუსხაში გარკვეული ტიპის ხარვეზი იყო, რის გამოც საკითხს მხარი არ დაუჭირა, თუმცა რა ხარვეზი აღმოაჩინა სხდომის მსვლელობისას დეპუტატებმა პრივატიზების ნუსხაში, თავმჯდომარე არ აკონკრეტებს. დღეს გამართულ სხდომას ქედაში საკრეულოს 24 წევრიდან 6 დეპუტატი არ ესწრებოდა.

ქედა

ქედის საკრებულოს სხდომა / 15.04.2016 /

აუქციონი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაზე – ბათუმის ბულვარში

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად, 20 აპრილიდან ელექტრონულ აუქციონს გამოაცხადებს.

აუქციონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეუძლია. აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია www.eauction.ge -ზე უნდა გაიარონ.

ბულვარის ადმინისტრაციის ცნობით, ისინი ასევე მზად არიან განიხილონ ყველა საინტერესო ახალი შემოთავაზება თუ პროექტი, რომელიც ადმინისტრაციაში შევა.

ელექტრონული აუქციონები სხვადასხვა კატეგორიებზე გამოცხადდება, რომლებიც შემდგომში ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდება:

ბატი-ბუტის აპარატი (ელექტრო)

სიმინდის აპარატი (ელექტრო)

სუვენირების დახლი

გასართობი აპარატი

გასართობი ატრაქციონი

სასეირნო ველოსიპედი (რიგშა)

სანაყინე ჯიხურები

ელექტრო მობილი

ჩამოსასხმელი ლუდის (კასრი)

ნაყინის აპარატი (ჩამოსასხმელი)

საბავშო გასართობი კუთხე

ყავის კუთხე

ექსტრემალური პარკი

ბამბის ნაყინი (ელექტრო)

ტირი

ფოტოჯიხური

სათვალის დახლი

5D ატრაქციონი

სასწორი

სამასაჟო კუთხე (პლაჟზე)

საინფორმაციო დახლები

ბურახის კასრი

ბატუტი

ლიტერატურული კუთხე

სეგვეი (ორბორბლიანი ელექტრო ტრანსპორტი)

ტენისის, ბილიარდის მაგიდა

საპლაჟო ინფრასტრუქტურა (ბათუმი)

გართობისა და კვების ობიექტი ( ბათუმი)

საპლაჟო ინფრასტრუქტურა (კვარიათი)

გართობისა და კვების ობიექტი (კვარიათი)

საპლაჟო ინფრასტუქტურა (გონიო)

გართობისა და კვების ობიექტი (გონიო)

საპლაჟო ინფრასტრუქტურა (მწვანე კონცხი)

გართობისა და კვების ობიექტი(მწვანე კონცხი)

საპლაჟო ინფრასტრუქტურა (მახინჯაური)

გართობისა და კვების ობიექტი(მახინჯაური)

პლაჟების ბრენდირება

სასეირნო საბავშვო მანქანები

ქართული ღვინის კუთხე

ფლაერების დარიგება

საპრეზენტაციო დახლი

დამატებითი ინფორმაციის  მისაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ბულვარის ადმინისტრაციას, შემდეგ მისამართზე:  კ.გამსახურდიას ქ. №2

ტელ: 0422 27 88 08;

 

არშემდგარი სხდომა – უსკოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა კდიევ ერთხელ ჩაიშალა, მიზეზი – ქვორუმი არ შედგა. სხდომა, რომელზეც აჭარის უმაღლესი სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა აერჩიათ უკვე მესამედ ჩაიშალა.

დღეს დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგი ორი საკითხის კენჭისყრას ითვალისწინებდა – ერთი იყო უსკოს თავმჯდომარის, ხოლო მეორე – უსკოს წევრის არჩევა.

უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებული კანდიდატის დავით კვაჭაძის მიმართ დამოკიდებულება უმაღლესი საბჭოს ოპოზიციურმა ფრაქციებმა არაერთხელ გამოხატეს. ისინი მიიჩნევენ, რომ „ოცნებასთან“ დაახლოებული პირი დავით კვაჭაძე, რომელიც მათივე ინფორმაციით, 2012 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შტაბში მუშაობდა, პარტიულ დირექტივას ყოველთვის დაექვემდებარება. დეპუტატები არც კოლეგის, ირაკლი ჯაშის შვილის მამუკა ჯაშის მხარდაჭერას გეგმავენ.

დღევანდელ სხდომაზე რეგისტრაცია სულ 9 დეპუტატმა გაიარა: ავთანდილ ბერიძემ, ალექსანდრე ჩიტიშვილმა, ჯემალ ფუტკარაძემ, მედეა ვასაძემ, ანზორ თხილაიშვილმა, აკაკი ძნელაძემ, ირაკლი ჯაშმა, გიორგი მასალკინმა და სვეტლანა კუდბამ.

სარფის გზა და პლაჟი სეზონის წინ

დამსვენებლებს ზაფხულში პრობლემები სარფში არ შეექმნებათ – აცხადებენ კომპანიაში, რომელიც აქ გზისა და ნაპირგამაგრების სამუშაოებს ასრულებს. კვარიათი-სარფის მონაკვეთზე სამუშაოებში ბიუჯეტიდან ჯამში 60 მილიონამდე ლარი იხარჯება. სეზონის მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა პლაჟზე ინფრასტრუქტურის დროულ მოწესრიგებას ითხოვს.

სარფში მიმდინარე სამუშაოების გამო, როგორც მშენებელ კომპანიაში გვითხრეს, აუცილებელი გახდა პლაჟის გასწვრივ დაახლოებით 100 ათას კუბ/მ-მდე ბალასტის [ხრეშის] შეტანა და დროებითი გზის მოწყობა, რათა ტექნიკამ იმოძრაოს. ამ დროებითი გზით სამშენებლო მასალების მიტანა უნდა მოხერხდეს სარფის საბაჟო გამსვლელი პუნქტის მიმდებარედ, ზღვის ნაპირთან, სადაც მოეწყობა ბერმა [ქვების ჩალაგება ნაპირის დაცვის მიზნით].

„ზღვის სეზონის დაწყებამდე, სადღაც პირველ ივნისამდე, პლაჟის გასწვრივ სამუშაოებს მთლიანად უნდა მოვრჩეთ, რათა დამსვენებლებს ხელი არ შეეშალოთ. უკვე დაწყებული გვაქვს ბეტონის კუბების ჩამოსხმა, რომლებითაც აეწყობა საფეხურებიანი კედელი [დაიწყება ზღვის დონიდან 2,5 მეტრით დაბლა და დასრულდება ტალღამრიდით, კედლის მთლიანი სიმაღლე 9,3 მეტრი იქნება]. გაფართოვდება გზის სავალი ნაწილიც 5 მეტრით,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელმა მალხაზ ლომსაძემ.

მისივე თქმით, გამშვები პუნქტიდან აქეთ, გონიოს მხარეს, დაახლოებით 230 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთს არ ეხებიან [აქ ესტაკადა 2011 წელს გაკეთდა, გზა არის სამზოლიანი, გათვალისწინებულია ავტოსადგომიც – ავტ.]. სწორედ ამ ესტაკადის ბოლოდან 110 მეტრ სიგრძეზე მოეწყობა კიბისებური დამცავი და ტალღამრიდი კედელი, რათა პლაჟზე ჩასვლა პრობლემა არ იყოს [აქ ძველი კიბისებური კედელი დაშლილია].
ახალი კიბისებური კედლის გაგრძელება იქნება 232 მეტრი სიგრძის ტალღამრიდი კედელი, ოღონდ არა კიბისებური, არამედ სხვა ფორმის. სწორედ კიბისებური და მის გაგრძელებაზე ასაშენებელი ტალღამრიდი კედლების გასწვრივ, 342 მეტრ სიგრძეზე გაფართოვდება ავტომაგისტრალიც 5 მეტრით. შესაბამისად, ეს მონაკვეთიც იქნება ანალოგიურად ისეთივე, როგორიცაა ესტაკადა – სამზოლიანი, ავტომობილების გასაჩერებელი ადგილებით.

მალხაზ ლომსაძის განცხადებით, ზემოაღნიშნული 110-მეტრიანი მონაკვეთი და გამშვები პუნქტის მიმდებარედ ბერმის მოწყობა უნდა დასრულდეს პირველ ივნისამდე, რათა პლაჟის მიმდებარე პერიმეტრი სარფში მთლიანად გათავისუფლდეს მიმდინარე სამუშაოებისგან და, შესაბამისად, სამშენებლო ტექნიკისგან.

სარფელი ალი მემიშიში ამბობს, რომ მართალია, ზღვაზე და ამინდზეა ყველაფერი დამოკიდებული, მაგრამ სარფში ზღვის სეზონი ივნისიდან მაინც იწყება: „რაც კეთდება კარგია, მაგრამ ცოტა გვიან დაიწყეს სამუშაოები. მთავარია, სეზონამდე მოესწროს. სადაც გზიდან პლაჟზე ჩამოსასვლელი კიბეებია, ის აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ანუ, უნდა მოეწყოს ისე, რომ ხალხი პლაჟზე თავისუფლად ჩავიდეს“.

სამშენებლო უბნის უფროსის, ზვიად სანიკიძის განცხადებით, სარფის მონაკვეთისთვის პროექტი დროულად მომზადდა: „ველოდებოდით ლიცენზიის გაგრძელებას ინერტული მასალების მოსაპოვებლად, შემოტანილი იქნა საჭირო სამშენებლო მასალებიც, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა… სამუშაოები უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს და ზღვის სეზონამდე აუცილებლად დასრულდება“.

რაც შეეხება დროებითი გზისთვის სანაპიროზე შეტანილ ბალასტს, ის დარჩება ადგილზე. „ზღვის შტორმის დროს ამ ქვიშის ხარჯზე პლაჟიც გაფართოვდება,“ – აცხადებს ზვიად სანიკიძე.

სარფი
სარფი

ალი მემიშიშის თქმით, შტორმი სარფის სანაპიროსთან ძირითადად ნოემბერ-დეკემბერშია, „ზოგჯერ ქარის გარეშეც, აგვისტოს ბოლოს იცის აღელვება ზღვამ, იშვიათად, მაგრამ შესაძლოა მაისის თვეშიც. აქედან გამომდინარე, არ მოესწრება სეზონისთვის ამ ხრეშის მოსწორება შტორმის შედეგად და ამიტომაა აუცილებელი პლაჟზე გასასვლელების მოწესრიგება“.

ზვიად ლომსაძე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი გათვალისწინებულია და შეტანილი ბალასტი მოსწორდება ისე, რომ ადამიანებს პლაჟთან მისასვლელად პრობლემა არ შეექმნებათ.

კომპანია ამ ყველაფრის პარალელურად, გააგრძელებს ბეტონის ტეტრაპოდების ჩაწყობას ზღვის სანაპიროზე კვარიათის მიმართულებით.
კვარიათსა და სარფში ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ აღდგენა-გამაგრების, ქვის ცვენისგან დაცვისა და ფერდობების გამაგრების სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს, რომლის 100% წილის მფლობელიც სახელმწიფოა.

სარფი-კვარიათის მონაკვეთში ესტაკადის ზღვის ზემოქმედების შედეგად გამორეცხვის საწინააღმდეგო ღონისძიებების, გზის სავალი ნაწილისა და მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოების პროექტში სახელმწიფო 2 273 180 ლარს ხარჯავს, მთის ფერდების გამაგრებისა და ქვის ცვენის საწინააღმდეგო ბადეების მონტაჟზე – 4 241 630 ლარს, ხოლო სარფის მონაკვეთზე ნაპირდამცავი ნაგებობის რეკონსტრუქციისა და ნაპირის [პლაჟის] აღდგენითი სამუშაოებისთვის – 8 223 050 ლარს. სამუშაოები აქ 2014 წელს დაიწყო. მთლიანობაში, გზის ამ მონაკვეთზე შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოებისთვის 58 758 920 ლარია გათვალისწინებული.

მოსამართლის საყვედური პროკურორს

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს მ.ა.-ს საქმის განხილვის გადადება პროკურორის გამოუცხადებლობის გამო მოუხდა. მ.ა.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. სხდომის დაწყებამდე პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა სასამართლოს შეატყობინა, რომ მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოუწია წასვლა.

„არ მესმის, წინასწარ შეთანხმებულ სხდომაზე რატომ უნდა თქვა უარი მას შემდეგ გამოჩენილი სხვა საქმის გამო. ალბათ იმიტომ, რომ სხვა ინსტანციის სასამართლოა. მე საჯაროდ გამოვხატავ საყვედურს, რადგან თუკი მიუღებელია კონკრეტული დრო, ამის გარკვევა შეიძლებოდა წინა სხდომაზე,“ – თქვა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა.

მოსამართლეს დაცვის მხარის ადვოკატებმა უთხრეს, რომ ისინი პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებას. „თქვენ კი გქონიათ კომუნიკაცია პროკურორთან,“ – მიმართა ადვოკატებს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა და დატოვა სასამართლო სხდომის დარბაზი.

გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექდათვალიერება გადაიდო

2016 წლის პირველ აპრილამდე ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებს სავალდებულო შემოწმება უნდა გაევლოთ, თუმცა ეს პროცედურა ერთი წლით კიდევ გადაწიეს. რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა ბუნებრივ აირზე გადაყვანის შემთხვევაში, არის თუ არა მგზავრების უსაფრთხოება დაცული და რა მოხდება მაშინ, თუკი ავტომობილი ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლის?

მთავრობის დადგენილებით, აირბალონზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირება „აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის“ მოვალეობა იყო. თუმცა, როგორც ამ ცენტრში გვითხრეს, მათ არა ავტომობილების, არამედ იმ პირების აკრედიტაცია ევალებოდათ, ვინც აირბალონიანი ავტომობილების ტექნიკურ მონიტორინგს განახორციელებს.

`ჩვენთან უნდა მოსულიყო აკრედიტაციის მაძიებელი დაინტერესებული პირი, უნდა გაევლო პროცედურები, მიეღო უფლებამოსილება აკრედიტაციის მოწმობის სახით, რომ შეძლებოდა ამ ავტომობილების ინსპექტირება.

იმის გამო, რომ ბაზარზე არ გაჩნდა აკრედიტებული პირი, რომელიც მოახდენდა ავტომობილების ინსპექტირებას, მთავრობამ 31 მარტს შეცვალა სამოქმედო გეგმა და გარდამავალი პერიოდი 2017 წლის პირველ იანვრამდე გადაწია“, – ამბობს „აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის“ ადმინისტრაციის უფროსი მერი დეკანოიძე.

მისივე ინფორმაციით, აკრედიტაციის მიღების მოთხოვნით ცენტრს მხოლოდ ორმა პირმა მიმართა. აქედან ერთმა, შპს „გაზინჟინერმა“, ერთი კვირის წინ მიიღო აკრედიტაცია.

რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს აირზე მომუშავე ავტომობილი და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ავტომობილი ინსპექტირებას ვერ გაივლის? – საკითხის გასარკვევად „ბათუმელებმა“ შპს „გაზინჟინერის“ ხელმძღვანელს, ნუგზარ მაჭარაშვილს მიმართა.

„ჩვენ აკრედიტაცია მივიღეთ 29 მარტს, ტრანსპორტის სააგენტოში გვაქვს შეკვეთა ფირნიშების დამზადებაზე და როცა ამას მივიღებთ, შემდეგ ყველა ავტოსერვისცენტრსა და ბენზინგასამართ სადგურში დავტოვებთ ინფორმაციას, რომ ტექნიკურ დათვალიერებაზე უნდა მოგვმართონ ჩვენ. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანას, რომელიც გაივლის ტექნიკურ ინსპექტირებას, საქარე მინაზე ექნება ჩვენი აკრედიტაციის ნიშანი, რომელიც ვერ გაივლის – არა“, – ამბობს ნუგზარ მაჭარაშვილი.

ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი ეღირება. იმ შემთხვევაში, თუკი ავტომობილი ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, ეს ინფორმაცია გადაეცემა გაზგასამართ სადგურებს და ამ ავტომობილებს გაზს აღარ ჩაუტვირთავენ. ინფორმირებული იქნება ასევე პატრულიც.

როგორც „გაზინჟინერის“ ხელმძღვანელი ამბობს, აირბალონებს აქვთ საგარანტიო ვადა. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში, ბალონის გამოყენება დაუშვებელია. „გარდა ვადისა, არის კიდევ გარკვეული დეტალები, რომლებსაც ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს. შემოწმება მოხდება ყველა ამ დეტალის მიხედვით“.

ნუგზარ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, რამდენი ავტომობილი მუშაობს ბუნებრივ აირზე ქვეყანაში. „გაზინჟინერი“ ავტომობილების ტექნიკურ შემოწმებას თბილისსა და ქუთაისში აპირებს. ვინ ჩაატარებს მსგავს ინსპექტირებას ბათუმში, ჯერჯერობით უცნობია.

„ვიცოდი, რომ არჩევნებამდე არც დაიწყებოდა ეს პროცესი“, – ამბობს ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი. მას არც მთავრობის დადგენილების და არც ცვლილების შესახებ არაფერი სმენია.

კიდევ ერთი ტაქსის მძღოლი მამუკა აბუსერიძე გვეუბნება, რომ ბუნებრივი აირი მაშინ არის სახიფათო, თუ ბალონი მანქანაში კუსტარულად არის დამონტაჟებული. „თანხის დაზოგვის მიზნით ზოგიერთი თვითონ ცდილობს დაამონტაჟოს. სხვა მხრივ, გაზი ბენზინზე სახიფათო არ არის. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ძალიან უხარისხო გაზი შემოდის აჭარაში და ავტომანქანის ნაწილებს აზიანებს.“

„ლოვატო“ ერთ-ერთი ავტომომსახურების ცენტრია ბათუმში, სადაც ავტომანქანებში ბუნებრივი აირის ბალონებს ამონტაჟებენ. მისი წარმომადგენელი გელა მაგრაქველიძე ამბობს, რომ თუ ავტომანქანის ძრავა გამართული არ არის, ასეთ ავტომანქანაში ბალონს არ ამონტაჟებენ. „აირბალონების ძირითადი მომწოდებელია ჩინეთი, ინდოეთი და იტალია. ხშირად იტალიურ აპარატურას აყენებენ, თუმცა ხარისხის სტანდარტებს სხვა ქვეყნებში წარმოებული ბალონებიც აკმაყოფილებს“.

DSCN8783

მისი თქმით, ახალი ბალონები 350 ატმოსფეროზე მოწმდება ქარხნებში და ერთჯერადი დარტყმის წნევას 800 ატმოსფეროზეც უძლებს. „იმ ავტომანქანებში, რომლებშიც გაზი აფეთქდა, ძველი რუსული ბალონები ჰქონდათ დამონტაჟებული. ახალი ბალონების გამოყენების ვადა ჩინურის 15 წელია, იტალიურის – 20. საბჭოთა ბალონების გამოყენება დაუშვებელია,“ – ამბობს ის.

პირველი სიგნალი, რასაც გაზზე მომუშავე ავტომობილის მძღოლმა უნდა მიაქციოს ყურადღება, ხმაურია: „20 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ ბალონი იწყებს წივილს. ამიტომ მძღოლი აუცილებლად უნდა მივიდეს სერვისცენტრში და ტექნიკურად შეამოწმოს. ბალონის ტესტირება ყოველ სამ წელიწადში უნდა ჩატარდეს“.

კიდევ ერთი წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინონ გაზზე მომუშავე ავტომობილის მძღოლებმა: ბალონის ჩატვირთვის დროს, ავტომანქანაში არც მძღოლი და არც მგზავრები არ უნდა ისხდნენ. „ჩემი აზრით, ხანძარსაწინააღმდეგო ბალონებიც უნდა იყოს ავტომანქანებში, რასაც არც ერთი მძღოლი არ ატარებს,“ – ამბობს მამუკა აბუსერიძე.

ომარ პატარიძეც ერთ-ერთი ავტოსერვისის წარმომადგენელია. მისი თქმით, ავტომობილის აირზე გადაყვანის ფასი 1100-1700 ლარია.

“ბათუმის ბულვარი ისევ საფრთხეშია” – აქცია ბულვარის კონცეფციის წინააღმდეგ

17 აპრილს, 13 საათზე,  მთავრობის მიერ, ძველი ბულვარის კონცეფციაზე მუშაობის გაგრძელებას მოქალაქეები ევროპის მოედანზე გააპროტესტებენ – “საზოგადოების პროტესტის მიუხედავად ხელისუფლებამ არ მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა ბულვარის კონცეფციაზე მუშაობა. ეს კი იმას, ნიშნავს, რომ 15 მაისს მივიღებთ კონცეფციას, რომელიც სრულიად შეცვლის ძველ ბულვარს. ამ ცვლილებებს მოქალაქეებმა ერთხელ ვუთხარით უარი. კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მთავრობას – რა სურს საზოგადოებას. ერთად მოვითხოვოთ შეწყდეს ბულვარის კონცეფციაზე მუშაობა. ბათუმის ბულვარს არ სჭირდება კონცეფცია, მას მხოლოდ კონსერვაცია სჭირდება, რომ შევინახოთ ისეთი სახით, როგორიც ჩვენამდე მოვიდა” – წერია მოქალაქეების განცხადებაში.

ამავე თემაზე:

არჩილ ხაბაძე: ამ ეტაპზე შესაძლებელია დრიმ ოაზისთან ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტა

„დაიცავი ძველი ბულვარი“ მთვარობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და აქციებისთვის ემზადება

აქცია ბათუმში ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად [ვიდეო]

#სამივე – აქცია ფეისბუქზე ბათუმის ბულვარის დასაცავად

სასჯელი არასრულწლოვნობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულისთვის

24 წლის გ.მ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურა „დამამძიმებელ გარემოებად“ მიიჩნევს იმას, რომ გ.მ. არასრუწლოვნობის პერიოდში ასევე განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდა სასჯელს. იგი ადრე ნასამართლევია. ბრალდებული წარდგენილ ბრალს ამჯერადაც აღიარებს.

„უკვე მოვითხოვეთ კვალიფიკაციის შეცვლა, რადგან მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულისთვის პირი ნასამართლევად არ მიიჩნევა. შესაბამისად, ამ მოტივით მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელი გარემოება აღარ უნდა დაემატოს“, – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტმა დავით გოგუაძემ, რომელიც გ.მ.-ს ინტერესებს იცავს.

თუკი მოსამართლე დავით მამისეიშვილი დაცვის მხარის პოზიციას გაიზიარებს, გ.მ-ს პატიმრობაში ყოფნა შვიდიდან თხუთმეტ წლამდე მოუწევს.
საქმის მასალების მიხედვით, გ.მ.-მ სიტყვიერი ურთიერთშელაპარაკების დროს ბათუმში, თბილისის მოედანზე, გასული წლის 18 სექტემბერს დანით დაჭრა მისთვის უცნობი პირი. დაზარალებულმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო. მისი ჩვენების მიხედვით, ბრალდებულმა მას ქუჩაში, შუაღამისას უმიზეზოდ დაუწყო გინება.

გ.მ. ციხიდან 2013 წელს გამოვიდა. მანამდე ის ოთხი წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. დაცვის მხარის მოთხოვნით, ბრალდებულს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც ბრალდებული ჯანმრთელია. გ.მ. ოზურგეთში ცხოვრობს. პროცესს სასამართლოში ადვოკატისა და პროკურორის გარდა არავინ დასწრებია.

როგორია მასწავლებლობა გერმანიაში

ვერიკო მაღულარია 16 წელია გერმანიაშია. ბოლო წლებია იგი დიუსელდორფში ცხოვრობს და გერმანულსა და საზოგადოებათმცოდნეობას ასწავლის. წელს მან დუისბურგ-ესსენის უნივერსიტეტი, სადაც დოცენტად მუშაობდა, დატოვა და სკოლაში გადავიდა სამუშაოდ. როგორია მასწავლებლის პროფესია გერმანიაში – ამ თემაზე ვერიკო „ბათუმელებს“ ესაუბრა.

ვერიკო, რატომ არჩიეთ უნივერსიტეტში მუშაობას სკოლაში მუშაობა?

უნივერსიტეტში კერძო დოცენტად ვმუშაობდი. ვასწავლიდი გერმანულს იმ სტუდენტებს, რომლებიც ინგლისურენოვან ფაკულტეტებზე სწავლობენ და დიპლომის აღებამდე ვალდებულები არიან გერმანულში მოაგროვონ კრედიტები. მართალია, უნივერსიტეტში დოცენტობა პრესტიჟულად ჟღერს, მაგრამ არც ისე მომგებიანია კერძო დოცენტისთვის, რომელიც სემესტრიდან სემესტრამდე იღებს ხელშეკრულებას. გერმანიაში უვადო ხელშეკრულების მიღება კერძო დოცენტებისთვის და მეცნიერ-მუშაკებისთვისაც შეუძლებელია, პროფესორებსაც კი უწევთ სემესტრიდან სემესტრამდე ხელშეკრულებით მუშაობა, სანამ შტატში ჩაჯდებიან. ჩემთვის პრიორიტეტი არ იყო ტიტული, არამედ კარგი და სტაბილური შემოსავალი, ამიტომ გადავედი სკოლაში მასწავლებლად. უნივერსიტეტში ერთ კურსს ზაფხულის სემესტრიდან ისევ ავიღებ, მე ეს უნივერსიტეტი დავამთავრე და განსაკუთრებული ემოციები მაქვს მასთან, თანაც ეს დამატებითი შემოსავლის წყაროცაა.

ასწავლით საზოგადოებათმცოდნეობას და პროფესიულ არჩევანს. ეს საგნად ისწავლება სკოლაში?

კი, სკოლაში გერმანულ ენასა და ლიტერატურასთან ერთად ვასწავლი ორ საგანს. ანუ გამოდის, სამ საგანს ვასწავლი. საზოგადოებათმცოდნეობაში პოლიტიკა და სოციოლოგია შედის. ძირითადი მიზანია, მოსწავლემ იცოდეს, როგორაა მისი ქვეყანა მოწყობილი, რაა მისი მოვალეობები და უფლებები. პროფესიული არჩევანის გაკვეთილი ტარდება კვირაში ერთხელ, ორი აკადემიური საათი და ითვალისწინებს მოსწავლეების ინფორმირებას პროფესიული განათლების მიღების კუთხით. ასევე, მათ დახმარებას შესაბამისი საბუთების მომზადებაში და ტრენინგს გასაუბრებებისთვის.

ვერიკო მაღულარია. თეონა გოგიჩაიშვილის ფოტო.
ვერიკო მაღულარია. თეონა გოგიჩაიშვილის ფოტო.
როგორია მასწავლებლის სოციალური სტატუსი გერმანიაში?

გერმანიაში მასწავლებელი რომ გახდე, ორი გზა არსებობს. პირველია პირდაპირი სამასწავლებლო განათლების მიღება. თუ აბიტურიენტი გადაწყვეტს გახდეს მასწავლებელი, ჩააბარებს შესაბამის ფაკულტეტზე [Lehramt]. უნივერსიტეტს დაამთავრებს პირველი სახელმწიფო გამოცდით [ამ გამოცდას ესწრება როგორც უნივერსიტეტის, ასევე ბუნდესლანდის საგანმანათლებლო ორგანოს შესაბამისი წარმომადგენელი], ამის შემდეგ ორი წელი გადის რეფერენდარიატს სკოლაში, ანუ პრაქტიკულად ასწავლის და პარალელურად თავად გადის თეორიულ კურსებს; შემდეგ აბარებს მეორე სახელმწიფო გამოცდას და ხდება ე.წ. სრულყოფილი მასწავლებელი. მას შეუძლია გახდეს ჯერ სახელმწიფო მოხელე, შემდეგ, რამდენიმე წელიწადში, სახელმწიფო მოხელე სიცოცხლის განმავლობაში [Beamte auf Lebenszeit], ანუ მას სამსახურიდან ვერავინ გაათავისუფლებს, თუ მნიშვნელოვანი სამართალდარღვევა არ ჩაიდინა. ასეთი სტატუსის მქონე მასწავლებლის ხელფასი პერიოდულად იზრდება. რაც მთავარია, სწავლა ამით არ მთავრდება, მასწავლებელი სისტემატიურად გადის ტრენინგს.

მეორე გზა მასწავლებლად გახდომის არის გვერდიდან ჩართვის პრინციპი [Seiteneinstieg]. ანუ მათ, ვინც სამეცნიერო ფაკულტეტები დაამთავრეს, შეუძლიათ ჩაერთონ საკვალიფიკაციო სასწავლო პროგრამაში, ასწავლონ სკოლაში და პარალელურად გაიარონ ორწლიანი რეფენდარიატი, შემდეგ ჩააბარონ მეორე სახელმწიფო გამოცდა და გახდნენ სრულყოფილი მასწავლებელი.

რაც შეეხება პრესტიჟს. ის, რომ მასწავლებელი სახელმწიფო მოხელეა და არამარტო კარგად ანაზღაურებადი, არამედ სარგებლობს სხვადასხვა შეღავათით, საკმარისად ხსნის მის სტატუსს საზოგადოებაში.

რამდენია მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება და როგორი მიმართებაა, მაგალითად, მასწავლებლის ხელფასსა და საშუალო თუ მაღალი რანგის ჩინოვნიკის ხელფასს შორს?

მასწავლებლის ანაზღაურება არის ქვეყანაში საშუალო შემოსავალზე ბევრად მაღალი. პრემიები არა, მაგრამ გერმანიაში დასაქმებულები იღებენ საშობაო დანამატს [Weihnachtsgeld], რაც დაუბეგრავი შემოსავლის 60%-მდე შეიძლება ავიდეს.

როგორ აკონტროლებენ გერმანულ სკოლაში სწავლების ხარისხს?

მასწავლებლად გახდომამდე იმდენჯერ უწევს გერმანიაში მასწავლებელს გაკვეთილის მომზადება-დაგეგმვა და მერე დასაბუთება, თუ რატომ იყენებს ამა თუ იმ სწავლების მეთოდს კონკრეტულ შემთხვევაში, რომ შემდეგ, ყველაფერს თუ არა, ძალიან ბევრ საქმეს ავტომატურად და სწორად აკეთებს.მაგალითად, რეფერენდარიატის დროს სისტემატიურად ხდება რევიზია, შემდეგ რომ გახდე სახელმწიფო მოხელე სიცოცხლის ბოლომდე, ყველა საგანში, რომელსაც ასწავლი, ისევ უნდა გაიარო რევიზია, ასევე წერილობით ფორმაში ჩააბარო გაკვეთილის გეგმა, გაკვეთილზე კი გესწრება სკოლის ხელმძღვანელობის წარმომადგენელი, მაგალითად თავად დირექტორი. მასწავლებლის პროფესიული ზრდა სავალდებულოა და ამის ორგანიზებას სკოლა აკეთებს.

მასწავლებელი რა დროს ატარებს სკოლაში და რამდენ ხანს გრძელდება მისი შვებულება?

მასწავლებლის სრული განაკვეთი 25/26 აკადემიური საათია კვირაში. დანარჩენი დრო სჭირდება გაკვეთილის მომზადებასა და შემდეგ შეფასება-გადამუშავებას, საშუალოდ იგულისხმება 40 საათამდე კვირაში. თუმცა სემესტრის ბოლოს, ანუ გამოცდების პერიოდში ზოგიერთი საგნის მასწავლებელს ბევრი სამუშაო აქვს (გასასწორებელი მასალა), 60 საათამდეც ავსულვარ კვირაში. შვებულება სავალდებულოა მოსწავლეების არდადეგებს დაემთხვეს და დაახლოებით 4 კვირაა.

რამდენი მოსწავლე შეიძლება იყოს კლასში?

32-35. მე 35 მოსწავლე მყავდა დამამთავრებელ კლასში.

ქართულ სკოლაში იყავი მოსწავლე, გერმანიაში ხარ მასწავლებელი. შენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება განათლების ამ ორ სისტემას შორის?

მარტის ბოლოს ერთი კვირით საქართველოში ვიყავი. მეგობრის ბავშვი მოვიკითხეთ სკოლაში. მასწავლებელს მიუმართია ბავშვებისთვის – „თქვე დაუნებოო“. ეს, ალბათ, ის მასწავლებელია, საქართველოში, უნივერსიტეტში სწავლისას ჩემი ქართველი პროფესორები მაჩანჩალა სტუდენტებს, ანუ მომავალ მასწავლებლებს რომ ეძახდნენ. ჰოდა, ასე ვტრიალებთ ჩაკეტილ წრეზე.

სანამ სკოლასა და უნივერსიტეტში მსჯელობის ნაცვლად წაკითხულს აყოლებენ და საზეპიროებს არაკრაკებინებენ, საერთოდ არ შეიძლება განათლებაზე საუბარი. კრიტიკული ხედვა განათლების მიღების პროცესში, ჩემს დროს უზრდელობად ითვლებოდა. როგორ შეიძლებოდა „ვეფხისტყაოსნის“ შესავალი ზეპირად არ გცოდნოდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა, გესმოდა თუ არა რას ყვებოდი. ყველას ერთი აზრი როგორ შეიძლება ჰქონდეს ერთ საკითხზე. ასეთი იყო სკოლა და უნივერსიტეტი ჩემს დროს და თუ ეს ყველაფერი არ შეცვლილა, მაშინ ერთადერთი რაც გვიშველის, რადიკალური რეფორმებია.

დისკუსია ბათუმში – “ევროატლანტიკური ინტეგრაცია: ფაქტები VS მითები”

15 აპრილს, 16 საათზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება დისკუსია სახელწოდებით „ევროატლანტიკური ინტეგრაცია: ფაქტები VS მითები“.

შეხვედრაზე თემატურ პრეზენტაციებს წარმოადგენს მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, თამარ კინწურაშვილი.

დისკუსია იმართება პროექტის – „მითების მსხვრევა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მედიის განვითარების ფონდი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესი

საქართველოში სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გასვლის წესის დამტკიცების თაობაზე, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი ბრძანება გამოსცეს.

„ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების [სუროგაციის] გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის პროცედურას, პირობებსა და საქართველოდან გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა ტრეფიკინგის თავიდან აცილების მიზნით. ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „ბავშვი“ გულისხმობს არასრულწლოვანს“ – აღნიშნულია ერთობლივ ბრძანებაში.

ამავე წესისი მიხედვით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოში სუროგაციის გზით ბავშვის დაბადების თაობაზე სამედიცინო დაწესებულებისაგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოფს სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების აღრიცხვას იმ შემთხვევაში, თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება სააგენტოში წარმოდგენილია დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მშობლებად მისათითებელი პირების მიერ ან მათი სახელით.

სააგენტოს შესაბამის მონაცემთა ბაზაში აისახება სააგენტოს ხელთ არსებული შემდეგი ინფორმაცია: საქართველოში სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის სახელი და გვარი [ქართულად, ასევე ლათინური ტრანსლიტერაციით, იმის იდენტურად, როგორც ეს ფიქსირდება ბავშვის დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მშობლ(ებ)ად მისათითებელი პირ(ებ)ის სამგზავრო დოკუმენტ(ებ)ში], პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, სქესი; აგრეთვე განცხადებაში ან/და დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაფიქსირებული მშობლ(ებ)ად მისათითებელი, პირ(ებ)ის სახელი და გვარი [ქართულად ან/და ლათინური ტრანსლიტერაციით, რომელიც ფიქსირდება მათი სამგზავრო ან/და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის იდენტურად], პირადი ნომერი, სამგზავრო ან/და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები [მათ შორის – დოკუმენტის ნომერი და სხვა], მოქალაქეობა, დაბადების თარიღი.

ბაზაში ბავშვის შესახებ მონაცემები აისახება მიუხედავად იმისა, სრულად მოეპოვება თუ არა აღნიშნული მონაცემები სააგენტოს. ბაზაში არ აისახება ინფორმაცია მკვდრადშობილი და გარდაცვლილი ბავშვების თაობაზე.

საქართველოში სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის დროს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე საპასპორტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით და ამ ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით.

სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის უზრუნველყოფს შესაბამის მონაცემთა ბაზაში დაცულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

იმ შემთხვევაში, თუ სასაზღვრო გამტარ პუნქტზე წარმოდგენილ ბავშვს, რომელიც ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, არ უფიქსირდება აღნიშვნა „შემოსვლა“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ამოწმებს ბავშვის მონაცემებს სააგენტოს ზემოაღნიშნულ მონაცემთა ბაზაში და ახდენს მის იდენტიფიკაციას.

თუ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ბავშვი, რომელიც პირველად ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, არის საქართველოში სუროგაციის გზით დაბადებული და მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, რომელიც გაცემულია სააგენტოს მიერ, ორივე მშობელი მითითებული არ არის, ან მის სახელზე სააგენტოს მიერ არ არის რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საქართველოდან გაყვანაზე [საზღვრის გადაკვეთაზე] უარის თქმის შესახებ.

საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შესაბამისი ბრძანება 2016 წლის 12 აპროილიდან ამოქმედდა.

სამინისტროს ორი თანამშრომელი ინფორმაციის განადგურებაშია ეჭვმიტანილი

დღეს, 14 აპრილს, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა. ოფიციალური განცხადებით, ისინი ეჭვმიტანილები არიან ინფორმაციის განადგურებაში. ამის თაობაზე საგანგებო განცხადება გააკეთა მინისტრის მოადგილემ, ლადო მგალობლიშვილმა.

„სამსახურში გამოცხადებისა და გარეშე პირთა შემოსვლასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია განადგურებულია. ფაქტი 11 აპრილს დაფიქსირდა. ორ თანამშრომელზეა ეჭვი და მათ შეუჩერდათ უფლებამოსილება“- გვეუბნება სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, თეა ვადაჭკორია.

მისივე ინფორმაციით, გამოძიებას სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი აწარმოებს. „ეჭვმიტანილი პირების კავშირი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ერთი თვის ფარგლებში უნდა დადგინდეს. თუ შიდა აუდიტი ვერ დაადგენს ამ პირების კავშირს ინფორმაციის განადგურებასთან, ის მაინც დადგინდება, რის გამო მოხდა ინფორმაციის წაშლა“- აცხადებენ სამინისტროში.

„ საქმე ეხება სამინისტროს ორ თანამშრომელს, რომელიც შესაძლოა სამსახურებრივად დაკავშირებული იყოს აღნიშნული ინფორმაციის განადგურებასთან. ერთ-ერთმა თანამშრომელმა უარი თქვა ხელმძღვანელი პირის დავალების შესრულებაზე – აღედგინა წაშლილი ინფორმაცია, შეიჭრა მინისტრის მოადგილის კაბინეტში, აგრესიული, არაკორექტული ფორმით შეეცადა თავის მართლებას და პროვოკაციაზე მის წამოგებას, ასევე, ის ახდენდა ფარულ აუდიოჩაწერას ხელმძღვანელის შემდგომი დისკრედიტაციის მიზნით.


მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული თანამშრომლები ჩამოშორდნენ სამუშაოს საქმის წარმოების მიმდინარეობის პროცესში. მიმდინარეობს გამოკვლევა და უახლოეს პერიოდში საქმეში ექსპერტები ჩაერთვებიან“- აცხადებს, მინისტრის მოადგილე, ლადო მგალობლიშვილი.

 

არჩილ ხაბაძის კომენტარი „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულებთან დაკავშირებით

„ქონების დარეგისტრირება და გადაცემა არ მოხდება, ეს არის სახელმწიფო საკუთრება. ამ ეტაპისთვის ჩვენ შევისწავლეთ დაახლოებით 1200-მდე ოჯახი და  10%, დაახლოებით 90 ოჯახამდეა, რომელთაც შეიძლება და ვალდებულია სახელმწიფო დაეხმაროს. დანარჩენებს თავშესაფარიც აქვთ, საცხოვრებელიც, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, სოფლებში, შესაბამსად, ამის დადასტურება ჩვენ შეგვიძლია“ – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულ ოჯახებთან დაკავშირებით.

„თუ მომრავლდნენ [ოჯახები] და 2000 მდეა, ჩვენ გამოვყოფთ რესურსსა და დროს, შევისწავლით და ისევ დავდებთ დასკვნას… მთავარია გაცხრილვა და გამოვლენა იმ კატეგორიის რომელსაც ეკუთვნის დახმარება“ – აცხადებს მთავრობის თავმჯდომარე.

არჩილ ხაბაძის კომენტარი აჭარის მთავრობამ გაავრცელა.

დღეს, 14 აპრილს, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა  საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას აპროტესტებენ.

მთავრობის სხდომაზე თხილის  შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა და მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც თხილის ექსპორტის, იმპორტის, ხარისხის და ეტიკეტირების საკითხებს დაარეგულირებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ თხილზე მოთხოვნა მზარდია.

FOTO
ოთარ დანელია

„ქართული თხილის დიდი საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, ჩვენ ამ პროდუქტის წარმოების პერსპექტივა გვაქვს. 2014-15 წლებში, ევროკავშირში ქართული თხილის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 184  მილიონი აშშ დოლარი  შეადგინა, რაც   მთლიანი აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო მაჩვენებლის თითქმის 30% -ია. თხილის წარმოება აგრარული სექტორის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება გახდა. სწორედ ამიტომ შემუშავდა თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი და სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მეთხილეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, თხილის რეგლამენტი აბსოლუტურ შესაბამისობაშია საერთაშორისო მარკეტინგულ სტანდარტებთან. რეგლამენტის შესაბამისად, მკაცრად გაკონტროლდება თხილის ხარისხი, რაც გულისხმობს ლაბორატორიულ შემოწმებას, ასევე შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების წესების დაცვის კონტროლს. თხილის შემოწმება-ინსპექტირებას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თხილის რეგლამენტი ხელს შეუწყობს საქართველოში მეთხილეობის დარგის განვითარებას, საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი ხარისხის თხილის რეალიზაციას და ქართული წარმოების პროდუქციის მაღალი სტანდარტის შესაბამისობის იმიჯის დაცვას.

საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი საჯარო განხილვისთვის განთავსებული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. გარდა ამისა, მოხდა შეხვედრები ბიზნესსექტორის და  მეთხილეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან. პროექტი წარდგენილი იყო საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ინიციატივით გამართულ   სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე. საერთო განხილვების დროს გამოთქმული გარკვეული მოსაზრებები გათვალისწინებულ იქნა აღნიშნულ დოკუმენტში.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge

შეხვედრა იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG)  წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი სოფლად განვითარების პროექტის ფარგლებში, იტალიის გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით, სოფლად განვითარების პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებისთვის სემინარის მომზადების საორგანიზაციო საკითხების განხილვა იყო.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე და ყურადღება  პრიორიტეტულ მიმართულებებზე  გაამახვილა.

მინისტრის მოადგილემ  დარგის განვითარებისთვის  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის,  ექსტენციის სისტემის შემუშავების, მათ შორის, მობილური ექსტენციის სერვისის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  ლევან დავითაშვილმა იტალიელ სტუმრებს   სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები დეტალურად გააცნო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხეო საქართველოში აგროტურიზმის განვითარების პოტენციალს და აღნიშნული მიმართულების განვითარებისთვის იტალიურ მხარესთან  თანამშრომლობის მნიშვნელობას.

italielebi

სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge

„წიგნის კუთხე“ – V და VI მერვედფინალური თამაშები

10 აპრილს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში გაიმართა ლიტერალურული კონკურსის – „წიგნის კუთხე“ მეხუთე და მეექვსე მერვედფინალური თამაშები. აღნიშნულ თამაშზე გუნდები თამაშობდნენ შემდეგი ხუთი ძირითადი წიგნის ირგვლივ:

  • რეი ბრედბერი – „451 ფარენჰეიტით “
  • ჯორჯ ორუელი – „1984“
  • ჯემალ ქარჩხაძე – „ოპერაცია დეიდა ტასო“;
  • შექსპირი – „ჰამლეტი“
  • ფრედერიკ ბეგბედერი – „99 ფრანკი“

მეხუთე მერვედფინალური თამაში გაიმართა სკოლა „იმედისა“ [ალეკო ბერიძე; სერგი მახარაძე; ანა დიასამიძე] და ბათუმის №16 [ელისაბედ მამულაძე; ანი ხურცილავა; ანა ბოლქვაძე] საჯარო სკოლის გუნდებს შორის. მეოთხედფინალურ ეტაპზე გადავიდა სკოლა „იმედი“ ანგარიშით – 10:6.

ბათუმის №10 [მაკა ვაშაკიძე; მეგი ქამაშიძე; ნინო ჭაღალიძე] და №1 [ნინო კუტუბიძე; გურანდა ოსიძე; თამარ თევზაძე] საჯაროს სკოლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მეექვსე მერვედფინალურ თამაშში. ანგარიშით 14:9, შემდეგ ეტაპზე გადავიდა ბათუმის №10 საჯარო სკოლა.

„წიგნის კუთხე“ წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსის ფორმატის ინტერნეტ გადაცემას, რომელსაც გაზეთ „ბათუმელებთან“ არსებული სტუდია „მედიალაბორატორია” საცდელ რეჟიმში ახორციელებს ბათუმში.

პროექტის ფარგლებში ბათუმის რვა კერძო და რვა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას, სულ 16 გუნდი. გადაცემა კიდევ ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, გამარჯვებული გუნდები კი დასაჩუქრდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

ამავე თემაზე იხილეთ:

„წიგნის კუთხეს“ პირველი და მეორე მერვედფინალური თამაში.

„წიგნის კუთხე“ – III და IV მერვედფინალური თამაშები

„ოცნების ქალაქის“ ულტიმატუმი არჩილ ხაბაძეს

14 აპრილს, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა  საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით ისინი ეხმაურებიან სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილ ინფორმაციაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას:

„უჩა ნანუაშვილმა „მუყაოს დასახლების“ პრობლემა ნომერ პირველად დაასახელა, რაზეც არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა არასწორად იმუშავა ოცნების ქალაქის შესახებ და თურმე ათ პროცენტზე მეტს აქ არ ეკუთვნის დახმარება. ამას ჩვენ ვაპროტესტებთ, – ამბობს აქციის მონაწილე მარინა ბერიძე და ამატებს, რომ ოცნების ქალაქში სხვადასხვა სტატუსის მქონე ადამიანები ცხოვრებენ, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება – აქ მცხოვრებთა დიდ ნაწილს, შესწავლის შემდეგ დაენიშნათ სოციალური დახმარება და თუ არ გვეკუთვნის დახმარება და მხოლოდ 10%-ია დასახმარებელი, მაშინ დახმარებას რატომ გვინიშნავდნენ?! ჩვენთან შესაძლოა მხოლოდ 10% იყოს ვისაც არ ეკუთვნოდეს დახმარება, მაგრამ დანარჩენი 90% უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, მცირეწლოვან ბავშვებთან და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ოჯახის წევრებთან ერთად, გაუსაძლის პირობებში. ბატონი არჩილი კი ერთხელაც არ მოსულა ადგილზე რომ ენახა 600 ბავშვი როგორ ცხოვრობს სასიცოცხლო რისკის პირობებში “.

აქციის მონაწილეებმა არჩილ ხაბაძეს ათი დღის ვადა მისცეს: „ველოდებით  მისგან სწორ განცხადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესახლებულები ყველანი ერთად გავერთიანდებით და მასშტაბურ მოძრაობას დავიწყებთ“, – აღნიშნავს მარინა ბერიძე და დასძენს, რომ აქციას ასობით ადამიანი ესწრებოდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის თავმჯდომარის  კომენტარი მოგვიანებით გავრცელდება.

დასახლება სამი წლის წინ გაჩნდა ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში. აქ თვითნებურად ჩასახლებული ასობით ოჯახი ცხოვრობს სახელდახელოდ აგებულ ქოხებში, წყლისა და კანალიზიაციის გარეშე. მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი ეკომიგრანტები არიან. აჭარის მთავრობამ მათი საკითხი შეისწავლა, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამ ადამიანების ყოფის გასაუმჯობესებლად არ გადადგმულა.

იგივე თემაზე იხილეთ:

დატბორილი „ოცნების ქალაქი“;

ლაპარაკობენ ბავშვები

ელექტრონული რეცეპტი ქაღალდის ნაცვლად

მალე აფთიაქში წამლის შესაძენად ქაღალდის რეცეპტის წარდგენა საჭირო აღარ იქნება. საკმარისია ფარმაცევტს თქვენი პირადი ნომერი უთხრათ და აფთიაქის თანამშრომელი თავად ნახავს ელექტრონულ რეცეპტში იმ წამლების ჩამონათვალს, რომელიც ექიმმა გამოგიწერათ.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ელექტრონული რეცეპტის ასამოქმედებლად ემზადება. ზუსტი თარიღი, როდის ამოქმედდება ელექტრონული რეცეპტი, ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი ამბობს, რომ ელექტრონული რეცეპტის სისტემას რამდენიმე თვეში გაუშვებენ: „ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვმუშაობთ ელექტრონული რეცეპტის დანერგვის საკითხზე, მუშავდება შესაბამისი ნორმატიული ბაზა. სისტემა, სავარაუდოდ, გაეშვება რამდენიმე თვე პილოტურ რეჟიმში და შემდეგ ამოქმედდება მთელ საქართველოში“.

პირველ ეტაპზე ელექტრონული რეცეპტი ქაღალდის რეცეპტის პარალელურად იმუშავებს. სამინისტროში ამბობენ, რომ ეს, ე.წ. გარდამავალი ეტაპი შესაძლოა რამდენიმე წელსაც გაგრძელდეს, სანამ სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება უზრუნველყოფილი არ იქნება საჭირო კომპიუტერული ტექნიკით, ინტერნეტითა და უნარ-ჩვევებით.

როგორ იმუშავებს ელექტრონული რეცეპტი? ნათია ნოღაიდელი განმარტავს: „ექიმი წერს რეცეპტს, შეჰყავს ჩვეულებრივ ფორმაში [კომპიუტერის საშუალებით] და რეცეპტი აისახება ელექტრონულ სისტემაში. როცა პაციენტი ან მისი ახლობელი მივა აფთიაქში წამლის შესაძენად, ფარმაცევტსაც ექნება წვდომა ამ რეცეპტზე. აფთიაქში მოხდება რეცეპტის, ასე ვთქვათ, „განაღდება“.

აფთიაქის მხრიდან გაკეთდება ჩანაწერი [გაცემული წამლის შესახებ]. ასე, რომ სისტემაში ინტეგრირებულია როგორც სამედიცინო სერვისის მიმწოდებლები, ასევე აფთიაქები.

რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა წარადგინოს პაციენტმა აფთიაქში: მუშავდება რამდენიმე ვერსია, ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს იქნება პაციენტის პირად ნომერთან დაკავშირებული, თუმცა პირადი ნომრის კონფიდენციალობა იქნება დაცული“.

ელექტრონული რეცეპტი იმ ცვლილებების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რასაც სამინისტრო გეგმავს. მეორე ცვლილება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციას ელექტრონულ ფორმატში განთავსებას, ე.წ. „ელექტრონულ სამედიცინო ბარათს“ უკავშირდება. ეს იგივეა, რაც პაციენტის „მკურნალობის ისტორია“, მხოლოდ ციფრულ ფორმატში და არა ქაღალდზე.

ჯანდაცვის სამინისტროში ამ თემაზე აქტიურად მუშაობენ, თუმცა სამინისტრო ამ ცვლილების განხორციელებას არ ჩქარობს, რადგან პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ბარათის ამოქმედება უფრო მეტი ინფორმაციის დამუშავებასთანაა დაკავშირებული.

„დღეს სამედიცინო დოკუმენტაცია იწარმოება ხელით და ექიმებს მონაცემები შეჰყავთ ქაღალდზე. ელექტრონული ფორმატი იქნება იმაზე გაცილებით მარტივი, ვიდრე შეავსო პაციენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ა.შ. ექიმი შეიყვანს პაციენტის პირად ნომერს სისტემაში და პაციენტის შესახებ სხვა, საჭირო ინფორმაცია გენერირდება ინფორმაციის სხვა წყაროებიდან. ეს გაცილებით უფრო გაამარტივებს როგორც სამედიცინო დანიშნულების გაცემას, ასევე ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, დიაგნოზის მარტივად დასმას და ა.შ.“ – ამბობს ნათია ნოღაიდელი.

მისივე თქმით, ელექტრონული სისტემა ასევე ხელსაყრელი იქნება პაციენტისთვისაც, რომელსაც ექიმის ან სამედიცინო დაწესებულების შეცვლის შემთხვევაში არ მოუწევს ყველა დიაგნოზის ან მკურნალობის შესახებ ინფორმაციის გახსენება. მისი ელექტრონული სამედიცინო ბარათი ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის სხვა ექიმს.

ნათია ნოღაიდელი ამბობს, რომ ელექტრონული სისტემის დანერგვა გარდაუვალი პროცესია: „ეს არის საუკეთესო სისტემა, რომელიც დანერგილია მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში და ძალიან აადვილებს როგორც სამედიცინო სერვისის მიწოდებას, ასევე სწორ მკურნალობას“.

Exit mobile version