მთავარი,სიახლეები

პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბათუმის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა დატოვეს

17.08.2016 • 1530
პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბათუმის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა დატოვეს

პაატა ბურჭულაძის პარტია აჭარის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა დატოვეს. ახალგაზრდული ფრთის წევრების თქმით, დაახლოებით 70 ახალგაზრდა გაემიჯნა პარტიას. პარტიის აჭარის ორგანიზაციაში შეფასებები ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. კომენტარზე ასევე უარი გვითხრა გიგა ფარტენაძემ, ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა ლიდერმა. მისი თქმით, წასვლის მიზეზები დეტალურადაა აღწერილი მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ აჭარის ორგანიზაციის რამდენიმე წევრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„აჭარის რეგიონის ახალგაზრდული მიმართულება  მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოძრაობა რეგიონში ადეკვატურად ვეღარ პასუხობს არსებულ რეალობას, რაც კარგად ჩანს პარტიული და საარჩევნო სტრუქტურების მშენებლობასა და საქმიანობაში.  ეს უკანასკნელი კარგად ავლენს, რომ პოლიტიკური მოძრაობა შორს დგას არსებული რეალობიდან.  ჩვენ, რეგიონის ახალგაზრდებს, ვისაც შეგვტკივა გული ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის, მივისწრაფით აქ არსებული პრობლემების გამოვლენისა და მათი გადაჭრის გზების დასახვისკენ. მოძრაობა მიგვაჩნდა სწორედ მსგავსი ამოცანების რეალიზების ერთ-ერთ უმთავრეს რესურსად. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ვერ შეძლო საზოგადოებრივ ინტერესებზე კონცეტრირება. ვერ მოახერხა რეგიონის მოსახლეობასთან სწორხაზოვანი დიალოგის წარმოება, რაც მოძრაობის არასწორი სტრატეგიული და ტაქტიკური განათლების შედეგია.  ბოლო პერიოდში მოძრაობის გარშემო სულ უფრო მეტად ჩნდება პასუხგაუცემელი კითხვები საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს საზოგადოებისათვის მიუღებელ სხვდასხვა პოლიტიკურ ძალებთან ალიანსის შესახებ. უყრადღებოდ დარჩა მოძრაობის ახალგაზრდული აქტივი, რომელსაც 3 თვეა, მხოლოდ შიშველი ენთუზიაზმით უწევს პარტიული დავალების შესრულება და ეს იმ ფონზე, როდესაც იკვეთება პარტიული ელიტის ძვირადღირებული კერძო ვოიაჟები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. აქედან გამომდინარე, მოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება მოძრაობის რიგების დატოვების და ინდივიდუალურ დონეზე საზოგადოებრივ საქმიანობის გაგრძელების შესახებ“.

დღეს, 17 აგვისტოს პარტია “სახელმწიფო ხალხსითვის” დატოვა თბილისში 25-მდე წევრმა.

გადაბეჭდვის წესი