Batumelebi | მალხაზ ნაკაშიძე: უმოკლეს ვადებში მოხდეს სპორტსმენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა მალხაზ ნაკაშიძე: უმოკლეს ვადებში მოხდეს სპორტსმენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა – Batumelebi

მალხაზ ნაკაშიძე: უმოკლეს ვადებში მოხდეს სპორტსმენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა

დღეს, 18 აგვისტოს, პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ნაკაშიძემ ბრიფინგი გამართა. მან დაბა ჩაქვში მდებარე სპორტსკოლაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. სწორედ ამ შენობაში გადიოდა წვრთნებს ქართველი ოლიმპიური ჯილდოს მფლობელი, ძალოვანი ირაკლი თურმანიძე.

„ბოლო ოცი წლის განმავლობაში არც ერთი ხელისუფლება, არც ცენტრალურ და არც ადგილობრივ დონეზე, არ დაინტერესებულა სპორტსმენებით, რის გამოც მათ ასეთ პირობებში უხდებათ მომზადება. შენობაში არ არის წყალი, ელექტროენერგია, გათბობა, გასახდელი და სხვა პირობები, რაც აუცილებელია მომზადებისათვის. არაერთი ცდისა და მოთხოვნის მიუხედავად სპორტსმენებს დღემდე არანაირი პასუხი არ მიუღიათ, არც ალტერნატიული ფართობის გადაცემაზე და არც ელემენტარული პირობების შექმნაზე“, – განაცხადა მალხაზ ნაკაშიძემ და აღნიშნა, რომ დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი და უმოკლეს ვადებში მოხდეს სპორტსმენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მუხრან ვახტანგაძის თქმით, არსებული მდგომარეობა სავარაუდოდ 2017 წლისთვის მოგვარდება. მისივე თქმით, სწორედ ამ დროისთვის იგეგმება ბათუმში სპორტის სასახლისა და სპორტული დარბაზების მშენებლობა, სადაც ძალოსნობის დარბაზიც იქნება. თუმცა კონკრეტულად სად და როდის, ამის შესახებ სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ინფორმაციას არ ფლობს.

მუხრან ვახტანგაძე [რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატადაა დასახელებული], შეკითხვაზე, უნდა ელოდონ თუ არა ძალოსნები მანამდე რაიმე ცვლილებებს ან მდგომარეობის გაუმჯობესებას, პასუხობს:

„ეგ დარბაზი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ხელ-ფეხი შეკრული გვაქვს. აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობასთან, ყოფილთანაც გვქონდა საუბარი, შეხვედრები, მოლაპარაკებები, ოფიციალურადაც, ისეც, ასეც და ახლაც დღეს, ხვალ, ზეგ შევხვდები ბატონ ზურას, დაველაპარაკები და თუ რამე შესაძლებელი იქნება ყველაფერს გავაკეთებ. სამსაათიანი გადაცემებია გაკეთებული და მერამდენეჯერ უნდა იყოს ამ თემაზე საუბარი მე არ ვიცი.“

აღნიშნელ თემაზე„ბათუმელები“ ადრეც წერდა.

იხილეთ:

ივარჯიშე სანამ დაღამდება – დენის გარეშე დარჩენილი ძალოსნები

ძალოსნები უშუქოდ და ცივი შხაპით სხვის შენობაში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან