კიდევ ერთხელ დავით კვაჭაძის ასარჩევად

ხვალ, 15 აპრილს აჭარის უმაღლესი სარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევას კიდევ ერთხელ შეეცდებიან. ეს იქნება კენჭისყრის გამართვის მეოთხე მცდელობა ამ თანამდებობაზე დავით კვაჭაძის ასარჩევად.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე განკარგულება უკვე გამოსცა. თუ უმაღლესი საბჭო უსკოს ახალ თავმჯდომარეს ამჯერადაც ვერ აირჩევს, ახალი კანდიდატის შესარჩევად მთავრობა ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს. ეს კი უსკოს თავმჯდომარისა და კომისიის ერთი რიგითი წევრის შესარჩევად მესამედ გამართული კონკურსი იქნება.

დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგი ორი საკითხის კენჭისყრას ითვალისწინებს – ერთი უსკოს თავმჯდომარის, ხოლო მეორე წევრის არჩევაა. უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებული კანდიდატის დავით კვაჭაძის მიმართ დამოკიდებულება უმაღლესი საბჭოს ოპოზიციურმა ფრაქციებმა არაერთხელ გამოხატეს. ისინი მიიჩნევენ, რომ „ოცნებასთან“ დაახლოებული პირი დავით კვაჭაძე, რომელიც მათივე ინფორმაციით, 2012 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შტაბში მუშაობდა, პარტიულ დირექტივას ყოველთვის დაექვემდებარება.

დეპუტატები არც კოლეგის, ირაკლი ჯაშის შვილის მამუკა ჯაშის მხარდაჭერას გეგმავენ.

პირველი კონკურსი უსკოს თავჯდომარისა და წევრის შესარჩევად 2015 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა.

თავმჯდომარის პოსტზე შვიდმა პირმა შეიტანა განაცხადი, მათგან სამი პარმენ ჯალაღონია, დავით კვაჭაძე და დავით ქარცივაძე შეარჩია კომისიამ.

პროფესიით იურისტი პაატა ჯალაღონია აჭარის მთავრობის აპარატში უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს.

დავით ქარცივაძე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეა. 2014 წლიდან 2015 წლის იანვრამდე ის ააიპ „ბათუმის კორპუსის“ დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 2012 -2013 წლებში კი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიწვეული სპეციალისტი იყო.

დავით კვაჭაძე კი 2012 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრში“ მუშაობს. ის უარყოფს „ქართულ ოცნებასთან“ მუშაობის გამოცდილების შესახებ ინფრომაციას და ამბობს, რომ პარტიული არ არის.

29 იანვარს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის კანდიდატურა წარუდგინა.

4 თებერვალს უმაღლსმა საბჭომ კანდიდატურას კენჭი უყარა – უსკოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო იყო 11 ხმა. კენჭისყრაში მხოლოდ 10-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა [„ოცნების“ 9 დეპუტატი და ჯემალ ფუტკარაძე]. ათივემ ხმა დავით კვაჭაძის სასარგებლოდ მისცა.
კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია გაიარა 20-მა დეპუტატმა 21-დან. სხდომას, საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „თავისუფალმა დემოკრატებმა” – თემურ კახიძემ და სულხან ღლონტმა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ასევე დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ [8 დეპუტატი].

18 თებერვალს, აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატებს დავით კვაჭაძის კანდიდატურისთვის მეორედ უნდა ეყარათ კენჭი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე, თუმცა ქვორუმი არ შედგა, რეგისტრაცია მხოლოდ „ოცნების” ცხრა დეპუტატმა გაიარა.

ამის შემდეგ მთავრობამ უსკოს თავმჯდომარისა და წევრის შესარჩევად ახალი კონკურსის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ, როგორც დეპუტატებს ასევე პროცესზე დამკვირვებელ ორგანიზაციებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ არჩილ ხაბაძე ახალ კანდიდატს კომისიის მიერ შერშეული კანდიდატებიდან წარუდგენდა უმაღლეს საბჭოს.

არჩილ ხაბაძის თქმით, ეს ჩანაწერი კანონში ბუნდოვანია.

რა წერია კანონში:

„… თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, ხელახლა ეყრება კენჭი დარჩენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია კვლავ არ შეივსო, იმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს 3 დღის ვადაში კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებიდან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე წარუდგენს 2 კანდიდატს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არა უგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.  ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.“

უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო კომისის თავმჯდომარე თემურ კახიძე არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებას ბრიფინგით გამოეხმაურა.

დედაენის დღე ბათუმში [ფოტო]

14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით შეუერთდნენ სტუდენტები, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

DSCN9027
ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული მსვლელობა უნივერსიტეტიდან ილია ჭავჭავაძის ძეგლამდე ; 14.04.2016

„დედაენის დღე მთელი საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია… სანამ იარსებებს ქართული დამწერლობა, ქართული ენა, ქართველ ერს გადაშენება არ უწერია“, – თქვა ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ბექა მაკარაძემ.

DSCN9054
დედაენის დღესთან დაკავშირებით ბათუმის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ძეგლთან ლექსები წაიკითხეს; 14.04.2016

ღონისძიებას ასევე მსვლელობით შეუერთდნენ ბათუმის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. როგორც სკოლის დირექტორმა მედეა გვენეტაძემ თქვა, მოსწავლეები გამოვიდნენ ილია ჭავჭავაძის ძეგლთან  ქართული ენისთვის პატივის მისაგებად, თუმცა აუცილებელია იმის გააზრება, რომ ქართულ ენას პატივის მიგების გარდა გაფრთხილება სჭირდება: „იმიტომ არის ჩვენი დღევანდელი ახალი თაობა აქ, რომ უნდა დაინახონ, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ იმ მონაპოვარს, რაც ჩვენმა წინაპრებმა მოგვიტანეს დღემდე. გაუფრთხილდნენ იმ ენას, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის თვითმყოფადობის სიმბოლო“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და სხვა თანამდებობის პირები.

DSCN9065
დედაენის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას ილია ჭავჭავაძის ძეგლთან, სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ერთად, ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც; 14.04.2016

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ, 14 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა: „38 წელი გავიდა 1978 წლის 14 აპრილიდან. ამ მოედანზეც, საოლქო კომიტეტის შენობის წინ ვითარდებოდა მოვლენები. აქაც იყო ხალხმრავალი, ახალგაზრდული მანიფესტაცია, ისე როგორც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ხალხისა და ახალგაზრდობის პროტესტმა შედეგი გამოიღო და მაშინ კონსტიტუციაში ჩანაწერი,  რომ საქართველოში სახელმწიფო ენა არის ქართული ენა, იქნა შენარჩუნებული. ეს იყო ხალხის და საღი აზრის გამარჯვება. ეს არის ეროვნული დღესასწაული, ერის დღესასწაული, რომელსაც საკუთარი ენა და დამწერლობა გააჩნია“.

DSCN9048
ილია ჭავჭავაძის ძეგლი სტუდენტებმა და მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს. 14.04.2016 / ირმა დიმიტრაძის ფოტოები

1978 წლის 14 აპრილს თბილისში დაიწყო სტუდენტური მანიფესტაციები კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

16 აპრილს აჭარის მაღალმთიანეთში უფასო სამედიცინო აქციები ჩატარდება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით 16 აპრილს, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო აქციები ჩატარდება.

ხულოს მუნიციპალიტეტში აქცია ხიხაძირის თემში გაიმართება. ადგილობრივებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებსა და კვლევებს შპს „ონკოლოგიური საავადმყოფოს“, „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“ და „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“ ექიმები ჩაუტარებენ. პაციენტებს ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი და უროლოგი მოემსახურება.

შუახევის მუნიციპალიტეტში უფასო კონსულტაციები და კვლევები ზამლეთის თემში, შპს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010-ის“, „ბათუმის N4 პოლიკლინიკისა“ და „ბათუმის სამშობიარო სახლის“ ექიმების მიერ ჩატარდება. მოსახლეობა ადგილზე მიიღებს ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ტრავმატოლოგისა და უროლოგის სამედიცინო მომსახურებას.

ქედის მუნიციპალიტეტის მერისის თემში უფასო სამედიცინო აქციას „ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ ექიმები ჩაატარებენ. კერძოდ, ლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, უროლოგი, პედიატრი, ფტიზიატრი, კარდიოლოგი, ალერგოლოგი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი და ექოსკოპისტი .

სამინისტროს ცნობით, უფასო სამედიცინო აქციები სამივე მუნიციპალიტეტში 11:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება.

სიმშვიდე პოლიტიკის კეთების ნაცვლად – მუნიციპალიტეტებში ცვლილებებს არ იმჩნევენ

„ყველაფერი არის ძველებურად და არ ველოდებით ცვლილებებს, უმრავლესობაში კაი ბიჭები არიან, ქედელები არიან და იქნება ერთი გუნდი ყოველთვის. მეტ კომენტარს არ ვაკეთებ“, – ასე უპასუხა ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ „ბათუმელების“ შეკითხვას: როგორ აისახა ეროვნულ დონეზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესი მათ საკრებულოზე. ქედა გამონაკლისი არ არის. ხულოში, შუახევში, ხელვაჩაურსა თუ ქობულეთში საკრებულოს წევრები განსხვავებული პოლიტიკური ხედვების მიუხედავად, ერთიანობას ინარჩუნებენ. მოტივი: „აღმავლობა გვინდა ჩვენ“, ან ასე, მაგალითად: „პოლიტიკოსები კი ვართ, მაგრამ, პირველ რიგში, შუახეველები ვართ“.

იმის მიუხედავად, რომ „ეროვნულმა ფორუმმა“ საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვა, თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს ხულოს საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ ხელმძღვანელი ზვიად ძირკვაძე: „რატომ უნდა წავიდე? სანამდე საქმე მოითხოვს, აქ ვიქნები. ჯერჯერობით რამე არ ხდება“. ამ ფრაქციის ორი წევრი პარტია „ქართული ოცნებიდანაა“. „ჯერ არ გამოუთქვამს რამე პროტესტი „ფორუმელს“, ან სხვას, ამიტომ ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ. ყველა ხულოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და არა მგონია, რამე შეიცვალოს“, – გვითხრა ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძემ.

„ეროვნული ფორუმის“ გზავნილს დამოუკიდებელი პოლიტიკური ბრძოლის შესახებ არ იზიარებს კიდევ ერთი ფორუმელი – ქობულეთის საკრებულოდან ნუკრი ბეჟანიძე. ის არც უმრავლესობას ტოვებს და არც თანამდებობას. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა და მიაჩნია, რომ ქობულეთს ყველაზე დემოკრატიული საკრებულო ჰყავს: „არ ვაპირებ თანამდებობის დატოვებას, რადგან საკრებულოს უნდა მივცეთ მშვიდ ვითარებაში მუშაობის საშუალება“. რატომ დაირღვევა საკრებულოს სიმშვიდე, თუკი თავმჯდომარის მოადგილე პოსტს დატოვებს? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე ნუკრი ბეჟანიძემ თქვა: „დეპუტატების გადასაწყვეტია, თუ ჩათვლიან საჭიროდ, გადამაყენონ. მე არ ვაპირებ დატოვებას“.

„ყველა ჩვენ-ჩვენს ადგილზე ვართ, არაფერი იცვლება“, – გვითხრა ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა „ეროვნული ფორუმიდან“ დავით საფარიძემ. ის საკრებულოში ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარეა: „ისევ უმრავლესობაში ვარ. ის, რაც მოხდა პარლამენტში, იგივე არ ხდება საკრებულოებში. რა ვიცი, რატომ ხდება ასე, ასეთია პარტიის პოზიცია. უმაღლეს საბჭოშიც ჩვენი წარმომადგენელი, მერაბ აბაშიძე რჩება კომისიის თავმჯდომარედ“.

ცვლილებებს ამ დროისთვის მხოლოდ შუახევის საკრებულოში ელიან. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით აქ ხელმოწერებს აგროვებენ. თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე ისევ ადგილზეა. აღარ არსებობს ფრაქცია „რესპუბლიკელები“, რომლებმაც ხელი მოაწერეს ქარცივაძის გადაყენების მოთხოვნას. „ამის მიუხედავად, ჩვენ ვრჩებით უმრავლესობაში იმიტომ, რომ ხელი შეეწყოს აღმავლობას“, – ამბობს იური მიქელაძე, შუახევის საკრებულოს წევრი „რესპუბლიკური პარტიიდან“.

შუახევი
შუახევი

„რესპუბლიკელების“ ფრაქციის დაშლა ფატი ჭაღალიძის განცხადებამ გამოიწვია: „ოცნების“ კვოტით მოვხვდი საკრებულოში. ფრაქცია იძულებით არ დამიტოვებია, როგორც ამას სხვები ამბობენ. წამოვედი იმიტომ, რომ თბილისში ვიყავი ჯანმრთელობის პრობლემების გამო და ფრაქციის თავმჯდომარეს არც კი შეუტყობინებია, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნას თუ ფრაქციის სახელით მოაწერდა ხელს“, – ამბობს ფატი ჭაღალიძე „ბათუმელებთან“.

შუახევის საკრებულოს წევრ „თავისუფალი დემოკრატებიდან“ არმაზ ბახტაძის აზრით კი, საკრებულოში „ოცნება“ აშკარად ორ ნაწილადაა გაყოფილი. „რესპუბლიკელებს“ მიზანმიმართულად დაუშალეს ფრაქცია და „კონსერვატორებს“ შეუქმნეს ფრაქცია, ფატი ჭაღალიძე იქ გადავიდა [ფრაქციის შექმნას მინიმუმ სამი წევრი სჭირდება, „რესპუბლიკელებს“ და „კონსერვატორებს“ ამ საკრებულოში მხოლოდ ორ-ორი წევრი ჰყავთ. ავტ.]. ვფიქრობ, ისევ დადგება საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი. ჯერ ჩამოყალიბებული არ მაქვს პოზიცია, დავუჭერ თუ არა მხარს, რადგან აშკარაა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ჩამოშორება შუახევის გამგებლის ინტერესებში შედის“, – აცხადებს არმაზ ბახტაძე.

სხვა მუნიციპალიტეტის მსგავსად, არც შუახევის საკრებულოში აპირებს „ეროვნული ფორუმი“ ოპოზიციაში გადასვლას. ფრაქციაში „ქართული ოცნება _ ეროვნული ფორუმი“ ორი წევრი „ფორუმელია“, ერთი – პარტია „ქართული ოცნების“.
რა არგუმენტით შეიძლება იყოს მისაღები პარტიის ოპოზიციაში გადასვლა მხოლოდ ცენტრალურ დონეზე და რა გზავნილი ექნება „ეროვნულ ფორუმს“ ამომრჩეველთან, თუკი მისი წარმომადგენლები მუნიციპალიტეტებში თანამდებობრივ პრივილეგიებზე უარს არ იტყვიან? „ასე არ არის, უახლოეს დღეებში ჩვენ გავაჟღერებთ პოზიციას, თუ როგორ ვიმოქმედებთ ადგილობრივ დონეზე. ამჟამად შესწავლის პროცესში ვართ და მეტს ვერაფერს გეტყვით“, – უთხრა „ბათუმელებს“ ანი მიროტაძემ, „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

4 აპრილს, როცა „ეროვნულმა ფორუმმა“ კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვა, პარტიის ლიდერმა, კახა შარტავამ თქვა: „პარტიის პოლიტიკური საბჭო, ფრაქცია და წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებში შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობას მომავალ არჩევნებამდე“.

პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს კოორდინაციის პრობლემასთან პარტიის შიგნით, ან გარკვეულ სარგებელთან, რომელსაც პარტიის წარმომადგენლები თვითმმართველობებში იღებენ კომისიების ან ფრაქციების თავმჯდომარეობით: „ორივე საკმაოდ ცუდი გზავნილია ამომრჩეველთან. ეს არის პარტიის შიდა საქმე, მაგრამ გაუგებარია, რატომ შეიძლება ამაზე პრობლემა არ ჰქონდეს პარტიას. პოლიტიკური პარტია იქმნება და არსებობს იმისთვის, რომ ერთნაირი იდეოლოგიის მქონე ადამიანები გააერთიანოს და საერთო მიზნისთვის იმუშაონ ერთად“.

პარტიული იდეოლოგიის ქართულ პრაქტიკაზე კიდევ უფრო საინტერესო მაგალითი შეუქმნია შუახევის საკრებულოს. აქ მმართველი პოლიტიკური პარტია „მრეწველები“ და ოპოზიციური „პატრიოტთა ალიანსი“ ერთ ფრაქციაში არიან [კანონმდებლობის მიხედვით, ფრაქცია არის ერთი და იმავე პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების კავშირი არჩევით ორგანოში. ფრაქციის არსებობას სჭირდება ბიუჯეტიდან დამატებითი თანხა – აპარატის თანამშრომელთა შენახვისთვის, მანქანისთვის და ასე შემდეგ. ავტ.]

„ერთი წელია ასე ვართ და ამას არავისთვის შეუშლია ხელი. ზოგიერთ საკითხში შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოზიცია. სერიოზულ საკითხებზე გვაქვს ერთნაირი ხედვა. ყველა შუახეველები ვართ, რა პრობლემაა“, – გვითხრა ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე ნუგზარ ზოსიძემ. ის „პატრიოტთა ალიანსის“ ერთადერთი წევრია ამ საკრებულოში.
„ამ ორი პოლიტიკური ძალის ერთად ყოფნა არ მიკვირს“, – ამბობს პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია, – „მმართველი და ოპოზიციური პარტიების ერთ ფრაქციაში ყოფნა აბსურდულია, მაგრამ ორივე ცალსახად პრორუსულია და აქვთ საერთო მიზანი – რუსულ ორბიტაზე მოხვედრა“.

კონცერტები 29 მილიონ ლარად – რა ეკონომიკური სარგებელი ექნება ქვეყანას?

საქართველოს ბიუჯეტიდან 29 მილიონი ლარი დაიხარჯება პროექტისათვის „check-in georgia“, რომლის ფარგლებშიც წლის მანძილზე კონცერტები, გამოფენები და ფესტივალები გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი და საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ამ სახის ღონისძიებებისთვის მილიონების ხარჯვა გამართლებულია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოში, რომელიც უამრავი სოციალური გამოწვევის წინაშეა, მსგავს თანხას კონცერტებზე არ უნდა ხარჯავდნენ. „ბათუმელებმა“ თემის შეფასება ორგანიზაცია “არტ ვეის“ ხელმძღვანელს, ნინო ჩხაიძეს სთხოვა:

ნინო ჩხაიძე:
ძირითადი არსი ამ ყველაფრის არის ის, რომ უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს, მაგრამ რა ფორმით მოხდება ეს, რამდენად კრეატიულად და რამდენად არის ორიენტირებული ადგილობრივი ხელოვანების განვითარებაზე, არიან ისინი ჩართულები ამ პროექტში? – ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელი.

რადგან 29 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან გამოიყო, უნდა მომხდარიყო იმის ანალიზი, რამდენად რაციონალური იქნება მსგავსი ხარჯის გაღება იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ამდენი სოციალური პრობლემა გვაქვს. მეორე მხრივ, ამ პრობლემების მოგვარების პროცესში ხომ არ შევაჩერებთ განვითარებას? ჩემი აზრით, კულტურას ნამდვილად სჭირდება განვითარება, შეიძლება 29 მილიონიც კი არ იყოს საკმარისი, მაგრამ მე ხაზს გავუსვამდი საჭიროებებს – რამდენად რაციონალურად გადანაწილდება ეს თანხა. არასდროს შეუსწავლიათ, მიწოდება რამდენად არის მოთხოვნის შესაბამისი, ამიტომ, კარგი იქნებოდა, რომ ჯერ ამაზე ემსჯელათ და ამის საფუძველზე დაეგეგმათ პროექტი.

რაც შეეხება ცნობადი სახეების მოწვევას საქართველოში – ჩემი აზრით, ცნობადი სახეების სანახავად მაქსიმუმ მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ტურისტები, ვინც ისედაც იცნობს საქართველოს. თუ რომელიმე ქვეყნის პრესაში დაიწერება, რომ, ვთქვათ, რობი უილიამსმა სადღაც „ჯორჯიაში“ გამართა კონცერტი, ამის მაქსიმუმი იქნება ის, რომ ვიღაც ასეთი ქვეყნის არსებობას გაიგებს. მხოლოდ ის, რომ ვიღაც საქართველოს არსებობას გაიგებს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას რა სარგებელს მოუტანს, არ ვიცი. რთულია, ეს დაინახო.

გასულ წელს „ჰით ბათუმი“ ჩატარდა. მაშინ საუბარი იყო იმაზე, რომ რეგიონის ტურისტული ცნობადობა უნდა გაზრდილიყო. თუმცა ერთი წელი გავიდა და მე არ მომისმენია რა ეკონომიკური სარგებელი მოუტანა ამან ჩვენს ქალაქს. გააკეთა ვინმემ ამის ანალიზი? – არ ვიცი.

ვიცი, რომ ტურიზმის დეპარტამენტს ქვეყნის ცნობადობის გაზრდისთვის საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვს. კეთდება რეკლამები უცხოურ მედიაში, დამატებით კიდევ ასეთი რამეების კეთება რატომ არის საჭირო, ამის ანალიზი აუცილებელია. ჩემი, როგორც მოქალაქის და ხელოვნების მიმართულებით მომუშავე ადამიანის მოთხოვნა არის – ყველაფერი ეფუძნებოდეს საჭიროებებს.

თავდაცვის სამინისტრო ნაღმზე აფეთქებული ჯარისკაცის შესახებ

თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა ჯარისკაცს, რომელიც ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად სამინისტროს სასამართლოში უჩივის. რამაზ ბერიძის შესახებ „ბათუმელები“ წინა ნომერში წერდა: ის ავღანეთში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ნაღმზე ორჯერ აფეთქდა. იქვე არსებულ ბრიტანულ სამხედრო ჰოსპიტალში მას ბაროტრავმა დაუდგინეს, რაც სმენის დაქვეითებას გულისხმობს. საქართველოში დაბრუნებული ჯარისკაცი სამედიცინო დასკვნაში დაფიქსირებული ავადმყოფობის მიზეზით სამსახურიდან ისე გაათავისუფლეს, რომ ერთჯერადი კომპენსაცია – 7 ათასი ლარიც კი არ გადაუხადეს. რამაზ ბერიძე 2013 წელს NATO-ს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საპატიო მედლით დააჯილდოვა. სერჟანტის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს. „ბათუმელებს“ სერჟანტ რამაზ ბერიძის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ბესიკ ლოლაძე ესაუბრა.

ბატონო ბესიკ, მიიჩნევთ თუ არა, რომ შესაცვლელია თავდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც დასახიჩრებად არ მიიჩნევს სმენის დაქვეითებას?

აგიხსნით პროცედურებს. მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს ერთჯერად კომპენსაციას, მაგრამ ამისთვის უნდა არსებობდეს ორი პირობა: პირველი – დაზიანება უნდა იყოს მიღებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და მეორე – დაზიანება უნდა იყოს შეფასებული მძიმედ ან ნაკლებად მძიმედ. ყველა ასეთ შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აწარმოებს სამსახურებრივ შემოწმებას, რის საფუძველზეც გაიცემა კომპენსაცია. ასეთი შემოწმება ჩატარდა რამაზ ბერიძის შემთხვევაშიც და დადგინდა, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აღენიშნებოდა.

ჩვენ ვნახეთ მისი გათავისუფლების ბრძანება. იქ წერია, რომ ავადმყოფობის გამო გათავისუფლდა.

ასეა, მაგრამ კომპენსაციის მისაღებად სამხედრო პოლიციამ უნდა დადოს დასკვნა. სამხედრო პოლიციის დასკვნა ასევე დაეყრდნო სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზას, სადაც წერია, რომ მას ჯანმრთელობის დაზიანება არ აღენიშნება, ანუ სერჟანტი რამაზ ბერიძე ნაღმზე აფეთქდა 2013 წლის ნოემბერში, 2014 წლის დასაწყისში სამხედრო პოლიციამ დაიწყო მისი საქმის შესწავლა, მარტში დაიდო ექსპერტიზის დასკვნა და აპრილში – სამხედრო პოლიციის. ამის შემდეგ ივლისამდე ის ირიცხებოდა შეიარაღებული ძალების სერჟანტად. შემდეგ საკუთარი ინიციატივით მიმართა სამხედრო ჰოსპიტალს და მოითხოვა სამედიცინო შემოწმება. მაშინ დადგინდა, რომ მას აქვს სმენის მეოთხე ხარისხის დაქვეითება და, ბუნებრივია, ვეღარ იმსახურებდა შეიარაღებული ძალების რიგებში. ამ პროცედურით ვერ დადგინდებოდა, მიადგა თუ არა მას დაზიანება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. და მეორე: ვერ დადგინდებოდა ამ დაზიანების ხარისხი – მძიმე იყო დაზიანება თუ ნაკლებად მძიმე. თეორიულად ხომ შესაძლებელია, სახლში მიეღო მას სმენის დაქვეითება?

ჯარისკაცს რა უნდა გაეკეთებინა ამ დროს?

ხელახლა უნდა დაედო დასკვნა სამხედრო პოლიციას, მაგრამ მას არ მოუმართავს ჩვენთვის. გამოსავალზე მინდა გითხრათ: ჩვენ მზად ვართ, თუკი რამაზ ბერიძე მოგვმართავს, ხელახლა შევისწავლოთ ეს საქმე და ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, რა ხარისხის ზიანი მიადგა ჯარისკაცს. რას შევთავაზებთ რამაზ ბერიძეს, ეს ექსპერტიზის და სამხედრო პოლიციის საბოლოო დასკვნების შემდეგ შემიძლია გითხრათ.

კომპენსაციას გულისხმობთ, რომელიც ერთჯერადია და მძიმე დაზიანების შემთხვევაში 7 ათას ლარს მოიცავს?

კი, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რას დაადგენს ექსპერტიზა.

რატომ არ აღმოჩნდა ათწლიანი სამხედრო გამოცდილების მქონე და ოთხი ომის მონაწილე სერჟანტი საინტერესო რესურსი სახელმწიფოსთვის?

არ მოუმართავს ჩვენთვის. თუ ექნება შესაბამისი მომართვა, დავინტერესდებით. მისი დამსახურება ცნობილია და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ.

დაფასება რაში გამოიხატება?

ის გათავისუფლდა 2014 წელს, ჩვენ არ გაგვითავისუფლებია. მე 2015 წლის მაისიდან ვარ მინისტრის მოადგილე… თავდაცვის სამინისტროს ის თავისი ინიციატივით არ გაუთავისუფლებია. მან თავად მიმართა სამედიცინო კომისიას – მიუტანა სამხედრო ხელმძღვანელობას სმენის პრობლემის დამადასტურებელი საბუთი. მისთვის ვინმეს არ დაუძალებია სამედიცინო კომისიაზე გასვლა, ეს მისი ინიციატივით მოხდა.

რას გულისხმობთ ინიციატივაში? – ჯარისკაცს თუკი სმენის პრობლემა აწუხებდა, ამის შესახებ არ უნდა ეთქვა?

არ ვიცი ზუსტად რა ეტაპებია განვითარების, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ ექსპერტიზით არ დადგენილა სმენის დაქვეითება. ჩვენ მის დამსახურებას დიდ პატივს ვცემთ. სპეციალური დეპარტამენტიც კი შევქმენით, რომ ომში დაჭრილ ან დაშავებულ პირებს დავეხმაროთ სოციალურად.

რამაზ ბერიძისთვის ყურადღება არავის მიუქცევია და თან თქვენ ამის შესახებ იცით – ის სასამართლოში გასულ წელსაც გედავებოდათ.

სასამართლოდან თავად გაიტანა სარჩელი.

ეს იმიტომ, რომ სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად ფული არ ჰქონდა.

გასაგებია, მაგრამ ახლა ვთავაზობთ… ჩვენ ჩავატარებთ [ექსპერტიზას] ჩვენი ხარჯებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას არასდროს მოუმართავს ჩვენთვის.

მართლა ძალიან მძიმეა, როცა გვიწევს ჯარისკაცის დათხოვნა, მაგრამ შეიძლებოდა, ჯერ სამინისტროსთვის მოემართა და გაესაჩივრებია სამხედრო პოლიციის დასკვნა… შეიარაღებული ძალების რიგებიდან 10 ათასამდე ჯარისკაცია დათხოვილი, ყველა მათგანი სხვადასხვა ომის მონაწილეა. ფიზიკური საშუალება არ არსებობს იმისთვის, რომ ყველა მათგანი დაასაქმო. როგორ წარმოგიდგენიათ, სათითაოდ ჩამოვყვეთ ამ ადამიანებს და ყველას დასაქმება შევთავაზოთ? თუ ის მოგვმართავს, მზად ვართ, საკითხი განმეორებით შევისწავლოთ.

სარფის მიმართულებით გზა ამ დროისთვის გახსნილია

სოფელ სარფში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თემურ კაკაბაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სარფის მიმართულებით საავტომობილო მაგისტრალი გაიხსნა და ავტომობილების მოძრაობა აღდგა.

14 აპრილს, ღამით, სარფის შესასვლელთან ავტომაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა. „მიწის დიდი მასა ჩამოიშალა [ასეთი რამ ზუსტად ამ ადგილზე ადრეც მოხდა]. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სამაშველო ბრიგადები და სპეცტექნიკა. გზა გახსნილია და მიწის მასის კვლავ ჩამოწოლის საშიშროება არ არსებობს,“ – განაცხადა თემურ კაკაბაძემ. მისივე თქმით,  შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

კვარიათი-სარფის მონაკვეთში ქვის ცვენისა და მიწის მასის ჩამოწოლის საშიშროება ყოველთვის იყო, ამიტომ აქ მესამე წელია მიმდინარეობს გზის დამცავი [ნაპირგამაგრება, ქვის ცვენისგან დაცვა და სხვ.] სამუშაოები. სამუშაოებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს. იმ ადგილზე კი, სადაც წუხელ მეწყერი ჩამოწვა, კლდეზე სპეციალური ლითონის ბადე იყო აკრული.

„ეს ბადე ძირითადად კლდიდან დაგორებული ქვებისგან იცავს მაგისტრალს. დღეს კი, გამთენიისას, დაახლოებით 4-ის ნახევარზე, მთელი მასა მოწყდა. თითქმის 3 000 კუბ/მ მიწის მასა ჩამოწვა მაგისტრალზე. ჩვენი ინფორმაციით ასეთი საშიში ადგილები მაგისტრალის გასწვრივ აღარ არის, თუმცა საგზაო დეპარტამენტი გეოლოგებს მოიყვანს და შეისწავლიან ტერიტორიას,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელმა მალხაზ ლომსაძემ.

ქობულეთში ვისკისა და ჯინის წარმოება დაიწყება

alkoholi 1ალკოჰოლის საწარმო ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, შპს „Park Gida“-მ მოაწყო. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასრულებულია საწარმოს მშენებლობა და მიმდინარეობს შენობის ინტერიერისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. ალკოჰოლის ახალ საწარმოში 45 ადამიანია დასაქმებული და ინვესტიცია 5 მილიონ ლარს შეადგენს. საწარმო პირველ ეტაპზე არაყს, ვისკის და ჯინს აწარმოებს.

alkoholi 4შპს „Park Gida“ 2012 წელს არის დარეგისტრირებული და მისი 100% წილის მფლობელია თურქეთის მოქალაქე ორალ დოღუ. ამ კომპანიას სხვა ბიზნესპროექტი საქართველოში აქამდე არ განუხორციელებია. ალკოჰოლის საწარმოს მოსაწყობად  შპს „Park Gida“-მ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პირობიან აუქციონში 2014 წელს გაიმარჯვა.

ახალი საწარმო დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, დავით ბალაძემ მოინახულეს.

სტუდენტმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასამართლო დავა მოუგო

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ არ დააკმაყოფილა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი, რომლითაც იგი ყოფილი სტუდენტისთვის თანხის დაკისრებას მოითხოვდა. სტუდენტი მეგი გიორგაძე აპირებს, უნივერსიტეტს „უსაფუძლო გამდიდრების გამო“ უჩივლოს.

მეგი გიორგაძეს უნივერსიტეტმა იძულების წესით უკვე გადაახდევინა ორი წლის სწავლის საფასური – 2625 ლარი. სადავო ეს თანხა გახდა, რადგან მეგის მეორე კურსი საერთოდ არ გაუვლია. სასამართლოს წინა პროცესზე უნივერსიტეტის იურისტმა ლია გაბაიძემ დაადასტურა, რომ მეორე კურსიდან მეგი არც ლექციას დასწრებია და არც რომელიმე გამოცდაზე გასულა. „თუ სტუდენტს უნივერსიტეტში არ უვლია, გადასახადი რისთვის გადაახდევინეთ?“ – მოსამართლის ამ შეკითხვას უნივერსიტეტის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ მეგის აქვს საშუალება მეორე კურსიდან განაახლოს სწავლა.

„თავდაპირველად სასამართლომ უნივერსიტეტის სარჩელი დააკმაყოფილა. მოგვიანებით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ მეგიმ არ იცოდა სასამართლო განხილვების შესახებ და შეტყობინებებს მის ნაცვლად სხვა პირი აწერდა ხელს. ამის შემდეგ პროცესი ავტომატურად განახლდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ უნივერსიტეტს უარი უთხრა თანხის დაკისრებაზე. არ ვიცი, ამას გაასაჩივრებს თუ არა სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ვიდავოთ უსაფუძვლო გამდიდრების ნაწილში,“ – უთხრა “ბათუმელებს” რამაზ გიორგაძემ, ყოფილი სტუდენტის ადვოკატმა.

„ჯერ არ ვიცი, გავასაჩივრებთ თუ არა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას,“ – გვითხრა უნივერსიტეტის იურისტმა, ლია გაბაიძემ.

ახალგაზრდა სპორტსმენს აჭარის განათლების მინისტრი შეხვდა

13 წლის სპორტსმენს ზურაბ კინწურაშვილს და მის პირად მწვრთნელს, აკაკი ცენტერაძეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია თავამაიშვილი შეხვდა. ზურაბ კინწურაშვილმა ამერიკის მსოფლიო ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატში [US World Open Taekwondo Championships] გაიმარჯვა, მან ფინალურ ბრძოლაში მექსიკელი სპორტსმენი დაამარცხა.

მინისტრმა გია თავამაიშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენს წარმატებები უსურვა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

ზურაბ კინწურაშვილი უკვე ტაეკვანდოს ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც რუმინეთში, სექტემბერში გაიმართება.

აჭარის ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტის ირაკლი ცენტერაძის თქმით, ზურაბ კინწურაშვილმა გასულ წელს 5 საერთაშორისო მედალი მოიგო. იგი ამ ეტაპზე კადეტებში თამაშობს, ხოლო მომავალ წელს გადადის იუნიონების კატეგორიაში.

ქართული ღვინის წარდგენა პეკინის „როტარი კლუბის“ შეხვედრაზე

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქში,  სასტუმრო „კემპინსკში“, გამართულ პეკინის „როტარი კლუბის“ (Rotary Club of Beijing) შეხვედრაზე, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

შეხვედრაზე სიტყვით საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ჩინეთში, დავით აფციაური  გამოვიდა და სტუმრებს საქართველო და ქართული ღვინის კულტურა გააცნო.  ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა ღვინის მწარმოებელი კომპანიის 12 დასახელების ქართული ღვინო.

„როტარი კლუბის“ ღონისძიება ქართული ღვინის საქველმოქმედო აუქციონით დასრულდა. კლუბის წევრებმა  საქველმოქმედო აუქციონზე შეიძინეს: შატო მუხრანის „პრინცის რეზერვი“, უსახელაურის „უსახელაური“, დავით მაისურაძის „მუკუზანი“, თელედას „რქაწითელი“ და „საფერავი“ და თელიანი ველის „საფერავი“. შემოსული თანხა 6100 RMB (დაახლოებით 1000 აშშ დოლარი) 21 აპრილს ბავშვთა ორგანიზაციას „Chunmiao Little Flower“ საჯაროდ გადაეცემა.

პროექტის მხარდაჭერისათვის, პეკინის „როტარი კლუბის“ პრეზიდენტმა დანიელ ალბრეხტმა (Daniel Albrecht) მადლობა გადაუხადა ღვინის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ელჩს დავით აფციაურს, ღონისძიებაში მონაწილეობისა და უნიკალური ქართული ღვინის წარდგენისათვის.

„როტარი კლუბი“ არის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ბიზნესის წარმომადგენლებსა და პროფესიონალ ლიდერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამჟამად, მსოფლიოს 200 ქვეყანაში დაფუძნებულია 33 ათასი „როტარი კლუბი“, რომლებიც 1,2 მლნ როტარიელს აერთიანებს. პეკინის „როტარი კლუბი“ 1924 წელს შეიქმნა და 47 წევრისაგან შედგება.

IMG_2870

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვებგვერდი: www.moa.gov.ge

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიწის კონსოლიდაციის საკითხებზე იმსჯელეს

მიწის კონსოლიდაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი ხელმძღვანელობდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიწის კონსოლიდაციის კონცეფციის შემუშავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მიწების აღრიცხვიანობის, გადასახადების დარეგულირებისა და მცირე ზომის მიწის ნაკვეთების კონსოლიდაციის მექანიზმის შემუშავება ქვეყანისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს.

გამოცდილების გაზიარების მიზნით, ევროპული ქვეყნების მიწის კონსოლიდირების პროცესების ზოგადი მიმოხილვა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა, ექსპერტმა მიწის გამოყენების საკითხებში – მორტენ ჰარტვიგსენმა წარმოადგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

_MG_3133

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge

რას უპირებს ხელისუფლება თავისუფალ ტერიტორიას ქალაქის ცენტრში

„აქ უნდა მოწყობილიყო სკვერი და ავტოსადგომი, მაგრამ არჩილ ხაბაძესთან დაახლოვებული პირები მაღალსართულიანი, საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავენ,“ – აცხადებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები: ასმათ დიასამიძე, ფრაქცია „თანასწორობა“ და პეტრე ზამბაძიძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დეპუტატებმა 6 წლის წინ ბათუმის მერიის მიერ შესყიდული პროექტი წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში [პირველი სკოლის წინ, ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ] საზოგადოებრივი სკვერი და მიწისქვეშა ავტოსადგომი უნდა მოწყობილიყო. პროექტის თანახმად, ავტოპარკი მუნიციპალური საკუთრება უნდა ყოფილიყო.

IMG_0005„ამ პროექტში დაახლოებით 80 ათასი ლარი გადაიხადა მერიამ. ტერიტორია უკვე შემოღობილია და მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება, რაც ქალაქისადმი მავნებლური დამოკიდებულების კიდევ ერთი შემთხვევაა. ამ უბანს განსაკუთრებით სჭირდება სკვერი და ავტოსადგომიც, რადგან აქვეა სკოლა, უნივერსიტეტი და ქუჩებში ავტომანქანების მოძრაობა გადატვირთულია,“ – ამბობს ასმათ დიასამიძე.

თავისუფალი ტერიტორიის ნაწილი ქალაქს ეკუთვნის, ნაწილი – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. ბათუმის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ტერიტორიაზე სკვერი მოეწყობა და ამჟამად ზუსტდება ტექნიკური დეტალები. ბათუმის მერიას არ აქვს პასუხი, არსებობს თუ არა ახალი პროექტი სკვერისთვის, რატომ თქვა მერიამ უარი უკვე შესყიდულ პროექტზე, ან მოეწყობა თუ არა მიწისქვეშა ავტოსადგომი.

ამ თემაზე დღესვე კომენტარი გააკეთა არჩილ ხაბაძემ. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძემ დეპუტატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია კორპუსის მშენებლობაზე სიცრუედ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანად შეაფასა და განაცხადა, რომ გამოუყენებელ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სკვერი მოეწყობა.

ე.წ. „გამოუყენებელი ტერიტორია“ საჯარო რეესტრის მიხედვით გაერთიანებულია იმ ნაკვეთთან, რომელზედაც ხელოვნების უნივერსიტეტია განთავსებული და ერთი საკადასტრო კოდი აქვს [საერთო ფართობია 7 814 კვ/მ]. სწორედ ამ ფართობისა და შენობის მესაკუთრეები არიან სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და ბათუმის მერია, თუმცა საკუთრება არ არის გამიჯნული. რეესტრის დოკუმენტებით ამავე ტერიტორიასთან ცალკეა გამოყოფილი კიდევ ორი ნაკვეთი [თავდადებულისა და ზუბალაშვილის კვეთაში – 238 კვ/მ და მის გვერდით ზუბალაშვილის ქუჩის მიმდებარედ – 201 კვ/მ], ორთავე ამ ნაკვეთის უშუალო მესაკუთრე კი ქალაქ ბათუმის მერიაა.

tttttttttttttttt
საკადასტრო გეგმა მიწის ნაკვეთის, რომელზედაც ხელოვნების უნივერსიტეტია განთავსებული. უნივერსიტეტის შენობასა და ზუბალაშვილის ქუჩას შორის ნაკვეთი მერიის მიერ შემოღობილია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხელოვნების უნივერსიტეტიც მისამართს იცვლის და ის გორგილაძის ქუჩაზე, ყოფილი კოლეჯის შენობაში უნდა განთავსდეს.

ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში ბრალდებულები და მათი ოჯახები

14 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყება ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით ბრალდებული საქართველოს ოთხი მოქალაქის – გია ბახუნტარაძის (25 წლის), ლაშა გობაძის, ჯამბულ აბდულაევისა (24 წლის) და მირიან ბერიძის (21 წლის ბსუ-ს სტუდენტი) სასამართლო პროცესები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყველა მათგანს მინიმუმ 10-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულის ახლობლების თქმით, სახელმწიფოს ამ საქმეში ის მოწმეები ეყოლება, ვინც ტერორიზმის მუხლით დაკავებული პანკისელი აიუფ ბორჩაშვილის საქმეში ფიგურირებს.

2015 წლის 30 ნოემბერს დაკავებული ოთხი პირიდან სამის მშობლები ბათუმში, ოზურგეთის რაიონის სოფლებიდან 11 აპრილს საგანგებოდ ბრიფინგის გასამართად უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ ბრიფინგი ერთ-ერთ ბრალდებულის, გია ბახუნტარაძის სატელეფონო ზარის გამო გადაიდო (ამის შესახებ ბათუმელებს, ბახუნტარაძის დედამ განუცხადა).

მშობლები ხელისუფლებას მიმართავენ, ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში ბრალდებული მათი შვილების საქმეზე გამოძიება ობიექტურად ჩაატარონ, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვენ დაინტერესდნენ ამ საქმით, საზოგადოებამ  ობიექტური ინფორმაცია რომ მიიღოს. მშობლებმა შესაბამისი პროფილის არასამთავრობოებს საადვოკატო მომსახურების თხოვნითაც მიმართეს, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღიათ. გასულ კვირას ისინი სახალხო დამცველის აპარატის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელთან შესახვედრად საგანგებოდ თბილისშიც იმყოფებოდნენ.

ოთხივე დაკავებულის ასაკი 25-წლამდეა.

328-ე მუხლი – ტერორიზმის მხარდაჭერა

გასული წლის 30 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული 3 პირი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ზოტსა და ნასაკირალშია რეგისტრირებული, ხოლო მეოთხე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. მათი დაკავების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლევან იზორიამ თქვა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები, საბრძოლო ვაზნები, „ისლამური სახელმწიფოს“ დროშები.

თავდაპირველად დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით წარუდგინეს, რაც იარაღის უკანონო ფლობას გულისხმობს და ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატ ნატო წიკლაურის ინფორმაციით, დაახლოებით 14 დღის წინ დაკავებულებს ბრალი 328-ე მუხლით დაუმძიმეს. ეს ტერორისტული ორგანიზაციის დახმარებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მიუხედავად იმისა, რომ გია ბახუნტარაძის, ლაშა გობაძის, ჯამბულ აბდულაევისა და მირიან ბერიძის წინააღმდეგ საქმე იარაღის უკანონო ფლობაზე აღიძრა, სახელმწიფომ მას თავიდანვე გრიფით საიდუმლო მიანიჭა. შესაბამისად, ვერც ადვოკატი და ვერც პროკურორი ვერ ისაუბრებენ იმაზე, თუ რა მტკიცებულებები მოიპოვა სახელმწიფომ დაკავებულების წინააღმდეგ.

დაკავებულების ახლობლების ინფორმაციით კი, მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ძირითადი მტკიცებულება იქნება მოწმეთა ჩვენება და ის ნივთები, რომლებიც მათ სახლებში სპეცსამსახურებმა ჩადო – მეხსიერების ბარათები, ისლამური სახელმწიფოს დროშები და იარაღი. მათივე თქმით, ამ საქმეში, ისე როგორც იმავე მუხლით ბრალდებული პანკისელი იმამის – აიუფ ბორჩაშვილის საქმეში, ძირითადი მოწმე იქნება ვინმე გიორგი კუპრავა. კუპრავას გარდა სახელმწიფოს კიდევ ორი მოწმე ეყოლება, მათ შორის ერთი იქნება აიუფ ბორჩაშვილის, ხოლო მეორე ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელი.

დაკავებულის ბებია: მირჩევნია აქ იყოს და ციხეში, ვიდრე იქ [სირიაში]

რა კავშირი ჰქონდა თქვენს შვილს იმ ადამიანებთან, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს სახელით საქართველოს მოქალაქეებს თავების დაჭრით დაემუქრნენ, რატომ დააკავეს მაინცადამაინც ეს ოთხი და არა სხვები? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ერთ-ერთი დაკავებულის, 25 წლის გია ბახუნტარაძის დედას. 45 წლის ნატო ირემაძის პასუხები მხოლოდ ვარაუდს ემყარება. ის ამბობს:

ბადრი ირემაძე ჩემი ნათესავია, მამუკა ანთაძეც (2015 წლის ნოემბერში გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეომიმართვის ავტორები) ნასაკირალელი მეზობელი და ნათესავია. ხვიჩა გობაძე ახალშენელი ბიჭი იყო (ნოემბერში გავრცელებული ვიდეომუქარის კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც სირიაში მოკლეს – ავტ.), მეოთხე, მათთან ერთად რომ იდგა, ზოტელია – მაგას არ ვიცნობ. ის სამი, ზოტელის გარდა, ახლო მეგობრები იყვნენ – კლასელობა, მეზობლობა, ნათესაობა აკავშირებდათ. ამას დაუმატეთ საერთო რელიგია…

წასვლიდან დიდი ხანი არ შემოსულან საიტზე. ერთი დღესაც, მე და გია ერთად ვისხედით და გიამ მითხრა, ბადრი [ირემაძე] გამოჩნდაო (თავიდან, რაც თურქეთში სამუშაოდ წასულები ეგონათ, მშობლები ეძებდნენ. მერე გამოჩნდნენ საიტზე და თქვეს, რომ სირიაში არიან). ვათსაფით მოგვიკითხა [სოციალური ქსელი, სადაც ხმოვანი შეტყობინებები იგზავნება]… როგორ ხართო, ჩვენ კმაყოფილები ვართ. ვინმეს არ დაუჯეროთ, რომ აქ ყოფნა ძნელიაო… სურათებს გზავნიდნენ, კარგად ვცხოვრობთო… სულ რამდენჯერმე მოგვიკითხეს. გობაძემ ისიც უთხრა, ცოლ-შვილს მიმიხედეო.

მაგათი მომართვის შემდეგ აგვიყვანეს თვალთვალზე… არ ვიცი, იქ რომ ჩადიან როგორ ამუშავებენ. როცა აქ იყვნენ, მაშინ ეგენიც არ ფიქრობდნენ თავის მოჭრაზე. ისლამური სახელმწიფო რასაც აკეთებს, ყველაფერი საშინელებაა. ჩვენც თქვენსავით ვუყურებთ ამ ყველაფერს და შოკში ვართ. მაგათ ქმედებებსა და შეხედულებებს ვინ ჭკუათმყოფელი აღიარებს. მაგათ არავითარი კავშირი არ აქვთ ჩვენს რელიგიასთან.

ჩემს შვილს ვეუბნებოდი, პრობლემები გვექნება, გამორთე ტელეფონი, რომ ვერ დაგიკავშირდნენ-მეთქი. სულ ერთად ვიყავით და ტელეფონი როგორ გამოვურთოო. ახალშენელმა ბიჭებმა, ვინც ჩვენი ახლობლები არიან, ტელეფონები ყველამ გადაყარა, კონტაქტი რომ არ შემდგარიყო. გიამ არ გადააგდო ტელეფონი.

გიას იქ წასვლა რომ ჰქონოდა გეგმაში, ან ცოლს რატომ მოიყვანდა, ან სამ შვილს რატომ გააჩენდა? ის შავი დროშა შვილების ტანსაცმელში ჩაუდეს.

დაკავებულის ბებია, შურა/შადიე ბახუნტარაძე (70 წლის): წასვლა რომ ჰქონოდა ფიქრში, იმათ წაჰყვებოდა, წასულები რომ არიან. ვერ დაგვტია ჩვენ, ბაღნები… მადლობა ღმერთს, იქ რომ ვერ წავიდა და აქ არის.

იქ [სირიაში] წასვლას ჯობია, აქ ციხეში იყოს. არ მინდა იქ. ფული გავუგზავნე, წერილი მიდის, ხმა მესმის. აქ ყველაფერს მოხდა აქვს, ცოცხალია. იქედან ვინმე აღარ მოვა, მე იქ წასულებს აღარ ველი. ჩემი შვილი მოვა, ღმერთი მოეხმარება და მოვა… სამი შვილი ჰყავს, ახალგაზრდა ცოლი, უწლოვანო და, ავადმყოფი ბებია. ერთი ბადიში მყავდა სახლში კაცი წევრი, ისიც დეიკავეს. პურის შემომტანი არ გვყავს, ამდენი ხალხი ვართ და ერთი ქალის ამარად დავრჩით…

რომ შემოვიდნენ [სპეცრაზმი], კაბა ვერ ვნახე, ტიტველი ხომ ვერ გავიდოდი. შემოსასვლელ დივანში დადეს იარაღი, მერე აწია ერთმა კაცმა და მითხრა, ეს რა არისო? მე ვუთხარი ეგ იარაღია, თქვენ ჩადეთ-მეთქი“.

გია ბახუნტარაძის 23 წლის ცოლი მარიამ მარგოშვილი პანკისელია. ამბობს, რომ ადამიანებს ბათუმში მისი იმის გამოც შეშინებიათ, რომ თავზე ახურავს. მას სამი მცირეწლოვანი შვილის მოვლაში ქმრის დედა და ბებია ეხმარებიან.

ბახუნტარაძეების თქმით, პანკისელი ცოლი ჰყავდა სირიაში წასულ ბადრი ირემაძესაც, მაგრამ მათი ოჯახი სწორედ იმიტომ დაინგრა, რომ „ცოლ-ქმარს ამ მიმართულებით პრობლემები ჰქონდა“. ცოლი გაშორდა ისლამური სახელმწიფოს რიგებში მებრძოლ მამუკა ანთაძესაც, რომელიც განქორწინების შემდეგ ბათუმის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და სწავლობს.

“ახალი საბჭოს შექმნის მიზანია, ადვილად მიიღონ ძეგლის საზიანო გადაწყვეტილება”

მარტის დასაწყისში სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემების თაობაზე. მთავრობამ წერილი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადმოუგზავნა, რომელმაც წერილი თავის მხრივ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დააწერა. საბოლოოდ, წერილს სწორედ სააგენტომ უპასუხა. „ეს არის ცინიზმი“ – ასე აფასებს სიტუაციას შოთა გუჯაბიძე, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს წევრი.

შოთა, მიიღეთ პრემიერ-მინისტრთან გაგზავნილ წერილზე პასუხი?

რამდენიმე დღის წინ მივიღეთ წერილი, რომელშიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი ამტკიცებს იმას, რასაც ბოლო ერთი წელია ამბობს, რომ კულტურულ მემკვიდრეობის მხრივ ბათუმში ყველაფერი შესანიშნავადაა. აღმოჩნდა, რომ ეს არის იმ წერილის პასუხი, რომლითაც პრემიერს მივმართეთ და ვუჩიოდით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საშინელ პოლიტიკას აჭარაში, ანუ გამოვიდა, რომ გვიპასუხა ისევ იმან, ვისაც ვუჩიოდით. ეს არის ცინიზმის განსაკუთრებული ფორმა – შემიძლია ასე შევაფასო. ბატონ პრემიერს ცოტა გულდასმით რომ წაეკითხა ეს წერილი, იქ წერია, რომ კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკა ბათუმში არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. თუ ამაში ვინმე არის დამნაშავე, პირველ რიგში, სწორედ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო და სააგენტოს დირექტორს ამ წერილზე არ უნდა ეპასუხა, იმიტომ რომ თვითონ არის პასუხისმგებელი ამ პოლიტიკაზე და ხომ არ იტყვის, ჩემი ბრალიაო.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულ საბჭოში თქვენი დარჩენის თხოვნით 16-მა არასამთვრობო ორგანიზაციამ მიმართა სააგენტოს ხელმძღვანელს. თუ გქონდათ ამ თემაზე საუბარი მასთან?

სააგენტოს ხელმძღვანელთან რაიმე სერიოზულ საკითხზე საუბრის ლიმიტი კარგა ხანია ამოვწურე, სურვილიც და იმედიც, რომ აქედან რამე გამოვა. საუბარი არ გვქონია. რამდენიმე დღის წინ ჩატარდა საბჭოს სხდომა, რომელსაც ვესწრებოდი, რადგან ახალი საბჭო ჯერ დაკომპლექტებული არ არის და ჯერ ძველ საბჭოში ვარ. სარეკომენდაციო საბჭში ზოგადად არის ძალიან მძიმე სიტუაცია. ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვა საბჭოში არის – „ეს რა ძეგლია, ამას სტატუსი ვინ მისცა“, „ამას უნდა გადაუარო ბულდოზერით“. უმრავლესობას მგრძნობელობა აქვს ნულზე დაბალი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.

როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება ახალი საბჭოს ფორმირების შემთხვევაში?

ზუსტად ვიცი ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონკრეტულ საკითხზე. რაც უფრო დიდი ზიანი უნდა მიადგეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, თანხმობას მით უფრო იოლად მისცემენ, მაგრამ დიდი კამათი იქნება, მაგალითად, შენობაზე სტიკერის მიკვრაზე. ბევრს იფიქრებენ, კარგია თუ არა ფერი, განსაკუთრებით სააგენტოს დირექტორი აქტიურობს ასეთ დროს, უფრო მეტად რომ წარმოაჩინოს თავისი განსწავლულობა აუცილებლად ახსენებს „პოსტმოდერნიზმს“, ახალ კომისიას შექმნის, ფოტოებს გადაიღებს… მაგრამ თუ რაიმე დასაშენებელია, ძეგლის იერ-სახე მნიშვნელოვნად იცვლება, მაშინ გადაწყვეტილება საბჭოში მიიღება სწრაფად და ძეგლის საზიანოდ. საბჭოს ზოგიერთი წევრი არ დადის სხდომებზე და როცა მოდიან, წინასწარ ვიცი, რომ რაღაც რთული საკითხი შემოდის და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სწორედ ეს არის მიზანი ახალი საბჭოს შექმნის, რომ რაც შეიძლება მეტი ისეთი ადამიანი იყოს იქ, რომ ადვილად მიიღონ ძეგლის საზიანო გადაწყვეტილება.
უფრო მეტიც, არის ისეთი შემთხვევები, როცა ძეგლის მეპატრონეს, ან ე.წ. „ინვესტორს“, საბჭოშივე ასწავლიან, როგორ შეიძლება დაანგრიო ძეგლი.

რამდენიმე ხნის წინ საბჭოს სხდომაზე მოვიდა ვაჟა-ფშაველას #27-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრე, დანგრევის ნებართვა მქონდა და ვერ მოვასწარიო, რადგან შენობას მიანიჭეს ძეგლის სტატუსი. მან მოიტანა ქალაქის მაშინდელი მთავარი არქიტექტორს, ზვიად ბურჭულაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანება. ზვიად ბურჭულაძე ახლა საბჭოს წევრია. არ ვიცი რამდენად უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა ზვიად ბურჭულაძე ამის გამო. შეიძლება ის ძალიან კარგი არქიტექტორია, მაგრამ ამ საბჭოში არ უნდა იყოს, რადგან არ აქვს მგრძნობელობა აქვს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. თუ შენობა იმსახურებდა ძეგლის სტატუსს, ანუ იყო ღირებული, ქალაქის მთავარ არქიტექექტორს თავის დროზე მისი დანგრევს ნებართვა არ უნდა გაეცა.

ორი დღის შემდეგ გამოვიარე ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე და ვნახე, რომ #27-ში მდებარე ძეგლს ანგრევდნენ. დავურეკე ზაურ ახვლედიანს, მონიტორინგის სამსახურის უფროსს. მითხრა, რომ ნგრევა შეაჩერეს, შენობა არის ჯერ-ჯერობით, თუმცა სახურავი გადახდილია და ზუსტად იგივე სცენარით ვითარდება. მოვლენები, როგორც ვაჟა-ფშველას 13-ში მოხდა. ამ საკითხზე მივმართე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც და მეუბნებიან, რომ უძლურნი არიან. [ვაჟა-ფშაველას #13 მდებარე ძეგლის ნგრევის პროცესი სწორედ სახურავის გადახდის პარალელურად დაიწყო].

ქალაქის კუტურული მემკვიდრეობის საზიანოდ გადაწყვეტილებები დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს. მაგალითად, არ ვიცი როგორ მოახერხა სამშენებლო კომპანია „დიეს ჯგუფმა“ რომ სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოეხსნა ჯავახიშვილისა და აბუსელიძის ქუჩების კვეთაში, სადაც ახლა სკვერის ადგილას მრავალსართულიან კორპუსს აშენებს. იყო უშედეგო საჯარო პროტესტიც. ხელისუფლებამ ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო ამ შემთხვევაში. იგივე კომპანია ბათუმის ბულვარის მთავარ შესასვლელთან ცათამბჯენს აშენებს. ეს პროცესი ჯერ დიდხანს არ დასრულდება. აქ არის მთავარი ფული. სხვა დანარჩენი, კონცეფცია, განვითარება, ხედვა, ეს მხოლოდ სიტყვებია, რომელიც ერთხელ ვიღაცამ თქვა და დანარჩენები იმეორებენ, იმიტომ რომ საკუთარის მოფიქრება არ შეუძლიათ. ვიღაც იჯერებს კიდეც, იმიტომ რომ აწყობთ ამის დაჯერება.

რა უნდა ქნას სახელმწიფომ, თუ მას არა აქვს ფული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოსავლელად ქალაქში? – ეს კითხვა ხშირად ისმის, როგორც არგუმენტი ხელისუფლების მხრიდან. მეორეს მხრივ, მოსახლეობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებში ცხოვრობს, ჩივის მძიმე საცხოვრებელ პირობებზე. თქვენი აზრით, ასეთ დროს რა არის გამოსავალი?

უნდა გვინდოდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ერთი შენობა ხომ მაინც უნდა დავიცვათ, რომ შეგვეტყოს ეს. შეიძლება თქვან, რომ აკეთებენ რეაბილიტაციას, გვარაში, მახინჯაურში – სერგეენკოს აგარაკის, მაგრამ ეს ის შემთხვევებია, როცა ინვესტორისგან ძეგლს საფრთხე არ ემუქრება. ძეგლს საფრთხე ემუქრება პირველ რიგში ქალაქში, ძველ ბათუმში და პირველ რიგში ხელისუფლებისგან. აქ კი ე.წ. „ინვესტორების“ სასარგებლოდ წყდება ყველა საკითხი.

შარშან ხელისუფლებამ გამოცხადა ტენდერი ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესასწავლად. კვლევა „გეოგრაფიკმა“ ჩაატარა და დადოს დასკვნა, სადაც წერია, რომ ბათუმში კიდევ 42 შენობა იმსახურებს ძეგლის სტატუსს. ამ ჩამონათვალში იყო კლდიაშვილის #25-ში მდებარე შენობაც, თუმცა ეს შენობა ცოტა ხნის წინ დაანგრიეს. გამოდის, რომ ფული დაიხარჯა, მაგრამ შენობა დაინგრა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ აქ სამართლებრივად რიგზე ვერ უნდა იყოს ყველაფერი.

ქალაქში 260 ძეგლია და ყველას დარაჯად ხომ ვერ დავუდგებით – ასეთია სააგენტოს პოზიცია…

რომელს დადგომია დარაჯად? ერთი ძეგლი მაინც დაუცავს სააგენტოს ბათუმში? მთელი ენერგია იხარჯება უსუსურ არგუმენტაციაში, რომ სააგენტოს ბრალი არაფერი არ არის და რატომ არ არის მისი ბრალი. თუ კი მოგვინდება რაიმეს გადარჩენა, აუცილებლად ვიპოვით ამის რესურსს და იმ ადამიანსაც გავაგებინებთ, ვინც იქ ცხოვრობს, რატომ არის ძეგლის დაცვა აუცილებელი. იმაზე ლაპარაკი, რომ ფული არ გვაქვს, არის მანიპულაცია.

როდის არის საჭირო გლანდების ამოკვეთა

ტონზილექტომია, იგივე გლანდების ამოკვეთა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა ბავშვებში. ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ში ყოველწლიურად 500 000 ასეთი ოპერაცია უტარდება ბავშვებს. ოტორინოლარინგოლოგი ნინო ჯანგავაძე ამბობს, რომ ხშირია ტონზილიტის, ანუ ე.წ. ანგინის ჰიპერდიაგნოსტიკაც, როცა მშობლები ბავშვის ხშირ ავადმყოფობას ანგინას აბრალებენ და მიიჩნევენ, რომ გლანდები ამოსაკვეთია.

ნინო ჯანგავაძე
ნინო ჯანგავაძე
ქალბატონო ნინო, რა ფუნქცია აკისრია გლანდებს?

ტონზილები (გლანდები) იმუნიტეტის ერთ-ერთი რგოლია და როცა ნებისმიერი ინფექცია ხვდება სასუნთქ გზებში, პირველ დარტყმას სწორედ ტონზილები იღებენ. მათი დამსახურებით ეს ვირუსები და ბაქტერიები ფილტვებში არ ხვდება.

რა არის ანგინა და როგორ ჩნდება ის?

ანგინა, იგივე მწვავე ტონზილიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციაა. ტონზილების ანთება შესაძლოა განვითარდეს ორგანიზმში ბაქტერიების გავრცელების ან ვირუსის მოხვედრის შედეგად, შესაბამისად, იგი შეიძლება იყოს ბაქტერიული და ვირუსული. პროცესი თავიდან ჰიპერემიით, ანუ ყელში სიწითლით იწყება, არასწორი მკურნალობის ან უყურადღებობის შემთხვევაში ლაკუნებში (ჩაღმავებებში) შესაძლოა ჩალაგდეს ჩირქი, პროცესი გამწვავდეს და დაავადება გადაიზარდოს ქრონიკულ, ჩირქოვან ანგინაში. როცა დაავადება ვირუსულ ფონზე ვითარდება, პაციენტს ძირითადად ჰიპერემია აღენიშნება. ბაქტერიული ტონზილიტი კი უმეტესად რთულდება მაშინ, როც ჩირქოვანი ჩანართებიც ემატება.

ტონზილიტის დროს, 2-3 წლის ბავშვებში შესაძლოა განვითარდეს ტონზილების ჰიპერტროფია, ანუ ზომაში ისე გადიდება, რომ ისინი ერთმანეთს მიედოს და ბავშვს სუნთქვაში შეუშალოს ხელი. ამ შემთხვევაში, თუ ტონზილებს ფუნქცია შენარჩუნებული აქვს, ანუ არ არის ქრონიკული ტონზილიტის დიაგნოზი, შესაძლოა გაკეთდეს ტომია _ ანუ ნახევრად მოკვეთა ტონზილისა ისე, რომ სასუნთქი გზები გათავისუფლდეს.

რა სიმპტომები ახასიათებს ანგინას?

ანგინა შესაძლოა დაიწყოს ყელის არეში წვის შეგრძნებით. ახასიათებს ყელის ტკვილი ყლაპვის დროს, ტემპერატურა 37.5-38.5-მდე, ყელში სიწითლე, შესაძლოა იყოს ჩირქოვანი ჩანართები. ასევე მას ახასიათებს სახსრების ტკივილი და ზოგადი სისუსტე.

რა შემთხვევაში ხდება საჭირო გლანდების ამოკვეთა?

როცა პაციენტს წელიწადში 4-5-ჯერ აღენიშნება ჩირქოვანი ანგინა, ოღონდ ექიმის მიერ დიაგნოსტირებული, რადგან ვირუსის ფონზე შეიძლება ბავშვს წელიწადში ათჯერ ასტკივდეს ყელი, მაგრამ ეს არ იყოს ანგინა. ჩირქოვან ანგინას ესაჭიროება ანტიბიოტიკური მკურნალობა. მას, სხვა სიმპტომებთან ერთად, თან ერთვის გულის რითმის აჩქარება, კარდიოგრაფიის შემთხვევაში პაციენტებს აღენიშნებათ ცვლილებები გულზე, ასევე ანტისტრეპტოლიზინის მომატება, ანუ რევმატიული ცვლილებები და ა.შ.

რა გართულებები ახლავს პოსტოპერაციულ პერიოდს?

რა მეთოდითაც არ უნდა ჩატარდეს ტონზილექტომია, იქნება ეს რადიოტალღებითა თუ ლაზერით, პოსტოპერაციულ პერიოდში სისხლდენის სახით გართულებისგან დაზღვეული არავინ არის. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მეთოდებით ნაკლებად ზიანდება ქსოვილები, ეს მაინც ღია ჭრილობაა და ოპერაციიდან 21 დღის განმავლობაში არსებობს რისკი სისხლდენის ან ტკივილის განვითარებისა. პოსტოპერაციული სისხლდენა ნებისმიერი ოპერაციის შემდეგ არის შესაძლებელი. ტკივილი კი ინდივიუალურია, ზოგიერთი პაციენტი საერთოდ ვერ გრძნობს, ზოგიერთი კი, პირიქით – ჰიპერმგრძნობიარეა.

პოსტოპერაციულ პერიოდში რას უნდა მიაქციონ ყურადღება პაციენტებმა?

ტონზილოქტომიის შემდეგ პაციენტმა უნდა დაიცვას მკაცრი დიეტა და მაქსიმალურად მოერიდოს ფიზიკურ დატვირთვას. შესაძლოა ბავშვმა ბუშტი გაბეროს და მშობელმა მიიჩნიოს, რომ ეს არ არის ფიზიკური დატვირთვა, რეალურად კი ამ დროს კისრის კუნთები იჭიმება. იმისთვის, რომ პაციენტმა პოსტოპერაციული პერიოდი ნაკლებად მტკივნეულად და გართულებების გარეშე გადაიტანოს, არ უნდა მიიღოს უხეში, ცხარე, მჟავე, ნიგვზიანი საკვები და გაზიანი სასმელები, მაგრამ აუცილებლად უნდა მიიღოს ის პროდუქტები, რასაც ექიმი ურჩევს. 21 დღის განმავლობაში გამორიცხულია ნებისმიერი ხილის მიღებაც. ხშირად მქონია შემთხვევა, როცა ბებომ გადაწყვიტა, რომ ვაშლი უნდა აჭამოს ბავშვს, ვაშლი მჟავაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ დროს. ოპერაციის პირველ დღეს პაციენტები მიირთმევენ მხოლოდ ნაყინსა და რძეს, მეორე დღიდან მენიუ უფრო მრავალფეროვანია (რა თქმა უნდა, შეზღუდვებით). რაც შეეხება ნაყინს, ჩემს პაციენტებს ვურჩევ იგი მიირთვან დესერტად, მაგრამ მთელი პოსტოპერაციული პერიოდის ნაყინებითა და იოგურტებით გადატანაც დაუშვებელია.

ზოგადი პროფილაქტიკისთვის რა შეიძლება გაკეთდეს?

პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია ბავშვებს არ მივცეთ ის გამაღიზიანებელი საკვები, რაც სხვა მხრივაც არ არის მათთვის რეკომენდებული. საუ¬ბარია ნიგვზიან საკვებსა და გაზიან სასმელებზე, რადგან ისინი ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ ლორწოვანაზე.

როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა

კბილის პასტის შერჩევისას მომხმარებლის მთავარი მოთხოვნა მისი ეფექტურობაა, რასაც არაერთი რეკლამირებული პროდუქტი გვპირდება. თუმცა სტომატოლოგები გვირჩევენ, რომ ხმაურიან სარეკლამო კამპანიებზე მეტად კბილის პასტის შეფუთვაზე დატანილ წარწერას მივაქციოთ ყურადღება, სადაც შემადგენლობაა მითითებული და პასტაც ამის მიხედვით შევარჩიოთ.

კბილის პასტები სხვადასხვა სახისაა: სამკურნალო-პროფილაქტიკური ან მხოლოდ სამკურნალო, ჰიგიენური თუ მათეთრებელი. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კბილის პასტის შერჩევისას?

„კბილის პასტის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი კბილებისა და ღრძილების მდგომარეობა და ზოგადად, პირის ღრუს სიჯანსაღე. შესაბამისად, საჭიროების მიხედვით ვირჩევთ პროფილაქტიკურ, სამკურნალო თუ მათეთრებელ კბილის პასტას. შემადგენლობაც ყველა მათგანს განსხვავებული აქვს.

ჩემს გარემოცვაში ხშირად მსმენია, რომ უყვართ ფტორის შემცველი კბილის პასტების შეძენა. მნიშვნელოვანია, რომ შეფუთვაზე მითითებული იყოს ფტორის რაოდენობა. რაც უნდა იყოს ბავშვებისთვის – 500 პპმ (0.05%) და მოზრდილებისთვის 1500 პპმ (0.15%). კბილის პასტები ასევე შეიცავს გოგირდს. [სულფატი], რომელიც შეფუთვაზე მითითებულია როგორც SLS – ნატრიუმის ლაურილ სულფატი. ეს ნივთიერება არის ძლიერი ქაფწარმომქმნელი საშუალება და იგი შეიძლება იყოს ალერგენი ორგანიზმისთვის. ამიტომ უჯობესია კბილის პასტა შეიცავდეს უფრო მსუბუქ აქტიურ ნივთიერებას, რომელიც შეფუთვაზე მითითებული იქნება როგორც – SLES – ნატრიუმის ლაურილ სარკოზინატი, რომელიც არ წარმოქმნის უხვ ქაფს. ასე რომ, ნუ დაიწუნებთ კბილის პასტას, რომელიც ნაკლებად ქაფდება.

ასევე, სასურველია კბილის პასტა შეიცავდეს ქსილიტოლს, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ დამატკბობელს, შაქრისშემცვლელს“ – ამბობს ლანდა ლურსმანაშვილი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, „რადიქსისა“ და სტომატოლოგიური კლინიკა „ინდიგოს“ ექიმი-სტომატოლოგი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც კბილის პასტის შეძენისას მომხმარებლებს უჩნდებათ, შეეხება მცენარეული, ბუნებრივ კომპონენტებით დამზადებულ კბილის პასტებს, – რამდენად ეფექტურია ასეთი კბილის პასტები? ექიმი-სტომატოლოგი ამბობს, რომ მსგავი, მცენარეული ექსტრაქტებით და ნატურალური ანტისეპტიკური საშუალებებით დამზადებული კბილის პასტები უსაფრთხოა და კარგი:

„თუმცა ეფექტურად ხშირად მომხმარებელი მიიჩნევს მაღალი აბრაზიულობის [წმენდის] მქონე კბილის პასტას. როგორ უნდა მივხვდეთ რამდენად აბრაზიულია კბილის პასტა? აბრაზივი არის ის კომპონენტი, რომელიც აცილებს ნადებს კბილის ზედაპირს.

აბრაზიულობის ინდექსი აღინიშნება როგორც – RDA, მისი ოპტიმალური მაჩვენებელია 75 RDA, საბავშვო კბილის პასტებში არის დაახლოებით – 25 RDA. ხოლო მათეთრებელ კბილის პასტებში შეიძლება იყოს 150 RDA, ანუ მათეთრებელ კბილის პასტებში ღDA ოპტიმალურ მაჩვენებელზე მაღალია, სწორედ ამიტომ მათი გამოყენება ყოველდღიურად არ არის რეკომენდებული, რათა არ დაზიანდეს მინანქარი.

ასეთი პასტა შეგიძლიათ გამოიყენოთ კვირაში 1-2-ჯერ, ხოლო სხვა დროს შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სხვა კბილის პასტა.“

კბილის პასტები, რომელთა შემადგენლობაში მაღალი RDA-ა მითითებული, მგრძნობიარე კბილებისთვის არ არის რეკომენდებული.

ბაზარზე გვხვდება შავი ფერის კბილის პასტებიც, რომელთა შემადგენლობაში არის გოგირდი [შLშ]. ლანდა ლურსმანაშვილის თქმით, ასეთ კბილის პასტებს ძირითადად RDA 50 ან 90 აქვთ, ანუ საკმაოდ დაბალი. „მისი აქტიური ნივთიერება არის ნახშირბადი, რომლის საშუალებით მინანქრის დაზიანების გარეშე აშორებს ნადებს, კბილის ზედაპირს როგორც მაგნიტი,“ – ამბობს ექიმი.

კბილის გასაწმენდად სახლის პირობებში ყველაზე ხშირად სოდას იყენებენ. სოდა კარგად აცილებს კბილის ზედაპირს ნადებს და აპრიალებს [არ ათეთრებს], მაგრამ მისი გამოყენება არ შეიძლება კვირაში ერთჯერზე მეტად, ამბობს ლანდა ლურსმანაშვილი.

სოციალურ ქსელებში განხილვის თემა იყო კბილის პასტის ტუბზე დატანილი ფერადი ნიშანი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, კბილის პასტის ბუნებრივ თუ ქიმიურ შემადგენლობაზე მიუთითებდა. ლანდა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ არა ამ ნიშანს, არამედ შემადგენლობას უნდა მივაქციოთ ყურადღება კბილის პასტის შეძენისას.

რაც შეეხება კბილის პასტის ფასს, სტომატოლოგები აღნიშნავენ, რომ მაღალი ფასი ყოველთვის არ არის მაღალი ხარისხის გარანტია და ზოგიერთი ძვირადღირებული კბილის პასტა შეიძლება შემადგენლობით დიდად არ განსხვავდებოდეს იაფფასიანისგან. „სანამ გადაიხდით თანხას, წაიკითხეთ კბილის პასტის შეფუთვაზე პატარა ასოებით დაბეჭდილი წარწერა. ამავე დროს გაითვალისწინეთ თქვენი სტომატოლოგის რჩევა,“ – ასეთია სტომატოლოგის რეკომენდაცია.

იმისათვის, რომ კბილის პასტას ეფექტი – ჯანმრთელი და სუფთა კბილები – ჰქონდეს, კბილების გაწმენდა მინიმუმ დღეში ორჯერაა რეკომენდებული, დილას და საღამოს, ძილის წინ. პროცედურა 3 წუთს მანც უნდა გაგრძელდეს.

უმაღლესი საბჭოს წევრების ხელფასი ისევ იზრდება – დეპუტატები მომავალი წლის ბიუჯეტს განიხილავენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი 2017 წელს, სავარაუდოდ, მთლიანობაში 17 200 ლარით შემცირდება, თუმცა ეს არ აისახება დეპუტატების ხელფასებზე. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს თანამდებობრივი სარგო ჯამში 5400 ლარით გაიზრდება. უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია უკვე შეუდგა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას.

„ჩვენ ვამცირებთ ბიუჯეტს. ძირითადად შემცირდება წარმომადგენლობითი ხარჯები. ჩვენ მალე ამ პროექტს სხვა კომისიებს მივაწოდებთ ფართო განხილვისთვის“ – უთხრა „ბათუმელებს“ ანზორ თხილაიშვილმა, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ.

„ეს მხოლოდ სიმბოლური კლებაა. უმაღლესი საბჭო ისევ დარჩება ორგანიზაციად, რომელიც მაქსიმალურ საბიუჯეტო სარგებელს იღებს. არაფერი იცვლება“ – ამბობს ამავე კომისიის წევრი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ეკა თარგამაძე.

უმაღლესი საბჭოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შემცირდება აპარატის მუშაკების თანამდებობრივი სარგო 7260 ლარით, დანამატი – 4910 ლარით. ასევე შემცირდება ფრაქციის აპარატის ხარჯი – ჯამში 11 ათასი ლარით, ხოლო საწვავის შეძენა – 17 080 ლარით. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უმაღლეს საბჭოში მომავალ წელსაც 125 ადამიანი იმუშავებს. პროექტის მიხედვით, სამომავლოდ, უმაღლეს საბჭოში ოფისის ხარჯები 7240 ლარით გაიზრდება.

წელს უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი 4 მილიონ 957 ათას ლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით, 2017 წელს ეს უწყება 4 მილიონ 939 ათასით დაფინანსდება.

 

 

სასჯელის ზომა, რომელმაც ოჯახში მოძალადე და მსხვერპლიც კმაყოფილი დატოვა

„მიჩნეულ იქნას დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით“, – ამ სიტყვებით დაასრულა მოსამართლე ირაკლი შავაძემ ოჯახური ძალადობის შემთხვევის განხილვა. მანამდე მოსამართლეს დარბაზიდან ძალადობის მსხვერპლმა ქალმა რეპლიკით მიმართა: „შემაკავებელი ორდერის შემდეგ აღარ ჰქონია ცემას ადგილი. არ მეგონა, თუ აქამდე მივიდოდა საქმე“.

გამოძიების ეტაპზე იმავე ქალმა გამომძიებელს უთხრა, რომ ქმარმა სახლიდან გააგდო ბავშვთან ერთად და აიძულა საცხოვრებლად დედასთან გადასულიყო. „პროკურორმა გაამუქა ყველაფერი, თორემ მე მხოლოდ ის მინდოდა, შემაკავებელი ორდერი გამოეცა პოლიციას და ამით დამთავრდებოდა. მე რით უნდა ვირჩინო თავი, თუ ჩემს ქმარს დაიჭერენ? ჩემი შვილი ჯერ ორი წლისაც არაა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ქ.ჯ.-მ სასამართლო დარბაზში, ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად იყო გასული.

ქ.ჯ.-ს ქმარი თურქეთის მოქალაქეა – ო.ჩ. მათ ოჯახი ხუთი წლის წინ შექმნეს და ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. ქ.ჯ.-მ პოლიცია მიმდინარე წლის 21 იანვარს გამოიძახა, როცა მოძალადემ მას სახლის დატოვება აიძულა. ქალს პოლიციისთვის გასული წლის ნოემბერში არ მიუმართავს, როცა ის მეუღლემ სცემა.

„ძალადობას ჰქონდა სისტემური ხასიათი. ის სახეში ურტყამდა დაზარალებულს. იმედი მაქვს, სასამართლო გამოიტანს მაქსიმალურად მკაცრ სასჯელს“, – ამ სიტყვებით დაასრულა თავისი საბოლოო სიტყვა პროკურორმა გიორგი რამიშვილმა. მაქსიმალურად შეღავათიანი სასჯელი ითხოვა საბოლოო სიტყვაში დაცვის მხარის ადვოკატმა, ბიძინა ბერიძემ: „ბრალდებული თავიდანვე აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ოჯახური იდილია არსებობს, მათ ჰყავთ საერთო შვილი და მკაცრი სასჯელი ამ ოჯახისთვის იქნება ძალიან მძიმე“.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ოჯახური ძალადობა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.

 

 

 

არჩილ ხაბაძე: ამ ეტაპზე შესაძლებელია დრიმ ოაზისთან ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტა

არჩილ ხაბაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, რომელიც „ბათუმელებს“ მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახურმა მოაწოდა, მთავრობა ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს განიხილავს იმ კომპანიასთან, რომელიც ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობს. არჩილ ხაბაძის განცხადების მიხედვით, ამ საკითხზე ორმხრივი შეთანხმება უკვე მიღწეულია.

„გასულ კვირაში გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან. ვფიქრობ, რომ იყო ძალიან კომპრომისული შეხვედრა და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნების ნაწილი იყო სამართლიანი. ჩვენ ვისაუბრეთ და ჩამოვყალიბდით მოგვარების გზებზე. იყო საუბარი, თუ რამდენად შეიძლებოდა სამართლებრივ ფარგლებში ხელშეკრულებაში ცვლილებები შესულიყო ან შეწყვეტილიყო. ვფიქრობ, ამ ეტაპზე სამართლებრივ ჩარჩოებში შესაძლებელია ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტის შესახებ პროცედურებისა და მოლაპარაკებების დაწყება.

რაც შეეხება მოთხოვნას ბულვარის კონსერვაციასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ბულვარის კონსერვაცია ბიუჯეტით არ არის დაგეგმილი, თუმცა სამომავლოდ შესაძლებელია ამაზე მუშაობის დაწყება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, კომპანია დავითანხმეთ ხელშეკრულების ორმხრივ შეწყვეტაზე. თუმცა ჩვენ ავანაზღაურებთ იმ სამუშაო ღირებულებას, რაც უკვე შეასრულა დრიმ ოაზისმა. სიტყვიერად შევთანხმდით, თუმცა უნდა იმუშაონ სპეციალისტებმა ამ მიმართულებით“, – აჭარის მთავრობის პრესსპიკერის ინფორმაციით, ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  მედიასთან დღეს გააკეთა.

საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბულვარი“, დღეს, 12 აპრილს, განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, აჭარის ხელისუფლების დაკვეთით ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანია კვლავაც იმ მიდგომით აგრძელებს მუშაობას, რაც ბათუმის ძველი ბულვარის იერ-სახის დამახინჯებას გამოიწვევს.

არჩილ ხაბაძემ განმარტება “დრიმ ოაზისთან” ხელშეკრულების შეწყვეტაზე  სწორედ საინიციატივო ჯგუფ – „დაიცავი ძველი ბულვარის“ მიერ გამართული ბრიფინგის შემდეგ გააკეთა.

შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისი“, რომელიც ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობდა, 24 დეკემბრიდან ცალკე იურიდიულ კომპანიად აღარ არსებობს. სამი კომპანიის შერწყმა/რეორგანიზაციის შემდეგ ახალი კომპანია – შპს „დრიმლენდ ოაზისი“ მუშაობს. სწორედ ამ სახელწოდების პროექტი ხორციელდება ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის“ ირგვლივ.

 

რა მოხდება, თუ უმაღლესი საბჭო დავით კვაჭაძეს ისევ არ აირჩევს

თუ უმაღლესი საბჭო უსკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ დავით კვაჭაძეს ისევ არ აირჩევს, მთავრობა ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს. მესამედ გამოცხადებულ კონკურსში დავით კვაჭაძეს მონაწილეობას კანონმდებლობა არ უკრძალავს.

მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის [რომელიც იმ კომისიის წევრია, რომელიც უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს არჩევს], დავით გაბაიძის განმარტებით, „თუკი ნორმას მთლიანობაში წავიკითხავთ და კანონის არსიდან გამოვალთ, ამასთან, თუკი უსკოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით განხორციელებულ მოქმედებებს ერთიან კონკურსად განვიხილავთ, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ და ვთქვათ, რომ კვაჭაძის წარდგენა მესამედ აღარ შეიძლება და კომისიამ მთავრობის თავმჯდომარისთვის კანდიდატის წარდგენის დროს შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, უსკოს თავმჯდომარის არჩევის მიზნით ორ ეტაპზე განხორციელებულ მოქმედებებს ერთ კონკურსად განვიხილავთ თუ სამ სხვადასხვა კონკურსად”.

დავით გაბაიძის განმარტებით, „კანონში წერია, რომ ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება წარადგინოს მთავრობის თავმჯდომარემ ორჯერ, თუმცა შესაძლოა სხვა მოსაზრებაც იყოს. ამას არ გამოვრიცხავ. თუმცა ჩემი, როგორც საკონკურსო კომისიის წევრის მოსაზრებაა, რომ კომისიამ დავით კვაჭაძე აღარ უნდა წარადგინოს”.
cms-image-000045845

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევის შესახებ კანონის [რაც უსკოს დაკომპლექტების წესს განსაზღვრავს] 32-ე მუხლის მე-12 პუნქტში კი ნათქვამია, რომ „ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.“

დავით კვაჭაძის მეორედ წარდგენის შემდეგ, უსკოს თავმჯდომარის ასარჩევად უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სხდომა უკვე მოიწვია, რომელსაც ოპოზიციური ფრაქციები პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ და სხდომა ჩაიშალა. კანონმდებლობით უსკოს თავმჯდომარის ასარჩევად მეორე სხდომა უმაღლესმა საბჭომ 15 აპრილამდე უნდა დანიშნოს. დღეს, 12 აპრილს, სხდომის სავარაუდო თარიღის შესახებ უმაღლეს საბჭოში ინფორმაცია არ აქვთ.

რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. ხოლო თუ ამ ვადაში სხდომის მოწვევას უმაღლესი საბჭო ვერ შეძლებს, მთავრობამ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესავსებად ხელახალი კონკურსი უნდა გამოაცხადოს.

დავით კვაჭაძის კანდიდატურა უმაღლეს საბჭოში ერთხელ უკვე ჩააგდეს. არაოფიციალური ინფორმაციით, უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დავით კვაჭაძის წარდგენას ლობირებს მმართველი პარტია თბილისიდან. შესაბამისად, სწორედ მან მოსთხოვა არჩილ ხაბაძეს დავით კვაჭაძის წარდგენა. კვაჭაძის თანამდებობაზე დანიშვნა კი იმიტომ ვერ უზრუნველყო უმაღლესმა საბჭომ, რომ “ქართულ ოცნებას” მხოლოდ 9 დეპუტატი ჰყავს ფრაქციებში, ხოლო უსკოს თავმჯდომარის არჩევას 11 დეპუტატის ხმა სჭირდება.

 

გოგოს “მოტაცების საქმე” ბათუმის საქალაქო სასამართლოში


ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე რ.ხ.-ს საქმეს განიხილავს. მას სამ თანხლებ პირთან ერთად, წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებაში ედება ბრალი. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა გასული წლის 11 ნოემბერს მოტყუებით გაიტაცეს ქობულეთში მცხოვრები გოგო ა.გ.

სასამართლოს დღევანდელ პროცესზე ჩვენება მისცა დაზარალებულის დამ: “ჩვენ ერთად ვმუშაობდით. იმ საღამოს ოფისში შემოვიდა რ.ხ. და ჩემს დას სთხოვა გარეთ გაყოლოდა, თქვენთან გასაუბრება მინდაო. ჩემი და როცა აღარ შემობრუნდა, ვურეკავდი, მაგრამ არ მპასუხობდა. მერე შემოვიდა ზარი ტელეფონზე, გამეცნო რ.ხ. და მითხრა, შენი და უკვე ჩემი ცოლიაო. ძალიან გამიკვირდა, რადგან ჩემს დას უკვე საქმრო ჰყავდა. კატეგორიულად მოვითხოვე, დამალაპარაკეთ ჩემს დას-მეთქი. ისეთ პასუხებს მცემდა ჩემი და, მივხვდი, რაღაცაში იყო საქმე. მერე სმს-ებიც შემოვიდა, სადაც ეწერა: მიშველე, პასუხი არ მომწერო, იარაღით არიანო. მაშინვე პოლიციაში წავედი და სატელეფონო გზავნილები პოლიციელს ვაჩვენე”, – ამბობს გატაცებულის და ქ.გ.

სასამართლოს ქობულეთის პოლიციის დეტექტივ-გამომძიებლები ასევე მოუყვნენ, რომ ბრალდებულები ოზურგეთში იმავე დღეს, გვიან საღამოს დააკავეს. “პირველად სახლში ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. მაგიდაზე საჭმელ-სასმელი ელაგა. ბრალდებულებს დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ”, – აღნიშნა გამომძიებელმა ზურაბ ცეცხლაძემ.

სასამართლოს შემდეგ პროცესზე იძულების წესით დაიკითხება ს.ხ. ის დაზარალებულის საქმროა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ის თავს არიდებს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას.

როგორც “ბათუმელებს” დაცვის მხარის ადვოკატმა, მერი ცინარიძემ უთხრა, მორიგ პროცესზე მოწმის სახით დაიკითხება სასულიერო პირიც: „ის დაადასტურებს, რომ ბრალდებული გოგოსთან ერთად [ვინც გატაცებულია] მღვდელთან მივიდა და ჯვრისწერა შეათანხმეს 12 ნოემბრისთვის, ანუ შემთხვევიდან მეორე დღისთვის”.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულ რ.ხ.-ს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ა.გ.-სთან და 11 ნოემბერს წყვილმა, უბრალოდ, გურიაში გასეირნება გადაწყვიტა. მისთვის გაუგებარია, რა მოტივაციით უჩივლა საქმროს შეყვარებულმა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე ბრალდებულს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. მათ შორის ერთ-ერთს ნარკოტიკის უკანონო მოხმარებასაც ედავებიან.

ხარისხის ნიშანი აჭარაში ტურისტულ ობიექტებს

ხარისხის ნიშნის – „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, მსურველთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი სრულდება. დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფმა 30-ზე მეტი ტურისტული ობიექტი შეამოწმა.

მონიტორინგისას ტურისტულ ობიექტებში ძირითადად ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტები შემოწმდა, რომლებიც მსოფლიოში აღიარებულ – HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. ტექნიკური შემოწმებისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ გაიცა რეკომენდაციები, რომელთა შესასრულებლად ტურისტულ ობიექტებს გონივრული ვადა მიეცათ.

მონიტორინგის მეორე ეტაპზე ტექნიკურ შემოწმებას ის ტურისტული ობიექტები გაივლიან, რომლებსაც ხარვეზების აღმოსაფხვრელად  ვადა აქვთ მიცემული. მონიტორინგის პარალელურად კი სერვისის ხარისხს განთავსებისა და კვების ობიექტებში „იდუმალი სტუმარი“ დაადგენს.

 მხატვარ გელა წულაძის ნამუშევარი ბათუმის ბულვარში
მხატვარ გელა წულაძის ნამუშევარი ბათუმის ბულვარში

მონიტორინგის ორივე ეტაპზე, ობიექტებში სანიტარული და სურსათუვნებლობის მონიტორინგის მიზნით, პროექტში ჩაერთვებიან სურსათის ეროვნული სააგენტო და შესაბამისი მუნიციპალიტეტის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. მონიტორინგის დამუშავებულ შედეგებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის რეგიონულ მრჩეველთა საბჭოს წარუდგენს.

პირველ ივნისს აჭარაში უკვე იქნება პირველი ტურისტული ობიექტები, რომლებსაც ექნებათ ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ”.

ინფორმაცია რეკომენდებული ობიექტების შესახებ დეპარტამენტის ვებგვერდზე: Recommend.ge განთავსდება, რომელიც დაეხმარება ვიზიტორებს, თავად შეარჩიონ სასურველი ხარისხის ტურისტული მომსახურება და ობიექტი.

„ჩეხოვის სახლს“ ბათუმში სახურავი გადახადეს

ჩეხოვის სახლი თავდაპირველი იერ-სახით
ჩეხოვის სახლი თავდაპირველი იერ-სახით

DSCN8928ბათუმში, რუსთაველის #17-ში და დ. თავდადებულის #7-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობს ძეგლს, ეგრეთ წოდებულ ჩეხოვის სახლს სახურავი გადახადეს. შენობაზე სამუშაოების ჩატარების უფლება გაცემული აქვს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.

ფოტო: ირმა დიმიტრაძე
ფოტო: ირმა დიმიტრაძე

აჭარის მთავრობამ ჩეხოვის სახლი 29 წლის ვადით გადასცა კომპანია „ზუ-კა“-ს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შპს ,,ზუ-კა’’ აუქციონის წესის თანახმად ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს  შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შემუშავება, რომელიც  არ უნდა ითვალისწინებდეს შენობის მასშტაბის მნიშვნელოვან ცვლილებას, ხოლო ინტერიერის დიზაინში გათვალისწინებული უნდა იყოს ბათუმისა და კინემატოგრაფიის კავშირის მდიდარი ისტორიის ამსახველი მასალა.  პროექტის ფარგლებში   შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებში არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება“.

ფოტო: ირმა დიმიტრაძე
ფოტო: ირმა დიმიტრაძე

პროექტის მიხედვით ჩეხოვის სახლს დაქანებული სახურავის ნაცვლად ექნება ბრტყელი სახურავი. მსგავს ცვლილებას უკვე დამტკიცებული პროექტი ითვალისწინებს.

შენობის ფასადზე განთავსებული ბანერის მიხედვით, შესაბამის სამუშაოებს კომპანია „ხინო“ ახორციელებს. დამკვეთს ამ სახლში სურს რესტორნის გაკეთება და სახურავზე ტერასის მოწყობა.

DSCN8908DSCN8898DSCN8897

ფოტო: ირმა დიმიტრაძე
ფოტო: ირმა დიმიტრაძე
ჩეხოვის სახლის პროექტის ერთ-ერთი ვერსია
ჩეხოვის სახლის პროექტის ერთ-ერთი ვერსია

„დაიცავი ძველი ბულვარი“ მთვარობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და აქციებისთვის ემზადება

საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბულვარი“ დღეს, 12 აპრილს, განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, აჭარის ხელისუფლების დაკვეთით ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანია კვლავაც იმ მიდგომით აგრძელებს მუშაობას, რაც ბათუმის ძველი ბულვარის იერ-სახის დამახინჯებას გამოიწვევს. სინიციატივო ჯგუფის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

„მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი ძველი ბულვარი“, 18 თებერვალს გაავრცელა მიმართვა აჭარის მთავრობის სახელზე. ამ დრომდე მიმართვას ოფიციალური გამოხმაურება არ მოჰყოლია და, შესაბამისად, არც ერთი მოთხოვნა გათვალისწინებული არ არის (შედგა მხოლოდ ერთი სამუშაო შეხვედრა მთავრობის წევრების, არასამთავრობო სექტორის და მოქალაქეების ჩართულობით, თუმცა მხარეებმა საერთო პოზიციის ჩამოყალიბება ვერ მოვახერხეთ).

17 აპრილს 13:00 საათზე, ვიკრიბებით ევროპის მოედანზე და მივმართავთ აჭარის მთავრობას, შეაჩეროს უკანონო ხელშკრულება, რომელიც სსიპ „ბათუმის ბულვარს“ გაფორმებული აქვს შპს „სასტუმრო ოაზისთან“. ამ ხელშეკრულების მიზანია, მომზადდეს ბათუმის ბულვარის კონცეფცია.

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ კომპანიისთვის მიცემული დავალება საფრთხეს უქმნის  ბათუმის ბულვარს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. აჭარის მთავრობას კი არ აღმოაჩნდა ნება და უნარი, მოქალაქეების პროტესტის შემდეგ მაინც რომ წარემართა პროცესი საზოგადოებრივი ინტერესის და „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის  შესაბამისად.

ბულვარის კონცეფციის პროექტის და ტოპო-გეგმის მოსამზადებლად 2015 წლის 7 ოქტომბერს,  სსიპ „ბათუმის ბულვარმა“ მთავრობისგან გამარტივებული შესყიდვის განხორციელების  უფლება მოიპოვა და ხელშეკრულება  შპს „სასტუმრო ოაზისს“ გაუფორმა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 240 000 ლარია. კომპანიამ კონცეფციის პროექტი 2016 მაისში უნდა წარმოადგინოს.

2015 16 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონში“, „ბათუმის ბულვარის პირველი ეტაპის სამუშაო ვარიანტის“ პრეზენტაცია გაიმართა, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. მიუხედავად ამისა,  შპს “სასტუმრო ოაზისის“ მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც 1600 კვ. მეტრის ხეივნის სხვადასხვა თემატიკის სივრცეებად დაყოფას და ბულვარის შუა ხეივნის კაფეებისა და რესტორნებისთვის ათვისებას ითვალიწინებს, აქამდე არ შეცვლილა.  კომპანია მუშაობას ისევ იგივე რეჟიმში განაგრძობს.

ჯერ კიდევ იანვარში მოქალაქეთა ჯგუფმა მთავრობასთან მიღწია შეთანხმებას: ბულვარში მესამე ხეივნის გაუქმებასთან დაკავშირებული სამუშაოები ამ ეტაპზე  შეჩერებულია (სამუშაოებს რეაბილიტაციის ფარგლეებში კომპანია „ლიმტომი“ ახორციელებდა), თუმცა შპს „ოაზისი“ იმავე  მიდგომით განაგრძობს კონცეფციაზე მუშაობას, რაც, ჩვენი აზრით, მთლიანდ შეცვლის ბათუმის ბულვარის  სახეს და მას ისტორიულ ღირებულებას დაუკარგავს.

მათთვის, ვისთვისაც ბათუმი არის დასაცავი ღირებულება, ვიკრიბებით ევროპის (ერას) მოედანზე, 17 აპრილს, კვირას, 13:00 საათზე. ერთად დავიცვათ ძველი ბულვარი, არ დავუშვათ, რომ რეკრაციული ზონები და კულტურული მემკვიდრეობა ცალკეული ინვესტორების ინტერესებს შეეწიროს.

ვანდალიზმი ბათუმის ახალგახსნილ პარკში

 ბათუმის მერიის ინფორმაციით, შინდისის გმირების სახელობის  ახალ სკვერში, რომელიც ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში გუშინ გახსნეს,  დღეს გამთენიისას  ვანდალურად იქნა განადგურებული ახალდარგული ხე-მცენარეები. „დაზიანებულია სკამები, სანაგვე ურნები და სკვერში არსებული ინვენტარი,“- განაცხადეს ქალაქის მერიაში.

 

12977152_1107765229283785_486301781763210223_o

ფაქტს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.  ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა. პარკში პირველად დაიდგა ადაპტირებული ატრაქციონები და საპირფარეშოები.

12998364_1107765152617126_1409147541202421737_o

პარკი 7 000 კვ/მეტრზე უნდა გამწვანდეს. ახალი პარკის მშენებლობაზე ერთი მილიონ 927 ათასი ლარი დაიხარჯა.    

საკადრო ცვლილებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა აფხაზავამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოსტი დატოვა. ის ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის მოადგილედ, რვა აპრილს დაინიშნა.  ინფორმაციას აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროშიც ადასტურებენ, სწორედ მათი წარდგინებით დაინიშნა ბიძინა აფხაზავა.

„ბათუმელები“ ბიძინა აფხაზავასაც დაუკავშირდა. მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან თავისი სურვილით არ წასულა: „მთელი ცხოვრება ძეგლებისთვის ვიბრძოდი და მინდოდა, რომ ბოლომდე ვყოფილიყავი, რომ რაც შეიძლება ნაკლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დანგრეულიყო.  ტენდენცია მიდის იქეთკენ, რომ ბევრი რაღაცეები აღარ გვექნება“.

ბიძინა აფხაზავა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თითქმის 30 წელი მუშაობდა. „საიდანაც წამოვედი იქ დავბრუნდი და ვეცდები, რომ რაღაც ჩვენი ქალაქისთვის გავაკეთო. მუზეუმიც კულტურის ძეგლია“, -გვეუბნება ის.

არაოფიციალური ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, ძეგლებზე ნებართვის გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი, საკრებულოს წევრი, ზაურ ახვლედიანი განიხილება. თუმცა, „ბათუმელებთან“ საუბარში ზაურ ახვლედიანი ამბობს, რომ მისი კანდიდატურა ადრე განიხილებოდა, ამჯერად კი შემოთავაზება არ მიუღია: „ორი წლის წინ განიხილებოდა და მოხდა კიდეც ჩემი წარდგინება, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები იყო და გადაიდო, ახლა არ ვიცი რა ეტაპზეა, განიხილავს თუ არა დირექტორი არ ვიცი“.

 

„ადელის“ სტადიონის ადგილზე აპარტამენტები აშენდება [ფოტო]

ბათუმში სტადიონი „ადელი“ აღარ არსებობს. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, სადაც სტადიონი იყო განთავსებული, დღეს შპს „ორბი ჯგუფი ბათუმის“ საკუთრებაშია. ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაო ტარდება – ბალახის საფარი უკვე აღებულია.

„ბათუმელებს“ „ორბი ჯგუფში“ უთხრეს, რომ ამ ადგილზე სასტუმრო ან/და საცხოვრებელი აპარტამენტების აშენება კონცეფციის დონეზე განიხილება. თუმცა, კონკრეტული პროექტი ჯერ არ არის [შესაბამისად, არც მშენებლობის ნებართვაა გაცემული].

სტადიონის ტერიტორია თავიდან შპს „ხიმშიაშვილის 7“-ს საკუთრებაში იყო. რეესტრის დოკუმენტების მიხედვით,  2015 წლის 10 დეკემბერს, 10 147 კვ/მ ფართობი იპოთეკით დაიტვირთა „თიბისი ბანკში“. ამ დროისთვის ნაკვეთის მესაკუთრედ კვლავ „ხიმშიაშვილის 7“  ფიქსირდება, ხოლო ამ ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით „ორბი ჯგუფმა“ რეესტრს ოთხ დღეში, 2015 წლის 14 დეკემბერს მიმართა.

რეესტრმა „ორბი ჯგუფი ბათუმის“ საკუთრებად, ზემოაღნიშნული ნაკვეთი, 2016 წლის 18 იანვარს დაარეგისტრირა. ამონაწერის მიხედვით კი ქონება, რომლის მესაკუთრეც უკვე „ორბი ჯგუფია“,  კვლავ „თიბისი ბანკშია“ იპოთეკით დატვირთული.

შპს „ხიმშიაშვილის 7“-ს მიწის ნაკვეთის, სადაც სტადიონი იყო, გარკვეული ნაწილი [1898 კვ/მ] შპს „ახალ სამშენებლო კომპანიაზე“ ჰქონდა გასხვისებული [ამ კომპანიაში 27%-მდე წილს მამუკა ხაზარაძე ფლობს, რომელიც „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა].

2015 წლის 10 დეკემბერს ზემოაღნიშნული ნაკვეთიც დაიტვირთა იპოთეკით  „თიბისი ბანკში“. იმ დროისთვისაც მესაკუთრედ „ახალი სამშენებლო კომპანია“ ფიქსირდება. აღნიშნული ნაკვეთის მესაკუთრე, რეესტრის ამონაწერით, „ორბი ჯგუფი“ 2016 წლის 6 იანვრიდანაა, თუმცა საკუთრების უფლების რეგისტარაციის მოთხოვნით, კომპანიამ რეესტრს ამ შემთხვევაშიც 2015 წლის 14 დეკემბერს მიმართა.

მთლიანობაში აქ „ორბი ჯგუფის“ საკუთრებაში დღეს 12 045 კვ/მ მიწის ნაკვეთია.

შპს „ხიმშიაშვილის 7“-ს დამფუძნებელია შპს „ქ. ბათუმის ბავშვთა საფეხბურთო კომპლექსი „ადელი“ [რომლის 100% წილს დღეს ლევან ადეიშვილი ფლობს]. თავის მხრივ, შპს „ხიმშიაშვილის 7“-ს წილებს დღეს ფლობენ: შპს „ქ. ბათუმის ბავშვთა საფეხბურთო კომპლექსი „ადელი“ [15,1%], შპს „ბიზნეს პლაზა“ [55,53%] და რევაზ ადეიშვილი [29,57%]. [სწორედ რევაზ და ლევან ადეიშვილებმა დააფუძნეს თავის დროზე „ადელის“ წინამორბედი – შპს „ბათუმის ბავშვთა საფეხბურთო კომპლექსი „ბსკ“.]

გარკვეული პერიოდის განმავლობაში „ადელის“ სტადიონზე ბათუმის „დინამოს“ მატჩებიც ტარდებოდა.

 

„ადელი“ 8 აპრილი 2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
„ადელი“ 8 აპრილი 2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
„ადელი“ 8 აპრილი 2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
„ადელი“ 8 აპრილი 2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
„ადელი“ 8 აპრილი 2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
„ადელი“ 8 აპრილი 2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
„ადელი“ 8 აპრილი 2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
„ადელი“ 8 აპრილი 2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
„ადელი“ 8 აპრილი 2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
„ადელი“ 8 აპრილი 2016 / თორნიკე თავაძის ფოტო

ოჯახური ძალადობის შემთხვევა, სადაც მთავარი მოწმე მეზობლები იქნებიან

35 წლის რ.ბ.-ს პროკურატურა ოჯახურ ძალადობაში სდებს ბრალს. საქმის მასალების მიხედვით, რ.ბ.-მ ყოფილ ცოლს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სცემა. საქმეში უკვე დევს ექსპერიტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ძალადობაში ბრალდებულ პირს გირაოს – 1000 ლარის გადახდა დააკისრა. რამდენიმე დღეში საქმის არსებითი განხილვა დაიწყება, სადაც მთავარი მოწმეები ძალადობის თვითმხილველი მეზობლები იქნებიან.

„მეზობლები არიან მოწმე ბრალდებულის მხრიდანაც. ისინი დაადასტურებენ, რომ არავითარ ცემას ადგილი არ ჰქონია – ამბობს „ბათუმელებთან“ რ.ბ.-ს ადვოკატი ირაკლი აბაშიძე – ყოფილ მეუღლეებს საერთო შვილი ჰყავთ. იმ საღამოს მამამ შვილს მიაკითხა და ყოფილ ცოლთანაც სურდა საუბარი, რადგან მანამდე მასწავლებელმა უთხრა სკოლაში, რომ ბავშვი ცუდად სწავლობს. ყოფილი ცოლი რ.-ს აგრესიულად დახვდა. კამათის გარდა მათ შორის არაფერი ყოფილა“.

სასამართლოს ჩვენებას მისცემს თავად დაზარალებულიც. მან უკვე უთხრა გამოძიებას, რომ რ.ბ. მას თანაცხოვრების დროსაც ავიწროვებდა და სცემდა. ისინი სამი წლის წინ განქორწინდნენ.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ოჯახური ძალადობა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.

როგორ უნდა მოიქცნენ პედაგოგები ბუნებრივი კატასტროფების დროს სკოლაში

„ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება“ (ინკლუზიური განათლების კონტექსტის გათვალისწინებით) – ამ თემაზე ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ტრენინგები ჩატარდა.  ტრენინგების ორგანიზატორი აჭარის განათლების ფონდის  და ბათუმის მასწავლებლის სახლი იყო.

უსაფრთხო სკოლის კონცეფციის პროგრამის ფარგლებში, მასწავლებლები მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს გაეცნენ.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  პედაგოგებმა  ტრენინგი შემდეგი მიმართულებით გაიარეს:

ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინკლუზიურ კონტექსტში;  სკოლის როლი ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროცესში (მოსწავლე, მასწავლებელი, დირექცია, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციის სამსახური); ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინდივიდუალური და ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა საგაკვეთილო, სადამრიგებლო, ინდივიდუალური თუ არაფორმალური განათლების ფორმატში გაკვეთილის (ინტერგირებული, პროექტი, ექსკურსია და ა.შ.) დაგეგმვა ჩატარება, გადაფასება, განგაში, ევაკუაცია, საგანგებო სიტუაციების ჩანთა.

სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების პროცესს  აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. „უზიარებდნენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას და აძლევდნენ საჭირო რჩევებს ევაკუაციასთან და ცეცხლმაქრების გამოყენებასთან დაკავშირებით.  ნასწავლის პრეზენტაცია სკოლებმა იმიტირებული კატასტროფის დროს გააკეთეს„ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შუახევიჰესის სამშენებლო სამუშაოების 75% დასრულებულია

კაშხლის მშენებლობა
კაშხლის მშენებლობა
37 კილომეტრიანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები
37 კილომეტრიანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები
შუახევიჰესის ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები
შუახევიჰესის ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები
კაშხლის მშენებლობა
კაშხლის მშენებლობა
პროექტში დასაქმებულია 730 საქართველოს მოქალაქე
პროექტში დასაქმებულია 730 საქართველოს მოქალაქე
შუახევიჰესის ელექტროსადგური - ტურბინის დამონტაჟება
შუახევიჰესის ელექტროსადგური – ტურბინის დამონტაჟება
დიდაჭარის კაშხლის მშენებლობა
დიდაჭარის კაშხლის მშენებლობა
გარემოს დაცვა მშენებლობის არეალში ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტია
გარემოს დაცვა მშენებლობის არეალში ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტია

აჭარისწყალი ჯორჯიაშპს „აჭარისწყალი ჯორჯია“
ბათუმის ოფისი
საქართველო, ბათუმი 6010 ი. აბაშიძის ქ.6
ტელ: 0422 27 12 17
ელ-ფოსტა: info@agl.com.ge

თბილისის ოფისი
შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“
საქართველო, თბილისი, ბროსეს ქ. 2
ტელ: (+ 995 32) 2 244211

www.agl.com.ge

Exit mobile version