სიახლეები

ზღვაში გაუჩინარებული სამხედროების ძებნა გრძელდება

18.08.2016
ზღვაში გაუჩინარებული სამხედროების ძებნა გრძელდება

გონიოს ყოფილი პოლიგონის მიმდებარედ ზღვაში ამ დრომდე ეძებენ ორ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების დროს ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.

შემთხვევის ადგილზე სპეციალისტებს თურქეთიდან ელოდებიან.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან კიდევ ერთი ხომალდი დაიძრა, რომელიც შესაბამისი პერსონალით არის დაკომპლექტებული და სამძებრო აპარატურითაა აღჭურვილი. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 19 აგვისტოს შემოვა. სამინისტროს განცხადებით, საქართველოში თურქეთის სანაპირო დაცვის პირველი კატარღა 9-კაციანი ეკიპაჟით უკვე შემოსულია და ჩართულია სამძებრო ღონისძიებაში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 აგვისტოს, სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლო ზღვის ზედაპირზე ამოსვლა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. თავდაცვის უწყების ცნობით, სამხედროების გაუჩინარებისთანავე დაუყონებლივ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ახორციელებენ.

“სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი. ადგილზე იმყოფება სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა. საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, აშშ-ის მთავრობამ დაავალა აშშ-ის ევროპულ სარდლობას, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა მიიღონ ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა”,- ნათქვამია თავდაცვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადგილზე, გუშინ, 17 აგვისტოს იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი.

გონიოს სანაპიროსთან შეკრებილები არიან გაუჩინარებული სამხედროების ოჯახის წევრები, რომლებიც სამხედროების ხელმძღვანელობას დაუდევრობაში ადანაშაულებენ.

მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუხლია.

14045446_1151773328229192_1245980615_o

გონიო. სამძებრო-სამაშველო ღონისძიება / 18.08.2016 / როინ გუნდაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: