კვირის ამბები,მთავარი

ვინ და რა პრინციპით ყიდის აჭარის ქონებას

04.09.2016 • 3283
ვინ და რა პრინციპით ყიდის აჭარის ქონებას

ნებისმიერ პირს, ვინც აჭარის ქონებით დაინტერესდება, შეუძლია მიმართოს შესაბამის სამინისტროს და ამ ქონებასთან დაკავშირებით თავისი წინადადებები შესთავაზოს. რა ქონებას ყიდის, როგორ არჩევს და რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს აჭარის მთავრობა ქონების გასხვისებისას?

ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა ბიუჯეტის შემოსულობებში. შესაბამისად, ყოველი ახალი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში   დგება გასაყიდი ქონების ჩამონათვალი.

იმ ქონების საერთო, სავარაუდო საწყისი ფასი, რომლის გასხვისებასაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიმდინარე წელს გეგმავდა, 18 მილიონზე მეტი ლარი იყო. სამინისტრომ „2016 წელს გამოსაცხადებელ  სავარაუდო ობიექტთა ნუსხა“  შარშან, რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტს დაურთო.

„2016 წელს გამოსაცხადებელი სავარაუდო ობიექტთა ნუსხაში“, რაც რამდენიმე დღის წინ გამოვითხოვეთ სამინისტროდან, 14 გასაყიდი ობიექტია [სავარაუდო ფასების გარეშე], ძირითადად, მიწის ნაკვეთები და ყოფილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის N40-ში.

ზურაბ ჭურკვეიძე

ზურაბ ჭურკვეიძე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ჭურკვეიძე განმარტავს, რომ კანონი სავარაუდო საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას, როგორც ასეთს, არ ითვალისწინებს. შესაბამისად, განიხილება ნებისმიერი ქონების პრივატიზება, რომლის გასხვისებასაც კანონი არ კრძალავს. გარდა დაინტერესებისა, სამინისტრო თვითონ უზრუნველყოფს ინიციატივას ამა თუ იმ ობიექტის საპრივატიზაციოდ გამოტანის თაობაზე და აცხადებს აუქციონს.

„როგორც წესი, დაინტერესებული პირი მოგვმართავს განცხადებით ამა თუ იმ ქონებასთან დაკავშირებით. განაცხადში არის მითითებული ქონების გადაცემის სასურველი ფორმა [აუქციონი/პირდაპირი მიყიდვა], შესყიდვის ფასი, ვადები, ინვესტიციის მოცულობა და ა.შ. რის შემდეგაც იწყება მიმოწერა სამინისტროსა და დაინტერესებულ პირს შორის. ამ გზით ზუსტდება დეტალები. სამინისტროს ინიციატივა არ არის პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისოს ქონება, რაც შეეხება აუქციონს – არის როგორც პირობიანი, ასევე უპირობო. რაც შეეხება პირდაპირ მიყიდვას – ამ საკითხს მთავრობის თავმჯდომარე წყვეტს,“ – აცხადებს ზურაბ ჭურკვეიძე.

მიმდინარე წელს პირდაპირი მიყიდვის ფორმით ანუ აუქციონისა და ვაჭრობის გარეშე აჭარის მთავრობის მიერ პრივატიზებულია 15 ერთეული ქონება. აქედან 4 არასაცხოვრებელი ფართობი და 2 ბინა თითო ლარადაა გადაცემული ექვს ოჯახზე ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე, ხოლო დანარჩენი, ძირითადად, მიწის ნაკვეთებია, მათ შორის ერთ ლარად გასხვისებულიც.

„მართლზომიერ მფლობელებთან, ასევე ეკომიგრანტებთან დაკავშირებით სამდონიანი კომისია არსებობს. ამ კომისიების რეკომენდაციის საფუძველზე კი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს პირდაპირი მიყიდვის ბრძანების პროექტს და შემდეგ ხდება ოჯახებზე ფართობებისა თუ ბინების საკუთრებაში გადაცემა. რაც შეეხება 1 ლარად ქონების გადაცემას, გამონაკლის შემთხვევაში, ესეც საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ხდება,“ – აცხადებს ზურაბ ჭურკვეიძე.

1 ლარად არის გადაცემული მიმდინარე წლის მაისში ქონება [6172 კვ/მ მიწის ნაკვეთი] ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში, კომპანია „მეტრო ატლას ჯორჯიაზე“.

კომპანიამ აქ მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობი – სასტუმრო, არანაკლებ 100 ნომერი, კვების ობიექტები, არანაკლებ 40 მანქანაზე გათვლილი ავტოპარკინგი – 20 თვის ვადაში უნდა აამოქმედოს, რაშიც არანაკლებ 10 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს; ამასთან, უნდა დაასაქმოს  არანაკლებ 60 მოქალაქე, მათ შორის 90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. „მეტრო ატლას ჯორჯია“ ვალდებულია ასევე დასაქმებულთა რაოდენობა და სასტუმროს პროფილი ობიექტის ამოქმედებიდან ხუთი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს.

ზურაბ ჭურკვეიძის თქმით, ეს პირობები, ფაქტობრივად, ინვესტორის წინადადება იყო და „ამ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ქონება უკან დაბრუნდება. 1 ლარად გასხვისების მიზანი კი გოდერძის უღელტეხილზე საინვესტიციო გარემოს განვითარებისთვის ხელშეწყობაა. ორი კარგი სასტუმრო რომ ამუშავდეს გოდერძიზე, ეს ლოკომოტივის ფუნქციას შეასრულებს სხვა ინვესტორებისთვის, ფასებიც გაიზრდება და მიმზიდველობაც ამ ადგილების. შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარე ზოგჯერ იღებს გადაწყვეტილებას 1 ლარად გაასხვისოს ქონება გარკვეული პირობებით, წაახალისოს ინვესტორი და ამით ხელი შეუწყოს საინვესტიციო გარემოს განვითარებას ამა თუ იმ ადგილებში“.

1 ლარად გასხვისდა ივნისში 915 კვ/მ შენობა და 3 ათასი კვ/მ მიწის ნაკვეთი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესოფელში [კოლომბერი] შპს „ROYA“-ზე. ეს ქონება მუნიციპალიტეტმა აჭარას გასულ წელს უსასყიდლოდ გადასცა.

აღნიშნულმა კომპანიამ აქ არანაკლებ 20 ნომერზე გათვლილი სასტუმრო უნდა ააშენოს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 22 თვეში; შენობის ნაწილში ღვინის სახლი [მარანი] უნდა მოაწყოს და აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 950 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. მასვე ევალება არანაკლებ საქართველოს 10 მოქალაქის დასაქმება 2 წლის ვადით და სასტუმროს პროფილის არანაკლებ 5 წლით შენარჩუნება.

სამინისტროს ორი „მსხვილი“ ობიექტი აქვს ბათუმში, რომლებიც, არაერთი აუქციონის მიუხედავად ვერ გაყიდა. ერთია საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა და მეორე – ეროვნული ბანკის ასევე ყოფილი შენობა. ორივე ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარეობს, 40 და 25 ნომრებში და ორივეს ძეგლის სტატუსი აქვს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა / ბათუმი, მ. აბაშიძის 40 / როინ გუნდაძის ფოტო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა / ბათუმი, მ. აბაშიძის 40 / როინ გუნდაძის ფოტო

„საგარეოს ყოფილ შენობას ღირებულება, როგორც ძეგლს, ჩემი აზრით დაკარგული აქვს, ვინაიდან აქ დაწყებული იყო შენობის მშენებლობა, რომელიც დაუსრულებელია.  ვინაიდან სტატუსი აქვს, მყიდველმა უნდა მოახდინოს რეკონსტრუქცია და პირვანდელ მდგომარეობაში აღადგინოს შენობა, გააფორმოს ხელშეკრულება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან – ეს არის აუცილებელი ვალდებულება. თუ სტატუსი მოეხსნა, უფრო დიდი ინტერესი იქნება აქ, ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. შეისწავლონ უნდა სპეციალისტებმა და თუ დაკარგული აქვს ღირებულება ძეგლის, უნდა მოეხსნას სტატუსი, ინვესტორებიც გამოჩნდება და შედეგიც აუცილებლად დადგება,“ – ამბობს ზურაბ ჭურკვეიძე.

აღნიშნული ქონება [664,8 კვ/მ შენობა-ნაგებობა და 1128 კვ/მ მიწის ნაკვეთი] ბოლოს, აუქციონზე 2 მილიონ 200 ათას აშშ დოლარად იყო გამოტანილი. პირობებს შორის იყო საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მოწყობა და ამოქმედება; აღნიშნულ პროექტში კი არანაკლებ ერთი მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის შენობას, ის ბოლოს აუქციონზე 6 მილიონ 200 ათას აშშ დოლარად იყო გატანილი [ადრე კიდევ უფრო ნაკლებად]. ამ ქონებაში მომავალმა მესაკუთრემ უნდა მოაწყოს და აამოქმედოს სასტუმრო – არანაკლებ 25 ნომერი, სამორინე და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები.

აუქციონი, მიუხედავად თავდაპირველი დაინტერესებისა, არც ერთ შემთხვევაში არ შედგა. დაინტერესებულმა პირებმა მასში მონაწილეობა არ მიიღეს.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უფლება აქვს ცვალოს საწყისი გასაყიდი ფასები, მაგრამ „კანონის შეზღუდვა არის ის, რომ ქონების ღირებულებაზე ნაკლები არ უნდა იყოს საწყისი გასაყიდი ფასი [თუმცა, ასეთი რამ, გამონაკლის შემთხვევაში მთავრობის თანხმობით შესაძლებელია]“.

ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა / ბათუმი, მ. აბაშიძის 25 / როინ გუნდაძის ფოტო

ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა / ბათუმი, მ. აბაშიძის 25 / როინ გუნდაძის ფოტო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტროს ინფორმაციით, 4,5 მილიონ ლარადაა შეფასებული აუდიტის მიერ, ხოლო ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის თვითღირებულება დაახლოებით 14,5 მილიონი ლარია.

კითხვაზე, ხომ არ განიხილება ამ შენობების პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისება, სამინისტროში გვპასუხობენ, რომ „არა, იმიტომ, რომ დაინტერესებაც არ არის“.

კითხვაზე, თუ რომელი ქონებით არიან ამ ეტაპზე დაინტერესებულნი, ზურაბ ჭურკვეიძე გვპასუხობს: „ჩვენ ქონების შესახებ ინფორმაცია ბიზნესფორუმებზე გაგვაქვს, რომ ინვესტორები დავაინტერესოთ. ამ ეტაპზე დაინტერესება არის ბათუმის ტერიტორიაზე, ასევე მახინჯაურში, ძირითადად, მიწის ნაკვეთებზე~.

რაც შეეხება „აჭარის კურორტების“ ნაწილს, სადაც ყაზახური ინვესტიცია უნდა ჩადებულიყო და რომელიც სახელმწიფომ დაიბრუნა, სამინისტროში აცხადებენ, რომ როგორც კი გაჩნდება ინტერესი, დაბრუნებულ ქონებას მაშინვე გაიტანენ აუქციონზე.

აღსანიშნავია, რომ ამ ქონების ნაწილი – ყოფილი სანატორიუმ „მზიურის“ ტერიტორია სამინისტრომ უკვე გაიტანა აუქციონზე, თუმცა, არც ეს აუქციონი შედგა. აუქციონის პირობის მიხედვით, ზღვისპირა ტერიტორია 3 მილიონ ლარად იყიდებოდა, სადაც შემსყიდველს დამატებით 38 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

„სადაც არის გამოხატული ინტერესი, გამოგვაქვს ქონება და მიდის ვაჭრობა, თუმცა ხშირად ხდება, რომ არის დაინტერესება, მაგრამ შემდეგ აღარ მონაწილეობენ აუქციონში. „მზიურის“ შემთხვევაში ინვესტორმა, ვინც იყო დაინტერესებული, არ მიიღო მონაწილეობა, რაც შემდეგ ფინანსური პრობლემებით ახსნა,“ – აცხადებს ზურაბ ჭურკვეიძე – „რაც შეეხება ზოგადად, ამა თუ იმ ქონებით დაინტერესებული პირების შესახებ ინფორმაციას, კონფიდენციალურია“.

მიმდინარე წლის იანვრიდან 15 აგვისტომდე პერიოდში, პირობებიანი აუქციონების შედეგად, აჭარაში გაყიდული ქონების საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 820 380 აშშ დოლარი და 11 101 650 ლარი; უპირობო აუქციონით – 292 900 აშშ დოლარი და 13 300 ლარი. ამასთან, ძირითადი საშუალებების [ავტომანქანები, ჯართი და სხვა] გაყიდვით ბიუჯეტში ჩაირიცხა 6779 დოლარი და 124 ლარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: