კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

კლასიკური მუსიკის შედევრები შავი ზღვის სანაპიროზე

20.08.2016 • 2600
კლასიკური მუსიკის შედევრები შავი ზღვის სანაპიროზე

17-22 სექტემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელიც ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით მეოთხედ ტარდება. რა პროგრამა ექნება წელს ფესტივალს? – ამ თემაზე „ბათუმელები“  ფესტივალის დამაარსებელსა და სამხატვრო ხელმძღვანელს, ელისო ბოლქვაძეს ესაუბრა.

 ქალბატონო ელისო, პირველ რიგში, მზად არის თუ არა ფესტივალის პროგრამა, რომელ შემსრულებლებს მოუსმენს ფესტივალის მსმენელი?

ფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნება და გახსნაზე მოწვეულია ამერიკელი დირიჟორი ფილიპ მანი. გახსნაზევე მოვუსმენთ ძალიან ცნობილი მუსიკოსის, სლოვენიელი კლარნეტისტის, დარკო ბლეკის შესრულებას, რომელიც მოცარტის საკლარნეტო კონცერტს შეასრულებს. იმავე დღეს მე შევასრულებ მოცარტის საფორტეპიანო კონცერტს.

ელისო ბოლქვაძე

ელისო ბოლქვაძე

2016 წელი მოცარტის წელია და ამ თემას აუცილებლად გამოვეხმაურებით. პროგრამაში არის მოცარტის ნაწარმოებები და ზოგადად, წელს აქცენტი გვაქვს ისეთ შედევრებზე, როგორიცაა: მოცარტის #40-ე სიმფონია, ბიზეს „კარმენი“ და ა.შ. ბევრ ცნობილ ნაწარმოებს შეასრულებს ფესტივალზე ბათუმის სიმფონიური ორკესტრი, რაც მახარებს, იმიტომ, რომ ძალიან კარგი სტიმულია ბათუმის ორკესტრისათვის მსგავსი პროგრამით მონაწილეობა ფესტივალზე. ერთი კვირის მანძილზე ექვსი საღამო არის დატვირთული და ეს საკმაოდ რთულია ორკესტრისთვის, მაგრამ ორკესტრი ენთუზიაზმითაა განწყობილი და დიდ შრომას დებენ მომზადებაში.
ფესტივალის მეორე დღე, 18 სექტემბერი, დაეთმობა ფოლკორულ მუსიკას. ლეგენდარულ ანსამბლს, „ქართულ ხმებს“ მოვუსმენთ არაჩვეულებრივი პროგრამით.

19 სექტემბერს იქნება ისევ ფილიპ მანი, რომელიც შეასრულებს ბეთჰოვენის შედევრს, მეშვიდე სიმფონიას და ბიზეს „კარმენს“, საორკესტრო ვერსიას, რომელიც არაჩვეულებრივი მოსასმენია.

20 სექტემბერს საფრანგეთიდან იუნესკოს მშვიდობის არტისტი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, სიპრიან კაცარისი ჩამოდის. იგი შეასრულებს ორ საფორტეპიანო კონცერტს – რაველის სოლ მაჟორს, რომელიც პოპულარული კონცერტია და ასევე ბახის ერთ-ერთ კოცერტს. ამ საღამოს უდირიჟორებს მამუკა ალაფიშვილი, ბათუმის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი.

21 სექტემბერს მოწვეული გვყავს მაია ირგალინა, ახალგაზრდა ბელორუსი პიანისტი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს. შესრულდება მოცარტის 40-ე სიმფონია და ლისტის საფორტეპიანო კონცერტი #2. დირიჟორი იქნება დავით კინწურაშვილი.

22 სექტემბერს, მუსიკალური ფესტივალის ბოლო დღეს კი, იქნება ალექსი მაჭავარიანის საღამო. ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოებებს შეასრულებს მისი შვილი, ვახტანგ მაჭავარიანი. ასევე შესრულდება სავიოლინო კონცერტი, რისთვისაც პარიზიდან ბათუმში ჩამოდის მევიოლინე ლიანა გურჯია, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, იგი ნახევრად ქართველია. ლიანა არის მაჭავარიანის ძალიან ცნობილი შემრულებელი და საგანგებოდ ამისათვის მოვიწვიეთ.

 გასულ წელს ნიჭიერი მოსწავლეებისთვის იმართებოდა მასტერკლასები, წელსაც გრძელდება თუ არა ეს ტრადიცია?

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ყოველთვის იყო და ახლაც არის ახალგაზრდა ტალანტების მოწვევა და მასტერკლასების ჩატარება. წელს ჩვენ კიდევ ერთი ფორმატი შევარჩიეთ. 18 სექტემბერს ვიწყებთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან საგანგებოდ ფესტივალისათვის ჩამოსული 56 ბავშვის მოსმენას, საიდანაც შევარჩევთ საუკეთესოებს 19 სექტემბრის მასტერკლასისთვის, რომელსაც ჩაატარებს მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, არაერთი საერთაშორისო ჟიურის წევრი, ვალერი პისეცკი. დიდი ინტერესია ბავშვების მხრიდან, ისინი ემზადებიან ამ დღეებისთვის, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ კონკურსი და გულდაწყვეტა, ეს არის ეტაპი იმისთვის, რომ ბავშვებს უფრო მეტად ჰქონდეთ პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმის შეგრძნება და შემდეგ წელს კიდევ უფრო მომზადებულები ჩამოვიდნენ.

 

ელისო ბოლქვაძე

ელისო ბოლქვაძე

მასტერკლასებზე მონაწილეთა რაოდენობა და მათი მონდომება წლიდან წლამდე იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფესტივალის ეს მიმართულება კარგად ვითარდება, რაც ძალიან მახარებს. ჩემი მიზანიც სწორედ ესაა, ფონდი „ლირა“, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, იმისთვის არის მოწოდებული, რომ ბავშვებს და მომავალ თაობას ხელი შეუწყოს. ჩვენთან არიან ნიჭიერი ბავშვები, რომლთაც უყვართ მუსიკა, მე ვხედავ ამ ბავშვებს რეგიონებში, მათ სჭირდებათ დახმარება და ეს უნდა გაითავისოს ყველა ქალაქმა და ამ შემთხვევაში, პირველ რიგში ბათუმმა, სადაც ტარდება ეს ფესტივალი.

თქვენი აზრით სახელწიფოს მხრიდან რა ტიპის მხრადაჭერა სჭირდება კლასიკურ მუსიკას? იგივე, რა კეთდება სხვაგან კლასიკური მუსიკის ხელშეწყობისთვის, რაც არ კეთდება ჩვენთან?

პირველ რიგში, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ორკესტრს, მუსიკოსები არ შეიძლება მუშაობდნენ ასეთ დაბალ ანაზღაურებაზე და ასევე, ყურადღება სჭირდება კონსერვატორიას, რომელმაც უნდა გაზარდოს ახალგაზრდა თაობა.

ყველა ფესტივალზე თითო საღამო მიეძღვნება სხვადასხვა ქართველ კომპოზიტორს. წელს იქნება მაჭავარიანი, შემდეგ – სხვა, შეიძლება არც ისე ცნობილი, მაგრამ ჩვენი როლი სწორედ ეს არის, რომ ახალი სახელები, ახალი ტალანტები წარმოვაჩინოთ. ამ ფესტივალზე ჩამოდის უამრავი საერთაშორსიო ჟურნალისტი. წელს, 6 სექტემბერს, ცნობილ ფრანგულ რადიოსადგურს, „რადიოკლასიკს“, რომელსაც ყოველ დღე ათეულობით მილიონი ადამიანი უსმენს, მთელი დღის განმავლობაში ექნება საქართველოს თემა. დილიდან დაიწყება ბათუმის მუსიკის საერთაშორისო ფესტვალზე საუბარი, ისაუბრებენ საქართველოს კულტურაზე, ფოკლორზე. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ბათუმის ფესტივალმა მიიღო საერთაშორისო მასშტაბი საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში.

 სად გაიმართება კონცერტები?

კონცერტები გაიმართება მუსიკალურ ცენტრში. მასტერკლასები იქნება მუსიკალურ სკოლაში.

ჩვენი პარტნიორი არის სასტუმრო „ლეო გრანდი“, რომელიც უსასყიდლოდ გვითმობს ფესტივალის მონაწილე არტისტებისთვის ნომრებს და საკონფერენციო დარბაზს, სადაც ჩატარდება კონფერენცია უინესკოს ღირებულებების შესახებ. ჩამოდის სტუმარი სუდანიდან ალი მაჰ დი, იუნესკოს ელჩი, რომელსაც აქვს დიდი საგანმანათლებლო პროგრამები დაფინანსებული.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება სალაროებში, ფასი 10 ლარიდან იწყება. ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო და აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საფრანგეთის საელჩოსთან.

საინტერესო დღეები ელოდება ბათუმს, ველოდები ბათუმელებს ფესტივალზე, ეს იქნება დაუვიწყარი საღამოები შავი ზღვის სანაპიროზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: