ზურაბ პატარაძე ბარათაშვილის 24-ში უნებართვოდ დანგრეულ ისტორიულ სახლზე

ბათუმში, ბარათაშვილის 24-ში უნებართვოდ დანგრეულ ისტორიულ სახლზე „ბათუმელების“ შეკითხვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ასე უპასუხა: „მნიშვნელოვანია, რა აშენდება იქ.“

რატომ არ აღმოჩნდა მთავრობისთვის  მნიშვნელოვანი ისტორიული სახლის ქალაქის ცენტრში უკანონოდ დანგრევა? – კითხვაზე ზურაბ პატარაძემ გვიპასუხა, რომ მერიასთან ერთად საერთო პოზიციის შემუშავებას ელოდება.

„მიმდინარეობს მუშაობა, შედგა საბჭოს სხდომა, სადაც მუშაობენ არქიტექტორები. აუცილებლად შემუშავდება საერთო პოზიცია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ქალაქის ძველი ნაწილი, რომ იქ არ მოხდეს სტიქიური მშენებლობები და მაღალი კორპუსების აშენება. ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ბათუმელების ინტერესებს. მე ჯერ-ჯერობით თავს ვიკავებ, დაველოდები საბოლოო შედეგს“.

რა იგულისხმება „საბოლოო შედეგში“, როცა ისტორიული სახლი უკვე განადგურებულია?

„იგულისხმება ის, რომ იქ უნდა განხორციელდეს მშენებლობა. არსებობს პროექტი ამასთან დაკავშირებით, მერია მუშაობს და უახლოეს პერიოდში იქნება სრული სურათი… მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ძველი ქალაქი, ისტორიულად ულამაზესი შენობები. ამ მიმართულებით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“, – ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

„რას კონკრეტულად?“  – ეს კითხვა ზურაბ პატარაძემ უპასუხოდ დატოვა. გვითხრა, რომ „ცოტა ხანში იქნება პასუხი“.

ბარათაშვილის 24-ში კომპანია „დარ ბილდინგი“ 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას აპირებს.

ბარათაშვილის #24 დანგრევამდე. შოთა გუჯაბიძის ფოტო
ბარათაშვილის #24 დანგრევამდე. შოთა გუჯაბიძის ფოტო

 

 

 

 

 

მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა აღარ განხორციელდება

2017  წელს მცირემიწიან ფერმერთა დახმარების სახელმწიფო პროგრამა აღარ განხორციელდება. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე, სოფლის მეურნეობის საკითხებში, მერაბ ტაკიძე ამბობს, რომ პროგრამის ვადებიდან გამომდინარე თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ეს პროგრამა 2017 წელს აღარ გაგრძელდებოდა.

„პროგრამა სამწლიანი იყო, თუმცა შემდეგ ერთი წელი დაამატეს და სულ ოთხ წელიწადს გაგრძელდა. წელს პროგრამა აღარ განხორციელდება, შესაბამისად, მოსახლეობას აგრო და ხვნის ბარათები აღარ დაურიგდებათ, დიდმა ნაწილმა ეს იცის, ვინც არ იცის და გვეკითხება, ვუხსნით“ – ამბობს მერაბ ტაკიძე.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მცხოვრები ნოდარ ართმელაძე აბობს, რომ აგრობარათები სოფლის მოსახლეობისთვის კარგი შეღავათი იყო: რადგანაც მიწას თვითონ ვამუშავებდი, ხვნის ბარათს არ ვიყენებდი ვაბრუნებდით, შემდეგ სანაცვლოდ აგრობარათზე დარიცხული თანხით კი აზოტს ვყიდულობდი, ოჯახისთვის ეს კარგი შეღავათი იყო, ჩვენი მთავარი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა, აზოტის გარეშე მოსავალი არ მოდის, ახლა აზოტი საკუთარი პენსიიდან უნდა ვიყიდო“.

ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლებში მცხოვრები მურმან არობელიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მიზნობრივი პროგრამიდან მიღებული აგრობარათით აზოტთან ერთად შხამ-ქიმიკატებს ყიდულობდა და ოჯახის მთავარი შემოსავლის წყაროს – კარტოფილის შესაწამლად იყენებდა.

„აგრობარათები დიდი არაფერი იყო, მაგრამ გლეხისთვის ერთი თეთრი დახმარებაც კი მნიშვნელოვანია. გვითხრეს, წელს ბარათები აღარ იქნებაო, წინა წლებში, როგორც მე, ასევე ჩემი მეზობლებიც, ხვნის ბარათს არ ვიყენებდით, მიწას ხარებით ვამუშავებდით, ტრაქტორით მიწას მხოლოდ 10% ამუშავებდა, გასულ წელს კი პირიქით იყო, აგრო ბარათით ერთ ტომარა აზოტს და შხამ-ქიმიკატებს ვყიდულობდი, მთელი წელი მყოფნიდა კარტოფილიოს შესაწამლად“ – ამბობს მურმან არობელიძე.

მცირემიწიან ფერმერთა დახმარების სახელმწიფო პროგრამა 2013 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდა, პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ამავე სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებდა.

მთავრობის მიერ დამტკიცებული ამ პროგრამით გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით აგრობარათით 767 018-მა ფერმერმა ისარგებლა.


ფოტო: მაღალმთიანი აჭარა, სოფელი ღორჯომი. მანანა ქველიაშვილის ფოტო არქივიდან

ზურაბ პატარაძე „5 მილიონის მითვისების საქმეზე“

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ სადმე არის დარჩენილი შავი ხვრელები, კორუფციის რისკები, იგი უნდა აღმოიფხვრას“, – განაცხადა დღეს, 25 თებერვალს ზურაბ პატარაძემ, აჭარის მთავრობის თვამჯდომარემ „5 მილიონი ლარის მითვისების საქმეზე“.

საუბარია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილი შპს „ჰიგიენა 2009“-ის ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე. კონრკეტულად, ამ სახელმწიფო შპს-ს დირექტორს, ირაკლი ცეცხლაძეს ქობულეთში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობსითვის განკუთვნილი ფულის, დაახლოებით 5 მილიონის ლარის მითვისება ედება ბრალად.

„მკაფიოდ მინდა ვთქვა, ყველა დაისჯება, თუკი ვინმეს აქვს სურვილი, რომ საბიუჯეტო სახსრებით ისარგებლოს, ეს არის გამორიცხული.  ჩვენ ვებრძვით კორუფციას. არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ამის საშუალებას საჯაროს მოხელეს, დაუშვეებელია კორუფცია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდიბარე, თავს შევიკავებ დამატებითი კომენტარისგან“, – უთხრა ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებს. მან დღეს სოფელ კაპრეშუმში ახალი სკოლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

„ბათუმელებმა“ ზურაბ პატარაძეს ჰკითხა, არის თუ არა მისი ინფორმაციით დაწყებული ძებნა დავით ბალაძეზე, ეკონომიკის ყოფილ მინისტრზე, ასევე დადგება თუ არა მოქმედი ეკონონიმიკის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.

„მე ვიცი, რომ ბრალდება წაუყენეს ირაკლი ცეცხლაძეს, ამ საწარმოს დირექტორს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არ დავუშვებთ კორუფციას ჩვენს რეგიონში. პასუხისმგელობა დადგება ყველა იმ თანამდებობის პირის, ვინც იყო ჩართული ამ დანაშაულში. ჩვენ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე და ბოლომდე ვიბრძოლებთ კორუფციის წინააღმდეგ“, – გვიპასუხა ზურაბ პატარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარეს შევახსენეთ, რომ სამართლებრივი პასუხისგებლობის გარდა, არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც. გარდა ამისა, რატომ არ არის სახელმწიფო შპს-ს დირექტორი შეზღუდული, მილიონობით სახელმწიფო თანხის განკარგვის დროს?

ზურაბ პატარაძემ თქვა, რომ არსებობს „შავი ხვრელები“, „რისკები კორუფციისთვის“ და მთავრობის მუშაობა ამ კუთხით გააქტიურდება.

„დაველოდოთ გამოძიებას, აუცილებლად იქნება განცხადებები ამასთან დაკავშირებით“, – დაამატა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე დროშები დაშვებული არ არის [ფოტო]

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილება: „ვინაიდან 25 თებერვალი არის საქართველოს ანექსიისა და ოკუპაციის დღე და ვინაიდან რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

  • გამოცხადდეს ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ.
  • დაევალოს საქართველოს მთავრობას ყოველი წლის 25 თებერვალს ოკუპაციის მსხვერპლთათვის პატივის მიგებისა და საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი სხვა ღონისძიებების პროგრამის შემუშავება და განხორციელება.
  • ყოველი წლის 25 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო დროშები.
  • ყოველი წლის 25 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდეს წუთიერი დუმილი ოკუპაციის მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად.
  • ეთხოვოთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, კერძო დაწესებულებებსა და საწარმოებს, თავი შეიკავონ საბჭოთა ოკუპაციის დღეს მასობრივი საზეიმო და გასართობ-სანახაობრივი ღონისძიებების გამართვისგან“.
IMG_20170225_122817
ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებული არ არის / 25.02.2017 / 12:20 სთ / ფოტო: თედო ჯორბენაძე
საკონსტიტუციო სასამართლო / 25.02.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
საკონსტიტუციო სასამართლო / 25.02.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობა / 25.02.2017
ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობა / 25.02.2017
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო და აჭარის დროშებებზე შავი ლენტებია მიმაგრებული / 25.02.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო და აჭარის დროშებზე შავი ლენტებია მიმაგრებული / 25.02.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
აჭარის მთავრობის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო და აჭარის დროშებებზე შავი ლენტებია მიმაგრებული / 25.02.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
აჭარის მთავრობის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო და აჭარის დროშებზე შავი ლენტებია მიმაგრებული / 25.02.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციული შენობა / 25.02.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ოკუპაციის დღე / „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის შენობაზე დროშები დაშვებულია / 25.02.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

ძალადობისთვის გასამართლებულმა ქმარმა ცოლს, სავარაუდოდ, ხელახლა სცემა

ცოლზე ძალადობა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ი. შ.-ს ედება ბრალად. ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება – დაახლოებით სამი თვის წინ მან ცოლზე ფიზიკური ძალადობა აღიარა და საპროცესი შეთანხმება გაუფორმდა. პროკურატურასთან გარიგებას ბრალდებულმა შესაძლოა ხელახლა მიაღწიოს. ამის გამო მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინამოსამზადებელი სხდომა მარტის ბოლომდე გადადო.

„ცოტა რომ დავაჩქაროთ, არ შეიძლება?“ – მიმართა პროკურორ გიორგი რამიშვილს ბრალდებულმა. პროკურორმა განმარტა, რომ შეთანხმებას ართულებს ის, რომ სავარაუდო დანაშაულის ფაქტი პირობითი მსჯავრის ქვეშ არის ჩადენილი. მოსამართლემ ბრალდებულს უთხრა, რომ თუკი შეთანხმება გაფორმდება, სასამართლო უფრო ადრე, ორი კვირის განმავლობაში დაასრულებს პროცესს.

საქმეში მთავარი მოწმეები არიან ბრალდებულის ცოლი და  მისი მცირეწლოვანი შვილი. დაახლოებით 14 წლის მოზარდი ბრალდებულს გერად ეკუთვნის. დედა-შვილმა უკვე მისცა ჩვენება გამოძიებას, თუმცა ჯერ უცნობია, მოუყვებიან თუ არა ისინი ძალადობის შესახებ მოსამართლეს.

„სავარაუდოდ დაზარალებული ქალი უარს ამბობს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე“, – უთხრა „ბათუმელებს“ პროკურორმა, გიორგი რამიშვილმა. ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმების ინტერესი ამ შემთხვევაში დაზარალებულია, ვისთვისაც ერთადერთი მარჩენალი ქმარია.

„ჯერ დაზუსტებული არ არის დაზარალებულის პასუხი, მაგრამ თუ იგი უარს იტყვის ჩვენების მიცემაზე, დიდი ალბათობით ჩვენ გავაფორმებთ საპროცესო შეთანხმებას. მოწმეს შეუძლია უარი თქვას ჩვენების მიცემაზე მისი ოჯახის წევრის ან ნათესავის წინააღმდეგ. დაზარალებულის ინტერესი არის ჩვენთვის ამოსავალი,“ – ამბობს გიორგი რამიშვილი.

ბრალდებულს უკვე გაუგზავნია პროკურატურისთვის მეუღლის და გერის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი ჩვენებას სასამართლოს არ მისცემენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ადვოკატმა, დავით საფარიძემ უთხრა. მისივე განმარტებით, დაზარალებულ დედა-შვილს ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია თქვას, რომ გადაიფიქრეს და ჩვენება მისცეს ბრალდებულის წინააღმდეგ.

გამოძიების ეტაპზე დაზარალებულმა ქალმა გამომძიებელს უთხრა, რომ ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა საკუთარ სახლში მიაყენა შვილის თვალწინ, თუმცა მაშინ პოლიციისთვის არ დაურეკავს. პოლიციაში შეტყობინება რამდენიმე დღის შემდეგ შევიდა, როცა ბრალდებულმა ცოლს ქუჩაში დაუწყო გინება.

ჩვენების მიცემის შემდეგ, დაზარალებულმა ქალმა სასამართლოს მიმართა და მოითხოვა საერთო ქონების გაყოფა, ასევე ქმრისთვის ალიმენტის დაწესება. ეს სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა. ცოლ-ქმარს განქორიწნების მოთხოვნით ჯერ სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

თუკი საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება და საქმის არსებითი განხილვა გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდება, ბრალდებულს ელოდება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე.

თუკი საპროცესო შეთანხმება შედგება, ამ შემთხვევაში, ისევ პირობით მსჯავრს შეუფარდებენ ბრალდებულს და მას პატიმრობა არ მოუწევს. სასჯელის ეს ფორმა – პირობითი მსჯავრი ყველაზე ხშირად გამოიყენება საქართველოში ოჯახში მოძალადეების დასასჯელად.

 

 

 

„მერი ძველ ბათუმში მშენებლობის შესაზღუდად თავისავე პრაქტიკას არ იყენებს”

ბათუმელი სამოქალაქო აქტივისტები ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით ბათუმის მერ გიორგი ერმაკოვს მეორედ შეხვდნენ. მერმა მორატორიუმის სამართლებრივი საფუძვლების მოსამზადებლად ათი დღის ვადა ითხოვა, მაშინ, როცა ბათუმის მერია მსგავს პრაქტიკას 2013 წლამდე, წლების განმავლობაში მიმართავდა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტებით გუშინ მერთან შეხვედრაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის წარმომადგენელი ნათია ზოიძე მივიდა.

„პირველი შეხვედრა დასრულდა იმ შეთანხმებით, რომ მერი იურისტებთან ერთად მოძებნიდა სამართლებრივ გზებს – მოქალაქეების ინიციატივა ქალაქის ისტორიულ ნაწილში მშენებლობის ნებართვის დროებით გაცემის შეზღუდვასთან დაკავშირებით რომ ყოფილიყო გათვალისწინებული. შეზღუდვა დაწესდებოდა მანამ, სანამ  მერია მოამზადებდა ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას“, – აცხადებს ნათია ზოიძე.

პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის მიერ გამოცემული განკარგულება #540. 2007 წელი
პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის მიერ გამოცემული განკარგულება #540. 2007 წელი

სამოქალაქო აქტივისტები ელოდნენ, რომ მეორე შეხვედრაზე გიორგი ერმაკოვი მათ წარუდგენდა ამ საკითხზე თავის ჩამოყალიბებულ ხედვას. შუალედურ  პერიოდში „ბათომმა“ ონლაინპეტიცია მოამზადა, რითაც ისევ დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვდა ქალაქის ისტორიულ ნაწილში. 10-დღიანი პაუზის შემდეგ უკვე მეორე შეხვედრა შედგა მერსა და მოქალაქეებს შორის.

„ჩემი დაკვირვებით, პირველი და მეორე შეხვედრა, შედეგის თვალსაზრისით, არ იყო განსხვავებული. მერმა თქვა, რომ მას სჭირდება კიდევ 10 დღე სამართლებრივი გზების მოსაძებნად. ეს კითხვებს აჩენს: მერს ან პოლიტიკური ნება არ გააჩნია საკითხის გადასაწყვეტად, ან სახეზე გვაქვს კომპეტენციის პრობლემა. ამის თქმის საფუძეველს მაძლევს ის, რომ მერია არ დაეყრდნო თავის პრაქტიკას, რომელსაც იყენებდა 2007-2013 წლებში. ამ წლებში ბათუმის მერია, საკრებულოს თანხმობით, მიმართავდა ქვეყნის პრემიერს ქალაქ ბათუმის ისტორიულ  ნაწილში მშენებლობის ნებართვის შეზღუდვის თაობაზე. ეს თავდაპირველად  იყო ერთწლიანი შეზღუდვა. 2010 წელს კი ბათუმის მერიამ და საკრებულომ მიიღეს 3-წლიანი შეზღუდვის უფლება ისტორიულ ნაწილში. 2013 წლიდან ბათუმის მერიას ეს პრაქტიკა აღარ  გამოუყენებია. შესაბამისად, ბოლო პერიოდში უფრო თვალსაჩინო გახდა მაღალსართულიანი მშენებლობები ბათუმის ისტორიულ ნაწილში. იურისტები, რომლებიც ამ დოკუმენტაციაზე მუშაობდნენ 2007 -2013 წლებში, დღესაც მერიასა და საკრებულოში მუშაობენ. მერს თავის იურიდიულ სამსახურთან კომუნიკაცია არ აქვს? აბა, რით ავხსნათ ეს? თუ ნება გაქვს და დრო არ გაქვს, მერიის არქივიდან  დოკუმენტის ამოღებას და ახალი დოკუმენტის მომზადებას 4 წელი არ სჭირდება“, – ამბობს ნათია ზოიძე.

2007 წელს, ძველი ბათუმის ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდში, ქალაქმშენებლობის რეგულაციების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის თაობაზე განკარგულება, ბათუმის საკრებულოს თხოვნით, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გამოსცა.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ „დროებითი შეზღუდვის პერიოდში „ძველი ბათუმის“ ტერიტორიაზე მშენებლობა, რეკონსტრუქცია და დემონტაჟი მხოლოდ ქალაქმშენებლობის დადგენილი რეგულაციების განსაკუთრებული რეჟიმით გათვალისწინებულ შემთხვევებში იქნებოდა შესაძლებელი“. ეს გადაწყვეტილება  ბათუმის მერიის დასაბუთებული წერილობითი წინადადების საფუძველზე უნდა მიეღო აჭარის მთავრობის მიერ შექმნილ დროებით კოლეგიურ ორგანოს – განაშენიანების რეგულირების საბჭოს.

მსგავსი შინაარსის განკარგულება, ბათუმის საკრებულოს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ 2013 წლამდე რამდენჯერმე გამოსცა.

 

ქედის გამგებელი: მოსახლეობის პეტიცია შესრულდება

მოსახლეობის მიერ პეტიციით მოთხოვნილ საკითხებს ქედის გამგეობა 2017 წელს მოაგვარებს – განაცხადა ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ დღეს, 24 თებერვალს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე.

მოსახლეობა პეტიციით ქედაში პარკინგისა და საბავშვო ბაღებში ბავშვთა გასართობი კუთხეების მოწყობას, სოფლებში აბრების განთავსებასა და ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სახიფათო მონაკვეთებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მოითხოვდა.

დავით დუმბაძე
დავით დუმბაძე

„შემოსულ პეტიციებზე აქტიურად ვიმუშავეთ, იყო საკითხები, რომელთა მოგვარება გამგეობას 2017 წლისთვის გაწერილი ისედაც ჰქონდა, მმოსახლეობის ოთხივე მოთხოვნა 2017 წლის განმავლობაში შესრულდება.  დაბა ქედასა და მახუნცეთის ტერიტორიაზე სულ ოთხი საავტომობილო პარკინგი, ხოლო საბავშვო ბაღებში გასართობი კუთხეები მოეწყობა. რაც შეეხება სოფლებში აბრების განთავსებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას, ეს საკითხი გადაწყვეტილია, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შევთანხმდით და როგორც კი თოვლის დნობა დაიწყება, დავიწყებთ აბრების განთავსებას.  ცენტრალურ საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე ორი სახიფათო მონაკვეთია, ამ მონაკვეთების გამართვასთან დაკავშირებით გასულ წელს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოამზადა პროექტი, რომლის მიხედვითაც გზის 39-ე და 50-ე მონაკვეთები გაფართოვდება“ – ამბობს გამგებელი.

კითხვაზე, რამდენი დაიხარჯება ამ სამუშაოებისთვის, დავით დუმბაძე პასუხობს, რომ  საჭირო თანხის ოდენობა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვების მომზადების შემდეგ გახდება ცნობილი.

სხდომას ქედაში პეტიციის წარმდგენი მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. „ოთხივე საკითხზე შეთანხმება შედგა და როგორც გვაცნობეს, მიმდინარე წელს პეტიციით მოთხოვნილი საკითხები მოგვარდება, ეს შესული პეტიცია იყო ქედის საკრებულოში, შესაბამისად საჭიროდ ჩავთვალეთ ისეთი პრობლემების მოგვარება მოგვეთხოვა, რაც მარტივად შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო, სამომავლოდ უფრო მასშტაბური პროექტების წარდგენას ვგეგმავთ პეტიციის სახით,“ – ამბობს  ვლადიმერ თებიძე, პეტიციის წარმდგენი.

პეტიციები მუნიციპალიტეტებში ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის  – „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში მომზადდა და ქედის საკრებულოში გასული წლის 26 აგვისტოს შევიდა.

ვინ დაინტერესდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ხელნაწერით

ჩაქვის მეფე დავითის სახელობის სკოლაში, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ბოლო სამი წლის მანძილზე მენეჯერად მუშაობდა, 23 თებერვალს დეკანოზის ხელნაწერის წასაღებად მივიდნენ. სკოლის დირექტორის მოადგილე მარიამ ტარიელაძე ამბობს, რომ სკოლაში მისული მას გაეცნო, როგორც აჭარის პროკურატურის თანამშრომელი და დოკუმენტი წარუდგინა, თუმცა დირექტორის მოადგილე არ არის დარწმუნებული, რომ იგი პროკურატურის წარმომადგენელი იყო.

„ხელით ნაწერი ნებისმიერი დოკუმენტი უნდოდა. ხელით მამაო არაფერს წერდა, ის ხელს აწერდა დაბეჭდილ დოკუმენტს. ავუხსენი, რომ მას დოკუმენტაციაში ასე ვერ ჩავახედებდი და თუ მოიტანდა განჩინებას, მაშინ შეეძლებოდა დოკუმენტების ნახვა. მაგრამ ის სვამდა კითხვას – არის თუ არა? ვეუბნებოდი, არ ვიცი, როცა შენ მოიტან შესაბამის დოკუმენტს, მაშინ გადახედე. მე ეჭვი მეპარება, რომ ის პროკურატურიდან იყო, რადგან მოთხოვნის პროცესი არ შეესაბამებოდა კანონს. წავიდა და ისევ დაბრუნდა, ტელეფონზე საუბრობდა, მისი თქმით, გამომძიებელს, რომელიც ეუბნებოდა, აქ იქნება, იქ იქნებაო. ავტობიოგრაფია იქნება ხელით ნაწერი, პატარა ფურცელზეც რომ იყოს, საკმარისი იქნებაო.  ვუთხარი, რომ საპატრულოს გამოვიძახებდი, თუ არ წავიდოდა, რადგან სასწავლო პროცესი იყო.“

დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ არ დაასახელებს იმ პირის ვინაობას, ვინც მასთან იყო პროკურატურის სახელით, თუმცა მის შესახებ უკვე აცნობა გიორგი მამალაძის ადვოკატებს.

საქართველოს პროკურატურაში „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო პასუხი, იმყოფებოდა თუ არა სკოლაში პროკურატურის თანამშრომელი. პრესსამსახურში ინფორმაციის გარკვევას დაგვპირდნენ, თუმცა შემდეგ სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაქვის გიმნაზიაში ბოლო სამი წლის მანძილზე მუშაობდა.

დღეს მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დაცვის მხარე გამომძიებელს შეხვდება, რის შემდეგაც დაიწყება ე.წ. ციანიდის საქმეში არსებული აუდიოჩანაწერების ექსპერტიზა.
__________________________________________________________

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ხელვაჩაურის გამგეობიდან ფეხმძიმე ქალის გათავისუფლებაზე

უზენაესმა სასამართლომ განუხილველად დატოვა გულნაზ ღლონტის საქმე. შესაბამისად, ძალაში დარჩა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გულნაზ ღლონტის გათავისუფლება ხელვაჩაურის გამგებეობიდან უკანონოდ შეფასდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ხელვაჩაურის გამგეობამ სამსახურში უნდა დააბრუნოს და 2015 წლის იანვრიდან აღდგენის დღემდე განაცდურიც გადაუხადოს.

2015 წლის იანვარში გულნაზ ღლონტი ხელვაჩაურის გამგეობიდან მაშინ გაათავისუფლეს, როცა იგი დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა. მანამდე იგი სოფელ განთიადში გამგებლის რწმუნებულის მოვალებას ასრულებდა. გამგეობამ კონკურსი ჩაატარა, თუმცა სასამართლოს შეფასებით, გამგეობას არ უნდა განეხილა ვაკანსიად ის სამუშაო ადგილი, რომელიც ფეხმძიმე ქალს ჰქონდა დაკავებული.

2016 წლის თებერვალში ხელვაჩაურის გამგებლის ხელმოწერილი გათავისუფლების ბრძანება უკანონოდ მიიჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლომ. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება მაშინ ხელვაჩაურის გამგებელმა, ნადიმ ვარშანიძემ ასე შეაფასა: „ეს იყო ანომალიური მოვლენა სასამართლოს მხრიდან, ასეთ გადაწყვეტილებას სხვაგან ვერ ნახავთ“.

როგორ აფასებს ნადიმ ვარშანიძე საქმის წაგებას სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში? – კითხვებს ხელვაჩაურის გამგებელმა ამჯერად აღარ უპასუხა. გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება  გამგეობას ჯერ არ ჩაბარებია და კომენტარს მისი გაცნობის შემდეგ გააკეთებენ.

„ანომალურ მოვლენად“ შეფასებული ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება ნადიმ ვარშანიძეს ზემდგომ ინსტანციაში აღარ გაუსაჩივრებია. სარჩელით სააპელაციო სასამართლოს ჯიმშერ ბერიძემ მიმართა. ის ხელვაჩაურის გამგეობის თანამშრომელია, რომელმაც კონკურსის შემდეგ, 2015 წლიდან გულნაზ ღლონტი ჩაანაცვლა. მანამდე, ბათუმის სასამართლოში ჯიმშერ ბერიძე მხოლოდ დაინტერესებულ პირის სტატუსით მონაწილეობდა.

2016 წლის ივნისში ქუთაისის სააპელაციო სასმართლომ განიხილა და ძალაში დატოვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ჯიმშერ ბერიძემ უზენაეს სასამართლოს მიმართა, სადაც მას საქმის წარმოებაში მიღებაზე უარი უთხრეს.

„ხელვაჩაურის გამგეობა ვალდებულია აღადგინოს უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი და გადაუხადოს განაცდური“, – გვითხრა ანა მდირაძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა. მისი შეფასებით, გამგეობას აქვს უფლება გაათავისუფლოს თანამშრომელი, ამ შემთხვევაში ჯიმშერ ბერიძე, რომელიც კონკურსის წესით დაინიშნა.

აქვს თუ არა უფლება ჯიმშერ ბერიძეს, რომელმაც ვაკანტური ადგილი კონკურსის შედეგად დაიკავა, იდავოს სასამართლოში ხელვაჩაურის გამგეობის წინააღმდეგ – ანა მდინარაძე ამბობს, რომ აქვს.

„ამ კუთხით კანონმდებლობა მოწესრიგებული არ არის. კონკურსის წესით დანიშნულ პირს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს, თუმცა კანონი საჯარო სამსახურის შესახებ ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონოდ ფასდება იმავე პოზიციაზე მის დანიშვნამდე მომუშავე პირის გათავისუფლება“, – გვითხრა ანა მდინარაძემ.

ჯიმშერ ბერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სასაუბროდ არ სცალია. რაც შეეხება განაცდურს – ხელვაჩაურის გამგეობას ამ დროისთვის ნადიმ ვარშანიძის უკანონო გადაწყვეტილებისთვის დაახლოებით 10 ათასი ლარი აქვს გადასახდელი.

მედეა ვასაძე: მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, იმ ხუთ მილიონს ძალიან შორსაც ნუ მოძებნიან

დღეს, 23 თებერვალს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პარტია „ემსახურე საქართველოს“ წევრმა მედეა ვასაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ 5 მილიონი ლარის სავარაუდო მითვისებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მედეა ვასაძის თქმით, „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილ ხელმძღვანელს ირაკლი ცეცხლაძეს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ კიდევ ოთხ საწარმოში ეკავა დირექტორის თანამდებობა, რომელთაგან მხოლოდ ორი იყო მოქმედი, ორი კი გაკოტრების რეჟიმში. ეს შპს-ებია: „ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და საბინაო კომუნალური მეურნეობის სამმართველო“, „ქობულეთის რაიონული საავადმყოფო“, „ნავსაყუდელი“, „ტყის ნობათის“ და „პანსიონატი მზიური“. 
 
მედეა ვასაძე ფინანსურ სამსახურს მოუწოდებს, „შეამოწმონ იმ დანარჩენი შპს-ების ფინანსური საქმიანობაც, რომელთაც ირაკლი ცეცხლაძე ხელმძღვანელობდა. 
ეკონომიკის სამინისტროში ლობირებს საწარმოთა მართვის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს აჭარის ყოფილი თავმჯდომარის მამა, თამაზ ხაბაძე. ეს (ირაკლი ცეცხლაძე) გახლავთ ძველი კადრი. მიუხედავად იმისა, რომ საწარმო შექმნილია 2009 წელს, ირაკლი ცეცხლაძე ფინანსთა სამინისტროს მიერ შექმნილ საწარმოებში საქმიანობს 2006-2007 წლიდან“. მისივე თქმით, კონკურსის პირობები, რომელიც „ჰიგიენა 2009“-ს დირექტორის თანამდებობისთვის გამოაცხადეს, მორგებული იყო ცეცხლაძის ბიოგრაფიულ მონაცემებს და კონკურსი მხოლოდ ფორმალობა იყო“.
 „ეს ძალიან დიდი თანხაა, მარტო ცეცხლაძე ვერ წაიღებდა ამ თანხას… მე ვფიქრობ, რომ ეს ორგანიზებული დანაშაულია და სხვათა შორის, რამდენადაც ვიცი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაჟღერდა, რომ რამდენიმე ადამიანზეა ლაპარაკი… მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, იმ ხუთ მილიონს ძალიან შორსაც ნუ მოძებნის, მოძებნოს აჭარის ეკონმიკისა და ფინანსთა სამინისტროს ყოფილი მინისტრ ბალაძეს, „მამა ხაბაძესა“ და მთავრობის ყოფილ თამჯდომარეს შორის“, – თქვა ვასაძემ. 
„ბათუმელებმა“ აჭარის ყოფილ ფინანსთა მინისტრს დავით ბალაძესა და აჭარის  მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძესთან დაკავშირება ვერ მოახრეხა.

რა გადაწყდა „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებისა და ბათუმის მერის შეხვედრაზე

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებისა და ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვს შეხვედრა.

21 თებერვალს საზოგადოება „ბათომმა“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პეტიცია შეიმუშავა, რომლითაც ძველ ბათუმში ისტორიული ნაგებობების ნგრევის პროცესს აპროტესტებენ და ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.

გიორგი ერმაკოვის განმარტებით, შეხვედრის შედეგად მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ ხვალ მათი იურისტები შეხვდებიან ერთმანეთს, იმისთვის, რომ დააზუსტონ ძირითადი სამართლებრივი საფუძვლები, რაც გარკვეული შეზღუდვების გამოცხადებისთვის არის საჭირო. მერის თქმით, ამ დეტალებზე მომდევნო კვირისთვის შეჯერდებიან.

რაც შეეხება ზონირების საკითხს, მერია კულტურის სამინისტროსგან პარალელურად გამოითხოვს არსებულ ძველ საყრდენ გეგმას და მოითხოვს მის განხილვას. გიორგი ერმაკოვის განმარტებით, საყრდენი გეგმა განხილული და მოწონებული უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის მიერ, შემდეგ კი უნდა წარედგინოს კულტურის სამინისტროს, რომელმაც ზონირების საკითხი  მთავრობასთან შუამდგომლობით უნდა განსაზღვროს.“

„გამოვითხოვთ ამ ინფორმაციას და ერთობლივად, დაინტერესებული პირების ჩართულობით (იქნება ეს მუნიციპალიტეტი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო თუ  საზოგადოება), კომპეტენიის შესაბამისად გავაკეთებთ კომისიას, რომელიც იმსჯელებს ზონირებაზე“ – ამბობს გიორგი ერმაკოვი.

საინიციატივო ჯგუფის წევრების მოთხოვნების შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში თბილისელი ქირურგები კონსულტაციებს ჩაატარებენ

24 თებერვალს, 11:00 -16:00 სთ-მდე მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში თბილისიდან მოწვეული ბავშვთა ქირურგი ზვიად ბულისკერია და ორთოპედი ლაშა ძიძიგური კონსულტაციებს ჩაატარებენ, ასევე, საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ოპერაციები.

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05

16830756_1316233495124029_3285267078594429043_n

ირაკლი ცეცხლაძე, რომელსაც 5 მილიონი ლარის მითვისება ედება ბრალად, მინსკში გაფრინდა

შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორის თანამდებობაზე ირაკლი ცეცხლაძე 2014 წელს დაინიშნა. მაშინ 34 წლის ირაკლი ცეცხლაძის ყოველთვიურ ხელფასად განისაზღვრა 400 ლარი. ირაკლი ცეცხლაძის მიერ 5 მილიონი ლარის მითვისებაზე გუშინ, 22 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია.

ირაკლი ცეცხლაძესთან ხელშეკრულების გაფორმება დაევალა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის საწარმოთა მართვის განყოფილების ხელმძღვანელს. თანამდებობის პირი, ვინც ეს ხელშეკრულება გააფორმა, იყო თამაზ ხაბაძე, რომელიც არის საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრის და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მამა.

ირაკლი ცეცხლაძე, ფოტო დოკუმენტიდან
ირაკლი ცეცხლაძე, ფოტო დოკუმენტიდან

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ჰიგიენა 2009“-ის ანგარიშიდან ირაკლი ცეცხლაძემ პირველად თანხა ჯერ კიდევ მაშინ გაიტანა, როდესაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავით ბალაძე ხელმძღვანელობდა და გააგრძელა მოქმედი მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის ხელმძღვანელობის პერიოდშიც. დავით ბალაძე თანამდებობიდან 2016 წლის ივლისში გადადგა. დავით ბალაძისთვის მაშინ საგანგებოდ შეიქმნა თანამდებობა – ის საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი ცეცხლაძემ 5 მილიონი ლარი რამდენიმე ეტაპად მოხსნა კომპანია „ჰიგიენა 2009“-ის ანგარიშიდან. კომპანიის წესდების მიხედვით, დირექტორს ერთპიროვნულად შეეძლო თანხის განკარგვა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი ცეცხლაძე საქართველოდან ბელორუსში, კონკრეტულად ქალაქ მინსკში, თებერვალში გაემგზავრა.

5 მილიონი, რომლის მითვისებშიც დირექტორს  ედება ბრალი, გათვალისწინებული იყო ცეცხლაურში მცხოვრები მოსახლეობის კომპენსირებისთვის. როგორც ცნობილია, ცეცხლაურში უნდა აშენდეს ნაგავსაყრელი. შესაბამისად, იგეგმება იქ მცხოვრები ოჯახების განსახლება.

აჭარაში ნაგავსაყრელის აშენების ვალდებულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს. ამ პროექტის განხორციელებისთვის აჭარის მთავრობას ფინანსურად ეხმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA). პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი, სამინისტროს მონაცემებით, 7 მილიონი ევროა.

ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის თანხა გამოიყოფოდა აჭარის ბიუჯეტიდანაც.

თავდაპირველად პროექტის განხორციელების პერიოდად განისაზღვრა 2010-2015 წლები, მაგრამ აჭარის მთავრობამ დათქმულ ვადებში ნაგავსაყრელის პროექტის მომზადებაც კი ვერ მოახერხა. შესაბამისად, პროექტის ვადების დარღვევისთვის ქართული მხარე არაერთხელ დაჯარიმდა, მაგალითად, აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადის სახით, 2011-2014 წლებში, 153,8 ათასი ლარი აქვს გადახდილი“.

„ჰიგიენა 2009“ მშენებლობასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე 400 000 ლარის ტენდერი 2016 წელს გამოაცხადა. ტენდერი ლატვიაში დაფუძნებული საწარმოს ფილიალმა, შპს „ფორმა 2“-მა მოიგო.

კომპანიის ბიუჯეტიდან ირაკლი ცეცხლაძის მიერ 5 მილიონი ლარის მითვისების შესახებ ინფორმაცია, საგანგებო ბრიფინგზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გუშინ, 22 თებერვალს გავრცელა.

რა ბიზნესინტერესები აქვთ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს – „გამჭვირვალობის” კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას მიმართავს, უახლოეს სხდომაზე იმსჯელოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატების: ზაზა ოქუაშვილისა და დავით თედორაძის ინტერესთა შეუთავსელობის ფაქტების შესახებ; მოუწოდებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს: გიორგი ცინცქილაძეს, გიორგი მანველიძეს, გია აბულაძეს, ილია ვერძაძეს უმოკლეს დროში შეიტანონ ცვლილებები წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციებსა და დოკუმენტში ასახონ გასულ წელს მიღებული შემოსავალი; საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს – დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება საბჭოს იმ წევრებისთვის სანქციების დასაკისრებლად, რომელთაც კანონით გათვალისწინებულ ვადაში ან/და სრულად არ წარუდგენიათ ქონებრივი დეკლარაცია – ამაზე დღეს, 23 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისში მალხაზ ჭკადუამ ისაუბრა, ორგანიზაციის რეგიონული ოფისების მენეჯერმა. ორგანიზაციამ დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მეოთხე მოწვევის დეპუტატების ბიზნესინტერესების შესახებ კვლევა წარმოადგინა.

„საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს – ზაზა ოქუაშვილსა და დავით თედორაძეს ინტერესთა შეუთავსებლობა აქვთ, საბჭოს რამდენიმე წევრთან დაკავშირებული კომპანიები აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში, ხოლო ნუგზარ სურმანიძესთან, გიორგი ცინცქილაძესთან, ხვიჩა შარაშიძესთან და გია აბულაძესთან დაკავშირებულ შპს-ებთან ათეულობით პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებებიც გაფორმდა. ასევე, უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილს კანონით დადგენილ ვადებში არ წარმოუდგენიათ ქონებრივი დეკლარაცია.

[highlight color=red ] უმაღლესი საბჭოს წევრები, რომელთა ინტერესები სახელმწიფო შესყიდვებს უკავშირდება [/highlight]

ნუგზარ სურმანიძე – უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების იმპორტიორი კომპანია „ვიტაფარმის” 10%-იანი წილის მფლობელია. 2017 წლის 20 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში სურმანიძეს მითითებული აქვს, რომ აღნიშნულ კომპანიიდან 2016 წელს 2850 ლარი მიიღო.

აღნიშნულმა შპს-მ სამკურნალო დაწესებულებების მიერ გამოცხადებულ 48 ტენდერში გაიმარჯვა და ჯამში 3 მილიონზე მეტი ლარის შემოსავალი მიიღო, მათ შორის 2012-2016 წლებში, როდესაც ნუგზარ სურმანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო, მანამდე კი სურმანიძე ამავე უწყების მინისტრის მოადგილე იყო. 48 ტენდერში, სადაც კომპანიამ გაიმარჯვა, „ვიტაფარმს“ 27-ში კონკურენტი არ ჰყოლია.

შპს „ვიტაფარმთან” აჭარაში მოქმედი სამედიცინო და სხვა საჯარო დაწესებულებები აქტიურად აფორმებდნენ პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებებსაც: 2012 წლის აპრილიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, კომპანიას 44 პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულებებით მიღებული აქვს 73 000 ლარზე მეტი. 44 ხელშეკრულებიდან მხოლოდ 5 ითვალისწინებდა 5 000 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების გაწევას.

შპს „ვიტაფარმას“ მომსახურების შემსყიდველებს შორის ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო ლიდერობს.
ხვიჩა შარაშიძე – საჯარო რეესტრის მონაცემებით, შარაშიძე რამდენიმე სამშენებლო კომპანიის მეწილეა: „დუპლესი – სამშენებლო კომპანიაში”,„დუპლექსში”, „ვოქსში”, „ჩემს სახლში” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი 50%-იან წილებს ფლობს. აღნიშნული კომპანიები ბათუმში საცხოვრებელ სახლებს აშენებენ. ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ შარაშიძემ „დუპლექსიდან” 2016 წელს, შემოსავლის სახით, 143 675 ლარი მიიღო.

დასახელებული კომპანიებიდან ერთ-ერთი – „ვოქსი“ 2012 წელს აქტიურად აფორმებდა პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულებებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, კომპანიამ სარესტორნო მომსახურების 21-ჯერ გაწევის სანაცვლოდ უწყებისგან 36 000-ზე მეტი ლარი მიიღო.

გიორგი ცინცქილაძე – 2016 წლის 12 დეკემბრამდე შპს „ხელვაჩაურის საგზაოს“ დირექტორი იყო.

გიორგი ცინცქილაძის დირექტორობის დროს „ხელვაჩაურის საგზაომ“ 34 სახელმწიფო ტენდერში მიიღო მონაწილეობა, მათგან 25-ში გაიმარჯვა. ამ ტენდერებიდან 19-ში „ხელვაჩაურის საგზაოს“ კონკურენტი არ ჰყოლია – ყველა კონტრაქტი კომპანიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საქვეუწყებო დაწესებულებასთან – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტთან გააფორმა. ჯამში კომპანიამ ელექტრონული ტენდერების გზით 1 782 642 ლარი მიიღო.

ამავე დეპარტამენტმა 2012 წლის სექტემბრიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით, „ხელვაჩაურის საგზაოს“ პირდაპირი შესყიდვის 9 ხელშეკრულება გაუფორმა – ჯამში კომპანიამ სამშენებლო სამუშაოების გაწევისთვის აღნიშნულ წლებში პირდაპირი შესყიდვის გზით 384 206 ლარი მიიღო.

გია აბულაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩეული წევრი გია აბულაძე, საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის 20 ნოემბრიდან 2014 წლის 14 მარტის ჩათვლით, შპს „ოცნების“ დირექტორი იყო. ეს შპს 1996 წელს დაფუძნდა, სამეურნეო საქონელს ყიდის და კომერციულ საქმიანობას ეწევა.

შპს „ოცნება“, კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, 7 ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა, საიდანაც ორში გაიმარჯვა და მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, 10 880 ლარი მიიღო. გაცილებით მეტია იმ ხელშეკრულებათა რაოდენობა, რომელიც პირდაპირი შესყიდვის წესით გაფორმდა შპს-თან: 2012 წლის 26 მარტიდან 2016 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან შპს „ოცნებამ” მომსახურების პირდაპირი გზით გაწევის მიზნით, 62 ხელშეკრულება გააფორმა, ჯამში 44 026 ლარი მიიღო, მათ შორის გია აბულაძის დირექტორობის დროს გაფორმდა 19 პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება ჯამური ღირებულებით 11 438 ლარი. არც ერთი პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება 5 000 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების გაწევას არ ითვალისწინებდა.

გია აბულაძე 2010-2012 წლებში ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი იყო. მასთან დაკავშირებული კომპანიის – „ოცნების” პირდაპირი შესყიდვების უმრავლესობა სწორედ ზოგადსაგანმანათლებლო, სასპორტო და სახელოვნებო სკოლებისთვის მომსახურების გაწევას ითვალისწინებდა. „ოცნების” დირექტორობის დროს გია აბულაძის მიერ გაფორმებული 19-ვე პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულების ხელმომწერები ზემოდასახელებული სკოლების, ასევე ბათუმის საზღვაო აკადემიის, აჭარის განათლების ფონდის, კოლეჯ “ბლექსის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელები არიან.

გია აბულაძე სხვა კომპანიის დირექტორიც იყო – აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, 2016 წლის 1-ელ აგვისტოს, კომპანია „ჯიაიემჯი აპარტმენტის” ხელმძღვანელობიდან გადადგა. 2013 წლის 19 ივლისს რეგისტრირული შპს-ს 100%-იანი წილი ავსტრიაში რეგისტრირებულ კომპანია GIMG-ს ეკუთვნის და საქმიანობის სფერო გასართობი ღონისძიებების ორგანიზებაა. 2014 წლის 29 აგვისტოს აღნიშნულ კომპანიასთან, გია აბულაძის დირექტორობის დროს, ბათუმის კულტურის ცენტრმა მომსახურების პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა: „ჯიაიემჯი აპარტმენტს”, 1500 ლარის მიღების სანაცვლოდ, ბათუმობის დღესასწაულზე მიწვეული სტუმრების ფურშეტით გამასპინძლება დაევალა.

უცნობია, რა თანხა მიიღო გია აბულაძემ „ჯიაიემჯი აპარტმენტის” დირექტორობიდან 2016 წლის 1-ელ აგვისტომდე, რადგან 2017 წლის 23 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ამ კომპანიიდან მიღებულ შემოსავალზე არაფერია მითითებული, რაც წინა ანალოგიური შემთხვევების მსგავსად, კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფაა.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ იმ კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც კავშირში არიან უმაღლესი საბჭოს ზოგიერთ წევრთან, პოლიტიკური შემოწირულებების სახით, თანხა ძირითადად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში გადარიცხეს. 2016 წელს კი უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკური შემოწირულება არ განუხორციელებიათ.

სრული კვლევა იხილეთ აქ.

ფოტოზე: მალხაზ ჭკადუა

ამავე თემაზე:

ვინ უნდა რეაგირებდეს დეპუტატ დავით თედორაძის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე

გაზრდილი ბიუჯეტი, ანუ “ცისფერი მთები” აჭარის მწერალთა კავშირში

დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტი ყოფილი პატიმრების გასაძლიერებლად

დღეს, 23 თებერვალს, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ყოფილი პატიმრების გაძლიერებისკენ მიმართული პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პროექტი, რომლის ბენეფიციარები არიან ყოფილი პატიმრები, პატიმართა ოჯახის წევრები და პრობაციონერები, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა სამი წელია, იგი ოთხ რეგიონში აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში განხორციელდება.
პროექტი გულისხმობს სოციალური საწარმოების ამოქმედებას და იქ ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმებას, ასევე პროექტი ხელს შეუწყობს ბენეფიციარებს თვითდასაქმებაში ანუ საოჯახო ბიზნესის ჩამოყალიბებაში.
პროექტი ასევე მოიცავს ყოფილ პატიმართა განათლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების ამუშავებასაც, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები შეიძენენ ისეთ უნარებს, რომლებიც მათ სამომავლოდ დასაქმებაში დაეხმარებათ. გარდა ამისა, „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახებსა და  პრობაციონერებს პროექტის ფარგლებში იურიდიული დახმარებასაც აღმოუჩენს.
როგორც პრეზენტაციაზე პროექტის მენეჯერმა ნინო ხაჩიძემ განმარტა, პროექტში მოსახვედრად ბენეფიციარების ნასამართლეობის მიზეზზე არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული. წინასწარი გათვლით პროექტი 4000 ბენეფიციარზეა გათვლილი (სამივე სამიზნე ჯგუფის ჩათვლით).
იმის გამო, რომ საწყის ეტაპზე ნაკლებია ამ სამიზნე ჯგუფების მხრიდან სანდოობა, პროექტისთვის ბენეფიციარების მოძიებაზე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ სოციალური მუშაკები იმუშავებენ.

ორდღიანი საპოლიციო კონტროლის დროს 60-მდე ადამიანი დააკავეს

 21-22 თებერვალს შს სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საპოლიციო კონტროლი ჩაატარა, რომლის დროსაც, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის 80 დანაშაული გამოვლინდა, მათ შორის:

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 21 ფაქტი;

ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 15 ფაქტი;

ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – 11 ფაქტი;

ჯანმრთელობის დაზიანების (სსკ-ს 117-ე და 118-ე მუხლები) – 2 ფაქტი;

სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) – 1 ფაქტი;

ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – 5 ფაქტი;

ცივი იარაღის ტარების (სსკ-ს 238-ე პრიმა მუხლი) – 2 ფაქტი;

პოლიციამ დააკავა 2 ძებნილი პირი.

ამ ორი დღის განმავლობაში დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1182 შემთხვევა, მათ შორის:

წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) – 5 ფაქტი;

პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) – 24 ფაქტი;

პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) – 18 ფაქტი;

ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 18 ფაქტი.

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 7 პისტოლეტი, 1 შაშხანა, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 სანადირო თოფი, 72 კაფსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 169 საბრძოლო ვაზნა.

ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 3 შეკვრა ჰეროინი, 125 აბი „სუბოქსინი“, 1 შეკვრა ე.წ. „ბიო“ და სხვა.

საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 19, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 38 პირი დააკავეს.

 

კონკურსი სტუდენტებისთვის სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად

დღეს, 23 თებერვალს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობით, მართავს ყოველწლიურ სტუდენტურ კონკურსს „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“.

კონკურსი 2012 წლიდან იმართება და 2017 წელს ის განხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისათვის“.

კონკურსის ფარგლებში, ახალციხეში, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში დაიგეგმა სემინარები და გაცნობითი შეხვედრები სოციალური მეწარმეობის თემაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ნებისმიერ სასწავლო პროგრამაზე და კურსზე.

კონკურსი რამდენიმე ეტაპად იმართება და მოიცავს სტუდენტებისთვის როგორც თეორიული ცოდნის მიწოდებას სოციალური მეწარმეობის თემასთან დაკავშირებით, ისე პრაქტიკულ ღონისძიებებს.

ოფიციალური ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობას შერჩეული 12 გუნდი მიიღებს. კონკურსის ფორმატი არსებული სოციალური საწარმოს პრობლემური ამოცანის გადაწყვეტას გულისხმობს. 12 გუნდიდან შეირჩევა 4 საუკეთესო და თითოეული მათგანი მიიღებს 1500-ლარიან დაფინანსებას მათი თეორიული პროექტების პრაქტიკაში განსახორციელებლად.

ფინალურ ეტაპზე კი გამოვლინდებიან ჟიურის რჩეულები და 1 გამარჯვებული სტუდენტური გუნდი.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა და ღონისძიებებით გათვალისწინებულ ხარჯებს დაფარავენ ორგანიზატორები.

 

ფატი ხალვაში თავისი ბიუროსთვის ბათუმის მერიას ოფისს სთხოვს

ფატი ხალვაში, როგორც ბათუმის N68 ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, თავისი ბიუროსთვის ბათუმის მერიისგან საოფისე ფართობს ითხოვს. შესაბამისი წერილით პარლამენტარმა ქალაქის მერს, გიორგი ერმაკოვს, მიმდინარე წლის 6 თებერვალს მიმართა.

IMG_20170223_075602

ბათუმის მერი მზადაა ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, N23-ში მდებარე 23, 33 კვ.მ ფართობი, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, ფატი ხალვაშს [პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადით] მიაქირაოს წელიწადში 3950 ლარად, ანუ, თვეში დაახლოებით 329 ლარად.

მერს ამ გადაწყვეტილების მისაღებად საკრებულოს თანხმობა სჭირდება. ბათუმის საკრებულო საკითხს უახლოეს, სავარაუდოდ, 27 თებერვლის სხდომაზე განიხილავს.

„26,33 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი შეადგენს 119,58 კვ.მ ძირითადი ფართის ნაწილს და შედგება ორი ოთახისგან, განთავსებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობის პირველ სართულზე… გამოდგება ოფისად ან სხვა სახის კომერციული დანიშნულებით. ფართი განარემონტებია უახლოეს წარსულში, კარ-ფანჯარა მეტალო-პლასმასისა, იატაკი ლამინატისა, შიგა და გარე კედლები შებათქაშებული და შეღებილია, ფართს ქუჩის მხრიდან გააჩნია შემოსასვლელი ორფრთიანი რკინის კარი“ – აღნიშნულია „რიალ აუდიტის“ დასკვნაში, რომლის მიხედვითაც ამ საოფისე [კომერციული] ფართობის 1 კვ.მ საწყისი საბაზრო ფასი „აუდიტის შეფასებით განისაზღვრა 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო შესაფასებელი 26,33 კვ.მ ფართის საბაზრო ფასი შეადგენს 78 990 ლარს“.

აღნიშნულ კომპანიას კომერციული ფართობის შეფასება ბათუმის მერიამ მიმდინარე წლის 13 იანვარს დაუკვეთა. შეფასება კი მერიას 15 თებერვალს ჩაბარდა.


ფატი ხალვაში საქართველოს პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“.

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში, აჭარაში, „ქართული ოცნების“ მხოლოდ ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა, ანზორ ბოლქვაძემ გადალახა 50%-იანი ბარიერი. მმართველი გუნდის დანარჩენი კანდიდატები პარლამენტის წევრები მეორე ტურის შემდეგ გახდნენ.

რუსთაველის უნივერსიტეტის ოთხმა პროფესორმა სამეცნიერო გრანტი მოიპოვა

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხმა პროფესორმა, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვა.

ფონდმა დააფინანსა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების პროფესორების: მამია ფაღავას, მალხაზ ჩოხარაძის, შოთა მამულაძისა და მაია ვანიძის სამეცნიერო პროექტები.

ბსუ-ს ადმინისტრაციის ინფორმაციით, შოთა მამულაძე „ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე“ იმუშავებს, მამია ფაღავას ხელმძღვანელობით სამეცნიერო პროექტი „ტაო“ (ისტორიულ-ფილოლოგიური გამოკვლევა) განხორციელდება,  მალხაზ ჩოხარაძის ხელმძღვანელობით კი – „მარადიდი“.

აქედან მხოლოდ ერთი – მაია ვანიძე იმუშავებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, თემაზე – „თაფლისა და ღვინის ქიმიური შემადგენლობის შესწავლა მაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფირებით“. პროექტი  ორწლიანია და ბიუჯეტი 233 ათასი ლარს შეადგენს.

ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის – „მარადიდი“ და „ტაო“-ს  ბიუჯეტი 149 700 ლარს შეადგენს. ხოლო შოთა მამულაძის პროექტი 150 000 ლარით დაფინანსდება.

საქართველოში ანტისტიგმა მოძრაობა იწყება

„დაინახე ყველაფერი“ – ასე ქვია ანტისტიგმა მოძრაობას, რომელიც ევროკავშირის, იუნისეფის, USAID-ის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით იმართება.

კამპანიის მიზანია  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების შეცვლა. „წამოწყება მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებებისა და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას“.

პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციათა განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე გარიყული და დისკრიმინირებული ჯგუფია საქართველოში. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 40%-ზე მეტი, არასწორი ცოდნისა და დისკრიმინაციული ცრურწმენის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ უარყოფითი განწყობის, სტიგმის მატარებელია.

„აღნიშნული სტიგმები, ნეგატიური დამოკიდებულება თუ პოზიტიური დისკრიმინაცია კი ხელს უშლის ბავშვებს და  ზრდასრულ ადამიანებს განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში, სისტემატურად ართმევს მათ უფლებას, იყვნენ თანასწორნი“.

მოძრაობა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც დაეხმარება საზოგადოებას:

გაიაზროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ არსებული მითები და გაერკვეს რეალობაში;

დაამყაროს კონტაქტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და დარწმუნდეს მათ შესაძლებლობებსა და პოტენციალში;

ისწავლოს, საჭიროების შემთხვევაში, თუ როგორ შეიძლება, დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს განვითარებაში და თავადაც განვითარდეს;

ისწავლოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანასწორუფლებიანი თანაარსებობა.

პროექტის პრეზენტაცია პირველად თბილისში ხვალ, 23 თებერვალს, ხელოვნების მუზეუმში გაიმართება.

 

„დაინახე ყველაფერი“
„დაინახე ყველაფერი“

აჭარის ფინანსთა სამინისტროს შპს-დან, სავარაუდოდ, 5 მილიონი ლარი მიითვისეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენა 2009“-ის ხელმძღვანელობას დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის მითვისება ედება ბრალად. საუბარია ნაგავსაყრის პროექტზე, რომელიც ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

„2017 წლის 21 თებერვალს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 – ე მუხლის მე – 2 ნაწილის „დ“  და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“.

საგამოძიებო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან მიმალვაში და „ტარდება ყველა ოპერატიული, გადაუდებელი ღონისძიება მათ დასაკავებლად“.შპს-ეს ხელმძღვანელი ირაკლი ცეცხლაძე იყო.

ელგუჯა ბაგრატიონი„ახლა ამ შპს-ს დირექტორად დაინიშნა გიორგი ლომთათიძე. ის აჭარის მთავრობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, სოფიო გუჯაბიძის მეუღლეა [გიორგი ლომთათიძე აქამდე ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მუშაობდა-ავტ]. ჩვენი აზრით, საქმე გვაქვს მიზანმიმართულ კორუფციულ სქემასთან. ამ საქმეზე ინფორმაცია გვაქვს ბოლო ორი დღეა, მაგრამ სამინისტრო არ ადასტურებდა შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორის, ირაკლი ცეცხლაძის გაუჩინარებას. ჩვენი ინფორმაციით, მან დაახლოებით 5 მილიონი მიითვისა“, – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა ენმ-ის წევრის ელგუჯა ბაგრატიონის ბრიფინგის შინაარსის შესახებ, ამ საკითხზე პარალელურ რეჟიმში ბრიფინგი გამართა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინსიტრმა, რამაზ ბოლქვაძემრ:

„შპს „ჰიგიენა 2009-ში“ აღმოჩენილი დარღვევებისა და ფინანსური შეუსაბამობების შესახებ ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობეთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით, მიმდინარეობს გამოძიება. მინდა განვაცხადო: სახელმწიფო სახსრების მითვისება და სახელმწიფოს ხარჯზე ხელის უკანონოდ მოთბობა არავის შერჩება. ყველა კანონდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ იქნება დადგენილი.დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. აქვე მინდა აღვნიშნო,რომ ნაგავსაყრის პროექტის განხორციელება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.“

რამაზ ბოლქვაძემ უპასუხოდ დატოვა „ბათუმელების“ კითხვები, როდის მიმართა საგამოძიებო სამსახურს, რა ოდენობის თანხის მითვისებაზეა საუბარი, ვინ იძებნება კონკრეტულად ან ვინ დაინიშნა სახელმწიფო შპს-ს ახალ დირექტორად.

რაც შეეხება კომპანიაში ახალი ხელმძღვანელის დანიშვნას, გიორგი ლომთათიძემ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ ის დღეს დილით დაინიშნა „ჰიგიენა 2009“-ის ხელმძღვანელად. გვითხრა, რომ გამოძიების და წინა დირექტორის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. გიორგი ლომთათიძე ადასტურებს, რომ იგი ნამდვილად სოფიო გუჯაბიძის მეუღლეა.


ამავე თემაზე:

ახალი ნაგავსაყარი და განსახლების გეგმა

ახალი ნაგავსაყრელი – ერთლარიანი სხვაობა ტენდერში

 

ვინ უნდა რეაგირებდეს დეპუტატ დავით თედორაძის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე

უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ განუხილავს იმ დეპუტატების საქმე, რომლებიც სხვა ორგანიზაციებშიც მუშაობენ და დამატებით ანაზღაურებას იღებენ. ნინო ჩხეტია, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თითოეული დეპუტატის ინტერესთა შეუთავსებლობაზე კომისია გაფართოებულ სხდომაზე, მომავალ კვირას იმსჯელებს.

დავით თედორაძე
დავით თედორაძე

ერთ-ერთი ასეთი დეპუტატი, ვისზეც „ბათუმელები“ წერდა, დავით თედორაძეა. ის ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორის მოადგილეა და ხელფასის სახით ხელზე 554 ლარს იღებს. „ჭოროხს“ გამოსცემს „აჭარის მწერალთა სახლი“ და ის აჭარის განათლების სამინისტრომ გასული წლის ბოლოს დააფუძნა.

„ახალაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დავით თედორაძის შემთხვევას კანონდარღვევად აფასებს, რადგან დეპუტატი რედაქციაში „მენეჯერული ფუნქციის ანაზღაურებისთვის“ იღებს ხელფასს. თავად დავით თედორაძე მიიჩნევს, რომ კანონს არ არღვევს. მისი ანაზღაურება უმაღლეს საბჭოში 4652 ლარია.

უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი დეპუტატი, ილია ვერძაძე პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს ინარჩუნებს. დეპუტატმა „ბათუმელებს“ არ უთხრა, იღებს თუ არა ანაზღაურებას, როგორც პროფკავშირის ხელმძღვანელი.

49050„აჭარის რეგლამენტი უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ დეპუტატის ინტერესთა შეუთავსებლობაზე გავრცელდეს საქართველოს კანონის მოქმედება, ხოლო ასეთ კანონს წარმოადგენს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი, სადაც განმარტებულია, რომ აჭარის არ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს (დეპუტატს) უფლება არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

ვინ უნდა ახდენდეს რეაგირებას, როცა დეპუტატი კანონს არღვევს? – კითხვაზე გიორგი ხიმშიაშვილმა გვიპასუხა, რომ მხოლოდ უმაღლეს საბჭოს შეუძლია რეაგირება და სხვა მექანიზმი კანონმდებლობაში გაწერილი არ არსებობს.

იურისტის განმარტებით, საკითხი თავდაპირველად იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამ უნდა შეისწავლოს, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კი, საკითხი კენჭისყრაზე უნდა გავიდეს. „საბოლოოდ უმაღლესმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, შეუწყვეტს თუ არა უფლებამოსილებას დეპუტატს, რომელიც არღვევს კანონს „ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ“.

„ჯერ დავით თედორაძის საკითხით არ დავინტერესებულვართ“, – ამბობს ნინო ჩხეტია, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე. ის მიიჩნევს, რომ ვიდრე კომისია გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საკუთარი პოზიცია არ უნდა გააჟღეროს.

ნინო ჩხეტიამ გვითხრა ის, რომ ამ კუთხით საქართველოს პარლამენტის პრაქტიკას გაეცნო: „იქ ასეთი განსაკუთრებული შეზღუდვები არსებობს. ერთადერთი შეზღუდვა, რაზეც შეიძლება გავრცელდეს სამართლებრივი მსჯელობა, არის ანაზღაურების მიღება. ამ საკითხებზე აუცილებლად ვიმსჯელებთ“.

 

 

რატომ ჩუქნის გამწვანების უფროსის ოჯახის კომპანია მერიას ხეებს

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური ქალაქში ნაჩუქარ ხეებს რგავს. სამსახურის უფროსის, ლევან ჭანუყვაძის თქმით, ხე-მცენარეები მერიას შპს „აგრო დეკორ სერვისმა“ გადასცა.

„16 ხე-მცენარე – ტუია და ტირიფი „აგრო დეკორ სერვისმა“ გადმოგვცა. ეს არ არის ჩვეულებრივი ტირიფები, ხვიარა ტოტები აქვს, ადგილზე გამოყვანილი მცენარეებია, ოღონდ სელექციაა უცხოური.

ხე-მცენარეები ლუკა ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩებზე, მაღლივი კორპუსის ირგვლივ დაირგო, რადგან აქ გამწვანება ნაკლებია,“ –  თქვა ლევან ჭანუყვაძემ.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ ჩუქნის კომპანია მცენარეებს მერიას? ლევან ჭანუყვაძე ამბობს: „იმიტომ, რომ ბათუმი იყოს კარგად“.

2016 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „აგრო დეკორ სერვისის“  დირექტორი და მფლობელიც ლევან ჭანუყვაძეა. თუმცა, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ კომპანია ახლა ინგა ირემაძის ანუ მისი ოჯახის წევრის საკუთრებაშია. კომპანია სანერგეებს ფლობს.

გამწვანების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ „აგრო დეკორ სერვისის“ გარდა, მერიას  1 500 ძირი ციტრუსოვანი მცენარე „აგრო სერვის ცენტრმაც“ აჩუქა. ამ მცენარეებით ქალაქში ციტრუსოვანთა ხეივნები გაკეთდება.

„ადგილებს ვეძებთ, ჯერ შერჩეული არ გვაქვს, მანდარინის, ფორთოხლის ხეივნები გაკეთდება, რომელიც აპრობირებულია ევროპაში.  მცენარეები ძალიან ბევრია, ამდენს ალბათ ვერ ავითვისებთ.“

ერთი თვის წინ გამწვანების სამსახურმა  პროექტების შესარჩევად ახალი კამპანია წამოიწყო, – პროექტები სოციალურ ქსელში განათავსა. გამარჯვებული პროექტი „ლაიქების“ რაოდენობით უნდა გამოვლენილიყო. „გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა, რომელმაც „დაახლოებით 150 „ლაიქი“ მიიღო,“ – გვეუბნება სამსახურის უფროსი- „პროექტი „ბათუმი ცენტრალის“ წინ უნდა განხორციელდეს. მეორე პროექტი, რომელიც გვირაბის შემოსასვლელთან გვინდა გაკეთდეს, ახლა სოციალურ ქსელში  გვაქვს  და მოსახლეობის შეფასებებს  დაველოდებით“.

გამწვანების სამსახური მრავალწლიანი მცენარეების შესასყიდად ტენდერის გამოცხადებას ერთ კვირაში აპირებს. „200-ათასლარიანი ტენდერის გამოცხადებას ვაპირებთ მრავალწლიანი მცენარეების შესყიდვაზე. თანხა ძალიან მწირია ამხელა ქალაქისთვის, მაგრამ შემდეგ იქნებ დაგვიმატოს მერიამ,“- გვეუბნება ლევან ჭანუყვაძე.

„დაიცავი ძველი ბათუმი“ ლაშა სირაბიძის შეურაცხმყოფელ განცხადებაზე

ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება, რომელიც გაზეთ „ბათუმელების“ 21.02.2017 წლის სიახლეების გვერდზე გამოქვეყნდა, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის გამტარებელ სახელმწიფოში არჩეული საჯარო პირის მიერ საკუთარი ამომრჩევლების/აქტიური ადამიანების მიმართ გამოხატული მსგავსი დამოკიდებულება შოკისმომგვრელია, რომ არაფერი ითქვას ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარი ქალაქის ისტორიისა და მემკვიდრეობის მიმართ.

ბ-ნი სირაბიძის განცხადების შინაარსი ცდება ერთი კონკრეტული თანამდებობის პირის კვალიფიკაციას. უფრო მეტიც, მისი განცხადების სტილი და პათოსი გვაფიქრებინებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს წარმოდგენა არ აქვს საკუთარ უფლემოსილებებსა და მოქალაქეთა წინაშე აღებულ პასუხისმგებლობაზე.

ამონარიდი ლაშა სირაბიძის განცხადებიდან:

„რაც შეეხება აქტივისტებს, რომელთა ინტერესიც ისტორიული სახლების გადარჩენაა, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ისინი სერიოზულ კომენტარსაც კი არ იმსახურებენ, რადგან ეს ის ხალხია, ვისაც „რეალურად არ უნდა საქართველოს განვითარება“ – განცხადების ეს ნაწილი, ისევე როგორც მთელი განცხადება  ალოგიკურია, რადგანაც, ერთი მხრივ, თავადაც აღიარებს, რომ აქტივისტები ისტორიული შენობების გადარჩენას ცდილობენ, მეორე მხრივ კი ასეთი ღირებულების მქონე მოქალაქეები მას მიაჩნია საქართველოს განვითარების მოწინააღმდეგეებად (ისტორიული და კულტურული  მემკვიდრეობა კი ამ ქვეყანაში დაცულია კანონით). გამოდის, რომ კანონს და  მოქალაქეებს  სახელმწიფო მართვის ინსტიტუტი  უპირისპირდება.

ლაშა სირაბიძე ამ შემთხვევაში წარმოადგენს არჩევითი ორგანოს ხელმძღვანელს, ამიტომაც ჩვენ მის განცხადებას აღვიქვამთ ბათუმის საკრებულოს პოზიციად. განვითარებული დემოკრატიის ქვეყანაში ასეთი შინაარსის განცხადება გამოიწვევდა პირის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. როგორც დანიშნულ, ასევე არჩეულ თანამდებობის პირებს არ  აქვთ უფლება თავისი განცხადებებით აქტიური მოქალაქეების ჯგუფების  მარგინალიზებას შეუწყოს ხელი. მოქალაქეების პატივისცემა კი მათი არჩევანი კი არა, მათი ვალდებულებაა. გამომდინარე აქედან ჩვენ ველოდებით ბათუმის საკრებულოს სხვა წევრების განცხადებებს, გვაინტერესებს, ისინი ემიჯნებიან თუ ეთანხმებიან ლაშა სირაბიძის განცხადებას.

ჩვენ, „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებს, გვაქვს უფლება ვიცოდეთ ქალაქისა და რეგიონის მმართველ გუნდში რა დამოკიდებულება აქვთ მათი თანაპარტიელის – ლაშა სირაბიძის ამ საგანგაშო განცხადების თაობაზე .

საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ძველი ბათუმი“

ვის საქმეს განიხილავს მოსამართლე მანანა კობახიძე პირველად

პირველი საქმე, რომელზეც მოსამართლე მანანა კობახიძეს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, სტუდენტების სარჩელია. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც მანანა კობახიძე 15 თებერვლიდან შევიდა, დღეს მოისმინა მხარეთა არგუმენტები „აუდიტორია 115“-ის სარჩელზე.  გადაწყვეტილება სარჩელის დასაშვებობაზე კოლეგიას ჯერ არ მიუღია.

„არ შეიძლება ერთ სტუდენტურ გაერთიანებას ჰქონდეს ექსკლუზივი“,- მიმართა მოსამართლეებს გიორგი გოცირიძემ, საია-ს იურისტმა. იგი საკონსტიტუციო სასამართლოში „აუდიტორია 115“-ის ინტერესებს იცავს.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ჩართვის უფლება მხოლოდ სტუდენტურ თვითმმართველობას არ უნდა ჰქონდეს.

დღევანდელ სხდომაზე გიორგი გოცირიძემ რამდენიმე არგუმენტი დაასახელა იმის საჩვენებლად, თუ რატომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლომ ამ საკითხზე. ერთ-ერთი არგუმენტი „ბოლონიის პროცესი“, ასევე, 2003 წელს მიღებული „ბერლინის კომუნიკეა“, სადაც წერია, რომ სტუდენტურმა გაერთიანებებმა მაქსიმალურად ბევრი ღონისძიება უნდა განახორციელონ უნივერსიტეტის მართვაში სტუდენტების მაქსიმალური ჩართვის მისაღწევად.

მოსარჩელე ხაზს უსვამს კანონის შეზღუდვას – თუკი არ გახდები სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, ვერ გახდები აკადემიური საბჭოს წევრი. ასეთია პრაქტიკა იმის მიუხედავად, რომ სტუდენტური თვითმმართველობა არის ნებაყოფლობითი გაერთიანება, იგი არ არის იურიდიული პირი და არც უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია.

„უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უნდა შექმნას შესაძლებლობა, შეიქმნას სტუდენტური თვითმმართველობა. სხვა ვალდებულება კანონით მას არ აქვს“- უთხრა სასამართლოს პარლამენტის წარმომადგენელმა.

პარლამენტი ამ საქმეში მოპასუხე მხარეა. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სტუდენტების სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტს მოუწევს ცვლილების შეტანა კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“.

DSCN4897
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია „აუდიტორია 115“-ის სარჩელის დასაშვებობაზე მსჯელობს / 22.02.2017 / ფოტო: ჯაბა ანანიძე

სამინისტრომ სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები და წესი დაამტკიცა

საქართველოს განათლების სამინისტრომ 2017 წლის სკოლის საატესტატო გამოცდების პროგრამები დაამტკიცა.

პროგრამები დამტკიცდა შემდეგ საგნებში: მათემატიკაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ისტორიაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენებში, გეოგრაფიასა და ქიმიაში.

სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები და გამოცდების ჩატარების წესი შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

 

 

 

 

 გამოფენა ნობელების მუზეუმში [ანონსი]

2017 წლის 23 თებერვალს 14:00 საათზე, აჭარის კულტურული მემკიდრეობის დაცვის სააგენტოს, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმის, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმისა და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის ერთობლივი ღონისძიება „მომავალს გავაცნოთ წარსული“ გაიმართება.

ორგანიზატორთა განცხადებით, წარმოდგენილი იქნება:

  • მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისის აჭარელ ქალთა ჩაცმულობის ნიმუშები, სადაც ტრადიციულად დომინირებდა წითელი, ლურჯი, შავი და ყვითელი ფერები.
  • გ. ჩიტაიას მიერ 1933 წელს ჩატარებული პირველი ექსპედიციისას მოძიებული სამოსი, რომელსაც ცოცხალი მანეკენები წარმოადგენენ;
  • წარმოდგენილი იქნება ასევე მუზეუმში დაცული სამკაულები;
  • სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტრადიციული ხალხური ფეიქრობის ნიმუშები, სადაც დიდი ადგილი ნაქარგებს ეთმობა და დღეისათვის უფრო მთის ზონაში შემორჩა, ხალხური წესით ძვირფასი ქსოვილების დამზადება კი თითქმის გაქრა.

გამოფენის ნახვის საშუალება მსურველებს სამი დღის განმავლობაში შეეძლებათ.

მისამართი: ქ.ბათუმი, თამარის დასახლება,ლესელიძის N3

ეროვნული ბანკი 2,9 მილიონ ლარად ბანკნოტების დამხარისხებელ მოწყობილობას იყიდის

საქართველოს ეროვნული ბანკი მაქსიმუმ 2,91 მილიონ ლარს გადაიხდის ერთ ცალ ბანკნოტების დამხარისხებელ აგრეგატში [მინიმალური სიჩქარე 20 ბანკნოტი/წამში] და ასევე  ერთი ცალ ბანკნოტების შესაფუთ [თერმოკუმშვადი ცელოფნით კონებად] მოწყობილობაში.

ბანკნოტების დამუშავების სისტემა ტენდერში გამარჯვებულმა ბანკის მიერ მითითებულ ადგილზე უნდა დაამონტაჟოს.

პირობის თანახმად, სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა – რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა – შეადგენს 24 თვეს საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის თარიღიდან.

„საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგ 10 წლის განმავლობაში კი მიმწოდებელი პასუხისმეგებელია სათადარიგო და სწრაფცვეთადი ნაწილების მომარაგებაზე თითქმის უცვლელი [სტაბილური] ფასების შენარჩუნების პირობით“.

ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 17 მარტს დაიწყება და 22 მარტს დამთავრდება.

ხანძრის შედეგად დაშავებული პირები თბილისში გადაიყვანეს

22 თებერვალს, გვიან ღამით, ბათუმში, ღამის კლუბ ,არენაში“  გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული პირები თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა, ორი ქალი და ერთი მამაკაცი კი სხეულის მძიმე დამწვრობებით მოათავსეს საავადმყოფოში.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული პირები, სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები არიან.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული პირების მკურნალობის ხარჯებს, სახელმწიფო დაზღვევა აანაზღაურებს.

 

 

„ეს შენ გეხება“ მოსმენებზე კანონის მიღების შემთხვევაში სტრასბურგს მიმართავს

პარლამენტმა 22 თებერვალს კენჭი უნდა უყაროს კანონპროექტს ფარულ სატელეფონო მოსმენებზე. ახალი მოდელის მიხედვით, ე.წ. „გასაღები“ ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაქვემდებარებაში გადავა, თუმცა ეს უწყება ანგარიშვალდებული სუს-თან იქნება. სუს-ი, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღემდე ახორციელებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, მოსმენებს.

მეორე „გასაღები“, ანუ კონტროლის ბერკეტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აქვს. ეს მოდელი საკონსტიტუციო სასამართლომ გასულ წელს ანტიკონსტიტუციურად შეაფასა და პარლამენტს მიმდინარე წლის 31 მარტამდე მისცა დრო ახალი კანონის მისაღებად.

კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრები მიიჩნევენ, რომ თუკი უმრავლესობა მხარს დაუჭერს იურიდიული კომიტეტის მიერ წარმოდგენილ მოდელს, ხელისუფლება შეუსრულებელს დატოვებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ბათუმელები“ „ეს შენ გეხებას“  წევრს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საპარლამენტო მდივანს, ლიკა საჯაიას ესაუბრა.

რა მოლოდინი გაქვთ, დაამტკიცებს პარლამენტი კანონპროექტს „სატელეფონო მოსმენებზე“? 

იმის გათვალისწინებით, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს უმრავლესობა, ეს კანონპროექტი იქნება მიღებული, რაც ძალიან სამწუხაროა. წინა კვირას, როცა ამ კანონპროექტის განხილვა იყო, დარბაზი იყო ცარიელი. უმრავლესობიდან მხოლოდ ერთი-ორი დეპუტატი იყო წარმოდგენილი. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ცხარე დისკუსია იქნებოდა ამ თემაზე, რადგან უკანონო მოსმენა ეხება ყველა მოქალაქეს. დისკუსია პარლამენტში ამ თემაზე პრაქტიკულად არ ყოფილა.

იყო თუ არა დისკუსია კანონპროექტზე მუშაობის პროცესში, სადაც კამპანია „ეს შენ გეხება“ ჩაერთო?

არა, არც ამ ეტაპოზე ყოფილა დისკუსია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იურიდიულმა კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი და გაიმართა სამი შეხვედრა. პირველ ორ შეხვედრაზე მიდიოდა ჩვენი და საკონსტიტუციო სასამართლოს კრიტიკა, რომ ეს იყო გაუგებარი გადაწყვეტილება. მესამე შეხვედრის დროს კი, ეს კანონპრექტი წარმოადგინა იურიდიულმა კომიტეტმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ კონტროლის მექანიზმი არ იყო საკმარისი. გამოვიდა, რომ ხელისუფლებამ ამ კონტროლის მექანიზმის გაძლიერების ნაცვლად, დაასუსტდა იგი. ვგულისხმობ იმას, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს არსებული მოდელით ორი გასაღები აქვს. თავდაპირველად უსაფრთხოების სამსახურმა უნდა წარმოადგინოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც დასტურდება, რომ მოსმენა კანონიერია და იღებს ინსპექტორის ნებართვას მოსმენის დაწყებაზე. ინსპექტორის „მეორე გასაღები“ აქტიურდება მაშინ, თუკი დადგინდება, რომ მოსმენამ დადგენილ დროს გადააჭარბა, ან დაირღვა სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა კუთხით.

ახალი მოდელის მიხედვით, ახალდაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აღარ ექნება ვალდებულება ინსპექტორის ნებართვა მიიღოს მოსმენის დასაწყებად. ინსპექტორის „გასაღები“ მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუკი უკანონო მოსმენის ფაქტს დაადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი.

„ეს შეენ გეხებას“ შეთავაზება რა იყო და რა არგუმენტით თქვა მასზე უარი საპარლამენტო უმრავლესობამ? 

ჩვენ შევთავაზეთ იყო შექმნილიყო ახალი უწყება, რომელიც იქნებოდა მაქსიმალურად დამოუკდიებელი და დისტანცირებული უსაფრთხოების სამსახურისგან, რომელიც დღეს ფარულ სატელეფონო მოსმენას ახორციელებს. ეს უწყება განახორციელებდა ფარულ მოსმენას იმ შემთხვევაში, თუკი სუსი წარმოადგენდა სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მოსმენა იყო საჭირო. ამ ახალი ორგანოს ხელმძღვანელს დანიშნავდა პარლამენტი და ანგარიშვალდებულიც მხოლოდ პარლამენტთან იქნებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში თქვა, რომ არ უნდა ჰქონდეს მოსმენის ტექნიკური აღჭურვილობა იმ უწყებას, რომელიც დაინტერესებულია გამოძიების შედეგით. ამჯერად სუს-ის დაქვემდებარებაში არსებულ დეპარატამენტს შეუცვლიან სტატუსს და იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ხელმძღვანელსაც აირჩევს კომისია. კომისიის ხელმძღვანელი იგივე უსაფრთხოების სამსახურის უფროსია.

რაც შეეხება უარს ჩვენს შეთავაზებაზე. გვითხრეს, რომ ჩვენ გვინდოდა რაღაც ახალი მონსტრის შექმნა. იყო ასევე არგუმენტი: რატომ უნდა აირჩიოს პარლამენტმა იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს აღმასრულებელი ფუნქცია. გაუგებარი არგუმენტია, რადგან პარლამენტი ირჩევს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და ასე შემდეგ.

ხელისუფლებისგან მოვისმინეთ არგუმენტიც, რომ მოდელი, რაზეც თქვენ საუბრობთ, არ არსებობს ევროპის არც ერთ ქვეყანაში.

ასეა. ევროპის ქვეყნებში ძირითადად „გასაღები“ არის კომუნიკაციების კომპანიების, მობილური ოპერატორების ხელში. ამ გზით ჩვენ არ წავედით, რადგან ვიცოდით, რომ ამაზეც უარს მივიღებდით. უფრო კომპრომისული ვარიანტი ვარჩიეთ. ასე თუ მივუდგებით, დღეს არსებული მოდელიც არის ექსპერიმენტი, რომელმაც ვერ გაამართლა. ევროპის ქვეყნებში არც ესაა აპრობირებული, რომ ორი გასაღებით კონტროლდებოდეს ფარული სატელეფონო მოსმენა.

უფრო შორს თუ წავალთ, უსაფრთხოების სამსახური რომ ახორციელებს მოსმენას, ესეც საბჭოთა ექსპერიმენტი იყო, რომელიც ჩვენ დღემდე ვერ დავშალეთ. ფრაქცია „რესპუბლიკელების“ შეთავაზება იყო, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ჰქონოდა „გასაღები“, მაგრამ ამაზეც უარი განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობამ. დღეს ხელიუფლებას აქვს არგუმენტი, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აქვს „გასაღები“ და ეს არის კონტროლი, მაგრამ უცნობია, როგორ და როდის დაადგენს ინსპექტორი უკანონო მოსმენის ფაქტს.

მაგრამ, თუ უკანონო მოსმენა დაფიქსირდა, ამ ჩანაწერს ხომ ვეღარ წარადგენს საგამოძიებო ორგანო სასამართლოში? 

ასეა, მაგრამ მთავარი რისკი იქმნება მაშინ, როცა სასამართლოს გვერდის ავლით უსმენენ ადამიანებს. ამ პროცესში, როცა სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მოსმენაზე და სუსი მოსმენას ახორციელებს, რისკი მინიმალურია. ამჯერად რისკი კიდევ უფრო იზრდება, რადგან ახალმა უწყებამ შესაძლოა შექმნას ახალი სტრუქტურული ერთეულები, მაგალითად, რეგიონებში, რაც კიდევ ზრდის შესაძლებლობას, უფლებამოსილება ცალკეულმა პირებმა ბოროტად გამოიყენონ.

რას ნიშნავს ამ კანონპროექტის მიღება?

ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არ ასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ანუ ის უარს ამბობს კონსტიტუციურ მართლწესრიგზე. გამოდის, რომ პატივს არ ვცემთ კონსტიტუციას. ასეთი რამ დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება.

გაასაჩივრებთ თუ არა ახალ კანონს ფარულ მოსმენებზე ისევ საკონსტიტუციო სასამართლოში? 

ამას აღარ ვაპირებთ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო დიდი ალბათობით ისევ იმავეს იტყვის, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური, მაგრამ სასამართლო ვერ მიიღებს ახალ კანონს პარლამენტის ნაცვლად. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს. ამ კუთხით უკვე არსებობს გადაწყვეტილება „ზახაროვი რუსეთის წინააღმდეგ“. ცუდი ისაა, რომ ეს ყველაფერი დროში გაიწერება. პარლამენტის გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულდა. არ შეიძლება ამას მოქალაქეები შეეგუონ. ჩვენ უნდა გვქონდეს წითელი ხაზები, რომლების გადაკვეთის უფლება არავის უნდა მივცეთ.

საკრებულოს წევრების რეაქცია ისტორიული სახლების ნგრევაზე ბათუმში

„საკრებულოს არაფერი შეუძლია“, „საკრებულოს კომპეტენცია არა აქვს გადაარჩინოს ისტორიული სახლები“, „რეგულაციები მივიღეთ და მეტი რა ვქნათ“ – დაახლოებით ასეთია საკრებულოს წევრების უმრავლესობის პასუხი კითხვაზე – რა შეიძლება საკრებულომ გააკეთოს იმისათვის, რომ დეველოპერების ინტერესებს, ააშენონ ახალი კორპუსები ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ძველი ბათუმის იერსახე არ შეეწიროს.

საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარეს, პაატა მგელაძეს „გული სტკივა“, რომ ისტორიულ სახლებს ანგრევენ და სურს ძველი ბათუმის იერსახის გადარჩენა, მაგრამ ამისთვის არაფრის გაკეთება არ შეუძლია – „ხელ-ფეხი შეკრული გვაქვს“.

„ამაზე ჩვენ გვქონდა მსჯელობა ფრაქციაში, რომ სერიოზული რეზონანსი აქვს იმ სახლების დანგრევას, რაც ამ ბოლო პერიოდში მოხდა. ბათუმი იმით არის გამორჩეული, რომ ძალიან საინტერესო შენობები იყო, რომლებიც დღეს აღარ არის ქალაქში. ვერ გამოეკიდები და დამნაშავეს ვერ ნახავ, იმიტომ, რომ ისეთი შენობებია, რომლებიც პრაქტიკულად აღდგენას არ ექვემდებარება, მაგრამ კანონიდან გამომდინარე ხელს ვერ ახლებ. რაც შეეხება ბარათაშვილის 24-ს – იმ შენობასთან დაკავშირებით მე პირადად ვერ ვხედავ, რომ რამე გამორჩეული იერსახე და მშვენება იყო ბათუმის. მისი მოპირდაპირე შენობის ეზო კი იყო ბათუმის იერსახის დამამახინჯებელი. სახლი რაღაც ფორმით შეიძლებოდა შენარჩუნებულიყო, ალბათ, მაგრამ მთლიანობაში ეს ეზო იყო ძალიან ცუდი“, –  გვითხრა პაატა მგელაძემ.

ის მეგობრის მაგალითზე მოგვიყვა იმის შესახებ, თუ როგორ უქმნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონი პრობლემებს მოქალაქეებს, რომლებსაც ძეგლის ნაცვლად ახალი სახლის აშენება სურთ.

„ჩემს მეგობარს დაემართა ასეთი რაღაც, ენგელსის და ფალიაშვილის კვეთაში მისი სახლი იყო ძეგლის სტატუსის მქონე. აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენდა. ადამიანს უნდოდა ნორმალური სახლი აეშენებინა იქ, იმიტომ, რომ გვარი და საბიძაშვილო გამრავლდა. რამდენიმე წელი ცდილობდნენ, რომ მოეპოვებინათ ნებართვა ამ სახლის ასაშენებლად. შემიძლია ასი პროცენტით გითხრათ, რომ არანაირი [ერთი თეთრიც კი] ისტორიული ღირებულება არ გააჩნდა. არც ქალაქისთვის და საერთოდ არაფრისთვის… გეთანხმებით, რომ არის ისეთი შენობები, რომელზეც მარტო მე, ბათუმელს, გული მტკივა, რომ დაინგრა. “

საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ნინო ბერაძე მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე საკრებულოში აუცილებლად უნდა იმსჯელონ და მოიფიქრონ გამოსავალი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ძეგლის სტატუსის მატარებელ შენობებში ცხოვრობენ:

„პრესის საშუალებით გავიგე, რომ არ იყო გაცემული დანგრევაზე ნებართვა. საკრებულოს უახლოეს სხდომაზე აუცილებლად დავსვამთ ამ საკითხს. დავინტერესდებით, რას აკეთებს ამ დროს ზედამხედველობის სამსახური, თუ შეთანხმებულია, რომ მინიმალური ჯარიმით გამოვიდეს დეველოპერი ამ საქმიდან, რომელსაც უღირს კიდეც იმ ჯარიმის გადახდა და მშენებლობის გაგრძელება.“

ისტორიული სახლები დასანგრევად „რესპუბლიკელ“ თემურ ყურაშვილსაც ენანება, თუმცა ვერც ის ხედავს ბერკეტს, რითაც საკრებულოს წევრები შეძლებენ პროცესის შეჩერებას:

„საკრებულოს თავის დროზე მიღებული აქვს გადაწყვეტილება რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გარკვეულ ზონებში არ შეიძლება 15 მეტრზე მეტი სიმაღლის შენობის მშენებლობა და დანარჩენი საკრებულოს რა შეუძლია? – მშენებლობაზე ნებართვას მერია იძლევა – ყველაფერი მერიის პრეროგატივაა. ეს სახლები, არქიტექტურა მენანება, რომელიც არსებობს ამ ქალაქში და რომელიც ინგრევა ნელ-ნელა“.

იმ ადამიანებზე, რომლებიც ძეგლის სტატუსის მატარებელ შენობებში ცხოვრობენ და პირობების გაუმჯობესება სურთ, საკრებულოს წევრ კობა ჩხაიძეს ფრაქციასთან ერთად უფიქრია:

„ჩვენ ვთავაზობდით ქალაქს, რომ აჭარაში შექმნილიყო ბინათმშენებლობის ფონდი, რომელიც გააერთიანებდა როგორც აჭარის მთავრობის, ასევე ბათუმის მერიის ფონდში არსებულ ბინებს. ეს ბინები არამხოლოდ სოციალურად დაუცველებს და სხვა კატეგორიის მქონე ადამიანებს გადაეცემოდა, არამედ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იქნებოდა, ისტორიულ სახლებში მცხოვრებთათვის კარგ პირობებში გადასვლა რომ შეგვეთავაზებინა. ეს იქნებოდა კომპრომისი, ერთი მხრივ, ძეგლთა დაცვის და მეორე მხრივ – ადამიანებზე ზრუნვის. შემდეგ ეტაპზე უკვე სახელმწიფოს შეეძლებოდა აუქციონის წესით, გინდა კონკურსის წესით, თუ სხვა პირობით გაეცა ეს შენობა.

სახელმწიფომ მისი სააუქციონო პირობებით უნდა შეძლოს ამ ძეგლის სრულად დაცვა და აღდგენა,“ – ამბობს კობა ჩხეიძე.

 

საკრებულოს თავმჯდომარე ძველი ბათუმის დამცველებზე: მათ არ უნდათ საქართველოს განვითარება

კომპანია „დარ ბილდინგმა“ ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში, ისტორიული სახლი უნებართვოდ დაანგრია. უკვე რამდენიმე დღეა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ფაქტს აპროტესტებენ და მათ ძველ ბათუმში მორატორიუმის მოთხოვნით პეტიციაც კი შეიმუშავეს.

„ბათუმელები“ დაინტერესდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, ლაშა სირაბიძის მოსაზრებით, როგორ შეიძლება საკრებულო დაეხმაროს მოქალაქეებს ისტორიული მნიშვნელობის შენობების გადარჩენაში, მითუმეტეს, რომ სახლი დეველოპერმა მერიასთან შეთანხმების გარეშე დაანგრია.

„საკრებულო არ არის ის ორგანო, რომელიც ვინმეს სჯის“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე. მისივე განმარტებით, ის არ არის მათ რიცხვში, ვისაც ისტორიული სახლების გადარჩენა უნდა, უფრო მათ გულშემატკივრობს, ვისაც ახალი ძველს ურჩევნია:

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ ყოფილა და შეიძლება ახალი შენობაც ისეთი ფორმით აშენდეს და ისეთი იერსახე მიეცეს, რომ ხვალინდელი ისტორია იქნება“, – ამბობს ლაშა სირაბიძე.

რაც შეეხება აქტივისტებს, რომელთა ინტერესიც ისტორიული სახლების გადარჩენაა, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ისინი სერიოზულ კომენტარსაც კი არ იმსახურებენ, რადგან ეს ის ხალხია, ვისაც „რეალურად არ უნდა საქართველოს განვითარება.“

„ …დამოკიდებულება არის კატეგორია ხალხის, რომ საერთოდ მშენებლობის შეჩერებაზეც კი თანახმა არიან და ხვალიდან რომ არაფერი არ აშენდეს, მაგაზეც მზად არიან. ის ჩვენი ოპონენტები, რომლებსაც რეალურად არ სურთ საქართველოს განვითარება და არ აღელვებთ თუნდაც ხვალინდელი ქალაქის ბედი. ამიტომ მაგაზე სერიოზულ პასუხს ვერ გაგცემთ.“

 

დასაქმების ფორუმი ბათუმში

დასაქმება ასაკის შეზღუდვისა და სამუშაო გამოცდილების გარეშე

„ჯი პი აი ჰოლდინგი“ კიდევ ერთ მასშტაბურ დასაქმების პროგრამას იწყებს!

ხვალ, 22 თებერვალს, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ 10:00-დან 18:00-მდე გაიმართება დასაქმების ფორუმი.

ნებისმიერ მსურველს, ასაკის, პროფესიისა და სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, შეუძლია, მოვიდეს ფორუმზე, გაესაუბროს კომპანიის წარმომადგენლებს და გახდეს „ჯი პი აი ჰოლდინგის“ გუნდის წევრი.

„ჯი პი აი ჰოლდინგი“ დასაქმების მსურველებს სთავაზობს საცალო გაყიდვების სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციას, სადაც ისინი ანაზღაურებად გადამზადებასთან ერთად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაზღვევას შესთავაზებენ. საუბარია ყველა ტიპის დაზღვევაზე: ჯანმრთელობის, ქონების, ავტომობილის და სხვ.

2016 წელს „ჯი პი აი ჰოლდინგმა“ მასშტაბური დასაქმების ფორუმი უკვე გამართა. პროექტის ფარგლებში კომპანიამ წარმატებით 212 ადამიანი დაასაქმა, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ კარიერას „ჯი პი აი ჰოლდინგში“.

დარეგისტრირდი ამ ბმულზე https://bit.ly/2lx5O3i და მოდი ფორუმზე

ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ: 2 50 5 1 11

აუდიტორია #115-ის საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლოში

ხვალ, 22 თებერვალს, აუდიტორია #115 საკონსტიტუციო სასამართლოში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში არსებულ საფაკულტეტო საბჭოში არჩევის წესს ასაჩივრებს, რომელიც აუდიტორია #115-ის აზრით დისკრიმინაციულია და ყველა სტუდენტს არ აძლევს საუნივერსიტეტო მართვის პროცესში თანაბარი ჩართულობის საშუალებას.

აუდიტორია #115-ის წევრის, ირაკლი კუპრაძის თქმით, საფაკულტეტო საბჭოში არჩევის წესი დისკრიმინაციულია იმიტომ, რომ უნივერსიტეტის მართვის პროცესში ჩართულობის უფლება აქვს ყველა სტუდენტს თანაბრად, რაც ბოლონიის პროცესის მიერ აღიარებული პრინციპია, თუმცა, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საფაკულტეტო საბჭოში აირჩევიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები არიან:

„აუცილებელი წინაპირობა არის ეს, არადა უნდა იყოს პირდაპირი არჩევის წესი, რომელიც ყოველგვარი ჯგუფის, დაჯგუფების და ერთობის გარეშე ყველა სტუდენტს თანაბრად მისცემს პირდაპირი წესით არჩევის შესაძლებლობას, როგორიცაა, მაგალითად, წარმომადგენლობით საბჭოში თსუ-ში“.

არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებზე თავისი დასკვნა  საქართველოს სახალხო დამცველმაც გამოაქვეყნა და ხელისუფლებას  შესაბამისი ცვლილებებისკენ მოუწოდა. თუმცა, როგორც ირაკლი კუპრაძე ამბობს, ხელისუფლების მხრიდან საპასუხო ნაბიჯი დღემდე არ განხორციელებულა.

ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის დასაშვებობაზე იმსჯელებს.

„გოდერძი რიზორტს“ ზურაბ ჭურკვეიძე უხელმძღვანელებს

შპს „გოდერძი რიზორტს“ ზურაბ ჭურკვეიძე უხელმძღვანელებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი დირექტორი თანამშრომლებს მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარუდგინა.

ზურაბ ჭურკვეიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ ჭურკვეიძე წარმატებულად უძღვებოდა თავის საქმეს, ამიტომაც ის ახლა აჭარის მაღალმთიანეთის განვითარებისთვის იმუშავებს.

ყოფილ დირექტორს, ჯემალ ბოლქვაძეს კი, ასევე სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი რამაზ ბოლქვაძე „სამინისტროს გუნდში“ დასაქმებას დაჰპირდა. თუმცა, კონკრეტულად რა თანამდებობას შეჰპირდნენ მას, ამის შესახებ ჯერ არ არის ცნობილი.

„გოდერძი რიზორტს“-ის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი ამ დროისთვის, მინისტრის ორი მოადგილის თანამდებობაა ვაკანტური.

ვისთვის ყიდულობს განათლების სამინისტრო წიგნებს

აჭარის განათლების სამინისტრო 40 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს წიგნებში, რომლებიც ხუთი მუნიციპალიტეტის – ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლებს გადაეცემა. სულ ათი სკოლაა შერჩეული.

სკოლის ბიბლიოთეკებისთვის  ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, საბავშვო, საყმაწვილო, შემეცნებითი ხასიათის, ლექსიკონებსა და სხვა სახის ლიტერატურას ტენდერით შეისყიდიან.

სამინისტროს ინფორმაციით, სატენდერო წინადადებების მიღება 2017 წლის 21 თებერვლიდან იწყება და 23 თებერვალს 12 საათზე დასრულდება.

წიგნების შესყიდვა,  სამინისტროს  „საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

შესასყიდი წიგნების რაოდენობა დაახლოებით 4 ათასია.

 

Exit mobile version