მთავარი,სიახლეები

ახალი გზები ბათუმში სახლებსა და ეზოებზე გაივლის

21.08.2016 • 4165
ახალი გზები ბათუმში სახლებსა და ეზოებზე გაივლის

ახალი გზა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე ასამდე კერძო საკუთრებაზე გაივლის. მათ შორისაა: სახლები, ეზოები, ბოსტნები, ციტრუსის ბაღები, დამხმარე ნაგებობები და კომერციული ფართობები. ქონების მეპატრონეებმა მოსალოდნელი ცვლილების შესახებ არაოფიციალურად, მხოლოდ „ჭორის დონეზე“ იციან. მათ არც იმაზე აქვთ ინფორმაცია, რომ ქონების დათმობაზე ვერ მოლაპარაკების შემთხვევაში მერია ექსპროპრიაციის წესს გამოიყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ქონებას კანონიერად, „საზოგადოებრივი საჭიროების მქონე ობიექტის მშენებლობის“ მოტივით ჩამოართმევენ.

თემურ ბერიძის შვიდსულიანი ოჯახი ადლიის უბანში 2004 წლიდან ცხოვრობს. მანამდე იგი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში ცხოვრობდა, სადაც საცხოვრებელი სახლი დაემეწყრა. მთავრობისგან დახმარების მიღების ამაოდ ლოდინის შემდეგ სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ადგილიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ანგისაში სახლის ასაშენებლად მიწა იყიდა: „დღეს უკვე ორსართულიანი სახლი მაქვს, მას შემდეგ ამ სახლს ვაკეთებ. ნაწილი გავარემონტე, თუმცა არ დამისრულებია, კიდევ ბევრია გასაკეთებელი,“ – გვიყვება თემურ ბერიძე.

თემურ ბერიძე თავის ნაკვეთში დედასთან ერთად

თემურ ბერიძე თავის ნაკვეთში დედასთან ერთად

სახლის ეზოს მიმდებარედ თემურის დედა, მერი, ბოსტანში მუშაობს, ბალახის ამოძირკვით და ნარგავების მორწყვით არის დაკავებული. საუბარში ისიც ერთვება. ამბობს, რომ კიდევ ერთხელ საცხოვრებელი ადგილის დატოვება არც მას უნდა და არც მის ოჯახს:

„ძლივს ავაშენეთ. როგორ არ მინდა, როგორ მენანება. მე მგონი, მეც მეხება, ასე ამბობენ. თქვენ თუ რამე იცით, მითხარით. ვიცი, რომ ნაკვეთს ეხება, ზოგი ამბობს – სახლსაცო. არ მინდა, რომ სახლს შეეხოს. ძლივს გავიკეთეთ სახლი. ახლა მე აღება მინდა?! – მთავრობის გადაწყვეტილებას ვერ შეეწინააღმდეგები, მაგრამ ნამდვილად არ მიხარია.“

იმ ტექნიკური ნახაზის მიხედვით, რომელიც ბათუმის საკრებულომ მიწათსარგებლობის გეგმაში ცვლილების შესახებ დებულებასთან ერთად დაამტკიცა, თემურ ბერიძისმიწის ნაკვეთი და ის ადგილიც კი, სადაც სახლი დგას, წითლადაა მონიშნული. რუკის მიხედვით, წითლადაა მონიშნული ბერიძეების მეზობლის, თემურ ჯიჯავაძის სახლიც. ამ სახლის ჭიშკარზე განთავსებულ ტრაფარეტზე დიდი, წითელი ასოებით აწერია, რომ ის დამსვენებლებისთვის ქირავდება. თემური სახლშია, ის ხუთ წელზე მეტია უმუშევარია. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერც მისი მეუღლე, ლელა მუშაობს. ამ სახლში ცხოვრობენ თემურის შვილები და მოხუცი მშობლები. სახლი სამსართულიანია და ოჯახი მის მხოლოდ მცირე ნაწილში ცხოვრობს, ძირითად ნაწილში კი დამსვენებლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოაწყვეს. ეზოში კოტეჯსაც აქირავებენ. ზაფხულობით ეს მათი ერთადერთი შემოსავალია. წელს დამსვენებლის ნაკლებობაზე ჩივიან.

„ვიცი ახალი გზის ამბავი. კულუარულად გავიგე. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩემთან ინვესტორი მოვიდა, დავრწმუნდი, რომ მართალი იყო. აქვე გვერდით ნაკვეთი მაქვს, ინვესტორს მისი ყიდვა და კორპუსის აშენება უნდოდა. მოვილაპარაკეთ კიდეც. მაგრამ მას მშენებლობის ნებართვა არ მისცეს, არ ვიცით, გზა სად გაივლისო. აღარ იყიდა ჩემი ნაკვეთი. არადა, ძალიან მჭირდებოდა, იმ აღებული ფულით აქით გავაკეთებდი, დამსვენებელი რომ მოდის, ყველას კარგი უნდა, წელში გავსწორდებოდი,“ – ამბობს თემურ ჯიჯავაძე.

თემურ ჯიჯავაძე მეუღლესთან და მამასთან ერთად

თემურ ჯიჯავაძე მეუღლესთან და მამასთან ერთად

იმას, რომ მშენებლობის ნებართვებს ამ უბანში მერია ახალი გზის შემუშავებისა და მის დამტკიცებამდე არ გასცემდა, ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურშიც ადასტურებენ. მიწათსარგებლობის ახალი გეგმისა და თანდართული რუკის მიხედვით, ახალი მაგისტრალი ბულვარის მიმდებარედ ანგისის, ადლიის, მინდას, აეროპორტისა და აღმაშენებლის უბნებში გაივლის. შესაბამისად, მერიას უკვე შეუძლია სამშენებლო ნებართვების გაცემა, თუმცა როგორც რუკიდან ჩანს, თემურ ჯიჯავაძე ნაკვეთს ინვესტორზე ვეღარ გაყიდის, მას მოუწევს მიწა სახელმწიფოს მიყიდოს. გადაუხდის თუ არა მას სახელმწიფო კვ/მ-ზე იმავე რაოდენობის თანხას, რასაც მას ინვესტორი სთავაზობდა, ეს მომავალში გამოჩნდება. ამ დრომდე არსებული გამოცდილებით კი, მერიას მოსახლეობისთვის საბაზრო ფასი არასდროს შეუთავაზებია და ეს საკითხი არაერთხელ გახდა სასამართლოს მსჯელობის საგანი, რაზეც „ბათუმელები“ ადრეც წერდა. ბათუმში მომუშავე მაკლერების ინფორმაციით საბაზრო ღირებულების მიხედვით დღეს ახალი ბულვარის მიმდებარედ ერთი კვ/მ მიწის ფასი 200 დოლარია.

რაც შეეხება ნორმატიულ ფასს, ბათუმში, სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ბათუმის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების (ქვეზონების) მიხედვით. ადლია კაჩინსკების ქუჩიდან, აეროპორტის დასახლება და მიდებარე ტერიტორიები სადაც ახალი გზა უნდა გავიდეს, ბათუმის პერიფერიული ზონის პირველ ქვეზონას მიეკუთვნება – საკრებულოს დადგენილებით, ამ ზონაში ერთი კვ/მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფასის საბაზისო განაკვეთი 425 ლარის ტოლია.
ინფორმაცია „ჭორის დონეზე“ იციან თემურის მეზობლებმაც, ყველა, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით და კომპენსაციის მიღების სანაცვლოდ დათმობს ნაკვეთს, ეზოს, ეზოს ნაწილს, მაგრამ არა სახლს.

ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილება ბათუმის საკრებულოში ისე დაამტკიცეს, რომ ამომრჩევლის საკუთრების უფლებებზე დიდხანს არ უმსჯელიათ. კითხვები, რომლებიც მომხსენებლის ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მიმართ დასვეს, ახალ გზებს შორის ერთ-ერთის გაბარიტებს შეეხებოდა. სხდომაზე ექსპროპრიაციის წესიც ახსენეს. საკრებულოში ამ უბნის მაჟორიტარმა ირაკლი მიქელაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ „ამომრჩევლის ინტერესების შესახებ იცის და მისი მოსაზრებით, ამ ცვლილების არ დამტკიცებით უფრო გაფუჭდებოდა საქმე, ვიდრე მისი დამტკიცებით.“
ახალი გზის საპროექტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „აჭარსპეცპროექტმა“ ჩაატარა. ამ სამუშაოსთვის ბიუჯეტიდან 80 000 ლარი დაიხარჯა. ახალი გზების პროექტს ექსპერტიზა არ გაუვლია. ასეთი მოთხოვნა მერიას ტენდერით გათვალისწინებული არ ჰქონდა. პროექტის მიხედვით, ახალი გზა 11 მეტრი სიგანის, ხოლო ტროტუარები 2 მეტრი სიგანის იქნება. შემდეგი ეტაპი გეოლოგიური კვლევაა. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ირაკლი ახალაძის თქმით, მერიას ჯერ არ შეუსწავლია კონკრეტული ქონებები და მათი ღირებულება, სადაც ახალი გზა გაივლის: „ეს ცალკე კვლევის საგანია.“ მოსახლეობა ამბობს, რომ სახლებს არ დათმობს, ზოგიერთის თქმით კი, სახლის დათმობის აუცილებლობის შემთხვევაში შეთავაზება ადეკვატური უნდა იყოს: „შენ ამ ზღვის პირიდან გამიშვა და ბენზეში წადიო მითხრა, მასე არ გამოვა.“

მთლიანობაში ახალი ბულვარის მიმდებარედ მერია 40-კილომეტრიანი გზის გაყვანას გეგმავს. მერიაში მიიჩნევენ, რომ ახალი გზა ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე ქალაქური ინფრასტრუქტურის შექმნას და ამ ადგილით ინვესტორების დაინტერესებას შეუწყობს ხელს.

ახალი ქუჩები [ყვითელი ფერი] / გენგეგმა

ახალი ქუჩები [ყვითელი ფერი] / გენგეგმა

გადაბეჭდვის წესი