კვირის ამბები,მთავარი

მომავალი მფრინავი ბათუმიდან

18.08.2016 • 4185
მომავალი მფრინავი ბათუმიდან

„გოგო და მფრინავი? ვერაფერს მიაღწევ, იქნებ, პროფესია შეიცვალო?“ – ეს და სხვა, მსგავსი, რეპლიკა 19 წლის ბათუმელ მარიამ ჯაიანს ხშირად ესმის. იგი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. მარი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს სამხედრო საავიაციო ძალებში მოსახვედრად მიიღო.

მარიამი თვითმფრინავებით გატაცებული ბავშვობიდანაა. მისი სათამაშოები ძირითადად ვერტმფრენები და საფრენი აპარატების მოდელები იყო. სიმაღლე, სისწრაფე და ექსტრემალური გართობაც ყოველთვის უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ არც ოჯახში და არც სანათესაოში არავინ ჰყოლია ავიაციის სფეროში, ყოველთვის ამბობდა, რომ მფრინავობა უნდოდა. თავის სურვილში საბოლოოდ აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დარწმუნდა, როცა 12 წლისამ ოჯახს განუცხადა – სამხედრო პილოტი უნდა გამოვიდეო.

წლების გასვლის შემდეგაც რომ არ შეიცვალა გადაწყვეტილება, მშობლები აღელდნენ. როგორც მარიამი ამბობს, ამის მიზეზი შიში იყო, თუმცა საბოლოოდ მის გადაწყვეტილებას ოჯახმა მხარი დაუჭირა და ახლა ის მფრინავის პროფესიას ეუფლება.

მარი ჯაიანი1

მარი ჯაიანი / ფოტო გადაღებულია სარეკლამო კამპანიის – #ისანიკომფორტი ფარგლებში

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე მარიამმა ჯერ სამედიცინო შემოწმება გაიარა, შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მოხვდა. ამბობს, რომ კურსელთა გარკვეულმა ნაწილმა პირველი კურსის შემდეგ ფაკულტეტი შეიცვალა და ახლა თხუთმეტამდე ბიჭი და ორი გოგო სწავლობს ტექნიკურ საგნებს, რაც „თვითმფრინავზე დაჯდომის წინაპირობას წარმოადგენენ“. სტუდენტები მესამე კურსამდე უძრავი საფრენი აპარატების კაბინებში ეცნობიან თვითმფრინავს.

„რომ არა ჩემი მშობლების მხარდაჭერა, ძალიან გამიჭირდებოდა“, – ამბობს მარიამი. მიუხედავად მხარდაჭერისა, მშობლები დღემდე ნერვიულობენ და იმედს არ კარგავენ, რომ მარიამი მფრინავობას თუ არა, სამხედრო მფრინავობას მაინც გადაიფიქრებს.

მარიამი ყვება, რომ დედა ყოველ ჯერზე, როცა რაიმე ავიაკატასტროფის შესახებ გაიგებს, ურეკავს და ეკითხება ხომ არ შეუცვლია აზრი. თუმცა პასუხი ამ დრომდე უარყოფითია. მარიამი დარწმუნებულია, რომ პილოტობა არის ის, რაც ნამდვილად უნდა. ერთადერთი, რაზეც ამჟამად ორჭოფობს, განხრის არჩევაა: მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის უნდოდა და დღემდე ყველაზე მეტად სამხედრო ავიაცია აინტერესებს, მაინც ბოლომდე ვერ გადაუწყვეტია ამ უკანასკნელს აირჩევს თუ სამოქალაქო მიმართულებას.

მარი ჯაიანი

მარი ჯაიანი / ფოტო გადაღებულია სარეკლამო კამპანიის – #ისანიკომფორტი ფარგლებში

„ფიზიკურად პატარა ვარ. სამხედრო ავიაციაში აუცილებელია ძალა, შტურვალი დიდ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს“, – ამბობს მარიამი. ის ხშირად ვარჯიშობს, ჯანსაღად იკვებება და მოუთმენლად ელოდება იმ დღეს, როდესაც პირველად მოუწევს შტურვალის მართვა. მანამდე ჯერ კიდევ ერთი წელია. შემდეგ იქნება პირველი ფრენა.

ამ დღეს მარიამი განსაკუთრებით იმიტომაც ელოდება, რომ აქამდე სამოქალაქო თვითმფრინავითაც კი არასდროს უფრენია: „ცოტა უცნაურია, მაგრამ ფრენა ისე შემიყვარდა, რომ არასდროს მიფრენია. მგონია, რომ შემდეგ უფრო მეტად შემიყვარდება. ისედაც სიმაღლეები მიყვარს, თავისუფალი დრო თუ მაქვს, აუცილებლად მთებში მივდივარ, რაც შეიძლება მაღლა“.

რჩეულ საფრენ აპარატებსა და პილოტებზე საუბრისას მარიამი ამერიკელ ქალ პილოტებს იხსენებს, რომლებიც სხვადასხვა საუკეთესო სამხედრო მფრინავ აპარატებს მართავენ. განსაკუთრებული აღფრთოვანებით ამერიკულ ერთადგილიან, მოიერიშე რეაქტიულ თვითმფრინავ A10-ზე საუბრობს. ამბობს, რომ ამ საფრენი აპარატის მართვა მისთვის ზღაპრული ოცნებაა.

თუ საკუთარ ოცნებებს ბოლომდე მიჰყვება და საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებს კიდევ ერთხელ დაამსხვრევს, მარიამ ჯაიანი პირველი ქართველი სამხედრო მფრინავი ვერ იქნება, მაგრამ მცირერიცხოვან ქართველ სამხედრო მფრინავ ქალებს შორის პირველი ბათუმელი ქალი იქნება სამხედრო თვითმფრინავის შტურვალთან.

გადაბეჭდვის წესი