კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

რის აშენება იგეგმება ბარათაშვილის #24-ში

12.02.2017
რის აშენება იგეგმება ბარათაშვილის #24-ში

12 თებერვალს ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში, ისტორიული შენობის დემონტაჟი ისე დაიწყეს, რომ კომპანიას, რომელიც ამ ადგილას 7-სართულიანი სახლის აგებას გეგმავს, მერიისგან დემონტაჟის ნებართვა არ ჰქონდა.

მერიაში ამბობენ, რომ კომპანია, სავარაუდოდ, დაჯარიმდება, თუმცა აქვე იმასაც დასძენენ, რომ სახლის პროექტი, რომელიც ბარათაშვილის #24-ში უნდა აშენდეს, უკვე შეთანხმებულია. 

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ეს ტერიტორია კომპანია „დარ ბილდინგს“ ეკუთვნის. კომპანიის ფეისბუქგვერდსა და ვებგევრდზე განთავსებულია სახლის პროექტი, რომლის აშენებაც ბარათაშვილის ქუჩაზე იგეგმება. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აქ შენდება DAR REZIDENCE – ბუტიკის ტიპის ელიტარული საცხოვრებელი სახლი. კომპანიის ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ მშენებლობა 2019 წლის ივლისში უნდა დასრულდეს.

შენობის პროექტი, რომლის აგებასაც კომპანია ბარათაშილის 24-ში გეგმავს

შენობის პროექტი, რომლის აგებასაც კომპანია ბარათაშვილის 24-ში გეგმავს

____

ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში, მდებარე ისტორიულ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა.

სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ ორჯერ განიხილა: 2014 წლის 3 ივნისს საბჭომ გადაწყვიტა, რომ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მინიჭებოდა, იმავე წლის ბოლოს კი საბჭო ხელახლა შეიკრიბა და გადაწყდა, სახლს ძეგლის სტატუსი არ მინიჭებოდა.

საბჭოს ორი, სხვადასხვა გადაწყვეტილება ორ დასკვნას ემყარებოდა. პირველი დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სახლი ძეგლის სტატუსს იმსახურებდა მისი ნიშან-თვისებების გამო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაკვეთით მომზადდა. მეორე დასკვნა, სადაც ეწერა, რომ შენობას ძეგლის გამოხატული ნიშან-თვისებები არ აქვს, შენობის მესაკუთრის მიერ მოწვეული ხელოვნებათმცოდნის მიერ იყო მომზადებული, თუმცა სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ სწორედ ამ უკანასკნელის რეკომენდაცია გაითვალისწინა.

 

ბარათაშვილის #24

ბარათაშვილის #24

ბარათაშვილის #24 დანგრევამდე. შოთა გუჯაბიძის ფოტო

ბარათაშვილის #24 დანგრევამდე. შოთა გუჯაბიძის ფოტო

______

2016 წლის მიწურულს ბათუმში, ბარათაშვილის #24-ის მოპირდაპირე მხარეს, ბარათაშვილის #26-ში დაანგრიეს ორსართულიანი სახლი, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს იდგა ქალაქში.  სახლი წლების წინ დიმიტრიადების ოჯახს ეკუთვნოდა, სწორედ ოჯახის შთამომავალი იყო ცნობილი დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი, ბათუმის, თბილისისა და ათენის საპატიო მოქალაქე, რომელიც ბავშვობაში ბათუმის კათოლიკური ეკლესიის გუნდში მღეროდა.  ამ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსის აგება უკვე დაწყებულია.

ბარათაშვილის #26 დანგრევამდე. შოთა გუჯაბიძის ფოტო

ბარათაშვილის #26 დანგრევამდე. შოთა გუჯაბიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: