სპორტი

ივარჯიშე სანამ დაღამდება – დენის გარეშე დარჩენილი ძალოსნები [ფოტო | ვიდეო]

28.10.2015 • 3706
ივარჯიშე სანამ დაღამდება – დენის გარეშე დარჩენილი ძალოსნები [ფოტო | ვიდეო]

ძალოსნობის დარბაზი ჩაქვში

აჭარის ძალოსნების ფედერაციის გენერალური მდივანი და აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აბესალომ ბასილია ამბობს, რომ ამ შენობაში, რომელიც ადრე კულტურის სახლი იყო, ძალოსნები 40 წელზე მეტია ვარჯიშობენ. ამჟამად დარბაზში არ არის არც გათბობა და არც ელექტროენერგია. „ორ წელზე მეტია ელექტროენერგიის გარეშე ვართ. შეჯიბრებების დროს გენერატორს ვიყენებთ. აქ ვატარებთ აჭარის ჩემპიონატებს, ტურნირებს. „საელოქტროში“ აბონენტად ვერ გაგვაფორმეს. იმიტომ, რომ ეს შენობა ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის“, – ამბობს აბესალომ ბასილია.

ყოფილი კულტურს სახლი დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩაზე | ამ შენობის ერთ-ერთ დარბაზში ძალოსნები ვარჯიშობენ

მწვრთნელები

დარბაზს მწვრთნელები დილის 10 საათზე აღებენ და 11 ნახევარზე იწყებენ ვარჯიშს – ჯერ უფროსებთან, შემდეგ კი ბავშვებთან. აქ სამი მწვრთნელი მუშაობს – აჭარის ნაკრების მთვარი მწვრთნელი აბესალომ ბასილია, სულხან დუმბაძე და ნუგზარ ჯინჭარაძე. „ორივე ყოფილი სპორტსმენი და საქართველოს ჩემპიონია. სულხანი 10 წელია მწვრთნელად არის ჩემთან, ნუგზარი კი სამი წელია“, – ამბობს აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ბავშვები დარბაზში ამჟამად ძალოსნობით დაინტერესებული სხვადასხა ასაკის 35 მოზარდი ვარჯიშობს. „ბავშვებს ვიღებთ მესამემეოთხე კლასიდან. მშობლებსაც მოჰყავთ, მაგრამ, ძირითადად, ჩვენ მივდივართ სკოლებში და ვარჩევთ, ვინც შეძლებს ვარჯიშს, მერე მშობლებს ველაპარაკებით. უსასყიდლოდ ვარჯიშობენ. რითაც შეგვიძლია, ისე ვეხმარებით მათ. ხან ვინმე სპონსორი გამოჩნდება და გვეხმარება – 500; 900; 1000 ლარით. კარგია, ბავშვებისთვის ვიტამინები რომ გვქონდეს, მაგრამ არ არის საშუალება. არც არის ისეთი კანონი, რომ ან ფედერაციამ, ან დეპარტამენტმა შეუძინოს მათ საკვები დანამატები. მარტო შეკრებისა და შეჯიბრზე წასვლის თანხა გვაქვს“.

აბესალომ ბასილია ბავშვებს ავარჯიშებს

ფედერაციის ფინანსები

აჭარის ძალოსნობის ფედერაცია დაფინანსებას ძირითადად აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისგან იღებს. 2015 წელს ეს დაფინანსება 45 000 ლარი იყო. „გასახარჯი დაგვრჩა 11 000 ლარი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელადაა გათვალისწინებული. 3 000 ლარი დაგვემატა 2014 წელთან შედარებით. ჯერ არ ვიცით რა ცვლილებები იქნება. თუმცა ოლიმპიური წელია და, სავარაუდოდ, დაფინანსება გაიზრდება“.

ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჰიუსტონში გაიმართება. მასში აჭარიდან სამი ძალოსანი – ირაკლი თურმანიძე, გია მაჭავარიანი და რამინ შამილიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

ზამთარი

დარბაზის ფართობი, გასახდელებიანად, 160 კვადრატული მეტრია. გასახდელები დარბაზის ბოლოში მდებარეობს და ეგრეთ წოდებული „ბრეზენტითაა“ გამოყოფილი. რამდენიმე წლის წინ შენობას გვერდით სააბაზონო მიუშენეს. აბაზანაში არ არის ცხელი წყალი. გათბობისთვის კი შეშის ღუმელს იყენებენ. „ზამთარშიც აქ ვვარჯიშობთ. ერთი კვირა არ გვაქვს დასვენება, სამი-ოთხი დღე რომ შეწყვიტო ვარჯიში, სპორტსმენი უცებ გამოვა ფორმიდან, მერე ერთი თვე სჭირდება, ორმა რომ აღიდგინოს. ტატამი შევიძინეთ, მაგრამ ელექტროენერგიის უქონლობის გამო ვერ ვამონტაჟებთ“.

ძალოსნობის დარბაზი ჩაქვშიძალოსნობის დარბაზი ჩაქვში – ვარჯიში დამთავრა

შედეგები

საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ნაკრებში შვიდი ძალოსანი აჭარიდანაა: ვილიამინ ალექსიძე, რამინ შამილიშვილი, გოგიტა კაკიაშვილი, ირაკლი თურმანიძე, ბაქარ თურმანიძე, გია მაჭავარიანი, ალბერტ კუზილოვი. ისინი სხვადასხვა წონით კატეგორიასა და ასაკში ასპარეზობენ. ირაკლი თურმანიძე წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. ახლახან დაბრუნდა რამინ შამილიშვილი 20-23-წლიანების ევროპის ჩემპიონატიდან, რომელიც 1-5 ოქტომბერს ლიტვის ქალაქ კლაიპედაში გაიმართა. მან ატაჩში ოქრო აიღო, აკვრაში – ბრინჯაო და ორჭიდში – ვერცხლი. „ოთხი ბრინჯაო, ორი ვერცხლი და სამი ოქრო გვაქვს წელს. „ვლადიმერ სვეტილკოს შემდეგ აჭარაში ამისთანა შედეგი არ ყოფილა არასდროს“,  – ამობს აბესალომ ბასილია.

 

]ძალოსნობის დარბაზი ჩაქვში

იხილეთ ვიდეოკოლაჟი:

 


 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: