კვირის ამბები,მთავარი

ახალი მთავრობა ძველი პრიორიტეტებით – როგორ დგება აჭარის ბიუჯეტი

18.08.2016 • 2005
ახალი მთავრობა ძველი პრიორიტეტებით – როგორ დგება აჭარის ბიუჯეტი

აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობის შუა პროცესში რეგიონის მთავრობა შეიცვალა. დიდი ალბათობით, არჩევნების შემდეგ მთავრობა კვლავ შეიცვლება, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება კი ასევე ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოს მოუწევს. როგორ დგება აჭარის ბიუჯეტი და რა ცვლილებების საშუალებას უტოვებს ახალ მთავრობას საბიუჯეტო პროცესი? – მითუმეტეს მაშინ, როცა ძირითადი პრიორიტეტები, რის საფუძველზეც ბიუჯეტი დგება, ყოფილი მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს მიერაა განსაზღვრული.

„ყოფილი მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ხედვა რამდენად დაბალანსებული იყო, ეს ცალკე თემაა, თუმცა შესაძლებელია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები  განსხვავებული იყოს და არსებული პრიორიტეტებიც შეიცვალოს. ბიუჯეტის შედგენის პროცედურა იძლევა ამის საშუალებას,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ. თუმცა, მინისტრის თქმით, პრიორიტეტებში „ვერ მოხდება ძირეული ცვლილება“.

საბიუჯეტო პროცესი ანუ მომავალი წლის ბიუჯეტის შედგენაზე მუშაობა, ძირითადად, პირველი მარტიდან იწყება, როცა განისაზღვრება ძირითადი პარამეტრები. ეს პარამეტრები ეტაპობრივად ზუსტდება. ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ განსაზღვრული ზედა ზღვრები მხარჯავ დაწესებულებებშია გადაგზავნილი. დაწესებულებებმა ამ ზღვრების ფარგლებში კორექტირებული პროგრამები 25 აგვისტომდე უნდა წარადგინონ აჭარის ფინანსთა სამინისტროში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა და რაღაცები აუცილებლად შეიცვლება. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ შესაბამისი ცვლილებები შესაძლებელია ორ ეტაპად – 25 აგვისტომდე და შემდეგ 15 სექტემბრამდე პერიოდში განხორციელდეს.

„რადიკალურად განსხვავებული პრიორიტეტები ვერ იქნება – იმიტომ, რომ გარკვეულ პროექტებზე დაწყებული იყო მუშაობა და ეს პროექტები უნდა მივიდეს ბოლომდე. თანაც საბიუჯეტო პარამეტრებმა უნდა მოგვცეს იმის საშუალება, რომ რაღაცები გადავალაგოთ. ვფიქრობ, შესაძლებელია პირველი პროექტი გავიდეს რადიკალური ცვლილებების გარეშე. თუმცა რაღაც  ცვლილებები აუცილებლად იქნება,“ – აცხადებს რამაზ ბოლქვაძე.

მინისტრის თქმით, რეგიონის პრიორიტეტები, ძირითადად, მაინც სახელმწიფო პრიორიტეტებიდან გამომდინარეობს: „ჩვენ ერთგვარ შემვსების ფუნქციას ვასრულებთ, რომ ახალი, ასე ვთქვათ, ინოვაციური პროექტები განვახორციელოთ“.

არის თუ არა ამ ეტაპზე ინოვაციური პროგრამების პროექტები? – სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებები პროგრამებში არის და ექნება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე განსხვავებული მიდგომები აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სადაც პრიორიტეტები გადახალისდება და ახალი პროგრამები გაჩნდება.

„ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც ვფიქრობთ ახალ პროექტებზე, მეტი ინოვაციის, მეტი ინვესტიციის მოზიდვის კუთხით. გვინდა იყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამები. კარგი იქნება სარეკრეაციო ადგილების დაგეგმარების ახალი პროექტებიც გაჩნდეს, – ეს არის ამ ეტაპზე ის, სადაც შესაძლოა ცვლილებები გვქონდეს,“ – აცხადებს მინისტრი.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ერთ-ერთი, „მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა“ შესრულების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა. რამაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ ამ პროგრამის შესრულება მთლიანად დამოკიდებულია კომერციული ბანკებიდან გაცემულ სესხებზე: „ცუდი პროგრამის ბრალი არაა, თუ ბანკმა განიხილა ესა თუ ის პროექტი და გასცა სესხი, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვერთვებით ამ სესხის პროცენტის თანადაფინანსებაში“.

„ვფიქრობ, შესაძლებელია ამ პროგრამის მოდიფიკაცია მოხდეს მომდევნო წლებში და სხვადასხვა სექტორი ჩაერთოს, რათა უფრო მეტი ბენეფიციარი გაუჩნდეს ამ პროგრამას. ამ მხრივ მუშაობა მიდის,“ – დასძენს რამაზ ბოლქვაძე.

ბიუჯეტის შედგენის პროცესს შესაბამისი კანონმდებლობა არეგულირებს, სადაც  საზოგადოების ჩართულობაცაა გათვალისწინებული. სამინისტროში აცხადებენ, რომ ასეთი ერთი ეტაპი უკვე ჩავლილია – 10 მაისიდან 25 მაისამდე პერიოდი, როცა მხარჯავი დაწესებულებების მიერ ხდება პროგრამების შემუშავება და დაინტერესებული  მხარეებისთვის გაცნობა. თუ იქნება ახალი წინადადებები, მოთხოვნები, დაწესებულებებმა ეს უნდა გაითვალისწინონ, ან არა და მთელი ეს ინფორმაცია კორექტირებულ პროგრამებთან ერთად წარადგინონ სამინისტროში. ანალოგიური ეტაპია პირველი სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე, როცა მხარჯავი დაწესებულება ყველა დაინტერესებულ მხარეს უკვე ქვეპროგრამების დონეზე ჩაშლილ ბიუჯეტს აცნობს. მხარჯავი დაწესებულება იღებს შენიშვნებს, წინადადებებს და თუ საჭიროდ ჩათვლის, აქვს უფლება დამატებით მოითხოვოს თანხა ამა თუ იმ პროგრამისთვის.

აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო პროცესში პროგრამების რანგირებას, სპეციალური კრიტერიუმებით, პრიორიტეტების კომისია ახდენს. შესაბამისად, შესაძლოა ზოგი პროგრამა მოხვდეს პრიორიტეტებში, ბიუჯეტის პროექტში, ზოგი კი არა.

აჭარის ბიუჯეტიდან მუნიციპალური პროექტებიც ფინანსდება. თუ აუცილებელი პროგრამებისა და პროექტების დაფინანსებას აჭარის ბიუჯეტში არსებული თანხა არ ჰყოფნის, მაშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ფინანსური დახმარების მოთხოვნით მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. კანონმდებლობით, ასეთი მოთხოვნა უკვე გაგზავნილი უნდა იყოს, თუმცა ჯერ არ არის გაგზავნილი.

„ჩვენ დამოკიდებული ვართ, რა ტრანსფერს მიიღებენ მუნიციპალური ბიუჯეტები საქართველოს ბიუჯეტიდან და აქედან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ ან არ გავაკეთოთ დამატებითი მოთხოვნა… ჩვენ რესურსი გვაქვს, რაც შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს, ზრდას ვგულისხმობ, ეს იქნება ქონების განკარგვიდან თუ სხვა. აქედან გამომდინარე, თუ გვექნება სერიოზული ფინანსური რესურსი, მაშინ არც არის იმის აუცილებლობა, რომ მოვითხოვოთ ფინანსური დახმარება.  როცა შევჯერდებით, თუ რა იქნება მუნიციპალური ბიუჯეტები და რა თანხას განსაზღვრავს სახელმწიფო მათთვის, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვიფიქროთ პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის გაზრდაზე ან მოვითხოვოთ დახმარება. გვაქვს ფინანსური დამოუკიდებლობაც და რესურსიც, რომ დავაკმაყოფილოთ რესპუბლიკური ბიუჯეტის მოთხოვნებიც და მუნიციპალიტეტებიც,“ – აცხადებს რამაზ ბოლქვაძე.

აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოს მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი პირველ ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: